მიტროპოლიტი იოანე ზიზიულასი დაიბადა 1931 წლის 10 იანვარს საბერძნეთში, ქ. კოზანის ახლოს. ქ. კოზანში გიმნაზიის დასრულების შემდგომ, 1948 წელს, იოანე ზიზიულასმა თესალონიკის უნივერსიტეტში ჩააბარა, ორი წლის შემდეგ კი ოჯახთან ერთად ათენში გადავიდა საცხოვრებლად და ათენის უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტზე ჩაირიცხა. იგი პარალელურად სწავლობდა ბოსეს ეკუმენურ ინსტიტუტში შვეიცარიაში, რომლის დირექტორიც იმხანად ცნობილი ღვთისმეტყველი ნიკოს ნისიოტისი იყო. მოგვიანებით მან ჩააბარა ჰარვარდის უნივერსიტეტში (აშშ), სადაც უსმენდა პაულ ტილიხსა და ვერნერ იეგერს, იყო ბიზანტიური კვლევითი ცენტრის წევრი. ჰარვარდში ის თანამშრომლობდა პროტოპრესვიტერ გიორგი ფლოროვსკისთან, რომელიც მისი ერთ-ერთი მთავარი მასწავლებელი გახდა. საბერძნეთში დაბრუნების შემდეგ მან დისერტაცია დაიცვა ათენის უნივერსიტეტში თემაზე - „ეკლესიის ერთობა ღვთაებრივ ევქარისტიასა და ეპისკოპოსში პირველ სამ საუკუნეში“ (1965 წ.). ამ პერიოდიდან იგი აქტიურ სამეცნიერო მუშაობას ეწევა, აქვეყნებს სტატიებს, მონაწილეობს კონფერენციებში, მისი ტექსტები თანდათან ფართოდ ვრცელდება და მრავალ ენაზე ითარგმნება.
1964 წელს იოანე ზიზიულასი გახდა ათენის უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი ეკლესიის ისტორიის განხრით. 1967-1970 წლებში იგი ასრულებდა მდივნის მოვალეობას ჟენევაში, მსოფლიო ეკლესიათა საბჭოს განყოფილებაში „რწმენა და საეკლესიო მოწყობა“, რომელსაც დიდი ხნის მანძილზე ხელმძღვანელობდა პროტოპრესვიტერი გიორგი ფლოროვსკი. 1970-1973 წლებში იგი პროფესორის რანგში პატრისტიკას/დოგმატიკას ასწავლიდა ედინბურგის უნივერსიტეტში, ხოლო 1973-1987 წლებში გლაზგოს უნივერსიტეტში ხელმძღვანელობდა სისტემური ღვთისმეტყველების კათედრას. 1980 წელს იგი უახლოვდება არქიმანდრიტ სოფრონ სახაროვს, 80-იანი წლების დასაწყისიდან კი მჭიდროდ თანამშრომლობს ლონდონის სამეფო კოლეჯის პროფესორთან, კოლინ განტონთან. ლონდონის სამეფო კოლეჯში იგი მოწვეული პროფესორის რანგში სისტემურ თეოლოგიაში კითხულობდა ლექციების კურსს. 1984 წლიდან, პენსიაზე გასვლამდე (1998 წ.), იგი თესალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტში ღვთისმეტყველებას/დოგმატიკას ასწავლიდა პროფესორის რანგში; 1986 წლის 17 ივნისს გამორჩეულ იქნა კონსტანტინოპოლის ეკლესიის მღვდელმთავრად. იმავე წლის 22 ივნისს მას ხელი დაასხეს და მიანიჭეს პერგამოს მიტროპოლიტის ტიტული. 1989 წელს მიტროპოლიტი იოანე ლონდონის სამეფო კოლეჯის მუდმივი საპატიო პროფესორი ხდება; 1993 წელს არჩეულ იქნა ათენის მეცნიერებათა აკადემიის მუდმივ წევრად. 2000 წლის შემოდგომაზე მიტროპოლიტ იოანეს დაეკისრა მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლის მისია ათენში. 2001 წელს იგი ათენის მეცნიერებათა აკადემიის თავმჯდომარის მოადგილეა, 2002 წელს კი ამ აკადემიის თავმჯდომარე. 2006-2007 წლებში იგი კონსტანტინოპოლის ეკლესიის წმინდა სინოდის წევრია. იოანე ზიზიულასი რომში, პონტიფიკალურ უნივერსიტეტში და ჟენევის უნივერსიტეტში მუდმივი საპატიო პროფესორის პატივით სარგებლობდა. იგი იყო საპატიო დოქტორი და პროფესორი არაერთი უნივერსიტეტისა (წმ. სერგის ინსტიტუტი, მიუნსტერის უნივერსიტეტი, მიუნხენის უნივერსიტეტი, ახალი საქართველოს უნივერსიტეტი და სხვ.), ასევე, წევრი რამდენიმე კომისიისა საღვთისმეტყველო დიალოგის განხრით (მათ შორის, მიტროპოლიტი იოანე იყო მართლმადიდებლებსა და კათოლიკებს შორის საღვთისმეტყველო დიალოგის შერეული კომისიის თანათავმჯდომარე), მსოფლიო საპატრიარქოს მრჩეველი და თავმჯდომარე საერთო მართლმადიდებლური კომისიისა გარემოს დაცვის განხრით.
მიტროპოლიტი იოანე ზიზიულასი გარდაიცვალა 2023 წლის 2 თებერვალს, 92 წლის ასაკში.
1965 წელს ათენში გამოვიდა მიტროპოლიტ იოანეს პირველი ნაშრომი „ეკლესიის ერთობა ღვთაებრივ ევქარისტიასა და ეპისკოპოსში პირველ სამ საუკუნეში“. ამ მონოგრაფიაში წარმოდგენილი დასკვნები მთელი რიგი ასპექტებით უახლოვდება პროტოპრესვიტერ ნიკოლოზ აფანასიევის „ევქარისტიული ეკლესიოლოგიის“ საკვანძო დებულებებს. იოანე ზიზიულასი ახდენს ანალიზს ქრისტიანობის პირველი საუკუნეების ისტორიული მოწმობებისა და ცდილობს ძველი ევქარისტიული თემების ცხოვრების რეკონსტრუქციას. იგი განიხილავს საეპისკოპოსო და პრესვიტერული მსახურებების მიმართებას, ეპარქიის მოწყობას, მრავალრიცხოვანი ადგილობრივი ეკლესიების მიმართებას ეკლესიის ერთობასთან. ნაშრომის დიდ მნიშვნელობაზე ისიც მიუთითებს, რომ იგი ხელახლა გამოიცა 1990 წელს, ხოლო 1994 და 2001 წლებში კი მისი ფრანგული და ინგლისური თარგმანები შესრულდა.
1981 წელს ფრანგულ ენაზე გამოვიდა მიტროპოლიტ იოანეს წიგნი „ეკლესიის არსი“ („L'Etre Ecclésial“), რომლის საფუძველსაც წარმოადგენდა ავტორის მიერ ადრე გამოცემული სტატიები. განსაკუთრებით დიდი ყურადღება ხვდა წილად 1985 წელს ინგლისურ ენაზე გამოცემულ ნაშრომს „ყოფიერება, როგორც თანაზიარება. გამოკვლევები პიროვნებისა და ეკლესიის შესახებ“ („Being as Communion. Studies in Personhood and the Church“), რომელშიც (ძველ სტატიებთან ერთად) შევიდა მართლმადიდებლური ეკლესიოლოგიის შესახებ მისი ტექსტების თარგმანები ესპანური და გერმანული ენებიდან. პიროვნებისა და ეკლესიის შესახებ სწავლება აქ ტრიადოლოგიისა და ქრისტოლოგიის პრიზმაშია წარმოდგენილი.
1992 წელს ათენში გამოიცა მიტროპოლიტ იოანეს წიგნი „ქმნილება, როგორც ევქარისტია“ („Ή Κτίση ώς Ευχαριστία“), რომელშიც განხილულია ქმნილების ეკოლოგიასთან დაკავშირებული საკითხები. მის მნიშვნელოვან ნაშრომს წარმოადგენს 2006 წელს გამოცემული ნაშრომი „თანაზიარება და სხვადყოფნა: შემდგომი გამოკვლევები პიროვნებისა და ეკლესიის შესახებ“ („Communion and Otherness: Further Studies in Personhood and the Church“), რომელიც ემსახურება ანთროპოლოგიისა და ეკლესიოლოგიის საღვთისმეტყველო საფუძვლების გამოვლენას.
2006 წელს გამოიცა მიტროპოლიტ იოანეს სტატიებისა და ლექციების კრებული „რჩეული ნაშრომები ევქარისტიის შესახებ: ეკლესიოლოგიური და ევქარისტიული ტექსტები“ („Ευχαριστίας Έξεμ πλάριον ήτο ι Κεί μενα Έκκλησιολογικα και Ευχαρισ τιακά“), რომელიც მიეძღვნა ეკლესიისა და ეკლესიური ცხოვრების აქტუალური ასპექტების მართლმადიდებლურ გაგებას. 2008 წელს გამოიცა წიგნი „ლექციები ქრისტიანულ დოგმატიკაში“ („Lectures in Christian Dogmatics“), რომელიც ედინბურგში (1970-1973 წწ.), გლაზგოში (1973-1987 წწ.), ლონდონსა (1984 წ., 1989-1998 წწ.) და თესალონიკში (1984-1998 წწ.) მის მიერ წაკითხული ლექციების აუდიო-ჩანაწერების საფუძველზე მომზადდა.
მიტროპოლიტ იოანე ზიზიულასის საღვთისმეტყველო აზროვნების განვითარებაზე განსაკუთრებული გავლენა მოახდინა XX საუკუნის აშშ-სა და ევროპაში ემიგრაციაში მყოფი რუსი მართლმადიდებელი ღვთისმეტყველების, მათ შორის, ვლადიმირ ლოსკის, გიორგი ფლოროვსკის, ნიკოლოზ აფანასიევის ნაშრომებმა, ასევე, არქიმანდრიტ სოფრონ სახაროვის ასკეტურმა ღვთისმეტყველებამ. მისი საღვთისმეტყველო მეთოდი დედუქციური სახისაა: აქ საფუძველს წარმოადგენს არა ადამიანსა და გარესამყაროზე ობიექტური დაკვირვება, არამედ ღვთაებრივი გამოცხადების მოწმობა, რომელიც წმინდა წერილში, ეკლესიის ლიტურგიკულ ცხოვრებაში, წმ. მამათა დოგმატურ სწავლებებსა და სხვა ფორმებში გამოვლინდა. იოანე ზიზიულასის აზრით, თანამედროვე ღვთისმეტყველებისთვის ახალი გნოსეოლოგიური მიდგომაა საჭირო, რაც გულისხმობს თანამედროვე მეცნიერებისა და ტექნიკის შედეგების მართებულ ანალიზსა და გაგებას. ამის საფუძველზე იგი საღვთისმეტყველო საკითხების გადაწყვეტისას მიმართავს ფილოსოფიურ მოძღვრებებს და მის ჰერმენევტიკულ ინტერპრეტაციას. აქედან გამომდინარე, მის თხზულებებში ხშირად ვხვდებით პლატონის, არისტოტელეს, მ. ჰაიდეგერის, მ. ბუბერის, ე. ლევინასის, ჟ.-პ. სარტრის ნააზრევის ანალიზსა და მართლმადიდებლური პოზიციიდან შეფასებას.
მიტროპოლიტ იოანეს ღვთისმეტყველებაში საკვანძო ადგილს იკავებს ტრიადოლოგია, სადაც იგი აქტიურად ეყრდნობა წმიდა მამათა ტრადიციას. წმ. ათანასე დიდის ტრინიტარულ ფორმულირებებში იგი ხაზს უსვამს სამების პირველი და მეორე პირის მიმართებას ღვთაებრივ არსთან. ასევე, წმ. ათანასეზე დაყრდნობით, მიტროპოლიტი იოანე განიხილავს სწავლებას ძის შობისა და სამყაროს ძის მიერ შექმნის შესახებ. კაბადოკიელი მამების აზროვნების ძირითად ხაზებს კი იგი პიროვნების კატეგორიის გამოკვეთაში ხედავს. იოანე ზიზიულასის ნაშრომებში ხაზგასმულია კაბადოკიელთა როლი სამების შესახებ სწავლებაში (განსაკუთრებით პიროვნების გაგების კუთხით) და გამოკვეთილია მისი ონტოლოგიური ასპექტები. „პიროვნების ონტოლოგია“, რომელსაც გვთავაზობს ზიზიულასი, ეფუძნება ქრისტიანულ და ანტიკურ მსოფლმხედველობებს შორის სხვაობას. იგი ცდილობს აჩვენოს, რომ ანტიკური ფილოსოფიისგან განსხვავებით, სადაც უპირატესობა ზოგადობას ენიჭებოდა, ქრისტიანობაში „პიროვნების“, როგორც კონკრეტულის წინ წამოწევა მოხდა, რამაც მთელი რიგი, მათ შორის, ანთროპოლოგიური საკითხების ხელახლა გადააზრება გამოიწვია.
რაც შეეხება მიტროპოლიტ იოანეს ეკლესიოლოგიას, ის მტკიცედაა დაკავშირებული ტრიადოლოგიასა და ქრისტოლოგიასთან. ღმერთის, როგორც უნიკალური არსების სიყვარული მის ქმნილებას ქრისტეს მეშვეობით შეეთავაზება, რომელშიც თითოეულ ადამიანს შეუძლია ონტოლოგიური თვითობა, სრული უნიკალურობა მოიპოვოს. მის ნაშრომებში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს მოძღვრება ქრისტეს მისტიური სხეულის შესახებ. მორწმუნეები შეუერთდებიან ქრისტეს ეკლესიის მეშვეობით, რომელიც მის სხეულს წარმოადგენს. იოანე ზიზიულასის შემოქმედებაში ვხვდებით განაზრებებს ევქარისტიის, ასევე, ანთროპოლოგიის და მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების სხვა დარგებიდანაც.
მიტროპოლიტ იოანეს თანამედროვე საღვთისმეტყველო აზროვნებაზე დიდი გავლენა აქვს. მის მეთოდში იკვეთება საეკლესიო გამოცდილებაში ღვთისმეტყველების ძირებთან დაბრუნების და საეკლესიო ცხოვრების ყოველ კულტურულ-ისტორიულ ეპოქაში აქტუალური საღვთისმეტყველო პრობლემების წარმოჩენის ტენდენცია. ხელმძღვანელობდა რა ნეოპატრისტიკული სინთეზის პრინციპებით, რომლებიც გიორგი ფლოროვსკის მიერ იქნა დამუშავებული, მიტროპოლიტი იოანე ისწრაფოდა შესაბამისი ისტორიული კონტექსტის საღვთისმეტყველო და კულტურულ-ფილოსოფიური ასპექტების გათვალისწინებით პირველწყაროთა ანალიზისკენ. მისი ღვთისმეტყველების გავლენა იგრძნობა არა მხოლოდ მართლმადიდებლურ, არამედ კათოლიკურ და პროტესტანტულ თეოლოგიებზეც. დიდ ინტერესს იწვევს მისი ონტოლოგია, ანთროპოლოგია, ასევე, ისეთი კონკრეტული საკითხები, როგორიცაა, მაგალითად, მისი კონცეფცია პერსონალურობისა და ერთობის მიმართების შესახებ. მისი ცნობილი წიგნი „ყოფიერება, როგორც თანაზიარება“ (1985 წ.) ხშირად მიიჩნევა XX საუკუნის თეოლოგიის ყველაზე მნიშვნელოვან თხზულებადაც. მიტროპოლიტი იოანე ცენტრალური ფიგურა იყო მართლმადიდებლების დიალოგში სხვა ქრისტიანულ კონფესიებთან, სადაც ქრისტიანობის საკვანძო საკითხები და პრობლემები (მაგალითად, filioque-ს საკითხი) განიხილებოდა. ამასთან, იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წარმოებულ დისკუსიაში, რომელიც თანამედროვე სამყაროს ეკოლოგიური პრობლემების განხილვასა და გადაჭრას ეხება.
ქართულ აკადემიურ სივრცეში მიტროპოლიტი იოანე ზიზიულასი განსაკუთრებით დაკავშირებული იყო ახალი საქართველოს უნივერსიტეტთან. კერძოდ, ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭომ 2019 წლის 1 ოქტომბრის დადგენილებით მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო მეცნიერებების განვითარებისა და პოპულარიზების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის პერგამოს მიტროპოლიტ იოანე ზიზიულასს 2019 წლის 30 ოქტომბერს მიანიჭა ახალი საქართველოს უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება. ხსენებული ვიზიტის საფუძველზე მომზადდა ქართულენოვანი პუბლიკაციები: „მართლმადიდებლური თეოლოგია და თანამედროვე ანთროპოლოგია“ (2020 წ.) და „მართლმადიდებელი ეკლესია და თანამედროვეობა“ (2021 წ.). პირველი ნაშრომი ახალი საქართველოს უნივერსიტეტში წარმოდგენილ მის საზეიმო მოხსენებას ეფუძნება და ასახავს მართლმადიდებლური ანთროპოლოგიის ძალზედ ყურადსაღებ ხედვას, სადაც ერთმანეთთან არის შედარებული ადამიანის პატრისტიკული ხატი და თანამედროვეობაში არსებული კონცეფციები; საბოლოო ჯამში, ავტორი მართლმადიდებლური თეოლოგიის ამოცანად სწორედ პატრისტიკული ხედვის რეაქტუალიზებას სახავს ჩვენს დროში. მეორე ნაშრომი ამავე ვიზიტის ფარგლებში გამართულ სამეცნიერო დისკუსიას მოიცავს და თანამედროვე მართლმადიდებელი ეკლესიის გამოწვევებს ეხება. აქ საუბარია მართლმადიდებელი ეკლესიისთვის აქტუალურ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებთან მიმართება, მორწმუნის ჩართულობა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში, საქართველოსა თუ სხვა ქვეყნების მართლმადიდებელ ეკლესიებთან დაკავშირებული მოვლენები და სხვ. 2019 წელს ქართულად ითარგმნა და გამოიცა მიტროპოლიტ იოანეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაშრომი „თანაზიარება და სხვადყოფნა - შემდგომი ნარკვევები პიროვნულობისა და ეკლესიის შესახებ“. აღსანიშნავია ცალკეული ფრაგმენტული თარგმანებიც, რომლებიც საეკლესიო-საღვთისმეტყველო პერიოდულ გამოცემებში დაიბეჭდა.
ა) მიტროპოლიტ იოანეს ნაშრომები სხვადასხვა ენებზე
• L'Être ecclesial, Paris: Labor et Fides, 1981.
• Ή Κτίση ώς Ευχαριστία, Αθήνα: Ακρίτας, 1992.
• Being as Communion: Studies in Personhood and the Church, Crestwood, NY: St Vladimirs Seminary Press, 1997.
• Eucharist, Bishop, Church: The Unity of the Church in the Divine Eucharist and the Bishop During the First Three Centuries, Brookline, MA: Holy Cross, 2001.
• Communion & Otherness: Further Studies in Personhood and the Church, London: T & T Clark, 2007.
• Remembering the Future: An Eschatological Ontology, London: T&T Clark, 2008.
• The One and the Many: Studies on God, Man, the Church, and the World Today, Sebastian Press, 2010.
• The Eucharistic Communion and the World, London: T&T Clark, 2011.
ბ) მიტროპოლიტ იოანეს ნაშრომთა ქართულენოვანი თარგმანები
• შემეცნებისა და რწმენის შესახებ, ბერძნულიდან თარგმნა გ. ბარნოვმა, ჟურნალში: „გული გონიერი“. რელიგიურ-საგანმანათლებლო ჟურნალი, N6 (თბილისი, 2013 წ.), გვ. 23-61.
• ნიღბიდან პიროვნებამდე: პატერიკული ღვთისმეტყველების წვლილი პიროვნების კონცეპტისათვის, ჟურნალში: „გული გონიერი“. რელიგიურ-საგანმანათლებლო ჟურნალი, N7 (თბილისი, 2014 წ.), გვ. 25-66.
• თანაზიარება და სხვადყოფნა. შემდგომი ნარკვევები პიროვნულობისა და ეკლესიის შესახებ, ინგლისურიდან თარგმნეს თ. გოგუაძემ და ზ. ჯაშმა, თბილისი: „ბარტონი“, 2019 წ. (მეორე გამოცემა - თბილისი: „სეზან ფაბიშინგი“, 2021 წ.).
• მართლმადიდებლური თეოლოგია და თანამედროვე ანთროპოლოგია, ინგლისურიდან თარგმნა გ. ხუროშვილმა, თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2020 წ.
• მართლმადიდებელი ეკლესია და თანამედროვეობა, ინგლისურიდან თარგმნა გ. ხუროშვილმა, თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2021 წ.