გიორგი მერჩულე შუა საუკუნეების ქართული აზროვნების თვალსაჩინო ფიგურაა; მისი ნაშრომი „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“ (შრომაჲ და მოღუაწებაჲ ღირსად ცხორებისაჲ წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა გრიგოლისი არქიმანდრიტისაჲ, ხანცთისა და შატბერდის აღმაშენებლისაჲ, და მის თანა ჴსენებაჲ მრავალთა მამათა ნეტართაჲ) ქართული მწერლობის გამორჩეული ტექსტია, რომელიც სცდება კლასიკური ჰაგიოგრაფიული ჟანრის ფარგლებს და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქართულენოვანი ისტორიული, თეოლოგიური და პოლიტიკური ნაშრომია. ავტორზე დღემდე ცნობილი მწირი ბიოგრაფიული ცნობები მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ შემდეგ სურათს ქმნის: იგი უნდა დაბადებულიყო IX საუკუნის მეორე ნახევარში, 870-იან ან 880-იან წლებში, ხოლო ინტელექტუალური საქმიანობა კი მას უნდა დაეწყო X საუკუნის გარიჟრაჟზე; ამ ვარაუდს ის გარემოებაც ამყარებს, რომ გიორგი მერჩულე თავის თანამედროვეებად ასახელებს ქართველ მწიგნობრებს, სოფრონ შატბერდელსა და სტეფანე მტბევარს, რომელთა მოღვაწეობის პერიოდი მოიცავს 890-920-იან წლებს. მისი განათლების შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. თავისსავე თხზულებაში იგი გრიგოლ ხანძთელის მაგალითზე აღწერს, თუ რა მიიჩნეოდა იმჟამინდელ საქართველოში საუკეთესო განათლებად; ერთ მხრივ, ეს მოიცავდა საფუძვლიან საღვთისმეტყველო ცოდნას, ხოლო, მეორე მხრივ, ფილოსოფიურ ცოდნას („სიბრძნეჲცა ამის სოფლისა ფილოსოფოსთაჲ“) და ენების ცოდნას („მრავალთა ენათა წურთილ“). მისი თხზულების მრავალფეროვანი და მდიდარი შრეებიდან აშკარაა, რომ ავტორს თავადვე აქვს ამგვარი ფართო განათლება. მის ინტელექტუალურ სტატუსზე მიუთითებს ზედწოდება „მერჩულეც“, ე.ი. რჯულის მოძღვარი, მისსავე სიტყვებით რომ ვთქვათ, „საღმრთოთა მეცნიერი“.
გიორგი მერჩულეს სამოღვაწეო ადგილების შესახებ ცნობა ფრაგმენტული და ირიბია. იგი თავადვე ამბობს, რომ მოხუცებულ ასაკში, როდესაც თავის თხზულებაზე მუშაობდა, ბერად იყო ხანძთის მონასტერში. საიდან მოხვდა იგი იქ, ან მანამდე სად მოღვაწეობდა, უცნობია. ამდენად, ძველი ქართული მწერლობის მკვლევართა უმეტესობა, სავსებით გონივრულად, გიორგი მერჩულეს მიაკუთვნებს ე.წ. ტაო-კლარჯეთის საღვთისმეტყველო-ლიტერატურულ სკოლას, რომელიც, თავის დროზე, სწორედ გრიგოლ ხანძთელის თაოსნობით ჩამოყალიბდა.
მართალია, გიორგი მერჩულეს სხვა თხზულებები უცნობია, მაგრამ მისი „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“ იმდენად დახვეწილი, ფუნდამენტური და მწყობრი ნაშრომია, რომ, დიდი ალბათობით, ის ავტორის პირველი ნამუშევარი არ უნდა იყოს. ეს ვარაუდი მყარდება ქართველი ჰიმნოგრაფის მიქაელ მოდრეკილის მიერ X საუკუნის დასასრულს შედგენილ ჰიმნოგრაფიული პოეზიის კრებულში („იადგარი“) შეტანილ ორ ლექსზე დატანებული წარწერებით - „მერჩულიული“ და „მერჩულიულნი უცხონი“. აშკარაა, რომ წარწერები მიუთითებს კონკრეტულ პოეტურ ფორმაზე, რომელიც გიორგი მერჩულეს უნდა ჰქონოდა შემოღებული და რომლითაც ის თავის ჰიმნოგრაფიულ ნამუშევრებს ქმნიდა, მართალია, საკუთრივ ეს ლექსები არ შემოგვრჩა, მაგრამ როგორც ამ წარწერებით ირკვევა, ვინმე სხვა ავტორს სწორედ მერჩულეს სტილში დაუწერია თავისი ლექსები. ამგვარად, სულ მცირე, იმის თქმა მაინც შეგვიძლია, რომ გიორგი მერჩულეს დაწერილი უნდა ჰქონოდა ჰიმნოგრაფიული ნაწარმოებები.
გიორგი მერჩულეს მემკვიდრეობის გამორჩეული მკვლევარი პავლე ინგოროყვა თავის ვრცელ ნაშრომში „გიორგი მერჩულე. ქართველი მწერალი მეათე საუკუნისა“ დამაჯერებლად ასაბუთებს, რომ ავტორს „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“ უნდა დაეწერა 950 წლისათვის. ამ მსჯელობის კონტექსტში იგი გონივრულად ასკვნის, რომ, სავარაუდოდ, გიორგი მერჩულე გარდაიცვალა 950-იანი წლების ბოლოს ან 960-იანი წლების დასაწყისში.
გიორგი მერჩულეს თხზულება „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“ ამ პერიოდის მდიდარი ქართულენოვანი ტექსტია, რომელიც საქართველოს სამეფოს, ქართველების მსოფლმხედველობის, ინტელექტუალური და სულიერი ცხოვრების შესახებ უხვ ცნობებს შეიცავს; ამგვარად, მხატვრულ ღირებულებასთან ერთად, ის უდავოდ მნიშვნელოვანი წყაროა ქართული იდეების ისტორიისა და პოლიტიკური ისტორიის კვლევის კონტექსტშიც. თხზულების მთავარი პერსონაჟია ქართველი სასულიერო მოღვაწე (759-861 წწ.) გრიგოლ ხანძთელი. ნაწარმოები აღწერს მის მოღვაწეობას ტაო-კლარჯეთში, სადაც იმჟამად მიმდინარეობდა მონასტერთა აღმშენებლობა. თხზულებაში გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ჭრილში მრავალი მნიშვნელოვანი მომენტია განხილული: ქართლის ერისმთავრების ნერსე II-ის და სტეფანოზ IV-ის მოღვაწეობა, მეფე აშოტ I დიდის ბრძოლა ქართლის სამეფოს აღდგენისთვის, საქართველოს საგარეო ურთიერთობები, ქართული არისტოკრატიისა და სასულიერო დასის საქმიანობა და სხვა.
თხზულება საგულისხმო ინფორმაციას შეიცავს იმჟამინდელი ქართული აზროვნების წყაროების შესახებ. გიორგი მერჩულე ახსენებს ძველი და ახალი აღთქმის წიგნებს, ასევე ეფრემ ასურის, გრიგოლ ღვთისმეტყველის, კირილე ალექსანდრიელის, პანკრატ ტავრომენიელის, იპოლიტე რომაელისა და იოანე ოქროპირის ნაშრომებს, ზოგჯერ მოჰყავს მათი ციტატებიც. ავტორი პერსონაჟთა შორის გამართულ დიალოგებში წამოჭრის ფუნდამენტური საღვთისმეტყველო, პოლიტიკური და მორალურ-ეთიკური საკითხების ფართო სპექტრს, ასევე, ეხება ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ინსტიტუციური ურთიერთობის პრობლემებს. აშკარაა ისიც, რომ იგი დახელოვნებულია თეოლოგიური დებულებებისა და კანონიკური ნორმების ინტერპრეტაციაში, რამდენადაც ნაწარმოები მრავალ ასეთ ფორმულირებას შეიცავს. თხზულების სხვადასხვა მონაკვეთებში ავტორი ცდილობს გამოკვეთოს იდეალური ქრისტიანული სახელმწიფოს ფორმა და მმართველის სახე.
2.1. პოლიტიკურ-თეოლოგიური იდეები
გიორგი მერჩულესთან საყურადღებო პოლიტიკურ-თეოლოგიური იდეებია მოცემული. მაგალითად, ერთგან იგი წერს: „ქართლად ფრიადი ქუეყანაჲ აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაჲ ყოველი აღესრულების...“, რაც თანამედროვე ქართულზე ასე გადმოვა: ქართლად ითვლება ყველა ადგილი, სადაც ქართულ ენაზე ტარდება ღვთისმსახურება და აღესრულება ყოველი ლოცვა. ამ მოსაზრებით მერჩულე ქართული პოლიტიკური თეოლოგიის მნიშვნელოვან იდეას გვათავაზობს და ამბობს, რომ საქართველო იქაა, სადაც ქართულად ლოცულობენ. იგი ქართულ ენაზე აღსრულებულ ქრისტიანულ ღვთისმსახურებას პოლიტიკური მთელის, „ქართლის“ და, ამდენად, საქართველოს მაიდენტიფიცირებლად მიიჩნევს. ეს განაცხადი ორ მნიშვნელოვან გზავნილს მოიცავს: 1) რომ ქართლის სამეფო იქაა, სადაც ქართულად ლოცულობენ; 2) რომ ნებისმიერი ადგილი, სადაც ქართულად ლოცულობენ, შეიძლება ჩაითვალოს საქართველოდ. იგი განსაკუთრებულ დატვირთვას აძლევს ენას და სამი ელემენტის - ქართლის სამეფო, ქრისტიანული სარწმუნოება, ქართული ენა - გაერთიანების საფუძველზე აყალიბებს საქართველოს იდენტობის თეოლოგიურ-პოლიტიკურ განზომილებებს. თუმცა, მერჩულეს ეს მოდელი უფრო შორსაც მიდის, რამდენადაც ის სცდება საქართველოს კულტურული და პოლიტიკური სივრცის გეოგრაფიულ გაგებას და აფუძნებს ქართული კულტურისა და პოლიტიკური გავლენების გავრცელების ფართო პერსპექტივას. ამ კონტექსტში ქართველთა ცენტრებს ათონზე, პეტრიწონში, სინას მთასა თუ იერუსალიმში ჰქონდათ არა მხოლოდ სულიერი და ინტელექტუალური დატვირთვა, არამედ, ამავდროულად, ისინი ემსახურებოდნენ საქართველოს პოლიტიკური და კულტურული გავლენების გავრცელებას. გიორგი მერჩულე ქართულ სივრცედ აცხადებს ნებისმიერ გეოგრაფიულ ადგილს, სადაც ქრისტიანულ ლოცვას ქართულად აღავლენენ, რითაც „საქართველოს იდეას“, როგორც ასეთს, ფართო მნიშვნელობას სძენს.
თხზულებაში გიორგი მერჩულე რამდენიმე ადგილზე ეხება ზოგადად მეფობის და, ამავდროულად, კონკრეტულად ქართველი მეფის ფენომენს. მისი მთავარი პერსონაჟი წმ. გრიგოლ ხანძთელი ქართველ მონარქს აშოტ კურაპალატს ეუბნება: „სადა არს პატივი მთავრობისაჲ, მუნ არს მსგავსებაჲ ღმრთეებისაჲ“. მაშასადამე, გრიგოლ ხანძთელი ამბობს: ვისაც მთავრობის პატივი აქვს მინიჭებული, ის ღვთის მსგავსიაო. აქედან ცხადი ხდება, რომ საქართველოში მეფის ინსტიტუტს იმაზე მეტი დატვირთვა ჰქონდა, ვიდრე ეს, ერთი შეხედვით, შეიძლება ჩანდეს. მთავრობა, ე.ი. ხელმწიფება, როგორც ღვთის მიმსგავსებული მდგომარეობა ქართულ აზროვნებაში გაიგება ადამიანური ყოფიერების უმაღლეს საფეხურად, რომელზე მდგომიც ემსგავსება თავის შემოქმედს, ღმერთს. აქ რამდენიმე პარალელი შეგვიძლია გავავლოთ - ღმერთი მამაა ადამიანთა მოდგმისა, ხოლო მეფე კი თავისი ხალხისა; ღმერთი განსაზღვრავს კაცთა მოდგმის ბედს, მეფე კი მის ერისას; ღმერთი აძლევს სჯულს ადამიანებს, მეფე კი მისი ხალხის კანონმდებელია. ამავდროულად, ხელმწიფის ღმერთთან მიმსგავსება გულისხმობს მის უპირობო, შეუვალ ძალაუფლებას, რომელიც ღმერთის ყოვლისშემძლეობის მიწიერი ანალოგიაა. როგორც ვხედავთ, გიორგი მერჩულე ქართველ მეფეთა მიმართ დიდ გულუხვობას იჩენს, რაც იმ ეპოქისათვის დამახასიათებელი ბუნებრივი დამოკიდებულებაა და გამყარებულია, ერთი მხრივ, მეფობის ძველაღთქმისეული ინსტიტუტით, მეორე მხრივ კი, ქრისტიანული პოლიტიკური თეოლოგიით, რომლის მიხედვითაც მეფე ღმერთისგან არის ხელდასხმული.
თუმცა, გიორგი მერჩულე ქართველი მეფის ღვთაებრივი ლეგიტიმაციისთვის უფრო მეტსაც აკეთებს, თხზულების ერთ მონაკვეთში ვკითხულობთ: „დავით წინაჲსწარმეტყუელისა და უფლისა მიერ ცხებულისა შვილად წოდებულო ჴელმწიფეო, მეფობაჲ და სათნოებანიცა მისნი დაგიმკჳდრენ ქრისტემან ღმერთმან, რომლისათჳსცა ამას მოგაჴსენებ: არა მოაკლდეს მთავრობაჲ შვილთა შენთა და ნათესავთა მათთა ქუეყანათა ამათ უკუნისამდე ჟამთა, არამედ იყვნენ იგინი მტკიცედ უფროჲს კლდეთა მყართა და მთათა საუკუნეთა და დიდებულ იყვნენ უკუნისამდე“. აქ გრიგოლ ხანძთელი მეფე აშოტ დიდს მიმართავს, შემდეგი სიტყვებით თანამედროვე ქართულზე: დავით წინასწარმეტყველის შვილად წოდებულო ხელმწიფეო, ქრისტე ღმერთმა მოგანიჭოს სათნოებანი თავისი, ამიტომაც მოგახსენებ: ამ მხარეებში ხელმწიფება ნუ მოაკლდება შენს შვილებს და მათ შთამომავლობას მარადჟამს, უკუნისამდე. მაშ ასე, ქართველი მეფე იწოდება ბიბლიური დავითის შთამომავლად. ეს საგულისხმო მომენტია, რამდენადაც მსგავსი შეხედულებები, სხვადასხვა ფორმით, გვხვდება სხვა ქართველ მოაზროვნეებთანაც. დავით წინასწარმეტყველი მეფობის მთავარი ბიბლიური სიმბოლოა, რომელიც ერთნაირად მნიშვნელოვანია როგორც ძველი, ისე ახალი აღთქმის კონტექსტში. დავითი და მასთან ნათესაობა ძველი აღთქმის პოლიტიკური შინაარსის მქონე გადმოცემებში ხშირად არის მიჩნეული მეფობის ლეგიტიმაციის უმთავრეს საფუძვლად; ეს გრძელდება ახალ აღთქმაშიც. მაგალითად, მოციქული მათე თავის სახარებას სწორედ იმის აღნიშვნით იწყებს, რომ იესო ქრისტე მისი შთამომავალია (მათე, 1:1). ამგვარად, გიორგი მერჩულესთან ქართველ მეფეთა საკრალიზაცია თვისებრივად ახალ საფეხურზე ადის, ქართველი მეფე მიიჩნევა დავითისა და სხვა ბიბლიური მეფეების შთამომავლად, ყალიბდება ე.წ. „წმინდა სისხლის“ მსოფლხატი, ქართველი მეფე არის ბიბლიურ მეფეთა მემკვიდრე და, ამდენად, ღმერთის მიწიერი სამეფოს ხელმწიფე. ამგვარად, ქართულ პოლიტიკურ-თეოლოგიურ აზროვნებას ემატება კიდევ ერთი მიმართულება, რომლის მიხედვითაც საქართველოს მეფობა არის ბიბლიური მეფობის გაგრძელება, ხოლო ქართველი ერი არის ღმერთის რჩეული ისრაელის მსგავსი. ეს სულისკვეთება თხზულებაში რამდენიმე ადგილზე განსაკუთრებით იგრძნობა, როდესაც, მიმდინარე ამბების კონტექსტში, სხვადასხვა პერსონაჟები პარალელს ავლებენ ისრაელის ბიბლიურ ისტორიებთან.
ამგვარად, გიორგი მერჩულე თავის თხზულებაში გვთავაზობს რამდენიმე საფუძველმდებარე პოლიტიკურ-თეოლოგიურ იდეას, რომლებიც შეიძლება შევაჯამოთ შემდეგნაირად:
ა) საქართველოა იქ, სადაც ქართულ ენაზე აღევლინება წირვა, და ყველა ადგილი, სადაც ქართულად ლოცულობენ, არის ქართული იდენტობის მქონე ადგილი. იგი გვთავაზობს დიდი საქართველოს იდეას, რომლის გეოგრაფია არ არის დასაზღვრული. ეს იდეა კი ხორციელდება ქართულენოვანი ღვთისმსახურებით.
ბ) მეფობით ადამიანი მიემსგავსება ღმერთს. ხალხის წინამძღოლობა არის სამყაროსთან ღმერთის მიმართების ექვივალენტი. ამგვარად, მიწიერი მეფობა ღმერთის მიერაა დაფუძნებული და იმეორებს სამყაროს მეუფების ღვთაებრივ მოდელს.
გ) ქართველი მეფე არა მხოლოდ ღვთისაგან ხელდასხმულია, ისე როგორც ყველა სხვა ქრისტიანი მეფე, არამედ ის ბიბლიურ მეფეთა შთამომავალია და ბიბლიური ხელმწიფების წმინდა გზის გამგრძელებელია.
ამ იდეებით გიორგი მერჩულე ქმნის საქართველოს სამეფოს პოლიტიკისა და მეფის ხელისუფლების ლეგიტიმაციის თეოლოგიურ საყრდენებს, რომლებზედაც მომდევნო თაობის ქართველმა მოაზროვნეებმა არანაკლებ მნიშვნელოვანი და საინტერესო თეოლოგიურ-პოლიტიკური მიმართულებები დააფუძნეს.
• გიორგი მერჩულე: შრომაჲ და მოღუაწებაჲ ღირსად ცხორებისაჲ წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა გრიგოლისი არქიმანდრიტისაჲ, ხანცთისა და შატბერდის აღმაშენებლისაჲ, და მის თანა ჴსენებაჲ მრავალთა მამათა ნეტართაჲ // მწიგნობრობა ქართული: მრავალტომეული, ტ. 2: სასულიერო მწერლობა, ტომის შემდგენელი და რედაქტორი - რ. სირაძე, თბილისი: „ციცინათელა“, 2007 წ.
• ინგოროყვა, პ.: გიორგი მერჩულე. ქართველი მწერალი მეათე საუკუნისა. ნარკვევი ძველი საქართველოს ლიტერატურის, კულტურის და სახელმწიფოებრივი ცხოვრების ისტორიიდან, თბილისი: „საბჭოთა მწერალი“, 1954 წ.
• კეკელიძე, კ.: ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. I, ძველი მწერლობა, თბილისი: „საბჭოთა საქართველო“, 1960 წ.
• რაფავა, მ.: ბიზანტიელ მწერალთა გავლენის კვალი „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“, იხ.: II საერთაშორისო კონფერენცია ტაო-კლარჯეთი: მოხსენებათა თეზისები, ბათუმი, 2012 წ., გვ. 105-106.
• შარაშიძე, გ.: გიორგი მერჩულე: „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“, წიგნში: გ. შარაშიძე, ქართული ლიტერატურა: ცურტაველიდან გალაკტიონამდე, თბილისი: [აპოდიქსი], 2007 წ., გვ. 10-21.
• Giorgi Mertschule: Das Leben des Grigol von Chandsta, Jena: Friedrich-Schiller-Universität, 2000.