სავლე წერეთელი მნიშვნელოვანი ფიგურაა XX საუკუნის ქართულ ფილოსოფიურ აზროვნებაში; ის, როგორც მოაზროვნე, უნივერსალურ მოვლენას წარმოადგენს ფილოსოფიის ისტორიაში: მან მარქსიზმ-ლენინიზმის მკაცრი დოქტრინალური მოთხოვნების სივრცეში მოახერხა ორიგინალური ფილოსოფიური აზროვნების განვითარება. იგი დაიბადა სოფელ ჯვარისაში, ამბროლაურის რაიონში, 1930 წელს; 1941-1945 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში. 1948-1957 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ისტორიის კათედრის გამგე; იგი გახლდათ ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1958 წ.), პროფესორი (1958 წ.), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის დამაარსებელი და დირექტორი (1948-1953 წწ. და 1957-1960 წწ.). 1977 წელს (გარდაცვალების შემდეგ) ნაშრომისათვის „დიალექტიკური ლოგიკა“ მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია. ს. წერეთელი დაჯილდოვებული იყო წითელი დროშის, წითელი ვარსკვლავის, სამამულო ომის მეორე ხარისხის ორდენებითა და ოთხი საბრძოლო მედლით.
მიუხედავად იმისა, რომ მარქსისტულ-ლენინისტური ფილოსოფია ს. წერეთლის მსოფლმხედველობრივ მრწამსს წარმოადგენდა, იგი არ იზღუდებოდა ვიწრო დოქტრინალური ჩარჩოებით და აზროვნების ჭეშმარიტი ავტონომიურობისთვის იბრძოდა კიდეც. შესაბამისად, მისმა „არაორთოდოქსულმა“ დამოკიდებულებამ მარქსისტულ-ლენინისტური ფილოსოფიისადმი ორიგინალური აზროვნების ტიპი შექმნა .
ს. წერეთლის მთავარ მეცნიერულ დამსახურებას წარმოადგენს დიალექტიკურ-ლოგიკური სისტემის შექმნა, რომელიც ცნობილია „უსასრულო დასკვნის თეორიის“ სახელწოდებით. ამ თეორიის ძირითადი პრინციპები (განსაკუთრებით, დაუბოლოებლის ცნების განსაზღვრება) მან ჩამოაყალიბა ჯერ კიდევ 1947 წელს, ხოლო დასრულებული სახით ეს თეორია გადმოცემულია მის მონოგრაფიაში „დიალექტიკური ლოგიკა“ (თბილისი, 1965 წ.). იგი თვლის, რომ ლოგიკა მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს და ეს არის დიალექტიკური ლოგიკა, რომლის დაბალ საფეხურს ფორმალური ლოგიკა წარმოადგენს. მათემატიკური ლოგიკა კი მათემატიკური დისციპლინაა.
ს. წერეთელი ცდილობდა ლოგიკისთვის ონტოლოგიური სტატუსი მიენიჭებინა. დიალექტიკური ლოგიკა ონტოლოგიური მეცნიერებაა. ფორმალური ლოგიკა სასრულის ლოგიკას წარმოადგენს, დიალექტიკური ლოგიკა კი არის უსასრულოს ლოგიკა, რომელიც უზოგადესი ცნებების - კატეგორიების - საშუალებით ხორციელდება და შინაარსისეული ხასიათი აქვს. არსებობს ორი ტიპის კატეგორიები: „ლოგიკური კატეგორიები“ და „ლოგიკურის კატეგორიები“. ლოგიკურის კატეგორიის უარყოფა შეუძლებელია, ვინაიდან მისი უარყოფა მასვე ასაბუთებს. დიალექტიკური ლოგიკა აგებულია სწორედ ამ ტიპის კატეგორიებზე. ს. წერეთელი ასე განსაზღვრავს დიალექტიკური ლოგიკის საგანს: „ლოგიკა არის მეცნიერება აზრის მოძრაობა-განვითარების ობიექტურ ფორმათა შესახებ“. ამ იდეის დასაბუთებას მან მრავალი გამოკვლევა და მონოგრაფია მიუძღვნა. მისი განზრახვით დიალექტიკური ლოგიკა უნდა ჩამოყალიბებულიყო უნივერსალურ მეთოდად, რომელიც საზოგადოებრივ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებშიც უნდა ყოფილიყო გამოყენებულიყო.
ს. წერეთელმა წამოიწყო ფილოსოფიის ისტორიის დიალექტიკური ლოგიკის საფუძველზე გაგების ერთ-ერთი უნიკალური მცდელობა, რადგან ფილოსოფიის ისტორიის გასაღებად მას დიალექტიკური ლოგიკა მიაჩნდა. ამ პერსპექტივიდან გამომდინარე, მან სხვადასხვა სააზროვნო სისტემების ლოგიკური პრინციპით დაკავშირება და დიალექტიკის კონტექსტში მათი გააზრება ფილოსოფიის ისტორიის მთავარ ამოცანად დაისახა. ს. წერეთელს მიუღებლად მიაჩნდა ვლადიმერ ლენინის მიერ წამოყენებული სავალდებულო დოქტრინალურ-იდეოლოგიური ფორმულა ფილოსოფიაში პლატონისა და დემოკრიტეს ხაზების შეურიგებლობის შესახებ. თუკი ფილოსოფიის ისტორიას ლოგიკურისა და დიალექტიკურის საფუძველზე გავიაზრებთ, დავინახავთ, რომ მატერიალიზმი და იდეალიზმი ერთმანეთთან დიალექტიკურ კავშირში იმყოფება. ხშირად, ამა თუ იმ მოაზროვნესთან ორივე ხაზი გადახლართულია და აზროვნების სისტემების ლოგიკური მოხსნა განვითარების პრინციპის მიხედვით მიმდინარეობს. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ს. წერეთელს ეკუთვნის ძალზე საყურადღებო გამოკვლევები ფილოსოფიის ისტორიაში. მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია მონოგრაფიული კვლევა „ანტიკური ფილოსოფია“ (1968 წ.), რომელიც ათწლეულების განმავლობაში სახელმძღვანელოდ გამოიყენებოდა ფილოსოფიის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის. თუმცა, ასევე, საყურადღებოა ფილოსოფიის ისტორიული კვლევები შუა საუკუნეების, ახალი დროისა და თანამედროვე ფილოსოფიის შესახებ, სადაც ამ ეპოქის ფილოსოფიურ მოძღვრებათა დიალექტიკურ-ლოგიკური კავშირებია წინა პლანზე წამოწეული. ეს კვლევები მისი გარდაცვალების შემდეგ ცალკე წიგნის სახით გამოიცა კიდეც - „ნარკვევები ფილოსოფიის ისტორიაში, ტ. II“ (1986 წ.). აღსანიშნავია, რომ ს. წერეთელი ფილოსოფიის ისტორიის სფეროში შესრულებულ გამოკვლევებში სწორედ დიალექტიკურ-ლოგიკური კავშირების ანალიზსა და დიალექტიკური ლოგიკის კატეგორიოლოგიის ისტორიულ დაფუძნებას ცდილობდა.
ს. წერეთლის აზრით, ლოგიკურობის პრინციპს უნდა ექვემდებარებოდეს ნებისმიერი საზოგადოებრივი მეცნიერება. ფილოსოფიის ისტორიაში ფილოსოფიური სისტემები ისტორიულად უნდა იყოს განხილული, მაგრამ ამ განხილვის დროს გამოყენებული უნდა იყოს ლოგიკური მეთოდი. ამოსავალ პუნქტს აქ ის წარმოადგენს, რომ მარქსმა უარი თქვა „კაპიტალში“ ისტორიულ მეთოდზე და მას ლოგიკური მეთოდი ამჯობინა. ფილოსოფიის ისტორიაში ფილოსოფიური სისტემები ისე უნდა იყოს განხილული, რომ მათგან ფილოსოფიის ისტორია გამოვიდეს. ყოველი ფილოსოფიური სისტემა უნდა აიხსნას მისი ისტორიულ-თეორიული პირობებისა და წყაროების საშუალებით; უნდა გაირკვეს, თუ რომელ ფილოსოფიურ სისტემას (თუ სისტემებს) ეფუძნება განსახილველი სისტემა.
ს. წერეთლის თანახმად, დიალექტიკური ლოგიკა არის მეცნიერება აზრის მოძრაობა-განვითარების ობიექტურ ფორმათა შესახებ. დიალექტიკური ლოგიკა აზრის ფორმებში განხორციელებული დაპირისპირებულთა ერთიანობის ლოგიკაა. ს. წერეთელი ლოგიკურის დიალექტიკურობის გაგებას ეყრდნობა, რომელსაც ჰეგელის ფილოსოფიის საფუძველზე გაიაზრებს. ეს პრინციპი მისთვის ამოსავალ წერტილს წარმოადგენს: ლოგიკურის დიალექტიკურობა იმას ნიშნავს, რომ მასში მოქმედებს შინაგანი უარყოფა და ის ექვემდებარება წინააღმდეგობის ერთიანობის კანონს, რომელიც ლოგიკური დასკვნის ფორმით არის განხორციელებული. ამგვარ დასკვნას ს. წერეთელი „უსასრულო დასკვნას“ უწოდებს. ამ თვალსაზრისით, ს. წერეთელი ფორმალურ ლოგიკას დიალექტიკური ლოგიკის მომენტად გაიაზრებს. მას მიაჩნდა, რომ დიალექტიკური ლოგიკა ლოგიკის განვითარების უმაღლესი საფეხური იყო („უმაღლესი ლოგიკა“). აქ დიალექტიკური ლოგიკის საგნის ბუნების გაგებისათვის აუცილებელია იმ კატეგორიების დახასიათება, რომლებსაც ის იყენებს. ამ კონტექსტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზოგადის კატეგორია და საკუთრივ კანონის გაგება. აქედან გამომდინარე, კვლევის ობიექტს წარმოადგენს კანონის, განსაკუთრებით, ლოგიკის კანონების გაგება. ს. წერეთელი ამოდის კანტის მიერ ფორმალური ლოგიკის (ანუ ზოგადი ლოგიკის) და შემეცნებისთეორიული ანუ ტრანსცენდენტალური ლოგიკის განსხვავებიდან. ამ თვალსაზრისით, ფორმალური ლოგიკა სწავლობს აზროვნების ფორმებს შინაარსის გარეშე, ტრანსცენდენტალური ლოგიკა კი არის ლოგიკის გამოყენება შემეცნების შინაარსის მიმართ. ამ კონტექსტიდან გამომდინარე, ს. წერეთელი ცდილობს განასხვავოს ფორმალური და დიალექტიკური ლოგიკის საზრისი; ფორმალურ ლოგიკას იგივეობა ცალმხრივად ესმის, როგორც მხოლოდ აბსტრაქტული იგივეობა - იგივეობა ყოველგვარი განსხვავების გარეშე; დიალექტიკური ლოგიკა კი აღიარებს კონკრეტულ იგივეობას - განსხვავების შემცველ იგივეობას. ფორმალური ლოგიკა წინააღმდეგობას უარყოფს, რადგან წინააღმდეგობა შეცდომად მიაჩნია. დიალექტიკური ლოგიკაც უარყოფს შიშველ წინააღმდეგობას, როგორც შეუძლებლობას, შეცდომას. შეუძლებელია ორი საწინააღმდეგოსგან ერთი იყოს მეორე; მაგრამ წინააღმდეგობის უარყოფის დროს წინააღმდეგობა გამოიყენება როგორც კატეგორია; ამიტომ, დიალექტიკა წინააღმდეგობას კი არ აუქმებს, არამედ ამართლებს იმით, რომ აღმოაჩენს წინააღმდეგობის საფუძველს - ერთიანობას (როცა ასეთი საფუძველი არსებობს), ე.ი. აღიარებს წინააღმდეგობის ერთიანობას. ეს თეზისი ს. წერეთელისთვის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი ხდება დიალექტიკური ლოგიკის კონსტრუირების დროს. მისი აზრით, ფორმალური ლოგიკის მიმდევართა უმრავლესობა აღიარებს მსჯელობის ანალიზურობას, დიალექტიკური ლოგიკა კი ასაბუთებს მსჯელობის სინთეზურობას, რომელიც ანალიზურობას შეიცავს როგორც მომენტს. თუ არისტოტელისთვის მსჯელობა არის მტკიცება ან უარყოფა, დიალექტიკური ლოგიკის ჭრილში მსჯელობის აზრი მტკიცება-უარყოფაში მდგომარეობს. შესაბამისად, ფორმალური ლოგიკის დასკვნა ანალიზური გამომდინარეობაა, დიალექტიკური ლოგიკის თვალსაზრისით კი დასკვნა სინთეზურია, ის არის აუცილებელი სინთეზურ-შუალობითი კავშირი, რომელიც ანალიზურობას მომენტად შეიცავს (და არ გამორიცხავს).
ფორმალური ლოგიკა აღიარებს ლოგიკურ მეთოდებს: ინდუქციას, დედუქციას და სხვ. დიალექტიკური ლოგიკისათვის კი ეს მეთოდები კერძო მეთოდებს წარმოადგენს, ხოლო უნივერსალური მეთოდი დიალექტიკური მეთოდია. სახელდობრ, დასაბუთების დიალექტიკური მეთოდი არის ლოგიკური დალაგების, აბსტრაქტულიდან კონკრეტულზე გადასვლის მეთოდი. ს. წერეთლის აზრით, დიალექტიკური ლოგიკა კატეგორიების ლოგიკაა, ხოლო ფორმალური ლოგიკა ასეთი არ არის. ქართველი ფილოსოფოსი ჰეგელის დიალექტიკურ მეთოდს ეყრდნობა და დიალექტიკურ-ლოგიკურის გამოყენებით ცდილობს დიალექტიკური ლოგიკის ფუნდამენტზე მარქსისტულ-ლენინური ფილოსოფიის სისტემურ გააზრებას. ზემოთქმული ეფუძნება მოსაზრებას, რომლის თანახმადაც ჰეგელმა პირველმა აღიარა დიალექტიკურ-ლოგიკური კატეგორია; მასთან ლოგიკური სამი მომენტის შემცველია: აბსტრაქტულ-ლოგიკურის, უარყოფით-დიალექტიკურისა და დადებით-დიალექტიკურის. აქ ს. წერეთელი ჰეგელისეულ დისპოზიციებს მეოთხე ელემენტს უმატებს: იგი ცდილობს დაამტკიცოს, რომ არსებობს მეოთხე დისპოზიცია დიალექტიკური ლოგიკისა, რომლის თანახმადაც სრული ლოგიკური არის უსასრულო ლოგიკური, რომლის ცალმხრივობასაც წარმოადგენს სასრული ლოგიკური, რომელიც ფორმალურ ლოგიკას სრულად ლოგიკურად წარმოედგინა.
სასრული და უსასრულო ლოგიკურის აუცილებლობის განსხვავებით ს. წერეთელი ვარაუდობს, რომ სასრული ლოგიკური აუცილებლობა არის საწინააღმდეგოს შესაძლებლობის ლოგიკური აუცილებლობა. უსასრულო ლოგიკური აუცილებლობა კი ლოგიკურის კატეგორიის რეფლექსურობის აუცილებლობაა, ე.ი. რაიმეს უარყოფით მისივე დადგენის აუცილებლობა. აქ სასრული არის ის, რაც ლოგიკაში შემდეგნაირად გამოითქმება: „თუ-მაშინ“ (თუ არის A, მაშინ არის B, ანუ თუ A, მაშინ B). ეს დებულება არის ფორმალურ-ლოგიკური პრინციპი საერთოდ ლოგიკურისა, კერძოდ დასკვნებისა. ამიტომაც ფორმალურ ლოგიკაში დასკვნები სასრული ბუნებისაა; ასეთივეა მსჯელობები, რადგანაც ისინი ემყარებიან პრინციპს „თუ-მაშინ“. ფორმალურ-ლოგიკური დასკვნები არსებითად მსჯელობებს წარმოადგენს ან დაიყვანება მათზე; ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ სასრული ლოგიკური არის მსჯელობა, როგორც სასრული ლოგიკურ-შუალობითი კავშირის ერთმხრივობა ან ცალმხრივობა. მაშასადამე, ფორმალური ლოგიკა არის სასრული ლოგიკურის ლოგიკა. ის სრული ლოგიკურის მხოლოდ ერთ მხარეს სწავლობს. ს. წერეთლის მიხედვით, სასრული არის მხოლოდ ის, რაც სხვით უარიყოფა და დგინდება; სასრული ლოგიკური არ ამოიწურება ანალიზური მსჯელობებით; პირიქით, ის სინთეზური უნდა იყოს. თუ რაიმეს დადგენა-უარყოფისთვის საჭიროა სხვა, მაშინ აუცილებელია სინთეზურობა . მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ სასრულისთვის აუცილებელია უსასრულო. შესაბამისად, რაიმეს მტკიცება მისივე ურყოფით არის უსასრულო ლოგიკური. აქედან გამომდინარეობს უსასრულო დასკვნის პრინციპიც, რომელიც, როგორც აზრთა გარკვეული შუალობითი კავშირი, გულისხმობს შემდეგ კატეგორიებს:
ს. წერეთლის მიხედვით, უსასრულო დასკვნა არის ისეთი ტიპის დასკვნა, როდესაც რაიმეს დადგენა მისი შინაგანი უარყოფით ხდება. ის არის უარყოფის ისეთი ერთიანობა, როცა რაიმეს უარყოფა მასვე ადგენს. დადგენის და უარყოფის მსჯელობათა ერთიანობა სრულდება ერთმანეთში გადასვლით - დაპირისპირებული მსჯელობების ერთი მეორესათვის შინაგანი აუცილებლობიდან გამომდინარე. მაშასადამე, დადებითი მსჯელობა უარყოფის მომენტსაც შეიცავს, უარყოფის მსჯელობა კი დადებით მომენტს. შინაგანი უარყოფითობის შემცველი დადებითობა არის დაპირისპირებულთა ერთიანობა, რომელიც ერთი ფორმალურ-ლოგიკური მსჯელობის საფუძველზე არ ამოიწურება. დადებით და უარყოფით მსჯელობათა ურთიერთკავშირი წარმოადგენს დასკვნას, რომელიც არ სრულდება და არც წინასწარი დადებითი და უარყოფითი მსჯელობების საფუძვლის გარეშე შეიძლება იყოს გაგებული. მაშასადამე, დადებითი მსჯელობა შეიცავს უარყოფით მომენტს და პირიქით. შესაბამისად, აქ მსჯელობა განისაზღვრება მტკიცება-უარყოფის შემცველი აზრით და წარმოგვიდგება სამი ძირითადი ფორმით: დადებითი - S არის P; უარყოფითი - S არ არის P; უსასრულო - S არის არა P. აქ საქმე გვაქვს გარკვეულ „ორმნიშვნელოვანებასთან“. მაშასადამე, არსებობს დადებითისა და უარყოფითის ერთიანობა, როგორც დადგენისა და უარყოფის დიალექტიკური ერთიანობა. მაშასადამე, აქ სახეზეა „სამმნიშვნელობაც“. დადებითი და უარყოფითი თავის თავში სასრული დასკვნებია, ხოლო ორი სასრულის - დადგენისა და უარყოფის ერთიანობა იქნება მესამე უსასრულო დასკვნა.
ს. წერეთლის აზრით, უსასრულო დასკვნის ბუნებისაა სოკრატეს დებულება - „მე ვიცი, რომ არაფერი არ ვიცი“. ამ დებულების პირველი ნახევარი - „მე ვიცი“ - ნიშნავს „ჭეშმარიტად ვიცი“-ს (ანუ რაღაცის ცოდნაში აბსოლუტურ დარწმუნებულობას). სოკრატეს დებულების მეორე ნახევარი - „არაფერი ვიცი“ - ნიშნავს არცოდნას, როგორც ჭეშმარიტი ცოდნის უარყოფას (მაშასადამე, რაღაცის ცოდნის თეზისის აბსოლუტურ უარყოფას). ამიტომ, სოკრატეს მიერ გამოთქმული დებულება არის ჭეშმარიტი ცოდნის უარყოფის, როგორც ცოდნის უარყოფა. არცოდნის ცოდნა არის არცოდნის გადალახვა/დაძლევა და არცოდნის ცოდნით ცოდნის მიღწევა, ე.ი ცოდნამდე ამაღლება. არცოდნის ცოდნა შეიძლება, რადგან ჭეშმარიტება არის რეფლექსური ცნება. „ვიცი ის, რომ არაფერი ვიცი“ ცოდნის და არცოდნის ისეთი კავშირია, რომელიც არ უდრის წინააღმდეგობას, ამიტომ ეს არ არის თავისი თავის გაბათილება - პარადოქსი, გამოუვალი წინააღმდეგობა (ეს, ერთგვარად, შეიძლება მანკიერ წრედ, circulus vitiosus-ად გავიაზროთ, მაგრამ რამდენადაც ამ პარადოქსში ჩნდება ახალი ცოდნის დაბადების აქტი, არცოდნის ცოდნის გააზრება, ჩნდება მესამე კომპონენტიც, რითაც პარადოქსი გადაილახება). სოკრატეს დებულება შეიცავს წინააღმდეგობას, თუმცა კი, ის მეტია წინააღმდეგობაზე, წინააღმდეგობაზე ამაღლებაა - არცოდნის დაძლევაა და ცოდნის მიღებას წარმოადგენს. წინააღმდეგობა, როგორც გარკვეული „ორმნიშვნელოვანება“ დაძლეულია და მოქცეულია ერთმნიშვნელოვანებაში. ამიტომ, სოკრატეს ამ დებულების მიმართ არ დაისმება შეკითხვა: სწორია თუ არასწორი?; ასეთი კითხვის დასმა ს. წერეთლისთვის სოკრატეს დებულებაში არსებული წინააღმდეგობის სრული გაუქმების მოთხოვნა იქნებოდა. გარკვეული აზრით, წინააღმდეგობის გაუქმება რეფლექსიის გაუქმების მოთხოვნას გულისხმობს: სოკრატეს დებულების ორ საწინააღმდეგო კომპონენტს შორის სრული ტოლობის დასმას. „მე ვიცი“ ჭეშმარიტია თავისთავად და თავისთვის, ასევე ჭეშმარიტია „არაფერი ვიცი“. ერთი მეორეს უარყოფს. მაგრამ ამ უარყოფაში ერთი მეორეს ადგენს როგორც ჭეშმარიტს და ამით დებულების ჭეშმარიტებაც დგინდება.
ს. წერეთელი უსასრულოს დასკვნის სახედ მიიჩნევს დეკარტის „cogito ergo sum“-ს („ვაზროვნებ, მაშასადამე, ვარსებობ“). ის ვარაუდობს, რომ ამ დებულებაში აზრის უარყოფით აზრის დადგენა ხდება. აზრის ლოგიკური უარყოფა შეუძლებელია, რადგან ეს უარყოფა თავად არის აზრი (აზრის უარყოფით დგინდება აზროვნების აქტი. აზროვნების აქტი აზროვნებას ვერ უარყოფს, ეს ერთგვარი წინააღმდგეგობაცაა და იგივეობაც). კატეგორიალურად აქ ერთი და იგივე აზრი უარიყოფა და დგინდება (უარიყოფა იმიტომ, რომ აზროვნება რეფლექსიურია და შეუძლებელია მე-ს არსებობის გარეშე. დგინდება იმიტომ, რომ აზროვნება შეუძლებელია მე-ს არსებობის გარეშე. ერთი და იგივე პოსტულატი დადგენის და უარყოფის საფუძველია, მაგრამ, ამავე დროს, ორივე დებულება იგივეობრივია). მიუხედავად ამ იგივეობისა, აქ არ არის ტავტოლოგია, რადგან უარყოფილი არის დასაბუთებული, ასევე, უარყოფით დადგენილიც კი დასაბუთებულია; დასასაბუთებული და დასაბუთებული (დეკარტეს ორწევრა დებულება), ცხადია, სხვადასხვაა ლოგიკურად. რადგან ერთი და იგივე აზრი უარიყოფა და დგინდება და ეს ერთიანი (დებულება) ორდება უარყოფის საშუალებით, ამიტომ აქ ადგილი აქვს ერთიანის გაორებას - დაპირისპირებულთა ერთიანობას, როგორც სრულ შუალობით ერთიანობას, ე.ი. უსასრულო დასკვნას. დებულება „მე, როგორც აზროვნება, არ ვარსებობ“ თვითონ არის აზროვნება და მისი არსებობა აზროვნების, როგორც ასეთის დადგენაა. დეკარტეს ეჭვი (ე.ი. საკუთარი თავის გააზრება) არის აზროვნება; ეს ეჭვი, მიმართული აზროვნებისადმი, არის აზროვნების უარყოფა, რომელიც აზროვნებას ადგენს. აზროვნების უარყოფა აჩვენებს აზროვნების აუცილებლობას და უარყოფის საშუალებით ადგენს ამ აზროვნებას. აზრის ლოგიკური უარყოფა ადგენს აზრს, რადგან ეს უარყოფა თვითონ არის აზრი. ამდენად, აზრის უარყოფით მიღებული აზრი არის უარყოფის უარყოფა, აზრის უარყოფის უარყოფა, აზრის დადგენა.
აღსანიშნავია ს. წერეთლისა და მათემატიკოს ლ. გოკიელის თანამშრომლობა და მეგობრობა. ეს განსაკუთრებით კარგად ჩანს მათ ე.წ. „ფრონტულ მიმოწერაში“. ს. წერეთელი საკუთარ თავს ლ. გოკიელის მოწაფედ მიიჩნევდა. გარკვეული აზრით, შეიძლება ითქვას, რომ მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის ურთიერთგავლენა და კონცეფციათა ურთიერთავსებადობა არსებობდა. ეს გამოხატული იყო ლ. გოკიელის ძირეული დასკვნების უსასრულობის რეგრესის თეორიასა და ს. წერეთლის მიერ უსასრულო დასკვნის თეორიაში. შეიძლება ითქვას, რომ ს. წერეთლის მიერ განვითარებულ უსასრულო დასკვნის თეორიას მყარი მათემატიკური საფუძველი ჰქონდა. ლ. გოკიელის აზრით, ლოგიკის დაფუძნების დროს ცხადი ხდება ფუძემდებელ ცნებათა ლოგიკური ანალიზის მნიშვნელობა. ლოგიკური დამტკიცება არ შეიძლება ემყარებოდეს დაუმტკიცებელს. ლოგიკას საფუძვლად უნდა ედოს დამტკიცებადი დებულებანი, რომელთა დადგენა სპეციფიკური ტიპის დასკვნის საშუალებით უნდა ხდებოდეს. ამ ტიპის დასკვნის დადგენა კი ხორციელდება მისი უარყოფის გზით - უსასრულობისკენ რეგრესში. შეიძლება ისიც ითქვას, რომ ს. წერეთლის მიერ განვითარებულ უსასრულო დასკვნის თეორიას საფუძვლად უდევს ლ. გოკიელის დასკვნითი დებულების დადგენა, რაც მისი უარყოფის გზით უსასრულობისკენ რეგრესი მდგომარეობს. ასეთი ტიპის დასკვნებს ლ. გოკიელმა უწოდა „ძირეული დასკვნები“. მათთვის დამახასიათებელია შეუძლებელი სიტუაციის შექმნა უარყოფის გზით; მაგრამ შეუძლებლობა ვლინდება არა უბრალო წინააღმდეგობაში, რასაც ადგილი აქვს აქსიომებზე დამყარებულ კვლევებში, არამედ უსასრულობისკენ რეგრესში.
დიალექტიკური ლოგიკის ს. წერეთლისეულ დაფუძნების მცდელობას დიდი დისკუსია მოჰყვა, რომელიც ნაწილობრივ დღესაც გრძელდება. განსაკუთრებით ეს ეხება ლოგიკის ონტოლოგიზაციის პრობლემას. დიალექტიკური ლოგიკა გაიაზრებოდა როგორც ონტოლოგიური სტატუსის მქონე დისციპლინა ფორმალური ლოგიკის საპირისპიროდ. ეს, გარკვეული თვალსაზრისით, ირიბად უკავშირდებოდა იდეოლოგიურ კონტექსტს. მარქსისტულ-ლენინისტური ფილოსოფია სრულად ვერ სარგებლობდა ჰეგელის დიალექტიკური მეთოდით. მას სჭირდებოდა ისეთი მეთოდი, რომელიც მისი მსოფლმხედველობის სრულ მატერიალისტურ დაფუძნებას მოგვცემდა. მიიჩნეოდა, რომ ჰეგელის ლოგიკას ონტოლოგიური სტატუსი ჰქონდა, რომელიც სრულად ამართლებდა მისი ფილოსოფიის იდეალისტურ კონტექსტს. მარქსისტულ ფილოსოფიასაც ესაჭიროებოდა ისეთი ლოგიკურ-მეთოდოლოგიური დაფუძნება, რომელიც მას მწყობრ სისტემურ გამართლებას და ხასიათს მისცემდა. მიიჩნეოდა, რომ ფორმალური ლოგიკა ასეთ მოთხოვნილებას ვერ აკმაყოფილებდა. დიალექტიკური ლოგიკა, რომელიც მათემატიკურ ლოგიკას ეფუძნებოდა, ითვლებოდა, რომ მსჯელობათა სისტემას ონტოლოგიურად აფუძნებდა. თუმცა კი, უნდა აღინიშნოს, რომ დიალექტიკური ლოგიკის მიერ ხშირ შემთხვევაში სწორად დასმული პრობლემა და მისი გადაწყვეტა ფორმალური ლოგიკის პრინციპებითაც აიხსნებოდა. ლოგიკოსი ლ. მჭედლიშვილი წერს, რომ შემდგომში ამ თვალსაზრისს შეერწყა გნოსეოლოგიური და მეტაფიზიკური პრობლემები, რაც იყო კიდეც მომზადება თანამედროვე პარათავსებადი ლოგიკის წარმოქმნისთვის. პარათავსებადი ლოგიკა გულისხმობს წინააღმდეგობის შეუძლებლობის კანონის მართებულობის უარყოფას. ლოგიკოსი მ. ბეჟანიშვილი თანამედროვე პარათავსებადი ლოგიკური სისტემების წინამორბედებად მიიჩნევს ს. წერეთელსა და ლ. გოკიელს; მათ უსასრულო და ძირეული დასკვნების შესახებ მოძღვრებებით სცადეს დიალექტიკისათვის ლოგიკური გამომდინარეობის სახე მიეცათ. დიალექტიკური ლოგიკის პრობლემებზე ნაყოფიერი მსჯელობა გვხვდება მ. ბაკურიას, გ. ბაჩულაშვილის, გ. კალანდარიშვილის და სხვ. ნაშრომებში.
(ა) სავლე წერეთელის თხზულებათა გამოცემები
• მეცნიერების კანონთა ბუნების შესახებ, თბილისი: „სახელგამი“, 1955 წ.
• ლოგიკური კავშირის დიალექტიკური ბუნების შესახებ, თბილისი: „სახელგამი“, 1956 წ.
• რაციონალური მარცვალი ჰეგელის დასკვნის თეორიაში, თბილისი: „საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა“, 1959 წ.
• დასაბუთების საწყისი, თბილისი: „საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა“, 1963 წ.
• დიალექტიკური ლოგიკა, თბილისი: „მეცნიერება“, 1965 წ.
• ანტიკური ფილოსოფია, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1968 წ.
• ნარკვევები ფილოსოფიის ისტორიაში, ტ. 1: ანტიკური ფილოსოფია, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1973 წ.
• ნარკვევები ფილოსოფიის ისტორიაში, ტ. II: შუა საუკუნეების, ახალი და თანამედროვე ფილოსოფია, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1986 წ.
• Диалектическая логика, Тбилиси: „Мецниереба“, 1971.
(ბ) სამეცნიერო-კვლევითი ლიტერატურა
• ავალიანი, ს.: სავლე წერეთელი, თბილისი: „მეცნიერება, 1973 წ.
• ბეჟანიშვილი, მ.: ლოგიკის განვითარების ძირითადი ტენდენციები XX საუკუნის საქართველოში, წიგნში: ქართული ფილოსოფიური აზრის ისტორია, ტ. IV, მთავარი რედაქტორი - გ. თევზაძე, თბილისი: „ელფი“, 2003 წ., გვ. 268-294.
• ბლაგიძე, კ.: სავლე წერეთელი გნოსეოლოგიურ პრობლემათა შესახებ ანტიკურ ფილოსოფიაში, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1999 წ.
• ბლაგიძე, კ.: სავლე წერეთელი ახალ და თანამედროვე ფილოსოფიაში სკეპტიციზმის, აგნოსტიციზმისა და მათი თეორიული წანამძღვრების შესახებ, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 2001 წ.
• თევზაძე, გ.: სავლე წერეთელი და ფილოსოფიის ისტორიის დაფუძნების პრობლემა, ჟურნალში: საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მაცნე. ფილოსოფიის, ფსიქოლოგიის, ეკონომიკისა და სამართლის სერია, #1 (1977 წ.), გვ. 180-192.
• თევზაძე, გ.: სავლე წერეთელი (1907-1966), წიგნში: ქართული ფილოსოფიური აზრის ისტორია, ტ. IV, მთავარი რედაქტორი - გ. თევზაძე, თბილისი: „ელფი“, 2003 წ., გვ. 197-206.
• ლევან გოკიელი (1901-1975). ბიობიბლიოგრაფია [ბიობიბლიოგრაფიული სერია „ქართველი მეცნიერები“], შემდგენლები - ნ. ბაღათურია, მ. ჟორჟოლიანი, თბილისი: „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 2020 წ.
• მჭედლიშვილი, ლ.: დიალექტიკური ლოგიკის შეფასებისათვის: დიალექტიკური წინააღმდეგობების ანალიზი, კრებულში: ფილოსოფია - დიალექტიკა - ლოგიკა. სავლე წერეთლის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კრებული, რედაქტორ-შემდგენელნი: ლ. ზაქარაძე, თ. ირემაძე, [სამეცნიერო სერია - „ფილოსოფია, სოციოლოგია, მედიის თეორია“, ტ. 2], თბილისი: „მერიდიანი“, 2008 წ., გვ. 33-52.
• სავლე წერეთელი, რედაქტორი - ნ. ჭავჭავაძე, თბილისი: „მეცნიერება“, 1967 წ.
• სავლე წერეთელი. დაბადების 90 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კრებული, შემდგენელი - მ. მახარაძე, რედაქტორები - თ. ბუაჩიძე, მ. მახარაძე, თბილისი: „მეცნიერება“, 1997 წ.
• სავლე წერეთელი - 100, რედაქტორები - ს. ავალიანი, ი. კალანდია, თბილისი: „უნივერსალი“, 2007 წ.
• ურიდია, ბ.: სავლე წერეთელი, წიგნში: ბ. ურიდია, მეოცე საუკუნის ქართული ფილოსოფიის ისტორიიდან, თბილისი: „განათლება“, 1986 წ., გვ. 277-323.
• ფილოსოფია - დიალექტიკა - ლოგიკა. სავლე წერეთლის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კრებული, რედაქტორ-შემდგენელნი: ლ. ზაქარაძე, თ. ირემაძე, [სამეცნიერო სერია - „ფილოსოფია, სოციოლოგია, მედიის თეორია“, ტ. 2], თბილისი: „მერიდიანი“, 2008 წ.
• Гокиели, Л. П.: Логика, т. I-II, Тбилиси: „Мецниереба“, 1965-1967.
• Диалектика, Логика, Теория познания [Сборник статей: Посвящен С.Б. Церетели], Тбилиси: „Мецниереба“, 1979.