2023-01-28 მიხეილ გოგატიშვილი

ბეგიაშვილი არჩილ

1 -ცხოვრება და მოღვაწეობა

არჩილ ბეგიაშვილი დაიბადა ქ. თბილისში, 1928 წლის 20 იანვარს, ცნობილი ქართველი ფილოლოგის, სოციალ-ფედერალისტური პარტიის წევრის, პროფ. თევდორე ბეგიაშვილის ოჯახში; 1949 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი; 1965 წელს მიენიჭა ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი, 1971 წლიდან კი იქვე იყო პროფესორი. იგი 1952-1958 წლებში იყო მოსკოვის ნ. კრუპსკაიას სახელობის საოლქო პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოსოფიის კათედრის უფროსი მასწავლებელი, ხოლო 1958-1968 წლებში კი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1968-1974 წლებში იგი იყო ფილოსოფიის ინსტიტუტის ფილოსოფიის ისტორიის განყოფილების გამგე, 1974 წლიდან კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯერ დიალექტიკური მატერიალიზმის, ხოლო შემდეგ ჰუმანიტარული ფაკულტეტის ფილოსოფიის კათედრის გამგე. მისი მოღვაწეობის ძირითად სფეროებს წარმოადგენდა: ონტოლოგია, გნოსეოლოგია, ხელოვნების თეორია, თანამედროვე დასავლური ფილოსოფია და ფილოსოფიური პროზა.

არჩილ ბეგიაშვილი ერთ-ერთი აღიარებული მოაზროვნე იყო საქართველოსა და ყოფილ საბჭოთა კავშირში, ასევე, აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპის ფილოსოფიურ წრეებში. აღსანიშნავია მის მიერ ნეოპოზიტივიზმის, ინგლისური ანალიზური ფილოსოფიის, ეგზისტენციალიზმისა და ლინგვისტური ფილოსოფიის კვლევა. მან პირველმა მიუთითა იმჟამინდელ საბჭოთა კავშირში დასავლური ფილოსოფიის იმანენტური კრიტიკის აუცილებლობის შესახებ (1961 წ.), ამით კი დასავლური ფილოსოფიისადმი დამოკიდებულების ხასიათი და კრიტიკის პროგრამა შეცვალა. აღსანიშნავია მის მიერ შემეცნების თეორიის პრობლემების კვლევა და ფილოსოფიის გაგების სრულიად ორიგინალური მიდგომის ჩამოყალიბება - მეტაფილოსოფიური სტრუქტურის დაფუძნება და ფილოსოფიური ექსტრაპოლაციის პრინციპის შექმნა. ასევე მნიშვნელოვანია მის მიერ შემეცნების სტრუქტურაში ფილოსოფიისა და პოეზიის კავშირის აღმოჩენაც.

არჩილ ბეგიაშვილი ცნობილი ქართველი ფილოსოფოსის, შალვა ნუცუბიძის დისშვილი გახლდათ. ვერ ვიტყვით, რომ შალვა ნუცუბიძის ფილოსოფიამ ფუნდამენტური გავლენა მოახდინა ბეგიაშვილის ფილოსოფიურ აზროვნებაზე, თუმცა, ნუცუბიძის ალეთეიოლოგიური რეალიზმის ზოგიერთი ასპექტი მის მიერ გათვალისწინებულ იქნა. ბეგიაშვილის გააზრების ობიექტს წარმოადგენს შალვა ნუცუბიძის ერთ-ერთი ძირეული დეფინიცია, რომლის თანახმად საგნის ამგვარად ყოფნა საგნის სხვაგვარად ყოფნის შესაძლებლობას ნიშნავს. საგნობრიობის ასეთი დეფინიცია საგანთა სისტემისა და საგნობრიობის ჭეშმარიტების სტრუქტურაში გააზრებასა და ასახვას გულისხმობს. ჭეშმარიტების აქტუალიზაციის პრობლემა გულისხმობს, რომ ფილოსოფიური ჭეშმარიტება არ მოგვეცემა გახევებულ მდგომარეობაში, კერძოდ კი, მის ერთგვაროვნებაში. სამყაროს საგანთა სრული ყოფიერება მოგვეცემა განვითარებაში. ამიტომაც გულისხმობს „საგნის ამგვარად ყოფნა“ მისი „სხვაგვარად ყოფნის შესაძლებლობას“ და, აქედან გამომდინარე, ფილოსოფიური ჭეშმარიტებების სხვადასხვა შესაძლებლობებსაც.

არჩილ ბეგიაშვილი შალვა ნუცუბიძის დაბადებიდან 100 წლის იუბილეზე მიუთითებდა, რომ მას, როგორც ფილოსოფოსს და ადამიანს ტრაგიკული ბედი ერგო, რადგან შალვა ნუცუბიძემ ვერ შეძლო თავისი ფილოსოფიური სისტემის - ალეთეიოლოგიური რეალიზმის - განვითარება. ბეგიაშვილის აზრით, ალეთეიოლოგიური რეალიზმის კონცეფციას ჰქონდა ისეთივე პოტენციალი, როგორიც მარტინ ჰაიდეგერის ფილოსოფიას, მაგრამ, სამწუხაროდ, შ. ნუცუბიძის იდეებმა სათანადო განვითარება ვერ პოვა. მისი მსოფლმხედველობა სრულად ეწინააღმდეგებოდა საბჭოეთში იმჟამად გამეფებულ ოფიციალურ შეხედულებებს. ამიტომ ნუცუბიძე იძულებული იყო თავისი შეხედულებანი როგორმე მიესადაგებინა ოფიციალური მსოფლმხედველობისთვის და შეენარჩუნებინა, გამოეხატა თავისი ორიგინალური პოზიციები შოთა რუსთაველის აზროვნების კვლევასა და აღმოსავლური რენესანსის კონცეფციაში.

არჩილ ბეგიაშვილი გარდაიცვალა 1996 წელს.

2 -ფილოსოფია

არჩილ ბეგიაშვილის ფილოსოფიური შემოქმედების ერთგვარ შეჯამებას წარმოადგენს ფილოსოფიური აზროვნების ახალი პრინციპების დაფუძნება და მეტაფილოსოფიური სტრუქტურის შექმნა. ბეგიაშვილის აზრით, ფილოსოფიური შემეცნების ობიექტის განსაკუთრებულობა, მისი შემოსაზღვრულობა წარმოშობს მეტაფილოსოფიური გამოკვლევების აუცილებლობას, რომელიც მოწოდებულია აჩვენოს, თუ სად უნდა იქნეს მოძიებული ეს ობიექტი. ფილოსოფიური შემეცნების ობიექტის დადგენისას, მეტაფილოსოფიური გამოკვლევებისას დგინდება ორი რიგის პროცედურა, რომელიც არსებობს ყველა სახის ფილოსოფიურ დისკურსში: ერთი მხრივ, დგინდება სამყაროსთან მიმართების უნივერსალური პრინციპი; მეორე მხრივ კი ამ პრინციპის საფუძველზე იქმნება მთლიანობაში შესაძლო სამყაროს ერთიანი სურათი. შესაბამისად, განისაზღვრება ფილოსოფიის ორი ნაწილი - ონტოლოგია და გნოსეოლოგია, რომლებიც გავლენას ახდენენ სხვა ფილოსოფიურ დისციპლინებზე. მაშასადამე, მეტაფილოსოფიური სტრუქტურა ადგენს ფილოსოფიის ობიექტს და მიუთითებს ფილოსოფიური აზროვნების ორ ძირითად განყოფილებაზე, რომელიც აუცილებელია ამ ობიექტის შესამეცნებლად. აქედან გამომდინარე, განისაზღვრება ფუნქციები და დგინდება მათი ურთიერთმიმართებაც. მაგრამ, ფილოსოფიის ობიექტის დადგენის და მისი შემეცნების პროცედურების მეტაფილოსოფიური გამოკვლევები აჩვენებს, რომ ეს შემეცნება მიმდინარეობს როგორც მკვეთრი ცვალებადობის პროცესი, რომლის დროსაც ერთი მოძღვრება უარყოფს წინა მოძღვრების დამსახურებას. თუმცკი, ეს არ არის განპირობებული ფილოსოფიის, როგორც შემეცნებითი მოღვაწეობის არასრულყოფილებით. ამას მოითხოვს თავად შემეცნებითი მოღვაწეობის ბუნებაც. ბეგიაშვილის მიხედვით, მეტაფილოსოფია დგას აუცილებლობის წინაშე - აღწეროს შესაძლო ცვალებადობის პროცესი, რომელიც მიმდინარეობს ფილოსოფიური შემეცნების განვითარებისას. მეტაფილოსოფიის სტრუქტურაში ბეგიაშვილი აფუძნებს მეტაფილოსოფიურ განსჯას თანამედროვე ფილოსოფიური აზროვნების საფუძველზე და ხაზს უსვამს იმ ცვლილებებს, რომლებსაც ადგილი აქვთ თანამედროვე ფილოსოფიაში და შესაბამისია ფილოსოფიური მეცნიერებისადმი წაყენებული თანამედროვე მოთხოვნებისადმი. ამიტომაც, მეტაფილოსოფიის ნორმატიული ბუნების შესახებ ყოვლისმომცველი წარმოდგენის არარსებობა არ შეიძლება წინააღმდეგობად იქცეს ამ პრობლემის განხილვისას. ფილოსოფია განიხილავს მოქმედებებს, რომელთა მიმდინარეობისას ადამიანი მიემართება სამყაროს და შეუთანადებს საგნებს ერთი მეორეს; პირველ რიგში, ის იკვლევს იმ პირობებს, რომლებიც აუცილებელია ადამიანისთვის ამ მიმართების ობიექტების განხორციელებისათვის. თუმცა, თავად ფილოსოფია წარმოადგენს ადამიანის მოღვაწეობას, რომელიც მრავალმხრივ მიემართება იმას, რასაც ეძიებს. ფილოსოფია წარმოადგენს თეორიულ მიმართებას. მეტაფილოსოფიური გამოკვლევის ფილოსოფიური შემეცნებისადმი მსგავსების გამო თავს ვერ ავარიდებთ ზოგიერთ ცნებას, რომელსაც საკუთრივ ფილოსოფია იყენებს თავის ფილოსოფიურ განსჯებში. მაგალითად, ასეთი ცნებებია „არჩევანი“, „თავისუფლება“, „დეტერმინირებულობა“ და სხვ. ამ ცნებათა საჭიროება წარმოჩნდება მეტაფილოსოფიური განსჯების დროს, რომელთა ობიექტსაც წარმოადგენს ადამიანის სამყაროსთან თეორიული მიმართების აქტები. აქედან გამომდინარე, იკვეთება განსხვავება მეტაფილოსოფიისა და ფილოსოფიის ობიექტებს შორის. მეტაფილოსოფიური მსჯელობის დროს არ ხდება არჩევანის გაკეთება. არჩევანი მნიშვნელოვან ცნებას წარმოადგენს ბეგიაშვილისთვის. ეს ცნება მნიშვნელოვან როლს თამაშობს მეტაფილოსოფიური აზროვნების სტრუქტურის დადგენაში. მეტაფილოსოფიური აზროვნების სტრუქტურის განხილვის დროს მისი ამოცანა შემოიფარგლება იმ ფაქტორების დადგენით, რომლებიც გავლენას ახდენს არჩევანზე. მაშასადამე, გამოკვლეული უნდა იქნეს ის მექანიზმი, რომელიც საფუძვლად უდევს ამ ფენომენს და ფილოსოფიური შემეცნების ნაწილს წარმოადგენს. ბეგიაშვილთან მეტაფილოსოფიური გამოკვლევის სტრუქტურა პრობლემების სამ ბლოკს მოიცავს: 1. ფილოსოფიური შემეცნების ობიექტის დადგენა; 2. ის ცვალებადობანი და ძვრები, რომელთაც ადგილი აქვთ ფილოსოფიური აზროვნების განვითარებისას; 3. ფუნდამენტური ცნებების ანალიზი, რომლებიც მეტაფილოსოფიას საერთო აქვს ფილოსოფიასთან.

არჩილ ბეგიაშვილის ფილოსოფიური მოღვაწეობის მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს ანალიზური ფილოსოფიის კვლევა. პირველად მან ფილოსოფიური საზოგადოების ყურადღება მიიპყრო 1960 წელს გამოცემული წიგნით „ანალიზის მეთოდი თანამედროვე ბურჟუაზიულ ფილოსოფიაში“. გარკვეული თვალსაზრისით, ეს იყო პირველი სისტემური გამოკვლევა იმდროინდელ საბჭოთა კავშირში, სადაც, გავრცელებული პოზიციის თანახმად, ბურჟუაზიული ფილოსოფიის კრიტიკა უნდა განხორციელებულიყო მარქსისტულ-ლენინისტური კონცეფციის თანახმად. მაშასადამე, უნდა მომხდარიყო დიალექტიკური და ისტორიული მატერიალიზმის დოქტრინის ჭეშმარიტ დებულებათა მისადაგება სხვა ფილოსოფიური დოქტრინებისადმი და ამ გზით ჭეშმარიტების ჩვენება. ცხადია, არჩილ ბეგიაშვილი თავს ვერ აარიდებდა დიალექტიკური მატერიალიზმის დოქტრინით განსაზღვრულ „ჭეშმარიტებებს“. თუმცა, პრობლემის გამოკვლევის პროცესში მან შეძლო დისტანცირება მოეხდინა მარქსიზმ-ლენინიზმის დოქტრინალიზმისგან და სისტემური კვლევა წარმოედგინა მეცნიერების ფილოსოფიის კონტექსტში. ამ მხრივ ბეგაშვილისთვის დიალექტიკური მატერიალიზმი მეცნიერების ფილოსოფიის მეთოდოლოგიად იქნა წარმოდგენილი და შესაბამისი კრიტიკაც მეცნიერების მეთოდოლოგიის თვალსაზრისით ხორციელდებოდა. მისი პოზიცია ნეოპოზიტივიზმის იმანენტურ კრიტიკაში გამოიხატა. საკუთრივ განხორციელებული კრიტიკა გულისხმობს პოზიტივიზმის მიერ ჭეშმარიტების ასახვის ობიექტური პრინციპების განხილვას და ამ მოძღვრებათა ობიექტური ღირებულების აღმოჩენას. ბეგიაშვილი პოზიტივისტური ფილოსოფიის ღირებულებით პერსპექტივას წარმოაჩენს; მისთვის ეს მოძღვრება საინტერესოა ჭეშმარიტების გაგების საკითხის თვალსაზრისით. ამ მხრივ, ბეგიაშვილი პოზიტივისტური ფილოსოფიის ანალიზის მეთოდით ინტერესდება - რამდენად შეუძლია ანალიზის მეთოდმა სრულყოფილად მოახდინოს შემეცნების თეორიის აგება (გარესამყაროს ასახვა) ან აღწეროს ჭეშმარიტების პრობლემა. ამ თვალსაზრისით ბეგიაშვილი ცდილობს პოზიტივისტური ფილოსოფიის ღირებულებითი ასპექტების გამოვლენას და კრიტიკის კონტექსტში შინაგანი წინააღმდეგობების აღმოჩენას. ბეგიაშვილი დაწვრილებით მიმოიხილავს ბერტრან რასელის ლოგიკურ ატომიზმს, ლუდვიგ ვიტგენშტეინის ლოგიკურ პოზიტივიზმსა და ლინგვისტურ ფილოსოფიას. პოზიტივიზმი ცდილობს ორი პრობლემის გადაწყვეტას: რა არის ანალიზის საფუძველი და როგორ შეიძლება განხორციელდეს ის. ბეგიაშვილის თვალსაზრისით, ნებისმიერი მცდელობა მოვახდინოთ მეთოდის ონტოლოგიზება და აბსოლუტიზაცია, ანუ ვაქციოთ ის შემეცნების უნივერსალურ პრინციპად, ვერ გადაწყვეტს ჭეშმარიტების შემეცნების პრობლემას, რადგანაც ფილოსოფიაში ნებისმიერი უნივერსალური მეთოდოლოგიის აგების მცდელობას მივყავართ ლოგიკურ ჩიხამდე. თუმცკი, ბეგიაშვილი თვლის, რომ პოზიტივიზმს დიდი დამსახურება აქვს შემეცნების თეორიის ტრადიციული კონსტრუქციების პრობლემების გამოვლენაში. ნეოპოზიტივიზმის ძირითადი პრინციპია ის, რომ ფილოსოფიაში, ისევე, როგორც ზუსტ მეცნიერებაში, არსებობის უფლება გააჩნიათ და შეიძლება გააჩნდეთ მხოლოდ იმ დებულებებს, რომელთა ჭეშმარიტება და სიმცდარე შეიძლება შემოწმებული იქნეს უშუალო ცდის მონაცემებით. მხოლოდ ასეთ დებულებებზე შეიძლება მეცნიერული სჯა-ბაასი. ლოგიკური პოზიტივისტები ხაზს უსვამდნენ იმ გარემოებას, რომ ყველა წინადადება, რომელიც არ შეიძლება შევამოწმოთ უშუალო ცდის მონაცემების შემოწმებით (ასეთებს მიაკუთვნებდნენ ტრადიციული ფილოსოფიის წინადადებებსაც), არ შეიძლება მივიჩნიოთ ჭეშმარიტ ან ყალბ წინადადებებად. ისინი უნდა გამოვაცხადოთ უაზრო წინადადებებად. აქედან გამომდინარე, მთელი ფილოსოფიური პრობლემატიკა წინადადებათა და ენის ანალიზზე უნდა ყოფილიყო დაყვანილი. მაგრამ ბეგიაშვილი თვლის, რომ ლოგიკურ პოზიტივისტებს შეეძლოთ მომხრე ყოფილიყვნენ იმისა, რომ მთელი ფილოსოფია ყოფილიყო დაყვანილი ენის ანალიზამდე. მაგრამ, მათ შესანიშნავად ესმოდათ, რომ ყველა ის საკითხი, რომელიც ტრადიციულად ფილოსოფიურადაა მიჩნეული, არ შეიძლება გადაწყვეტილი იქნეს ენის ანალიზის მეშვეობით; თუმცა, ფილოსოფიური პროგრამა, რომელსაც ისინი აღიარებდნენ, საშუალებას აძლევდა მათ ანგარიში გაესწორებინათ იმ პრობლემებთან, რომლებიც ვერ თავსდებოდნენ მათ მიერ მოწოდებულ სქემებში. ბეგიაშვილის აზრით, ლუდვიგ ვიტგენშტეინის მიერ შემოტანილი წინადადებათა საზრისისა და მათი ემპირიული შემოწმებადობის იგივეობის პრინციპი, რომელიც, ასევე, აღიარებული იქნა ლოგიკურ პოზიტივისტთა წრეში, საშუალებას იძლეოდა უსაზრისოდ გამოცხადებულიყო ყველა ის ფილოსოფიური წინადადება, რომელიც არ ეთანხმებოდა ენის ანალიზის სქემას. მაგრამ ოქსფორდელი ფილოსოფოსები (რომლებიც ლოგიკური პოზიტივისტების განშტოებას წარმოადგენდნენ), ლოგიკური პოზიტივისტებისგან განსხვავებულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. მათ არ გააჩნდათ რაიმე ფილოსოფიური პროგრამა, რომელიც მათ დაეხმარებოდა იმ პრობლემებთან გამკლავებაში, რომლებიც ენის ანალიზის სქემას არ ეთანხმებოდა. ამიტომ, ლოგიკური პოზიტივისტებისაგან განსხვავებით, ისინი ვერ ახერხებდნენ ზოგადი დებულებების წამოყენებას და ვერ ამტკიცებდნენ, რომ ფილოსოფიის ერთადერთი საქმე არის ენის ანალიზი. ამის ნაცვლად ისინი იძულებული იყვნენ ეღიარებინათ, რომ არსებობდა ენის ანალიზისგან განსხვავებული ფილოსოფიური საკითხები. ბეგიაშვილის თვალსაზრისით, აქ აშკარად ჩანს პარადოქსულობა - ანალიზის მეთოდი შემოტანილი იქნა ტრადიციულ ფილოსოფიასთან საბრძოლველად. მაგრამ, ანტიფილოსოფიური ტენდენციის თანმიმდევრულად გატარებისას გამოირკვა, რომ ანალიზის მეთოდი, თუკი ის არ ეყრდნობა რაიმე ფილოსოფიურ პროგრამას, არამც თუ გამოდგება ტრადიციული ფილოსოფიური პრობლემების უკუგდებისთვის, არამედ, პირიქით, თვითონვე იქცევა მათი კანონიერების აღიარების საფუძვლად.

საგულისხმოა არჩილ ბეგიაშვილის მიერ ეგზისტენციალიზმის კვლევაც, რომელიც ადამიანის არჩევანის და გადაწყვეტილების მიღების პრობლემის გააზრებას უკავშირდება. არჩილ ბეგიაშვილი მიუთითებს, რომ მიუხედავად ეგზისტენციალური ფილოსოფიის უამრავი ნაკლისა, მისი დამსახურება ინდივიდის და ადამიანის ბედით დაინტერესებაა. განსაკუთრებით საინტერესო იყო ბეგიაშვილის მიერ იდეოლოგიური კონტექსტის გათვალისწინებით ადამიანის და მისი არჩევანის თავისუფლების პრობლემის წინ წამოწევა, რაც შემდგომში მის ნაშრომში - „მეტაფილოსოფიის სტრუქტურა“ (1993 წ.) - ფუნდამენტური გააზრების საგნად იქცა. ბეგიაშვილი ეგზისტენციალური ფილოსოფიის მთავარი ფიგურების (ჰაიდეგერი, სარტრი და კირკეგორი) განხილვის კვალდაკვალ აჩვენებს მათი ფილოსოფიის პრობლემატურ მხარეებს. განსაკუთრებით კი ბეგიაშვილის ყურადღება არჩევანის თავისუფლების პრობლემამ მიიქცია. არჩევანის თავისუფლების პრობლემა ეგზისტენციალური ფილოსოფიის ძირითადი საკითხია. ადამიანი განწირულია თავისუფლებისთვის და ამაშია მისი დანიშნულება. ეგზისტენციალისტების თვალსაზრისი, რომ არსებობა წინ უსწრებს არსებას, პასუხისმგებელს ხდის ადამიანს მასზედ, რომ ის არსებობს. ბეგიაშვილის აზრით, ეგზისტენციალიზმი ყოველ ადამიანს მისი ყოფიერების მფლობელს ხდის და ამით ადამიანს აკისრებს სრულ პასუხისმგებლობას მისი არსებობისთვის. მაშასადამე, ეგზისტენციალისტებისთვის თავისუფლების საფუძველი და არჩევანის თავისუფლება წარმოადგენს იმას, რომ ადამიანი მთლიანად თავად ქმნის საკუთარ თავს და მხოლოდ ის არის პასუხისმგებელი მასზედ, რასაც ის აკეთებს. არჩევანის თავისუფლებაში გაიხსნება პიროვნების არსი. თავისუფლება არის პიროვნების ნებელობა, მისი რეალიზაციის სივრცე, შესაძლებლობა იმოქმედოს თავისი ნების მიხედვით, გარედან რაიმე იძულების გარეშე და, ასევე, უნარი იმისა, რომ იყოს საკუთარი თავის გამგე. არჩევანი გულისხმობს, უამრავი ალტერნატივის პირობებში, პასუხისმგებლობის აღებას საკუთარ არჩევანზე და განუსაზღვრელობის გადალახვა/გადაწყვეტას ადამიანის მოქმედებასა და ცნობიერებაში. მრავლისგან რაიმეს არჩევით მაშინვე იკარგება არჩევანის დანარჩენი შესაძლებლობანი. ადამიანს ყოველთვის აქვს ნება აირჩიოს საკუთარი ბედისწერა, მას ყველაფერი შეუძლია გააკეთოს, რასაც კი მოისურვებს. საკუთარი პიროვნების რეალიზაცია - თუ რა სურს იყოს მას - მასზეა დამოკიდებული. მაგრამ, ყველას არ შეუძლია ამგვარი ქმედების განხორციელება. ბეგიაშვილის აზრით, კვიეტიზმის სახით არსებული ცხოვრებისეული პოზიცია, რომელიც ნებელობის გარეშე არსებულ ცხოვრებისეულ პოზიციას აღნიშნავს, თავისი არსით მოკლებულია ცხოვრებისეული სიძნელეებისადმი გამკლავების ემოციურ გამოვლინებებს. ბეგიაშვილი ხაზს უსვამს სარტრის შეხედულებას, რომ ამგვარი პოზიციის მომხრე არის ის, ვინც ამბობს: სხვას შეუძლია გააკეთოს ის, რაც მე არ შემიძლია გავაკეთო. ადამიანს, რა თქმა უნდა, შეუძლია მიიღოს ეს მიმართულება, მაგრამ საკუთრივ ეგზისტენციალიზმი და მისი თავისუფლების გაგება სრულიად საპირისპირო რამეზეა მიმართული - ნამდვილი რეალობა მხოლოდ მოქმედებაშია. ადამიანი სხვა არაფერია, თუ არა საკუთარი თავის პროექტი. ადამიანი არსებობს იმდენად, რამდენადაც საკუთარ თავს ახორციელებს. ის წარმოგვიდგება საკუთარი თავის ქმედებისა და ცხოვრების ერთობლიობის სახით. ყველა ადამიანი თავისუფალია თავის არჩევანში, რამდენადაც არაფერს შეუძლია მისი ცნობიერებიდან წაშალოს თავისუფლება.

არჩილ ბეგიაშვილი ეგზისტენციალური ფილოსოფიის ერთ-ერთი პოპულარიზატორი იყო საბჭოთა კავშირსა და საქართველოში. თუმცკი, ბეგიაშვილი თვლიდა, რომ ინდივიდის თავისუფლების გადაჭარბებული ატომიზაციის გამო ეგზისტენციალიზმის ფილოსოფიას ხელიდან გაუსხლტა ის ბიოლოგიური და სოციალური დეტერმინანტი ფაქტორები, რომლებიც ზემოქმედებს ადამიანის თავისუფალ არჩევანზე. ამ პრობლემის გადაწყვეტა ბეგიაშვილმა ადამიანის გვარეობითი არსების კონცეფციის შემოტანით სცადა ფილოსოფიური შემეცნების ბუნების და მეტაფილოსოფიის სტრუქტურის დამუშავებისას. აქ მან განსხვავება მოახდინა ადამიანის, როგორც გვარეობითი არსების არჩევანსა და პიროვნების არჩევანს შორის.

არჩილ ბეგიაშვილმა საინტერესო ფილოსოფიური მოთხრობების სერიაც შექმნა. გარკვეული თვალსაზრისით, ეს მოთხრობები მის მიერ ჩამოყალიბებული ფილოსოფიური დებულებების მხატვრული ფორმით ექსპლიკაციაა. ბეგიაშვილი ცდილობს ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების საკითხები ფილოსოფიურ ასპექტში გაიაზროს. ამიტომაც, ბევრი ფილოსოფიური პრობლემის მრავალმხრივი განხილვა მოითხოვს შემეცნების ორივე სახეობის - მხატვრული და ფილოსოფიური შემეცნების თანამშრომლობას. თუმცა, ბეგიაშვილი აქ მიუთითებს, რომ როდესაც მოთხრობას ნაწარმოებს უწოდებს, ეს ტერმინი არ გამოიყენება ჟანრობრივი ერთეულის სახით, რომელსაც თავისი კანონები გააჩნია; აქ უბრალოდ ადგილი აქვს თხრობის ფაქტს, სადაც ფილოსოფიური პრობლემის ექსპლიკაცია ხდება. აქ ინტერესის ობიექტი ადამიანის სრული ყოფიერება და მისი უშალო არსებობის თეორიული განსხვავებაა. ადამიანის სრული ყოფიერება მოიცავს ყველა იმ შესაძლო კავშირს, რომელიც ინდივიდმა შეიძლება დაამყაროს საგნობრივ სამყაროსა და სხვა ინდივიდთან. მაგრამ ადამიანი, როგორც პიროვნება, რომელიც უშუალოდ არსებობს უშუალო სინამდვილეში, არ შეიძლება იყოს ამ უსასრულოდ მრავალი ურთიერთობის ერთიანობა. იმისათვის, რომ იგი გახდეს პიროვნება, მან უნდა აირჩიოს ერთ-ერთი მათგანი. აქ ბეგიაშვილის ყურადღების ცენტრში ხვდება ადამიანის მიერ თავისი ცხოვრების პროექტის არჩევანი და მისი ცხოვრებისეული ჩართულობა ამ პროექტში. ამგვარად, პირველადი პროექტი, რომელიც არჩეულია პიროვნების მიერ, თანდათანობით ყალიბდება პიროვნებისთვის გარეშე ძალად, რომელიც სტრუქტურულად განსაზღვრავს მის არჩევანსა და პიროვნების მორჩილების ხარისხს ამ გარე დეტერმინანტებზე. გარე ფაქტორზე და გარემოზე, როგორც გაუცხოებულ ძალაზე მორჩილების ხარისხი განაპირობებს პიროვნების პიროვნებად დარჩენის ფაქტორს. ბეგიაშვილი აღნიშნავს, რომ გაუცხოების ფენომენი ჩნდება მაშინ, როდესაც სამყაროსთან და სხვა ადამიანებთან მიმართების წესი, რომელსაც ირჩევს ესა თუ ის ინდივიდი, უპირისპირდება მასვე როგორც უცხო ძალა. იგი ბორკავს მას და უბიძგებს საგნებთან და ადამიანთან „არანამდვილი ურთიერთობის დამყარებისაკენ“. არანამდვილ ურთიერთობასთან ერთად ჩნდება არანამდვილი ცნობიერებაც. არანამდვილი ცნობიერება მოქმედებს როგორც სტრუქტურული ფორმა. ის ამ ცნობიერებაში მოხვედრილი ადამიანის ნამდვილი არსია, მაგრამ ადამიანი ცდილობს ის ცნობიერების პერიფერიაში გადაიტანოს და სინამდვილე არანამდვილმა ცნობიერებამ მოიპოვოს; მაშასადამე, მისი ყალბი არსი იწყებს სინამდვილეზე გაბატონებას. ამ ფენომენის ილუსტრაციას გვაძლევს ბეგიაშვილის მოთხრობა „საშუალობა“. მოთხრობაში აღწერილია საშუალო შესაძლებლობის და ნიჭის ადამიანი თუ როგორ ქმნის საშუალო შესაძლებლობათა ადამიანების აზროვნების გარემოს, რომელიც უცხო სტრუქტურული ძალის სახით იწყებს რჩეულ, ნიჭიერ ადამიანთა დევნას.

არჩილ ბეგიაშვილის ყველა ფილოსოფიური მოთხრობა არჩევანის ფენომენის რომელიმე ასპექტს, მისი შინაარსის ჩამოყალიბებას და სხვაგვარი არჩევანისადმი დამოკიდებულებას ეხება. არჩევანის ფენომენი არ მოგვეცემა ერთგანზომილებიან სტრუქტურაში. მას სხვადასხვა გამოვლინება აქვს. ინდივიდის ინდივიდუალურობა და მისი თვითრეალიზაცია/გამოვლინების სამყარო პირველადი პროექტის არჩევით იწყება, შემდეგ კი ამით არის განპირობებული მისი ცხოვრების გზაც და დასასრულიც.

3 -რეცეფცია

არჩილ ბეგიაშვილის თითქმის ყველა ფუნდამენტურ გამოკვლევას გამოხმაურება მოჰყვა დასავლურ სამყაროში. ბეგიაშვილის წიგნზე „ანალიზის მეთოდი თანამედროვე ბურჟუაზიულ ფილოსოფიაში“ ფრაიბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის კვლევების კვარტალურ მიმოხილვაში გამოქვეყნდა თ. ჯ. ბლეკლის კრიტიკული რეცენზია. ასევე, დიდი კრიტიკული რეცენზია იქნა მიძღვნილი ამავე წიგნზე სასექსის უნივერსიტეტის პროფესორის ა. ჰანტის მიერ. თუკი ამ ორი ავტორის მიერ ბეგიაშვილის წიგნების კრიტიკული მიმოხილვა პასუხობდა საბჭოთა კავშირში გავრცელებულ იდეოლოგიურ კონტექსტს, გლაზგოს უნივერსიტეტის პროფესორის ტ. ო’ჰაგაინის მიერ ბეგიაშვილის წიგნის „თანამედროვე ინგლისური ლინგვისტური ფილოსოფია“ შესახებ გამოქვეყნებული რეცენზია სახიფათოდ აქებდა მას. ო’ჰაგაინი წერდა, რომ, მიუხედავად იმისა, რომ ავტორი ძნელად თუ აიძულებს ლინგვისტ ფილოსოფოსებს უარი თქვან თავიანთ საქმიანობაზე, იგი ნათლად აყალიბებს თავის არგუმენტებს; მისი მრავალი კრიტიკული არგუმენტი საკუთრივ მის მიერვეა შექმნილი და ჩამოყალიბებული. ისტორიულად იგი კარგად ახდენს ბალანსს, ხაზს უსვამს რა ლოგიკური ატომისტების გავლენას და, შემდგომ, უინზდომის, ოსტინისა და რაილის მნიშვნელობას. ო’ჰაგაინის აზრით, საბოლოო ჯამში, „ანალიტიკოსები“ ძალიან ახლოს დგანან ბეგიაშვილის პოზიციასთან; ყოველ შემთხვევაში, მის წიგნს უნდა მივესალმოთ არამარტო ნეგატიური უპირატესობების გამო, იმის გამო, რომ ავტორი უარს ამბობს „ჟარგონსა“ და „ბუკვალობაზე“, არამედ, ასევე, მთელი ინგლისური ლინგვისტური ფილოსოფიის მეთოდის ფუნდამენტურად ეჭვის ქვეშ დაყენების გამოც.

უნდა აღინიშნოს, რომ ბეგიაშვილის ორი წიგნი - „ფილოსოფია და პოეზია“ და „შემეცნების საწყისის პრობლემა ბერტრან რასელთან და ედმუნდ ჰუსერლთან“ - ჩეხურ ენაზე ითარგმნა და გამოიცა.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ბეგიაშვილის სტატია „ფილოსოფიური წინადადებების ნორმატიული და შეფასებითი ასპექტები“. ნაშრომი გამოქვეყნებული იყო კრებულში „ფაქტები და ღირებულებანი“ (1986 წ.). აღსანიშნავია, რომ არჩილ ბეგიაშვილის ნაშრომი ამ კრებულში ისეთ ცნობილ ფილოსოფოსებთან ერთად არის გამოქვეყნებული, როგორებიცაა - ჰ. ლიუბე, ვ. ბიმელი, გ. ჰ. ფონ ვრიგტი, ე. ლევინასი, პ. რიკიორი და სხვ. საბჭოთა კავშირიდან ამ პრობლემატიკის გასაშუქებლად მხოლოდ არჩილ ბეგიაშვილი იქნა შერჩეული. ბეგიაშვილის ეს ნაშრომი ეხება ფილოსოფიურ წინადადებებს, რომლებიც ჩამოყალიბებულია როგორც ნორმატიული დოქტრინები ან, სულ მცირე, იმპლიციტურად გულისხმობენ ნორმატიულ ასპექტს; ეს ნორმატიული ასპექტი კი გარკვეულ ღირებულებით ორიენტაციას გულისხმობს, რომელიც ფილოსოფიური სისტემების სახით არის ცნობილი.

4 -არჩილ ბეგიაშვილის რჩეული თხზულებები

• თანამედროვე პოზიტივიზმი, თბილისი: „საბჭოთა საქართველო“, 1961 წ.

• თანამედროვე ბურჟუაზიული ფილოსოფიის კრიზისი, თბილისი: „საბჭოთა საქართველო“, 1971 წ.

• პოეზია, ფილოსოფია, მეთოდოლოგია, თბილისი: „საქართველო“, 1990 წ.

• ფილოსოფიური მოთხრობები, თბილისი: „საქ. თეატრის მოღვაწეთა კავშირის გამომცემლობა“, 1990 წ.

• საშუალობა, თბილისი: „ოპიზა“, 2003 წ.

• რა არის ფილოსოფია? ჟურნალში: „მაცნე“, #2 (2002 წ.), #1-2 (2003 წ.), #1 (2005 წ.).

• Метод анализа в современной буржуазной философии, Тбилиси: „Изд. Академии Наук Грузинской ССР“, 1960.

• Современная английская лингвистическая философия (критический очерк), Тбилиси: „Издательство Академии Наук Грузинской ССР“, 1965.

• Проблема начала познания у Б. Рассела и Э. Гуссерля, Тбилиси: „Мецниереба“, 1969.

• Неопозитивизм и экзистенциализм, Тбилиси: „Мецниереба“, 1973.

• Философия и поэзия. Философские проблемы поэтической речи, Тбилиси: „Мецниереба“, 1973.

• О Природе Философского Познания, Тбилиси: „Издательство Тбилисского Университета“, 1989.

• Структура Метафилософии, Тбилиси: „Издательство Тбилисского университета“, 1993.

• Filozofie a Poezie, Praha: „Edice Prameny Mlada Fronta“, 1979.

• Vichodiska Poznania U Russella a Husserla, Praha: „Nakladatelstvo Pravda“, 1975.

• Normative and Evaluative Aspects of Philosophical Propositions, in: Facts and Values, edited by M. C. Doeser and J. N. Kraay, Dordrecht / Boston / Lancaster: „Martinus Nijhoff Publishers“, 1986, pp. 97-107.