ევაგრე პონტოელი (დაახ. 345-399 წწ.) აღმოსავლური მონაზვნური ტრადიციის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა. იგი დაიბადა იბორაში, პონტოში, ადგილობრივი მღვდელმთავრის ოჯახში. თავდაპირველად, მან განათლება ნეოკესარიაში მიიღო, სადაც ის გამოირჩეოდა როგორც საუკეთესო სტუდენტი. იგი აქ დაუახლოვდა გრიგოლ ღვთისმეტყველსა და ბასილი დიდს. არსებობს მოსაზრება, რომ ბასილმა განაპირობა მისი სამონაზვნო გზაზე შედგომაც. მოგვიანებით მან კონსტანტინოპოლში გადაინაცვლა. ევაგრე, როგორც გრიგოლ ნაზიანზელის დიაკონი, ახლდა მას მეორე მსოფლიო საეკლესიო კრებაზე (381 წ.). შემდგომ კი იგი ჯერ პალესტინაში, შემდეგ კი ეგვიპტეში მიემგზავრება, სადაც მკვიდრდება კიდეც.
მისმა მოღვაწეობამ, გარდა აღმოსავლური ასკეტიკისა, ასევე, დიდი გავლენა მოახდინა დასავლურ ქრისტიანობაზეც. ის მოღვაწეობდა ეგვიპტის უდაბნოებში მაშინ, როდესაც იქ არაერთი ეკლესიის ავტორიტეტული მამა მკვიდრობდა. იგი იყო მაკარი დიდის მოწაფე და, ასევე, განისწავლებოდა მაკარი ალექსანდრიელთანაც. მისმა შრომებმა მოახდინეს დიდი გავლენა პალადიუსსა და კასიანეზე. ეგვიპტის უდაბნოებში მოღვაწე მამათაგან მან ყველაზე მეტი თხზულება დატოვა. ცნობილია, რომ მას მიმოწერა ჰქონდა გრიგოლ ნაზიანზელთან, რუფინუსთან და მისი პერიოდის სხვა საეკლესიო მწერლებთან, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ევაგრე აქტიურად იყო ჩართული საღვთისმეტყველო აზრთა გაცვლა-გამოცვლის პროცესში. სწორედ რუფინუსის ლათინურენოვანი თარგმანების წყალობით მოახდინა მისმა შრომებმა გავლენა დასავლურ ასკეტიზმზე. ევაგრეს ნაშრომებმა აქტიური როლი ითამაშეს იუსტინიანეს ეპოქაში წარმართულ აზროვნებასთან ქრისტიანობის მიმართების თაობაზე წარმოებულ დავაში. თუმცა, VI საუკუნეში, მას შემდეგ, რაც იგი ორიგენიზმში იქნა ბრალდებული, მისი მრავალი ნაშრომი დაიკარგა. XII ს.-ში, გარკვეულწილად, მოხერხდა მათი აღდგენა. ევაგრეს შრომებში იკვეთება ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტი ქრისტიანული აზროვნებისა: მასთან ჭეშმარიტი ლოცვა და თეოლოგია ერთმანეთთან თანხვედრაშია. თეოლოგია არ გვევლინება მარტოოდენ სპეკულატურ ფილოსოფიად, არამედ ის ეფუძნება ადამიანის სულიერ განვითარებას. მისი ყველაზე ადრეული თხზულება, რომელიც დღემდე შემორჩა, არის ერთ-ერთი წერილი („რწმენის შესახებ“), რომელიც მან კონსტანტინოპოლიდან მისწერა თავის სულიერ ძმებს კაბადოკიაში. ამ წერილში ნათლად იკვეთება მისი დაპირისპირება არიანელებთან, რაც იმ პერიოდის გათვალისწინებით ძალზედ საგულისხმოა.
ევაგრეს თხზულებებში უმთავრესი ადგილი ეთმობა ასკეტურ სწავლებებს. აქ შევხვდებით სწავლებებს რწმენის, სხვადასხვა სათნოებების და მანკიერებებთან ბრძოლის საკითხებს, რაც განაპირობებს მათ მნიშვნელობას ქრისტიანულ ასკეტიკაში. ამასთან, ევაგრესთან ნათლად ყალიბდება მონაზვნობის ის შინაარსი, რომელიც სასულიერო თეორიისა და პრაქტიკის შერწყმას გულისხმობს.
ევაგრე პონტოელის მოღვაწეობის ქართულ აზროვნებასთან მიმართების ჭრილში, უპირველესად, უნდა აღინიშნოს მოსაზრებები მისი ქართული წარმომავლობის შესახებ. ამგვარ თეორიას ავითარებს კ. კეკელიძე, რომელიც ბერძნული და კოპტური წყაროების მოხმობით (კეკელიძე, მაგალითად, იმოწმებს სოკრატეს, ერმია სოზომენეს, პალადი ჰელენოპოლელის, ნიკიფორე კალისტე ქსანთოპულოსის და სხვათა თხზულებებს) მის ქართულ ფესვებზე საუბრობს. კეკელიძის აზრით, ეს მსჯელობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს ქართული მონასტრული ტრადიციის შეფასებისას, ასევე, საქართველოში ასკეტურ-მისტიკურ მწერლობაზე საუბრისას. კ. კეკელიძის ეს თეორია გაიზიარეს: ს. ყაუხჩიშვილმა, მ. თარხნიშვილმა, ი. ლოლაშვილმა, ლ. მენაბდემ და სხვ. ამ საკითხზე მსჯელობისას უნდა აღინიშნოს, რომ ევაგრეს ქართული წარმომავლობის დასაბუთების შემთხვევაშიც კი საკუთრივ მისი ქართულ აზროვნების კონტექსტში უპირობო ინტეგრირება პრობლემურია. თ. ირემაძის ფილოსოფიურ-ისტორიოგრაფიულ კონცეფციათა გათვალისწინებით უნდა ითქვას შემდეგი: როგორც საქართველოში არსებული არაქართულენოვანი ფილოსოფიური აქტივობა, ასევე უცხოენოვანი ტრადიციის ქართველი წარმომადგენლის ნააზრევიც საკუთრივ ქართული ფილოსოფიის მკვიდრ და საკუთრივ ნიმუშად ვერ ჩაითვლება (აქვე აღვნიშნავთ, რომ ეს საკითხი განსაკუთრებული სიმძაფრით იჩენს თავს ფსევდო-დიონისესა და პეტრე იბერის იდენტობის თეორიის ჭრილში).
ევაგრეს თხზულებათა ქართულენოვანი თარგმანები შემორჩენილია ხელნაწერში - Sin. 35. ამ თხზულებებს შორისაა ევაგრეს ასკეტური სწავლებები სათნოებებისა და მანკიერებების შესახებ, ასევე, სწავლებები მონაზონთათვის და სხვ. ამასთან, ზოგიერთი მათგანის პირველადი სახის დადგენა მძაფრი დისკუსიების საგანია თანამედროვე მეცნიერებაში. მაგალითად, ს. მახარაშვილი, რომელმაც ევაგრეს თხზულებების ქართულ აზროვნებასთან კავშირის ჭრილში საგულისხმო კვლევები ჩაატარა, მიიჩნევს, რომ ერთ-ერთი ნაწილი ამ თხზულებებიდან ევაგრეს ცნობილი ნაშრომის „მოპაექრე“ ფრაგმენტი უნდა იყოს. ს. მახარაშვილი ავითარებს შემდეგ მოსაზრებას: რამდენადაც ქართულად სრულებით თარგმნილია ამ ნაშრომის ბერძნული ექსცერპტი, ქართველ მთარგმნელს, რომლის ვინაობის ზუსტი დადგენაც რთულია, ხელთ უნდა ჰქონოდა მარტოოდენ ეს ნაწილი და არა ევაგრეს თხზულების სრული ვერსია, რომელიც, იმხანად, ალბათ, აღარც არსებობდა. ევაგრეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ქართველი მკვლევარი, ე. კოჭლამაზაშვილი კი შენიშნავს, რომ ევაგრეს „მოპაექრე“ ქართულად ითარგმნა ექვთიმე მთაწმინდელის მიერ სახელწოდებით - „ვნებათა სიტყვისგება“, მის ავტორად კი იმხანად მოაზრებული იყო მაქსიმე აღმსარებელი. ექვთიმეს თარგმანში ზემოხსენებული ფრაგმენტი საერთოდ არ გვხვდება, მაგრამ, სამაგიეროდ, არის თანხვედრა ევაგრეს ორ სხვა ავთენტურ ფრაგმენტთან, სადაც საუბარია ნაყროვანებისა და სიძვის შესახებ. რაც შეეხება მაქსიმესთვის მიწერილ „სიტყვისგებას“, რომელიც ექვთიმეს უთარგმნია, ის გვხვდება 16 ხელნაწერში, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია შემდეგი სამი ხელნაწერი: A - Q 34 (XI ს.), B - H 1663 (XI ს.) და C - S 396 (XI ს.). ე. კოჭლამაზაშვილი აღნიშნავს ქართულად თარგმნილ კიდევ ერთ ფსევდოეპიგრაფიკულ თხზულებას, რომელშიც გვაქვს ფრაგმენტები ევაგრე პონტოელის ავთენტური ტრაქტატიდან „ლოცვისათვის“. ამ თხზულებაში წარმოდგენილი არაერთი დებულება ჩართულია ექვთიმე მთაწმინდელის მიერ თარგმნილ თხზულებაში „წმიდისა და ღმერთშემოსილისა მამისა ჩუენისა ბასილისნი სწავლანი ლოცვისათჳს და სხუათა თითოსახეთა სათნოებათათჳს საცხორებელად სულისა“.
თ. ირემაძე მიიჩნევს, რომ ევაგრე პონტოელის მოღვაწეობამ და თხზულებებმა დიდი წვლილი შეიტანეს საქართველოში ქრისტიანული აზროვნების გათავისების საკითხში. რამდენადაც მისი ზედწოდება „პონტოელი“, სულ მცირე, საქართველოსთან გარკვეულ გეოგრაფიულ და კულტურულ სიახლოვეზე მიგვითითებს, გასაკვირი არ არის, რომ ევაგრეს აზროვნებას ქართულ ქრისტიანულ სამყაროში საკმაო გამოხმაურება ხვდა წილად. ევაგრე პონტოელის მოღვაწეობის ადგილი ქართულ აზროვნებაში შეგვიძლია მივიჩნიოთ ცამეტი ასურელი მამის საეკლესიო მოღვაწეობის ერთგვარ შედეგად და გაგრძელებადაც, რამდენადაც იგი თავისი მოღვაწეობით ქართულ ტრადიციაში კარგად გათავისებული ბერი-ფილოსოფოსის ყაიდასა და აზროვნების წესს ამკვიდრებდა.
• ირემაძე, თ.: ქრისტიანული ფილოსოფიის საწყისები საქართველოში, იხ.: „საპატრიარქოს უწყებანი“, N 37 (907) (თბილისი, 2018 წ.), გვ. 7-9.
• კეკელიძე, კ.: ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. I, თბილისი: „მეცნიერება“, 1980 წ.
• კეკელიძე, კ.: მეოთხე საუკუნის საზღვარგარეთელი ქართველი მოაზროვნე და მოღვაწე, წიგნში: კ. კეკელიძე, ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, VI, თბილისი: „სტალინის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1960 წ., გვ. 5-17.
• კოჭლამაზაშვილი, ე.: ევაგრე პონტოელის Antirrhetikos-ის ძველი ქართული თარგმანი (პატრისტიკული კვლევა საქართველოში, ტ. IV), თბილისი: პროგრამა „ლოგოსი“, 2019 წ.
• Casiday, A. M.: Evagrius Pontius, New York: Routledge, 2006.