2022-12-09 თენგიზ ირემაძე

პოლემოლოგია

1 -დარგის შესახებ

„პოლემოლოგია“ (ბერძ. „პოლემოს“ – ქართ. „ომი“, „დავა-კამათი“) – იგივე „ომის სოციოლოგია“ – იკვლევს ომს, როგორც სოციალურ ფენომენს, მისი წარმოშობის მიზეზებს, ომის მსვლელობის პროცესში მიმდინარე სოციალურ ცვლილებებსა და ომის მიერ გამოწვეულ შედეგებს სოციალური, ეკონომიკური, დემოგრაფიული და იდეოლოგიური კუთხით. ასევე, ომის სოციოლოგიის საგანგებო შესწავლის საგანია ომის დაძლევისა და უარყოფის, მისადმი წინააღმდეგობის გაწევის მექანიზმების გამოკვლევა, ომის მონაწილეთა – მოძალადეების, მსხვერპლის, ჯარისკაცების, მშვიდობიანი მოსახლეობისა და მედიის – სოციალური სტატუსისა და როლის დადგენა.

ცნობილმა გერმანელმა სამხედრო თეორეტიკოსმა კარლ ფონ კლაუზევიცმა (1780-1831 წწ.) ომს „ნამდვილი ქამელეონი“ უწოდა, რადგან ის ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში თავის ბუნებასა და ხასიათს იცვლის. ომი დღემდე ადამიანის ხანგრძლივი ისტორიის განუყოფელი ნაწილი აღმოჩნდა: იცვლება მისი წამოწყებისა და წარმართვის სახეები და ფორმები, თავად ომი კი მსოფლიოს პოლიტიკური და ეკონომიკური გა(და)ნაწილების ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ საშუალებად რჩება. დღეს, გლობალიზაციის ეპოქაში, სულ უფრო და უფრო მძაფრი დავა-კამათი წარმოებს ძველი და ახალი ომებისა და ორგანიზებული ძალადობის ფორმების შესახებ. იქმნება არაერთი მნიშვნელოვანი მონოგრაფია და სამეცნიერო გამოკვლევათა კრებულები ადამიანური ყოფის ამ უძველესი პრობლემის თაობაზე.

ტერმინი „ომის სოციოლოგია“ 1929 წელს დამკვიდრდდა ცნობილი ჰოლანდიელი ეთნოლოგისა და სოციოლოგის, სებალდ რუდოლფ შტაინმეტცის (1862-1940 წწ.) ამავე სახელწოდების მქონე ნაშრომის მიხედვით, ხოლო ტერმინი „პოლემოლოგია“ კი პირველად 1945 წელს გამოიყენა ცნობილმა ფრანგმა სოციოლოგმა გასტონ ბუტულმა (1896-1980 წწ.).

ომის მიერ გამოწვეული მატერიალური ზარალისა და რელიგიური, პოლიტიკური თუ ფსიქოლოგიური ზეგავლენის ადეკვატური შეფასება, ასევე, მისი წარმომშობი მიზეზებისა და საფუძვლების განსაზღვრა დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული. სხვადასხვა საზოგადოებისა და კულტურის მიხედვით, ომი და მისი გაგება განსხვავებულ სახეს იძენს, განსხვავებულია, ასევე, მისი წარმართვისა და მსვლელობის ფორმები. ამიტომ ომის სოციოლოგია ინტერდისციპლინური კვლევის მეთოდს ანიჭებს უპირატესობას და ისეთი მეცნიერებების გზაგასაყარზე მკვიდრდება, როგორიცაა: ფილოსოფია, სოციოლოგია, ეთნოლოგია, ეკონომიკა, სოციალური ფსიქოლოგია, სამართალმცოდნეობა, პოლიტიკური მეცნიერებები და ა.შ.

ომის სოციოლოგიის ფარგლებში დასმული მრავალწახნაგოვანი პრობლემების მეცნიერული კვლევა-ძიება და მათი ადეკვატური შეფასება მშვიდობის ფილოსოფიურ-სოციოლოგიური საკითხების გათვალისწინების გარეშე ცალმხრივი იქნება. ამიტომ ომისა და მშვიდობის აქტუალური საკითხები ფილოსოფიურ და სოციოლოგიურ ჭრილში უნდა იქნეს განხილული, ხოლო ადამიანი კი (მისივე გონებრივი, რაციონალისტურ-პრაგმატული მოქმედების პრინციპებიდან გამომდინარე) მშვიდობისმოყვარე და მშვიდობისდამფუძნებელ არსებად უნდა იქნეს გააზრებული. მაშასადამე, კვლავაც ძალაში რჩება მარადიული მშვიდობის მთავარი პრინციპი, რომლის თანახმადაც ადამიანმა საკუთარი მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად ომი - როგორც გადამწყვეტი ფაქტორი - უნდა უარყოს.

2 -ომის თემატიკა ქართულ აზროვნებაში

ქართულ ფილოსოფიურ და სოციოლოგიურ ნააზრევში ომისა და მშვიდობის თემატიკა იმთავითვე სათანადო ინტერესის საგნად იქცა. განსაკუთრებული წვლილი ამ საკითხების კვლევისა და ანალიზის საქმეში კი შეიტანეს ნიკო ნიკოლაძემ (1843-1928 წწ.) და დიმიტრი უზნაძემ (1886-1950).

ნიკო ნიკოლაძის თეორიული ნააზრევის ერთ-ერთი მთავარი საგანია რევოლუცია და ომი, როგორც სოციალურ-პოლიტიკური ცხოვრების ორი უმნიშვნელოვანესი ელემენტი. ნიკო ნიკოლაძემ ომის თეორია ორმაგი სახით წარმოადგინა: ერთი მხრივ, იგი ომის წინააღმდეგი იყო, რადგან ომის შედეგად მიღებული მასობრივი ხოცვა-ჟლეტის ფაქტი ადამიანის არსების საწინააღმდეგოა, როცა მცირე ჯგუფები პირად ინტერესებს საყოველთაო კეთილდღეობის ინტერესებზე მაღლა აყენებენ და უდანაშაულოთა დიდ რაოდენობას მხოლოდ ინსტრუმენტად იყენებენ. მეორე მხრივ, ნიკოლაძეს მხედველობის მიღმა არც ის რჩებოდა, რომ ომი არა მხოლოდ სახელმწიფოთა შორის მიმდინარეობს, არამედ ზოგჯერ საზოგადოების წიაღიდანაც იღებს დასაბამს, როცა მისი სხვადასხვა ფენები - მდიდრები და ღარიბები, ძალოვანნი და უძალონნი - ერთმანეთის წინააღმდეგ იბრძვიან. ქართველმა მოაზროვნემ ამით ომის ფილოსოფიის მნიშვნელოვანი ასპექტები გამოკვეთა, რომლებიც შიდა წინააღმდეგობებით აღსავსე თანამედროვე საზოგადოების ყურადღებასაც უნდა იმსახურებდეს. ეს თეორია კონფლიქტთა გადაჭრის იმგვარ გზებსაც მოხაზავს, რომელთა გამოყენება დღესაც კი შეიძლება. ნიკო ნიკოლაძის აზრით, საზოგადოებათა განვითარება და ისტორია თვალნათლივ აჩვენებს, რომ ომი ადამიანის საზოგადოებრივი არსებიდან იღებს დასაბამს. ომმა მხოლოდ ორი მხარე (გამარჯვებული და დამარცხებული) იცის, ხოლო მისი შედეგი კი არის მასობრივი ხოცვა-ჟლეტა.

ომის ფილოსოფიის ეს ასპექტები და მასთან დაკავშირებული განიარაღების საკითხები ნიკო ნიკოლაძის მიერ ციურიხში დაცული ზემოდასახელებული დისერტაციის („განიარაღება და მისი ეკონომიურ-სოციალური შედეგები“, 1868 წ.) მთავარ საგანს წარმოადგენდა. სრული განიარაღების იდეა მაშინ ევროპაში სულ უფრო მეტად იკრებდა ძალას; ნიკოლაძე თავისი ნაშრომით ამ ტენდენციას გამოეხმაურა და არსებული პრობლემები სხვადასხვა პერსპექტივით განიხილა. მან წინა პლანზე წამოსწია განიარაღების ეკონომიური და ფსიქოლოგიური ასპექტები და განიარაღების საკითხი, უწინარეს ყოვლისა, ეკონომიურ-სოციალური შედეგების ჭრილში გააანალიზა. მან კარგად გააზრებული წინადადებები შეიმუშავა სრული განიარაღების თაობაზე; იგი ეძებდა იმ ფუნდამენტს, რომელზე დაყრდნობითაც განიარაღების პოლიტიკა საზოგადოებათა და სახელმწიფოთა მშვიდობიანი რეორგანიზების გზით იქნებოდა შესაძლებელი.

ომის თემატიკის ფილოსოფიურ და სოციალურ ანალიზს მიუძღვნა დიმიტრი უზნაძემ თავისი უაღრესად საყურადღებო ნარკვევი „ომის ფილოსოფია“, რომელიც 1914 წელს ცალკეული სტატიების სახით გამოქვეყნდა გაზეთ „სახალხო ფურცელში“ (№148, 149, 150, 153, 155). მან ამ უაღრესად მნიშვნელოვან და საინტერესო ნარკვევში ეგზისტენციალისტური თემატიკის ღრმა და საფუძვლიანი განხილვის ფონზე წარმოადგინა ომის პრობლემატიკა. დიმიტრი უზნაძე სიკვდილის პრობლემატიკას ჩაუღრმავდა, ის სხვადასხვა ჭრილში განიხილა და, ამასთანავე, შემდეგი მნიშვნელოვანი კითხვები და პრობლემებიც წამოჭრა:

 

  1. 1. სიკვდილი, როგორც ბოროტება.
  2. 2. მეტაფიზიკური სიკვდილი არ არის ბოროტება.
  3. 3. ვლადიმერ სოლოვიოვის ომის ფილოსოფია.
  4. 4. ცხოვრების აზრი.
  5. 5. პიროვნება და ცხოვრების აზრი.
  6. 6. ერი, როგორც ცხოვრების აზრის სუბიექტი.
  7. 7. ომის პრობლემა.

მართალია, დიმიტრი უზნაძე „ომის ფილოსოფიაში“ კულტურის მეცნიერებისა და პოლიტიკური თეორიის მრავალ მნიშვნელოვან პრობლემას შეეხო, მაგრამ ამ ნარკვევში მთავარი ადგილი მაინც ომის, როგორც მსოფლიო ისტორიის მთავარი ფენომენის განხილვას უკავია. ეს არც არის გასაკვირი, რადგან სწორედ 1914 წელს დაიწყო პირველი მსოფლიო ომი, რომელმაც კაცობრიობის ისტორიაში მანამდე უპრეცედენტო ნგრევა და ზარალი მოიტანა. აქედან გამომდინარე, დასავლეთის წამყვანი ინტელექტუალები თავს ვალდებულად რაცხდნენ, ამის თაობაზე საკუთარი აზრი გამოეთქვათ და „ომის“ ფენომენი ამომწურავად განეხილათ.

დიმიტრი უზნაძე სხვადასხვა კუთხით განიხილავს სიცოცხლის ფენომენს და კითხვას ცხოვრების რაობის შესახებაც სვამს. თუმცა, იგი სიკვდილის და თვითმკვლელობის ფენომენსაც განიხილავს და ამ ჭრილში ომს კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთ ძირითად გამოვლინებად მიიჩნევს. ამასთანავე, იგი ომის სხვადასხვა ტიპებსა და სახეებს (თავდასხმითი და თავდაცვითი ომები და ა.შ.) განასხვავებს ერთმანეთისგან და იმ დასკვნამდე მიდის, რომ ომი ცხოვრების ნამდვილ აზრს ეწინააღმდეგება. მხოლოდ თავდაცვითი ომები შეიძლება იყოს სამართლიანი და ლეგიტიმური, რადგან ამით თავდასხმის ობიექტი საკუთარ სიცოცხლეს, ღირსებას იცავს და, საბოლოო ჯამში, გადარჩენას ცდილობს. ამით უზნაძე მცირე ერების თავდაცვით ომებსაც ამართლებს. ისინი ეროვნული იდენტობის სიმბოლოს წარმოადგენს, რადგან თავდაცვითი ომი მტერთან ბრძოლის დროს ხშირად ჰეროიკული და სიმამაცით აღსავსე წინააღმდეგობის სახეს იძენს.

ომის საწინააღმდეგოდ უზნაძის მიერ წამოყენებული ყველაზე მყარი არგუმენტი შემდეგი სახისაა: რადგან ომი ცოცხალი ძალის ენით უთქმელ მოსპობას იწვევს, ის ადამიანური აქტიურობის გაუკუღმართებული სახეა. ის დროც დადგება, როცა ადამიანები ამას შესაბამისად გაიგებენ და ომს - როგორც მათი მოქმედების ინსტრუმენტს - სრულიად უარყოფენ კიდეც. ამ კონტექსტში დიმიტრი უზნაძე აკრიტიკებს ვლადიმერ სოლოვიოვის ომის თეორიას, რომელიც ომს ისტორიაში პოზიტიურ როლს მიაწერს, რადგან ის, თითქოსდა, სიცოცხლის საზრისს შეესაბამება. უზნაძისთვის ომს არავითარი პოზიტიური განზომილება არ აქვს, რადგან ის სამყაროს ჰარმონიის პრინციპს ეწინააღმდეგება, ხოლო სოლოვიოვის შეხედულება ომის შესახებ კი უკიდურესად საკამათოა, რადგან ომი სამყაროს უნივერსალურ მიზნებს არ ემსახურება.

დიმიტრი უზნაძის მშვიდობისმყოფელი მოწოდება ამგვარად ჟღერს: ომი წარსულს უნდა ჩაბარდეს! თუმცა, როგორ უნდა იქნეს ეს მდგომარეობა მიღწეული? რა მოიტანს მშვიდობას სამყაროში? როგორ უნდა განხორციელდეს სამშვიდობო მიზნები და პრინციპები, როცა სამყაროში სულ უფრო და უფრო მეტი ომები და შფოთია? ეს კითხვები დღესაც ღია რჩება. მიუხედავად ამისა, ერთი რამ მაინც ცხადია: კაცობრიობა თავისი განვითარების გარკვეულ სტადიებში - და ასეთი იყო XX საუკუნის დასაწყისიც - საიმისოდ მაინც იყო მზად, რომ მშვიდობის უნივერსალური პრინციპების შესახებ ემსჯელა.

ზემოთ აღინიშნა, რომ XX საუკუნის დასაწყისში „ომის ფილოსოფია“ და „ომის სოციოლოგია“ ჩამოყალიბდა თვითმყოფადი სამეცნიერო დისციპლინების სახით - საკუთარი მეთოდებითა და კვლევის სფეროებით. ნიკო ნიკოლაძის „განიარაღება და მისი ეკონომიურ-სოციალური შედეგები“ და დიმიტრი უზნაძის „ომის ფილოსოფია“ სწორედ ამ კონტექსტი უნდა იქნეს წაკითხული. ამ ნარკვევებით საქართველოში დაფუძნდა მნიშვნელოვანი სამეცნიერო დარგები, რომელთა აქტუალობა დღეს კიდევ უფრო მეტადაა თვალსაჩინო, რადგან მათში გამოთქმულ თეზისებს დღესაც არ დაუკარგავს მნიშვნელობა. თუმცა, თანამედროვე ქართულ ფილოსოფიასა და სოციოლოგიაში პოლემოლოგიის კუთხით მხოლოდ მცირედი სამეცნიერო ლიტერატურა თუ არის შექმნილი. აღნიშნული მიმართულებით საგანგებოდ მუშაობს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტისა და ახალი საქართველოს უნივერსიტეტის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის თანამშრომლები. ამ ინსტიტუციათა აქტივობების შედეგად განხორციელდა არაერთი სამეცნიერო პროექტი, შედგენილი იქნა სპეციალური საგანმანათლებლო კურსები - „ომისა და მშვიდობის სოციოლოგია“ და „ომის ფილოსოფია“, რომლებიც აღნიშნულ უნივერსიტეტებში უკვე წლებია, რაც საუნივერსიტეტო დონეზე ინტენსიურად იკითხება. ეს არც არის გასაკვირი, რადგან ამ სფეროში შემავალი საკვლევი თემატიკა განსაკუთრებით აქტუალურია საქართველოსთვის: ჩვენი რეგიონი (კავკასია) ხომ ომებისა და ეთნოკონფლიქტების მიხედვით კვლავაც ერთ-ერთ ყველაზე „ცხელ რეგიონად“ რჩება.

3 -სპეციალური ლიტერატურა

• ნიკოლაძე, ნ.: განიარაღება და მისი შედეგები, წიგნში: ნ. ნიკოლაძე, რჩეული ნაწერები, ტ. 1: მოგონებანი. პუბლიცისტური წერილები: 1865-1868, ს. ხუნდაძის რედაქციით, წინასიტყვაობით და შენიშვნებით, ტფილისი: „ქართული წიგნი“, 1931 წ., გვ. 311-349.

• უზნაძე, დ.: ომის ფილოსოფია, წიგნში: დ. უზნაძე, ფილოსოფიური შრომები, რედაქტორები - თ. ბუაჩიძე, ე. კოდუა, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1984 წ., გვ. 270-297.

• Bouthoul, G.: Les guerres, éléments de polémologie, Paris: „Payot“, 1951.

• Steinmetz, S. R.: Die Philosophie des Krieges, Leipzig: „Barth“, 1907.

• Steinmetz, S. R.: Die Soziologie des Krieges, Leipzig: „Barth“, 1929.