მაკარი დიდი (მეგვიპტელი) ქრისტიანული სამყაროს გამორჩეული ფიგურა და ადრეული მონაზვნური ტრადიციის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია. მისი ცხოვრებიდან ცნობილია, რომ თავდაპირველად მას ოჯახი ჰყავდა, თუმცა, ადრეულ ასაკში დაქვრივებისა და მშობლების გარდაცვალების შემდეგ, მაკარიმ მონაზვნურ ცხოვრებას მიჰყო ხელი. ის ეგვიპტის უდაბნოებში მოღვაწეობდა, სადაც გაიცნო და დაემოწაფა ეკლესიის ისტორიის კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს წარმომადგენელს - ანტონი დიდს.
ჰელენოპოლისის ეპისკოპოსი პალადიუსი, ევაგრე პონტოელის მოწაფე და, ასევე, იოანე ოქროპირის მეგობარი, რომელმაც აღწერა მისი დროის მეუდაბნოეთა ღვაწლი, მოგვითხრობს მაკარი მეგვიპტელის შესახებაც. პალადიუსი თავად არ იცნობდა მაკარის, თუმცა, მის მოძღვარს, ევაგრეს მასთან უშუალო შეხება ჰქონდა. პალადიუსი მოგვითხრობს, რომ მაკარიმ, რომელმაც იცოცხლა 90 წელზე მეტი, ახალგაზრდობაშივე მოიპოვა არაერთი სულიერი ნიჭი, რის გამოც მას „მხცოვან ახალგაზრდას“ უწოდებდნენ. დაახლოებით ორმოცი წლის ასაკში მას შეეძლო ლოცვით სნეულთა კურნება და ბოროტი სულების განდევნა. პალადიუსი მაკარის მიერ აღსრულებულ არაერთ სასწაულზე მოგვითხრობს, ასევე, ხაზს უსვამს მის განსაკუთრებულ ასკეტურ მოღვაწეობას, რითაც მისი მადლმოსილების წარმოჩენას ახდენს. ამგვარი შეფასებების წყალობით მაკარი დიდმა განსაკუთრებული ადგილი დაიკავა ეკლესიის ისტორიაში და იქცა მონაზვნობის, როგორც ქრისტიანობის ეტალონის ერთ-ერთ სამაგალითო ნიმუშად.
მაკარი დიდი, თავისი ანტიარიანული შეხედულებების გამო, როგორც მონაზვნური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, მაკარი ალექსანდრიელთან ერთად, არიანული დევნების დროს გადასახლებულ იქნა ერთ-ერთ კუნძულზე, სადაც მათ არაქრისტიანი მოსახლეობა მოაქციეს. მოგვიანებით, ისინი დაბრუნდნენ ნიტრიის უდაბნოში.
აღსანიშნავია, რომ არც ევაგრე და არც პალადიუსი არ აღნიშნავენ მაკარი დიდის ლიტერატურულ საქმიანობას. თუმცა კი უხვადაა ტექსტები (ქადაგებები, სწავლებები), რომლებიც მაკარის მიეწერება და საუკუნეთა მანძილზე სხვადასხვა ენებზე ითარგმნა. გენადიუსი, რომელიც მაკარის შემდგომ, დაახლოებით ასი წლის შემდეგ მოღვაწეობდა, მიუთითებს მაკარის ერთ-ერთ ეპისტოლეზე, რომელიც ეძღვნებოდა ახალგაზრდა მონაზონს. აქ საუბარი იყო ამა სოფლის სიამეთა უარყოფასა და დაუცხრომელ ლოცვაზე, როგორც სიწმინდისაკენ მიმავალ გზაზე. მაკარის მიაწერენ მრავალ ათეულ ჰომილიას, რომლებზეც მხოლოდ შინაარსის მიხედვით შეგვიძლია ვივარაუდოთ მისი ავტორობის შესახებ. მაგალითად, ჰომილიების დაწერის თარიღი ხშირად ემთხვევა მაკარის მოღვაწეობის დროს, რამდენადაც მათში არსად იგრძნობა ნესტორიანული ერესის არსებობის კვალი. ასევე, აქ საუბარია IV საუკუნის ისტორიულ მოვლენებზე (მაგალითად, რომაელთა და სპარსელთა ბრძოლებზე - XV და XXVII ჰომილიები). ასევე, ამავე კონტექსტში გასათვალისწინებელია ჰომილიებში ასახული IV საუკუნის ეგვიპტისთვის დამახასიათებელი სოციალური ასპექტებიც. ამასთანავე, თანამედროვე კვლევების თანახმად, მიიჩნევა, რომ მაკარის ჰომილიების ნაწილი (50 ჰომილია) უნდა წარმოადგენდეს სწორედ მაკარის იმ ეპისტოლეს, რომელსაც ახსენებს გენადიუსი. ჰომილიების სხვა ჯგუფი კი უნდა წარმოადგენდეს მაკარის კიდევ ერთ „ეპისტოლეს“, რომელიც მან მისწერა სიმეონს, სირიელ ასკეტს. ამ „ეპისტოლეში“ შემავალი ჰომილიები მაკარის გარდაცვალების შემდგომ უნდა იყოს შედგენილი. რაც შეეხება ჰომილიების პირველ ჯგუფს (რომლებიც გენადიუსის მიერ ნახსენებ „ეპისტოლეში“ უნდა შედიოდნენ), სტილის და სხვა თავისებურებათა მსგავსების გამო, უფრო მეტადაა შესაძლებელი, რომ მათი ავტორი ნამდვილად მაკარი ყოფილიყო. დროთა განმავლობაში მაკარის ჰომილიებმა რიგი ცვლილებები განიცადეს. მაგალითად, შესაძლებელია, რომ კრებულს დამატებოდა გვიანდელი ჰომილიებიც, რომელთა ავტორი, მათ შორის, შესაძლოა იყოს სვიმეონ მეტაფრასტიც. ჰომილიები მოიცავს ასკეტურ სწავლებებს, რომლებიც, უმეტესწილად, აგებულია კითხვა-პასუხის ფორმით. მათში წარმოდგენილია საკითხები სხვადასხვა სულიერი ბრძოლისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ. მაკარი დიდის ასკეტური მოძღვრება ქრისტიანულ ასკეტურ ლიტერატურაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს.
მაკარი დიდის სახელთან დაკავშირებული თხზულებები ქართულად IX-XI საუკუნეებიდან გვაქვს. ისინი ქართულ ხელნაწერებში გაერთიანებულნი არიან კრებულის სახით. კრებული შედგება ორი ეპისტოლისა (ითარგმნა დაახლოებით IX საუკუნეში, პალესტინაში) და 26 თავისგან შემდგარი „სწავლანისგან“, რომელიც ექვთიმე მთაწმინდელმა თარგმნა (X-XI სს.). ეს თხზულებები წარმოდგენილია სამ ხელნაწერში: Ath. 21, Jer. 73 და ქუთ. 181. აღსანიშნავია, რომ სამივე ნუსხაში „სწავლანს“ თან ახლავს თხზულება, რომელიც თავისი აგებულებით განსხვავდება სხვებისგან; გ. ნინუას აზრით, სხვებისგან განსხვავებით კიდევ უფრო მეტად საეჭვოა ამ ტექსტის მაკარი დიდთან დაკავშირება. ხელნაწერში Ath. 21, რომელიც გადაწერა ვინმე ისააკმა (ამას მოწმობს ხელნაწერის ბოლოს დართული ანდერძი: „დაიწერა გლახაკისა ისაკის ჴელითა“), ეს თხზულება გაერთიანებულია მაკარის თხზულებებთან, რაც ბადებს გაურკვევლობას. სინამდვილეში კი ეს არის ტექსტი, რომელშიც საუბარია მაკარი ალექსანდრიელის გამოცხადებაზე (მისი შესატყვისი ტექსტი ბერძნულ ანონიმურ-აპოფთეგმატურ კრებულში შედის). მისი ავტორი უცნობია. გ. ნინუას აზრით, ამ ხელნაწერში 26 თავი არის ექვთიმე მთაწმინდელის თარგმნილი (მას არ უთარგმნია ორი ეპისტოლე და ანდერძის წინამდებარე თავი; ასევე, მაკარის გამოცხადების შესახებ ტექსტი). იგი ამ კუთხით აკრიტიკებს კ. კეკელიძეს, რომლის აზრითაც ექვთიმემ თარგმნა 30 თავი.
მაკარისთვის მიწერილ თხზულებათა ქართული თარგმანები უნდა განვიხილოთ ქართული ბერ-მონაზვნული ტრადიციის განუყოფელ ნაწილად. თავისი შინაარსიდან გამომდინარე, ეს ტექსტები გვევლინება ქრისტიანული მოძღვრების ქადაგებად გვიანანტიკურობაში ეგვიპტის მიდამოებში ჩამოყალიბებული ასკეტური ტრადიციის ჭრილში. ხსენებული ტრადიცია მართლმადიდებლური მონაზვნობის ქვაკუთხედს წარმოადგენს. შუა საუკუნეების მწერლობაში, სხვა მამებთან ერთად, ხშირად ხდებოდა მაკარის ნიმუშად მოყვანა მონაზვნური ღვაწლის აღწერისას (მაგალითად, „სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებაში“). XI საუკუნისთვის ქართულად უკვე თარგმნილი იყო მაკარის ბიოგრაფიული თხზულება, რომელიც წარმოადგენს შუა საუკუნეების ბიზანტიური ჰაგიოგრაფიის კლასიკურ ნიმუშს: მასში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სასწაულებს და, ზოგჯერ, მათთვის ცალკე თავიც კი არის გამოყოფილი. ამასთანავე, მაკარის თხზულებები მნიშვნელოვანია ფილოსოფიური თვალსაზრისით, რამდენადაც მათში გატარებულია პლატონური იდეა ადამიანის ღმერთისადმი მსგავსების შესახებ.
XX საუკუნეში მაკარი დიდი და მასთან დაკავშირებული თხზულებები არცთუ ისე ხშირად, მაგრამ მაინც იყო ქართული ფილოლოგიური მეცნიერების კვლევის საგანი. აღსანიშნავია მაკარი დიდისთვის მიწერილ თხზულებათა ქართულენოვანი თარგმანების გამოცემა: ფსევდომაკარის თხზულებათა ქართული თარგმანები, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთო გ. ნინუამ, თბილისი: „მეცნიერება“, 1982 წ. მოცემულ წიგნში შესულია ზემოაღნიშნული ეპისტოლეები და სწავლებები, რომლებიც ქართულად ითარგმნა შუა საუკუნეებში. აღსანიშნავია ისიც, რომ XXI საუკუნის ქართულ რელიგიურ პერიოდიკაში (მაგალითად, ჟურნალი „კარიბჭე“) საკმაო სიხშირით ქვეყნდება მაკარი დიდის ცალკეულ სწავლებათა ქართულენოვანი თარგმანები და კომენტარები.
• ირემაძე, თ.: ქრისტიანული ფილოსოფიის საწყისები საქართველოში, იხ.: „საპატრიარქოს უწყებანი“, N 37 (907) (თბილისი, 2018 წ.), გვ. 7-9.
• კეკელიძე, კ.: ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. I, თბილისი: „მეცნიერება“, 1980 წ.
• ნინუა, გ.: ფსევდომაკარის თხზულებათა ქართული თარგმანების კრებულის შედგენილობა, იხ.: მრავალთავი, ფილოლოგიურ-ისტორიული ძიებანი, X, თბილისი: „მეცნიერება“, 1983 წ., გვ. 129-137.
• ფსევდომაკარის თხზულებათა ქართული თარგმანები, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთო გ. ნინუამ, თბილისი: „მეცნიერება“, 1982 წ.
• Mason, A. J.: Fifty Spiritual Homilies of St. Macarius the Egyptian, New York: The Macmillan Company, 1921.