კირილე ალექსანდრიელი (376-444 წწ.) ქრისტიანული ღვთისმეტყველების ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია. მის კალამს ეკუთვნის არაერთი თეოლოგიური თხზულება, რომლებმაც გადამწყვეტი როლი შეასრულეს ქრისტიანული სწავლების, როგორც ეკლესიის დოქტრინის ჩამოყალიბებაში. კირილე იმ ეპოქის ღვთისმეტყველი იყო, როცა ეკლესიას აქტიურად უხდებოდა ბრძოლა სხვადასხვა ერეტიკულ მოძღვრებებთან. მისი შემოქმედება განმსაზღვრელი აღმოჩნდა ნესტორიანულ და მონოფიზიტურ სწავლებებთან დაპირისპირების საკითხში ეფესოსა (431 წ.) და ქალკედონის (451 წ.) მსოფლიო საეკლესიო კრებებზე. კონსტანტინოპოლის პატრიარქთან, ნესტორთან მისი დებატების საფუძველზე მოხდა ეკლესიის ქრისტოლოგიური სწავლების არაერთი ასპექტის ჩამოყალიბება თუ დაზუსტება. ამასთანავე, უნდა ითქვას, რომ კირილეს მონაწილეობა და გამარჯვება ამ დებატებში ისტორიულ საზრისსაც ატარებს, რამდენადაც აქ ალექსანდრიის საპატრიარქოს, გარკვეულწილად, წინ წამოწევა მოხდა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ფონზე.
კირილე ალექსანდრიელის შემოქმედება მრავალფეროვანი და მოცულობითია. მას ეკუთვნის სხვადასხვა ტიპის ტექსტები. აღსანიშნავია ძველი და ახალი აღთქმის ეგზეგეტიკური თხზულებები, რომლებიც საუკუნეთა მანძილზე არ კარგავს აქტუალობას. მაგალითად, ერთ-ერთ პირველ ეგზეგეტიკურ ნაშრომს წარმოადგენს „სულითა და ჭეშმარიტებით თაყვანისცემის შესახებ“, რომელიც მოსეს ხუთწიგნეულის სპეციფიკური ტიპის განმარტებას წარმოადგენს. კირილეს შედარებით გვიანდელი ეგზეგეტიკა კი წარმოდგენილია სხვადასხვა ტიპის საკითხების ჭრილში, როგორიცაა მაცხოვრის განკაცება, ღვთისა და მოყვასის სიყვარული, გამოხსნა და სხვ.
ცხადია, იმ ეპოქის საღვთისმეტყველო სპეციფიკის გათვალისწინებით, კირილეს ნაშრომებში მრავლად შევხვდებით ტრინიტარულ ღვთისმეტყველებასაც. აქ უნდა აღინიშნოს მისი სამი ნაშრომი: „თეზაურუსი“, „დიალოგები სამების შესახებ“ და „იოანეს სახარების განმარტება“. კირილესთან, განსაკუთრებით პირველ დასახელებულ შრომაში, იგრძნობა მისი მასწავლებლის, ათანასე ალექსანდრიელის ნააზრევის გავლენა. ტრინიტარულ დისკუსიებში კირილე გვთავაზობს ანტიარიანულ და ანტიევნომიანურ კონცეფციებს. რაც შეეხება „იოანეს სახარების განმარტებას“, აქ ერთმანეთთან შერწყმულია ქრისტიანული ღვთისმეტყველების ორი დარგი, ეგზეგეტიკა და დოგმატიკა, რაც კირილეს შემოქმედების სპეციფიკურ სტილზე მიუთითებს.
კირილეს შემოქმედებაში ცენტრალურ ადგილს იკავებს მისი ქრისტოლოგია. ის ეხება მაცხოვრის განკაცების, ადამიანის ბუნებისა და სხვა საკითხებს, რითაც წარმოაჩენს ძე ღვთისას განკაცების უმნიშვნელოვანეს ასპექტებს, რომლებიც ეკლესიამ საკუთარ სწავლებაში წარმოადგინა. როგორც ითქვა, ეფესოს და, მოგვიანებით, ქალკედონის კრებებზე სწორედ კირილეს ნააზრევმა ითამაშა გადამწყვეტი როლი ქრისტოლოგიურ დავებში. კირილე ცხადად და ნათლად ავითარებს აზრს მაცხოვრის განკაცების, მისი ბუნებებისა და სხვა მნიშვნელოვანი ქრისტოლოგიური საკითხების შესახებ და გვთავაზობს ქრისტეს განკაცების საფუძველზე ზოგადადამიანური პოტენციალის შესახებ სწავლებას. ამგვარად, შეიძლება ითქვას, რომ მისი ანთროპოლოგია გაჯერებულია და ეფუძნება ქრისტოლოგიურ სწავლებას.
გარდა ამისა, კირილეს ნაშრომებში შევხვდებით ქრისტიანული ღვთისმეტყველების არაერთ მნიშვნელოვან იდეას თუ დარგს: ესქატოლოგიურ სწავლებას, სწავლებას ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შესახებ და სხვ. საგანგებო ყურადღებას იმსახურებს მისი ჰომილეტიკური თხზულებებიც.
კირილე ალექსანდრიელის შემოქმედებას ვხვდებით ქართულ აზროვნებაშიც. უპირველესად, უნდა ითქვას, რომ მსოფლიო კრებების ეპოქის ეკლესიის სხვა ავტორიტეტებისგან (როგორებიცაა, მაგალითად, კაბადოკიელი მამები) განსხვავებით, მისი შემოქმედება ნაკლებად არის ინტეგრირებული ქართულ ქრისტიანულ ლიტერატურაში. კირილე ალექსანდრიელის შემოქმედება ქართულ აზროვნებაში არ არის ერთად წარმოდგენილი რაიმე კრებულის სახით (სხვა ქრისტიანი ავტორებისგან განსხვავებით), არამედ, მეტადრე, მიმოფანტულია თემატიკის მიხედვით. ჩვენამდე მოღწეულ პირველ თარგმანს წარმოადგენს X საუკუნის ფრაგმენტი დიოფიზიტური ფლორილეგიუმიდან (ქართ. „ყვავილთკრებული“/„გამოკრებანი“). აღსანიშნავია, რომ ის შუა საუკუნეების ქართული აზროვნების მნიშვნელოვან ძეგლში, არსენ იყალთოელის „დოგმატიკონშია“ შესული კირილე ალექსანდრიელის რამდენიმე თხზულებასთან ერთად. ამ თხზულებებს შორისაა ერთ-ერთი ფრაგმენტიც, რომლის ბერძნული დედანი დღესდღეობით უცნობია. ასევე, კირილეს სამი ეპისტოლის თარგმანი შესულია არსენის თარგმნილ „დიდ სჯულისკანონშიც“.
ქართულად თარგმნილია კირილე ალექსანდრიელის რამდენიმე ჰომილიაც, მაგალითად, მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, XI ჰომილია, რომელიც ქართულად ორჯერ - XI საუკუნეში ანონიმი მთარგმნელის, XII საუკუნეში კი თეოფილე ხუცესმონაზონის მიერ ითარგმნა (Ath. 7).
კირილე ალექსანდრიელის შრომათა თემატურ კრებულს წარმოადგენს ნუსხა H 307, რომელიც ანტონ პირველის ბრძანებით უნდა იყოს გადაწერილი XVIII საუკუნეში. კირილე ალექსანდრიელის მკვლევარი, თამარ ცოფურაშვილი მიიჩნევს, რომ მოცემული ტექსტების პირველსახე უნდა იყოს XI საუკუნეში გიორგი ათონელის მიერ ბერძნულიდან შესრულებული თარგმანი. აღსანიშნავია A 266 ხელნაწერში შესული კირილე ალექსანდრიელის ჰომილიების, ეპისტოლეების, აპოლოგიების და სხვ. თარგმანები, რომლებიც შესრულებული უნდა იყოს XVIII საუკუნეში ანტონ პირველის მიერ. ეს თარგმანი საინტერესოა იმდენად, რამდენადაც წარმოადგენს ეფესოს მსოფლიო კრების აქტების ქართულად თარგმნის პირველ მცდელობას. თ. ცოფურაშვილის აზრით, მიუხედავად გავრცელებული და არცთუ უსაფუძვლო აზრისა იმის შესახებ, რომ აქ პირველწყაროს სომხური თარგმანები წარმოადგენს, ეს თარგმანები რომელიმე გვიანდელი რუსული თარგმანიდან უნდა იყოს შესრულებული. ანტონის კალამსვე ეკუთვნის კირილე ალექსანდრიელის ანტიარიანული თხზულების „საუნჯე“ ქართული თარგმანიც, რომელიც, ასევე, რუსულიდან უნდა იყოს შესრულებული.
ქართულ ენაზე შემორჩენილია კირილე ალექსანდრიელის სახელთან დაკავშირებული ფსევდოთხზულებები, მაგალითად, ე.წ. კირილე ალექსანდრიელის ლექსიკონი.
გარდა საკუთრივ კირილე ალექსანდრიელის შემოქმედებისა, ქართულ აზროვნებაში საყურადღებოა მისი ცხოვრების აღწერილობანიც, რომლებიც სხვადასხვა ხელნაწერებშია შემონახული. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია გიორგი ათონელის „დიდ სვინაქსარში“ (Ath. 30, Sin. 4 და სხვ.) დაცული ცნობები კირილეს შესახებ. აქ ალექსანდრიელი მოღვაწის ღრმა ინტელექტუალიზმსა და სულიერ სათნოებებს ესმება ხაზი.
კირილე ალექსანდრიელის ნააზრევის ადგილსა და როლს ქართულ აზროვნებაში საგანგებოდ იკვლევდნენ: კ. კეკელიძე, ი. ლოლაშვილი, მ. შანიძე და სხვ. რაც შეეხება თანამედროვე ქართულ ფილოლოგიაში კირილე ალექსანდრიელის კვლევას, აქ, უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს თამარ ცოფურაშვილის ფუნდამენტური ნაშრომი „წმ. კირილე ალექსანდრიელი ძველ ქართულ მწერლობაში“ (2006 წ.). ქართულ აზროვნებაში კირილეს შემოქმედების ადგილის განსაზღვრისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სწორედ ეს ნაშრომია, რადგან მასში დაწვრილებითაა განხილული ალექსანდრიელი მოღვაწის შემოქმედების ბედი საქართველოში. ასევე აღსანიშნავია ე. ჭელიძის, ე. კოჭლამაზაშვილის, ს. მახარაშვილის, ვ. ჯუღელის და სხვ. კვლევანი. უკანასკნელ ათწლეულებში ქართულად ითარგმნა და გამოიცა კირილე ალექსანდრიელის სხვადასხვა ნაშრომი და/ან მათი ფრაგმენტები, მაგალითად, ედიშერ ჭელიძის მიერ ითარგმნა კირილე ალექსანდრიელის განმარტებები იოანეს სახარებაზე.
• კეკელიძე, კ.: ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. I, თბილისი: „მეცნიერება“, 1980 წ.
• კირილე ალექსანდრიელი: იოანეს სახარების განმარტება, ბერძნულიდან თარგმნა და სქოლიოები დაურთო ე. ჭელიძემ, თბილისი: „საეკლესიო სიწმინდენი“, 2003 წ.
• ცოფურაშვილი, თ.: კირილე ალექსანდრიელი ძველ ქართულ მწერლობაში, დისერტაცია ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად, თბილისი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2006 წ.
• ცოფურაშვილი, თ.: წმ. კირილე ალექსანდრიელი ძველ ქართულ მწერლობაში, თბილისი: „ალილო“, 2009 წ.
• The Theology of St. Cyril of Alexandria, a critical appreciation, ed. by T. G. Weinandy and D. A. Keating, New York: T & T Clark, 2003.