ილარიონ ქართველი (822-875 წწ.) ქართული მონაზვნური ტრადიციის თვალსაჩინო წარმომადგენელია. მისი ბიოგრაფია ცნობილია მისი ცხოვრების აღწერიდან, რომელიც, ერთ-ერთი ვერსიით, პირველად შეადგინა მისმა მოწაფე ბასილიმ, მოგვიანებით კი ქართულად თარგმნა თეოფილე ხუცესმონაზონმა. ილარიონი ჯერ კიდევ მცირე ასაკში ეზიარა საღვთისმეტყველო განათლებას და გარეჯის მონასტერში დამკვიდრდა. 15 წლის ასაკში იგი კიდევ უფრო განერიდა წუთისოფელს და ერთ-ერთ გამოქვაბულში დამკვიდრდა, სადაც საძმო შემოიკრიბა; სათნოებებით განთქმულ ილარიონს მღვდლად დაასხეს ხელი, თუმცა, მალე, გაურბის რა დიდებასა და სახელის მოხვეჭას, ის ტოვებს საქართველოს და იერუსალიმში მოსალოცად მიემგზავრება. წმინდა ადგილების მოლოცვის შემდგომ ის მონასტრებში, განსაკუთრებით კი, წმ. საბას ლავრაში მოღვაწეობს შვიდი წლის მანძილზე, სადაც სახელს გაითქვამს როგორც დიდი მოღვაწე. ამის შემდეგ ის სამშობლოში ბრუნდება, თუმცა, გარკვეული დროის შემდგომ, არიდებს რა თავს ეპისკოპოსობის პატივს, კვლავ საზღვარგარეთ, ამჯერად, კონსტანტინოპოლში მიემგზავრება. ის კონსტანტინოპოლის მახლობლად, ულუმბოს მთაზე ხუთი წლის მანძილზე მოსაგრეობს, შემდგომ კი რომში მიემგზავრება, სადაც ორ წელს დაჰყოფს. იგი თავისი მოღვაწეობის ადგილებზე აღსარულებს სასწაულებს, კურნებებს, რის გამოც მორწმუნეთა განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობს. მოგვიანებით ის თესალონიკში გადაინაცვლებს, სადაც წმინდა ცხოვრებისა და სასწაულების გამო დიდი სიყვარულით სარგებლობს. იგი თესალონიკში აღესრულა და, როგორც მისი ცხოვრების აღმწერელი მოგვითხრობს, გარდაცვალების შემდგომაც არაერთ კურნებას აღასრულებდა. მისი ნაწილები შემდგომ გადასვენებულ იქნა კონსტანტინოპოლში, როგორც განსაკუთრებული სიწმინდე.
ილარიონ ქართველი ერთ-ერთი პირველი სასულიერო პირი იყო, რომელმაც საქართველოს ფარგლებს გარეთ დაიწყო მოღვაწეობა, დააარსა სამონასტრო კერები და ამით, მათ შორის, ქართული კულტურის პოპულარიზაციას შეუწყო ხელი. მის ცხოვრებას უკავშირდება კონსტანტინოპოლის მახლობლად, ულუმბოს მთისა და „რომანას“ ქართული მონასტრების (სწორედ ულუმბოს მთის მონასტერში გადადგა პირველი ნაბიჯები ლიტერატურულ საქმიანობაში ექვთიმე ათონელმა) დაარსება. ამგვარად, ილარიონ ქართველი გვევლინება უცხოეთში ქართული სამონასტრო მოძრაობის ერთ-ერთ ფუძემდებლად.
ქართულ სააზროვნო ტრადიციაში ილარიონ ქართველის შესახებ ორი მიმართულებით შეგვიძლია ვისაუბროთ. პირველი მისი ცხოვრების აღწერილობას და მის გავლენას ეხება, მეორე კი თავად ილარიონის საგანმანათლებლო საქმიანობას. მისი ცხოვრების აღწერილობა ჩვენთვის ცნობილია „ილარიონის ქართველის ცხოვრების“ ათონური, მეტაფრასული და სვინაქსარული რედაქციების რამდენიმე ვერსიის სახით. მკვლევართა უმეტესობა მიიჩნევს, რომ მისი ცხოვრება აღწერა ბასილი პროტოასიკრიტმა და ფილოსოფოსმა, რომელიც ნახსენებია თავად თხზულებაში. ერთ-ერთ მინაწერში, ასევე, ფიგურირებს ვინმე მამა გრიგოლი, რომელმაც ბასილს თხზულების დასაწერად ეტრატი უბოძა და ამით თავისი წვლილი შეიტანა ქართველი წმ. მამის ბიოგრაფიის ხელმისაწვდომობაში; ქართულად კი ის ითარგმნა თეოფილე ხუცესმონაზონის მიერ. კ. კეკელიძე მიიჩნევს, რომ ბასილ მონაზონს მხოლოდ ენკომია უნდა დაეწერა, რომელსაც ჩვენამდე არ მოუღწევია. ეს ენკომია საუძვლად დაედო ქართულ „ცხოვრებას“, რომლის სამ რედაქციასაც ვიცნობთ. პირველი მათგანი, სავარაუდოდ, ექვთიმე ათონელის მიერ უნდა იყოს დაწერილი. ის ნახევრად ორიგინალური, ნახევრად კი თარგმნილი თხზულებაა და მას ვრცელი, ათონური რედაქციის სახელით ვიცნობთ. მისი ერთი ხელნაწერი არსებობს - ათონური ხელნაწერი A-558. მეტაფრასული რედაქცია, რომელიც ათონურის გადაკეთებას წარმოადგენს, თეოფილე ხუცესმონაზონის კალამს ეკუთვნის. სვინაქსარული რედაქცია კი, რომელიც წინა ორის სინთეზს წარმოადგენს და შეტანილია გიორგი მთაწმინდელის „დიდ სვინაქსარში“, უცნობ ავტორს ეკუთვნის (ამ საკითხებს მ. დოლაქიძემ საგანგებო კვლევა მიუძღვნა - „ილარიონ ქართველის ცხოვრების ძველი რედაქციები“). თხზულება ა. მურავიოვის მიერ რუსულად ითარგმნა 1860 წელს. ხსენებული თარგმანი მეტაფრასული რედაქციის გადაკეთებულ ვერსიას წარმოადგენს. ასევე, გამოცემულია ათონური რედაქციის ლათინური თარგმანიც, რომელიც გამოსცა პ. პეეტერსმა. ის მიიჩნევს, რომ ვრცელი ათონური რედაქცია უნდა იყოს რომანას მონასტრის რომელიმე მკვიდრის მიერ მომზადებული.
ნაშრომში მოთხრობილია ილარიონ ქართველის ცხოვრება - სიყრმიდან ვიდრე გარდაცვალებამდე; ასევე, აქ დაწვრილებით არის საუბარი გარდაცვალების შემდგომ სასწაულებზე, რაც წმინდანის დიდებულებას უსვამს ხაზს; საგანგებოდაა მოთხრობილი ილარიონის ნაწილების კონსტანტინოპოლში გადმოსვენების ისტორია, რომელიც იმპერატორ ბასილიზეც გვაწვდის საყურადღებო ცნობებს და ბიზანტიურ კონტექსტში პოლიტიკური თეოლოგიის ჭრილში საინტერესო მსჯელობებს გვთავაზობს. ქართული პოლიტიკური თეოლოგიის მხრივ კი აქ საყურადღებოა საქართველოს ღვთისმშობლის წილხვედრობის საკითხის ერთ-ერთი პირველი ხაზგასმაც ქართულ აზროვნებაში.
„ილარიონ ქართველის ცხოვრება“ ქრისტიანის ცხოვრებისა და მოღვაწეობის თხრობის კლასიკური ნიმუშია. სხვადასხვა პერიოდის ქართულ ჰაგიოგრაფიულ თხზულებებში თავს იჩენს ერთი თავისებურება: ქრისტიანის ღვაწლის აღწერისთვის გამოიყენება შედარებები მაცხოვრის ცხოვრებასთან, სახარებებში აღწერილ ცალკეულ სიუჟეტებთან. „ილარიონ ქართველის ცხოვრებაც“ ამის ნათელი მაგალითია. მის მიერ აღსრულებული კურნებები, ირიბად, შედარებულია მაცხოვრის მიერ აღსრულებულ კურნებებთან, რაც იკვეთება არა მხოლოდ შინაარსობრივ, არამედ ლექსიკურ ასპექტებშიც. მაგალითად, ეს ჩანს ცამეტი წლის სნეულის განკურნების ეპიზოდში, სადაც განკურნებული უამბობს თავისი კურნების შესახებ სხვა ადამიანებს. განსაკუთრებით ცხადად იკვეთება ზემოთქული ილარიონის მიერ ყრმის განკურნების ეპიზოდში, სადაც ილარიონი ეუბნება ყრმას: „... შენ გეტყვი ყრმაო, აღდეგ ცოცხლებით“ (შდრ. ლკ. 8:54). თუმცა, მიუხედავად მაცხოვრის მიერ აღვლენილ სასწაულებთან ასეთი მსგავსებისა, „ცხოვრების“ ავტორი ილარიონის ქმედებებს პირდაპირ მხოლოდ პეტრეს და იოანეს მიერ აღსრულებულ კურნებებს ადარებს.
ნაშრომში, სხვა ღირსებებთან ერთად, ილარიონ ქართველი წარმოდგენილია იმ საგანმანათლებლო ტრადიციის წარმომადგენლად, რომელიც შუა საუკუნეებში მონასტრულ ცხოვრებას აქტიურად უკავშირებდა ინტელექტუალურ საქმიანობასაც - ილარიონმა მის მიერ დაარსებულ მონასტერში „მოიგნა წმიდანი წიგნნი და დასხნა მას შინა“. ამას საგანგებო ყურადღებას აქცევს ლ. მენაბდე, რომელიც - თავის მონოგრაფიაში „ძველი ქართული მწერლობის კერები“ - ძველ ქართულ ინტელექტუალურ კერებსა და წიგნთსაცავებზე საუბრისას ილარიონ ქართველს გრიგოლ ხანძთელის გვერდით ახსენებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ილარიონ ქართველის მიერ ბიზანტიის იმპერიაში დაარსებული ულუმბოს და რომანას მონასტრები ადრევე იქცნენ მწიგნობრულ-საგანმანათლებლო კერებად. თუმცა, ლევან მენაბდე ეწინააღმდეგება ანტონ ბაგრატიონის, იოანე ბაგრატიონის, პ. იოსელიანის და სხვათა მოსაზრებებს იმის შესახებ, რომ ილარიონ ქართველი თავად ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობას.
ილარიონ ქართველისადმი მიძღვნილი საგალობლების (ექვთიმე და იოანე ათონელების საგალობლებთან ერთად) ნუსხა შეადგინა დომენტი კათალიკოსმა, ვახტანგ VI-ის ძმამ, კუნძულ ტენედოსზე ექსორიობაში (1734-1736 წწ.). ილარიონ ქართველის საგალობლებს, წმ. ნინოს, აბო თბილელის, ექვთიმე ათონელისა და სხვათა საგალობლებთან ერთად, ვხვდებით სინას მონასტრის ერთ-ერთ კრებულში (Sin. N 69), რომელიც, როგორც ანდერძიდან ჩანს, გაუმზადებია იოსებ ხუცეს-მონაზონს.
ილარიონ ქართველის მოღვაწეობამ ფართო გამოხმაურება პოვა ახალი დროის ქართულ აზროვნებაში - მის ღვაწლს საგანგებოდ ეხება ანტონ ბაგრატიონი თავის „წყობილსიტყვაობაში“. ანტონი ხაზს უსვამს მის საგანმანათლებლო მოღვაწეობას, რაც ქრისტიანული ტექსტების თარგმანებასა და ქრისტიანული ღვთისმეტყველების გადმოცემაში აისახა.
„ილარიონ ქართველის ცხოვრებით“ სხვადასხვა დროს დაინტერესებული იყო არაერთი ქართველი და უცხოელი მკვლევარი: მ. საბინინი, მ. ბროსე, ნ. მარი, გ. ფერაძე და სხვ.
• დოლაქიძე, მ.: ილარიონ ქართველის ცხოვრების ძველი რედაქციები, თბილისი: „მეცნიერება“, 1974 წ.
• კეკელიძე, კ.: ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. I, თბილისი: „მეცნიერება“, 1980 წ.
• მენაბდე, ლ.: ძველი ქართული მწერლობის კერები, ტ. I, ნაკვეთი პირველი, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1962 წ.
• მენაბდე, ლ.: ძველი ქართული მწერლობის კერები, ტ. I, ნაკვეთი მეორე, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1962 წ.
• მენაბდე, ლ.: ძველი ქართული მწერლობის კერები, ტ. II, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1980 წ.
• საბინინი, მ.: საქართველოს სამოთხე. სრული აღწერაჲ ღუაწლთა და ვნებათა საქართუჱლოს წმიდათა, პეტერბურღი: „პეტერბურგის სასულიერო აკადემია“, 1882 წ.
• სულავა, ნ.: წმ. ილარიონ ქართველი ძველ ქართულ მწერლობაში, იხ.: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის შრომები, XI, თბილისი, 2016 წ., გვ. 45-76.
• ცხორებაჲ და მოქალაქობაჲ წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა ილარიონ ქართველისაჲ, იხ.: ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, ტ. II, ი. აბულაძის რედაქციით, თბილისი: „მეცნიერება“, 1967 წ., გვ. 9-37.
• წყობილ-სიტყუაობა, ქმნილი ანტონისაგან პირუჱლისა, კათოლიკოს-პატრიარხისა ყოვლისა საქართუჱლოჲსა, თფილისი: „კავკასიის ნამესტნიკის კანცელარიის სტამბა“, 1853 წ.
• ხუროშვილი, გ.: პოლიტიკური თეოლოგია შუა საუკუნეების საქართველოში, თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2022 წ.