თეოფილე ხუცესმონაზონი (XI ს.) შუა საუკუნეების ქართული აზროვნების მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. მას ეკუთვნის არაერთი მნიშვნელოვანი თეოლოგიური ტექსტის ქართული თარგმანი. სამწუხაროდ, მის შესახებ ბიოგრაფიული ცნობები ძალზედ მწირია. ძირითადად, ეს ცნობები დაცულია მის ავტოგრაფულ ხელნაწერებში (Ath. 20, 29, 36-37; A 1105). ის უნდა ყოფილიყო არსენ იყალთოელის, ეფრემ მცირის და იოანე ტარიჭისძის თანამედროვე. კ. კეკელიძე იმოწმებს A ფონდის ერთ-ერთ ხელნაწერს (A 131, გვ. 247) და მარიამ დედოფლისეული „ქართლის ცხოვრების“ არშიაზე გაკეთებულ წარწერას, რომლებიც მოგვითხრობენ ამ მოღვაწეებთან ერთად თეოფილეს შემოსვლაზე საქართველოში. კეკელიძე ეწინააღმდეგება პ. იოსელიანის, მ. საბინინის და სხვათა მოსაზრებებს, რომელთა თანახმადაც თეოფილეს მიაწერენ „ილარიონ ქართველის ცხოვრების“, პეტრესა და იაკობის ლიტურგიების ქართულ თარგმანებს. კეკელიძის აზრით, იგი გიორგი მთაწმინდელის მოწაფე უნდა ყოფილიყო, რასაც ერთ-ერთ ტექსტზე გაკეთებული მინაწერი მოწმობს (A 1205, ფ 333 b). მისი ცხოვრების რეკონსტრუირებას ბიოგრაფიული მინაწერების საფუძველზე გვთავაზობს ს. მახარაშვილი, რომლის აზრითაც თეოფილე XI საუკუნის 30-იან წლებში გიორგი მთაწმინდელის მოწაფე უნდა ყოფილიყო ხახულში; შესაძლოა, გიორგი მთაწმინდელმა ის მიაბარა კონსტანტინოპოლში განსასწავლად, შემდეგ კი მასვე გაჰყვა თეოფილე იერუსალიმსა და ანტიოქიაში, სადაც ჯვრის მონასტერსა და შავ მთასთან უნდა ჰქონოდა შეხება. თუმცა, მახარაშვილი, ე. მეტრეველის შეხედულებათა გათვალისწინებით, შავ მთაზე და ჯვრის მონასტერში მოღვაწეობის ფაქტებს საეჭვოდ მიიჩნევს. დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ თეოფილე, საქართველოს შემდგომ, კონსტანტინოპოლის ახლოს, ტრიანდაფლივის მონასტერში მოღვაწეობდა. თეოფილეს ლიტერატურული საქმიანობის შესახებ ვხვდებით ცნობებს სვიმეონ მეტაფრასტის „ცხოვრებანის“ ქართულ თარგმანებში (Ath. 20). ვრცელ შესავალს, რომელიც ქართული ჰაგიოგრაფიის შესახებ მნიშვნელოვან ცნობებს გვაწვდის, თან ერთვის ანდერძი, რომლის შემდგენელიც გახლდათ თეოფილე ხუცესმონაზონი. ანდერძიდან ირკვევა, რომ XI საუკუნის 80-იანი წლების დამდეგს ტრიანდაფლივის მონასტერში არაერთი ქართველი ეწეოდა ლიტერატურულ საქმიანობას. მაგალითად, თეოფილე ახსენებს მღვდელ საბას, რომელმაც დახმარება გაუწია თარგმანების მომზადებისას. მოგვიანებით, ე. მეტრეველის აზრით, ის, ასევე, მოღვაწეობდა ელადის თემის ერთ-ერთ ქართულ სამონასტრო დასახლებაში (ამას უარყოფს ს. მახარაშვილი). საბოლოოდ კი თეოფილე ათონის ივერთა მონასტერში დამკვიდრდა.
თეოფილე ხუცესმონაზვნის ლიტერატურული საქმიანობა ქრისტიანული ღვთისმეტყველების რამდენიმე მიმართულებას ეხება: მას აქვს თარგმანები და მეტაფრასული რედაქციები ჰაგიოგრაფიაში, ჰომილეტიკაში, დოგმატიკაში, ასკეტიკაში და სხვ. ჰაგიოგრაფიული ნაშრომებიდან მნიშვნელოვანია ზემოაღნიშნული სვიმეონ მეტაფრასტის წმინდათა ცხოვრების თარგმანები. თეოფილეს მიერ თარგმნილი სხვადასხვა თვის მეტაფრასი შეიცავს შემდეგ ტექსტებს: „ცხორებაი და მოქალაქობაჲ სჳმეონ მანდრელისაჲ“; „წამებაჲ და ღუაწლი წმიდისა მამაჲსი“; „ღუაწლი წმიდისა სოზონისი“; „თქუმული იოვანე დამასკელისაჲ, საკითხავი შობისათჳს ღმრთისმშობელისა მარიამისა“; „თქუმული წმიდისა ბასილისი, ამაღლებისათჳს ჯუარისა, თარგმანებული ეფთჳმესი“; „ცხორებაჲ და მოქალაქობაჲ წმიდისა იოანე ოქროპირისა, კონსტანტინეპოვლელ მთავარეპისკოპოსისაჲ“; „წმიდისა მამისა ჩუენისა ამბროსისთჳს, მედიოლანელ ეპისკოპოსისა“ და სხვ. კ. კეკელიძის აზრით, თეოფილეს უნდა შეედგინა „ილარიონ ქართველის ცხოვრების“ მეტაფრასული რედაქცია, რომელიც ეფუძნებოდა ექვთიმე ათონელის მიერ შედგენილ „ცხოვრებას“.
რაც შეეხება ჰომილეტიკურ ნაშრომებს, თეოფილემ ამ დარგში თარგმნა ეპიფანე კვიპრელის „საკითხავი მუცლადღებისათჳს ანნაჲსა, რაჟამს ეხარა შობაჲ წმიდისა ღმრთისმშობელისა“, ანასტასი სინელის „შემოსვლისათჳს მარხვათასა და მეექუსისათვს ფსალმუნისა“, კირილე ალექსანდრიელის „საკითხავი. თქუმული ყოვლად წმიდისა ღმრთისმშობელისათჳს და წმიდათა მამათათჳს ეფესოჲს კრებისა, რომელი შეკრბეს დამჴობისათჳს უშჯულოჲსა ნისტორისა“, ასევე, იოანე ოქროპირის საკითხავები.
დოგმატიკის დარგში თეოფილემ თარგმნა თეოდორიტე კვირელის „აღსარებაჲ მართლისა და უბიწოჲსა ქრისტეანეთა სარწმუნოებისაჲ“, რომლის ბერძნული დედანიც დღესდღეობით უცნობია; ასევე, ეპიფანე კვიპრელის „პასუხი ეპისტოლისაჲ, რომელი მიუწერეს მღუდელთავე მისთა აკაკიოს და პავლე თავთაონებისათჳს ოთხმოცთა მათ წვალებათაჲსა“. ეს ორი თარგმანი, როგორც ჩანს, თეოფილემ ერთი მიზანდასახულობით და ერთდროულად შეასრულა - ეს იყო ქართულ ტრადიციაში იოანე დამასკელის „წყარო ცოდნისა“-ს მსგავსი თხზულების შემოტანის მცდელობა.
ასკეტიკის დარგში თეოფილემ თარგმნა „წიგნი ცხორებისათჳს და მოქალაქობათა წმიდათა და ნეტართა მამათა ჩუენთა“, რომლის პირველი თარგმანიც ექვთიმე ათონელს ეკუთვნის. ექვთიმეს რედაქციისგან განსხვავებით, თეოფილეს რედაქცია მეტად ვრცელია. ის მოთავსებულია ხელნაწერში A 1105. აქ ნახსენებია, რომ თეოფილეს თარგმნაში ეხმარებოდა და ტექსტი გადაწერა ბერმა კლიმმა, რომელიც თეოფილეს მოძღვარი უნდა ყოფილიყო (Ath. 29). თეოფილემ, ასევე, ექვთიმეს თარგმანებზე დაყრდნობით შეადგინა იოანე ოქროპირის „სწავლათა“ მეტად ორიგინალური კრებული. ეგზეგეტიკის დარგში მან თარგმნა „თარგმანებაჲ დაბადებისაჲ იოანე ოქროპირისა“ (Ath. 81, 29). ეგზეგეტიკის დარგს ეკუთვნის, ასევე, მის მიერ თარგმნილი იოანე დამასკელის, კირილე ალექსანდრიელის, ანასტასი სინელის სადღესასწაულო ჰომილიები.
თეოფილეს ნაშრომებზე გაკეთებული ანდერძი-მინაწერებიდან შეგვიძლია დავასკვნათ მისი ორიგინალური აზროვნების ცალკეულ ასპექტებზე, მაგალითად, მის ერთგვარ პოეტურ ნიჭზე, წყობილი სიტყვისადმი დამოკიდებულებაზე. მის ანდერძებში ვხვდებით ბიბლიური ციტატების ლირიკული ფორმით, ორიგინალური წყობით გადმოცემის მცდელობებს. მაგალითად, სექტემბრის თვის მეტაფრასის (Ath. 20) ანდერძში ვხვდებით ფსალმუნთა პოეტურ ინტერპრეტაციას, სადაც ქრისტიანობაში ფართოდ გამოყენებული ძველაღთქმისეული ვედრების პასაჟები ახლებური წყობით ნათლად გამოხატავს ავტორის ღრმა ქრისტიანულ სულისკვეთებას.
თეოფილეს მოღვაწეობამ ქართულ აზროვნებაში ღრმა კვალი დატოვა. აქ, უდავოდ, მნიშვნელოვანია ახალი დროის ქართულ ფილოსოფიაში, ანტონ კათალიკოსისა და იოანე ბატონიშვილის ენციკლოპედიური ჟანრის თხზულებებში მისი აღნიშვნა ქართველ მოაზროვნეთა შორის. მაგალითად, ანტონი მის ღვაწლს საგანგებოდ აღნიშნავს და მიუთითებს, რომ თეოფილემ ქართველებს „სიმდიდრე წარუპარუჱლ“ უბოძა. ის თეოფილე ხუცესმონაზონს აიგივებს ტარსის ეპისკოპოს თეოფილესთან და, ასევე, მიიჩნევს, რომ მან ქართულად თარგმნა პეტრე და იაკობ მოციქულების ლიტურგიები და „ილარიონ ქართველის ცხოვრება“. ანტონი ხაზს უსვამს იმასაც, რომ თეოფილე არსენის, ეფრემისა და იოანე პეტრიწის თანამედროვე უნდა ყოფილიყო და არაფრით ჩამოუვარდებოდა მათ: იგი მათი „თანა-რიცხჳს ღირსი“ იყო. აქვე დავსძენთ, რომ ანტონ ბაგრატიონის შეხედულებები ბიოგრაფიასა და თარგმანებთან დაკავშირებით მომდევნო ეპოქების მეცნიერთა მიერ ნაწილობრივ უკუგდებულია.
თეოფილე ხუცესმონაზვნის მოღვაწეობას აქტიური კვლევის საგანია XXI საუკუნის ქართულ ჰუმანიტარულ მეცნიერებებში. საგულისხმოა ს. მახარაშვილის მიერ 2002 წელს გამოცემული მონოგრაფია „თეოფილე ხუცესმონაზონი (შემოქმედებითი პორტრეტი)“. ასევე, თეოფილეს თარგმანთა შემდეგი გამოცემა: „თეოფილე ხუცესმონაზონი. მამათა სწავლანი და თხრობანი“.
• თეოფილე ხუცესმონაზონი. მამათა სწავლანი და თხრობანი, შუა საუკუნეთა ნოველების ძველი ქართული თარგმანები, ტ. III, რედ.: მ. დოლაქიძე, გამომც.: მ. დვალი, დ. ჩიტუნაშვილი, თბილისი: „ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი“, 2014 წ.
• კეკელიძე, კ.: ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. I, თბილისი: „მეცნიერება“, 1980 წ.
• მახარაშვილი, ს.: თეოფილე ხუცესმონაზონი (შემოქმედებითი პორტრეტი), თბილისი: „მეცნიერება“, 2002 წ.
• მენაბდე, ლ.: ძველი ქართული მწერლობის კერები, ტ. I, ნაკვეთი პირველი, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1962 წ.
• მენაბდე, ლ.: ძველი ქართული მწერლობის კერები, ტ. I, ნაკვეთი მეორე, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1962 წ.
• მენაბდე, ლ.: ძველი ქართული მწერლობის კერები, ტ. II, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1980 წ.
• წყობილ-სიტყუაობა, ქმნილი ანტონისაგან პირუჱლისა, კათოლიკოს-პატრიარხისა ყოვლისა საქართუჱლოჲსა, თფილისი: „კავკასიის ნამესტნიკის კანცელარიის სტამბა“, 1853 წ.