მაკარი მესხი შუა საუკუნეების ქართული ქრისტიანული აზროვნების წარმომადგენელია. მის შესახებ ბიოგრაფიული ცნობები თითქმის არ მოგვეპოვება, თუმცა, ცალკეული დასკვნების გაკეთება ამ საკითხთან დაკავშირებით მისი ლიტერატურული მოღვაწეობის განხილვის საფუძველზე შეგვიძლია. მის მიერ ქართულად ითარგმნა ცნობილი ქართველი საეკლესიო მოღვაწის, პეტრე იბერის (V ს.) ცხოვრება - „ცხორება და მოქალაქობა წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა პეტრე ქართველისა, რომელი იყო ძე ქართველთა მეფისა“. ეს თარგმანი შესრულებული უნდა იყოს XIII-XV საუკუნეებში. როგორც თავად ტექსტი გვაუწყებს, პეტრე იბერის ცხოვრება ასურულ ენაზე აღუწერია მის მოწაფე ზაქარიას, რომლის თარგმანიც განახორციელა ვინმე „მაკარ ხუცესმან მესხმან“. ამასთან, მაკარის შრომა პირვანდელი სახით არ არის შემონახული. ის, მოგვიანებით, არსებული ხელნაწერის გარკვეულ ნაკლოვანებათა გამო, გადაწერა ვინმე პავლე დეკანოზმა, რომელმაც ტექსტს დაურთო ბოლოსიტყვაობა. არსებობს პავლეს ვერსიის სვინაქსარული რედაქციაც, რომელიც ანონიმ ავტორს ეკუთვნის; ის ვახტანგ VI-მ შეიტანა „ქართლის ცხოვრებაში“. კ. კეკელიძე, რომელიც ნაშრომში ნახსენები პირებისა და მათი ნაშრომების, ასევე, სხვადასხვა ტექსტებთან (მაგალითად, „რუის-ურბნისის ძეგლისწერასთან“) მსგავსებას მიმოიხილავს, მიიჩნევს, რომ ნაშრომი, გარდა თარგმანისა, წარმოადგენს ორიგინალის გადაკეთებულ ვერსიას. მისი აზრით, ცალკეული ტერმინოლოგიური მსგავსების საფუძველზე, ნაშრომი შესრულებული უნდა იყოს რუის-ურბნისის კრების (1103 წ.) შემდგომ. ნ. მარი კი მიიჩნევს, რომ ნაშრომი შესრულებული უნდა იყოს XIII-XIV საუკუნეებში; რაც შეეხება პავლე დეკანოზს, რომელმაც მოახდინა ტექსტის შემდგომი გადაწერა-რედაქტირება, კ. კეკელიძის აზრით, ის უნდა ყოფილიყო არაუგვიანეს XV საუკუნის მოღვაწე.
პეტრე იბერის ბიოგრაფიის ქართული ვერსია, რომელიც მაკარი მესხის კალამს ეკუთვნის, საყურადღებო ცნობებს გვაწვდის შუა საუკუნეების ქართული აზროვნების შესახებ: აქ მოცემულია არაერთი მნიშვნელოვანი ისტორიული ცნობა ქართული ეკლესიის შესახებ; საუბარია ქართულ და სპარსულ ქრისტიანულ ეკლესიათა კავშირის შესახებ ადრეულ საუკუნეებში; წარმოდგენილია მეფე ვარაზ-ბაკურის დახასიათება და ხაზგასმულია ამ პერიოდში ქართულ ენაზე წმ. წერილის არსებობა; ნახსენებია იერუსალიმსა და იორდანიის უდაბნოში ქართული სასულიერო კერების არსებობა V საუკუნეში. ზემოთქმულის საფუძველზე ნაშრომის ავტორი - მაკარი მესხი - შუა საუკუნეების ერთობ საინტერესო ავტორად გვევლინება. ამასთანავე, მისი შემოქმედება საინტერესოა იმ კუთხითაც, რომ პეტრე იბერის მოღვაწეობა დღემდე დიდი გამოწვევების წინაშე აყენებს მკვლევარებს. მაგალითად, XX საუკუნეში, შ. ნუცუბიძემ და ე. ჰონიგმანმა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად წარმოადგინეს ჰიპოთეზა, რომლის მიხედვითაც პეტრე იბერი არეოპაგიტული კორპუსის ავტორი უნდა იყოს. გამომდინარე არეოპაგიტიკის საყოველთაო განუზომელი მნიშვნელობიდან, პეტრე იბერის ცხოვრების ამსახველი ტექსტების შესწავლა ამ ჰიპოთეზის საფუძველზე დღემდე არ კარგავს აქტუალობას. აქედან შეგვიძლია მივუთითოთ მაკარი მესხის - შუა საუკუნეების უცნობი ქართველი მოაზროვნის - მოღვაწეობის აქტუალობაზე, მისდამი ინტერესზე თანამედროვე ქართულ ჰუმანიტარულ მეცნიერებებში. ამავე კონტექსტში საგულისხმოა ისიც, რომ დღემდე კამათი მიდის პეტრეს მიკუთვნებულობაზე მონოფიზიტური თუ დიოფიზიტური ქრისტიანობისადმი.
მაკარი მესხის ნაშრომი იმ პერიოდისათვის დამახასიათებელი პოლიტიკური თეოლოგიის კონცეფციებით იწყება. აქ ხაზგასმულია ქართველი ერის სულიერი ღირსება, რამდენადაც საუბარია მის სამოციქულო სტატუსზე (წმ. ანდრიას მიერ საქართველოში ქადაგებაზე), წმ. ნინოს მისიაზე, ქართველი მონარქების ღვთისმოსაობაზე; აქ ნათქვამია, რომ ქართველი ერი მართალ სარწმუნოებაზე მუდამ დარჩება: „არცა მივდრკეთ უკუნისამდე მადლითავე წმიდისა სამებისაჲთა და მეოხებითა ყოვლად წმიდისა დედოფლისა ღმრთისმშობელისაჲთა და სასოჲსა მის მფარველისა ჩვენისაჲთა“. მოცემული ციტატის ბოლო სიტყვებში, ასევე, იკვეთება პოლიტიკური თეოლოგიის კონცეფცია - ღვთისმშობლის წილხვდომილობის იდეა, რომელიც, იმხანად, ქართულ მწერლობაში უკვე გავრცელებული იყო.
მაკარი მესხი პეტრე იბერის განსაკუთრებულ სულიერ ღირსებასა და მისიაზე საუბრობს. ეს, ცხადია, თუნდაც მისი შობის სასწაულებრივი უწყებიდან - ანგელოზი ახარებს მეფეს და უწინასწარმეტყველებს ძის შობას. მაკარი მესხი, მისი ეპოქის სხვა ქართველი მოაზროვნეების მსგავსად, აქ ბიბლიურ ლექსიკას იყენებს, რაც მისი ნაშრომის ღრმად ქრისტიანულ შინაარსს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. პეტრე იბერის სულიერ ღირსებას მაკარი წარმოაჩენს მისი სასწაულებრივი გამოცხადების, ასევე, მის მიერ აღსრულებული სასწაულების (რომელთა შედარებაც ასევე შეიძლება ბიბლიურ ეპიზოდებთან) თხრობის მეშვეობითაც. განსაკუთრებით საყურადღებოა მაკარის შრომაში პეტრეს მიერ „ქართველთა მონასტრის“ დაარსების ისტორია. მაკარი საგანგებოდ ეხება დიოფიზიტური აღმსარებლობისადმი პეტრეს მიკუთვნებულობასაც. ნაშრომში ქალკედონის მსოფლიო საეკლესიო კრებაა ნახსენები, რომლის კონტექსტშიც პეტრე წარმოდგენილია ჭეშმარიტი აღმსარებლობის მატარებელ მღვდელმთავრად.
ამგვარად, მაკარი მესხი, მიუხედავად ძალზედ მწირი ბიოგრაფიული ცნობებისა, მის არცთუ ისე ვრცელ შემოქმედებაში წარმოდგენილი არაერთი მნიშვნელოვანი საკითხის გამო, გვევლინება შუა საუკუნეების ქართული აზროვნების საყურადღებო ავტორად. ის არის შუა საუკუნეების ქართული ჰაგიოგრაფიის წარმომადგენელი, რომლის შრომებშიც წარმოდგენილია ქართული სააზროვნო ტრადიციის არაერთი ფუნდამენტური და დღემდე საინტერესო კონცეფცია.
• მაკარი მესხი: პეტრე იბერიელის ცხოვრება, იხ.: ქართული პროზა, წგ. 3, მეთერთმეტე-მეთოთხმეტე საუკუნეების მწერლობა, თბილისი : „საბჭოთა საქართველო“, 1982 წ., გვ. 26-62.
• მაკარი მღვდელი, იხ.: კ. კეკელიძე, ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. I, თბილისი, „მეცნიერება“, 1980 წ., გვ. 334-336.
• ნუცუბიძე, შ.: პეტრე იბერი და ანტიკური ფილოსოფიური მემკვიდრეობა, იხ.: შ. ნუცუბიძე, შრომები, ტ. 5, თბილისი: „მეცნიერება“, 1975 წ.
• ხუროშვილი, გ.: პოლიტიკური თეოლოგია შუა საუკუნეების საქართველოში, თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2022 წ.
• Нуцубидзе, Ш. И.: Тайна Псевдо-Дионисия Ареопагита, Тбилиси: „Изд-во АН Грузинской ССР“, 1942.