დოდო (დარეჯან) ლაბუჩიძე-ხოფერია - ქართველი ფილოლოგი, მთარგმნელი და ფილოსოფოსი; დაიბადა 1948 წლის 15 სექტემბერს, ქ. თბილისში; 1972 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი, ფრანგული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით; 1977 წელს დაამთავრა ამავე უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის ასპირანტურა, რომანული ფილოლოგიის მიმართულებით, ხოლო 2008 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურა. 2009 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია (თემა - „ფრანგულ-ქართული თარგმანის ადეკვატურობის პრობლემატიკა ფილოსოფიურ ტექსტში“) და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით მიენიჭა ფილოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხი. 1977-2009 წლებში დოდო ლაბუჩიძე მოღვაწეობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სავლე წერეთლის სახელობის ფილოსოფიის ინსტიტუტში სხვადასხვა თანამდებობაზე; იგი იყო კლასიკური ფილოსოფიური მემკვიდრეობის განყოფილების მთარგმნელი (1977-1984 წწ.), უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი (1985-1999 წწ.), მეცნიერ-თანამშრომელი (1999-2006 წწ.), ქართული და უცხოეთის ფილოსოფიის ისტორიის განყოფილების გამგის მოადგილე (2006-2009 წწ.); დოდო ლაბუჩიძე ეწეოდა ნაყოფიერ სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის პოლიტოლოგიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტში (1991-2002 წწ.), ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (2000-2002 წწ.); 2010-2020 წლებში იგი იყო გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის პროფესორი, ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის ფილოსოფიური და სოციოლოგიური აზრის თარგმანის განყოფილების გამგე. 2015-2020 წლებში დოდო ლაბუჩიძე იყო ახალი საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი და ამავე უნივერსიტეტის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის მეცნიერ-თანამშრომელი.
2007-2020 წლებში დოდო ლაბუჩიძე იყო სამეცნიერო სერიების – „ფილოსოფია, სოციოლოგია, მედიის თეორია“ და „ფილოსოფია-სოციოლოგიის კლასიკური და თანამედროვე ტექსტები (თარგმანები)“ - სარედაქციო კოლეგიის წევრი. იგი არის 70-ზე მეტი ნაშრომის ავტორი, მთარგმნელი და რედაქტორი.
1999 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე დოდო ლაბუჩიძე პედაგოგიურ და სამეცნიერო მოღვაწეობასთან ერთად აქტურად ეწეოდა ფრანგული კულტურის პოპულარიზებას საქართველოში, თანამშრომლობდა ფრანგული კულტურის ცენტრთან; იგი იყო საქართველოში „ალექსანდრ დიუმას სახელობის ფრანგული კულტურის ცენტის“ წევრი (დღეს უკვე საფრანგეთის საელჩოსთან არსებული საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი - Institut Français de Géorgie).
2009 წელს დოდო ლაბუჩიძე საფრანგეთის საელჩოს ეგიდით გამართული კონკურსის – „საუკეთესო მთარგმნელი“ - ფარგლებში წლის საუკეთესო მთარგმნელად დასახელდა; 2013 წელს იგი, როგორც საქართველოში ფრანგული კულტურის გამორჩეული ქომაგი და პოპულარიზატორი, ფრანგული ხელოვნებისა და ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის საფრანგეთის კულტურისა და კომუნიკაციის მინისტრის ბრძანებით „საპატიო რაინდის ორდენით“ (Chevalier de L’ordre des Arts et des Lettres) დაჯილდოვდა.
დოდო ლაბუჩიძე გარდაიცვალა 2020 წლის 24 თებერვალს.
დოდო ლაბუჩიძე, უპირველესად, მისი მთარგმნელობითი მოღვაწეობით არის ცნობილი სხვადასხვა წრეებში, მაგრამ უნდა აღინიშნოს მისი მრავალმხრივი სამეცნიერო-კვლევითი ინტერესების, დიდი რუდუნებით შესრულებული პუბლიკაციების, აკადემიური ტექსტების დიდი ღირებულება და მნიშვნელობა ქართულ აკადემიურ სივრცეში. გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მის მიერ ორგანიზებული სამეცნიერო სემინარები, ცხადია, მის მიერ თარგმნილი ტექსტების სპეციფიკიდან გამომდინარე, ეხება სოციალური ფილოსოფიის, სოციალური თეორიების, თანამედროვე ეთიკის, პოლიტიკური აზროვნების ისტორიისა და პოლიტიკური ფილოსოფიის, თარგმანის თეორიისა და პრაქტიკის აქტუალურ საკითხებს. დოდო ლაბუჩიძის, როგორც მთარგმნელის და ფილოსოფოსის სამეცნიერო მემკვიდრეობა უაღრესად პროდუქტიული აღმოჩნდა კვლევისა და სწავლების ინტეგრაციის პრინციპის, თანამედროვე დასავლური განათლების უმაღლესი სტანდარტების დანერგვის, ტექსტებზე ორიენტირებული სწავლების თეორიისა და პრაქტიკის დემონსტირების და წინსვლის კონტექსტში. ტექსტების სიღრმისეული გააზრება და რეაქტუალიზება თანამედროვეობის ჭრილში, ზუსტი და გამართული სამეცნიერო აპარატი, დახვეწილი, ნათელი, ცხადი და გასაგები სტილი კიდევ უფრო ზრდის დოდო ლაბუჩიძის სამეცნიერო პუბლიკაციების პრაქტიკულ ღირებულებას და, ამასთან, ცხადყოფს მათ მნიშვნელობას ფრანგული ფილოსოფიის რეცეფციის ისტორიისა და კვლევის თვალსაზრისით.
დოდო ლაბუჩიძე იკვლევდა სოციალური ინტეგრაციის პრინციპებსა და ფენომენებს, დემოკრატიის თეორიას და პრაქტიკას, ხელისუფლების განაწილების, მმართველობის დეცენტრალიზაციის, ფედერალური კონსტიტუციონალიზმის პრინციპების ფორმირების, საზოგადოებრივი ხელშეკრულების თეორიის ბოლოვადი მიზნების, თავისუფლებისა და თანასწორობის საკითხებს, პოლიტიკური თავისუფლების ცნების დამუშავების ისტორიას, „ევროპეიზმის“ გავლენებს ახალი დროის ქართული კულტურაზე, კულტურათაშორისი კომუნიკაციისა და მთარგმნელობითი საქმიანობის როლს ფილოსოფიური აზროვნების განვითარების კონტექსტში, კულტურისა და იდენტობის მიმართებას გლობალიზაციის პროცესებთან და სხვ. ამით მან შექმნა XVIII საუკუნის ფრანგი განმანათლებლების პოლიტიკური ფილოსოფიის შესწავლის, კვლევისა და რეცეფციის მყარი ტრადიცია.
განსაკუთრებულია დოდო ლაბუჩიძის წვლილი ფრანგული ფილოსოფიური და სოციოლოგიური ტექსტების ქართული თარგმანების შესრულების საქმეში. მან შექმნა ფრანგული ეპოქა საქართველოში – ფრანგული ფილოსოფიის საგანძური გააცნო ქართველ მკითხველს, რის საფუძველზეც გაამდიდრა ქართული კულტურა; მან ქართულ აკადემიურ სივრცეს შესძინა საყოველთაოდ ცნობილი ფრანგი ფილოსოფოსების მემკვიდრეობა, XVIII საუკუნის თუ თანამედროვეობის კლასიკური ტექსტები. მრავალმხრივია დოდო ლაბუჩიძის თარგმანების საგნობრივი არეალი: ფილოსოფია, ფრანგული განმანათლებლობის ფილოსოფია, პოლიტიკური ფილოსოფია, სოციოლოგია, ეთიკა, რელიგიის ფილოსოფია, ფენომენოლოგია და სხვ.
მსოფლიო ლიტერატურისა და ფილოსოფიის შედევრები მხოლოდ მაშინ ხდება კულტურული ერის ჭეშმარიტი მონაპოვარი, როცა ის მშობლიურ ენაზე ეცნობა მათ. ამ გზით ხდება დიდი ტექსტების გაშინაგანება, საკუთარი ფილოსოფიური ტრადიციის ფორმირება, ინტელექტუალური ჰორიზონტის გაფართოება. XX საუკუნის 90-იანი წლებიდან სიცოცხლის ბოლომდე, დოდო ლაბუჩიძემ მრავალი წელი მიუძღვნა ამ საქმეს და შექმნა ინტელექტუალური პლატფორმა ფრანგული ფილოსოფიის რეცეფციისა და კვლევისთვის. დოდო ლაბუჩიძემ ქართულ ენაზე თარგმნა საყოველთაოდ ცნობილი ფრანგი ფილოსოფოსებისა და სოციოლოგების ტექსტები, მათ შორის: შარლ ლუი მონტესკიე - „კანონთა გონი“ (1994 წ.), ჟან ჟაკ რუსო - „საზოგადოებრივი ხელშეკრულება“ (1997 წ.), „ფილოსოფიური ტრაქტატები“ (2017 წ.), „მსჯელობა ადამიანთა შორის უთანასწორობის დასაბამისა და საფუძვლების შესახებ“ (2009 წ.), რენე დეკარტი – „მსჯელობა მეთოდის შესახებ“, „მეტაფიზიკური მედიტაციები“ (2001 წ.), „ფილოსოფიის საწყისები“ (2016 წ.), ანრი ბერგსონი – „ცნობიერება და სიცოცხლე“ (2007 წ.), ალექსის დე ტოკვილი – „დემოკრატია ამერიკაში“ (2011 წ.), ემილ დიურკემი – „სოციოლოგიის მეთოდის წესები“ (2001 წ.), „სოციალური შრომის დანაწილება“ (2012 წ.), მიშელ დე მონტენი, „ესეები“ (2017 წ.), ჟან გრონდენი, „რელიგიის ფილოსოფია“ (2018 წ.), მიშელ ფუკო – „Stulfitera Navis“ (ფრაგმენტი წიგნიდან შეშლილობის ისტორია კლასიკურ ეპოქაში) (2012 წ.), მორის მერლო-პონტი – „თვალი და გონება“ (2007 წ.) და სხვ.
მიშელ ფუკოს, პიერ ბურდიეს, ამინ მაალუფის და სხვ. თარგმანები იბეჭდებოდა სხვადასხვა ჟურნალებში: „მნათობი“, „არილი“, „ეპოქა“, „ახალი თარგმანები“, „მაცნე“ (ფილოსოფიის სერია); კრებულებში: „ევროპული ძიებანი“, „ფილოსოფია და თანამედროვეობა“, „ევროპული პასუხისმგებლობა“ (მერაბ მამარდაშვილის დაბადებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კრებული), „შემეცნება და ზნეობა“ (ლერი მჭედლიშვილის 75 წლისთავისადმი მიძღვნილი კრებული) და სხვ.
დოდო ლაბუჩიძის მთარგმნელობითი მოღვაწეობის გვირგვინი არის გამოჩენილი ფრანგი პოლიტიკური მოაზროვნის, შედარებითი სოციოლოგიის და პოლიტიკური ფილოსოფიის კლასიკოსის, ალექსის დე ტოკვილის (1805–1859 წწ.) მონუმენტური ნაშრომის „დემოკრატია ამერიკაში“ თარგმანი (2011 წ.).
აღსანიშნავია, რომ ამ წიგნის გამოჩენისთანავე ალექსის დე ტოკვილმა ფართო აღიარება მოიპოვა სამეცნიერო თუ ინტელექტულურ წრეებში. პოლიტიკური ფილოსოფიის ტრაქტატისთვისაც კი იშვიათია ისეთი შეფასებები, როგორიც დაიმსახურა ამ ტექსტმა; ტოკვილი მონტესკიეს მემკვიდრედ მიიჩნიეს, მისი ნაშრომი კი სოციალური და პოლიტიკური ფილოსოფიის კლასიკურ ქმნილებად აღიარეს; ნაშრომს აღფრთოვანებული გამოხმაურებები უძღვნეს კონსერვატიზმის და ლიბერალური კონსერვატიზმის, რომანტიზმის და ლიტერატურული კრიტიკის ცნობილმა წარმომადგენლებმა (გიზომ, შატობრიანმა, სენტ-ბიოვმა და სხვ.).
ამ ტექსტის ემოციური ზემოქმედების საფუძველს ქმნის ერთობ შთამბეჭდავი მიზანი – თავისუფლების იდეის სიღრმეების გაცნობიერება. ამდენად, ეს ნაშრომი ყოველთვის დარჩება პოლიტიკური აზროვნების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და აქტუალურ ტექსტად; თანასწორობაზე დაფუძნებული თავისუფლების იდეა ხომ საკაცობრიო ღირებულებაა და დემოკრატიის დამკვიდრებისა და გაძლიერების მყარი საფუძველია მთელ მსოფლიოში.
იმის გაგება და გააზრება, რომ მშობლიურ ენაზე ქართველი მკითხველისთვის ხელმისაწვდომია ასეთი მნიშვნელოვანი ტექსტი, და, ასევე, თუ რა შრომა და ძალისხმევა ჩაიდო ამ ტექსტის პირველი ქართული თარგმანის მომზადების საქმეში, საჭიროებს სირთულეთა მთელი რიგის გაანალიზებას, რისი დაძლევაც უხდებოდა ქართველ მთარგმნელს.
საგულისხმოა, რომ რთული ენობრივი სპეციფიკის და პოლიტიკური ღირებულებების ცოდნა სცილდება ლინგვისტურ გაგებას. პოლიტიკური ფილოსოფიის ტექსტი პოლიტიკის სფეროში მოქმედებს, მოიცავს გარკვეულ თემატიკას, რომელიც სხვა პოლიტიკურ საკითხებს უკავშირდება, მათ შორის, პოლიტიკის წარმოების ტექნოლოგიას და მრავალ სხვა ადრესატს. პოლიტიკური ფილოსოფიის ტექსტებით ადამიანები პრაქტიკულად ზემოქმედებენ პოლიტიკურ გარემოზე, ადამიანთა ბედზე და ცვლიან მათ სტატუსს საზოგადოებაში. ასეთი ტექსტი ქმედითია, მიემართება ინსტიტუციებს, მასას, აუდიტორიას კონკრეტული შედეგის მისაღწევად. რაღაც თვალსაზრისით, ის საზოგადოების მიერ იქმნება პოლიტიკურ ტექსტად და არა ავტორის მიერ. მასში ასახვას პოვებს სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური თუ კულტურული პროცესები. ამასთან, პოლიტიკური ფილოსოფიის ტექსტს ისეთივე ნორმატიული შინაარსი აქვს, როგორც პოლიტიკურ ფილოსოფიას, რაც კიდევ უფრო ზრდის პოლიტიკური ფილოსოფიის ტექსტების მნიშვნელობას. შესამამისად, მთარგმნელს სჭირდება შესაბამისი ინსტრუმენტების მოძიება. ფრაზების სიზუსტე, სიტყვათა წყობა, საზრისების ზუსტი მნიშვნელობით გადმოტანა; მთარგმნელი, გარკვეულწილად, პოლიტიკური ფილოსოფიის ტექსტების პრაგმატულ ფუნქციას ავსებს.
რთულია პოლიტიკური დისკურსების და პოლიტიკური მეტაფორების შინაარსების წვდომაც, რადგან ისინი ქმნიან ტექსტის ემოციურ ეფექტს. პოლიტიკური დისკურსები, ერთგვარი კომუნიკაციური სიტუაციები, თავის მხრივ, „კომუნიკატორების ცნობიერების მომცველია“ (ა. კიბრიკი). ამგვარ ტექსტებში ფაქტობრივად სინქრონიზებულია „პროცესიც და შედეგიც, რაიმეს განხილვის მეთოდები, წესები და ლოგიკა“ (მ. ფუკო), ჩართულია მეცნიერული ენა და ემოციური დატვირთვის ელემენტები, სტილის სპეციფიკა, ინსტიტუციონალური, პოლიტიკური, პუბლიცისტური დისკურსები. ყოველივე ამან კი უნდა მოამზადოს ნიადაგი პოლიტიკურად სამართლიანი, სწორი მოქმედებებისა და შეფასებისთვის. პოლიტიკური მეტაფორა თავის თავში იტევს ადამიანის და საზოგადოების მენტალურ სამყაროს; ის საზოგადოებრივი ცნობიერების მაკონსტრუირებელია და, შესაბამისად, პოლიტიკური ფილოსოფიის ტექსტში სხვადასხვა ფუნქციას ასრულებს. ის არის „აზროვნების აქტი, რომელიც სამყაროს ჩვენეული სურათის კონცეპტუალიზაციას ახდენს“ (ჯ. ლაკოფი), მას აქვს გამომხატველობის ექსპრესიულობა და ზემოქმედების ძალა.
ალექსის დე ტოკვილის ნაშრომის - „დემოკრატია ამერიკაში“ - დიდი რუდუნებით, ნათელი, ცხადი და სადა სტილით შესრულებული თარგმანი უდავოდ წარმოადგენს დოდო ლაბუჩიძის მნიშვნელოვან წვლილს ქართული საზოგადოებრივ-პოლიტიკური აზროვნების წინსვლის საქმეში; ეს თარგმანი არის დიდი საჩუქარი ფილოსოფიური, სოციოლოგიური და ლიბერალური პოლიტიკის პრობლემებით დაინტერესებული მკითხველისთვის.
დოდო ლაბუჩიძეს დიდი დამსახურება მიუძღვის პოსტსაბჭოთა ფილოსოფიის კვლევის ტრადიციის აქტუალიზების საქმეში. მან თარგმნა „მერაბ მამარდაშვილის ფრანგული არქივი“ და ამით მერაბ მამარდაშვილის აზროვნების საქართველოში ინტენსიური რეცეფციის პროცესს შეუწყო ხელი! „მერაბ მამარდაშვილის ფრანგული არქივი“ წარმოადგენს 1989-1990 წლებში მამარდაშვილის მიერ პარიზსა და ბარსელონაში წაკითხულ ლექციებს, მოხსენებებს და სხვადასხვა ფრანგულენოვანი გაზეთებისა თუ ჟურნალებისათვის მიცემულ ინტერვიუებს, რომლის გარეშე მერაბ მამარდაშვილის ფილოსოფიური აზროვნების ორიგინალობის გააზრება ნაკლოვანი იქნებოდა. გარდა ამისა, ამ ტექსტების გარეშე შეუძლებელია პოსტსაბჭოთა აზროვნების კვლევა საქართველოში. „მერაბ მამარდაშვილის ფრანგული არქივი“ სრულყოფილად არის წარმოდგენილი მ. მამარდაშვილის წიგნის, „ცნობიერების ტოპოლოგიის“ (2011 წ.) მეორე ნაწილში.
დოდო ლაბუჩიძის მთარგმნელობითი მოღვაწეობაში სრულიად ახალი და განსაკუთრებული ეტაპია ფენომენოლოგიური ტრადიციით დაინტერესება. 2013 წელს გამოიცა თანამედროვე ფილოსოფიის, კერძოდ, ფენომენოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენლის, ცნობილი გერმანელი ფილოსოფოსის, ბერნჰარდ ვალდენფელსის ფრანგულენოვანი გამოკვლევა – „გზები ფენომენოლოგიისა, პასუხს რომ იძლევა“ (2013 წ.); თანამედროვე ფილოსოფიურ დისკურსში უცხოს ფენომენოლოგია სწორედ ვალდენფელსის ფენომენოლოგიური გამოკვლევების წყალობით უაღრესად გავრცელებული მიმართულებაა. ფენომენოლოგიურ ტექსტს რთული ფილოსოფიური სტრუქტურა აქვს, რაც გამოიხატება არა მხოლოდ ტექსტის კონცეფციასა და გადმოცემაში, არამედ ცნობიერი აქტების ტიპებსა და სტრუქტურებში, შესაბამისად, ფენომენოლოგიის ენას ახასიათებს განსაკუთრებული სირთულე, სამყაროს და შემეცნების ახლებური ხედვები, ტერმინოლოგიური და კონცეპტუალური ტრანსფორმაცია. ტექსტის არსებობა ნიშნავს ტექსტის გაგებას. მთავარია ტექსტის/ნაწარმოების „სულიერი მოძრაობა“ (პოლ რიკიორი), აქტების და შინაარსების განსხვავება და კორელაცია; აქტები – ანალიზი, ინტერპრეტაცია და შინაარსები – ტერმინები, კონცეფციები და პრობლემები, „მნიშვნელობების იდეალური კომპლექსები“ (ე. ჰუსერლი, „ლოგიკური გამოკვლევები“) ქმნის ფენომენოლოგიური ტექსტის სპეციფიკას. ამდენად, ფენომენოლოგიური ტექსტის თარგმანი ფილოსოფიური კვლევების განვითარების შესაძლებლობაა. ის მთარგმნელისგან მოითხოვს ავტორის აზროვნების სტრუქტურის გაგებას.
ბერნჰარდ ვალდენფელსი თანამედროვე დასავლურ ფილოსოფიაში დიდი ფრანგი ფენომენოლოგის, მორის მერლო-პონტის მემკვიდრედ მიიჩნევა (იგი პარიზში ფილოსოფიას პოლ რიკიორთან და მერლო-პონტისთან სწავლობდა). მას ეკუთვნის გამოკვლევები ემანუელ ლევინასის, ჟაკ დერიდას, მიშელ ფუკოს შემოქმედების შესახებ, მერლო-პონტის მნიშვნელოვანი ნაშრომების თარგმანები, რითაც დიდი წვლილი შეიტანა ფრანგული და გერმანული ფენომენოლოგიური ტრადიციების დაახლოების საქმეში. მან, ასევე, განავითარა ფენომენოლოგიური ეთიკის ახალი სახე – „სხვის“/„უცხოს“ ეთიკა, მიმართება „მესა“ და „სხვას“/„უცხოს“ შორის. შესაბამისად, მისი ტექსტის თარგმანით დოდო ლაბუჩიძემ საქართველოში ფენომენოლოგიის კვლევის ისტორიას (კ. ბაქრაძე, ა. ბოჭორიშვილი, გივი მარგველაშვილი, ზურა კაკაბაძე და სხვ.) და რეცეფციას ახალი პერსპექტივა შესძინა.
დოდო ლაბუჩიძემ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ახალი საქართველოს უნივერსიტეტის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის მუშაობაში, სადაც გამოიცა დასავლური ფილოსოფიის ორი უმნიშვნელოვანესი ფილოსოფიური ტექსტის შესანიშნავი ქართული თარგმანები: ჟან გრონდენი – „რელიგიის ფილოსოფია“ (2018 წ.) და ალენ ბადიუ – „ეთიკა“ (2019 წ.).
დოდო ლაბუჩიძემ ფრანგული ფილოსოფიის ტექსტების თარგმანებით და კვლევით თანამედროვე ქართული ფილოსოფიისა და ენის შესაძლებლობები, მთარგმნელობითი მოღვაწეობის პერსპექტივა გააფართოვა, აჩვენა თანამედროვე ფილოსოფიური ენის მოქნილობა და ფილოსოფიის ახალ დისკურსებში ჩართვის მზაობა. იგი დიდი ფრანგული კულტურის საუკეთესო ინტელექტუალური ტრადიციების ცოდნით თავად იყო კულტურის განსახიერება, უაღრესად დახვეწილი, პრინციპული და ღირებულებების ერთგული პიროვნება. მისი მდიდარი შემოქმედება, ვფიქრობთ, თავად იქნება პერსპექტივა ქართული ჰუმანიტარული მეცნიერების განვითარებისთვის, ფილოსოფიისა და თარგმანმცოდნეობისთვის.
(ა) დისერტაცია / მონოგრაფია
• ფრანგულ-ქართული თარგმანის ადეკვატურობის პრობლემატიკა ფილოსოფიურ ტექსტში, ელ. ვერსია: http://old.press.tsu.ge/GEO/inetrnet/disertaciebi/TSU
(ბ) თარგმანები
• ბადიუ, ა.: ეთიკა, თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2019 წ.
• ბერგსონი, ა.: ცნობიერება და სიცოცხლე, თბილისი: „არხე“, 2007 წ.
• გრონდენი, ჟ.: რელიგიის ფილოსოფია, თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2018 წ.
• დეკარტი, რ.: მსჯელობა მეთოდის შესახებ. მეტაფიზიკური მედიტაციები, თბილისი: „ნეკერი“, 2001 წ.
• დეკარტი, რ.: მსჯელობა მეთოდის შესახებ. მეტაფიზიკური მედიტაციები, მეორე გამოცემა, თბილისი: „Carpe diem“, 2010 წ.
• დეკარტი, რ.: სულის ვნებანი, თბილისი: „აგორა“, 2015 წ.
• დეკარტი, რ.: ფილოსოფიის საწყისები, თბილისი: „აგორა“, 2017 წ.
• დეკარტი, რ.: ფილოსოფიური ტრაქტატები, თბილისი: ილიას უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018 წ.
• დიურკემი, ე.: სოციოლოგიის მეთოდის წესები, თბილისი: „იოანე პეტრიწი“, 2001 წ.
• დიურკემი, ე.: რელიგიური ცხოვრების ელემენტარული ფორმები, თბილისი: „იოანე პეტრიწი“, 2004 წ.
• დიურკემი, ე.: სოციალური შრომის დანაწილება, თბილისი: „Carpe diem“, 2012 წ.
• ვალდენფელსი, ბ.: გზები ფენომენოლოგიისა, პასუხს რომ იძლევა, თბილისი: „ნეკერი“, 2013 წ.
• მაალუფი, ა.: დამღუპველი იდენტობები, თბილისი: „იმპრესი“, 2007 წ.
• მერლო-პონტი, მ.: თვალი და გონება, თბილისი: „აგორა“, 2007 წ.
• მონტენი, მ.: მშვენიერი ბრძნული მსჯელობები, ფრაგმენტები მ. მონტენის „ესეები“-დან, თბილისი: „ლომისი“, 1999 წ.
• მონტენი, მ. დე: ესეები, წიგნი პირველი, თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2017 წ.
• მონტესკიე, შ. ლ.: კანონთა გონი, თბილისი: მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი, CIPDD, 1994 წ.
• რუსო, ჟ. ჟ.: საზოგადოებრივი ხელშეკრულება, თბილისი: CIPDD, 1997 წ.
• რუსო, ჟ. ჟ.: მსჯელობა ადამიანთა შორის უთანასწორობის დასაბამისა და საფუძვლების შესახებ, თბილისი: „Carpe diem“, 2009 წ.
• რუსო, ჟ. ჟ.: მსჯელობა მეცნიერებისა და ხელოვნების შესახებ, თბილისი: „აგორა“, 2014 წ.
• რუსო, ჟ. ჟ.: ფილოსოფიური ტრაქტატები, თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2017 წ.
• ტოკვილი, ა. დე: დემოკრატია ამერიკაში, თბილისი: გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2011 წ.
• ფუკო, მ.: სიტყვები და საგნები, თბილისი: „დიოგენე“, 2004 წ.
• ფუკო, მ.: Stulfitera Navis (ფრაგმენტი წიგნიდან შეშლილობის ისტორია კლასიკურ ეპოქაში), კრებულში: შემეცნება და ზნეობა, რედ.: თ. ირემაძე, თ. ცხადაძე, გ. ხეოშვილი, თბილისი: „ნეკერი“, 2012 წ.
(გ) მერაბ მამარდაშვილის ფრანგულენოვანი ტექსტების თარგმანები
• ნაციონალიზმი და პოსტტოტალიტარული საზოგადოება, იხ.: „არილი“, #10 (თბილისი, 1995 წ.), გვ. 9.
• ნაციონალიზმი და პოსტტოტალიტარული საზოგადოება, იხ.: „ეპოქა“, #6 (თბილისი, 1998 წ.), გვ. 2; 12-13.
• იყო ფილოსოფოსი მართლაც ბედისწერაა, იხ.: „განახლებული ივერია“, #14 (თბილისი, 2001 წ.), გვ. 11-12.
• დემოკრატია ნაციონალისტურ ლოზუნგებს ვერ დაეფუძნება (ინტერვიუ მ. მამარდაშვილთან), საუბარს უძღვებოდა ჟურნალისტი ფრანსუა შლოსერი, იხ.: „არილი“, #14 (თბილისი, 2000 წ.), გვ. 4-5.
• იცხოვრო დროის შესაბამისად, იხ.: „არილი“, #14 (თბილისი, 2000 წ.), გვ. 2-4.
• ევროპული პასუხისმგებლობა, კრებულში: ევროპული პასუხისმგებლობა. მერაბ მამარდაშვილის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციის მასალები (14 დეკემბერი, 2010 წელი, თბილისი), რედაქტორ-შემდგენელი თ. ირემაძე, თბილისი: „ნეკერი“, 2011 წ., გვ. 206-214.
• ცნობიერების ტოპოლოგია, (მეორე ნაწილი „მამარდაშვილის ფრანგული არქივიდან“), თბილისი: ქართული ბიოგრაფიული ცენტრი, 2011 წ.
(დ) რჩეული ფილოსოფიური ნაშრომები
• თავისუფლება და თანასწორობა - საზოგადოებრივი ხელშეკრულების მიზანი, კრებულში: ფილოსოფია, სოციოლოგია, პოლიტოლოგია, თბილისი: გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2007 წ., გვ. 37-40.
• ნიცშეს ნაშრომთა ქართველი მთარგმნელები და თარგმანები, კრებულში: ნიცშე საქართველოში. თამაზ ბუაჩიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საიუბილეო კრებული, თბილისი: „არხე“, 2007 წ., გვ. 28-33.
• საზოგადოებრივი ხელშეკრულების რუსოსეული კონცეფცია, კრებულში: საიუბილეო კრებული მიძღვნილი სავლე წერეთლის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი, თბილისი: „მერიდიანი”, 2008 წ., გვ. 146-152.
• Le texte philosophique dans le cadre de la typologie de la traduction, იხ.: სამეცნიერო ჟურნალი „Scripta Manent“, #3, (თბილისი, 2009 წ.), გვ. 51-59.
• Les difficultés linguistiques de la traduction des textes philosophiques français en géorgien, იხ.: სამეცნიერო ჟურნალი „Scripta Manent“, #2, (თბილისი, 2009 წ.), გვ. 60-68.
• დემოკრატიის საფუძველმდებარე პრინციპები: ხელისუფლების განაწილება – მმართველობის დეცენტრალიზაცია – ფედერალური კონსტიტუციონალიზმი, კრებულში: ახალი სამეცნიერო-კვლევითი პროექტები ფილოსოფიაში, თბილისი: გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტი, 2010 წ., გვ. 20-21.
• გლობალიზაცია, იდენტობა, კულტურა, იხ.: გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი. სამეცნიერო შრომები. ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები, #2, თბილისი, 2010 წ., გვ. 26-29.
• „ევროპეიზმის“ გავლენა XVIII-XIX საუკუნეების ქართულ საერო და სასულიერო აზროვნებაზე, იხ.: სამეცნიერო ჟურნალი „Scripta Manent“, #3 (თბილისი, 2010 წ.), გვ. 56-67.
• ენისადმი ჰოლისტური მიდგომის პრინციპი თარგმნის პროცესში, იხ.: სამეცნიერო ჟურნალი „Scripta Manent“, #3 (თბილისი, 2011 წ.), გვ. 52-57.
• გრიგოლ რობაქიძე და ფრანგული სიმბოლიზმი, კრებულში: გრიგოლ რობაქიძე და თანამედროვე აზროვნება, თბილისი: „ნეკერი“, 2011 წ., გვ. 77-91.
• Les particularités du discours philosophique, კრებულში: Philosophy in Global Change. Jubilee volume dedicated to the 65th anniversary of Burkhard Mojsisch, edited by T. Iremadze in collaboration with H. Schneider and K. J. Schmidt, Tbilisi: „Nekeri“, , 2011 წ., გვ. 371-381.
• Le discours philosophique dans le cadre de la communication minterlinguistique et interculturelle, კრებულში: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მასალები, თბილისი, 2011 წ., გვ. 122-123.
• ფრანგი განმანათლებლები თავისუფლების შესახებ (შარლ ლუი მონტესკიე, ჟან ჟაკ რუსო), კრებულში: რა არის თავისუფლება? დიდი მოაზროვნეები თავისუფლების არსის შესახებ, თბილისი: „ნეკერი“, 2011 წ., გვ. 11-35.
• მონტესკიე - კანონი დასავლეთსა და აღმოსავლეთში, (შარლ ლუი მონტესკიეს სამართლის ბუნებითი წინაპირობების შესახებ), კრებულში: აღმოსავლეთი და დასავლეთი. ინტერკულტურული და ინტერდისციპლინარული კვლევები, რედაქტორ-შემდგენლები: თ. ირემაძე, გ. თევზაძე, თბილისი: „ნეკერი“, 2012 წ., გვ. 76-88.
• დავით ბატონიშვილი - ემიგრაციაში ქართული კულტურის ამაგდარი მოღვაწე, იხ.: სამეცნიერო ჟურნალი ქართული ემიგრაცია, # 1(4) (თბილისი, 2013 წ.), გვ. 35-40.
• ემილ დიურკემი სოლიდარობის ფენომენის, როგორც სოციალური ინტეგრაციის უმაღლესი პრინციპის შესახებ, იხ.: სამეცნიერო ჟურნალი „Scripta manent“, #2, (თბილისი, 2014 წ.), გვ. 98-102.
• მეცნიერებისა და ხელოვნების პროგრესი და ეთიკა, იხ.: სამეცნიერო ჟურნალი „Scripta manent“, #3 (თბილისი, 2014 წ.), გვ. 93-99.
• კულტურათაშორისი კომუნიკაციისა და მთარგმნელობითი საქმიანობის როლი გლობალიზაციის ეპოქაში, იხ.: „უფლის ციხე“, საქართველოს საპატრიარქო, #3, თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2014 წ., გვ. 111-116.
• „ევროპეიზმი“ და ახალი დროის ქართული კულტურა, იხ.: პეტრიწის პორტალი, http://www.petritsiportal.ge/ka/article/38
(ე) ბროშურები პოპულარული სერიიდან – „მოაზროვნე“
• ვოლტერი, თბილისი: „დიოგენე“, 2005 წ.
• ნიკო ჭავჭავაძე, თბილისი: „სანი“, 2004 წ.
• რუსო, თბილისი: „სანი“, 2003 წ.
• დიურკემი, თბილისი: „სანი“, 2003 წ.
• მონტესკიე, თბილისი: „სანი“, 2003 წ.
• მონტენი, თბილისი: „სანი“, 2003 წ.
• დეკარტი, თბილისი: „სანი“, 2003 წ.
• მამარდაშვილი, თბილისი: „სანი“, 2003 წ.