ლამარა რამიშვილი (1938–2009 წწ.), ქართველი ფილოლოგი, მთარგმნელი, ფილოსოფოსი, დაიბადა ქართველი პედაგოგის და საზოგადო მოღვაწის ვალერიან რამიშვილის ოჯახში. მისი ძმა, გურამ რამიშვილი (1932-1998 წწ.) ცნობილი ენათმეცნიერი და საზოგადო მოღვაწე იყო.
ლამარა რამიშვილი დაიბადა 1938 წლის 7 ნოემბერს, ქ. თბილისში. სკოლის დამთავრების შემდეგ იგი ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე, კავკასიურ ენათა განხრით; უნივერსიტეტის წარჩინებით დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ლენინგრადის უნივერსიტეტის ასპირანტურაში კლასიკური ფილოლოგიის განხრით; შემდგომ წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ზოგადი ენათმეცნიერების კათედრაზე უძღვებოდა აფხაზური ენის კურსს.
1971 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ლ. რამიშვილი მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში, იყო კლასიკური ფილოსოფიის თარგმანის განყოფილების თანამშრომელი (განყოფილების ხელმძღვანელი - პროფ. ნოდარ ნათაძე). იგი იყო ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის სპეციალური სამეცნიერო რედაქციის წევრი.
ლამარა რამიშვილი გარდაიცვალა 2009 წლის 10 აგვისტოს. დაკრძალულია თბილისში.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის კლასიკური ფილოსოფიის თარგმანის განყოფილებაში მუშაობის პერიოდში (1971-2009 წლებში) ლ. რამიშვილის, როგორც მთარგმნელის და მეცნიერის ინტერესი და ყურადღება ფოკუსირებული იყო გერმანული კლასიკური ფილოსოფიის წარმომადგენელთა ნაშრომების თარგმნაზე. სათარგმნი ნაწარმოების არჩევანი ასევე შეესაბამებოდა ლამარა რამიშვილის სამეცნიერო-კვლევით ინტერესებს, რაც, პირველ რიგში, გამოიხატებოდა ენის პრობლემებით დაინტერესებაში. ამის მაგალითია ი. გ. ჰერდერის ნაშრომი „გამოკვლევა ენის წარმოშობის შესახებ“, რომელიც დაიბეჭდა ჟურნალ „მაცნეს“ 1973 წლის 1-3 ნომრებში ლ. რამიშვილის შესავალ წერილთან ერთად. წერილში ყურადღება გამახვილებულია ი. გ. ჰერდერის ნაშრომის მნიშვნელობაზე, მის ეთოსზე, იმაზე, რომ სწორედ ენის წყალობით „ადამიანი ახერხებს დაუპირისპირდეს თავის თავს და გარეგან სინამდვილეს, შეიმეცნოს საკუთარი შესაძლებლობები და დასახოს თავისი პროდუქტიული განვითარების გზა“ და რომ „ადამიანი, არსებითად განვითარებისა და სრულქმნისათვის მოწოდებული, თვითონვეა პასუხისმგებელი იმისა, თუ თვითგანხორციელების რომელ გზას დაადგება იგი“. ამავე კონტექსტში უნდა განვიხილოთ ე. კასირერის ნაშრომების თარგმნაც ლ. რამიშვილის მიერ. მათ შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნაშრომი „რა არის ადამიანი?“, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა ქართულ სამეცნიერო წრეებსა და მთლიანად ფართო საზოგადოებაში. ეს თარგმანები, იმანუელ კანტის ორი უმნიშვნელოვანესი თხზულების („ზნეობის მეტაფიზიკის დაფუძნება“ და „პრაქტიკული გონების კრიტიკა“) თარგმანებთან ერთად, არა მხოლოდ თარგმანის პრაქტიკასა და თეორიაში, არამედ ფილოსოფიური ანთროპოლოგიის, აქსიოლოგიის, კულტურის ფილოსოფიის სფეროში ლ. რამიშვილის მიერ შეტანილ უდიდეს წვლილს წარმოადგენს.
მთარგმნელობითი საქმიანობა ერის კულტურის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ის უაღრესად რთული და შრომატევადი საქმიანობაა. მთარგმნელის პასუხისმგებლობა განუზომლად დიდია - მას მხოლოდ ორიგინალის აზრის სრულყოფილი გადმოცემა კი არ ევალება და ამისათვის საუკეთესო, ზუსტი ტერმინების და ცნებების შერჩევა, არამედ, არცთუ იშვიათად, ახალი ენობრივი ქსოვილის შექმნაც ანდა უკვე არსებულის დახვეწა თუ მისი შევსება დამატებითი კონოტაციებით. ეს ყველაფერი კი სამეცნიერო სფეროს გამდიდრებასთან ერთად „მასპინძელი“ ენის გამდიდრება-განვითარებასაც გულისხმობს. სწორედ ასეთი შემოქმედებითი მიდგომის ერთ-ერთი შემთხვევის შესახებ საუბრობს ლ. რამიშვილი თავის შესავალ წერილში, რომელიც ერთვის ი. გ. ჰერდერის ნაშრომს. მაგალითად, იგი აღნიშნავს, რომ გერმანული სიტყვა Besonnenheit გულისხმობს „ცნობიერებას“, „რეფლექსიას“, „საზრიანობას“, „გონებას“, „თავისუფლებას“, „სიმბოლური ნიშნის წარმოქნის უნარს“. ქართულ თარგმანში ადამიანის ამ სპეციფიკური და უმნიშვნელოვანესი უნარის აღსანიშნავად კი შერჩეულია სიტყვა „საზრიანობა“, რაც ყველა კონოტაციას მოიცავს. ანალოგიურად, საუბრობს რა ე. კასირერის შრომებში გერმანული ტერმინის Geist გამოყენების შესახებ, ლ. რამიშვილი მიუთითებს, რომ თარგმანში მის ქართულ შესატყვისად „გონის“ ნაცვლად უპირატესობა მიეცა „გონით სულს“.
გერმანული ენისა და კულტურის, ისევე, როგორც მშობლიური ქართული ენისა და კულტურის ბრწყინვალე ცოდნა და სიღრმისეული განცდა ის საფუძველია, რომელიც ლ. რამიშვილის თარგმანებს ქართული ფილოსოფიის და, ზოგადად, კულტურის ორგანულ ნაწილად აქცევს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გერმანულის გარდა, ლ. რამიშვილი თარგმნიდა ინგლისური და რუსული ენებიდანაც.
ლამარა რამიშვილი ასევე ავტორია სამეცნიერო სტატიებისა, რომლებიც სხვადასხვა წლებში იბეჭდებოდა სავლე წერეთლის სახელობის ფილოსოფიის ინსტიტუტის ჟურნალში „მაცნე“.
(ა) ლამარა რამიშვილის მიერ თარგმნილი თხზულებები
• გულიგა, ა.: კანტი, თბილისი: „ნაკადული“, 1986 წ. (თარგმნილი ოთარ გრატიაშვილთან ერთად).
• ირემაძე, თ.: ნიცშეს გაგების ძირები საქართველოში, იხ.: ნიცშე საქართველოში, თბილისი: „არხე“, 2007 წ., გვ. 12-23.
• კანტი, ი.: ზნეობის მეტაფიზიკის დაფუძნება, თბილისი: Carpe diem, 2013 წ.
• კანტი, ი.: პრაქტიკული გონების კრიტიკა, თბილისი: Carpe diem, 2016 წ.
• კასირერი, ე.: სტრუქტურალიზმი თანამედროვე ლინგვისტიკაში, იხ.: მიმომხილველი: სამეცნიერო-ბიბლიოგრაფიული კრებული, #4-5, თბილისი: თსუ-ს გამომცემლობა, 1968 წ., გვ. 11-30.
• კასირერი, ე.: ისტორია, ბუნებისმეცნიერებანი, იხ.: მიმომხილველი: სამეცნიერო-ბიბლიოგრაფიული კრებული, #6-9, თბილისი: თსუ-ს გამომცემლობა, 1972 წ., გვ. 398-427.
• კასირერი, ე.: რა არის ადამიანი?, თბილისი: „განათლება“, 1983 წ.
• ლინდემანი, გ., ბეკჰოფი, ჰ.: ხელოვნების ლექსიკონი: სხვადასხვა სტილი და მიმართულება, ტ. 1, ბერძნული არქაიკიდან ბაროკომდე (თარგმნილი ლამარა ნაროუშვილთან ერთად), თბილისი: „ხელოვნება“, 1992 წ.
• ჰერდერი, ი. გ.: გამოკვლევა ენის წარმოშობის შესახებ, თბილისი: „ბიბლიო“, 2020 წ.
(ბ) ლამარა რამიშვილის სტატიები
• ი. გ. ჰერდერის „გამოკვლევა ენის წარმოშობის შესახებ“, იხ.: საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მაცნე, ფილოსოფიის, ფსიქოლოგიის, ეკონომიკისა და სამართლის სერია, # 1 (1973 წ.), გვ. 150-155.
• კვლავ ენის შესახებ, იხ.: საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მაცნე, ფილოსოფიის სერია, #1-2 (2003 წ.), გვ. 212-216.
• მთარგმნელისაგან, იხ.: ნიცშე საქართველოში, თბილისი: „არხე“, 2007 წ., გვ. 24-27.