ვენორ მიხეილის ძე ქვაჩახია დაიბადა 1925 წლის 10 ოქტომბერს გალის რაიონის სოფელ ღუმურიშში; 1941 წელს დაამთავრა გალის N 1 საშუალო სკოლა, ხოლო 1944 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე; 1949 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი, ხოლო 1952 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია: „მარქსის შრომა „პოლიტიკური ეკონომიის კრიტიკისათვის“ და ლოგიკის პრობლემები“; 1965 წელს ვ. ქვაჩახიამ დაიცვა სადოქტორო დისერტაცია: „საზოგადოებრივი ცნობიერების ფორმების ურთიერთკავშირი და ესთეტიკური ღირებულების პრობლემა“. 1953-1961 წლებში იგი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლად მუშაობდა.
1962 წელს ვ. ქვაჩახიამ და ე. კოდუამ დააარსეს კონკრეტული სოციოლოგიის კვლევის ლაბორატორია. ამ ლაბორატორიის ბაზაზე 1968 წელს დაფუძნდა კონკრეტული სოციოლოგიის კათედრა, რომელსაც სწორედ ვ. ქვაჩახია ჩაუდგა სათავეში. უნდა აღინიშნოს, რომ ხსენებული მიმართულებით ეს გახლდათ პირველი კათედრა საბჭოთა კავშირში. 1981 წელს, საბჭოთა კავშირში პირველად, თბილისში გაიმართა სოციოლოგთა საერთაშორისო ასოციაციის კომიტეტის სხდომა, სადაც ვ. ქვაჩახია აღნიშნული ასოციაციის საქართველოს ბიუროს თავჯდომარე იყო. იგი, ასევე, იყო საკავშირო ჟურნალის „Философские Науки“ სარედაქციო საბჭოს წევრი.
ვ. ქვაჩახია გარდაიცვალა 1982 წლის 13 მარტს.
ვ. ქვაჩახიას მეცნიერული კვლევის სფერო საკმაოდ მრავალფეროვანია, რაც უპირველესად გამოიხატა ესთეტიკის, ლოგიკის, გამოყენებითი და თეორიული სოციოლოგიის, მეცნიერებისა და რელიგიის ურთიერთმიმართების საკითხებისადმი ფართო ინტერესში. გარდა ამისა, მან ვრცელი მონოგრაფია მიუძღვნა რუსთველოლოგიის კვლევის საკითხებს და „ვეფხისტყაოსნის“ ორიგინალური ინტერპრეტაცია სცადა.
ვ. ქვაჩახიას მეცნიერული მემკვიდრეობიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია ნაშრომი „ესთეტიკურის სოციალური არსი“ (შ. გაბილაიას თანაავტორობით), სადაც მრავალმხრივ არის განხილული ესთეტიკის შესახებ კლასიკური და თანამედროვე თეორიული მიდგომები.
ვ. ქვაჩახიას მოსაზრებით, ინდივიდის სამყაროში ორიენტირებისთვის აუცილებელია ცოდნა, შემეცნება. ამავე დროს, ყოველ ადამიანურ ქმედებას, გარდა ცოდნაზე დამყარებული ქცევისა, შესაბამისი გრძნობად-ემოციური შეფასებაც ახლავს თან - ესაა სინამდვილისადმი ესთეტიკური მოთხოვნილება და მისი ესთეტიკური შეფასების უნარი. ამიტომ, ინდივიდი მოქმედებს არა მხოლოდ ცოდნის კანონზომიერების, არამედ ესთეტიკურობის კანონზომიერების მიხედვითაც; ეს უკანასკნელი კი განისაზღვრება როგორც ამაღლებულისა და მშვენიერების შეგრძნება, ესთეტიკურ-ემოციურის ერთი არსებით გარკვეულობა. ამ გარკვეულობის სახეზე ყოფნა - განხორციელება - ნიშნავს გარემოს ესთეტიკური იდეალის შესაბამისად შეფასებით დატკბობას, მშვენიერის აღქმასა და მისით ტკბობას („ესთეტიკურის სოციალური არსი“, გვ. 6).
ვ. ქვაჩახია ვრცლად ეხება ხელოვნებისა და მისი გაგების საკითხს, რომელსაც განსაზღვრავს, ერთი მხრივ, როგორც ესთეტიკურ-ემოციური აღქმის, ხოლო, მეორე მხრივ, როგორც შესაბამის საგანთა შექმნის უნარს („ესთეტიკურის სოციალური არსი“, გვ. 7). ამავე დროს, იგი აკრიტიკებს იმ სახის მიდგომებს, რომლებიც ხელოვნების განვითარებას უარყოფენ ან მხოლოდ ტექნიკურ პროგრესს ცნობენ, ვინაიდან ყოველივე ამას განვითარების საყოველთაობაში ეჭვის შეტანასთან, ხელოვნების მეთოდის შესაძლებლობის ან ხელოვნების თეორიის შესაძლებლობის ნაწილობრივ ან მთლიან უარყოფასთან მივყავართ. მართალია, ხელოვნებას განვითარების ისეთი მოდელი არ ახასიათებს, როგორიც მეცნიერებას, მაგრამ კაცობრიობას სხვა მოთხოვნილებებთან ერთად ესთეტიკური მოთხოვნილებებიც უვითარდება, რომლებსაც დაკმაყოფილება სჭირდება; ხოლო ის, რაც ამ გაზრდილ მოთხოვნილებებს უპასუხებს, თავად უკვე მაღალ საფეხურს წარმოადგენს - ესააა ხელოვნების ჟანრების ცვლილება თუ ახალი სახეების წარმოშობა, რაც თავისი განვითარებით სპეციფიურია და განსხვავდება მეცნიერულ-ტექნოლოგიური პროგრესისგან („ფილოსოფიის შესავალი“, გვ. 255).
ვ. ქვაჩახია აკრიტიკებს ესთეტიზმის თეორიას ანუ „ხელოვნებას ხელოვნებისათვის“, ვინაიდან ის ვერ ასახავს ხელოვნების სინამდვილეს და, ფაქტობრივად, უარყოფს ამ სინამდვილის მიმართ ხელოვნების შემეცნებით როლს და ღირებულებას. მეცნიერული ესთეტიკა კი, ამის საწინააღდეგოდ, გამოდის რა ხელოვნებაში სინამდვილის ასახვის აუცილებლობიდან, ხაზს უსვამს ხელოვნების უდიდეს შემეცნებით ღირებულებას და ზრდის ადამიანს სინამდვილის რეალისტურად ასახვის გზით. აღნიშნული მოვლენა იწვევს ინდივიდის ემოციური და ინტელექტუალური სამყაროს განვითარებას („ესთეტიკურის სოციალური არსი“, გვ. 92).
ვ. ქვაჩახიას ერთ-ერთი ნაშრომი „მეცნიერება და რელიგია“ (ბ. წოწონავას თანაავტორობით) ეხება რელიგიისა და მეცნიერების ურთიერთმიმართების საკითხებს. მასში წარმოდგენილია თვალსაზრისი მეცნიერებისა და რელიგიის შეუთავსებლობის შესახებ, რომელიც რამდენიმე არგუმენტით არის გამყარებული: 1) მეცნიერება სინამდვილის ასახვაა, ვინაიდან დაფუძნებულია აზროვნებასა და ცოდნაზე, ხოლო რელიგია ამახინჯებს რეალობას; 2) მეცნიერებას ახასიათებს განვითარებადობა, რომელიც, ამავე დროს, მისი არსებობის გარანტიცაა, ხოლო რელიგია განვითარების შეჩერებაა; 3) მეცნიერება იწვევს ადამიანთა აქტივობის ზრდას, ხოლო რელიგია, პირიქით, ორიენტირებულია პასიურ, მორჩილ ადამიანზე; 4) მეცნიერება დაფუძნებულია გონების რწმენაზე, ხოლო რელიგია დაუსაბუთებელ ცრურწმენებზე; 5) მეცნიერება ებრძვის შინაგან წინააღმდეგობებს და გადალახავს მათ, რელიგია კი, პირიქით, მათ შენარჩუნებასა და ბუნდოვანებაზე აკეთებს აქცენტს, რათა ამ გზით შეინარჩუნოს ძალაუფლება; შესაბამისად, ვ. ქვაჩახიას მოსაზრებით, რელიგია საზოგადოების განვითარების აღნიშნულ ეტაპზე პროგრესის შემაფერხებელ ფაქტორად გვევლინება („მეცნიერება და რელიგია“, გვ. 75-77).
ვ. ქვაჩახიას თეორიული მემკვიდრეობიდან ცალკე აღნიშვნის ღირსია მისი ნაშრომი „ფილოსოფიის შესავალი“, რომელიც ავტორმა გარდაცვალებამდე რამდენიმე კვირით ადრე დაასრულა. აქ კარგად ჩანს ავტორის ღრმა და მრავალმხრივი ცოდნა ფილოსოფიის სფეროში. აღნიშნულ წიგნში ვ. ქვაჩახიამ მოგვცა ფილოსოფიის სისტემური სურათი და მოახდინა ონტოლოგიის, გნოსეოლოგიის, ლოგიკის, რელიგიის, ეთიკისა და ესთეტიკის, ფილოსოფიის ისტორიის, გამოყენებითი სოციოლოგიის და ა.შ. საფუძვლიანი მიმოხილვა და ანალიზი.
ვ. ქვაჩახიას მეცნიერული ინტერესი არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ ფილოსოფიისა და სოციოლოგიის პრობლემატიკით. განსაკუთრებით აღსანიშნავია მის მიერ „ვეფხისტყაოსნის“ ორიგინალური ინტერპრეტაცია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რუსთველოლოგიისადმი ინტერესი ქართველი ფილოსოფოსების მხრიდან ახალი არ ყოფილა (შ. ნუცუბიძე, მ. გოგიბერიძე და სხვ.), თუმცა, ვ. ქვაჩახია შეეცადა განსხვავებულად დაენახა ამ პოემის ღრმა შინაარსი. მისი ვარაუდით, „ვეფხისტყაოსანი“ დაშიფრული მხატვრული ნაწარმოებია, რომელშიც საიდუმლო შინაარსია ჩაქსოვილი. სტრიქონებს მიღმა იშიფრება არაერთი სიმბოლო და ფაქტი იმდროინდელი საქართველოს სამეფო კარის ისტორიიდან. ავტორის მიერ ორიგინალურადაა გადმოცემული „ვეფხისტყაოსნის“ მთავარი თემები და სიუჟეტები, მოცემულია სხვადასხვა ეპიზოდის/პერსონაჟის საინტერესო ანალიზი და დახასიათება.
გარდა მეცნიერული მოღვაწეობისა, ვ. ქვაჩახია გამოირჩეოდა აქტიური საზოგადოებრივი საქმიანობით. იგი მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა აქტუალურ დისკუსიებსა და საერთაშორისო სიმპოზიუმებში. თანამედროვეები მას ახასიათებდნენ როგორც კარგ ორატორსა და პრინციპულ პიროვნებას.
(ა) ვ. ქვაჩახიას მთავარი ნაშრომები
• მეცნიერება და რელიგია, თბილისი: „საბჭოთა საქართველო“, 1964 წ. (თანაავტორი - ბ. წოწონავა).
• ესთეტიკურის სოციალური არსი, თბილისი: „ლიტერატურა და ხელოვნება“, 1965 წ. (თანაავტორი - შ. გაბილაია).
• ფილოსოფიის შესავალი, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1983 წ.
• „ვეფხისტყაოსნის“ საიდუმლო ანუ ანდერძი რუსთაველისა, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 2004 წ.
(ბ) სამეცნიერო ლიტერატურა ვ. ქვაჩახიას შესახებ
• ბალანჩივაძე, რ.: პროფესორი ვენორ ქვაჩახია, წიგნში: რ. ბალანჩივაძე, ფილოსოფიური და პუბლიცისტური წერილები, თბილისი: „უნივერსალი“, 2011 წ., გვ. 149-154.
• ბარამიძე, ა.: ვენორ ქვაჩახიას მონოგრაფიის გამო, წიგნში: ა. ბარამიძე, ნარკვევები ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, ტ. 9, თბილისი: „მეცნიერება“, 1997 წ., გვ. 192-198.
• ბეჭვაია, დ.: ვენორ ქვაჩახია - 80, იხ.: გელათის მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალი, # 3 (ქუთაისი: „ინტელექტი“, 2005 წ.), გვ. 55-58.
• თევზაძე, გ.: ვენორ ქვაჩახია, იხ.: XX საუკუნის ქართული ფილოსოფიის ანთოლოგია, ტ. 2, ნაკვ. 2, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 2002 წ., გვ. 207-222.
• კვარაცხელია, ვ.: ვენორ ქვაჩახია (სამანდადებული ბედნიერება), თბილისი: „მეცნიერება“, 1990 წ.