პლატონ იოსელიანი (1809-1875 წწ.) XIX საუკუნის ქართული ინტელექტუალური ცხოვრების გამორჩეული ფიგურაა; იგი იყო ისტორიისა და ლიტერატურის მკვლევარი, ფილოსოფიის მასწავლებელი და მრავალი მნიშვნელოვანი სამეცნიერო და საზოგადოებრივი პროექტის ავტორი, რამაც XIX-XX საუკუნეებში მყარი ბაზისი შექმნა ქართული ინტელექტუალური მემკვიდრეობის კვლევისთვის.
პლატონ იოსელიანი დაიბადა საქართველოს სამეფო კართან დაახლოებულ ოჯახში, 1809 წლის 15 ნოემბერს. მამამისი, ეგნატე იოსელიანი, ქართლ-კახეთის უფლისწულ გიორგის (შემდგომში გიორგი XII) მფარველობით სარგებლობდა; გიორგის ვაჟი, იოანე ბატონიშვილი ამის შესახებ წერს: „ესე [ეგნატი] მცირე მეფემან მეათცამეტემან გიორგიმ თვისსა ბატონისშვილობისა შინა აღაზრდევინა სწავლასა შინა საფილოსოფოსოსა და საღვთისმეტყველოსა“. ამგვარად, პლატონ იოსელიანის მამა თავისი დროის სწავლული კაცი იყო; ისტორიულ წყაროებში იგი მოიხსენება, როგორ „მეფის მწერალი“, რომელსაც კარგად სცოდნია სომხური ენა და ლიტერატურა, მას ეკუთვნის რამდენიმე სომხურენოვანი ტექსტის ქართული თარგმანი და ორიგინალური ნაშრომები საქართველოს ეკლესიათა აღწერის შესახებ; არანაკლებ საინტერესოა ისიც, რომ სწორედ მას გადაუწერია პროკლე დიადოხოსის „კავშირის ღვთისმეტყველებითნის“ ძველი ქართული თარგმანი. 1790 წლიდან ეგნატე იოსელიანი სასულიერო პირი იყო და მსახურობდა თბილისში წმ. გიორგის სახელობის სამეფო კარის ეკლესიაში.
გარდა იმისა, რომ პლატონ იოსელიანის ოჯახს მჭიდრო კავშირი ჰქონდა საქართველოს სამეფო სახლთან, მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა იმჟამინდელი საქართველოს არისტოკრატიასთან და ინტელექტუალურ ელიტასთან (ბარათაშვილები, ორბელიანები, ჭავჭავაძეები და სხვ.). ამგვარად, ბუნებრივია, რომ მამისა და გარემოცვის გავლენით პლატონ იოსელიანს ყმაწვილობიდანვე ჰქონდა ინტელექტუალური ინტერესები. თავდაპირველად იგი განისწავლა თელავის სემინარიის ყოფილ რექტორთან, დავით ალექსი-მესხიშვილთან, შემდგომში კი სწავლა განაგრძო იოანე ნათლისმცემლის სამრევლო სასწავლებელში, სადაც მას ასწავლიდა მღვდელი იესე ჩუბინაშვილი - სახელგანთქმული ქართველი ლექსიკოგრაფისა და ენათმეცნიერის, დავით ჩუბინაშვილის მამა. 1819 წლიდან პლატონ იოსელიანი სწავლობდა თბილისის სასულიერო სამაზრო სასწავლებელში, ხოლო 1821 წლიდან მან სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომელიც 1817 წელს გახსნა რუსმა ეგზარქოსმა თეოფილაქტემ. სემინარიაში პლატონ იოსელიანს შეუსწავლია ღვთისმეტყველება, ფილოსოფია და ფილოსოფიის ისტორია, მათემატიკა და ჰერმენევტიკა. 1828-1831 წლებში იგი მუშობდა სამაზრო სასულიერო სასწავლებელში მასწავლებლად, თარჯიმნად და ბიბლიოთეკარად. 1829 წელს, მან წარმატებით დაასრულა თბილისის სასულიერო სემინარია და 1831 წელს ჩაირიცხა პეტერბურგის სასულიერო აკადემიაში. იგი იყო ერთ-ერთი პირველი ქართველი, რომელმაც იმჟამინდელი რუსეთის იმპერიის ეს პრესტიჟული უმაღლესი სასწავლებელი წარჩინებით დაამთავრა და 1835 წელს მიიღო ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხი. საღვთისმეტყველო განათლების მიღების პარალელურად პეტერბურგში პლატონ იოსელიანს შეუსწავლია ბერძნული, ებრაული და ფრანგული ენები.
პეტერბურგში ცხოვრების პერიოდში პლატონ იოსელიანს ახლოს ურთიერთობა ჰქონდა რუსეთში გადასახლებულ საქართველოს სამეფო კარის წევრებთან, ქართველ უფლისწულებთან, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს უკანასკნელ დედოფლებთან - მარიამ ციციშვილთან (გიორგი XII-ის მეუღლე) და მარიამ დადიანთან (სოლომონ II-ის მეუღლე); ამის შესახებ იგი თავადვე გვამცნობს ავტობიოგრაფიულ ჩანაწერში: „მეცა თვით ვიყავ დაახლოებული მეფის ძეთა, ვითარცა მათთანა შინაური, მათთანა დაბინავებული, მათთან გამოკვებული და შენახული მათთანა ოთხსა წელსა...“. პეტერბურგში ყოფნის წლებში იგი მეგობრობდა ზემოხსენებულ დავით ჩუბინაშვილთან და ქართველ რომანტიკოს პოეტ სოლომონ რაზმაძესთან.
სწავლის დასრულების შემდეგ პლატონ იოსელიანი დაბრუნდა თბილისში, სადაც იგი შეუერთდა ახალგაზრდა ქართველ ინტელექტულთა წრეს, რომლის წევრებიც იყვნენ: ნიკოლოზ ბარათაშვილი, პუბლიცისტი და პოეტი მიხეილ თუმანიშვილი, ლიტერატორი კონსტანტინე მამაცაშვილი და სხვ. ქართველ ინტელექტუალთა ეს წრე, რომელიც ქართული ლიტერატურის ისტორიაში ჯერ კიდევ სათანადოდ არ არის შესწავლილი, როგორც ჩანს, იმჟამინდელი თბილისის ინტელექტუალური ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი იყო. ისინი იკრიბებოდნენ ანჩისხატის უბანში, ბარათაშვილების სახლში, აწყობდნენ პოეტურ პაექრობებსა და ინტელექტუალურ დისპუტებს; დიდ ქართველ პოეტთან, ნიკოლოზ ბარათაშვილთან პლატონ იოსელიანის ახლო მეგობრობაზე მიუთითებს ბარათაშვილის მიერ გრიგოლ ორბელიანისადმი მიწერილი ერთ-ერთი წერილი, სადაც პლატონ იოსელიანის შესახებ ასეთ სახუმარო ამბავს ვკითხულობთ: „ჩვენს დიდს პლატონს ძილში კატა დასწოლოდა ბაკენბარდზედ და ასე გაეთელა, რომ ვეღარას გზით ვერ გაუსწორებია, ეს ერთი ბაკენბარდი ასე გათელილი დარჩა. ვურჩევთ, რომ მოიპარსოს, მაგრამ არ გვიჯერებს, ეს აკლდა ამის ფილოსოფოსურს სახეს!“
თბილისში დაბრუნებული პლატონ იოსელიანი მალევე ინიშნება თბილისის სემინარიის ფილოსოფიისა და ფიზიკის მასწავლებლად, პარალელურად იგი ასწავლის თბილისის კეთილშობილ ქალთა სასწავლებელში და თბილისის სომხურ სემინარიაში. 1842 წლიდან პლატონ იოსელიანი უფრო ინტენსიურად შეუდგა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას, მან მოაწყო რამდენიმე კვლევითი ექსპედიცია დასავლეთ საქრთველოში, სადაც აგროვებდა არქეოლოგიურ მასალებსა და ქართული ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს. ამავე პერიოდიდან იგი მუშაობდა ჯერ პეტერბურგში, რუსეთის ეკლესიის სინოდის კანცელარიაში, ხოლო 1944 წლიდან კი საქართველო-იმერეთის სასინოდო კანტორაში სხვადასხვა პოზიციებზე. 1857 წლიდან იგი მუშაობას აგრძელებს კავკასიის მეფისნაცვლის კაბინეტის მოხელის რანგში, 1859 წელს მან მიიღო სახელმწიფო მრჩევლის ჩინი. ამავე პერიოდიდან იგი მოღვაწეობს სხვადასხვა უწყებებში, სასკოლო განათლებისა და საბიბლიოთეკო რესურსების განვითარების მიმართულებით. 1846 წელს პლატონ იოსელიანი სათავეში ჩაუდგა რუსულენოვან გაზეთ „ზაკავკასკი ვესტნიკს“, ათი წლის მანძილზე იყო ამ გაზეთის რედაქტორი და აქვეყნებდა თავის ნაშრომებს საქართველოს ისტორიის შესახებ. 1849 წელს პლატონ იოსელიანმა იმოგზაურა ათონის მთაზე; ეს იყო კვლევითი ექსპედიცია, რომელმაც რამდენიმე თვეს გასტანა; ამ პერიოდის განმავლობაში მან აღნუსხა ათონის ივერთა მონასტერში დაცული ქართული ხელნაწერები, რამაც დიდი წვლილი შეიტანა ძველი ქართული მწერლობის ფართო სურათის რეკონსტრუქციის საქმეში.
ჯერ კიდევ 1830-იანი წლების ბოლოდან პლატონ იოსელიანის სამეცნიერო მოღვაწეობაში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა ფრანგმა ორიენტალისტმა და ქართველოლოგმა მარი ბროსემ, რომელიც ამ პერიოდიდან პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის წევრი იყო და აქტიურად იკვლევდა ძველ ქართულ კულტურას. პლატონ იოსელიანმა ახლო ურთიერთობა დაამყარა ბროსესთან; იგი მას სწერდა წერილებს და უგზავნიდა თავის მიერვე მიკვლეულ მასალებს, ძველ ქართულ ხელნაწერებსა და გამომცემებს. ამგვარად, თავის მხრივ, მან ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა მარი ბროსეს ქართველოლოგიური შემოქმედების განვითარებაში, რომელიც XIX საუკუნის ევროპის სამეცნიერო წრეებში ქართული კულტურის შესახებ ცოდნის მთავარი წყარო გახდა. სწორედ პლატონ იოსელიანის, დავით ჩუბინაშვილისა და თეიმურაზ ბაგრატიონის მარი ბროსესთან ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად, კვალიფიციურად და მეცნიერულად დამუშავებული ცოდნა საქართველოს ისტორიისა და ძველი ქართული მწერლობის შესახებ პირველად გავიდა საერთაშორისო ასპარეზზე. ბროსეს მოღვაწეობისა და მისიის მნიშვნელობა თავიდანვე კარგად ესმოდა პლატონ იოსელიანს, რომელიც პეტერბურგში ახლადჩამოსულ ბროსეს სწერდა: „განვლო დუმილმან საუკუნეთა და გონებათა განიღვიძეს დასაბამად ამა დიდისა ეპოხისა, ვიტყვი პირუთვნებელად, გამოსჩნდით თქვენ“. ბროსეს საქართველოში მოგზაურობისას იოსელიანი მისი მასპინძელი და მეგზური იყო.
1860-იან წლებიდან მოყოლებული პლატონ იოსელიანი ამუშავებდა და გამოსცემდა მის მიერ აღმოჩენილ ძველ ქართულ ხელნაწერებს, რომელთა შესახებაც ვრცელ პუბლიკაციებს აქვეყნებდა ქართულ და რუსულ პრესაში. პლატონ იოსელიანის მრავალმხრივმა მოღვაწეობამ მნიშვნელოვანი აღიარება პოვა, როგორც საქართველოსა და რუსეთში, ასევე ევროპაშიც: 1840 წელს იგი აირჩიეს ამიერკავკასიის სტატისტიკური კომიტეტის წევრ-კორესპონდენტად, 1847 წელს ოდესის ისტორიის და სიძველეთა საზოგადოების ნამდვილ წევრად, 1849 წელს პეტერბურგის არქეოლოგიისა და ნუმიზმატიკის საზოგადოების წევრ-კორესპონდენტად, 1852 წელს პეტერბურგის საიმპერატორო რუსული გეოგრაფიული საზოგადოების ნამდვილ წევრად, 1863 წელს ათენის სამეფო არქეოლოგიური საზოგადოების წევრად, ხოლო 1868 წელს პარიზის სააზიო საზოგადოების წევრად. მას მიღებული ჰქონდა რამდენიმე ჯილდო რუსეთის სამეფო კარისგან.
პლატონ იოსელიანი გარდაიცვალა 1875 წლის 15 ნოემბერს, თბილისში, თავდაპირველად იგი დაკრძალეს სოლოლაკში, მის მიერვე აშენებულ ამაღლების ეკლესიაში, მოგვიანებით კი გადაასვენეს დიდუბის პანთეონში. მისი საფლავის ქვაზე არის წარწერა, რომელიც მფლობელის ვინაობისა და საქმეების შესახებ ამბობს: „დეისტვიტელნი სტატსკი სოვეტნიკი პლატონ ეგნატის ძე იოსსელიანი, მიმღები უმაღლესისა განათლებისა, იყო რა წევრად რავდენთამე სამეცნიერო საზოგადოებათა რუსეთისა და ევროპის ქუეყნებისათა, ამან განამდიდრა სამშობლო ქუეყანა თვისი საქართველო, მრავლითა სხუა და სხუა გუარითა სასარგებლო თხზულებაებითა და დასასრულ 66 წლისამ ჰპოვა საუკუნო სადგური სართულსა ქუეშე ამა მისგანვე აღშენებულსა ამაღლების ეკლესიასასა“.
პლატონ იოსელიანის შემოქმედება მოიცავს ათეულობით სამეცნიერო პუბლიკაციას, რომელთა დიდი ნაწილი ქვეყნებოდა რუსულენოვან პრესაში. ამ ნაშრომებში ავტორი განიხილავდა საქართველოს პოლიტიკური ისტორიის, საეკლესიო ისტორიის, გეოგრაფიის, საღვთისმეტყველო, ფილოსოფიური და მხატვრული მწერლობის საკითხებს. მისი განსაკუთრებული ინტერესის საგანი იყო შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“, რომელსაც მან არაერთი პუბლიკაცია მიუძღვნა; მან დიდი როლი შეასრულა რუსთაველის პოპულარიზაციის საქმეში და სურდა, რომ მსოფლიო ლიტერატურაში რუსთაველისათვის კუთვნილი ადგილი მოეპოვებინა.
პლატონ იოსელიანმა დიდი როლი შეასრულა ქართული მწერლობის მნიშვნელოვანი ძეგლების მოძიების, აღდგენისა და გამოცემის საქმეში. 1838 წელს მან გამოსცა შუა საუკუნეების ქართული მწერლობის ორი უმნიშველოვანესი წარმომადგენლის, ჩახრუხაძისა და იოანე შავთელის თხზულებები, მომდევნო წლებში კი იოსებ თბილელის „დიდი მოურავიანი“ (1851 წ.); ტიმოთე ქართლის მთავარეპისკოპოსის „მიმოხილვა“ (1852 წ.); „იონა რუისის მიტროპოლიტის მოგზაურობა“ (1853 წ.); არჩილის „ცხოვრება მეფის თეიმურაზ პირველისა“ (1853 წ.); ანტონ ბაგრატიონის „წყობილსიტყვაობა“ (1853 წ.).
ძველი ტექსტების გარდა, პლატონ იოსელიანი გამოსცემდა თანამედროვე ავტორთა ტექსტებსაც; 1850 წელს მისი რედაქციით გამოიცა გიორგი ერისთავის „გაყრა“, ნაწარმოები, რომელმაც ქართული დრამატურგიის დაფუძნებაში დიდი როლი შეასრულა. პლატონ იოსელიანის მრავალი მნიშვნელოვანი პუბლიკაცია გამოცემულია რუსულ ენაზე, მათ შორის: „თბილისის სიძველენი“, „საქართველოს ეკლესიის მოკლე ისტორია“, „მცხეთის ტაძარი“, „დიდი მოურავის ცხოვრება“, „საქართველოს ძველი და ახალი ქალაქები“, „მთაწმინდა“, „ქალაქ დუშეთის აღწერა“, „მოგზაურობა დაღესტანში“, „შოთა რუსთაველი“, „მოგზაურობა თბილისიდან მცხეთამდე“, „ქართველები და მათი ძველი სახელწოდებანი“, „ქართული წელთაღრიცხვა“, „კაცხის ტაძარი იმერეთში“, „მოგზაურობა კახეთში“, „მარტყოფის მონასტერი“ და სხვ.
1843 წელს, მან პეტერბურგში რუსულ ენაზე გამოსცა „საქართველოს ეკლესიის მოკლე ისტორია“. ეს წიგნი რამდენიმე რუსულ სასულიერო სემინარიაში დამხმარე სასწავლო მასალადაც კი მიიღეს; ამავე წელს მან გამოსცა ქართული გრამატიკის სახელმძღვანელოც.
პლატონ იოსელიანის ნაშრომებს შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ვრცელი, ფუნდამენტური გამოკვლევა ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფისა და იმჟამინდელი საქართველოს პოლიტიკური მდგომარეობის შესახებ. ეს ნაშრომი „ცხოვრება გიორგი მეცამეტისა“ ქართული საისტორიო მწერლობის უდავოდ გამორჩეული ნიმუშია. ის შესრულებულია XIX საუკუნის მეცნიერული კრიტერიუმების სრული დაცვით, მასში ავტორმა ვრცელი და მრავალმხრივი ისტორიული მასალები, ხელნაწერები და გადმოცემები შეკრიბა, დაამუშავა და საქართველოს ისტორიის ამ უმნიშვნელოვანესი პერიოდის შესახებ მონუმენტური ნაშრომი შექმნა. მართალია, ნაშრომში ზოგან გვხვდება, ერთი მხრივ, გადაჭარბებული მოწიწება და ქება მეფე გიორგისა, ხოლო, მეორე მხრივ, დადებითი შეფასება რუსეთის საიმპერატორო კარის მიერ საქართველოს მიმართ განხორციელებული პოლიტიკისა, თუმცა, საბოლოო ჯამში, ის ერთ-ერთი პირველი მაღალი მეცნიერული სტანდარტით დაწერილი ნაშრომია საქართველოს ისტორიის შესახებ.
პლატონ იოსელიანის მსოფლმხედველობა და სოციალურ-პოლიტიკური შეხედულებები რუსული იმპერიალისტური აზროვნების იდეებით იყო დაღდასმული. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა 1860-იანი წლებიდან, როდესაც ასპარეზზე გამოვიდა ქართველ ინტელექტუალთა ახალი თაობა (ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ნიკო ნიკოლაძე და სხვ.), რომელიც, თავის მხრივ, მნიშვნელოვან ამოცანად მიიჩნევდა ეროვნულ-სახელმწიფოებრივი იდეების პოპულარიზაციასა და პოლიტიკური თავისუფლებისათვის ბრძოლას. მათგან განსხვავებით, პლატონ იოსელიანი საქართველოს მომავალს რუსეთის იმპერიაში ხედავდა, საქართველოს ეკლესიას რუსული ეკლესიის ნაწილად თვლიდა, ხოლო ქართველი ინტელექტუალების მთავარ საქმედ კი ძველი ქართული კულტურის სიღმისეულ კვლევასა და მიღწეული შედეგების რუსეთსა და ევროპაში გატანას მიიჩნევდა, რათა ეროვნულ-კულტურულ მემკვიდრეობას სათანადო აღაირება და დაფასება მოეპოვებინა საზღვარგარეთ. გარდა ამისა, პლატონ იოსელიანი კატეგორულად ეწინააღმდეგებოდა ახალგაზრდა თაობის მიერ წამოწყებულ ქართული ენის ემანსიპაციის პროექტს, მას მტკიცედ სჯეროდა, რომ ამის შედეგად ქართული ენა დაკარგავდა თავის სიღრმესა და კეთილხმოვანებას. ამგვარად, პლატონ იოსელიანი XIX საუკუნის ქართული კულტურის ისტორიის ერთ-ერთი უმნიშველოვანესი ეპიზოდის, ე.წ. „მამათა და შვილთა ბრძოლის“ ერთ-ერთი მთავარი მონაწილე და სულისჩამდგმელიც იყო. ამ კონფლიქტის სხვადასხვა მტკივნეულმა პერიპეტიებმა პლატონ იოსელიანს ქართულ ინტელექტუალურ სივრცეზე გული აუცრუა, მან შეწყვიტა ქართულად წერა და სიცოცხლის ბოლო წლებში მხოლოდ რუსულად აქვეყნებდა თავის ნაშრომებს.
პლატონ იოსელიანის მრავალ პუბლიკაციას შორის ყველაზე დიდი გამოხმაურება პოვა მისმა ზემოხსენებულმა ნაშრომმა „საქართველოს ეკლესიის მოკლე ისტორია“, რომელიც რუსულად გამოიცა 1843 წელს. წიგნის პირველი რეცენზიაც მალევე დაიბეჭდა ცნობილ რუსულ ლიტერატურულ გაზეთში; რეცენზიის ავტორი იყო იმჟამად ახალგაზრდა და შემდგომში სახელგანთქმული რუსი პოეტი და პუბლიცისტი ნიკოლოზ ნეკრასოვი, რომელიც პლატონ იოსელიანის ამ ნაშრომის დიდი მნიშვნელობისა და ღირებულების შესახებ მიუთითებდა. 1860-იან წლებში ეს ნაშრომი ითარგმნა ინგლისურად, თარგმანი რუსულიდან შეასრულა ანგლიკანმა მღვდელმა სოლომონ სიზარ მალანიმ: „History of Georgian Church, translated and edited from the Russian of P. Ioselian. By Rev S. C. Malan“. მოგვიანებით, 1956 წელს, ბრიტნელმა ქართველოლოგმა დევიდ ლანგმა თავის ცნობილ ნაშრომში „Georgian Studies in Oxford“ ფართოდ მიმოიხილა პლატონ იოსელიანის ეს ნაშრომი და, მასზე დაყრდნობით, საქართველოს ისტორიის შესახებ უაღრესად საყურადღებო ინგლისურენოვანი გამოკვლევა შექმნა. პლატონ იოსელიანის შემოქმედება მთავარ წყაროდ იქცა ქართული ლიტერატურის ქართველ მკვლევართათვისაც; მას სოლიდური გამოკვლევები მიუძღვნეს ზაქარია ჭიჭინაძემ, აკაკი გაწერელიამ, იოსებ მეგრელიძემ და გიორგი ლეონიძემ, ხოლო გურამ შარაძემ კი ვრცელი ნაშრომი გამოსცა იოსელიანის რუსთველოლოგიური კვლევების შესახებ. პლატონ იოსელიანის ხელნაწერები და პირველი გამოცემები დაცულია კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო არქივში.
• გაწერელია, ა.: პლატონ იოსელიანი, ჟურნალში: „მნათობი“, # 6-7 (ტფილისი, 1933 წ.), გვ. 274-298.
• იოსელიანი, პ.: ცხოვრება მეფე გიორგი მეცამეტისა, თფილისი: „სტამბა ექვთიმე ხელაძისა“, 1893 წ.
• ტაბლიაშვილი, თ.: დოკუმენტური მასალები პლატონ იოსელიანის შესახებ, ჟურნალში: „საისტორიო მოამბე“, ტ. 27-28, თბილისი, 1973 წ., გვ. 57.
• ყუბანეიშვილი, ს.: პლატონ იოსელიანის წერილები აკად. მარი ბროსესადმი, იხ.: ბათუმის სახელმწიფო სამასწავლებლო ინსტიტუტის სამეცნიერო შრომების კრებული, # 1 (ბათუმი, 1941 წ.), გვ. 149-201.
• შარაძე, გ.: პლატონ იოსელიანი რუსთველოლოგი, თბილისი: „მეცნიერება“, 1980 წ.
• ჭიჭინაძე, ზ.: პლატონ იოსელიანი, ტფილისი, 1893 წ.