იოანე იტალოსი (Ἰωάννης ὁ Ἰταλός) (†1082-ის შემდეგ) – ბიზანტიელი ფილოსოფოსი და პედაგოგი, წარმოშობით იტალიიდან (Ἰταλός „იტალიელს“ ნიშნავს), მიქაელ ფსელოსის მოწაფე, კონსტანტინოპოლის ფილოსოფიური სკოლის ხელმძღვანელი (1082 წლამდე).
იოანეს ბავშვობა სიცილიაში გაუტარებია, სადაც მამამისი ჯარში მსახურობდა. 1043 წელს იქ დაწყებული არეულობების გამო ოჯახი კალაბრიაში გადასახლებულა. დაახლოებით 1049 წელს ახალგაზრდა იოანე კონსტანტინოპოლში ჩამოდის და მიქაელ IX მონომაქოსის (1042–1054 წწ.) მიერ დაარსებული საიმპერიო უმაღლესი სასწავლებლის ფილოსოფიის განყოფილებაზე (მანგანას წმინდა გიორგის მონასტერში), მიქაელ ფსელოსის მოწაფე ხდება. 1055 წელს (ზოგიერთი მოსაზრებით, 70-იან წლებში) იგი ამ პოსტზე თავის მასწავლებელს ცვლის და მის მსგავსად „ფილოსოფოსთა იპატოსის“ ტიტულსაც იღებს. იტალოსს დიპლომატიურ ასპარეზზეც ვხედავთ. როგორც იმპერატორ მიქაელ VII დუკასთან (1071-1078 წწ.) დაახლოებულ პირს, მას ეპიდამნოსში გზავნიან ნორმანებთან მოსალაპარაკებლად. წარუმატებელი მისიის გამო იტალოსი იმპერატორის კარის რისხვის მიზეზი ხდება, რის გამოც ჯერ რომს მიაშურებს, შემდეგ კი შეწყალებული ისევ კონსტანტინოპოლში ბრუნდება. გარკვეულ ხანს იტალოსი მონასტერში ატარებს, შემდეგ კი ფილოსოფიური სკოლის სათავეშია.
ფილოსოფიურ სკოლაში იტალოსი მიყვება ფსელოსის მიერ შემუშავებულ სასწავლო პროგრამას იმ განსხვავებით, რომ რიტორიკასა და ფილოსოფიას შორის ბალანსი მასთან მკვეთრად იცვლება ფილოსოფიის სასარგებლოდ. ანტიკური ნააზრევის გამოყენებასაც იგი მასწავლებელზე მეტი თავისუფლებით უდგება. ფილოსოფიის სწავლებას იტალოსი იწყებს დიალექტიკით, განსაკუთრებულ ყურადღებას და დროს არისტოტელეს ლოგიკური შრომების შესწავლას უთმობს, როგორც იარაღისას („ორგანონი“) ფილოსოფოსობისათვის, შემდეგ კი ასწავლის პლატონსა და ნეოპლატონიკოს ფილოსოფოსებს.
მისი თანამედროვე ანა კომნენე მამის – იმპერატორ ალექსისადმი მიძღვნილ მემუარულ ნაშრომში („ალექსიადა“, 5, 8) იტალოსს ახასიათებს როგორც ერუდირებულ, მაგრამ უკულტურო ადამიანს, რომელსაც დებატების დროს შეეძლო ხელითაც კი შეხებოდა მოწინააღმდეგეს. „მაგრამ მერე სინანულის ცრემლს ღვრიდაო“, – აღნიშნავს ანა, რომელიც მის ასეთ სიუხეშეს რიტორიკასა და გრამატიკაში გაუწაფავობას მიაწერს. ანას განსაკუთრებულ აღშფოთებას იწვევს იტალოსის დაპირისპირება თავის მასწავლებელთან – ფსელოსთან, რომლის ნიჭის, სიბრძნისა და ცოდნის შესახებ იგი აღფრთოვანებით ლაპარაკობს. ანას თქმით, იმპერატორი მიქაელი და მისი ძმები, უაღრესად „სიტყვისმოყვარენი“ (φιλολογότατοι), ფსელოსს ანიჭებდნენ უპირატესობას, თუმცა იტალოსიც უყვარდათ და მას სასახლის კარზე გამართულ დისპუტებში იწვევდნენ. „ამ სიტყვიერი პაექრობების დროს იტალოსი ყოველთვის ანთებული იყო და შეშლილივით უყურებდა ფსელოსს, როცა ის არწივივით დააფრინდებოდა ხოლმე მის სოფისტობებსო“. ანა კომნენე უთუოდ სუბიექტურია იტალოსის შეფასებებში, მაგრამ მოწაფესა და მასწავლებელს შორის უთანხმოება ფსელოსის თხზულებებშიც პოვებს დადასტურებას. სწავლის პერიოდში იტალოსი, როგორც ჩანს, პროგრამის სწრაფად გავლას ითხოვდა (ფსელოსი, „მცირე სიტყვები“, 18). იტალოსის საქებრად დაწერილ სიტყვაში ფსელოსი უწონებს მას პოლემიკის სტრატეგიას და ტაქტიკას, მაგრამ რიტორიკულ უნარსა და ენობრივ მხარეს, შეიძლება ითქვას, დაუნდობლად აკრიტიკებს. აქვე ფსელოსი საკუთარ თავს როგორც მოწაფეთა სულიერად მშობელს იმ მშობიარე ქალს ადარებს, რომელსაც ეტყვიან, ბავშვის მაგივრად გველი შვიო და ის კი მას სიყვარულით მიიღებს (ფსელოსი, „მცირე სიტყვები“, 19).
იტალოსის მიერ წარმართული ნააზრევის სწავლების ხასიათი კონსტანტინოპოლის გავლენიან წრეებს იმდენად საეჭვო ეჩვენებოდათ, რომ, მიუხედავად იმპერატორის მფარველობისა, 1077 წელს სინოდმა მისი საქმიანობის გამოძიება დაიწყო. შედეგად, ანათემატიზებულ იქნა რამდენიმე დებულება, რომელსაც ის ასწავლიდა, ოღონდ მისი სახელის ხსენების გარეშე. ამგვარი გაურკვევლობის გამო იტალოსი იძულებული გახდა კონსტანტინოპოლის პატრიარქისათვის – კოზმა I იერუსალიმელისათვის – საკუთარი რწმენის აღსარების შესახებ წერილობით მოეხსენებინა და ეთხოვა მისი საქმის გადახედვა, მაგრამ პატრიარქმა თავი შეიკავა საქმის ხელახალი აღძვრისაგან. იტალოსი ისევ მოექცევა ყურადღების ცენტრში, როდესაც ახალი იმპერატორი ალექსი I კომნენოსი სპეციალურ განკარგულებას გამოსცემს, რომლის მიხედვითაც საღვთისმეტყველო განათლებაში უპირატესობა წმინდა წერილისა და წმინდა მამების ნააზრევის სწავლებას უნდა მიენიჭოს. ანა კომნენე აღნიშნავს, რომ იტალოსი ცუდ ზემოქმედებას ახდენდა ადამიანებზე, განსაკუთრებით, ახალგაზრდებზე, რომლებიც მისკენ ილტვოდნენ. „მამაჩემს, იმპერატორი რომ გახდა, ეკლესია აღელვებული და ამღვრეული დახვდა იტალოსის მოძღვრებების გამო“, – აცხადებს იგი. ანას თქმით, სწორედ ამან განაპირობა იტალოსის, როგორც შფოთის გამღვივებლისა და ადამიანთა შემცდენლის წინააღმდეგ საქმის ხელახლა აღძვრა. იტალოსის გავლენის მაჩვენებელია ის, რომ პატრიარქი ევსტრატი გარიდა, რომელიც მის საქმეს იძიებდა, კინაღამ თავად მიიქცა იტალოსის იდეებისაკენ.
1082 წლის მარტში, ორთოდოქსიის კვირას, სინოდმა დაგმო იტალოსის სწავლებები როგორც ერეტიკულნი. ანათემის 11 თავში დაგმობილ იქნა როგორც შინაარსი სწავლებებისა (მატერიისა და იდეების მარადიულობა, სულთა წინარეარსებობა და, შესაბამისად, აღდგომის შემდეგ არამატერიალური სხეულებით აღდგომა და მეტემფსიქოზი; ღვთისმიერი სასწაულების არაჯეროვანი ახსნა), ასევე ფილოსოფიური პოზიცია (მამებთან შედარებით წარმართ ფილოსოფოსთა მოძღვრებებისათვის უპირატესობის მინიჭება სამყაროსა და ადამიანის სულის შესახებ სწავლებისას) და მეთოდი კვლევისა (მსჯელობის მეშვეობით ქრისტიანულ საიდუმლოთა ახსნის მცდელობა). ბრალდებების მიხედვით, იტალოსის შეხედულებები ეკლექტურია, თუმცა, მთლიანობაში იგი წარმოგვიდგება როგორც პლატონიზმისაკენ მიდრეკილი მოაზროვნე და ორიგენისტული იდეების შემწყნარებელი. იგი იძულებული ხდება საჯაროდ უარყოს თავისი შეხედულებები, რის შემდეგაც მას აეკრძალება პედაგოგიური საქმიანობა და მონასტერში იქნება გაგზავნილი. მასწავლებლობის აკრძალვა გარკვეული ხნით მის მოწაფეებზეც გავრცელდა.
საინტერესოა, რომ ანონიმურ სატირულ დიალოგში „ტიმარიონი“ (XII ს.), იტალოსი გამოყვანილია პიროვნებად, რომელიც ჰადესში ვერავისთან ახერხებს მიკედლებას: ძველი ფილოსოფოსები (პითაგორა და სხვები) მას ხელს ჰკრავენ როგორც გალილეველს (ალბათ, რაკი სინოდის წინაშე მან საბოლოოდ უარი თქვა თავის შეხედულებებზე), ხოლო სოფისტები არ იღებენ როგორც გრამატიკის არმცოდნეს. იტალოსი ხელჩართულ ჩხუბსაც კი მართავს დიოგენესთან (რომელიც ასევე მიუღებელია იქ ყველასათვის).
იოანე იტალოსის ნაწერები (ისევე როგორც ფსელოსისა) სასკოლო კურსის მოთხოვნებით არის განსაზღვრული. ეს არის, უმთავრესად, ანალიტიკური კომენტარები და ტრაქტატები სხვადასხვა საკითხზე: რიტორიკისა და დიალექტიკის შესახებ, ლოგიკის როგორც ორგანონის შესახებ, კატეგორიების, სილოგიზმის სახეების, უნივერსალიების შესახებ, სათნოებათა შესახებ, სამყაროს საწყისის, ჰიპოსტასთა შესახებ, ადამიანის სულის უკვდავებაზე, კოსმოსის ხრწნადობასა და აღდგომაზე, იმის შესახებ, რომ ელემენტების რაოდენობასთან დაკავშირებით არისტოტელესა და პლატონს შორის წინააღმდეგობა არ არის, ასევე „ოდისეას“ ერთ პასაჟზე, რომელიც სიზმრებთან არის დაკავშირებული და სხვ. ყოველივე ეს შემონახულია კრებულში, რომელიც სხვადასხვა საკითხზე სხვადასხვა პირის მიერ (მათ შორის, იმპერატორ მიქაელ დუკასა და მისი ძმის ანდრონიკეს) იტალოსისათვის დასმულ კითხვებზე პასუხებს აერთიანებს (სულ 93 კითხვა-პასუხია). პატრიარქისადმი იტალოსის წერილის ავთენტურობა საეჭვოდ მიიჩნევა.
იტალოსის ნაშრომთა წყაროებია: არისტოტელე, პლატონი, ნეოპლატონიკოსები. ამასთან, არისტოტელეს გადმოცემისას მასთან ალექსანდრე აფროდისიელის გამოყენებაზეც მიუთითებენ. იტალოსის ანათემასთან დაკავშირებული იდეების ნაწილს მის ნაწერებში ვერ ვხედავთ (მაგალითად, მეტემფსიქოზს). ამის გამო და იმიტომაც, რომ ანათემატიზმები სინოდიკონის ყველა ხელნაწერში დაკონკრეტებული არ არის, ფიქრობენ, რომ მათი ჩამონათვალი არა იტალოსის, არამედ ზოგადად ელინური ნააზრევის მიმართ სკოლის პოზიციისა და ასევე წმინდა მამათა გამონათქვამების ინტერპრეტაციის სკოლაში მიღებული მეთოდის დაგმობას უნდა წარმოადგენდეს.
იტალოსის ნაწერების დიდი ნაწილი არ ტოვებს დასრულებული, გამოსაქვეყნებლად გამიზნული შრომების შთაბეჭდილებას. ეს უფრო სალექციო ჩანაწერებია, ან თავად ლექტორის, ან მისი მოსწავლეებისა თუ მსმენელებისა (ჩვენამდე მოღწეულ ტექსტში, როგორც ჩანს, არაავთენტური გვიანდელი ჩანართებიც უნდა იყოს). ამავე დროს, თავად იტალოსისაგან ვიგებთ, რომ გარკვეულ საკითხებს იგი მხოლოდ „ცოცხალი ხმით“, ანუ მოწაფეებთან უშუალო საუბრისას ეხებოდა (ტრაქტ. 68). იტალოსის ნაწერები მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც გვიჩვენებენ შემოქმედებით პროცესს, ფილოსოფიურ აზროვნებას. იგი სხვადასხვა ასპექტით განიხილავს საკითხს, ფიქრობს, აანალიზებს ლოგიკურად, ეძებს აპორიებს და ცდილობს მათ ახსნას. ამის გამოა, რომ სხვადასხვა ტრაქტატში მისი პოზიცია შეიძლება წინააღმდეგობრივიც აღმოჩნდეს. მაგალითად, ერთ ტრაქტატში ის საწყისის შესახებ მსჯელობს „საპირისპიროების“ (ანტონიმების) რაობის ლოგიკური ანალიზის საფუძველზე, რაც, შედეგად ორი უქმნელი საწყისის აღიარებამდე მიდის: რაკი საპირისპირო სხვასთან დაპირისპირებულს გულისხმობს, დაპირისპირებულთაგან ერთის არსებობა აუცილებელს ხდის მეორის არსებობასაც. ამიტომ, თუკი სიკეთესა და ბოროტებას საპირისპიროებად მივიჩნევთ და ვამბობთ, რომ სიკეთე არსებაა, ასევე არსებად უნდა ვაღიაროთ ბოროტებაც (ტრაქტ. 59). მაგრამ სხვა ტრაქტატში, რომელიც ღვთაებრივი ტრიადის განხილვას ეძღვნება, ის მეტაფიზიკური თვალთახედვით მსჯელობს და ერთი საწყისის აუცილებლობას ასაბუთებს: საწყისი, რომელიც ყველაფრის მიზეზია და რომლის გარეშეც სიმრავლე არ არსებობს, აუცილებლად ერთი უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას „საწყისსაც“ ვერ ვუწოდებთ (ტრაქტ. 69).
საკითხთან დაკავშირებული აპორიების ახსნისას იტალოსი ხშირად ახალ და ახალ აპორიებს გამოავლენს და მსჯელობისას, შეიძლება, საბოლოო პოზიტიურ დასკვნამდე არც კი მივიდეს, როგორც, მაგალითად, ტრაქტატში დროის შესახებ: ტრაქტატი იწყება დროის, როგორც „მარადიული დინების მოაზრებად“ განსაზღვრის აპორიულობის წარმოჩენით და ამ განსაზღვრების თითოეული ტერმინის ცალ-ცალკე ანალიზის შემდეგ სრულდება შემდეგი დასკვნით: „ამრიგად, დრო არ არის მოაზრება („ეპინოია“) – არც ლიტონი და არც რაიმე სხვაგვარად წოდებული აზრი. არც დინებაა. თუმცა, დასაბუთდა, რომ არსებობს დინებადი და ცვალებადი რამ, რომელსაც დროს თუ ვუწოდებთ, ჭეშმარიტებას არ ავცდებით“ (ტრაქტ. 60). თუკი ამ ტრაქტატში იტალოსი დროს ობიექტურად არსებულად აღიარებს, რომელიც მოძრავია და გაზომვადი, მაგრამ მის შემდგომ განსაზღვრას თავს არიდებს, სხვა ნაშრომში – „ფიზიკურ აპორიებში“ – იგი დროის საზომთან მიმართების საკითხსაც ღიად ტოვებს და აცხადებს: „დრო არც მზომავია მოძრაობისა და არც გაზომილი“ (ტრაქ. 65).
საინტერესოა იტალოსის ხედვა ნეოპლატონური საწყისებისა. მისი თქმით, „ელინი ღვთისმეტყველნი“ სამყაროს სამ საწყის ჰიპოსტასად არსებას, გონებას და სულს ასახელებენ, ხოლო ამათ „მიღმურს“ უწოდებენ ერთსა და სიკეთეს. სწორედ ამ ერთსა და სიკეთეს მიიჩნევენ ისინი არსებულთა ჭეშმარიტ საწყისად, რადგან ერთს ყველაფერი ეზიარება, „სტერესისთა“ ჩათვლითო, – აცხადებს იტალოსი. რაც შეეხება სხვა დანარჩენის „საწყისად“ მოხსენიებას, ამას, იტალოსის განმარტებით, შეფარდებითი ხასიათი აქვს, რადგან არსება, გონება და სული საწყისებად იწოდებიან მხოლოდ და მხოლოდ როგორც არსებულთა გარკვეული წყების მიზეზნი. ტრაქტატი, რომელშიც იგი სამყაროს საწყისებზე ელინთა მოსაზრებებს განიხილავს, პლატონურ-ნეოპლატონური და არისტოტელური კონცეფციების ერთგვარ სინთეზს წარმოგვიდგენს და ჰერმეტიკული ლექსის ფრაგმენტით სრულდება (ტრაქტ. 68).
გვარებისა და სახეების შესახებ იტალოსის თხზულების მკვლევარნი მას ნომინალიზმის მომხრეთა შორის მოიაზრებენ. ამავე დროს, მიიჩნევა, რომ ბიზანტიაში სწორედ იტალოსთან იბრუნებს ფილოსოფია ავტონომიას, ვინაიდან თეოლოგიურ პრობლემებსაც კი იგი ფილოსოფიურ საფუძველზე განიხილავს. თვით წმინდა მამების ტექსტების კომენტირების დროსაც კი, იტალოსი, როგორც წესი, არ მოუხმობს ციტაციებს წმინდა წერილიდან. იგი ცდილობს საკითხი თავადვე გაანალიზოს და თავის მსჯელობებში წარმართული და ქრისტიანული ნააზრევი საკუთარი შეხედულებისამებრ გამოიყენოს. სწორედ ეს რაციონალისტური მეთოდი კვლევისა და არგუმენტაციისა, ანტიკური ფილოსოფიის მიმართ მის მიერ დაკავებულ პოზიციასთან ერთად, არის განმსაზღვრელი იოანე იტალოსის ადგილისა ფილოსოფიის ისტორიაში.
ცალკე აღნიშვნას იმსახურებს იტალოსის წერილი „აბაზგი გრამატიკოსისადმი“, რომელიც გრამატიკის საკითხებს შეეხება. გამოთქმულია მოსაზრება, რომლის მიხედვით წერილის ადრესატი შესაძლოა იოანე პეტრიწი იყოს.
ერთ-ერთი პირველი გამომცემელი (1924–1926 წწ.) და მკვლევარი იოანე იტალოსისა იყო საერთაშორისო აღიარების ქართველი მეცნიერი გრიგოლ წერეთელი.
იტალოსის მოწაფეები აქტიურად აგრძელებენ არისტოტელეს კომენტირების ტრადიციას. მასწავლებლის მსგავსად უდგებიან ისინი თეოლოგიური საკითხების კვლევასაც და, შედეგად, მასწავლებლის მსგავსად მათაც ერესში ადანაშაულებენ. იტალოსის მოწაფეთაგან ყველაზე ცნობილია ევსტრატი ნიკიელი, რომლის კომენტარები არისტოტელეზე შუა საუკუნეებშივე ითარგმნა ლათინურად.
იტალოსის გავლენას (ისევე როგორც ფსელოსისას) ვხედავთ იოანე პეტრიწთან. ეს გამოიხატება მათ მიერ საერთო წყაროებით სარგებლობაში, ნეოპლატონიზმის მიმართ მათ დამოკიდებულებაში და, ასევე, ფილოსოფიურ-საღვთისმეტყველო მეთოდში, რაც, უპირველეს ყოვლისა, ადამიანის გონების შესაძლებლობათა ხაზგასმას, ყველა ავტორისა და ყველა კონცეფციის საკუთარ სულშივე არსებული კრიტერიუმით განსჯას გულისხმობს.
(ა) იოანე იტალოსის ტექსტების გამოცემები და თარგმანები
• თხზულებები, გამოსცა ნ. კეჭაღმაძემ (გრ. წერეთლის მასალების მიხედვით), თბილისი, 1966 წ.
• აბაზგ გრამატიკოსს გრამატიკის ზოგიერთი საკითხის სიძნელეთა შესახებ, თარგმნა ნ. კეჭაღმაძემ, წიგნში: ნ. კეჭაღმაძე, იოანე იტალოსის შემოქმედება, თბილისი, 1970 წ., გვ. 149-153.
• ფილოსოფიური ტრაქტატები, თარგმანი მ. მჭედლიძისა, „ბიზანტიური მწერლობის ქრესტომათია, X-XII საუკუნეები“, ტ. III, თბილისი, 1996 წ., გვ. 157-163.
• იოანე იტალოსის ერთი ტრაქტატი (68), თარგმნა მ. მჭედლიძემ, იხ.: „ლოგოსი“. წელიწდეული ელინოლოგიასა და ლათინისტიკაში, 7 (თბილისი, 2021 წ.), გვ. 301-316.
• Opuscula Selecta, I-II, ed. G. Cereteli, Tbilisii, 1924-1926.
• Quaestiones quodlibetales, ed. P. Joannou, Studia Patristica and Byzantina, 4, Buch-Kunstverlag, Ettal, 1956.
• Апории, Вступ. ст. и пер. с греч. А.Е. Карначёва, Санкт-Петербург, 2013.
(ბ) წყაროები და გამოკვლევები იოანე იტალოსის შესახებ:
• თევზაძე, გ.: შუა საუკუნეების ფილოსოფიის ისტორია, თბილისი, 1996 წ.
• კეჭაღმაძე, ნ.: იოანე იტალოსის შემოქმედება, თბილისი, 1970 წ.
• მელიქიშვილი, დ.: იოანე პეტრიწი და იოანე იტალოსი ორი საწყისის შესახებ, იხ.: „ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე“, #4 (1995 წ.), გვ. 170–177.
• მჭედლიძე, მ.: საღმრთო ბუნების სამობით ხედვისათვის (მიქაელ ფსელოსი, იოანე იტალოსი, ნიკოლოზ მეთონელი, იოანე პეტრიწი), კრებულში: Philosophy in Global Change. Jubilee volume dedicated to the 65th anniversary of Burkhard Mojsisch, edited by Tengiz Iremadze in collaboration with Helmut Schneider and Klaus J. Schmidt, Tbilisi, 2011, გვ. 109-124.
• მჭედლიძე, მ.: მიქაელ ფსელოსის და იოანე იტალოსის კომენტარები გრიგოლ ღვთისმეტყველის გამონათქვამზე: „...ამიტომ მონადა, დასაწყისიდან დიადისაკენ დაძრული, ტრიადამდე დადგა“, იხ.: „ჰუმანიტარული კვლევები“. წელიწდეული, #2 (თბილისი, 2011 წ.), გვ. 203-222.
• ტიმარიონი, თარგმნა მ. ნახუცრიშვილმა, იხ.: ბიზანტიური მწერლობის ქრესტომათია (X-XII საუკუნეები), ტ. 3, გამომცემელი - ლ. კვირიკაშვილი, თბილისი, 1996 წ., გვ. 58-89.
• ყაუხჩიშვილი, ს.: ბიზანტიური ლიტერატურის ისტორია, თბილისი, 1973 წ.
• Anna Comnène: Alexiade. Règne de l'empereur Alexis I Comnène, 1081-1118, vol. 1-3, texte établi et traduit par B. Leib, Paris, 1937-1945.
• Aubert, R. (ed.): Jean Italos, in: Dictionnaire d'Histoire et Géographie Ecclésiastique (DHGE), Turnhout, 1998, T. 27, გვ. 155-156.
• Cereteli, G.: Joannes Italos, in: G. Cereteli (ed.), Iohannis Itali Opuscula Selecta, II, Tbilisi, 1926, გვ. I-XXVII.
• Clucas, L.: The Trial of John Italos and the Crisis of Intellectual values in Byzantium in the 11th cent, München, 1981.
• Gouillard, J. (Tr.): Le Synodicon de l'Orthodoxie , Travaux et Mémoires (TM), vol. 2, Paris, 1967, გვ. 56-61.
• Gouillard, J.: Le procès officiel de Jean l'Italien: Les actes et leurs sous-entendus, Travaux et Mémoires (TM), vol. 9, Paris, 1985, გვ. 133-174.
• Gouillard, J.: Une lettre de (Jean) l'Italien au patriarche de Constantinople? Travaux et Mémoires (TM), vol. 9, Paris, 1985, გვ. 175-179.
• Ierodiakonou, K.: John Italos on universals, in: Documenti e Studi Sulla Tradizione Filosofica Medievale, 18, 2007, გვ. 231–247.
• Joannou, P.: Christliche Metaphysik in Byzanz. Die Illuminationslehre des Michael Psellos und Joannes Italos, Ettal, 1956.
• Kotsabassi, S. (ed.): Byzantinische Kommentatoren der aristotelischen Topik: Johannes Italos & Leon Magentinos, Thessaloniki, 1999.
• Melikishvili, D.: Ioane Petritsi and John Italus on Two Original Causes, in: Georgian Christian Thought and Its Cultural Context (Texts and Studies in Eastern Christianity, vol. 2), Leiden - Boston, 2014, გვ. 236-243.
• Michael Psellus: Oratio 19, in: A. R. Littlewood (ed.), Michael Psellus, Oratoria minora, Leipzig, 1985.
• Mtchedlidzé, M.: Les interprétations d’un passage du Discours 29 de Grégoire de Nazianze par les auteurs byzantins et géorgiens des XIe-XIIe siècles, in: V. Somers, P. Yannopoulos (eds), Philocappadox. In memoriam Justin Mossay (Orientalia Loveniensia Analecta 251, Bibliothèque de Byzantion 14), Leuven – Paris – Bristol, CT, 2016, გვ. 247-268.
• Stephanou, P.: Jean Italos, philosophe et humaniste (Orientalia Christiana Analecta 134), Rome, 1949.
• Tatakis, B.: La philosophie byzantine, Paris, 1949.
• Бармин, А. В.: Иоанн Итал, в: Православная Энциклопедия, под редакцией Патриарха Московского и всея Руси Кирилла, Церковно-научный центр «Православная Энциклопедия», т. 24, გვ. 290-293.
• Бирюков, Д. С.: Иоанн, в: Д. С. Бирюков (ред.), Книга еретиков, Санкт-Петербург, 2011.
• Кечакмадзе, Н. Н.: Грамматико-логический трактат Иоанна Итала, в: Византийский временник, т. XXVII (Москва, 1967), გვ. 197–205.
• Кечакмадзе, Н. Н.: Из истории общественной мысли Византи в XI в., в: Византийский временник, т. XXIX (Москва, 1969), გვ. 170–176.
• Любарский, Я. Н.: Комментарий, в книге: Анна Комнина, Алексиада, Санкт-Петербург, 1996, გვ. 509-514.
• Успенский, Ф. И: Богословское и философское движение в Византии XI и XII веков, Журнал Министерства Народного Просвещения, Санкт-Петербург, 1891, გვ. 146-245.
• Успенский, Ф. И.: Синодик в неделю Праволсавия, Одесса, 1893.
• Щукин, Т. А.: Иоанн Итал, в: Г. И. Беневич, Д. С. Бирюков (ред.), Антология восточно-христианской богословской мысли. Ортодоксия и гетеродоксия, сост. Г. И. Беневич, Москва - Санкт-Петербург, 2009, გვ. 321-333.
• Щукин, Т. А.: Эсхатология Иоанна Итала, в: Вестник русской христианской гуманитарной академии, т. 11, Вып. 4, Санкт-Петербург, 2010, გვ. 116-120.