ჰიმნოგრაფია ძველი ქართული სასულიერო მწერლობის ერთ-ერთი დარგია, რომელიც ლიტურგიკულ-საღვთისმსახურო და არალიტურგიკულ-საღვთისმეტყველო მიზნებისთვის შექმნილ ნაწარმოებებს აერთიანებს. ის ხასიათდება სინკრეტიზმით, რადგან თავის თავში მოიცავს როგორც თეოლოგიურ, ასევე ესთეტიკურ-მუსიკალურ ასპექტებს და გალობით აღესრულება. აღნიშნული ტრადიცია ქრისტიანულმა ეკლესიამ ებრაული ღვთისმსახურებისგან მემკვიდრეობით მიიღო და თანდათანობით გაამდიდრა პოეტურ-საგალობელი ელემენტებით შემკული ახალი მასალით. ქართულად ნათარგმნი პირველი ჰიმნოგრაფიული საგალობლების შექმნას V საუკუნიდან ვარაუდობენ. თანდათანობით იქმნებოდა და იხვეწებოდა საგალობლების კრებულები. დაახლოებით IX საუკუნიდან უკვე იკვეთება ორიგინალური ქართული საგალობლების შექმნის ცალკეული შემთხვევებიც, რამაც ფართო განვითარება X საუკუნიდან ჰპოვა.
იოანე მინჩხი სწორედ X საუკუნის ქართველი ჰიმნოგრაფია. მის შესახებ ბიოგრაფიული ცნობები ფაქტობრივად არ მოგვეპოვება. ერთადერთი ბიოგრაფიული ცნობის მიხედვით, რომელიც სინას მთის ერთ-ერთ ხელნაწერში იკითხება, იკვეთება, რომ იოანე აფხაზეთის მეფის, გიორგი II-ის (922-957 წწ.) თანამედროვე უნდა ყოფილიყო. ის თავის თავს მოიხსენიებს სხვადასხვა ზედწოდებით: მინჩხი, მინჩხისანი, მინჩხნი, მინჩხურნი. აღნიშნული ტერმინები მისი წარმოშობის ადგილზე მიგვითითებენ. მკვლევართა საერთო მოსაზრებით, ჰიმნოგრაფი დასავლეთ საქართველოდან, მარტვილის მონასტრის ახლო მდებარე სოფლიდან (ინჩხი ან ინჩხური) უნდა ყოფილიყო.
იოანე მინჩხის სახელი მეცნიერებისათვის ცნობილი გახდა ივანე ჯავახიშვილის მიერ, რომელმაც, ნიკო მარის ხელმძღვანელობით მოწყობილი ექსპედიციის ფარგლებში, 1902 წელს სინას მთაზე წმინდა ეკატერინეს მონასტერში მუშაობისას ქართულ ხელნაწერებში გამოავლინა მისი საგალობლები. მკვლევართა აზრით, ჰიმნოგრაფი სწორედ სინას მთაზე მოღვაწეობდა, რადგან, ერთი მხრივ, მისი საგალობლების მნიშვნელოვანი ნაწილი დაცულია სინურ ხელნაწერებში და, მეორე მხრივ, მიქაელ მოდრეკილს თავის შედგენილ საგალობლებში - „იადგარში“ (978-988 წწ.) - მინჩხის უამრავი ჰიმნიდან მხოლოდ ოთხი აქვს შეტანილი, რაც იმით აიხსნება, რომ საქართველოში მცხოვრებ მიქაელს ჯერ ხელთ არ ექნებოდა უცხოეთში შექმნილი ჰიმნების სრული ნუსხა.
იოანე მინჩხის განსაკუთრებული დამსახურება იმაში გამოიხატება, რომ იმ პერიოდში ქართული ჰიმნოგრაფიული და საღვთისმსახურო ლიტერატურა ძირითადად ბერძნული ენიდან ნათარგმნ მასალას წარმოადგენდა, მან კი ორიგინალური საგალობლები შექმნა. ამავე დროს, თუკი იშვიათად რაიმე ორიგინალური იქმნებოდა, მათში ბერძნული ენის სპეციფიკური ნიშან-თვისებები - ბერძნული სინტაქსი, ბერძნული ენის კალკები, ფრაზის ბერძნულთან მიახლოებული წყობა - შეიმჩნეოდა. მინჩხის შემოქმედება, ფაქტობრივად, სრულიად თავისუფალია უცხო ენის ამგვარი ზეგავლენისგან და მასში შეუბღალავად არის დაცული ქართული ენის ბუნებრივობა და თავისებურება. ავტორის ორიგინალურობას ისიც ამოწმებს, რომ არსებული ნარატივისა და მხატვრული სახეების სპეციფიკური გადააზრებით იგი სრულიად ახალ სახისმეტყველებასა და მხატვრულ ენას ქმნის.
იოანე მინჩხის სახელთან არის დაკავშირებული პირველი ქართული „მარხვანის“ შექმნა, რომელიც ცალკე კრებულის სახით გამოეყო უნივერსალურ „იადგარს“. მასში სამ ძირითად ავტორთან, ელია იერუსალიმელთან, თეოდორე სტუდიელთან, სტეფანე საბაწმინდელთან ერთად წარმოდგენილია იოანე მინჩხის შექმნილი საგალობლებიც, რომლებიც თემატურად და ფრაზეოლოგიურად კავშირშია ბერძენი ავტორების შემოქმედებასთან. აღნიშნული ქართული მარხვანი საფუძვლად დაედო კრებულის შემდგომი პერიოდის რედაქციებს და მყარად გაიდგა ფესვი ქართულ საღვთისმსახურო ტრადიციაში.
ივანე ჯავახიშვილისა და პავლე ინგოროყვას მიერ გამოქვეყნებული იყო მინჩხის 6 კანონი და 41 მცირე ფორმის საგალობელი. ლელა ხაჩიძის მიერ ძველ ხელნაწერებში გამოვლენილი იქნა მისი კიდევ არაერთი უცნობი საგალობელი, რომელთაგან დიდი ნაწილი გიორგი მთაწმინდელის ავტოგრაფიულ მარხვანში აღმოჩნდა დაცული.
როგორც ახლადგამოვლენილი ხელნაწერები მიუთითებენ, მინჩხის შემოქმედება ფართოდ იყო გავრცელებული და აღიარებული ქართულ ჰიმნოგრაფიულ კრებულებში. მათ შორის, მისი საგალობლების მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენს გიორგი მთაწმინდელი, რომელიც აღნიშნავს, რომ ისინი „ფრიად კეთილ არიან და საწადელ...“. ამასთან, იოანემ ქართულ ჰიმნოგრაფიაში ახალი სალექსო საზომები და მელოდიები შემოიტანა, რომლებმაც მტკიცე ასახვა ჰპოვეს როგორც მის თანამედროვეთა შორის, ასევე შემდგომ საუკუნეებშიც, რაც ქართველი ჰიმნოგრაფის უდავოდ დიდ აღიარებად შეგვიძლია მივიჩნიოთ. უფრო მეტიც, იოანეს შემოქმედებას, ლელა ხაჩიძის მიხედვით, უდიდესი გავლენა მოუხდენია ქართულ პოეზიაზე. მაგალითად, მიქაელ მოდრეკილს მინჩხისეული რიტმულ-მელოდიური საზომების მიხედვით შეუდგენია ერთ-ერთი ჰიმნოგრაფიული კანონი; მისი შემოქმედება დემეტრე-დამიანესთვის „შენ ხარ ვენახის“ შთაგონების წყაროდ ქცეულა, ასევე მისი ზეგავლენა შეინიშნება დავით აღმაშენებლის „გალობანი სინანულისანზე“; მინჩხის შემოქმედება თვით შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ ერთ-ერთ წყაროდაცაა მიჩნეული.
იოანე მინჩხის კალამს ეკუთვნის შემდეგი ორიგინალური ჰიმნოგრაფიული კანონები:
მარხვანის საგალობლები. ავტორს სრულად აქვს გათვალისწინებული მარხვის მსახურების სპეციფიკა. მის მიერ შედგენილ საგალობლებში დაცულია სააღდგომო მარხვისთვის დამახასიათებელი მოტივები, ტრადიციული სახეები და კალენდარული განწესებები. ასევე, გათვალისწინებულია დოგმატური სწავლება და საეკლესიო კრებათა ახალი დადგენილებები. იოანე უყურადღებოდ არ ტოვებს მის პერიოდში ეკლესიაში მიმდინარე დინამიკურ პროცესებსაც, რაც დიდი მარხვის I კვირის საკითხავებშიცაა ასახული. აქ შენარჩუნებულია საგალობელთა აწყობის სისტემა, ძველი და ახალი აღთქმის პასაჟებისა და ნარატივების გათვალისწინებით.
ყველიერის ხუთშაბათი, შიო მღვიმელის დასდებელნი. მათში ავტორი წმინდა შიო მღვიმელს, როგორც ღვთის წინაშე მხურვალე მეოხს, ერთი მხრივ, განადიდებს და, მეორე მხრივ, უფალთან შემწეობას სთხოვს.
ცალკე უნდა განვიხილოთ სათვეო ნაწილი, რომელშიც სხვადასხვა წმინდათა და დღესასწაულთა საგალობლებია წარმოდგენილი:
14 იანვარი, სინასა და რაითში სარკინოზთაგან მოწყვეტილ ღირს მამათა ხსენება. ავტორი აქებს ღირს მამათა სულიერ ღვაწლს, რაც მათ მხნეობაში, სიმდაბლესა და ანგელოზებრივ ცხოვრებაში გამოიხატა. იგი ადიდებს მათ მოწამეობრივ სიკვდილსაც, რომელიც ახოვნებით დაითმინეს და ქრისტეს შუამდგომლობას შეავედრებს მათ.
19 იანვარი, მეფე თეოდოსი დიდის დასდებელნი. ავტორი წმინდა მეფის დადგინებისა და მოღვაწეობის ამბავს აღწერს. იოანე მას კონსტანტინე მეფის ღირსეულ მემკვიდრედ მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ ის, დავით მეფის მსგავსად, სულიწმინდის მიერ არის გამორჩეული და დადგენილი ერის საწინამძღვროდ. მეფის აღმატებულმა ხარისხმა არათუ აღამაღლა იგი, არამედ უფრო მეტი სიმშვიდე, სიმდაბლე, სიწმინდე და გლახაკთმოწყალება მიჰმადლა. ჰიმნოგრაფი წმინდა თეოდოსი დიდს მეოხებას სთხოვს ქრისტეს წინაშე.
20 იანვარი, ექვთიმე დიდის დასდებელნი. მასში ხატოვნადაა მოთხრობილი ექვთიმე დიდის დაბადებასთან დაკავშირებული საღვთო უწყების შესახებ; აღწერილია მისი სულიერი ღვაწლი და მის მიერ აღრულებული სასწაულები. ბუნებრივია, წმინდანის განდიდებასთან ერთად, დასდებელნი წმინდა ექვთიმესადმი ღვთის წინაშე შუამდგომლობის ვედრებითაა გაჟღენთილი.
2 თებერვალი, მიგებება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი (მირქმა). იოანე მისთვის დამახასიათებელი სიტყვაკაზმულობითა და ღრმა თეოლოგიური განაზრებებით, ერთი მხრივ, დღესასწაულის შინაარსსა და არსს გადმოსცემს, მეორე მხრივ, მორწმუნეებს მის ზნეობრივ სარგებელზე მიუთითებს.
6 აგვისტო, ფერისცვალება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. მინჩხი ფერისცვალების სახარებისეულ პასაჟს დეტალური და მხატვრული სახეებით აღწერს. ამასთან, ამ მოვლენის შესანიშნავ ჰერმენევტიკულ ანალიზს გვთავაზობს - ღმერთის ქვეყნად საკვირველი და გამოუთქმელი ნათლით გამოჩენა კაცთა ზეცად აღყვანის წინაპირობა გახდა.
15 აგვისტო, მიცვალება ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა ქვეყანით ზეცად. იოანე ღვთისმშობელს სახლსა და სულიერ სადგურს უწოდებს, რომელიც ღვთის სიბრძნემ თავისთვის აღაშენა. მისი მიცვალება, ერთი მხრივ, განშორების გამო მორწმუნეთათვის მგლოვარების მომტანია, ხოლო, მეორე მხრივ, სიხარულისა, რადგან მათ სწამთ, რომ იგი ძესთან სუფევაშია: „მიხუალ სუფევად ძისა შენისა თანა სასო და მეოხი ჩვენი“. მისი აკლდამისაგან ზეცად აღსვლა ძის მიერ აღსრულებული სასწაულებრივი საქმეა, ხოლო ანგელოზთა და კაცთა მხრიდან მარადიულ ქებასა და საუკუნო დიდებას იმსახურებს. ამდენად, ნეტარი ღვთის დედა თვალით უხილავ ნათელშია დაძინებული და ღვთის სამკვიდრებელშია დავანებული, ამიტომ მიმართავს მას იოანე: „გიხაროდენ სასუფეველსა“ და „ნუ დაივიწყებ მონათა შენთა“.
10 ნოემბერი. სხუანი გალობანი წმიდისა გეორგისნი, თქუმულნი ნეტარისა მინჩხისანი. იოანეს რთულ და შეუძლებელ საქმედ მიაჩნია წმინდა დიდმოწამე გიორგის ღვაწლთა მოთხრობა. უფრო მეტიც, იგი თავს ამის თხრობის ღირსადაც არ მიიჩნევს, თუმცა, მისდამი სიყვარული და მისი ტალანტის დაფლვის საფრთხე დადუმების უფლებას არ აძლევს. ჰიმნოგრაფი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს დიდმოწამის მხნეობაზე, ახოვნებასა და განსაცდელთა თმენის უნარზე. ღვთის მადლით, წმინდა გიორგი მრავალი სასწაულის აღმსრულებელი გახდა, რომელთაც ავტორი მხატვრულად და დეტალურად აღწერს. წმინდა გიორგიმ, მტრის მრავალღონე მანქანათა ძლევით დაუძლურებული ეშმაკი „უკუნაქცია“, ამავე დროს, ანგელოზთა თანა დიდება და ღვთის წინაშე კაცთათვის მეოხების უფლება მოიპოვა.
ამრიგად, იოანე მინჩხის ჰიმნოგრაფიული შემოქმედება განსაკუთრებულია როგორც მისი ორიგინალურობით, ინოვაციურობითა თუ საგალობელთა რაოდენობით, ასევე მისი ზეგავლენით შემდგომი პერიოდის ქართულ პოეზიაზე.
• გაბიძაშვილი, ე.: ლიტურგიკა, ჰიმნოგრაფია (ძველი ქართული მწერლობის ნათარგმნი ძეგლები, ტ. V), თბილისი: „თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიიის გამომცემლობა“, 2011 წ.
• გრიგოლია, თ.: ღვთისმშობელი ქართველ ჰიმნოგრაფთა სახეობრივ მეტყველებაში (სადოქტორო ნაშრომი შესრულებულია ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მეცნიერ-ხელმძღვანელი: პროფესორი ელგუჯა ხინთიბიძე), თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 2012 წ.
• იოანე მინჩხის პოეზია, ძველი ქართული მწერლობის ძეგლები, ტ. X, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო ლელა ხაჩიძემ, თბილისი: „მეცნიერება“, 1987 წ.
• კეკელიძე, კ.: ახალი შრომა ძველი ქართული პოეზიის შესახებ, კრებულში: „ლიტერატურული ძიებანი“, ტ. XI, თბილისი: „საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა“, 1958 წ., გვ. 447-461.
• კეკელიძე, კ.: იოანე მინჩხი, ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბილისი: „მეცნიერება“, 1980 წ., გვ. 171-173.
• ჯავახიშვილი, ი.: სინის მთის ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, თბილისი: „საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა“, 1947 წ.