2021-05-09 დამანა მელიქიშვილი

გელათის აკადემია

1 -შესავალი

გელათის საღვთისმეტყველო-ფილოსოფიური და ლიტერატურულ-მთარგმნელობითი სკოლა, რომელიც ქართული კულტურისა და ლიტერატურის ისტორიაში „ელინოფილური მიმართულების“ ერთ მძლავრსა და უმნიშვნელოვანეს შტოს წარმოადგენს, სათავეს იღებს შავი მთის – ეფრემ მცირის თეოლოგიურ-ფილოლოგიური სკოლიდან და მისი პრინციპების გამგრძელებლად და განმავითარებლად გვევლინება როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული თვალსაზრისით.

ეპო­ქა, რო­მელ­შიც ყა­ლიბ­დე­ბა და მუშაობს გელა­თის საღვთის­მეტყ­ვე­­ლო-ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი სკო­ლა-აკადემია ხასიათ­დე­ბა ურთიერთსაპი­რის­პი­რო ტენ­დენ­ციე­ბით, რაც სიმბო­ლუ­რად სწორედ ათე­ნი­სა და იე­რუ­სა­ლი­მის (ცოდ­ნი­სა და რწმენის) ერთია­ნო­ბა­ში გამოი­ხა­ტე­ბო­და. ამ მხრივ გელა­თის სკო­ლა ქრის­ტია­ნუ­ლი აზ­რის ის­ტო­რია­ში აგრ­ძე­ლებს აღმო­სავ­ლუ­რი თეო­ლო­გიის ალექ­სანდ­რიუ­ლი სკო­ლი­სა (სა­დაც წმ. წერი­ლის ალექ­სანდ­რიულ ეგზე­გე­ზას ჩაე­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი) და კა­პა­დო­კიუ­რი პატრის­ტი­კის ხაზს: კლიმენ­ტი ალექ­სანდ­რიე­ლი­სა, რომელ­მაც ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი პრინცი­პის სა­ხე მის­ცა წმ. წე­რილ­ზე დაყრდნო­ბილ ეკლე­სიურ მოძღვრე­ბას რწმე­ნი­სა და ცოდნის ჰარ­მო­ნია­ზე; ორი­გე­ნე­სი, რომელ­მაც თა­ვი­სი პირ­ვე­ლი ცდე­ბით ქრისტია­ნო­ბის სის­ტე­მუ­რი ახს­ნი­სა ელი­ნუ­რი აზ­რის კატე­გო­რიებ­ში სა­ფუძ­ვე­ლი ჩაუ­ყა­რა ქრისტია­ნულ ფილო­სო­ფიურ სპეკუ­ლა­ციებ­სა და ხედ­ვებს; კა­პა­დო­კიე­ლი წმ. მა­მე­ბი­სა, რომელ­ნიც (ნეო)პ­ლა­ტო­ნუ­რი სიტყვიერი აპა­რა­ტის ქრისტია­ნი­ზა­ციის გზა­ზე იდ­გნენ; არეო­პა­გი­ტი­კი­სა, რომე­ლიც რწმე­ნი­სა და ცოდნის ჰარმო­ნიის ბრწყინ­ვა­ლე ნი­მუშს წარმოად­გენს; მაქ­სი­მე აღმსა­რებ­ლი­სა, რო­მელ­საც დი­დი წვლი­ლი მიუძღ­ვის ბიზან­ტიურ თეო­ლო­გიურ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში არეო­პა­გი­ტი­კის ფილ­ოსო­ფიუ­რი საფუძვ­ლე­ბის გავრ­ცე­ლე­ბა­სა და დამკვიდ­რე­ბა­ში; წმ. იოა­ნე და­მას­კე­ლი­სა, რომელ­მაც პლა­­ტო­ნი­სა და არის­ტო­ტე­ლეს კომენ­ტა­რებ­ზე დაყრდნო­ბით შექმ­ნა მყა­რი სის­ტე­მა­ტი­ზე­ბუ­ლი სიტყვიერ-ლო­გი­კუ­რი აპა­რა­ტი ქრის­ტია­ნუ­ლი სქოლას­ტი­კი­სა; დაბო­ლოს, მანგა­ნას აკა­დე­მიი­სა, რომელ­მაც ეს მი­მარ­თუ­ლე­ბა XI-XII სს. ბი­ზან­ტია­ში უფ­რო საე­რო და რაციო­ნა­ლის­ტუ­რი გზით გა­ნა­ვი­თა­რა.

გელა­თის სკოლის ენობ­რივ-ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი სტილის ერ­თი­ა­­ნო­ბის ზო­გად სა­ფუძვ­ლებს, ზემოთ ­ჩა­მოთვ­ლილ ნიშნებ­თან ერ­თად, ქმნის ადეკ­ვა­ტუ­რი, ზედმი­წევ­ნი­თი თარგმა­ნის პრინ­ცი­პი, რო­­მე­ლიც „ელინოფილური“ მიმართულების თარგმანისათვისაა დამახასიათებელი და რომელიც ანტიოქიაში, „შავ მთაზე“, გიორგი მთაწმიდელის მოძღვრის, გაბრიელ დაყუდებულისა და ეფრემ მცირის მიერ დამკვიდრებული სკოლის წარმ­მართ­ვე­ლია ამ სკოლების მთარგმნელ-შემოქმედ­თა­თ­ვის მათი მოღვაწეობის მთელს მანძილ­ზე (XI-XIII სს.). მაგრამ ამ ზო­გა­დი კო­ნ­­ცე­ფ­ციუ­რი ერთია­ნო­ბის ფონ­ზე ლექსი­კურ-გრა­მა­ტი­კუ­ლი თუ ინ­­­დი­ვი­დუა­ლუ­რი ენობ­რი­ვი მახასია­თებ­ლე­ბის თვალსაზრისით აშკა­რად იკ­ვე­თე­ბა ორი ძი­რი­თა­დი განშ­ტოე­ბა, რომე­ლიც ქარ­თუ­ლი ფი­ლო­ლოგიური და თე­­ო­ლო­გიუ­რ-ფილოსოფიური აზ­რის ორი მწვერვა­ლის - „ყო­ველ­თა ეკლე­სიის გან­­მანათ­ლე­ბე­ლის“, „სჯუ­ლიე­რი მოღვა­წის, თარ­გ­მა­ნი­სა და ბერ­ძენ­თა და ქართველ­თა ენის მეცნიე­რის“ - არ­სენ იყალ­თოე­ლი­სა და ქარ­თუ­ლი ენის „მამ­ზე­ვე­ბე­ლი­სა და მად­ღე­­ვე­ბე­ლის“ - იოა­ნე პლა­ტო­­ნუ­რი ფილო­სო­ფო­სი­სა­კენ, პეტ­რი­­წი­სა­კენ მიაპყ­რობს ჩვენს ყუ­რად­ღე­ბას. სწორედ ამ ორ მწვერ­ვალს შო­რი­საა გან­ფე­ნი­ლი „გე­ლა­თის სკოლის“ შემოქ­მედ-მთარ­გმნელ­თა უმ­დიდ­რე­სი ნა­მოღ­ვა­წა­რი.

რო­გორც ხელნა­წერ­თა მი­ნა­წე­რე­ბი გვაუწ­ყე­ბენ, გელა­თის მშე­ნებ­ლო­ბა წმ. და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბელს 1106 წლის მახლობ­ლად და­უწ­ყია. თუმ­ცა, რო­გორც ეს მი­სი­ვე ანდერ­ძი­დან ჩანს, იგი მე­ფეს თა­ვის სი­ცოცხ­ლე­ში ვერ დაუს­რუ­ლე­ბია: „ხო­ლო დარ­ჩა მო­ნას­ტე­რი სა­მარ­ხა­ვი ჩე­მი და საძუა­ლე შვილ­თა ჩემ­თა, უსრუ­ლად და წარმ­ყუა მისთჳსცა ტკი­ვი­ლი სა­მა­რა­დი­სო...“. ამა­ვე ანდერ­ძის თანახ­მად, იგი სრულ­ყო „შვილმან მისმან, დი­მიტ­რი“. მაგრამ გე­ლა­­თის მო­ნას­ტე­რი და­ვით მე­ფის სი­ცოცხ­ლე­ში­ვე იქ­ცა „ყოვ­ლი­სა აღ­მო­სა­ვა­ლი­სა მეო­რედ იე­რუ­სა­ლი­მად, სასწავ­ლოდ ყოვ­ლი­სა კეთი­ლი­სად, მოძღუ­რად სწავლუ­ლე­ბი­სად და სხუად ათინად“. დავი­თის ისტო­რი­კო­სის მიერ ამ ორი ქალა­ქის - ათე­ნი­სა და იე­რუ­სა­ლი­მის, ან­ტი­კუ­რი ფი­ლო­სო­ფიი­სა და ქრის­ტია­ნუ­ლი რწმენის ამ ორი სიმბო­ლოს დაკავ­ში­რე­ბას საფუძვ­ლად უდევს შუა საუ­კუ­ნეე­ბის ქრის­ტია­ნუ­ლი სამყარო­სათ­ვის და­მა­ხა­სია­თე­ბე­ლი პრინ­ცი­პი რწმე­ნი­სა და ცოდნის ერთია­ნო­ბი­სა: დავით მეფის მიერ დაარსებულ გე­ლათ­ის აკადემიაში ჩაე­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი ან­ტი­კუ­რი ფი­ლო­სო­ფიი­სა და ბი­ზან­ტიუ­რი ნეო­პლა­ტო­ნიზ­მის შესწავ­ლას; ნეოპლა­ტო­ნი­კოს­თა­გან კო­მენ­ტი­რე­ბუ­ლი და წმ. იოა­ნე დამას­კე­ლის მიერ და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი არის­ტო­ტე­ლეს ლოგი­კის, ელინ­თა ფი­ლო­სო­ფიუ­რი ენის გამო­ყე­ნე­ბას ქრის­ტი­ა­ნუ­ლი მსო­ფლ­მხედ­ვე­ლო­ბის დასაბუ­თე­ბი­სათვის.

მემა­ტია­ნის ცნო­ბით, და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბელ­მა აქ „შემოიკ­რიბ­ნა კაც­ნი, პატიო­სან­ნი ცხოვ­რე­ბი­თა და შემკულ­ნი ყოვ­ლი­თა სათ­ნოე­ბი­თა, არა თჳსთა ოდენ სა­მე­ფო­თა ში­ნა პოვნილ­ნი, არა­მედ ქუე­ყა­ნი­სა კიდე­თათ, სა­და ეს­მა ვიეთ­მე სიწ­მი­დე, სი­კე­თე, სის­რუ­ლე, სულიე­რი­თა და ჴორ­ციე­ლი­თა სათ­ნოე­ბი­თა აღ­სავ­სეო­ბა, იძივნა და კეთი­ლად გამოი­ძივნა და მოიყ­ვან­ნა და დაამკ­ვიდრ­ნა მას ში­ნა“. ქართლის ცხოვრების მარიამ დედოფლისეული ნუსხის აშშიაზე სულხან-საბა ორბელიანის ხელით მინაწერი ცნობის თანახმად, ეს უნდა მომხდარიყო 1114 წელს – „ჩრიდ წელსა“.

დავი­თ აღმაშენებლის მიერ აქ მოწვეულ სწავლულ­თა შო­რის და შემდგომ კი, დემეტრე მეფისა და თამარ მეფის ხანაში გელათში უნა­ყო­ფიე­რეს ლიტე­რა­ტუ­რულ­, მეცნიე­რულსა და პედაგოგიურ მოღვა­წეო­ბას ეწე­ოდ­ნენ არსენ ბერი (მონაზონი არსენი), არ­სენ იყალ­თოე­ლი, არსენ ბულმაისიმისძე, იოა­ნე ტარი­ჭის­ძე, იოა­ნე პეტ­რი­წი, იოანე ჭიმჭიმელი, პეტრე გელათელი, იოანე შავთელი, ნიკოლოზ გულაბერისძე, იეზეკიელი... (ამათგან სამი იოანეს და ორი არსენის იგივეობის გარშემო აზრთა სხვადასხვაობაა: დ. მელიქიშვილი, „გელათელ მთარგმნელ-ავტორთა იდენტიფიკაციის კრიტერიუმებისათვის“, წიგნში: „გელათის აკადემია – სხუა ათინა და მეორე იერუსალიმი, სასწავლებელი ყრმათათვის”, 2019 წ., თავი V, გვ. 195-216). ამ ღირსმა მოღვაწე მამებმა, რომელთაც აკადემიური განათლება აშკარად ბიზანტიაში ჰქონდათ მიღებული, გე­ლათ­ში ის იდეე­ბი და სუ­ლი მოი­ტა­ნეს, რომე­ლიც ტრია­ლებ­და იმ დროის ბიზან­ტიის მა­ღალ საზოგა­დოებ­რივ-კულტუ­რულ წრეებ­ში, კერძოდ, კონ­სტან­ტი­ნე მონო­მა­ხის მიერ XI საუკუნეში განახ­ლე­ბულ „მანგა­ნას“ აკა­დე­მია­ში, სა­დაც მოღვაწეობდ­ნენ მი­ქელ პსე­ლო­სი, იოა­ნე ქსიფილი­ნო­სი და შემდგომ იოა­ნე იტა­ლო­სი.

2 -გელათის საღვთისმეტყველო-ფილოსოფიური სკოლა

გელა­თის სკო­ლა­ში, სა­დაც დაარს­და „სასწავ­ლე­ბე­ლი ყრმა­თათჳს“, რომელ­შიც „მრა­ვა­ლი ქართ­ვე­ლი განის­წავ­ლე­ბო­და სი­ბრძნის­მო­ყუა­რე­ბა­სა ში­ნა“, დაიწ­ყო ანტი­კუ­რო­ბის წიგ­ნუ­რი, მეც­ნი­ე­რუ­ლი ათ­ვი­სე­ბა ან­ტი­კუ­რი ფილო­სო­ფიისა, განსაკუთ­რე­ბით კი პლა­ტო­ნი­სა და არის­ტო­ტე­ლეს შრო­მე­ბი­სა და მა­თი კომენ­ტა­ტო­რე­ბის - პორფი­რის, იამბ­ლი­ხო­სის, ამო­ნიო­ს ერმიასის, პროკლე დიადოხოსის შესწავ­ლა-და­მუ­შა­ვე­ბა, თარგმ­ნა, კო­მენ­ტი­რე­ბა და სწავლება აკადემიურ სივრცეში.

გელა­თის აკა­დე­მიას 1948 წელს სპე­ცია­ლუ­რი გა­მოკვ­ლე­ვა უძღვ­ნა სი­მონ ყაუხჩიშ­ვილ­მა, რომე­ლიც ქართველ მეცნიერ­თა შეხე­დუ­ლე­ბე­ბის განხილ­ვი­სა და ლიტე­რა­ტუ­რულ-ის­ტო­რიუ­ლი მასა­ლისა და გელათში მიმდინარე გათხრების დროს მოპოვებული მასალის ანალიზის სა­ფუძ­ველ­ზე ასკვნის, რომ გე­ლათ­ში არსე­ბობ­და სა­მეც­ნიე­რო-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ცენტ­რი, სადაც სწავ­ლე­ბა აგე­ბუ­ლი უნ­და ყო­ფი­ლი­ყო შუა საუკუ­ნეე­ბი­სათ­ვის და­მა­ხა­სია­თე­ბე­ლი განათ­ლე­ბის სი­სტე­მის „ტრივიუმ-კვადრივიუმის“ მიხედ­ვით (რი­ტო­რი­კა, გრა­მა­ტი­კა, ფი­ლო­სო­ფია დია­ლექ­ტი­კი­თურთ, მა­თე­მა­ტი­კა, გეო­მეტ­რია, მუ­სი­კა, ასტრონომია, დაბოლოს - მედიცინაც). ამი­ტომ ბუ­ნებ­რი­ვია, რომ ამ სკოლის ლიტე­რა­­ტუ­რულ-ფი­ლო­სო­ფიუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბი­სა და მთარგმ­ნე­ლო­ბი­თი სა­ქმია­ნო­ბის შესწავ­ლა და სწორად შე­ფა­სე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია მხო­ლოდ იმ დროის ბიზან­ტიის განათ­ლე­ბულ წრეებ­ში მიმ­დი­ნა­რე კულ­ტუ­რულ-ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პროცე­სე­ბის გათვა­ლის­წი­ნე­ბი­თა და საერ­თოდ ამ ეპო­ქის ბიზან­ტიურ სამყაროს­თან მიმარ­თე­ბით.

გე­ლათ­ში შექმ­ნი­ლი ფილო­სო­ფიურ-თეო­ლო­გიუ­რი ხასია­თის ძეგლე­ბის ჩვენამ­დე მოღ­წეუ­ლი მცი­რე ნაწი­ლის მიხედ­ვი­თაც შეიძ­ლე­ბა დავასკვ­ნათ, რომ ამ სკოლის მოღვაწეთა სააზ­როვ­ნო ინტე­რე­სე­ბის წრე მოი­ცავს პლა­ტონს, არის­ტო­ტე­ლე­სა­ და „პლა­ტო­­ნურ“ ფი­ლო­სო­ფო­სებს (ანუ „ნეოპ­ლა­ტო­ნი­კო­სებს“), რომელ­თაც ასწავლიდ­ნენ და განმარ­ტავდ­ნენ მი­ქელ პსე­ლო­სი­სა და იოა­ნე იტა­ლო­სის ჳპატო­სო­ბის დროს მანგა­ნას აკა­დე­მიის ფილო­სო­ფიის ფაკულ­ტეტ­ზე. გე­ლათ­ის აკადემიაში, როგორც სასწავლო-სამეცნიერო და მთარგმნელობითს ცენტრში, განსა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რად­ღე­ბა ექცეო­და არის­ტო­ტე­ლე­სა და მი­სი ალექ­სანდ­რიე­ლი კომენ­ტა­ტო­რე­ბის ლო­გი­კურ ნაშრო­მებ­სა და ათე­ნის პლა­ტო­ნუ­რი აკა­დე­მიის დია­დო­ხო­სის, V საუ­კუ­ნის (ნეო)პ­ლა­ტო­ნი­კო­სის, პროკლეს შრო­მებს. მა­თი თარგ­მა­ნე­ბი და გან­მარ­ტე­ბა­ნი სახელმძღ­ვა­ნე­ლო­თა დანიშ­ნუ­ლე­ბას ასრუ­ლებდ­ნენ ამ სკოლის მსმენელე­ბი­სათ­ვის. გელა­თის სკო­ლა­შია თარგმ­ნი­ლი იოა­ნე ტარიჭის­ძის მიერ ალექ­სანდ­რიუ­ლი სკოლის მამამთავ­რის, ამო­ნიოს ერმია­სის კო­მენ­ტა­რე­ბი პორფი­რის ცნობილ ნაშრომ­ზე «შე­სა­ვა­ლი არის­ტო­ტე­ლეს კა­ტე­გო­რიე­ბი­სა» (ეს ის პორ­ფი­რია, რომელ­მაც, რო­გორც ნემე­სიოს ემე­სე­ლის პეტრი­წი­სეულ თარგმან­ში ვკით­ხუ­ლობთ, «ძჳნად ქრის­ტეს­სა აღძ­რა თჳსი სიტ­ყუაჲ», მაგრამ მიუ­ხე­და­ვად ამი­სა, მი­სი ეს და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი შრო­მა, მთე­ლი შუა საუ­კუ­ნეე­ბის მანძილ­ზე ცნო­ბი­ლი „ისაგოგეს“ სახე­ლით, სქოლას­ტი­კუ­რი განათ­ლე­ბის სა­ფუძ­ველს წარმოად­გენ­და); ამავე დროსაა თარგმნილი ამო­ნიო­სი­სა­ვე კო­მენ­ტა­რე­ბი არის­ტო­ტე­ლეს ლოგი­კურ ნაშრომ­ზე – „კა­ტე­გო­რიე­ბი“. ესე­ნია: „მო­სახსე­ნე­ბე­ლი ხუთთა ხმათადმი პორფირი ფი­ლო­სოფოსისათა“ და „მო­სახსე­ნე­ბე­ლი ათ­თა კატი­ღო­რია­თად­მი არის­ტო­ტე­ლი­სა­თა“. შემთხ­ვე­ვი­თი არ უნ­და იყოს, რომ ეს თხზუ­ლე­ბა­ნი ერთ კრე­ბუ­ლა­­დაა შეკ­რუ­ლი ამა­ვე ხასია­თის ლოგი­კის ცნო­ბი­ლი კომპენ­დიუ­მის, იოა­ნე დამას­კე­ლის „დიალექ­ტი­კის“ არ­სენ იყალ­თოე­ლი­სეულ თარ­გმან­თან ერთად, რომე­ლიც მას, რო­გორც ჩანს, გე­ლათ­ში აქვს შეს­რუ­ლე­ბუ­ლი (ამო­ნიო­სის თარგმა­ნის ტერ­მი­ნო­ლო­გია ძირი­თა­დად მის­დევს არ­სე­ნი­სეუ­ლი „დიალექ­ტი­კი­ს“ ტერმინოლოგიას). ამ ორი თხზულე­ბის თარ­გმა­ნის ერთ კრებულ­ში გაერ­თია­ნე­ბა უნ­და მიუთი­თებ­დეს იმა­ზე, რომ იგი აკადემიურ სა­ხე­ლმძღ­ვა­ნე­ლოდ გამოი­ყე­ნე­ბო­და. ჩვენამ­დე არ მო­უღ­წე­ვია, მა­გრამ ხელნა­წერ­თა ცნობე­ბის მიხედ­ვით, იოა­ნე პეტ­რიწს უნ­და ეთარგმ­ნა არის­ტო­ტე­ლეს „კა­ტე­გო­რიე­ბი“ და „პე­რი ერმე­ნეია“. ეს არ უნ­და იყოს გამო­რიც­ხუ­ლი, რადგა­ნაც პროკლე დიადოხოსის „თეოლოგიის საფუძვლების“ თარგმანისათვის დართულ „განმარ­ტე­ბა­ში“, რომელიც, თავისთავად, „პლატონური“ ფილოსოფიის პეტრიწისეულ ვრცელ სასწავლო კურსს წარმოადგენს, იგი „მოსწავლეს“ მიუ­თი­თებს არისტოტელეს ამ ნაშრომზე: „ვი­თარ გჳსწავ­ლია პე­რი ერ­მე­ნიი­საო“, რაც იმას მოწ­მობს, რომ გელა­თის სკო­ლა­ში არის­ტო­ტე­ლეს ეს ნაშ­რო­მი ის­წავ­ლე­ბო­და. რაც შეე­ხე­ბა არის­ტო­ტე­ლეს ლო­გი­კუ­რი ხასია­თის ნაშ­რო­მებს, რომლე­ბიც შუა საუ­კუ­ნეებ­ში „ორგა­ნო­ნის“ სა­ხე­ლი­თაა ცნო­ბი­ლი, იოა­ნე პეტ­რი­წი, სა­ნამ გადა­ვი­დო­დეს პრო­კლეს ტრაქტა­ტის – „ღმრთის­მეტ­ყ­ვე­ლე­ბის სა­ფუძვ­ლე­ბის“ გან­მარ­ტე­ბის ძირი­თად ნა­წილ­ზე, გა­ნი­ხი­ლავს და აც­ნობს მსმე­ნე­ლებს (თუ მოსწავლეებს) პროკლეს აპო­ფა­ტი­კუ­რი და­საბუ­თე­ბის მე­თოდს და მიუ­თი­თებს არის­ტო­ტე­ლეს სწორედ ამ ნაშრომ­ზე, რომლის გარე­შეც, მი­სი აზ­რით, შეუძ­ლე­ბე­ლია ლო­გი­კუ­რი გზით რი­სა­მე შე­მეც­ნე­ბა: „ესე მცირედ­თა მიერ შემო­ისაზღვ­რა კა­ნო­ნი არის­ტო­ტე­ლის „ორ­ღა­ნოჲსა“, რომ­ლი­სა თჳნიერ უღო­ნო არს რაჲ­სა­ვე გა­გო­ნე­ბაჲ სუ­ლი­სა მიერ სიტყჳერი­საო“ (ხელნაწ. H-1337). ამას­თან დაკავ­ში­რე­ბით იოა­ნე ფი­ლო­სო­ფო­სი მოკლედ მიმოი­ხი­ლავს არის­ტო­ტე­ლეს მიერ დადგე­ნილ ლოგი­კურ კა­ნო­ნებს, თა­რგმნის და სათა­ნა­დოდ განმარ­ტავს მათ ძირი­თად ცნებებ­სა და ტე­რ­მი­ნებს და იძლევა ქართულ შესატყვისებს. გარ­­და ამი­სა, თა­ვი­სი ნაშრო­მის (სალექციო კურსის) სხვა­დასხ­ვა თავ­ში იოა­ნე პეტ­რი­წი, შემეც­ნე­ბის პროცე­სის ანა­ლი­ზი­სას თუ ონტო­ლო­გიის სა­კითხ­თა განხილ­ვი­სას, ვრცლად ჩერ­დე­ბა ხოლ­მე სა­თა­ნა­დო ლოგი­კურ-ფილო­სო­ფიურ ცნე­ბა­თა განმარ­ტე­ბა­ზე მსმე­­ნელ­თა და მოსწავ­ლე­თა „გასა­გო­ნად“ (შესამეცნებლად). გე­ლა­თის სკოლის მსმენელე­ბი­სათ­ვის სახელმძღ­ვა­ნე­ლოს დანიშ­ნუ­ლე­ბას ასრუ­ლებ­და აგ­რეთ­ვე ნემე­სიოს ემე­­სე­ლის ფსიქო­ლო­გიურ-ანთ­რო­პო­ლო­გიუ­რი ხასი­ა­თის თხზულე­ბის – „ბუნე­ბი­სათჳს კა­ცი­სა“-ს პეტრიწისეული თარგ­მა­ნი. მი­სი ხელნა­წე­რის მინა­წე­რი­დან ირ­კ­ვე­ვა, რომ „ელლა­დელ­თა ჴმათა­გან გარ­და­მოი­ცა ესე ქარ­თუ­ლად საკჳრვე­ლი­სა ფი­ლო­სო­ფო­სი­სა ჩუე­ნი­სა, პეტ­რი­წი­სა მიერ იოან­ნედ სა­ხელ­დე­ბუ­ლი­სა, კელლინ­სა ში­ნა გაე­ნა­თი­სა­სა».

ონტო­ლო­გიურ საკითხებ­თან ერ­თად გელა­თის სკოლის მოღ­ვა­წე­თა ქრისტიანულ მორა­ლურ-ეთი­კუ­რი საკით­ხე­ბი­სად­მი განსა­კუთ­რე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სის გამომ­ხატ­ვე­ლია იოა­ნე სინე­ლის ტრაქ­ტა­ტის „კლემაქ­სის“ – „სათ­ნოე­ბა­თა კი­ბის“ რამ­დე­ნი­მე თარგ­მა­ნი, შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ამ სკოლის მოღვა­წეთა მიერ პროზაუ­ლად: პეტ­რე გელა­თე­ლის მი­ერ ფო­ტი პატრიარ­ქის კო­მენ­ტა­რე­ბი­თურთ, ასევე, ორი სხვა­დასხ­ვა მთარგმნე­ლის მიერ (ერთ-ერთად იოანე პეტრიწია მიჩნეული) გალექსილი სა­ხით. ეს თხზულე­ბა­ნიც სასწავ­ლო-დი­დაქ­ტი­კუ­რი და­­­­ნიშ­ნუ­ლე­ბით გამოი­ყე­ნე­ბო­და (განსაკუთ­რე­ბით, გა­ლექ­სი­ლი ვა­რიან­ტე­ბი, დასამახსოვ­რებ­ლად მარჯ­ვე და მო­ხერ­ხე­ბუ­ლი). მსოფ­ლიო ისტო­რიის სახელმძღ­ვა­ნე­ლოდ უნ­და ყო­ფი­ლი­ყო გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი გიორ­გი ამარ­ტო­ლის «ხრონოღ­რა­ფი» და იო­სებ ფლავიო­სის «იუდაებ­რი­ვი დასა­ბამ­სიტყ­ვაო­ბა», რომელ­თა­გან პირ­ვე­ლი თარგ­მა­ნი არ­სენ იყალთოელს ეკუთვ­ნის, ხო­ლო მეო­რი­სა ტრადი­ციით იოანე პეტ­რიწს მიე­წე­რე­ბა, მაგრამ სი­ნამდ­ვი­ლე­ში სხვა გელათელი მოღვაწის შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ჩანს (შე­საძ­ლე­ბე­ლია, ეს პეტ­რე გელათელიც იყოს, რომლის პრო­ზაუ­ლი „კლემაქ­სიც“ ახ­ლოს დგას ენობ­რი­ვი სტი­ლი­თ ამ უკა­ნასკ­ნელ თარგმან­თან).

მაგრამ გელა­თის მოღ­ვა­წე­ნი მხოლოდ სას­კო­ლო კომპენ­დიუ­მე­ბის თარგმ­ნი­თა და შედგე­ნით რო­დი კმაყოფილ­დე­ბოდ­ნენ. გე­ლა­თის სკო­ლა­ში განსა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რად­ღე­ბა ეთ­მო­ბო­და ეგზე­გე­ტი­კურ ლიტე­რა­ტუ­რას: რო­გორც ფი­ლო­სო­ფიუ­რი, ისე ბიბ­ლიუ­რი ეგზე­გე­ტი­კის თარგმნას, შესწავ­ლა­სა და დამუ­შა­ვე­ბას; ამა­ვე დროს, ორი­გი­ნა­ლუ­რი კო­მენ­ტა­ტორუ­ლი ხასია­თის ლიტე­რა­ტუ­რის შე­ქმნა­საც – რო­გორც პრაქ­ტი­კუ­ლი, სასწავ­ლო, ისე მეც­ნიე­რუ­ლი და­­ნიშნუ­ლე­ბი­სათ­ვის. ელი­ნუ­რი და ელი­ნის­ტუ­რი ხა­ნის ფი­ლო­სო­ფი­უ­რი მემ­კვიდ­რეო­ბის კო­მენ­ტი­რე­ბა, რო­გორც ცნო­ბი­ლია, იყო თა­ვი­სე­ბუ­რი ფორ­მა დამოუ­კი­დე­ბე­ლი, ახა­ლი აზ­რის და­მუ­შა­ვე­ბი­სა, ეს იყო მარჯ­ვე საშუა­ლე­ბა თავის­თა­ვად წმინ­და ფი­ლო­სო­ფია­ში და­ხელოვ­ნე­ბი­სათ­ვის. გარ­და ამი­სა, ეს იყო ქრის­ტია­ნუ­ლი მოძ­ღვ­რე­­ბის ფი­ლო­სო­ფიუ­რი საფუძვ­ლე­ბის ძიე­ბის გზა.

რო­გორც ჩანს, გე­ლათ­ში გათვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იყო (და შე­საძ­ლე­ბე­ლია, დასრუ­ლე­ბუ­ლიც) ყვე­ლა ბიბ­ლიუ­რი თხზულე­ბის ბიზან­ტიელ ავ­ტორ­თა განმარ­ტე­ბე­ბი­სა თუ ე.წ. „ღლაფჳრა­თა“ თარგმ­ნა და ამის საფუძ­ველ­ზე სრუ­ლი ბიბ­ლიუ­რი ეგ­ზე­გე­ტი­კუ­რი კრებუ­ლის შედ­გე­ნა. მაგრამ, სამ­წუ­ხარდ, ამ სკო­ლა­ში შესრუ­ლე­ბულ განმარ­ტე­ბა­თა თარგმა­ნე­ბი­დან ჩვენამ­დე მოაღ­წია მხოლოდ ნა­წილ­მა: კ. კეკე­ლი­ძის მიერ მიტ­რო­ფა­ნე, ზმჳრნე­ლი მიტრო­პო­ლი­ტის სახე­ლით გამო­ცე­მულ­მა „ეკ­ლესიას­ტეს“ ტექსტის „თარგმანებამ“ (განმარ­ტე­ბამ) და ამა­ვე ტექსტის ოლიმ­პიო­დო­რე ალექ­სანდ­რიე­ლის თარგმა­ნე­ბამ (A-61). ჩვენამდე ხელნაწერების სახით მოღწეულია ცნობი­ლი ­ბი­ზან­ტიე­ლი ეგ­ზე­გე­ტი მწერლის, თეო­ფი­ლაქ­ტე ბულგა­რე­ლის მიერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი მარკო­ზის, ლუ­კა­სა და იოა­ნეს სა­ხა­რე­ბა­თა განმარ­ტე­ბე­ბის თარგ­მა­ნე­ბი ((ხელნაწერები: jer.-22; A-102, A-114, A-52). ამათგან მარ­კო­ზისა და ლუკას სახარებათა განმარტების მთარგმნელად იოანე ჭიმ­ჭი­მე­ლია დასახელებული). აღსა­ნიშ­ნა­ვია, რომ ყვე­ლა შემ­თხ­ვე­ვა­ში ბიბ­ლიუ­რი (კი­მე­ნუ­რი) ტექს­ტი ახალ თარგ­მანს, გელა­თურ რედაქ­ციას წარმოად­გენს. გე­ლათ­ში­ვეა თარგმ­ნი­ლი უც­ნო­ბი ბი­ზან­ტიე­ლი ეგზე­გე­ტის განმარ­ტე­ბა „ქე­ბა­თა ქე­ბა­თაჲსა“; ასევე, სქოლიოე­ბის სა­ხით, მი­ქელ პსელო­სის განმარ­ტე­ბა რო­მა­ელ­თა მი­მართ პავლეს ეპის­ტო­ლეს ერ­თი ად­გი­ლი­სა, რომელიც ეხება მაცხოვრის „მრავალთა შორის ძმათა პირმშოდ“ სახელდებას. და ბო­ლოს, გე­ლათ­ში­ვეა შექმ­ნი­ლი უნი­კა­ლუ­რი ძეგ­ლი ე.წ. „გელათის კა­ტე­ნე­ბია­ნი ბიბ­ლია“ (ხელნაწ. A-1108 ავტოგრაფული ნუსხაა, ხოლო Q-1152 კალიგრაფის შესრულებული), რომელიც შეი­ცავს ძვე­ლი აღთ­ქმის ტექსტე­ბის თარგმანსა და განმარტებებს ლევიტელებიდან რუთის ჩათვლით და მცირე წინასწარმეტყველთა განმარტებებს. ეს თარგმანი წარმოადგენს ხუთწიგნეულის ახალ, გელა­თურ რედაქ­ციას განმარ­ტებებითურთ („კატენების“ სახით). როგორც ჩანს, ეს უნიკალური ტექსტი ანტიოქიური სკოლის კატენებიანი ბიბლიის კრებულის თარგმანს უნდა წარმოადგენდეს: „კიმენ-სხოლიოდ აღნაწერი“ ორივე ქართული ნუსხა ზუსტად ასახავს და მისდევს ამ ტიპის ბერძნული კრებულების ხელნაწერთა ფორმას. თარგმანის სტილი ელინოფილური მიმართულებისთვისაა დამახასიათებელი, ენობ­რი­ვი სტილის და სააზ­როვ­ნო ინტე­რე­სე­ბის მიხედ­ვით კი გელა­თის სკოლას ეკუთვ­ნის: გარკვეული ტიპის (როგორც გრამატიკული, ისე დიალექტური ხასიათის) განსხვავებები საფუძველს იძლევა იმ ვარაუდისათვის, რომ იგი შესრულებულია მთარგმნელთა ჯგუფის მიერ ერთი მთავარი რედაქტორ-მთარგმნელის (სავარაუდოდ, არსენ იყალთოელის) საერთო ხელმძღვანელობით.

განსა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშვ­ნე­ლო­ბა აქვს მაქ­სი­მე აღმსარებ­ლის დოგმა­ტურ-ეგ­ზე­გე­ტი­კუ­რი ხასია­თის იშვიათ კრე­ბულს, რომე­ლიც შე­მო­ნა­ხუ­ლია გელა­თურ K-14 ხელნა­წერ­ში. ეს ბიბლიური ეგზეგეტიკური კრებულია, რომელიც შეიცავს პოლემიკური ხასიათის კითხვა-მიგებებს არა მხოლოდ იმ დროისათვის საკამათოდ ქცეული აქტუალური თეოლოგიური პრობლემებისა.

წმ. დავი­თ მეფის ზეო­ბის დროს რუის-ურბნი­სის კრების ახ­ლო ხანს უნ­და თარგმ­ნი­ლი­ყო ფო­ტი პატრიარ­ქის თოთხმეტ­ტიტ­ლო­ვა­ნი „დი­დი სჯულისკა­ნო­ნი“, რომე­ლიც ხელნა­წერ­თა მოწმო­ბით არ­სენ იყალთოელს უთარგმ­ნია. მასვე უნ­და ეკუთვ­ნო­დეს კა­ნო­ნი­კუ­რი თხზუ­ლე­ბა „რუის-ურბნი­სის ძეგლის­წე­რაც“. არსენ იყალთოელს დი­დი ღვაწ­ლი მიუძღ­ვის დოგ­მა­ტუ­რი მწერ­ლო­ბის დარგ­ში: მისი შედ­გე­ნი­ლია დოგმა­ტურ-პო­ლე­მი­კუ­რი თხზულე­ბე­ბის კრე­ბუ­ლი, - „დოგ­მა­ტი­კო­ნი“, რომელ­შიც 16 უმ­ნიშვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი დოგ­მა­ტუ­რი ხასია­თის თხზუ­ლე­ბაა შე­ტა­ნი­ლი, მათ შო­რი­საა წმ. იოა­ნე დამას­კე­ლის „გარ­და­მო­ცე­მა უცი­ლო­ბე­ლი მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი სარწმუ­ნოე­ბი­სათჳს“, „წვა­ლე­ბა­თა შესა­ხებ“ და სხვ.

გელათში ითარგმ­ნა აგიოგ­რა­ფიის უკა­ნასკ­ნე­ლი ნიმუ­შე­ბიც - იოა­ნე ქსიფი­ლი­ნო­სის მე­ტაფ­რა­სუ­ლი შრო­მე­ბი. რო­გორც კ. კე­კე­ლი­ძე აღ­ნიშ­ნავს, ქსიფი­ლინო­სის კრებუ­ლით დამ­თავრ­და ქარ­თუ­ლი ნათარგმ­ნი აგიოგ­რა­ფიის ის­ტო­რია, ვინაი­დან თვით ბიზან­ტიის აგიოგ­რა­ფიის ისტო­რია­შიც ამ პერიო­დის შემდეგ აღა­რა­ფე­რი შე­ქმ­ნი­ლა. ეს თარგ­მა­ნე­ბი ჩვენამ­დე მოღ­წეუ­ლია უნი­კა­ლუ­რი ხელნა­წე­რე­ბით და შემთხ­ვე­ვი­თი არ არის, რომ ისი­ნი გელა­თურ კო­ლექ­ცია­შია და­ცუ­ლი.

საგანგებოდაა აღსანიშნავი ისიც, რომ სა­ქართ­ვე­ლო­ში ცენტ­რა­ლი­ზე­ბუ­ლი მონარ­ქიის გაძლიე­რე­ბამ (ისე­ვე რო­გორც ბი­ზან­ტია­ში კომნე­ნე­ბის მმართვე­ლო­ბის ხა­ნა­ში), და­ვით აღმა­შე­ნებ­ლი­ს შემდგომ, ამ სკოლის არსე­ბო­ბის მეო­რე პერიოდ­ში - თამა­რის ეპო­ქა­ში წარმოშ­ვა საე­რო-სა­ხოტ­ბო და საის­ტო­რიო-პა­ნე­გი­რი­კუ­ლი ხასია­თის ბრწყინ­ვა­ლე ლი­ტე­რა­ტუ­რა, რომლისთ­ვი­საც და­მა­ხა­სია­თე­ბე­ლია ზვია­დი, ორნა­მენ­ტუ­ლი სტი­ლი, რაც ბუნებ­რი­ვად ასა­ხავ­და ძლიე­რი მონარ­ქიის ეპო­ქის საერ­თო ტენდენციებს. იგი კანონ­ზო­მიერ გა­მო­ძა­ხილს წარმოად­გენ­და კომნე­ნე­ბის ხა­ნის ბი­ზან­ტია­ში მიმ­დი­ნა­რე კულტუ­რულ-მსოფლმხედ­ვე­ლობ­რი­ვი და ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პრო­ცე­სე­ბი­სა: გელა­თის სკო­ლა აქვს გავ­ლი­ლი დავი­თის ის­ტო­რი­კოსს, მა­ღალმ­ხატვ­რუ­ლი და რი­ტო­რი­კუ­ლი მეტყვე­ლე­ბის ამ დი­დოს­ტატს. ეს სკოლა აქვთ გავლილი XII საუკუნის II პერიოდისა XIII საუკუნის დასაწყისის ლიტერატურულ მოღვაწეებს: „ის­ტო­რია­თა და აზ­მა­თა“ და თამარის ისტორიის მეორე ტექსტის ავ­ტორსაც; მეხოტბეებს – იოანე შავთელ­სა და ჩახრუ­ხა­ძეს; ასევე, არ­სენ ბულმაი­სი­მის­ძეს, ნიკო­ლოზ გულაბე­რის­ძეს, რომელთა ენობრივი სტილი უკვე უკიდურესად გართულებულია და ხელოვნურობის შთაბეჭდილებას ტოვებს.

მიუხედავად იმისა, რომ თამარის ეპოქიდან მოყოლებული, საერო ლიტერატურაში აშკარად იჭრება აღმოსავლური მოტივები და ლიტერატურული სტილი, გელათური სალიტერატურო სკოლის ტრადიცია არ გაწყვეტილა, რაც ყველაზე მეტად შო­თა რუს­თ­ველის შედევრმა, „ვეფხისტყაოსანმა“ შემოგვინახა: შოთა რუსთველის პოეტურ ენასა, ლექსიკასა და სტილს აშკა­რად ატყ­ვია იოანე პეტრი­წის ფილოსოფიური ხედვისა და პოეტური ენის დი­დი გავ­ლე­ნა: მხედ­ვე­ლო­ბა­ში გვაქვს პეტ­რი­წი­სეუ­ლი „კავშირ­ნი“ და „სი­რა“ ტერ­მი­ნე­ბი­ და მა­თი (ნეო)პ­ლა­ტო­ნური ფილო­სო­ფიი­სათ­ვის დამა­ხა­სია­თე­ბელ კონტექსტ­ში ხმა­რე­ბა: „დამშლიან ჩემ­ნი კავშირ­ნი, შევრთ­ვი­ვარ სულ­თა სი­რა­სა“); „გუარ“ ტერმი­ნის „იდეის“ მნიშვ­ნე­ლო­ბი­თა და „ტო­მის“ - გვა­რეო­ბი­თი ცნების გაგე­ბით გა­მო­ყე­ნე­ბა („ვთქვა მი­ჯ­ნუ­რო­ბა პირ­ვე­ლი და ტო­მი გვარ­თა ზე­ნა­თა“); იმა­ვე კო­ნ­ტექსტ­ში „ბაძ­ვა“ ტერმი­ნის ნეოპ­ლა­ტო­ნუ­რი შინაარ­სით დატ­ვირთ­ვა („მართ მას­ვე ჰბაძვენ...“: ცნო­ბი­ლია, რომ ნეოპ­ლა­ტო­ნუ­რი ფილო­სო­ფიის ონტო­ლო­გიურ იე­რარ­ქია­ში ყო­ვე­ლი მომდევ­ნო „სი­რას“ (σειρα) ანუ „რი­გის“, „მწკრივის“ მხო­ლო­ნი (მო­ნა­დე­ბი) თა­ვის წი­ნა, მაღ­ლა მდგომ რი­გებს „სირათმთავ­რე­ბის“, ანუ „გვარ­თმთავ­რე­ბის“ მეშვეო­ბით - ბაძვის, მსგავსე­ბის საფუძ­ველ­ზე ეზია­რე­ბიან. ასე­ვე, პეტ­რი­წი­სეუ­ლია ფორმი­თაც და შინაარ­სი­თაც ტერ­მი­ნე­ბი: უმ­ყო­ფო, უზა­დო, ანა­გე­ბი, ოც­ნე­ბა, და­და­სე­ბა, შე­ნათხ­ზე­ნი... „ვეფხისტ­ყაო­სან­ში“ დი­დი გავ­ლე­ნა იგრძ­ნო­ბა სიტყვაწარ­მოე­ბაში გელა­თის სკოლის პრინ­ცი­პე­ბი­სა (მეს­რუ­ლი, მოსწ­რა­ფე, მთმო, მო­ნაც­ვა­­­ლე, მოკვ­ნე­სი, მოახ­ლე, მე­უ­ნებ­ლე, მედი­­ნი, დამ­დე­ბა­რი და სხვ.), რომ აღა­რა­ფე­რი ვთქვათ რუსთა­ვე­ლის ენა­ში ნა­სა­ხე­ლა­რი ზმნების ულევ ნა­კად­ზე, რა­საც ფარ­თო გზა გაუხს­ნა სწორედ გელა­თის სკოლამ და, განსაკუთ­რე­­ბით, იოა­ნე პეტრიწ­მა.

გელა­თის სკოლის სააზ­როვ­ნო ინ­ტე­რე­სე­ბი, ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პროდუქ­ციის ხასია­თი და თე­მა­ტი­კა, მი­სი მი­მარ­თუ­ლე­ბა გვიჩ­ვე­ნებს, რომ გელა­თის მოღ­ვა­წე­ნი ადგე­ნენ იმ მაგისტ­რა­ლურ ხაზს, რომე­ლიც შუა საუ­კუ­ნეე­ბის დასავ­ლე­თის აზროვ­ნე­ბამ გააგრ­ძე­ლა მას შემ­დეგ, რაც ბი­ზან­ტია ასც­და კულ­ტუ­რულ-სა­მეც­ნიე­რო სარ­ბიე­ლ­ზე მის­სა­ვე გაკვა­ლულ გზას. შემთხ­ვე­ვი­თი არ არის, რომ სწორედ ის წრე ნეოპ­ლა­ტო­ნი­კოს ფილო­სო­ფოს­თა ნაშ­რო­მე­ბი­სა ითარგმ­ნა ლათი­ნურ ენა­ზე გე­ლათ­ში შესრუ­ლე­ბულ თარგმა­ნებ­ზე ერ­თი საუ­კუ­ნის შემდეგ: ასე, მაგალითად, დამას­კე­ლის „დია­ლექ­ტი­კა“ ლათი­ნუ­რად XII საუ­კუ­ნის მეო­რე ნახე­ვარ­ში ითარგმ­ნა; ნემე­სიოს ემე­სე­ლის უად­რე­სი თარგმა­ნიც ამა­ვე (1194 წ.) ხა­ნებ­შია შეს­რუ­ლე­ბუ­ლი რი­ხარდ ბურგუნ­დიოს მიერ; პროკლეს „თეო­ლო­გიის სა­ფუძვ­ლე­ბი“ კი, რომელიც იოანე პეტრიწმა თარგმნა არაუგვიანეს XII საუკუნის შუა წლებისა, თო­მა აქვი­ნე­ლის დავა­ლე­ბით მის­მა მდივან­მა, ვილჰელმ მო­რ­­ბე­კელმა, ერთი საუკუნის შემდეგ, 1268 წელს თარგმ­ნა. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ევ­­რო­პუ­ლი სქოლას­ტი­კის ამ უდი­დეს­მა წარმომად­გე­ნელ­მა, არის­­ტო­­ტე­ლეს „ორგანონ­თან“ ერ­თად, პროკლეს ეს ტრაქ­ტა­ტი სა­ფუ­ძვ­ლად დაუ­დო თა­ვის თეო­ლო­გიურ მოძღვრე­ბას, ხო­ლო თვით პროკ­ლე ეკლესიი­სათ­ვის სა­ჭი­რო ფილო­სო­ფო­სად გამოაც­ხა­და. შუა საუ­კუ­ნეე­ბის ევრო­პულ სა­მო­ნასტ­რო სკოლებ­ში სწორედ წმ. იოა­ნე დამას­კე­ლის „დია­ლექ­ტი­კი­სა“ და ამო­ნიო­სის კომენ­ტა­რე­ბის შემოკ­ლე­ბის საფუძ­ველ­ზე შესრულე­ბუ­ლი­ კომ­პენ­დიუ­მე­ბი იყო გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი სა­ხელმძღ­ვა­ნე­ლოე­ბად, ისე­ვე, რო­გორც XII-XIII ს.-ში გელა­თის სა­მო­ნასტ­რო სკო­ლა­ში.

გე­ლათ­ში მოღ­ვა­წე ქართ­ვე­ლი თეო­ლო­გე­ბი, ისე­ვე, რო­გორც შუა საუ­კუ­ნეე­ბის ბი­ზან­ტიე­ლი და ევ­რო­პე­ლი თეო­ლო­გე­ბი, ითვალისწინებდნენ პლა­ტო­ნი­სა და არის­ტო­ტე­ლეს ფი­ლო­­სო­ფიას და მა­თ კომენ­ტა­ტო­რებს - ნეოპ­ლა­ტო­ნი­კო­სე­ბს, რომ­ლე­­ბიც ამ ორი ფილო­სო­ფო­სის ნააზ­რე­ვის შეხა­მე­ბას და თავი­სე­ბურ გა­გე­ბა­სა და გადა­მუ­შა­ვე­ბას ახდენდ­ნენ (რაც შემდეგ ნეოპლა­ტო­ნიზ­მის სა­ხით ჩამო­ყა­ლიბ­და). იოანე პეტრიწის მსგავსად, დასა­ბუ­თე­ბის ია­რა­ღად ისი­ნი იყე­ნებდ­ნენ არის­ტო­ტე­ლეს „ორგა­ნო­ნის“ კა­ნო­ნებს, პლა­ტო­ნი და პროკ­ლე კი ისევე, როგორც იოანე პეტრიწს, სჭირდე­ბო­დათ დია­ლექ­ტი­კუ­რი პოლე­მი­კის ჩვე­ვე­ბი­სა და მი­სი ფილო­სო­ფიის ნეოპ­ლა­ტო­ნუ­რი ფორმით ქრისტია­ნო­ბის მეც­ნიე­რუ­ლი საფუძვ­ლე­ბის შესამუ­შა­ვებ­ლად. გარ­და ამი­სა, პროკ­ლე და საერ­თოდ ნეოპ­ლა­ტო­ნიზ­მი იყო მნიშვ­ნე­ლო­­ვა­ნი წყა­რო ფილო­სო­ფიურ-თეო­ლო­გიურ ცნე­ბა­თა და ტერ­მინ­­თა სის­ტე­მა­ტი­ზა­ციი­სათ­ვის.

სწორედ ამ ფილოსოფიურ-თეოლოგიურ თხზუ­ლე­ბა­თა თარგ­მა­ნი­სა და კომენ­ტი­რე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე დამუ­შავ­და და ჩამო­ყა­ლიბ­და ქარ­თუ­ლი ფი­ლო­სო­ფიუ­რი ტერმი­ნო­ლო­გიის ფორმა­ლურ-სე­მან­ტი­კუ­რი სტრუ­­­ქ­ტუ­რე­ბი და სის­ტე­მა არსენ იყალთოელის, იოა­ნე პეტრი­წის, იოანე ტარიჭისძის ღვაწ­ლი­თა და შრომით. ეს მოაზ­როვ­ნეე­ბი ეყრ­დნობოდ­ნენ იმ ფილო­სო­ფიას, რომე­ლიც და­ფუძ­ნე­ბუ­ლი იყო შუა საუ­კუ­ნეე­ბის სკოლებ­ში, სა­დაც დამას­კე­ლის „დიალექ­ტი­კას“ (ანუ არის­ტო­ტე­ლე­დან მომ­დი­ნა­რე ლოგი­კას დამას­კე­ლის გადა­მუ­შა­ვე­ბით) ერთ-ერთი მთავარი ად­გი­ლი ეთმობოდა იმ სა­გან­თა შო­რის, „ტრივიუმისა“ და „კვადრივიუმის“ ქვეშ რომ იგუ­ლისხ­მე­ბა.

გელა­თის სა­ლი­ტე­რა­ტუ­რო სკო­ლა-აკადემია მნიშვ­ნე­ლო­ვა­ნი ეტა­პია ქარ­­თუ­ლი ფილო­სო­ფიურ-თეო­ლო­გიუ­რი და, საერ­თოდ, მეც­ნიე­რუ­ლი ენის განვი­თა­რე­ბის გზა­ზე. ამ სკო­ლა­ში შემუ­შავ­და თეო­რიუ­ლი სა­ფუძვ­ლე­ბი ზუს­ტი, ადეკ­ვა­ტუ­რი თარგ­მა­ნი­სა და ქარ­თუ­ლი ფი­ლო­სო­ფიუ­რი ენი­სა, დამუ­შავ­და და ჩამო­ყა­ლიბ­და ქარ­თუ­ლი ფი­ლო­სო­ფიუ­რი ენა და სტი­ლი, სა­ფუძ­ვე­ლი დაე­დო ქარ­თუ­ლი ფი­ლო­სო­ფიუ­რი ტერმი­ნო­ლო­გიის ფორმა­ლურ-სემან­ტი­კურ სისტე­მას.

გელათის სკო­ლა დამამკ­ვიდ­რე­ბე­ლია სრულიად გა­მორ­ჩეუ­ლი, თვითმ­ყო­ფა­დი ენობ­რი­ვი სტი­ლი­სა, რომლისთ­ვი­საც და­მა­ხა­სია­თე­ბე­ლია:

1. სათარგმ­ნი მასა­ლის შერჩე­ვი­სას მკვეთ­რი ტენდენ­ცია ფი­ლო­­სო­ფიურ-თეო­ლო­გიუ­რი ეგ­ზე­გე­ტი­კი­სა და დოგმა­ტი­კი­სად­მი, რომელ­საც უკავ­შირ­დე­ბა ადეკვა­ტუ­რი თარგმა­ნის თეო­რიის გან­ვი­თა­რე­ბა და მი­სი მკაც­რი გა­ტა­რე­ბა პრაქ­ტი­კა­ში (რთუ­ლი ფი­ლო­სო­ფიუ­რი და საღვთის­მეტყ­ვე­ლო ხედვების­ გად­მო­ცე­მი­სას მაქ­სი­მა­ლუ­რი სიზუს­ტის დაცვის მიზნით).

2. გა­მოკ­ვე­თი­ლი პო­ზი­ცია, ერ­თი მხრივ, ბერძ­ნუ­ლი, ელინთა ენის, რო­გორც „გონიერ ხედვათათ­ვის მო­მარჯვი“ ენი­სა და, ამდე­ნად, მი­სა­ბა­ძი მოდე­ლის მი­მართ; ხო­ლო, მეო­რე მხრივ, ხალ­ხუ­რი კი­ლოების, რო­გორც მეცნიე­რულ-ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ენის გამდიდ­რე­ბის ძი­რი­თა­დი წყაროს მი­მართ.

3. აშკა­რად გა­მოკ­ვე­თი­ლი ტენდენ­ცია გარკ­ვეუ­ლი ენობ­რი­­ვი ფორ­მებით (არქაულ-დია­ლექ­ტუ­რი, განსაკუთ­რე­ბით დე­რი­ვა­ციუ­ლი ინო­ვა­ციე­ბის) უტ­რი­რე­ბი­სა, რაც საბო­ლოოდ სტი­ლი­ზა­ცია­სა­ და მა­ნე­რუ­ლო­ბა­ში გადაი­ზარ­და.

4. შეგ­ნე­ბუ­ლი პო­ზი­ცია სპე­ცია­ლუ­რი ფილო­სო­ფიურ-საღვთის­მეტყ­ვე­ლო ენის გა­მო­მუ­შა­ვე­ბი­სა და ფილო­სო­ფიურ-საღვთის­მე­ტყ­ვე­ლო ტერმი­ნო­ლო­გიის, რო­გორც სისტე­მის, ჩამო­ყა­ლი­ბე­ბის მი­მართ.

გელა­თის აკა­დე­მია წარმოად­გენს მნიშვნე­ლო­ვან ეტაპს ქარ­თუ­ლი თეო­ლო­გიუ­რი და მეცნიერული აზ­რის განვი­თა­რე­ბის გზა­ზე. იგი იყო შუა საუ­კუ­ნეე­ბის „სქოლას­ტი­კუ­რი“ (ამ სიტ­ყვის მა­ღა­ლი გა­გე­ბით), საგანმა­ნათ­ლებ­ლო კე­რა, რომე­ლიც წარმოად­გენ­და XI-XII საუ­კუ­ნეე­ბის ბი­ზან­ტიუ­რი თეო­ლო­გიურ-ფი­ლო­სო­ფიუ­რი სააზ­როვ­ნო გარე­მოს პროექ­ციას ქართულ ნია­დაგ­ზე და იდ­გა იმ მაგისტ­რა­ლურ გზა­ზე, რომელ­საც უფ­რო მოგვია­ნე­ბით გაჰყ­ვა ევ­რო­პუ­ლი მა­ღა­ლი სქოლას­ტი­კა.

3 -ბიბლიოგრაფია

(ა) წყაროები

• ამონიოს ერმისის თხზულებები ქართულ მწერლობაში, ტექსტები გამოსაცემად მოამზადეს ნ. კეჭაღმაძემ და მ. რაფავამ, გამოკვლევა, ლექსიკონი და საძიებლები დაურთო მ. რაფავამ, თბილისი: „მეცნიერება“, 1983 წ.

იოანე პეტრიწი: პროკლე დიადოხოსისა პლატონურისა ფილოსოფოსისა კავშირნი, ტ. I, ქართული ტექსტი გამოსცა, გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთო ს. ყაუხჩიშვილმა, შესავალი სტატია მ. გოგიბერიძისა, თბილისი: „სტალინის სახელობის თ.ს.უ. გამომცემლობა“, 1940 წ.

იოანე პეტრიწი: განმარტებაჲ პროკლესთჳს დიადოხოსისა და პლატონურისა ფილოსოფიისათჳს, ტ. II, ქართული ტექსტი გამოსცეს და გამოკვლევა დაურთეს შ. ნუცუბიძემ და ს. ყაუხჩიშვილმა, ტფილისი: „ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1937 წ.

იოანე პეტრიწი: სათნოებათა კიბე, გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა, შენიშვნები და ლექსიკონი დაურთო ი. ლოლაშვილმა, თბილისი: „საბჭოთა საქართველო“, 1968 წ.

იოანე პეტრიწი: განმარტება პროკლე დიადოხოსის „ღვთისმეტყველების საფუძვლებისა“, თანამედროვე ქართულ ენაზე გადმოიღო, გამოკვლევა, ლექსიკონი და შენიშვნები დაურთო დ. მელიქიშვილმა, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1999 წ.

• პროკლე დიადოხოსი, კავშირნი ღმრთისმეტყუელებითნი, თარგმანი და კომენტარები იოანე პეტრიწისა, სამტომეული, XIII სკ ხელნაწერის ფაქსიმილური და დიპლომატიური გამოცემა, გამოკვლევა, შენიშვნები დალექსიკონი დაურთო დ. მელიქიშვილმა, თბილისი: შპს „კოლორი“, 2016 წ.

• ცხოვრება მეფეთ მეფისა დავითისი, იხ.: ქართლის ცხოვრება, ტ. I, გამოსცა ს. ყაუხჩიშვილმა, თბილისი: „სახელგამი“ 1955 წ., გვ. 318-364.

• ცხოვრება მეფეთ მეფისა დავითისი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა, ლექსიკონი და საძიებლები დაურთო მ. შანიძემ (საქართველოს ისტორიის წყაროები, ტ. 62), თბილისი: „მეცნიერება“, 1992 წ.

Ioane Petrizi: Kommentar zur Elementatio theologica des Proklos, Übersetzung aus dem Altgeorgischen, Anmerkungen, Indices und Einleitung von L. Alexidze und L. Bergemann, Amsterdam/Philadelphia: John Benjamins Publishing Company, 2009.

 

(ბ) ლიტერატურა

ალექსიძე, ლ.: იოანე პეტრიწი და ანტიკური ფილოსოფია, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 2008 წ.

გიგინეიშვილი, ლ.: იოანე პეტრიწი და მისი ფილოსოფიურ-თეოლოგიური პროექტი, ჟურნალში: „ქართველოლოგი“, # 19 (2013 წ.), გვ. 137-164.

გოგიბერიძე, მ.: რუსთაველი, პეტრიწი, პრელუდიები, თბილისი: „საბჭოთა მწერალი“, 1961 წ.

თევზაძე, გ.: იოანე პეტრიწი და ნიკოლოზ მეთონელი, ჟურნალში: „რელიგია“, # 3 (1992 წ.), გვ. 15-22.

თევზაძე, გ.: შუა საუკუნეების ფილოსოფიის ისტორია, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1996 წ.

თევზაძე, გ.: იოანე პეტრიწი, თბილისი: „ნეკერი“, 2006 წ.

კეკელიძე, კ.: ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1980 წ.

ლოლაშვილი, ივ.: არსენ იყალთოელი, ცხოვრება და მოღვაწეობა, თბილისი: „მეცნიერება“, 1978 წ.

მელიქიშვილი, დ.: იოანე პეტრიწის ფილოსოფიურ შრომათა ენა და სტილი, თბილისი: „განათლება“, 1975 წ.

მელიქიშვილი, დ.: გელათის სალიტერატურო სკოლა (აკადემია) და ქართული ფილოსოფიური ენის განვითარების გზები, სადოქტორო დისერტაცია, თბილისი, 1988 წ.

მელიქიშვილი, დ.: ძველი ქართული ფილოსოფიურ-თეოლიგიური ტერმინოლოგიის ისტორიიდან, თბილისი: „ლოგოსი“, 1999 წ.

მელიქიშვილი, დ.: გელათი - სხუა ათინა და მეორე იერუსალიმი, თბილისი: „გელათის მეცნიერებათა აკადემია“, 2006 წ.

მელიქიშვილი, დ.: გელათის კატენებიანი ბიბლიის ენა და შემდგენელ-რედაქტორის საკითხი, იხ.: გელათის მეცნიერებათა აკადემიის შრომები, ტ. III (თბილისი, 2017 წ.), გვ.129-190.

მელიქიშვილი, დ.: გელათი სხუა ათინა და მეორე იერუსალიმი სასწავლებელი ყრმათათვის, თბილისი: „ლოგოსი“, 2019 წ.

მენაბდე, ლ.: ძველი ქართული მწერლობის კერები, ტ. I, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1962 წ.

მეტრეველი, რ.: გელათი: მეორე იერუსალიმი და ახალი ათინა, თბილისი: „არტანუჯი“, 2006 წ.

მჭედლიძე მ.: ქართული ფილოსოფიური მწერლობა: იოანე პეტრიწი, წიგნში: ქართული ლიტერატურა - ისტორია საერთაშორისო ლიტერატურული პროცესების ჭრილში, ნაწ. I, თბილისი: „საარი“, 2016 წ., გვ. 61-81.

ყაუხჩიშვილი, ს.: გელათის აკადემია, თბილისი: „საქართველოს სახელმწიფო წიგნის პალატის გამომცემლობა“, 1948 წ.

ცქიტიშვილი, თ.: თეოფილაქტე ბულგარელის „იოანეს სახარების განმარტება“ და ძველი ქართული მწერლობის პრობლემები, წგ. II, თბილისი: „ლოგოსი“, 2016 წ.

ჭელიძე, ე.: იოანე პეტრიწის ცხოვრება და მოღვაწეობა (წერილი პირველი), ჟურნალში: „რელიგია“, # 3-4-5 (თბილისი, 1994 წ.), გვ. 113-126.

ჭელიძე, ე.: იოანე პეტრიწის ცხოვრება და მოღვაწეობა (წერილი მეორე), ჟურნალში: „რელიგია“, # 1-2-3 (თბილისი, 1995 წ.), გვ. 76-89.

ხარანაული, ა.: გელათის კატენური ბიბლია და მისი ბერძნული პროტოტიპები, კრებულში: „ბიზანტინოლოგია საქართველოში - 3“, თბილისი, 2011 წ., გვ. 771-795.

ხოფერია, ლ. / ჩანტლაძე, ა.: მაქსიმე აღმსარებლის გელათური კრებული და მისი ბერძნული წყარო, კრებულში: „მრავალთავი“. ფილოლოგიურ-ისტორიული ძიებანი, ტ. 21, თბილისი: „კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტი“, 2005 წ., გვ. 63-79.

ჯუღელი, ვ.: ნეტარი თეოდორიტე კვირელი, ტ. II, ნაკვ. III, თბილისი: „ლოგოსი“, 2011 წ.

Марр, Н.: Иоанн Петрицский, грузинский неоплатонник XI-XIIвв. Санкт-Петербург, 1909.

Gigineishvili, L.: The Platonic Theology of Ioane Petritsi, Piscataway, NJ: Gorgias Press (United States), 2007.