ქართველი ექიმი, მწერალი, პუბლიცისტი, ლიტერატურის კრიტიკოსი, პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე ივანე გომართელი დაიბადა 1875 წლის 2 ოქტომბერს, იმერეთში, სოფელ გორისაში. 1894 წელს გომართელმა წარჩინებით დაასრულა ქალაქ თბილისის მეორე გიმნაზია და ამავე წელს სწავლა განაგრძო მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე. სტუდენტობის პერიოდში გომართელი რეპეტიტორად მუშაობდა, ამავდროულად, მჭიდრო კავშირი ჰქონდა მოსკოვის ქართულ დიასპორასთან. სტუდენტობის წლებიდანვე იგი აქტიურად ჩაერთო ლიტერატურულ საქმიანობაში, კერძოდ, მჭიდროდ თანამშრომლობდა ჟურნალ „ჯეჯილთან“. 1897 წელს თბილისში გამოიცა მისი წიგნი „ისტორია აღმოსავლეთისა“. 1899 წელს გომართელი სამშობლოში დაბრუნდა და ლიტერატურული საქმიანობა გაზეთ „კვალში“ განაგრძო, ხოლო სამედიცინო სამსახური კი ჯავახეთის რეგიონში დაიწყო.
სამშობლოში დაბრუნებული გომართელი აქტიურად ერთვება ქვეყნის კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. 1901 წლიდან გომართელი პროფესიულ საქმიანობას თბილისის მიხეილის კლინიკაში განაგრძობს. 1897 წლიდან გომართელი იყო სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი; 1905 წელს იგი პარტიას ეროვნულობის საკითხთან დაკავშირებული უთანხმოების გამო ტოვებს, თუმცა, შემდგომში უკან ბრუნდება. 1902 წლიდან გომართელი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. განსაკუთრებით აღსანიშნავია გომართელის მონაწილეობა საქართველოს პირველი რესპუბლიკის დაარსების საქმეში, მისი აქტიური ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის; დაპატიმრებული იყო რამდენიმეჯერ (1907-1908 და 1910-1911 წლებში). 1917 წელს აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად, ხოლო 1918 წელს იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. 1921 წლიდან საქართველოში მიმდინარე საბჭოთა ოკუპაციამ და არნახულმა რეპრესიებმა გომართელი აიძულა, რომ უარი ეთქვა ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაზე და აქტიურ პოლიტიკურ პროცესებს ჩამოშორებოდა. შემდგომ პერიოდში გომართელი არაპირდაპირ მონაწილეობდა პოლიტიკურ ცხოვრებაში. 1925 წელს საქართველოს სოციალ-დემოკრატიის მუშათა პარტიამ იგი საკუთარი რიგებიდან გარიცხა. გომართელი ამავდროულად აგრძელებდა საექიმო პრაქტიკასა და ლიტერატურულ მოღვაწეობას. თავისი ცხოვრების მანძილზე გომართელმა მრავალი წერილი, სტატია და ესსე დაწერა; იგი სისტემატურად აქვეყნებდა ნაშრომებს სამედიცინო, პუბლიცისტური, ლიტერატურული, ფილოსოფიური და პოლიტიკური საკითხების შესახებ, თანამშრომლობდა სხვადასხვა ჟურნალებთან და გამომცემლობებთან. ვლადიმერ წოწელია გომართელის შესახებ წერს: „დაწყებული 1898 წლიდან XX ს.-ის 30-იან წლებამდე, შეიძლება გადაჭრით ითქვას, რომ საქართველოში არ დარჩენილა საზოგადოებრივი ცხოვრების არც ერთი უბანი, სადაც ივანე გომართელს თავისი სიტყვა არ ეთქვას და შესამჩნევი კვალი არ დაემჩნიოს“.
ივანე გომართელი გარდაიცვალა 1938 წლის 19 აპრილს. არსებობს ვერსია, რომ მან ცხოვრება თვითმკვლელობით დაასრულა; იგი დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.
ივანე გომართელის, როგორც საჯარო ინტელექტუალის ფილოსოფიური შემოქმედება მეტად საინტერესო და ღირებულია. აღსანიშნავია, რომ ის ერთ-ერთი პირველი ქართველი მოაზროვნე იყო, ვინც დარვინიზმის შესახებ დაიწყო მეცნიერული დისკუსია. გომართელი ერთმანეთს უპირისპირებდა მეცნიერებასა და რელიგიას, წერდა ათეიზმისა და ბიბლიის კრიტიკაზე. 1859 წელს ჩარლზ დარვინის „სახეობათა წარმოშობამ“ დასავლურ აზროვნებაში დიდი გადატრიალება მოახდინა, ადამიანებმა ხელახლა გაიაზრეს საკუთარი თავი და სიცოცხლის წარმომავლობის საკითხი. გომართელი ეხმაურება ამ პროცესებს და ანთროპოლოგიასთან, პოლიტიკასთან, მორალთან და რელიგიასთან დაკავშირებულ პრობლემებს ნატურალისტურ-მატერიალისტურ პარადიგმაზე დაყრდნობით განიხილავს: „მეცნიერებამ დიდი ხანია დაამტკიცა, რომ არავითარი ადამი და არავითარი ევა არ ყოფილა; მეცნიერებამ ახსნა, რომ უძველესი ადამიანი თანდათან განვითარდა პირუტყვისაგან და ამიტომ ის გონებით, ზნეობით, ფიზიკური ორგანიზაციით და საზოგადოებრივი ცხოვრებით უმწვერვალესად კი არ იყო განვითარებული, არამედ გაცილებით დაბლა იდგა დღევანდელ ადამიანზე, ისე დაბლა, რომ ჩვენ წარმოდგენაც კი არ შეგვიძლია“ (2, 4). გომართელი აკრიტიკებს რელიგიის მიერ შემოთავაზებულ ადამიანის იმ ტრადიციულ სურათს, რომლის მიხედვითაც ადამიანი სულიერი არსებაა, ხოლო ღმერთი სამყაროს შემოქმედი. სულის უკვდავების საკითხს მან ცალკე ნარკვევი მიუძღვნა, რომლის სათაურია „ტვინი და სული“ (1908 წ.). ამ ნაშრომში გომართელი აღნიშნავს: „დღეს მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ სულიერი ცხოვრება ტვინის ქერქში იბადება და ტვინის სხვადასხვა ნაწილი სულიერი ცხოვრების სხვადასხვა დარგს განაგებს“ (3, 10). ამავე ნაშრომში განხილულია ტვინის ფუნქციონალური მნიშვნელობა და უკუგდებულია სულის უკვდავების იდეა.
გომართელის მსოფლმხედველობა ცალსახად მატერიალისტურია, მასში უხვადაა რელიგიის კრიტიკის ელემენტები. რელიგიის კრიტიკის თვალსაჩინო ნიმუშს წარმოადგენს გომართელის შემდეგი სტატიები: „რა გზას უნდა დაადგეს სამღვდელოება“ (1905 წ.) და „როგორც გააჩინა ადამიანმა ღმერთი“ (1908 წ.). აღნიშნულ სტატიებში გაკრიტიკებულია ქრისტიანული რელიგია და ეკლესია როგორც ინსტიტუცია. „ეკლესიის წარმომადგენლებმა, - წერს გომართელი, - ქრისტეს მოძღვრება თავის გემოზე გადააკეთეს; საბრალო ხალხი კი დარწმუნებულია, რომ სამღვდელოების პირით თვით ქრისტე ლაპარაკობსო. ქრისტე რომ ახლა მოევლინოს ქვეყანას, ყველაზე უმალ მისი სახელის მატარებელი სამღვდელოება ამხედრდებოდა მის წინააღმდეგ“. გომართელი მიანიშნებს, რომ „სამღვდელოებამ ევროპაში ყველაფერი თავის ხელში ჩაიგდო, ყველაფერზე გაბატონდა, ხალხის შეგნება, ცხოვრების წინმსვლელობა სრულებით შეაფერხა, ყოველგვარ თავისუფლებას, როგორც აზრის, ისევე მოქმედებისას ისეთი ბორკილი დაადვა, როგორიც მანამდე სიზმრითაც არავის ზმანებოდა; ისე დაიმონა ყველა, რომ მეფეებიც კი ძრწოდენ შიშით“.
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ივანე გომართელის ნაშრომი „ადამიანის ნება და ზნეობა“ (1911 წ.), რომელშიც განხილულია მორალთან, ფსიქოლოგიასთან, თავისუფალ ნებასთან და საზოგადოებრივ ცხოვრებასთან დაკავშირებული საკითხები. ნატურალისტურ პარადიგმაზე დაყრდნობით გომართელი მორალის თეორიას ავითარებს და აცხადებს, რომ მორალი ბიოლოგიური ინსტინქტია, რომ საზოგადოებრივ ცხოვრებამდე ზნეობა ისე, როგორც ის ტრადიციულად იყო გაგებული, არ არსებობს: „აქ მხოლოდ ნიადაგი მზადდება ზნეობის აღმოსაცენებლად, ზნეობა ვითარდება, ერთი მხრივ, მაშინ, როდესაც ცხოვრება რთულდება, ყოველ ადამიანს საზრუნავი ემატება და ის გონებრივად მაღლდება; მეორე მხრივ, მაშინ, როდესაც ცხოვრებაში ადამიანების მოქმედებაზე ეკონომიური მოსაზრებანი იწყებენ გავლენის მოპოვებას“ (4, 19). გომართელი მორალის ნატურალისტურ თეორიას გვთავაზობს და აცხადებს, რომ ადამიანი ევოლუციური განვითარების შედეგია, იგივე ითქმის მის სულიერ სამყაროსა და მოთხოვნილებებზეც: „ადამიანი წარმოსდგა უაზრო, უგუნო არსებისაგან და თანდათანობით განვითარების წყალობით დღევანდელს ფიზიკურ მდგომარეობამდე მიაღწია. ამგვარადვე ვითარდებოდა მისი სულიერი ორგანიზაციაც; ყველა მისი გრძნობანი ნელი განვითარების ნაყოფნი არიან - და ყოველივე იმის ნიშნები, რასაც ადამიანების სულიერ ცხოვრებაში ვხედავთ, პირუტყვებშიც მოიპოვება“ (4, 4). ადამიანის მთავარ მოთხოვნილებად გამოყოფილია სიცოცხლის სიყვარული: „რაც შეიძლება მეტი სიცოცხლე, მეტი ბედნიერება - ეს ადამიანის ორგანული მოთხოვნილებაა; სიცოცხლის სიყვარული - მისი სხეულის უძლიერესი თვისებაა“ (4, 17). გომართელი აქვე დასძენს, რომ ბუნებრივ მდგომარეობაში მყოფ პირველყოფილ ადამიანს არ გააჩნია მორალი, მას აქვს მიდრეკილება, რაც შეიძლება კარგად იცხოვროს, „სიამოვნება ეძიოს და ტკივილს ერიდოს“. ამ პირობებში ერთადერთი უფლება და ქმედების მოტივი სურვილია და მსგავსი მდგომარეობა მორალურ შინაარსს მოკლებულია. მორალის განვითარება და ჩამოყალიბება იწყება მაშინ, როდესაც სოციალური თანაცხოვრების შედეგად ადამიანს „სიმპათიის“ გრძნობა უჩნდება, „ის თანდათანობით ეკედლება იმ პირებს, რომელთანაც ის ერთად ცხოვრობს, იმსჭვალება მათდამი სიმპატიითა და ბოლოს მათ არა თუ აღარაფერს ავნებს, ხშირად კიდეც ზრუნავს მათთვის“ (4, 18).
მორალის ნატურალისტური თეორიის პარალელურად გომართელი გამოყოფს მორალის სოციალურ განზომილებას, „მორალურ იდეებს“, რომლებიც საკუთარი არსით საზოგადოებაში გაბატონებული ჯგუფების მიერ არიან გავრცელებულნი და დამკვიდრებულნი. გომართელის მტკიცებით, მორალური გრძნობა ადამიანის „გართულებული ცხოვრების“ კვალდაკვალ ვითარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სოციალური ცხოვრების პირობებში ადამიანს უვითარდება სიყვარული, თანაგრძნობის, სიბრალულის, თავგამეტების, დახმარების გრძნობები, ხოლო რაც შეეხება მორალურ იდეებს, ისინი ეკონომიკური პირობებიდან მომდინარეობენ და მათი ხასიათი სოციალური მდგომარეობით არიან განპირობებულნი. „ზნეობრივი იდეების წარმოშობაზე დიდ გავლენას ახდენს გარემო პირობები, ზნეობრივი იდეები კლასობრივი წარმოშობისაა, ანუ ერთი კლასი ბედნიერებას სხვა კლასის უბედურებაზე აშენებს“ (4, 32). მორალთან და პოლიტიკასთან მიმართებით გომართელი ევოლუციური უტილიტარიზმის იდეას ემხრობა და ქადაგებს ბედნიერებას, რომელიც დაფუძნებულია სიამოვნებასა და პროგრესის რწმენაზე: „საზღვრების მოშლა, კლასების და კაცობრიობის, როგორც მთლიანობის ინტერესი, ზნეობის განვითარება შეუჩერებლათ მიდის და მოვა ისეთი დრო, როდესაც მოძმისადმი სიყვარული, თანაგრძნობა, დახმარება, გატანა ისეთ ბუნებრივ მოთხოვნილებად გადაიქცევა, როგორც, მაგალითად, საზრდოობა და სუნთქვა... აწმყომ გააუქმა ბევრი ის უსამართლობა, რაც წარსულში იყო; მომავალი მოსპობს იმ უსამართლობას, რაც აწმყოშია და ეჭვგარეშეა, რომ ადამიანი მოიპოვებს გაცილებით მეტ თავისუფლებასა და თანასწორობას, ვიდრე დღეს აქვს“ (4, 32-39).
გომართელის პოლიტიკური თეორია განვითარებულია 1906 წელს გამოცემულ ნაშრომში „ეროვნულობის საკითხი“. გომართელი აცხადებს, რომ ერის საფუძვლები შეიქმნა მაშინ, როდესაც ადამიანმა მიწის დამუშავება ისწავლა, შემდგომ კი გვარები და თემები ჩამოაყალიბა. თემების შეერთებამ წარმოშვა ერი და „ამრიგად დაიბადა ეროვნული ინტერესები, ეროვნული იდეა ანუ ნაციონალიზმი“ (2, 10). აღსანიშნავია, რომ ამ პროცესში გაბატონებულ და ჩაგრულ ადამიანთა ჯგუფებს შორის მყისვე წარმოიშობა კლასობრივი განსხვავება, სწორედ ამ განსხვავების გადალახვას მიიჩნევდა გომართელი იმჟამინდელი პოლიტიკური ცხოვრების უმთავრეს გამოწვევად: „პროლეტარიატის ძლევამოსილმა მსვლელობამ თავისუფლება უნდა მიანიჭოს ყველა ეროვნებას, რომლებიც კი არისტოკრატიულმა და ბურჟუაზიულმა ნაციონალიზმმა დაიმონა“ (2, 28). გომართელის სოციალიზმი ემხრობა ერის ჩაგრული უმრავლესობის ინტერესებს, „ეროვნული კითხვაც ჩვენებურად გვესმის და უარყოფთ ყოველივე იმას, რაც ეროვნულობის სახელით მხოლოდ ერის შემავიწროებელი და დამჩაგვრელია; ჩვენ გვწამს მხოლოდ ყველა ერების საერთო ინტერესი, და არა მარტო ჩვენი ერის... პროლეტარიატული ნაციონალიზმი იცავს ერის უმრავლესობის ინტერესებს და მის დროშაზე ეროვნული საზღვრების მაგიერ მთელი კაცობრიობა აწერია“ (2, 30). გომართელი მიიჩნევდა, რომ „სოციალიზმის დიად სამეფოში ქართველი ერი თავისი საკუთარი სახით უნდა წარსდგეს და ჩვენი პროლეტარიატი სოციალიზმის სამფლობელოში უნდა შევიდეს როგორც საერთაშორისო პროლეტარული პარტიის ქართველი წევრი“ (2, 55).
გომართელი ასევე მნიშვნელოვან ფილოსოფიურ განაზრებებს გვთავაზობს თავისუფალი ნების პრობლემის შესახებ. ის დეტერმინიზმის პოზიციას ემხრობა და აცხადებს, რომ „ადამიანის ენა ადრე წარმოსდგა, მეცნიერება კი შემდგომ განვითარდა და ამიტომ ენაში ბევრი ისეთი ცნებაა, რაც მეცნიერების თვალში მხოლოდ სიყალბე და თავის მოტყუებაა. ასეთივე თავის მოტყუებაა ადამიანის სხვადასხვა სურვილების განხორციელებაში თავისუფალი ნების არსებობის დანახვა“ (4, 87). გომართელი ადამიანის ფსიქიკურ ცხოვრებას ტვინში მიმდინარე პროცესების მეშვეობით ხსნის. აღნიშნული პროცესები შედგება მგრძნობელობისა და წარმოსახვისაგან, გომართელი აცხადებს, რომ: „ყოველი მგრძნობელობა თუ წარმოდგენა აუცილებელი კანონების ნაყოფია, ისინი აუცილებლად იწვევენ ჩვენში ამა თუ იმ მოქმედებებს და ამიტომ ჩვენი ნდომა თავისუფალი ნების მოწამე კი არ არის, არამედ აუცილებლობის“ (4, 89). გომართელის მიერ დეტერმინიზმის სასარგებლოდ შემოთავაზებული არგუმენტის თანახმად, ადამიანის ნება მგრძნობელობისა და ასოციაციის ურთიერთკავშირითაა განსაზღვრული. მოქმედი პირი თავისუფალი კი არ არის, „არამედ მისი მიმართულება მტკიცედ არის განსაზღვრული ადამიანის გონებაში “ (4, 95). ქცევის მკაცრი დეტერმინიზმის პირობებში კარგი და ცუდი ქმედებების საწონი საზოგადოებრივი კეთილდღეობაა: „არც ერთი ადამიანი დამნაშავე არ არის თავის მოქმედებაში, მაგრამ საზოგადოებას, მიუხედავად ამისა, არ შეუძლია, ბოროტ-მოქმედების წინააღმდეგი ზომები არ მიიღოს, რადგანაც ყოველი ბოროტ-მოქმედება არღვევს საზოგადოების კეთილდღეობას“ (4, 95).
ივანე გომართელი XX საუკუნის დასაწყისის ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი მოაზროვნეა, რომლის ინტელექტუალურ-ფილოსოფიური მრწამსი ნატურალიზმითა და სამყაროს მატერიალისტური კონცეფციით იყო განპირობებული. აღსანიშნავია, რომ მისი იდეების დიდი ნაწილი პროგრესულია და ახალ სიტყვას წარმოადგენს ქართული ერის ინტელექტუალურ ცხოვრებაში. XIX საუკუნის ბოლოდან ევროპული კულტურა სეკულარიზაციის შეუქცევად პროცესს გადიოდა, ხოლო მეცნიერული აღმოჩენები კი სამყაროს ახალ სურათს ქმნიდნენ. ტრადიციულ რელიგიურ შეხედულებათა კრიტიკა ამ პროცესის თანმდევი ნაწილი იყო. იმხანად რელიგიასა და მეცნიერებას შორის არსებულ კონფლიქტს რამდენიმე ფაქტორი განაპირობებდა, მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის იყო, რომ მეცნიერების მცოდნე ადამიანები რელიგიურ დოქტრინებს პირდაპირი აზრით იგებდნენ, ხოლო რელიგიის წარმომადგენლები მეცნიერულ თეორიებში პოტენციურ საშიშროებას ხედავდნენ. გომართელის მეცნიერული ათეიზმი მისი მსოფლმხედველობის ბუნებრივი შედეგია. რაც შეეხება მის მიერ განვითარებულ მორალურ თეორიას, ის ორიგინალური აზროვნების ერთ-ერთ თვალსაჩინო ნიმუშს წარმოადგენს. იგივე ითქმის გომართელის მიერ განვითარებულ ეროვნულობის თეორიასა და პოლიტიკურ ფილოსოფიაზეც, რომელიც დაფუძნებულია სიამოვნებისა და ბედნიერების პრინციპზე, კლასობრივი ჩაგვრის გაუქმებასა და ერებს შორის თანამშრომლობაზე. მის მიერ განხილული ფილოსოფიური საკითხები მოცულობით მცირე, მაგრამ შინაარსობრივად მრავლისმთქმელია. აქედან გამომდინარე, ივანე გომართელი ქართული ფილოსოფიური აზროვნების განვითარების პროცესში გამორჩეული ადგილი უკავია.
1. შილერის პოეზიის ძირითადი თვისებანი, თბილისი: გამოცემა „მუშა“, 1905 წ.
2. ეროვნული საკითხი, თბილისი: „სხივის“ ამხანაგობის გამოცემა, 1906 წ.
3. ტვინი და სული, თბილისი: „სორაპანი“, 1908 წ.
4. ადამიანის ნება და ზნეობა, თბილისი: ამხანაგობა „ალიონის“ გამოცემა, 1911 წ.
5. კონსტანტინე დიმიტრის ძე ყიფიანი: 45 წლის მოღვაწეობის იუბილეს სახსოვრად 1868-1914 ბიოგრაფია, თბილისი: „სორაპანი“ 1914 წ.