შუა საუკუნეების ქართული აზროვნების გამორჩეულად საინტერესო ფიგურაა XII საუკუნის ქართველი სასულიერო პირი და ღვთისმეტყველი ნიკოლოზ გულაბერისძე. მისი ბიოგრაფიიდან ცოტა რამ არის ცნობილი. სხვადასხვა წყაროების თანახმად, იგი იყო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, სვიმეონ IV გულაბერისძის ძმისშვილი. სვიმეონ კათოლიკოსმა საპატრიარქო ტახტზე მცირე ხანი (1142-1146 წწ.) დაჰყო. მას მოჰყვა საბა II-ის პატრიარქობის ასევე მოკლე პერიოდი (1146-1150 წწ.). 1150 წელს კი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად ნიკოლოზ I გულაბერისძე იქნა არჩეული, რომელიც საქართველოს ეკლესიას 28 წლის განმავლობაში მართავდა. ერთი ოჯახიდან გამოსული ორი კათოლიკოს-პატრიარქი, საეკლესიო წრეებში, გულაბერისძეთა ოჯახის გამორჩეულ და გავლენიან მდგომარეობაზე მიუთითებს. ნიკოლოზ გულაბერისძის პატრიარქობა ემთხვევა საქართველოს მეფეების დემეტრე I (1125-1155/1156 წწ.), დავით V (1155-1156 წწ.) და გიორგი III (1156-1184 წწ.) ზეობის წლებს. ეს საქართველოს ისტორიის წარმატებული პერიოდია, მაგრამ ქვეყნის ცხოვრებაში მრავალი მნიშვნელოვანი პოლიტიკური გარდატეხა ხდება, რომელშიც, სავარაუდოა, რომ ნიკოლოზ კათოლიკოსსაც უნდა მიეღო მონაწილეობა, თუმცა, ამის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი.
1178 წელს ნიკოლოზ გულაბერისძე კათოლიკოს-პატრიარქობიდან გადადგა. თამარ მეფის ისტორიკოსი ბასილი ეზოსმოძღვარი ნიკოლოზ I-ის გადადგომის მიზეზად მის პირად გადაწყვეტილებას ასახელებს და ამბობს: „სიმდაბლისა ძლითა ეჯმნა ქართლისა კათალიკოზობისაგან“. თუმცა, სავარაუდოა, რომ იგი არ ეთანხმებოდა გიორგი III-ის გადაწყვეტილებას მისი უფროსი ძმის შვილის და საქართველოს სამეფო ტახტის ლეგიტიმური მემკვიდრის, დემნა უფლისწულის დასჯის შესახებ. გადადგომის შემდეგ ნიკოლოზ გულაბერისძე მალევე ტოვებს საქართველოს, იგი ჯერ ათონის მთაზე მოღვაწეობს, მოგვიანებით კი იერუსალიმში მკვიდრდება. 1184 წელს, თამარის გამეფების კვალდაკვალ, საქართველოს ახალი მონარქის მოწვევით იგი სამშობლოში ბრუნდება. თამარის ისტორიკოსის თანახმად, მან პირველად სწორედ ნიკოლოზ გულაბერისძე მოიხმო საქართველოში. ნიკოლოზ გულაბერისძე დაბრუნებიდან მალევე კვლავ ჩნდება მემატიანის ფურცლებზე: მისი მოღვაწეობის შესახებ ცნობებს გვაწვდის „ქართლის ცხოვრება“, რომლის თანახმადაც იგი ხელმძღვანელობდა თამარის მიერ მოწვეულ საეკლესიო კრებას. ამ კრების მიზანი საქართველოს ეკლესიის საქმეთა მოწესრიგება იყო.
საქართველოში დაბრუნების შემდეგ ნიკოლოზ გულაბერისძე ინტელექტუალურ მუშაობას შეუდგა. ცნობილია, რომ მან დაწერა რამდენიმე ჰომილეტიკური ნაშრომი, ჩვენამდე კი მოაღწია მხოლოდ ერთმა - „საკითხავი სუეტისა ცხოველისაჲ, კუართისა საუფლოჲსა და კათოლიკე ეკლესიისა“. ამ თხზულებაში იგი მოგვითხრობს ქრისტეს კვართის დაფლვის ადგილას სვეტიცხოვლის ტაძრის აგების ამბავს. აქ სამი სიწმინდეა ერთდროულად გამოტანილი, სვეტი ცხოველი, საუფლო კვართი და კათოლიკე ეკლესია; იგი, ასევე, გადმოსცემს წმ. ნინოს მიერ საქართველოში ქრისტიანობის ქადაგებისა და გავრცელების ისტორიას. ტექსტში იგი ადიდებს შემოქმედ ღმერთს, მარიამ ღვთისმშობელს, სვეტიცხოველს. არსებობს მოსაზრება, რომ ნიკოლოზ გულაბერისძე არის წმ. მაქსიმე აღმსარებლის თხზულებათა მთარგმნელი, თუმცა, ეს მოსაზრება დღემდე სადავოა.
სავარაუდოა, რომ ნიკოლოზ I გულაბერისძე 1190-იან წლებში გარდაიცვალა.
შუა საუკუნეების ქართულ საღვთისმეტყველო და სალიტერატურო მწერლობაში პოლიტიკური ასპექტი სოლიდურად არის წარმოდგენილი. ამ პერიოდის საქართველოში მრავლად შევხვდებით ტექსტებს, რომლებშიც უაღრესად საინტერესოდ არის წარმოდგენილი პოლიტიკურ-თეოლოგიური განაზრებები. გამონაკლისი არც ნიკოლოზ გულაბერისძის ნაშრომია. თავის თხზულებაში „საკითხავი სუეტისა ცხოველისაჲ, კუართისა საუფლოჲსა და კათოლიკე ეკლესიისა“ ნიკოლოზ გულაბერისძე ფართოდ გადმოსცემს სვეტიცხოვლის ისტორიას, რომელიც მას ქართველი ერის სულის მთავარ ნიშანსვეტად მიაჩნია. სვეტიცხოველი იმითაც არის მისთვის მნიშვნელოვანი, რომ ის თავიდანვე იქცა საქართველოში ქრისტიანობის უმთავრეს ტოპოსად, რადგან ის მჭიდროდ არის დაკავშირებული წმ. ნინოს მოღვაწეობასთანაც. ნაშრომის ავტორი, ლეონტი მროველზე დაყრდნობით, რომელმაც საქართველოში ნინო კაბადოკიელის მისიონერული მოღვაწეობა აღწერა, გადმოსცემს და განიხილავს წმ. ნინოს როლსა და მნიშვნელობას ქართველთა ეროვნულ-ქრისტიანული მსოფლმხედველობის ჩამოყალიბების პროცესში.
გულაბერისძის ნაშრომი ვრცელი შესავლით იწყება, რომელშიც წარმოდგენილია საგულისხმო საღვთისმეტყველო-ფილოსოფიური მსჯელობა ღვთაებრივი სიბრძნის, ღმერთის ყოვლისმცოდნეობისა და ყოვლისშემძლეობის შესახებ. აქ იგი ახორციელებს დაბადების წიგნის შესაბამისი თავებისა და ადრეული ქრისტიანული ეპოქის დიდი ღვთისმეტყველის, ბასილი კესარიელის ნაშრომის „ჰომილიები ექვსი დღისათვის“ ორიგინალურ ინტერპრეტაციას. თუმცა, ნაშრომის მთავარი მიზანი მაინც სხვაა. წმ. ნინოს ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ მსჯელობისას გულაბერისძე სვამს ერთ უაღრესად საინტერესო კითხვას: რატომ ინება ღმერთმა ქალის წარმოგზავნა საქართველოს გასაქრისტიანებლად? ამ შეკითხვაზე საპასუხოდ მას მოჰყავს სამი არგუმენტი:
ერთი შეხედვით, ქალის როლისა და მნიშვნელობის შესახებ გულაბერისძის ეს კონცეფცია თითქოს მარიამ ღვთისმშობლისა და წმ. ნინოს ხოტბას ემსახურება, თუმცა, მას, ამავდროულად, ფართო პოლიტიკურ-თეოლოგიური მიზანდასახულობაც აქვს. პირველი მიზანი საქართველოს როგორც ღვთისმშობლისადმი წილხვდომილი მიწის იდეას წამოსწევს წინა პლანზე. ეს იდეა ჯერ კიდევ ლეონტი მროველთან გვხვდება და ქართველებს ქრისტიანულ სამყაროში გამორჩეულ ერად წარმოაჩენს. ამ იდეის განვითარებით გულაბერისძე საქართველოს სამეფოს ზეციურ სამეფოსთან განსაკუთრებულ კავშირზე მიუთითებს. მეორე მიზანი კიდევ უფრო პრაქტიკულ-პოლიტიკური დანიშნულებისაა. კერძოდ, თამარის გამეფებას საქართველოში თან ახლდა დიდი ვნებათაღელვა. აქ უმთავრესი ორი მიზეზი იყო: 1) თამარის მამას, გიორგი III-ს, სამეფო ტახტზე ლეგიტიმურ პრეტენზიას უყენებდა მისი ძმისშვილი დემნა უფლისწული. ამას დიდი აჯანყებაც მოჰყვა (1177-1778 წწ.), რომელიც, მართალია, დამარცხდა (დემნა უფლისწული დაასაჭურისეს და მალევე გარდაიცვალა), მაგრამ ამან ქართული არისტოკრატიის ერთ ნაწილში გიორგი III-ის მეფობისა და მოგვიანებით თამარის გამეფების (1184 წ.) მიმართ დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. 2) თამარი ქალი იყო. ამგვარად, ერთი მხრივ, შუა საუკუნეებში ქალთა შესაძლებლობების მიმართ დამკვიდრებული სკეპტიკური დამოკიდებულება, ხოლო, მეორე მხრივ, მამრობითი ხაზით სამეფო დინასტიის მემკვიდრეობითობის შეწყვეტა, თამარის მეფობას საფრთხეს უქადდა. ყოველივე ამას თან ერთვოდა ყუთლუ-არსლანის დასის გეგმებიც, რომელიც სამეფო ხელისუფლების შეზღუდვას ესწრაფვოდა.
ამგვარად, ნიკოლოზ გულაბერისძე, რომელიც თავის ზემოხსენებულ ნაშრომს თამარის მეფობის პირველ წლებში წერს, მარიამ ღვთისმშობლისა და წმ. ნინოს შესახებ ვრცელი მსჯელობებითა და საქართველოს ქრისტიანულ ისტორიაში ქალის როლის წინ წამოწევით, ისტორიული და თეოლოგიური არგუმენტების გამოყენებით, სწორედ თამარის მეფობის ლეგიტიმაციის საფუძვლებს აყალიბებდა, რითაც მან შუა საუკუნეების ქართული პოლიტიკურ-თეოლოგიური აზროვნების საინტერესო მიმართულება შექმნა.
• კეკელიძე, კ. ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. I: ძველი მწერლობა. თბილისი: „საბჭოთა საქართველო“, 1960 წ.
• ნიკოლოზ გულაბერისძე, თხზულებანი. გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა, ლექსიკონი და საძიებლები დაურთო ნ. სულავამ, მცხეთა, 2007 წ.
• ქართლის ცხოვრება ტ. 3. ტექსტები ძველი ქართულიდან ახალ ქართულზე გადმოიტანეს მ. რაფავამ, გ. მაჭარაშვილმა, რედაქტორი: ნ. ჯალაბაძე. „ახალი ივერონი“, თბილისი, 2012 წ.