დიალოგური ფილოსოფია მიზნად ისახავს ადამიანის დიალოგური სტრუქტურის, როგორც ადამიანის უმთავრესი, არსობრივი მახასიათებლის წარმოჩენას. ამდენად, მას „დიალოგური ანთროპოლოგიაც“ შეგვიძლია ვუწოდოთ. მისი კონცეფციები სხვადასხვა ეპოქის განსხვავებული ტიპის ტექსტებშია გაბნეული, თუმცა, საბოლოოდ, მისი კონტურების მოხაზვა და დაზუსტება ყველაზე სრულად მაინც XX საუკუნის ებრაული წარმოშობის მოაზროვნემ, მარტინ ბუბერმა (1878-1965 წწ.) განახორციელა. მის თხზულებებში, რომლებიც, ერთი მხრივ, იუდაური ტრადიციის, ხოლო, მეორე მხრივ, XX საუკუნის დასავლური ფილოსოფიის წამყვანი მიმართულებების გავლენას განიცდის, ერთგვარი შეჯამება, თავმოყრა მოხდა დიალოგური ფილოსოფიის ყველა დროის საუკეთესო ნიმუშებისა. დიალოგური ფილოსოფიის მთავარ წარმომადგენელთა რიცხვს ასევე მიეკუთვნებიან ებრაული წარმოშობის გერმანელი მოაზროვნეები ჰერმან კოჰენი (1842-1918 წწ.) და ფრანც როზენცვაიგი (1886-1929 წწ.).
დიალოგური ფილოსოფია შემდეგ დებულებას ემყარება: ადამიანი, თავისი არსით, არის მიმართებაში მყოფი არსება. მისი არსი განისაზღვრება სხვასთან მიმართებით. ამგვარად, ადამიანი გახლავთ მიმართების პრინციპის განმახორციელებელი არსება. აქ აქტუალური ხდება „პიროვნების“, როგორც საკუთრივი ყოფიერების მქონე, მიმართებაში მყოფი არსების კატეგორია. უმეტესწილად, ადამიანის დიალოგური მახასიათებლის დაკავშირება ადამიანის რელიგიურ ცხოვრებასთან ხდება, რადგან ღმერთისა და ადამიანის ურთიერთობაში ადამიანის დიალოგური ბუნება ყველაზე მძაფრად ვლინდება. ამის მიზეზად უნდა მივიჩნიოთ ის, რომ ღმერთი ადამიანის ცნობიერებაში გარესამყაროს აღქმისა და მასთან მიმართების ერთ-ერთი მთავარი საფუძველია.
დიალოგური ფილოსოფიის ფესვები უძველეს კულტურებში უნდა ვეძიოთ. უპირველესად, აქ ძველი აღთქმის წიგნები, მაგალითად, ფსალმუნთა წიგნი უნდა მოვიხმოთ, სადაც თვალნათლივ არის წარმოჩენილი ადამიანის, როგორც „ცალკეულის“ მიმართება ღმერთთან. ამასთან, თავად ადამიანის არსის დადგენა ღმერთთან მიმართებით ხორციელდება. ქრისტიანობაში ამან განსაკუთრებული განვითარება პოვა. ამის ნათელი მაგალითია ნეტარი ავგუსტინეს ფილოსოფია. მაგალითად, „აღსარებანში“ ადამიანის დიალოგური სტრუქტურა ნათლადაა წარმოჩენილი, სადაც ადამიანი საკუთარი თავის დადგენას ღმერთთან დიალოგის მეშვეობით ახორციელებს. დიალოგური ფილოსოფიის ელემენტებს ვხვდებით ფრიდრიხ ჰაინრიხ იაკობისთან (1743-1819 წწ.), ლუდვიგ ფოიერბახთან (1804-1873 წწ.), სიორენ კირკეგორთან (1813-1855 წწ.). ამ უკანასკნელთან მკვეთრად არის მოხაზული ადამიანის ინდივიდუალიზმი, „ცალკეულობა“ რელიგიურ ჭრილში. შესაბამისად, ადამიანის ღმერთთან მიმართება პიროვნების პიროვნებასთან მიმართების კონტექსტს იძენს. საბოლოოდ, ყველა ზემოჩამოთვლილ ავტორთან იკვეთება ადამიანის დიალოგური ბუნება, რადგან ადამიანთან თუ ღმერთთან ურთიერთობაში ვლინდება ადამიანის ნამდვილი არსი.
როგორც აღვნიშნეთ, დიალოგური ფილოსოფიის საკვანძო ავტორს წარმოადგენს მარტინ ბუბერი. თავის ცნობილ ნაშრომში „მე და შენ“ (1923 წ.) ბუბერი ადამიანის გარესამყაროსთან მიმართების ორ ასპექტს გამოჰყოფს: პირველია სიტყვათა წყვილი „მე-შენ“, მეორე კი წყვილი „მე-ის“. ბუბერი ადამიანის არსის განხორციელების საფუძვლად პირველ სიტყვათშეთანხმებას მიიჩნევს. სიტყვათა ეს წყვილი ურთიერთობას ასახავს, მეორე კი გამოცდილებას. ამგვარად, პირველისთვის დამახასიათებელია მუდმივად აწმყოში განხორციელება, მეორე კი ადამიანის მუდმივად წარსულზე ორიენტაციას განსაზღვრავს. პირველი წყვილისგან განსხვავებით, რომელშიც ურთიერთობა „შენის“ წარმოდგომითაა განპირობებული, მეორე წყვილში „ის“ შემეცნების საგანია. ამგვარად, პირველი წყვილი ფორმირდება როგორც „სუბიექტი-სუბიექტი“, მეორე კი „სუბიექტი-ობიექტი“. „შეხვედრისა“ და „შემეცნების“ დაპირისპირება აქ დიონისურ-აპოლონური ნაკადების დაპირისპირებას შეგვიძლია შევადაროთ. ბუბერი უპირისპირდება რაციონალიზმს, რამდენადაც ადამიანი ყოველივეს (მათ შორის, ადამიანებისა და ღმერთის) შესამეცნებელ ობიექტად ქცევით ვერ ახორციელებს ურთიერთობას, როგორც მისი ბუნების არსებით ელემენტს. ეს ხდება ადამიანის მიერ გამოთქმული „შენ“-ის მეშვეობით. ბუბერის ფილოსოფია რელიგიურ ელფერს ატარებს - ყოველ წარმოთქმულ „შენ“-ში იკითხება მარადიული „შენ“! ამგვარად, ადამიანის ღმერთისადმი, როგორც აბსოლუტური „შენ“-ისადმი მიმართება ადამიანის არსის ყველაზე სრულყოფილ განხორციელებას წარმოადგენს. გარდა ამისა, უნდა ვთქვათ, რომ ბუბერი თავისი კონცეფციით მის ეპოქაში გაბატონებული უტილიტარიზმის წინააღმდეგაც ილაშქრებს: „მე-ის“ მიმართების უარყოფითი მხარე სწორედ ყოველივეს უტილიზაციას, ობიექტივიზაციას გულისხმობს. ბუბერის ფილოსოფია, როგორც ადამიანური არსებობის პრობლემური მხარეების გადაჭრის გზების ძიება ფორმირდება ეგზისტენციალიზმის სახით. შესაბამისად, ბუბერის დიალოგურ კონცეფციას „დიალოგური ეგზისტენციალიზმი“ შეგვიძლია ვუწოდოთ.
დიალოგური ფილოსოფიის ეგზისტენციალური მარცვლები ნათლად ჩანს გაბრიელ მარსელის ფილოსოფიაშიც. როგორც თავად ავტორი აღნიშნავს, დიალოგურ კონცეფციამდე ის მარტინ ბუბერისგან დამოუკიდებლად, შეიძლება ითქვას, პარალელურად მივიდა. მარსელთან ადამიანის დიალოგური სტრუქტურა ქრისტიანული ფილოსოფიის ჭრილშია გადაწყვეტილი. XX საუკუნის ავბედითი მოვლენებით ევროპაში გაბატონებული ნიჰილიზმი, რომელიც ადამიანის საკუთრივი ყოფის საზრისს ეჭვქვეშ აყენებდა, მარსელის აზრით, ადამიანში დიალოგური საწყისების გააქტიურებას მოითხოვდა, რაც ადამიანის რელიგიურ ცხოვრებაში ვლინდება. რელიგიური ცხოვრება, თავისი ნამდვილი ფორმით, მხოლოდ ღმერთთან აწმყო ურთიერთობის საფუძველზე შეიძლება განხორციელდეს. ის უპირისპირდება თეოლოგიურ რაციონალიზმს (რომელიც, მაგალითად, შუა საუკუნეების დასავლურ ფილოსოფიაში ვლინდებოდა ღმერთის არსებობის არგუმენტაციების გზით). ამით მარსელი კიდევ ერთხელ ამჟღავნებს ნათესაობას ბუბერის აზროვნებასთან, რამდენადაც ბუბერისეული „მე-ის“ ზემოხსენებულ თეოლოგიურ რაციონალზმსაც გულისხმობს.
ქართულ ფილოსოფიაში დიალოგური ფილოსოფიის რეცეფციისა და ინტერპრეტაციის კუთხით მნიშვნელოვანია გიორგი ცინცაძის (1926-2005 წწ.) შემოქმედება. უპირველესად, უნდა ითქვას, რომ ქართველი ავტორი საინტერესო ცნობებს იძლევა დიალოგური ფილოსოფიის საფუძვლების, ფესვების შესახებ. მასთან ფ. ჰ. იაკობის, ლ. ფოიერბახის, ს. კირკეგორის, ჰ. კოჰენის, ფ. როზენცვაიგის შეხედულებების საინტერესო ანალიზს ვხვდებით. თუმცა, მოცემული საკითხის კვლევის დროს ცინცაძის ყურადღება, უმთავრესად, მარტინ ბუბერის შემოქმედებას ეძღვნება. ქართველი მოაზროვნე თავის შრომებში ბუბერის დიალოგური ფილოსოფიის საინტერესო განხილვასა და შეფასებებს გვთავაზობს. ცინცაძე ბუბერის ნააზრევს რელიგიურ ჭრილში განიხილავს. ის საგანგებოდ უსვამს ხაზს მის კავშირს იუდაურ აზროვნებასთან. „შენ“ მიმართება ადამიანის ღმერთთან ურთიერთობის ერთადერთი ფორმაა. ამის საფუძველზე ადამიანისადმი მიმართებაც, მაგალითად, მისი სიყვარული, არა მხოლოდ ღმერთის მიერ მოცემული იმპერატივია, არამედ ღმერთთან მისასვლელი გზა, რამდენადაც ყოველი წარმოთქმული „შენ“ მარადიული „შენისკენ“ მიგვითითებს. ცინცაძე ბუბერთან ადამიანად ყოფნის პრინციპის ორმაგობას უსვამს ხაზს. ადამიანად ყოფნა „ორმაგ მოძრაობაში“ ყალიბდება, სადაც პირველი მოძრაობა მეორის საწინდარია. პირველია „პირველადი დისტანცირება“, საწყისისეული დაცილება, მეორე კი „მიმართებაში შესვლა“. ის, რომ პირველი მეორის წანამძღვარია, გამოიხატება ფაქტით, რომ მიმართებაში შესვლა ხდება მხოლოდ იმ ყოფიერთან, რომელიც „დისტანცირებულია“, განზეა, მოპირდაპირეა. სწორედ ეს „თავისთავადი მოპირდაპირის“ ქონა, ცინცაძის აზრით, ბუბერის ფილოსოფიაში ადამიანის უნიკალური მახასიათებელია. ცინცაძე ხაზს უსვამს, რომ მოპირდაპირესთან ურთიერთობა არ ხორციელდება რაიმე დროით განზომილებაში, ის აწმყოში მიმდინარეობს და მიმართების ფორმას ატარებს.
ადამიანის ეს მიმართება რამდენიმე ფორმით ხორციელდება. პირველი, მათ შორის, არის საგნებთან ურთიერთობა. საგნები არ არიან მხოლოდ გამოყენების, მოხმარებისა და ფლობის ობიექტები. ადამიანი მათთან პერსონალურ ურთიერთობაშიც დგება. ეს ნათლად ჩანს ხელოვნების მაგალითზე: ხელოვნების ნაწარმოები არის არა ადამიანის ან საგნის გამოთქმა, არამედ საგანსა და ადამიანს შორის დამყარებული მიმართების სუბსტანცირება. მეორე ფორმას წარმოადგენს ადამიანებთან მიმართება. აქ ადამიანების პიროვნული აღქმის საფუძველზე ხდება სხვისი „სხვადყოფნის“ აღიარება, დადგენა, ამის საფუძველზე კი საკუთარი თავის დადგენაც. ცინცაძე ყურადღებას ამახვილებს ბუბერის „შეხვედრის“ კატეგორიაზე. ამ კატეგორიის საფუძველზე ხდება სხვისი და, ამასთანავე, საკუთარი ინდივიდუალური ყოფნის დადგენა. ადამიანი მტკიცდება თავის ყოფიერებაში სხვა ადამიანების მეშვეობით, ადამიანის პიროვნება საჭიროებს საკუთარი ინდივიდუალობის დადასტურებას. გარდა გ. ცინცაძის გამოქვეყნებული შრომებისა, ბუბერის ნააზრევში ადამიანის დიალოგური სტრუქტურის განხილვა-ანალიზი მოცემულია გიორგი ცინცაძის საარქივო მასალებშიც, რომლებიც ამჟამად ახალი საქართველოს უნივერსიტეტის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივშია წარმოდგენილი.
ქართველ მოაზროვნეებს შორის დიალოგური ფილოსოფიის კვლევაში დიდი წვლილი მიუძღვის რევაზ გორდეზიანს (1935-2019 წწ.). მის მონოგრაფიაში „ფილოსოფიურ-ანთროპოლოგიური ძიებები გერმანულ ექსისტენციალიზმსა და აღმოსავლეთში (ძენ-ბუდიზმი)“ ნათლად და ცხადადაა წარმოდგენილი მარტინ ბუბერის დიალოგური ფილოსოფიის დებულებები. მონოგრაფიაში საგანგებოდაა განხილული ბუბერის თხზულება „მე და შენ“. საგულისხმოა, რომ გორდეზიანი ბუბერის ფილოსოფიას განიხილავს ისეთი მნიშვნელოვანი მოაზროვნეების ფონზე, როგორიცაა ფრიდრიხ ნიცშე (1844-1900 წწ.), კარლ იასპერსი (1883-1969 წწ.), მარტინ ჰაიდეგერი (1889-1976 წწ.). ნაშრომში დაწვრილებითაა განხილული ბუბერისეული მიმართების კატეგორია, რომლის თვითკმარი ბუნებაც საგანგებოდაა ხაზგასმული. აქ ნაჩვენებია „მე-შენ“ სიტყვათშეთანხმების ანთროპოლოგიური მნიშვნელადობა: ყოველი ადამიანი იმდენად არის „მე“, რამდენადაც წარმოთქვამს „შენს“. „მე-შენ“ მიმართება ეფუძნება უშუალობას, როგორც ორი პიროვნების პირდაპირ და ორმხრივ ურთიერთობას. აქ გამორცხულია რაიმე მესამე. „მე-შენ“ წყვილის „მე“ პრინციპულად სხვაობს „მე-ის“ წყვილის „მესგან“, რადგანაც პირველი ვლინდება როგორც პიროვნება, რომელიც შედის სხვა პიროვნებებთან მიმართებაში; მეორე კი ვლინდება როგორც სუბიექტი, ინდივიდი, რომელიც სამყაროს ობიექტივაციას ახდენს. მიმართებაში ყოფნა ნიშნავს რეალობაში, ყოფიერებაში მონაწილეობას. გორდეზიანი აღნიშნავს, რომ დასახელებულ წყვილებს ბუბერი ონტოლოგიურ მნიშვნელობას ანიჭებს; მართალია, ისინი რაიმე არსებულს არ აღნიშნავენ, თუმცა კი, მათი წარმოქმნით ისინი არსებობას ადასტურებენ. სიტყვათა წყვილი „მე-შენ“ შეიძლება მხოლოდ მთელი არსებით წარმოითქვას, რასაც ვერ ვიტყვით წყვილზე „მე-ის“.
რევაზ გორდეზიანის შრომებში ნაჩვენებია, რომ ბუბერთან „ადამიანის „იდუმალი“ არსება რაიმე ცნებით მოაზრებული „ასე - ყოფიერება“ კი არ არის, რომელიც იზოლირებული სახით ადამიანურ „მეში“ იარსებებდა, ანდა ამაღლებულ „შენში“, ღმერთში, არამედ ეს არსება განსაკუთრებულ მიმართებაში ჩნდება, ამ ორ რაიმეს შორის არაცნებითად განიცდება“. ამით ნაჩვენებია, რომ რომ ადამიანი არსობრივად დიალოგური არსებაა.
ქართულ აზროვნებაში დიალოგური ფილოსოფიის კვლევისას მხედველობაში უნდა მივიღოთ გ. თევზაძის ფილოსოფიის ისტორიოგრაფიული ნაშრომიც „XX საუკუნის ფილოსოფიის ისტორია“ (2002 წ.), სადაც გაბრიელ მარსელის ეგზისტენციალური ფილოსოფიაა განხილული. ასევე, ახალი საქართველოს უნივერსიტეტის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის მიერ გამოიცა ქართულად თარგმნილი გაბრიელ მარსელის ნაშრომი „ფილოსოფოსის პასუხისმგებლობა თანამედროვე სამყაროში“.
რაც შეეხება მარტინ ბუბერის თხზულებათა ქართულ თარგმანებს, ზურაბ კიკნაძის მიერ ითარგმნა და ქართულ პერიოდიკაში გამოქვეყნდა შემდეგი ტექსტები: „ცრუწინასწარმეტყველნი“ (1990 წ.), „პლატონი და ესაია“ (1997 წ.). ვიქტორ რცხილაძემ თარგმნა ბუბერის „დახუჭობანა“ (1992 წ.). ახალი საქართველოს უნივერსიტეტის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის მთარგმნელობითი პროექტის ფარგლებში კი ქართულად ითარგმნა მარტინ ბუბერის მთავარი ნაშრომი „მე და შენ“, რომლის რამდენიმე ნაწილი უკვე გამოქვეყნდა კიდეც ამავე უნივერსიტეტის ონლაინ პლატფორმაზე „პეტრიწის პორტალი“ (petritsiportal.ge).
• ბუბერი, მ.: ცრუწინასწარმეტყველნი, ინგლისურიდან თარგმნა ზ. კიკნაძემ, ჟურნალში: „განთიადი“ # 6 (ქუთაისი, 1990 წ.), გვ. 140-145.
• ბუბერი, მ.: დახუჭობანა, გერმანულიდან თარგმნა ვ. რცხილაძემ, ჟურნალში: „რელიგია“ # 6 (თბილისი, 1992 წ.), გვ. 74-75.
• ბუბერი, მ.: პლატონი და ესაია, ინგლისურიდან თარგმნა ზ. კიკნაძემ, ჟურნალში: „აფრა“, # 2 (დეკემბერ-იანვარი), (თბილისი, 1997 წ.), გვ. 169-174.
• ბუბერი, მ.: მე და შენ - პირველი ფრაგმენტი, ქართულად თარგმნა ნ. კოპალეიშვილმა, http://www.petritsiportal.ge/ka/article/63 (წვდომა განხორციელდა: 15.04.2021).
• ბუბერი, მ.: მე და შენ - მეორე ფრაგმენტი, ქართულად თარგმნა ნ. კოპალეიშვილმა, http://petritsiportal.ge/ka/article/122 (წვდომა განხორციელდა: 15.04.2021).
• გორდეზიანი, რ.: ფილოსოფიურ-ანთროპოლოგიური ძიებები გერმანულ ექსისტენციალიზმსა და აღმოსავლეთში (ძენ-ბუდიზმი), თბილისი: „უნივერსალი“, 2009 წ.
• გორდეზიანი, რ.: სოკრატეს მოწოდება და ექსისტენციალიზმი, კრებულში: რევაზ გორდეზიანის საიუბილეო თარიღისადმი (75 წ.) მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენციის მასალები (თბილისი, 20 აპრილი, 2010 წ.), თბილისი: „უნივერსალი“, 2010 წ., გვ. 68-79.
• თევზაძე, გ.: XX საუკუნის ფილოსოფიის ისტორია, თბილისი: „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 2002 წ., გვ. 488-501.
• კიკნაძე, ზ.: რევაზ გორდეზიანი. „ფილოსოფიურ-ანთროპოლოგიური ძიებები გერმანულ ექსისტენციალიზმსა და აღმოსავლეთში (ძენ-ბუდიზმი), „უნივერსალი“, თბ., 135 გვ., ჟურნალში: „კადმოსი“, # 3 (თბილისი, 2011 წ.), გვ. 488-491.
• მარსელი, გ.: ფილოსოფოსის პასუხისმგებლობა თანამედროვე სამყაროში, თარგმნა ნ. კოპალეიშვილმა, წიგნში: ვ. ბენიამინი, თეოლოგიურ-პოლიტიკური ფრაგმენტი / თ. ირემაძე, განაზრებანი ვალტერ ბენიამინის პოლიტიკურ თეოლოგიაზე / გ. მარსელი, ფილოსოფოსის პასუხისმგებლობა თანამედროვე სამყაროში, თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2020 წ., გვ. 20-61.
• მიტროპოლიტი იოანე (ზიზიულასი): მართლმადიდებლური თეოლოგია და თანამედროვე ანთროპოლოგია, ინგლისურიდან თარგმნა გ. ხუროშვილმა, თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2019 წ.
• ცინცაძე, გ.: დიალოგური ანთროპოლოგია, ჟურნალში: „მაცნე“. ფილოსოფია, # 1 (თბილისი, 2008 წ.), გვ. 81-88.
• ხასიდური სწავლანი, ინგლისურიდან და გერმანულიდან თარგმნა ზ. კიკნაძემ, თბილისი: „ლომისი“, 1995 წ.
• Buber, M.: I and Thou, a new translation, with a prologue and notes by W. Kaufmann, New York: Charles Skribner’s Sons, 1970.
• Zank, M., Braiterman, Z.: Martin Buber, The Stanford Encyclopedia of Philosophy (Winter 2020 Edition), E. N. Zalta (ed.), https://plato.stanford.edu/archives/win2020/entries/buber/ (წვდომა განხორციელდა: 15.04.2021).
• Марсель, Г.: Трагическая мудрость философии, Избранные работы, пер. с французского Г. Тавризяна, Москва: Издательство гуманитарной литературы, 1995.
• Марсель, Г.: О смелости в метафизике, пер. с французского В. П. Визгина, Санкт-Петербург: «Наука», 2012.