დოსითეოზ ჩერქეზიშვილი ახალი დროის (XVIII ს.) ქართულ-სომხური მწერლობის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია. მის შესახებ ბიოგრაფიული ცნობები მწირია და რაიმე კონკრეტულის თქმა ამასთან დაკავშირებით რთულია. დოსითეოზ ჩერქეზიშვილის ცხოვრებიდან ცნობილია, რომ იგი ნეკრესის კათედრის მღვდელმთავარი იყო. ნეკრესელ ეპისკოპოსად იგი რამდენიმეჯერ იხსენიება (1762, 1784, 1785 და 1789 წწ.); 1789 წლიდან ანტონ II-სთან არსებული უთანხმოების გამო იგი აღარ არის ნეკრესის მღვდელმთავარი და, შესაბამისად, ამ პერიოდიდან უკვე აღარ იხსენიება როგორც ნეკრესის ეპარქიის მმართველი. ნეკრესის მღვდელმთავრობასთან დაკავშირებული პირველი მითითებები მისივე უწყებას უკავშირდება, რომლის თანახმადაც მას 1758 წელს მღვდელმთავრის რანგში უკურთხებია ერეკლე მეფის მიერ თელავში გახსნილი საფილოსოფიო-საღვთისმეტყველო სკოლა, რომლის ერთ-ერთი პირველი მსმენელი თვითონვე ყოფილა. ამავე უწყებაში დოსითეოზი აღნიშნავს, რომ ხსნებული სკოლის მსმენელთა შორის წარმოდგენილები იყვნენ სხვადასხვა ასაკის სასულიერო პირები და ეკლესიის მსახურები. ცნობილია, რომ მას თავის ეპარქიაში გაუხსნია პირველდაწყებითი სკოლა, რომელიც, ასევე, მეფე ერეკლეს მზრუნველობის საგანი გამხდარა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დოსითეოზი ანტონ პირველის თანამოაზრე იყო საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების საქმეში. იგი, როგორც განათლებული კაცი, დაახლოებული ყოფილა თელავის სკოლის იმჟამინდელ რექტორთან ფილიპე ყაითმაზაშვილთან. დოსითეოზი დიდი ავტორიტეტისა და პატივის მქონე პირად არის მოხსენიებული თელავის სემინარიის 1783 წლის საზეიმო სხდომის დისპუტის ჩანაწერებში, სადაც გაიოზ რექტორს თავისი საზეიმო სიტყვის დასასრულს (ერეკლე მეფესთან, გიორგი ბატონიშვილთან და ანტონ პირველთან ერთად) სამადლობელი სიტყვით მიუმართავს ნეკრესელი ეპისკოპოსისადმი.
დოსითეოზ ჩერქეზიშვილს მთარგმნელობითი საქმიანობა ჯერ კიდევ თელავის სკოლაში ყოფნის დროს დაუწყია; მისი ძირითადი მიმართულება სომხურიდან ქართულ ენაზე სხვადასხვა ტექსტების გადმოქართულება იყო, ვინაიდან მან სომხური ენა კარგად იცოდა. ამ საქმეში დოსითეოზისთვის დიდი მხარდაჭერა გამოუცხადებია ფილიპე ყაითმაზაშვილს, რომელთან ერთადაც დოსითეოზმა არაერთი თხზულების თარგმანი განახორციელა. მისი ლიტერატურული მუშაობა უმთავრესად მიმართული იყო სომხური და ქართული მწერლობის ურთიერთდაახლოებისკენ. დოსითეოზი ცდილობდა ისეთი ფილოსოფიური ლიტერატურის შემოტანას, რომელიც ჯერ კიდევ არ მოიპოვებოდა ქართულ ენაზე, „არა დავსცხრებოდი მე მდაბალი მუშაკობასა გადმოღებისასა ფილოსოფოსოფითა ნათქვთასა, რომელნი აკლდეს ენასა ჩუენსაო“.
დოსითეოზ ნეკრესელის კალამს ასევე უკავშირდება არაერთი ფილოსოფიური თხზულების გადმოტანა სომხურიდან ქართულ ენაზე. მის თარგმანებს თან ახლავს ორიგინალური ანდერძ-მინაწერები, რომლებიც გადმოსცემენ ნათარგმნ თხზულებათა მოკლე აღწერილობასა და მნიშვნელობას. ორი შრომა - „ახსნა პორფირისა“ და „შემოკლებითი ახსნა პერი ჰერმენიას წიგნთა“ - გადმოღებულია 1762 წელს. ასევე, მის კალამს ეკუთვნის მხითარ სევასტიელის „რიტორიკა“. ანტონ პირველის გადმოცემის თანახმად ირკვევა, რომ ეს თხზულება დოსითეოზს გადმოუღია ფილიპე ყაითმაზაშვილის დახმარებით. ასევე, თავად დოსითეოზის მინაწერის მიხედვით ვიგებთ, რომ ეს ნაშრომი შესრულებულია ერეკლე მეფის ბრძანებითა და მღვდელი ფილიპეს დახმარებით, რომელიც 1761 წლის 18 იანვარს დაუსრულებიათ. მეფე ერეკლეს ბრძანების საფუძველზე დოსითეოზის მიერ ითარგმნა „წიგნი საზღვართა“, რომელიც ფილიპე ყაითმაზაშვილთან ერთად თელავის სკოლის გახსნისთანავე, 1758-1759 წლებშია შესრულებული. დოსითეოზის თარგმანებს შორის არის „მცირე ლოღიკაც“. ანტონ ცაგერელ-ჭყონდიდელის გადმოცემის თანახმად, დოსითეოზს „დიდი ლოღიკის“ გადმოღებაც სურდა, მაგრამ გარეშე მიზეზთა გამო მხოლოდ მცირე ნაწილის გადმოწერა მოახერხა. დოსითეოზ ნეკრესელს ფილოსოფიური ხასიათის თხზულებათა გარდა სომხურიდან გადმოუღია აპოკრიფული „სიყრმე ქრისტესი“ და „ისტორია სომხეთისა“.
ასევე ცნობილია 1780 წელს შილდას ციხის კარზე დაწერილი მცირე ზომის ლექსი, რომელიც ნეკრესის მომავალი ეპისკოპოსის მისამართით უნდა იყოს თქმული:
შემდგომად ჩემსა მოსულო, ეკლესიისა სიძეო,
ახალ დროის საქართველოში პირველი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაარსება დაკავშირებულია XVIII-XIX საუკუნეების ინტელექტუალურ მოძრაობასთან, რომლის ერთ-ერთი გამოჩენილი წარმომადგენელიც დოსითეოზ ჩერქეზიშვილი (ნეკრესელი) გახლდათ. არსებული საგანმანათლებლო პროექტის ხორცშესხმის საქმეში, ფილიპე ყაითმაზაშვილთან, გაიოზ რექტორთან და დავით რექტორთან ერთად, ანტონ პირველის მხარდამხარ მოღვაწეობდა დოსითეოზ ჩერქეზიშვილიც, რომლის მთარგმნელობითმა საქმიანობამაც ამ ეპოქის ქართველთა ინტელექტუალურ განვითარებაში დიდი როლი შეასრულა. ცნობილია, რომ მისი თარგმნილი თხზულებები თელავის საფილოსოფიო-საღვთისმეტყველო სკოლის პროგრამაში ფართოდ იყო ჩართული. ამავე მიზეზით უნდა იყოს გამოწვეული დოსითეოზ ჩერქეზიშვილის მიერ ანტიკური ხანის რჩეული თხზულებების თარგმნაც.
• ბარამიძე, ა.: საჯარო პაექრობა თელავის სემინარიაში, კრებულში: „სწავლა-აღზრდის ისტორია საქართველოში“, მასალების კრებული I, სარედ. კოლ.: დ. გვაზავა და სხვ., ტფილისი: „პედაგოგიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის გამომცემლობა“, 1937 წ., გვ. 51-65.
• კეკელიძე, კ.: დოსითეოზ ჩერქეზიშვილი, წიგნში: კ. კეკელიძე, ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. I: ძველი მწერლობა, თბილისი: „საბჭოთა საქართველო“, 1960 წ., გვ. 369-372.
• ჟორდანია, თ.: ქართლ-კახეთის მონასტრების და ეკლესიების ისტორიული საბუთები, ფოთი: „სტამბა ლ. მ. ტუღუშისა“, 1903 წ., გვ. 258-259.
• ყუბანეიშვილი, ს.: ამბროსი ნეკრესელი (ცხოვრება და სალიტერატურო მოღვაწეობა), კრებულში: „ლიტერატურული ძიებანი“, ტ. 3, თბილისი: „საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა“, 1947 წ., გვ. 225-253.
• ქართული ლირიკის ანთოლოგია (1765-1825), შეადგინა, ბოლოთქმა, შენიშვნები და ლექსიკონი დაურთო ი. კენჭოშვილმა, თბილისი: „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 2014 წ., გვ. 82.