ფილოსოფია არის ადამიანთა ძალისხმევა, რათა გონების მეშვეობით სიცხადე და გარკვეულობა იქნეს შეტანილი თავად ადამიანისა და მთელი სინამდვილის რაობაში. სწორედ გონების ცნების ამგვარი გამოყენებით განსხვავდება ფილოსოფია რელიგიისგან, რომლის სააზროვნო თვალსაწიერსაც ღვთაებრივი გამოცხადება განსაზღვრავს. რელიგია და რელიგიური გამოცდილება როგორც ფილოსოფიის, ასევე ღვთისმეტყველების კვლევა-ძიების საგანია. ამ ორი დისციპლინის დაკავშირების შედეგად კი იქმნება პრობლემათა იმგვარი თემატური სპექტრი, რომელსაც ფილოსოფიური ღვთისმეტყველება შეისწავლის. ამ კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემდეგი საფუძველმდებარე საკითხები: (1) სინამდვილის ძირები/ფუნდამენტი (მეტაფიზიკა/ღმერთის შესახებ მოძღვრება), (2) სიკეთე და ბოროტება (ეთიკა), (3) ჭეშმარიტება და სიმცდარე (შემეცნების თეორია), (4) ადამიანის რაობის საკითხი (ანთროპოლოგია), (5) რელიგიის არსი და საფუძვლები (რელიგიის ფილოსოფია). აღსანიშნავია, რომ ეს საკითხები ფილოსოფიური ღვთისმეტყველების მთავარ საკითხთა რიგს ქმნის, რომლის კვალობაზეც ქრისტიანული კატეგორიათმოძღვრება ყალიბდება.
ფილოსოფიური თეოლოგიის დასაწყისად პირობითად შეიძლება მიჩნეული იქნეს ძვ. წ.-ის VI საუკუნე, როცა ძველი ბერძენი ფილოსოფოსები ბერძნული სახალხო რელიგიების მისტიკური თეოლოგიით დაინტერესდნენ. ამგვარი დაინტერესების შედეგად დასაბამი მიეცა ღმერთისა და ღვთაებრივის შესახებ მსჯელობას, რომელიც ფილოსოფიური აზროვნების წესისამებრ ხორციელდებოდა. მაშასადამე, ანტიკურობაში ჩამოყალიბდა თეოლოგიის ნაირსახეობა, რომელიც ფილოსოფიური გზებითა და მეთოდებით ცდილობდა საკუთარი საგნის შესწავლასა და გამოძიებას. ქრისტიანობის წიაღში ეს დარგი კიდევ უფრო მეტად განვითარდა და შუა საუკუნეების აზროვნების ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად იქცა. ფილოსოფიური ღვთისმეტყველება ამ ეპოქის ფილოსოფიისა და თეოლოგიის გამაერთიანებელი და მაინტეგრირებელი დარგი აღმოჩნდა.
ქართული ფილოსოფიური აზროვნება ქრისტიანობის წიაღში ჩაისახა. ქრისტიანობაშივე შეიძინა მან საწყისისეული და თვითმყოფადი სახე. ამდენად, ქართულ აზროვნებაში იმთავითვე დაუკავშირდა ერთმანეთს ფილოსოფია და ღვთისმეტყველება, რამაც დასაბამი მისცა ქრისტიანული ფილოსოფიის მდიდარ ტრადიციას საქართველოში. შემთხვევითი არც ის არის, რომ XX საუკუნის დასაწყისამდე ქართული ფილოსოფიის ფორმაცა და შინაარსიც, ძირითადად, ქრისტიანულ ელფერს ატარებს. ამ დრომდე მოღვაწე დიდი ქართველი ფილოსოფოსები ქრისტიანი ფილოსოფოსები არიან. ქრისტიანული ფილოსოფიის განვითარებამ განაპირობა ის, რომ შუა საუკუნეებისა და ახალი დროის ქართულ აზროვნებაში საფუძველი ჩაეყარა ქრისტიანული ფილოსოფიური ღვთისმეტყველების მდიდარ ტრადიციას, რომლის საუკეთესო წარმომადგენლები არიან: იოანე პეტრიწი, ანტონ პირველი (ბაგრატიონი), იონა ხელაშვილი, გაბრიელ ქიქოძე და სხვ. საქართველოში ამ ტრადიციის თაურსაწყისებს კი გვიანი ანტიკური ხანის აზროვნებამდე, კერძოდ კი, პეტრე იბერის (411-491 წწ.) ფილოსოფიურ ღვთისმეტყველებამდე მივყავართ.
ფილოსოფიური ღვთისმეტყველება იმ სააზროვნო ტოპოსს ქმნის, რომელიც ქართული თეორიული აზროვნების საძირკველს წარმოადგენს. აქ ჰარმონიულად ერთიანდება ფილოსოფიური და საღვთისმეტყველო კვლევების საზღვრითი თემები და პრობლემები, რაც ამ დარგის ინტერდისციპლინურ ხასიათს გამოკვეთს. ამგვარად იქმნება ერთგვარი „გზაგასაყარი“ ფილოსოფიისა და ღვთისმეტყველებისა, რომელიც, თავის მხრივ, ტოპოლოგიური კვლევების აუცილებლობაზე მიუთითებს. მაშასადამე, საფუძველი ეყრება ფილოსოფიური და საღვთისმეტყველო ტოპოლოგიის ისეთ სახეს, რომელიც განსაკუთრებულ აქტუალობას დღევანდელი თეორიული აზროვნების კონტექსტში იძენს. ფილოსოფიური ღვთისმეტყველება, როგორც აზროვნების ტოპოსი, ინტერდისციპლინურობის გამოხატულებას წარმოადგენს. ამასთანავე, ის ქმნის იმგვარ ფუნდამენტსა და ბაზისს, რომელსაც თანამედროვე ქართული აზროვნების განვითარება შეიძლება დაეფუძნოს. ამ საკითხების შესახებ დაწვრილებითი მსჯელობაა ჩემს შემდეგ მონოგრაფიებში: (1) „ფილოსოფია ეპოქათა და კულტურათა გზაგასაყარზე“ (თბ., 2013), (2) „შუა საუკუნეების ქართული ფილოსოფია“ (თბ., 2019 წ.), (3) „ახალი დროის ქართული ფილოსოფია“ (თბ., 2020 წ.).
ფილოსოფიისა და ღვთისმეტყველების „გზაგასაყარი“ იმგვარი ტოპოსია, რომელიც ამ ორ განსხვავებულ მეცნიერულ დისციპლინას ერთგვარი დიალოგის ფორმატში აქცევს და ამ ორი დარგის თანამშრომლობის მეტად რთული პროცესის ეფექტურად წარმართვის წინაპირობებსაც ქმნის. ფილოსოფია და ღვთისმეტყველება – სხვადასხვა გზებითა და მეთოდებით – ერთსა და იმავე საქმეს ემსახურებიან: ისინი ეძიებენ სამყაროს პირველსაწყისს, თუმცკი, ამ ძიების პროცესში მრავალ დაბრკოლებას აწყდებიან. საფრთხეებისა და დაბრკოლებების გადალახვა ამ ორი დისციპლინის საერთო ძალისხმევით უფრო ნაყოფიერი და ეფექტური რომ შეიძლება გამოდგეს, ამის ნათელი ნიმუშია შუა საუკუნეების ქართული ფილოსოფიური აზროვნება და მისი მთავარი წარმომადგენლები: ეფრემ მცირე, არსენ იყალთოელი და იოანე პეტრიწი. ეს ქართველი ქრისტიანი მოაზროვნეები ღვთისმეტყველებისა და ფილოსოფიის, გამოცხადებისა და გონების, რწმენისა და ცოდნის, ეკლესიისა და აკადემიის უნივერსალური სინთეზის იდეას განასახიერებდნენ. ხატოვნად რომ ითქვას, ისინი იერუსალიმისა და ათენის თავსებადობის, შერიგებისა და ჰარმონიის იდეალს ავითარებდნენ. ერთი სიტყვით, ეს ქართველი ქრისტიანი ღვთისმეტყველები და ფილოსოფოსები იერუსალიმსა და ათენს, საკაცობრიო აზროვნების ამ ორ უდიდეს ნიშანსვეტს შორის არსებული წინააღმდეგობის გადალახვას ცდილობდნენ. სწორედ საკაცობრიო აზროვნების გამოცდილებამ აჩვენა ამ წინააღმდეგობის გადალახვის აუცილებლობა. დიდ ქართველ მოაზროვნეებს საამისოდ მყარი არგუმენტ(ებ)ის მოხმობა შეეძლოთ. ეს არგუმენტი ადამიანის ონტოლოგიურ სტატუსს ეფუძნება. ადამიანი არის სასრული გონიერი არსება, რომლის ყოფითი ძირები სასრულსა და უსასრულოს, საზღვრითსა და უსაზღვროს, მოკვდავსა და უკვდავს შორის არის საძიებელი. მაშასადამე, ადამიანი წარმოადგენს მიკროკოსმოსს, „წინააღმდეგობათა ერთიანობას“, ერთგვარ „სასრულ უსასრულობას“, რომლის არსებობა თავადაც ერთგვარი „გზაგასაყარია“.
აქედან გამომდინარე, საჭირო ხდება ისეთი თეორიული დისციპლინის არსებობა, რომელიც ადამიანის სამყაროში არსებობის ონტოლოგიურ სტატუსს ადეკვატურად გაიაზრებს. სწორედ ასეთი დისციპლინაა ფილოსოფიური ღვთისმეტყველება. შეიძლება ითქვას, რომ ის ადამიანის არსების, მისი უშინაგანესი ბუნების ყველაზე ნათელი გამოხატვა და ასახვაა. ფილოსოფიური ღვთისმეტყველება სამყაროს, მისი შემოქმედისა და ამ სამყაროს შემოქმედებითი გვირგვინის, ადამიანის ღვთაებრივი არსისა და თაურსაწყისების შესახებ არსებული თეორიული დისციპლინაა. ის ფილოსოფიური აზროვნების საყრდენი ცნებებისა და კატეგორიების ასახვითა და გარდასახვით, მათი საღვთისმეტყველო კონტექსტში გამოყენების გზით აღწევს თავის საკვლევ მიზანს.
• ზაქარაძე, ლ.: ქართული ფილოსოფიის ახალი პერსპექტივები ინტერკულტურული აზროვნების ჭრილში (განაზრებანი პროფ. თენგიზ ირემაძის ნაშრომზე – „ფილოსოფია ეპოქათა და კულტურათა გზაგასაყარზე“, თბილისი, „ნეკერი“, 2013), ჟურნალში: „კადმოსი“. ჰუმანიტარულ კვლევათა ჟურნალი, # 4 (თბილისი, 2012 წ.), გვ. 417-430.
• იეკი, უ. რ.: განაზრებანი ქართული ფილოსოფიის შესახებ, გერმანულიდან ქართულად თარგმნა ლ. ზაქარაძემ, თბილისი: „ნეკერი“, 2010 წ.
• ირემაძე, თ.: ფილოსოფია და ღვთისმეტყველება, ჟურნალში: „უფლის ციხე“. საქართველოს საპატრიარქო, # 2 (თბილისი, 2012 წ.), გვ. 58-64.
• ირემაძე, თ.: ფილოსოფია ეპოქათა და კულტურათა გზაგასაყარზე. ინტერკულტურული და ინტერდისციპლინური კვლევები, თბილისი: „ნეკერი“, 2013 წ., გვ. 12-14.
• ირემაძე, თ.: შუა საუკუნეების ქართული ფილოსოფია. სისტემური მონახაზი მისი სპეციფიკის გასაგებად, თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2019 წ.
• ირემაძე, თ.: ახალი დროის ქართული ფილოსოფია. სისტემური მონახაზი მისი სპეციფიკის გასაგებად, თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2020 წ.
• შტრაუსი, ლ.: იერუსალიმი და ათენი, ინგლისურიდან თარგმნა გ. ხუროშვილმა, თბილისი: „საუნჯე“, 2013 წ.