შალვა ხიდაშელი დაიბადა 1911 წლის თებერვალში (საბუთებით 31 მაისს) ქ. ცხინვალში, მასწავლებლის, ვასილ ხიდაშელის ოჯახში. 1918 წელს ოჯახი თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად. 1927 წელს შ. ხიდაშელმა დაამთავრა თბილისის პირველი საშუალო სკოლა და იმავე წელს შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1930 წელს, მაგრამ უკვე როგორც პედაგოგიური ინსტიტუტი; 1932 წელს მეუღლესთან ერთად გაემგზავრა ქ. ლენინგრადში სწავლის გასაგრძელებლად; აქ, 1933-1936 წლებში სწავლობდა ლენინგრადის ენის, ისტორიის, ლიტერატურისა და ფილოსოფიის ინსტიტუტის ასპირანტურაში ანტიკური ფილოსოფიის სპეციალობით.
1936 წელს შ. ხიდაშელი მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად დაბრუნდა თბილისში და მუშაობა დაიწყო რუსთაველის და მისი ეპოქის მუზეუმში უფროს მეცნიერ თანამშრომლად; 1941-1945 წლებში იმყოფებოდა საბჭოთა არმიის რიგებში და მონაწილეობდა საომარ მოქმედებებში; საბჭოთა არმიიდან დემობილიზაციის შემდეგ (1945 წ.) მუშაობდა გორის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობდა ლექციებს ფილოსოფიის სხვადასხვა დისციპლინებში.
1946 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ხიდაშელი მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში. 1946-1948 წლებში ის იყო ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1948-1951 წლებში ეკავა ინსტიტუტის სწავლული მდივნის თანამდებობა, 1951-1953 წლებში კი უფროსი მეცნიერ-თანამშრომელია.
შ. ხიდაშელი 1953 წელს აირჩიეს ინსტიტუტის ფილოსოფიის ისტორიის განყოფილების, ხოლო 1966 წელს ქართული ფილოსოფიის ისტორიის განყოფილების გამგედ. ეს თანამდებობა მას ეკავა სიცოცხლის ბოლომდე. 1947 წელს შ. ხიდაშელმა დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე - „არსის პრობლემა პარმენიდეს ფილოსოფიაში“ - რომელიც 1960 წელს გამოქვეყნდა მონოგრაფიის სახით; 1962 წელს კი მან დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე - „ძირითადი მსოფლმხედველობრივი მიმართულებები ფეოდალურ საქართველოში“ - რომელიც იმავე წელს გამოქვეყნდა მონოგრაფიის სახით (რუსულ ენაზე).
1988 წელს შ. ხიდაშელი აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად. იგი 1947 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე შეთავსებით მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და კითხულობდა ლექციებს ფილოსოფიის სხვადასხვა დისციპლინებში.
შ. ხიდაშელი გარდაიცვალა 1994 წლის 21 სექტემბერს. დასაფლავებულია საბურთალოს მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
შ. ხიდაშელი მრავალმხრივი მოაზროვნე იყო. ქართული ფილოსოფიის ისტორიის გარდა, სხვადასხვა დროს, მისი შესწავლის საგანი იყო გამოჩენილ ქართველ მეცნიერთა და მწერალთა (სულხან-საბა ორბელიანი, ალექსანდრე ამილახვარი, ილია ჭავჭავაძე, ივანე ჯავახიშვილი, გერონტი ქიქოძე, გიორგი შატბერაშვილი, ანა კალანდაძე) შემოქმედება.
ქართულ ფილოსოფიაში ხიდაშელის კვლევა-ძიება იმთავითვე გამოირჩეოდა საკვლევი პრობლემებისადმი აქსიოლოგიური მიდგომით. კერძოდ, იგი იკვლევს და ადგენს შუა საუკუნეების ქართული აზროვნების ძირითად მიმართულებათა მსოფლმხედველობრივ საფუძველს ამქვეყნიური სინამდვილისადმი მათი დამოკიდებულების თვალსაზრისით. მისი აზრით, შუა საუკუნეების ქართული ფილოსოფიური აზრისთვის დამახასიათებელი იყო ორი ძირითადი მსოფლმხედველობრივი მიმართულება. ერთი მსოფლმხედველობა „გამორიცხავს ისეთ შეხედულებას, რომლის მიხედვითაც ამქვეყნიურ ცხოვრებას თავისთავადი, დამოუკიდებელი მნიშვნელობა და ღირებულება აქვს“. მეორე მსოფლმხედველობა კი რუსთაველის თვალსაზრისიდან მომდინარეობს და სამყაროს, ამქვეყნიურ სინამდვილეს, რომელიც ადამიანის წინაშე „უთვალავი ფერით“ არის გაშლილი, „თავისთავად მნიშვნელოვნად და ღირებულად“ მიიჩნევს.
შ. ხიდაშელის აზრით, შუა საუკუნეების ქართული ფილოსოფია ქვეყნის კულტურული ცხოვრების შიგნით მომხდარი იდეური ცვლილებების თეორიულ დასაბუთებას წარმოადგენს. რამდენადაც ამ ცვლილებით განსაზღვრული იდეა ამქვეყნიური სინამდვილის და მასში მოქმედი ადამიანის ღირებულების აღიარებაა, ამდენად იმ დროის ქართული ფილოსოფიური მსოფლმხედველობის ძირითად ამოცანას ამქვეყნიური სინამდვილის ონტოლოგიური, გნოსეოლოგიური, ეთიკური და ესთეტიკური ღირებულებების და, ამის შესატყვისად, „ადამიანურის“ ახლებური გაგების დასაბუთება შეადგენს. აღნიშნული მთავარი დებულების გაღრმავებას, კონკრეტიზაციას და განვითარებას ხიდაშელმა არაერთი გამოკვლევა მიუძღვნა.
შ. ხიდაშელის მოღვაწეობაში განსაკუთრებით ნაყოფიერი აღმოჩნდა 1981-1994 წლები. ამ პერიოდში მან გამოაქვეყნა მისი უმნიშვნელოვანესი გამოკვლევები ქართული ფილოსოფიის ისტორიასა და რუსთველოლოგიაში. აღნიშნულს უნდა დაემატოს ის უამრავი პუბლიცისტური წერილი, რომლებიც XX საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში გამოქვეყნდა ქართულ და რუსულ ენებზე და ეძღვნებოდა თანამედროვე ცხოვრების აქტუალურ საკითხებს, ქართულ ეროვნულ მოძრაობას, ზნეობისა და პოლიტიკის პრობლემებს.
დიდია ხიდაშელის დამსახურება ქართული რენესანსის პრობლემების დამუშავებაში. შალვა ნუცუბიძის ქართული რენესანსის კონცეფცია ხიდაშელის ნაშრომებში გაღრმავდა და განვითარდა. მისთვის რენესანსის არსი გულისხმობს მიწიერი ცხოვრების ღირებულების აღიარებას და ადამიანის ახლებურ გაგებას. რენესანსი ახალი ეპოქის დასაწყისია, მაგრამ ის მზადდებოდა და მწიფდებოდა შუა საუკუნეების პირობებში და ატარებდა ეპოქის სააზროვნო ნიშნებს. ამიტომაც, ამქვეყნიური სინამდვილის ღირებულების აღიარება, წერს ხიდაშელი, სულაც არ ნიშნავს იმქვეყნიური (ზეციური) ღირებულების უარყოფას. „ის ქვეყანა“ რჩება „უმაღლეს, რუსთაველის სიტყვით, ზენა სინამდვილედ, აბსოლუტურ მნიშვნელობად და ღირებულად“. ყოველივე ეს, შ. ხიდაშელის აზრით, რუსთაველთან, როგორც პოეტთან, მხატვრული ხერხებით არის გადმოცემული. ხილული სამყარო მისთვის, უწინარეს ყოვლისა, ესთეტიკურ ღირებულებას წარმოადგენს. მშვენიერება „ვეფხისტყაოსანში“ ყოველთვის ამაღლებულია და ესთეტიკურის უმაღლეს რანგს მიეკუთვნება.
ხიდაშელის დიდი ხნის ნაყოფიერი კვლევა-ძიება ქართული ფილოსოფიის ისტორიაში, ქართული რენესანსის საკითხებსა და რუსთველოლოგიაში თავმოყრილი იქნა ფუნდამენტურ ნაშრომში „ქართული ფილოსოფიის ისტორია“ (1988 წ.), რომელიც მოიცავს ქართული ფილოსოფიის ისტორიას ძველი დროიდან რუსთაველის ეპოქის ჩათვლით.
როგორც ცნობილია, რუსთველოლოგთა და, საერთოდ, სპეციალისტთა შორის არაა ერთიანი აზრი რუსთაველის მსოფლმხედველობის წყაროებზე. ამ საკითხის გარკვევისას აზრთა სხვადასხვაობა და ბევრი გაუგებრობაცაა. ხიდაშელმა მონოგრაფიაში „ნეოპლატონიზმის თეორია რუსთველოლოგიაში” (1990 წ.) დამაჯერებლად აჩვენა ნეოპლატონიზმის გადამწყვეტი როლი რუსთაველის მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში, რითაც ბევრი სიცხადე შეიტანა ამ სადავო საკითხში.
ხიდაშელის კვლევებში მნიშვნელოვანი და საყურადღებო იყო XI-XII საუკუნეების საქართველოში „ამქვეყნიურისა“ და „იმქვეყნიურის“ მიმართების განხილვა აქსიოლოგიის პოზიციებიდან, რაც პრობლემისადმი სრულიად ახლებურ მიდგომას წარმოადგენდა.
შ. ხიდაშელის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია რუსთველოლოგიურ კვლევებს, კერძოდ, მის მიერ „ვეფხისტყაოსანში“ მოცემული ურთულესი და ღრმა შინაარსის გამოთქმების - „მზიანი ღამისა“ და „უჟამო ჟამის“ - ფილოსოფიურ ანალიზს. ამ საკითხის გასარკვევად ავტორი აკეთებს საყურადღებო დასკვნას პირველმიზეზში - ღმერთში - დაპირისპირებული მომენტების გაუქმების თაობაზე. ამით კიდევ ერთხელ ცხადი ხდება რუსთაველის შემოქმედების კავშირი ნეოპლატონურ ფილოსოფიასა და არეოპაგიტულ მოძღვრებასთან.
გასული საუკუნის 40-50-იან წლებში მსოფლიო გამოხმაურება ჰპოვა ნუცუბიძე-ჰონიგმანის თეორიამ პეტრე იბერისა და ფსევდო-დიონისე არეოპაგელის იდენტობაზე. შ. ხიდაშელმა აქტიურად დაუჭირა მხარი ამ თეორიას და მას რამდენიმე სტატია მიუძღვნა.
შალვა ხიდაშელის შრომები ახალი ეტაპია ქართული ფილოსოფიისა და ფილოსოფიური აზრის ისტორიის შესწავლის საქმეში. მისი შეხედულებები „მზიანი ღამისა“ და „უჟამო ჟამის“ შესახებ გამოყენებული და განვითარებულია მ. მახარაძის შრომებში.
• ხიდაშელი, შ.: რუსთაველის მსოფლმხედველობის საკითხები, თბილისი: „მეცნიერება“, 1981 წ.
• ხიდაშელი, შ.: ქართული ფილოსოფიის ისტორია, თბილისი: „მეცნიერება“, 1988 წ.
• ხიდაშელი, შ. ვ.: ნეოპლატონიზმის თეორია რუსთველოლოგიაში, თბილისი: „მეცნიერება“, 1990 წ.
• ხიდაშელი, შ. / მახარაძე მ.: ნეოპლატონური იდეების ასახვა შუა საუკუნეების ფილოსოფიაში, თბილისი: „მეცნიერება“, 1986 წ.
• ხიდაშელი, შ.: ნეოპლატონიზმის თეორია რუსთველოლოგიაში, თბილისი: „მეცნიერება“, 1990 წ.
• ქართული ფილოსოფიური აზრის ისტორია, ტ. I-IV (მე-2 გამოცემა), თბილისი: „უნივერსალი“, 2013 წ.
• მახარაძე, მ.: გამორჩეული ხიბლის მოქალაქე და მეცნიერი (შალვა ხიდაშელი), ჟურნალში: „ჩვენი მწერლობა“, # 14 (2010 წ.), გვ. 47-49.
• Хидашели, Ш. В.: Основные мировоззренические направления в феодальной Грузии, Тбилиси: „Мецниереба“, 1962;
• Хидашели, Ш. В.: Вопросы грузинского Ренессанса, Тбилиси: „Мецниереба“, 1984.