ივანე ჯავახიშვილი დაიბადა 1876 წლის 11 (23) აპრილს ქალაქ თბილისში. მამამისი ალექსანდრე ჯავახიშვილი პროფესიით პედაგოგი იყო, ხოლო დედა კი გახლდათ სოფიო ჯავახიშვილი. იმ დროს საქართველოში გამეფებული არაჯანსაღი ვითარების მიუხედავად, იგი იზრდებოდა კეთილშობილ გარემოში. მათი ოჯახი გაჟღენთილი იყო ქვეყნის სიყვარულით, სამშობლოს უკეთესი მომავლის რწმენითა და იმედით. აღნიშნულ გარემოებებს მომავალში უკვალოდ არ ჩაუვლია ერისკაცის, დიდი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის ცხოვრებაში.
ი. ჯავახიშვილი 1885 წელს სწავლას იწყებს თბილისის გიმნაზიაში, რომელიც დაამთავრა 1895 წელს. გიმნაზიაში არცთუ სასურველი ვითარება იყო - ტარდებოდა რუსიფიკატორული ტენდენცია, იდევნებოდა ყველაფერი, რაც ეროვნულთან, ქართულთან იყო დაკავშირებული. თუმცა, ეს რუსიფიკატორული ტენდენცია პატრიოტულად განწყობილ ქართველ ახალგაზრდებში საწინააღმდეგო ეფექტს იწვევდა, კერძოდ - აღვივებდა და აძლიერებდა ეროვნულ თვითშეგნებას. სწორედ ასეთი პატრიოტული განწყობითა და განცდით სწავლობდა ჯავახიშვილი გიმნაზიაში. აქ იგი განსაკუთრებულ დაინტერესებას იჩენდა ჰუმანიტარული დისციპლინებისადმი (ენა, ლიტერატურა, ისტორია), გამორჩეულ ყურადღებას იჩენდა საქართველოს ისტორიისადმი; ასევე, გულმოდგინედ სწავლობდა ენებს, ძველსა და ახალს.
1895 წელს ჯავახიშვილი ამთავრებს გიმნაზიას და სწავლას აგრძელებს პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის სომხურ-ქართულ-ირანულ განყოფილებაზე. აქ მისი მასწავლებლები იყვნენ საქვეყნოდ აღიარებული მეცნიერები, მათ შორის, აკად. ნიკო მარი. მასთან, როგორც თანამემამულესთან და დიდ მეცნიერთან, ჯავახიშვილს განსაკუთრებული ურთიერთობა ჩამოუყალიბდა - ხშირად ბინაში დადიოდა დამატებით სამეცადინოდ. ამასთან, იგი ინტენსიურად მეცადინეობდა უცხო - აღმოსავლური და დასავლურ-ევროპული ენების შესასწავლად; პარალელურად, აქტიურ საზოგადოებრივ მოღვაწეობასაც ეწეოდა, სათავეში ჩაუდგა სტუდენტთა ქართულ სათვისტომოს. სათვისტომო დიდად ზრუნავდა პეტერბურგში მცხოვრები ქართველების გააქტიურებისა და ერის სამსახურში ჩაყენებისთვის. ჯავახიშვილი ჯერ კიდევ სტუდენტობისას ხანგრძლივი მივლინებით იმყოფებოდა გერმანიაში.
1899 წელს უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ჯავახიშვილს ტოვებენ უნივერსიტეტში, როგორც მაშინ ამბობდნენ, „საპროფესოროდ“ მოსამზადებლად. აქ მან 1901 წელს ჩააბარა სამაგისტრო გამოცდები და მიიღო „ქართული სიტყვიერების მაგისტრის“ ხარისხი. ამის შემდეგ ის მივლინებით ისევ მიემგზავრება გერმანიაში, სადაც ძირითადად მუშაობს ბერლინის უნივერსიტეტში. აქ იგი ადგილობრივ მეცნიერებს არწმუნებს ქრისტიანული აღმოსავლეთის კულტურის შესასწავლად ქართული ისტორიული და ლიტერატურული მასალების გაცნობის მნიშვნელობაში.
1902 წელს ჯავახიშვილი ნიკო მართან ერთად იმყოფებოდა ქართული კულტურის ერთ-ერთ უძველეს კერაზე სინას მთაზე. აქ მათ შეისწავლეს მანამდე უცნობი ფასდაუდებელი ქართული ხელნაწერები, რომლებიც გადაწერეს და ფოტოებზეც აღბეჭდეს. ასე რომ, ამ ექსპედიციის შედეგად გამომზეურდა და სამშობლოს დაუბრუნდა არაერთი უნიკალური ქართული ძეგლი.
აღნიშნული ექსპედიციის შემდეგ ი. ჯავახიშვილი ისევ პეტერბურგშია და ეწევა შემოქმედებით მოღვაწეობას; პარალელურად, თანამოაზრეებთთან ერთად იღვწის საქართველოში ქართული უნივერსიტეტის გასახსნელად. დიდი წინააღმდეგობისა და არაერთი დაბრკოლების მიუხედავად, ეს წამოწყება წარმატებით დაგვირგვინდა. 1918 წლის 26 იანვარს თბილისში გაიხსნა პირველი ქართული უნივერსიტეტი. 1919-1926 წლებში ჯავახიშვილი იყო უნივერსიტეტის რექტორი. შემდეგ იგი აიძულეს რექტორის თანამდებობა დაეტოვებინა. შემდგომში, ჯავახიშვილი თანამშრომლობდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმთან, იყო რუსთაველისა და მისი ეპოქის მუზეუმის ხელმძღვანელი; 1939 წელს აირჩიეს საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად.
ივანე ჯავახიშვილი გარდაიცვალა 1940 წლის 18 ნოემბერს, საჯარო ლექციის კითხვის დროს.
ივანე ჯავახიშვილი მრავალმხრივი მეცნიერი იყო. იგი, უპირველესად, საქართველოს ისტორიის საკითხებს იკვლევდა. მას მიაჩნდა, რომ საქართველოს ისტორიის საკითხების სრულყოფილი შესწავლისთვის აუცილებელია ქართული ენათმეცნიერების, ლიტერატურის, სამართლისა და ეკონომიკის ისტორიის საფუძვლიანი შესწავლა. სწორედ ამგვარი ყოველმხრივი და საფუძვლიანი კვლევების საფუძველზე მან შექმნა ფუნდამენტური ნაშრომები „ქართველი ერის ისტორია“, „ქართული სამართლის ისტორია“, „ქართული მუსიკის ისტორიის ძირითადი საკითხები“, „საქართველოს ეკონომიური ისტორია“ და სხვ.
ჯავახიშვილის მეცნიერულ მემკვიდრეობაში, კერძოდ, მის ფუნდამენტურ ნაშრომში ,,ქართველი ერის ისტორია“ მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ქართული ფილოსოფიისა და ქართული რენესანსის საკითხებს.
ივანე ჯავახიშვილთან XI-XII საუკუნეების საქართველოში რენესანსი დაკავშირებულია კულტურის, სახელმწიფოებრიობისა და პოლიტიკური ვითარების საერთო აღმავლობასთან. ამასთან, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქართული კულტურის მიმართებას ბერძნულ-ბიზანტიური სამყაროს სულიერებასთან. იგი ამ მხრივ საგანგებოდ გამოყოფს ქართველთა მხრიდან ფილოსოფიური მწერლობისადმი დიდ ინტერესს.
ჯავახიშვილი ახალ ეპოქაში ქართველი სწავლულების მხრიდან ბერძნული ფილოსოფიური ცოდნის დაუფლებისადმი დიდ მისწრაფებაში ახალ მომენტზე ამახვილებს ყურადღებას. კერძოდ, იგი აღნიშნავს, რომ საქართველოში საღვთისმეტყველო და ფილოსოფიური ძეგლები ადრეც ითარგმნებოდა „საუცხოვო“ ქართული ენით და, მაშასადამე, X საუკუნემდე საქართველოში არსებობდა „საფილოსოფიო“ ენა და ტერმინოლოგია. ამ მიმართებით ჯავახიშვილი გამოყოფს ეფრემ მცირისა (XI ს.) და, განსაკუთრებით, იოანე პეტრიწის (XI-XII სს.) წვლილს. თუკი მანამდელი თარგმნილი ლიტერატურა საღვთისმეტყველო-ფილოსოფიური იყო, ამ ავტორების სათარგმნელად შერჩეული ტექსტები (არისტოტელეს, ნემესიოს ემესელის, პროკლეს და სხვათა) წმინდა ფილოსოფიურ მწერლობას მიეკუთვნებიან. ამასთან, როგორც ეფრემ მცირე, ისე იოანე პეტრიწი თარგმნილ ძეგლებს კომენტარებს ურთავდნენ.
ჯავახიშვილი საგანგებოდ აღნიშნავს ამ პერიოდის საქართველოში „ნეოპლატონური მწერლობის გაჩენას“ და, ნიკო მარის კვალდაკვალ, ამ მოვლენას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. ამ პოზიციის მართებულობა დრომ დაადასტურა და შუა საუკუნეების საქართველოში სწორედ ნეოპლატონური ფილოსოფია, კერძოდ, მისი ქრისტიანული რედაქცია - არეოპაგიტული მოძღვრება - აღმოჩნდა ქართული კულტურის ერთ-ერთი მთავარი მსოფლმხედველობრივი საძირკველი.
ჯავახიშვილი მიუთითებს დავით აღმაშენებლის დიდ წვლილზე საქართველოში წმინდა ფილოსოფიური აზრის განვითარების საქმეში, რამაც, საბოლოოდ, საფუძველი მოამზადა თავისუფალი ფილოსოფიური მოღვაწეობისთვის ქართველი სწავლულების მხრიდან.
ბერძნული ფილოსოფიის დაუფლებასთან ერთად ჯავახიშვილი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა მასთან ერთად ბერძნული პოეზიის გაცნობას, რამაც, მისი აზრით, საბოლოოდ საქართველოში რენესანსის წარმოშობის წინაპირობები შექმნა. მაგრამ საქართველოში ამ მოძრაობის დასრულება მონღოლთა შემოსევებმა შეაფერხა. მისი აზრით, საქართველოში ჩამოყალიბებული რენესანსი არ ყოფილა. ჯავახიშვილთან საკმაოდ არგუმენტირებული თვალსაზრისია წამოყენებული საქართველოში რენესანსის ელემენტების არსებობაზე.
გასული საუკუნის დასაწყისში ჯავახიშვილმა მოამზადა ორი სტატია - „ზნეობრივი მოძღვრების ისტორია საქართველოში“ და „ადამიანი ძველ ქართულ მწერლობასა და ცხოვრებაში“. ამ სტატიებში განხილულია ზნეობრივი პრობლემატიკის სხვადასხვა ასპექტები XI-XII საუკუნეების საქართველოში, რაც მნიშვნელოვანია ქართული ფილოსოფიისა და ფილოსოფიური აზრის ისტორიის შესწავლის თვალსაზრისით.
ი. ჯავახიშვილის შეხედულებებმა ნეოპლატონიზმის მნიშვნელობაზე ქართული კულ-ტურისთვის და რენესანსის ელემენტების არსებობაზე საქართველოში შემდგომში განავითარება ჰპოვა შ. ნუცუბიძის, შ. ხიდაშელისა და მ. მახარაძის შრომებში.
• ჯავახიშვილი, ი.: თხზულებანი თორმეტ ტომად, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1979-1998 წწ.
• ჯავახიშვილი, ი.: ზნეობრივი მოძღვრების ისტორია საქართველოში, წიგნში: ქართული ფილოსოფიური აზრის ისტორია 4 ტომად, ტ. I, თბილისი: „უნივერსალი“, 2013, გვ. 394-424.
• ჯავახიშვილი, ი: ადამიანი ძველ ქართულ მწერლობასა და ცხოვრებაში, წიგნში: ქართული ფილოსოფიური აზრის ისტორია 4 ტომად, ტ. I, თბილისი: „უნივერსალი“, 2013, გვ. 425-466.
• მელიქიშვილი, გ.: აკადემიკოსი ივანე ჯავახიშვილი (1876-1940), წიგნში: ი. ჯავახიშვილი, თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ. I, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1979 წ., გვ. 10-30.