2021-04-05 ნინო თომაშვილი

გოკიელი ლევან

1 -ცხოვრება და მოღვაწეობა

ლევან პეტრეს ძე გოკიელი, ქართველი მათემატიკოსი, ფილოსოფოსი, ლოგიკოსი, ფიზიკა-მათემატიკის დოქტორი, დაიბადა 1901 წლის 20 ნოემბერს (ახ. სტ. 3 დეკემბერს) ქუთაისში. 1919 წელს დაამთავრა ქუთაისის ვაჟთა გიმნაზია და გახდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამათემატიკო-საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის სტუდენტი. 1924 წელს, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, მათემატიკოსმა ანდრია რაზმაძემ ლ. გოკიელი, როგორც საუკეთესო მოწაფე, კათედრაზე ასისტენტად დატოვა. 1934 წელს მან დაიცვა დისერტაცია თემაზე „სიმრავლეთა თეორიის დაფუძნების საკითხები“. 1936 წელს ლ. გოკიელი უკვე თბილისის უნივერსიტეტის პროფესორია.

ლ. გოკიელი 1934-1970 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის დაფუძნებისა და ისტორიის კათედრის გამგედ, პარალელურად 1935-1948 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მათემატიკის ინსტიტუტის მეცნიერი, ხოლო 1948-1953 წლებში ამავე აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის ლოგიკის განყოფილების ხელმძღვანელი. ლ. გოკიელი წლების განმავლობაში ლექციებს კითხულობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტშიც. 1944 წელს მას მიენიჭა მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება; 1961 წელს აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად; 1966-70 წლებში იყო საქართველოს მათემატიკოსთა საზოგადოების პრეზიდენტი და საერთაშორისო სამეცნიერო ორგანიზაციის წევრი; დაჯილდოვებულია სახელმწიფოს უმაღლესი ორდენებითა და მედლებით.

გარდაიცვალა 1975 წლის 3 იანვარს თბილისში. დაკრძალულია საზოგადო მოღვაწეთა საბურთალოს პანთეონში.

2 -შემოქმედება

მეცნიერული მოღვაწეობის საწყის ეტაპზე ლ. გოკიელის ძირითადი შრომები მათემატიკის ფილოსოფიურ-ლოგიკური დაფუძნების პრობლემებს და მათემატიკის ისტორიის საკითხებს ეხება. 1938 წელს მან გამოსცა მონოგრაფია „მათემატიკური ანალიზის საფუძვლები“, ხოლო მოგვიანებით, 1958 წელს „მათემატიკის საფუძვლები“, რომელსაც მიენიჭა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრემია.

ფილოსოფიის ინსტიტუტში მოღვაწეობის პერიოდში ლ. გოკიელი იკვლევდა დიალექტიკური ლოგიკის საკითხებს, ტრადიციული ლოგიკის თეორიაში დასკვნის ფორმებს,  თანამედროვე ფორმალური ლოგიკის მეთოდოლოგიურ პრობლემებს. 1958 წელს თბილისში გამოიცა მისი მონოგრაფია „ლოგიკურის ბუნების შესახებ“ (რუსულ ენაზე), ხოლო 1965-1967 წლებში „ლოგიკა“, I-II ტ. (რუსულ ენაზე).

დიალექტიკური ლოგიკის ფილოსოფიური დაფუძნების საკითხი ლ. გოკიელის კვლევების ძირითად ამოცანას წარმოადგენდა.  დასაბუთების საწყისის ძიება, უწანამძღვრო დასკვნების კვლევა, აღწერა და ჩამოყალიბება იყო მისი ნაშრომების შინაარსი. გოკიელმა მათემატიკური და ლოგიკური პარადოქსების ანალიზისას ყურადღება მიაპყრო უარყოფის მომენტს, რომელიც სააზროვნო პროცესში იწვევს უსასრულო რეგრესს. მისთვის ნებისმიერი უარყოფა ლოგიკურ პროცესში მონაწილე დადებითი მომენტია და არა „დადებითი სახით გამოწევრებული წანამძღვარი“. „სიმრავლეთა თეორიის ანტინომიების გააზრებამ... იგი (გოკიელი)  ლოგიკაში წინააღმდეგობის დაშვებამდე მიიყვანა“ (11, 67). გოკიელმა პარადოქსები გაიაზრა უსასრულობაში სვლის პროცესად, რაც ეყრდნობა ძირეულ დასკვნებს. სწორედ ეს თეორია  უნდა ყოფილიყო, გოკიელის აზრით,  ერთიანი ლოგიკის საფუძველი.

ლ. გოკიელი მიიჩნევდა, რომ დედუქციური მეცნიერებები, რომლებიც აღიარებენ დამტკიცების გარეშე საწყისი დებულებების მიღებას, უნდა ეყრდნობოდნენ მათემატიკურ ლოგიკას, რომელიც არ არის ფილოსოფიური დისციპლინა. რაც შეეხება არადედუქციურ მეცნიერებებს, ისინი უნდა დაეფუძნონ დიალექტიკურ ლოგიკას (დიალექტიკა ლ. გოკიელს დაპირისპირებულთა ერთიანობის მნიშვნელობით ესმოდა), რომლის განვითარების ერთ-ერთ ეტაპს ფორმალური ლოგიკა წარმოადგენს.

გარდა ზემოთ ნახსენები მეცნიერული კვლევებისა, ლ. გოკიელი მუშაობდა მოდალური ლოგიკის პრობლემებზეც. მათი განხილვისას ის აღნიშნავდა, რომ პრობლემატურ, აპოდიქტიკურ და ასერტორულ მსჯელობებს შორის განსხვავება ეხება მათ იმანენტურ ხასიათს, რომელიც წარმოჩნდება სუბიექტსა და პრედიკატს შორის არსებული მიმართების გამოხატვისას, და არა ჩვენს დამოკიდებულებას გამოთქმული მსჯელობისადმი, ჩვენი რწმენის ხარისხს, რაც ფსიქოლოგიის სფეროში ლოგიკური საკითხების უკანონო გადატანა იქნებოდა. გოკიელის აზრით, ლოგიკის განთავისუფლება ფსიქოლოგიზმისაგან ლოგიკოსთა ერთ-ერთ მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენდა (9, 87).

ლ. გოკიელი მეცნიერთა წრეში დიდ პოლემიკოსად იყო ცნობილი. ლექციებზეც ისე საუბრობდა თურმე, თითქოს ვიღაცას ეკამათებოდა. კამათის თეორიის დამუშავებისას გოკიელი სამართლიანად აღნიშნავდა, რომ „კამათი მოითხოვს გონებრივ აქტივობას, ძალების შემოქმედებით დაძაბვას, და შეუძლებელია ისეთი საშუალების მოძებნა, რომელიც ავტომატურად შეგვასწავლიდა როგორ ვიყოთ თვითმოქმედი, რადგან ასეთი საშუალება, პირველ რიგში, გამორიცხავს თვითშემოქმედებას“ (9, 194).

დიალექტიკური ლოგიკის შესახებ საუბრისას უნდა აღინიშნოს, რომ მისი, როგორც ლოგიკის, როგორც თეორიის საწყისები ჯერ  კიდევ XX საუკუნის დამდეგს გამოჩნდა ლოგიკოსების ი. ლუკასევიჩისა და ნ. ვასილევის შრომებში. „ორივე მათგანი იკვლევდა დებულებათა ისეთი ერთობლიობის საკითხს, რომლებშიც ირღვევა წინააღმდეგობის შეუძლებლობის კანონი“ (17, 112). ლოგიკოსი ლ. მჭედლიშვილი წერს, რომ შემდგომში ამ თვალსაზრისს შეერწყა   გნოსეოლოგიური და მეტაფიზიკური პრობლემები, რაც იყო კიდეც მომზადება თანამედროვე პარათავსებადი ლოგიკის წარმოქმნისათვის. საქართველოში დიალექტიკური ლოგიკის პრობლემებზე ლ. გოკიელის პარალელურად მუშაობდა ფილოსოფოსი ს. წერეთელი, რომელმაც ჩამოაყალიბა უსასრულო დასკვნის თეორია. გოკიელისა და წერეთელისთვის მიუღებელი იყო  დიალექტიკური ლოგიკის ფორმალური წარმოდგენა და ამ მიმართულებით მისი ჩართვა ლოგიკის განვითარების პროცესში. ლოგიკოსი მ. ბეჟანიშვილი მათ თანამედროვე პარათავსებადი ლოგიკური სისტემების წინამორბედებად მიიჩნევს. მისი აზრით, ს. წერეთელმა და ლ. გოკიელმა უსასრულო და ძირეული დასკვნების შესახებ მოძღვრებებით „სცადეს დიალექტიკისათვის ლოგიკური გამომდინარეობის სახე მიეცათ“ (11, 71).

საქართველოში დიალექტიკური ლოგიკის თეორიის განვითარება გვხვდება ფილოსოფოსების მ. ბაკურიას, გ. ბაჩულაშვილის, გ. კალანდარიშვილის შრომებში.

3 -ბიბლიოგრაფია

ლევან გოკიელის შრომები:

1. გოკიელი, ლ. პ.: მათემატიკური ანალიზის საფუძვლები, თბილისი: „სტალინის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1938 წ.

2. გოკიელი, ლ. პ.: სიმრავლეთა თეორიის დაფუძნების საკითხები, ტფილისი: „ტფილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1934 წ.

3. გოკიელი, ლ. პ.: მათემატიკის საფუძვლები, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1957 წ.

4. გოკიელი, ლ. პ.: კამათი და მასში მონაწილეობა, თბილისი: „საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა“, 1961 წ.

5. Гокиели, Л. П.: К проблеме аксиоматизации логики, Тбилиси: „изд-во Академии наук Груз. ССР“, 1947.

6. Гокиели, Л. П.: О понятии числа, Тбилиси: „изд-во Академии наук Груз. ССР“, 1951.

7. Гокиели, Л. П.: О парадоксах теории множеств, изд-во Тбилиси: „Ганатлеба“, 1957.

8. Гокиели, Л. П.: О природе логического, Тбилиси: „Мецниереба“, 1958.

9. Гокиели, Л. П.: Логика, т. I-II, Тбилиси: „Мецниереба“, 1965-1967.

 

სამეცნიერო-კვლევითი ლიტერატურა:

10. ავალიანი, ს.: ინსტიტუტის ევოლუციის ძირითადი ეტაპები, კრებულში: ფილოსოფიის ინსტიტუტი-60, ბათუმი: „ალიონი“, 2007 წ., გვ. 9-47.

11. ბეჟანიშვილი, მ. ნ.: ლოგიკის განვითარების ძირითადი ტენდენციები XX საუკუნის საქართველოში, წიგნში: ქართული ფილოსოფიური აზრის ისტორია, ტ. IV, თბილისი: „უნივერსალი“, 2013 წ., გვ. 390-417.

12. ბეჟანიშვილი, მ. ნ.: ლოგიკის პრობლემების კვლევა, კრებულში: ფილოსოფიის ინსტიტუტი-60, ბათუმი: „ალიონი“, 2007 წ., გვ. 61-75.

13. ბერიძე, ლ.: მათემატიკოსები საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში (1917-2014), თბილისი: „ტექნიკური უნივერსიტეტი“, 2014 წ.

14. სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის საარქივო მასალები 1946-1991, ნაწილი II, თბილისი: „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 2017 წ., გვ. 313-317.

15. ქართველი ფილოსოფოსები (IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით). ცნობარი, ბათუმი: „გამომცემლობა აჭარა“, 2004 წ., გვ. 59-60.

16. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბილისი, 1978 წ., გვ. 206.

17. მჭედლიშვილი, ლ. ი.: პარათავსებადი ლოგიკა: მოტივები, მარტივი სისტემები, კრებულში: აუცილებლობის ასპექტები: აპრიორულობა, იგივეობა, წინააღმდეგობა, რედაქტორები - ლ. მჭედლიშვილი, თ. ცხადაძე, თბილისი: „სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტი“, 2009 წ., გვ. 111-140.

18. ჭოღოშვილი, გ.: ლევან გოკიელი, თბილისი: „მეცნიერება“, 1976 წ.

19. Кондаков, Н. И.: Логический словарь-справочник, Москва: „Наука“, 1976.