2021-04-05 ნინო თომაშვილი

მიქელაძე ზურაბ

1 -ცხოვრება და მოღვაწეობა

ზურაბ მიქელაძე, ქართველი ფილოსოფოსი, ლოგიკოსი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი დაიბადა 1916 წელს ქუთაისში; 1939 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი ფილოსოფიის სპეციალობით; იმავე წელს გახდა ასპირანტი ლოგიკის განხრით; 1944 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია „ლოგიკის პანმეთოდისტური თეორიის კრიტიკა“ (15) და დაიწყო პედაგოგიური მოღვაწეობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1946 წელს დააპატიმრეს პოლიტიკური ბრალდებით და 10 წლით გადაასახლეს ციმბირში. 1956 წელს თბილისში დაბრუნებულმა ზ. მიქელაძემ მუშაობა დაიწყო მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომელად, ხოლო მოგვიანებით კიბერნეტიკის ინსტიტუტში, რომლის ერთ-ერთი დამაარსებელი თავად იყო. მისი განათლება და ნიჭიერება მეცნიერთა ინტერესს და პატივისცემას იწვევდა. მას ჰქონდა მაღალი კვალიფიკაცია და, როგორც ლ. გოკიელმა აღნიშნა მიქელაძის ერთ-ერთი ნაშრომის რეცენზირებისას, „კარგად ჰქონდა მოფიქრებული საკვლევაძიებო პრობლემატიკა“ (13, 134).

1975-1989 წლებში ზ. მიქელაძე იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლოგიკის კათედრის გამგე, პროფესორი; 1984 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია „არისტოტელეს ლოგიკა თანამედროვე ფორმალური ლოგიკის თვალსაზრისით“ და მიენიჭა ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. 1982 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ზ. მიქელაძე მეცნიერული თარგმანის მთავარ სარედაქციო კოლეგიას ხელმძღვანელობდა; პარალელურად იყო კიბერნეტიკის ინსტიტუტის ლოგიკის ლაბორატორიის გამგე.

ზ. მიქელაძის შრომებს იცნობდნენ და მის მეცნიერულ ღვაწლს აფასებდნენ მსოფლიოში ცნობილი ლოგიკოსები. იგი იყო სხვადასხვა სამეცნიერო გამოცემის რედკოლეგიის წევრი, წიგნების რედაქტორი, ხელმძღვანელობდა ასპირანტებს და ახალგაზრდა მეცნიერებს.

ზურაბ მიქელაძე გარდაიცვალა 1993 წელს თბილისში.

2 -შემოქმედება

გადასახლებიდან დაბრუნებულმა ზურაბ მიქელაძემ აქტიური მეცნიერული მოღვაწეობა დაიწყო. იგი ფორმალური ლოგიკისა და დიალექტიკური ლოგიკის ურთიერთობის პრობლემის გარშემო გამართულ მეცნიერულ დავაში ფორმალური ლოგიკის დამცველთა შორის იყო. მიქელაძე იზიარებდა მისი მასწავლებლის კ. ბაქრაძის პოზიციას და მიიჩნევდა, რომ ნებისმიერი თანმიმდევრული აზროვნება, მათ შორის, დიალექტიკურიც, ფორმალური ლოგიკის კანონზომიერებებს ექვემდებარება.

ზ. მიქელაძის სამეცნიერო ინტერესი და ერთ-ერთი მიზანი არისტოტელეს ლოგიკური მოძღვრების გააზრება იყო. 1958-1961 წლებში, შემდეგ 1978 წელს მან გამოაქვეყნა გამოკვლევები არისტოტელეზე, ხოლო 1984 წელს ეს ნაშრომები გააფორმა სადოქტორო დისერტაციად. მისი დისერტაციის ოფიციალური ოპონენტი ვ. ა. უსპენსკი წერდა, რომ ეს იყო ნაკლოვანებებისაგან თავისუფალი დისერტაცია, რომელმაც ფაქტობრივად ამოავსო არისტოტელეს ლოგიკის კვლევაში საბჭოთა ლოგიკოსების მიერ შექმნილი სიცარიელე. „რამდენიმე არსებითი რამ არისტოტელეს შესახებ პირველად შევიტყვეთ ამ დისერტაციიდან, ხოლო რამდენიმე პირველად გაშუქდა სათანადოდ“ (16). უსპენსკის აზრით, დისერტაცია იძლეოდა იმის თქმის უფლებას, რომ ზ. მიქელაძის სახით ფილოსოფიურ ლოგიკას ჰყავს დიდი მეცნიერი (16).

არისტოტელეს ლოგიკის ღრმა და კვალიფიციური ცოდნის გამო ზ. მიქელაძე მიიწვიეს მოსკოვში არისტოტელეს ლოგიკური ტრაქტატების სრული რუსული თარგმანის რედაქტორად და კომენტატორად.

1979 წელს ლოგიკოსთა ყურადღება მიიპყრო ზ. მიქელაძის მიერ გამოქვეყნებულმა მონოგრაფიამ „ლოგიკურ ცნებათა ერთი კლასის შესახებ / ლოგიკური დასკვნა“ (რუსულ ენაზე).

ზ. მიქელაძე იკვლევდა ლოგიკის ისტორიის საკითხებს. 1992 წელს დაიბეჭდა მისი კონსპექტური კურსი „ლოგიკის ისტორია. პარალელური კონცეფციოგრაფები“ (პირველი ნაწილი). მის მიერ გამოქვეყნებული სტატიები და საერთაშორისო სამეცნიერო კონგრესებსა თუ ადგილობრივ კონფერენციებზე წაკითხული მოხსენებები მეტყველებენ ზ. მიქელაძის მეცნიერული, კერძოდ, ლოგიკურ-მეთოდოლოგიური კვლევების ფართო სპექტრზე. საყურადღებოა ისიც, რომ მან იკვლია ლოგიკის სიმბოლურ ენაში წინადადებათა და სახელთა საზრისისა და მნიშვნელობის საკითხები მეოცე საუკუნის ენის ფილოსოფიის წარმომადგენლების - ფრეგეს, ჩერჩის, კარნაპის და სხვათა კონცეფციების ანალიზის ფონზე.

ზ. მიქელაძე აქტიურად თანამშრომლობდა კიბერნეტიკისა და ფიზიკის ინსტიტუტებთან. მათემატიკის პრობლემებზე მუშაობისას მან „ფიზიკის ინსტიტუტის თანამშრომლებთან ერთად (ხელმძღვანელი ვ. ჭავჭანიძე) აღმოაჩინა ახალი წესი ორობითი შეკრებისა და გამოკლებისა, არითმეტიკული პრობლემის ლოგიკის საშუალებით ამოხსნის გზით, რაც საფუძლად დაედო გამოთვლითი მანქანის პროექტს“ (13, 132).

ზ. მიქელაძე ამა თუ იმ ფილოსოფიური პრობლემის გარშემო საკუთარი პოზიციის მკაფიოდ და არგუმენტირებულად ჩამოყალიბების პარალელურად ამ პრობლემის შესახებ მეცნიერებაში გავრცელებულ თვალსაზრისებს კრიტიკულად განიხილავდა. არისტოტელეს ლოგიკის ანალიზისას ის ეკამათებოდა ბოხენსკისა და ლუკასევიჩს. უსპენსკის აზრით, იგი ამ კამათში მართალი იყო და გაიმარჯვა კიდეც. მიქელაძის ბჭობა მკაცრად არგუმენტირებული და ორიგინალური იყო იმის მტკიცებაში, რომ არისტოტელეს ლოგიკა თანმიმდევრული მოძღვრებაა (16).

1971 წელს ქ. ბუქარესტში გამართულ ლოგიკის მეცნიერების მეთოდოლოგიისა და მეცნიერების ფილოსოფიის მე-4 საერთაშორისო კონგრესზე ზ. მიქელაძე შეხვდა XX საუკუნის დიდ ლოგიკოსს ა. ტარსკის და მცირე დისკუსიაც გამართა მასთან ლოგიკის დაფუძნების საკითხებზე, რითაც მისი სიმპათია დაიმსახურა. ცნობილი ფინელი მეცნიერი ფონ ვრიგთი, როგორც თავად აღნიშნავდა ერთ კერძო წერილში, აუცილებლობისა და შემთხვევითობის მოდალობების შესახებ არისტოტელეს შეხედულებების შესაფასებლად ზ. მიქელაძის ინტერპრეტაციას ითვალისწინებდა (12, 396).

ზ. მიქელაძის მიერ არისტოტელეს ლოგიკის პრობლემატიკის კვლევით მიღწეული შედეგები განავითარა ლოგიკოსმა ლ. მჭედლიშვილმა, რომელმაც თავის შრომებში არისტოტელეს ლოგიკური იდეების თანამედროვე ფორმალურ-ლოგიკური რეკონსტრუქცია სცადა.

3 -ბიბლიოგრაფია

ზურაბ მიქელაძის შრომები

1. მიქელაძე, ზ.: ლოგიკის დაფუძნებისათვის, იხ.: ლოგიკის დაფუძნებისა და ბჭობის ანალიზის საკითხები, თბილისი: „მეცნიერება“, 1970 წ., გვ. 3-31.

2. მიქელაძე, ზ.: ლოგიკის ისტორია. პარალელური კონცეფციოგრაფიები, კონსპექტური კურსი, ნაწ. I, თბილისი, 1992 წ.

3. მიქელაძე, ზ.: უშუალო დასკვნათა თეორიის ზოგიერთი საკითხი, იხ.: საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის შრომები, ტ. 9, 1960 წ., გვ. 107-114.

4. Mikeladze, Z.: Intensional Principles in Aristotle (Partition of the Set of Predicates and Intensionality), in: Acta Philosophica Fennica, vol. 35 (1982), გვ. 22-25.

5. Микеладзе, З.: Аристотелевское построение аналога расселевского парадокса // „Методы логических исследований“, Тбилиси: „Мецниереба“, 1987, გვ. 3-9.

6. Микеладзе, З.: Кантовский метод решения математических антиномий и математический интуиционизм // „Логико-методологические исследования“, Тбилиси: „Мецниереба“, 1983, გვ. 5-43.

7. Микеладзе, З.: Об одном классе логических понятий // Логический вывод, Москва: „Наука“, 1979, გვ. 296.

8. Микеладзе, З.: Основоположения логики Аристотеля // Аристотель, Сочинения, т. 2, Москва: „Мысль“, 1978.

9. Микеладзе, З.: Проблема возникновения и аристотелевский метод аспектов // „Вопросы Философии“, №6 (1981).

10. Микеладзе, З.: Что такое „Топика“ Аристотеля // „Вопросы Философии“, №8 (1979), გვ. 109-113.

 

სამეცნიერო-კვლევითი ლიტერატურა:

11. ბეჟანიშვილი, მ.: ლოგიკის განვითარების ძირითადი ტენდენციები XX საუკუნის საქართველოში, წიგნში: ქართული ფილოსოფიური აზრის ისტორია, ტ. IV, რედაქტორი - მ. მახარაძე, თბილისი: „უნივერსალი“, 2013 წ., გვ. 390-417, 706-715.

12. ზურაბ მიქელაძე, იხ.: სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის საარქივო მასალები 1946-1991, ნაწილი II, თბილისი: „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 2017 წ., გვ. 395-399.

13. ქართველი ფილოსოფოსები (IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით). ცნობარი, ბათუმი: „გამომცემლობა აჭარა“, 2004 წ., გვ. 127.

14. ფილოსოფიის ინსტიტუტის სამეცნიერო კვლევითი მუშაობა. ლოგიკის განყოფილება, იხ.: სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის საარქივო მასალები 1946-1991, ნაწილი II, თბილისი: „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 2017 წ., გვ. 105-156.

15. ციფრული ბიბლიოთეკა - თსუ: https://ebooks.tsu.ge/authorization-menu/dissertation-ge/140-m-dissertations-ge

16. Успенский, В. А.: Отзыв официального оппонента на диссертацию Зураба Николаевича Микеладзе «Логическое учение Аристотеля с точки зрения современной формальной логики» представленную на соискание учёной степени доктора философских наук // Труды по нематематике, Москва: „ОГИ“, 2002, გვ. 125-135.