სერგი დანელია (1888-1963 წწ.) - ქართველი მეცნიერი და ლიტერატურათმცოდნე, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე და საპატიო ნიშნის ორდენოსანი, საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი.
სერგი იოსების ძე დანელია დაიბადა 1888 წლის 27 ოქტომბერს, სენაკის მაზრის სოფელ ნაჯახაოში (დღევანდელი მარტვილის რაიონი), ნაკლებად შეძლებული მეუნაგირე გლეხის ოჯახში, თუმცაღა, მალევე მისმა ოჯახმა სოფელ ბანძაში დაიდო ბინა, სადაც მომავალი მეცნიერი 1895 წელს ერთკლასიან სამრევლო სკოლას მიაბარეს, რომელიც, შემდგომში, ორკლასიან საეკლესიო-სამასწავლებლო სკოლად გადაკეთდა. მცირეწლოვან სერგი დანელიას პედაგოგთა წინაშე უცხო ენათა დასწავლის ნიჭი ადრიდანვე გამოუვლენია და გურია-სამეგრელოს საეპარქიო უწყებას დაქვემდებარებული აღნიშნული სკოლის დამაარსებლის და წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახურის დეკანოზ ანტონ კეკელიას ქალიშვილი და თედო სახოკიას მეუღლე ნადეჟდა (ნადე) მას რუსულ ენაში უსასყიდლოდ, საკუთარ სახლშიც კი ამზადებდა. ნიჭიერი მოსწავლის მომავლით სერგის მამა გულმხურვალედ იყო დაინტერესებული, თუმცაღა, უსახსრობის გამო მისი ქუთაისის გიმნაზიაში გადაყვანის იმედი დაკარგული ჰქონდა. ეს ამბავიც დეკანოზ ანტონ კეკელიას ოჯახმა ითავა და ბანძის სამრევლოსა და ებრაელ ვაჭართა შორის შეგროვებული თანხით ახალგაზრდა ყმაწვილი ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში გაამგზავრეს, რომელიც 1906 წელს წარმატებით დაასრულა; დანელიამ იმავე წელს სწავლა ჯერ ხარკოვის, ხოლო ორიოდე წლის შემდგომ მოსკოვის უნივერსიტეტის ისტორიისა და ფილოლოგიის ფაკულტეტზე განაგრძო, რომელიც 1911 წელს პირველი ხარისხის დიპლომით წარჩინებით დაასრულა.
დეკარტის გნოსეოლოგიის შესახებ დაცული საკანდიდატო ნაშრომის წარდგენის შემდგომ, იგი აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას იწყებს და ხერსონის (1911-1912 წწ.), ფოთის (1912-1914 წწ.), მიხაილოვსკისა (1914-1915 წწ.) და ახალციხის (1915-1917 წწ.) გიმნაზიებში უფროსკლასელებს რუსულ ენასა და ლიტერატურას, ლათინურსა და ისტორიას ასწავლის. მას, როგორც ახალგაზრდა პედაგოგს ძველი თაობის წარმომადგენლებისგან ხშირად უხდებოდა უსამართლო და უსიამოვნო ბრალდებების მოსმენა; ერთ-ერთი ასეთი შემთხვევისას, 1914 წელს, კავკასიის სასწავლო ოლქის მზუნველმა იგი ფოთის გიმნაზიის მასწავლებლის თანამდებობიდანაც კი გაანთავისუფლა, როგორც რადიკალურად განწყობილი და სკოლის რეჟიმთან დაპირისპირებული მასწავლებელი, თუმცაღა, 1917 წელს, გიმნაზიის მოსწავლეთა დაჟინებული თხოვნით, შრომის მოყვარული და თანამედროვე მეთოდების შემომღები მასწავლებელი ამავე ფოთის გიმნაზიის დირექტორად დაინიშნა. წარმატებული მუშაობის გამო იგი 1919 წელს თბილისში განათლების სამინისტროში დაინიშნა უმაღლეს და საშუალო სასწავლებელთა განყოფილების მთავარ გამგედ.
აღსანიშნავია, რომ მისთვის, როგორც მეცნიერულ მოღვაწეობას მოწყურებული ახალგაზრდისთვის გიმნაზიათა მასწავლებლობა საეტაპო ხასიათის გამოდგა, ვინაიდან დაგროვებული გამოცდილებით მან 1921 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სადოქტორო საფეხურზე მისაღები ზეპირსიტყვიერი გამოცდები ჩააბარა, 1922 წელს კი უკვე ფილოსოფიის ისტორიის კათედრაზეც მიიწვიეს, როგორც ფილოსოფიურ დისციპლინათა პედაგოგი. თითქოსდა, მენშევიკურ გამოსვლებთან კავშირის გამო ორგზის პატიმრობაში მყოფი 1927 წელს იცავს დისერტაციას თემაზე: „ქსენოფანე კოლოფონელის მსოფლმხედველობა“ და ხდება პირველი ქართველი დოქტორი ფილოსოფიის დარგში, ხოლო 1929 წელს კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ისტორიის კათედრამ მას პროფესორის სტატუსი მიანიჭა. აქტიურად გამოიცემოდა მისი გამოკვლევებიც ანტიკური ფილოსოფიის ცალკეულ პერიოდთა და ავტორთა შესახებ.
ანტიკური ფილოსოფიის გარდა, იგი, ამავე დროს, განსაკუთრებული ინტერესით იკვლევდა ახალი ფილოსოფიის ისტორიასაც (როგორც ქართველ, ისე ევროპელ და რუს ავტორებს). 1933 წლიდან უკვე სახელმოხვეჭილი მკვლევარი ხელმძღვანელობს რუსული ლიტერატურის კათედრასაც და ბენედიქტე სპინოზას, დევიდ ჰიუმის, იმანუელ კანტის, ჟან-ჟაკ რუსოსა და ოგიუსტ კონტის გვერდით, ვრცელ გამოკვლევებს გვთავაზობს ვაჟა-ფშაველას, პუშკინის, ლერმონტოვის, გრიბოედოვის, გოგოლის, ტურგენევისა და ტოლსტოის შემოქმედებათა შესახებ. უნივერსიტეტში იგი უძღვებოდა შემდეგ კურსებს: ანტიკური ფილოსოფიის ისტორია; ახალი ფილოსოფიის ისტორია; პედაგოგიკა; დასავლეთ ევროპის საზოგადოებრივი აზრის ისტორია; რუსული ლიტერატურის ისტორია. ამ დამსახურებათა გამო 1934 წელს იგი საქართველოს მწერალთა კავშირის წევრად აირჩიეს.
მუდმივ იდეოლოგიურ შევიწროებაში მყოფი პროფესორი, რომელსაც კოსმოპოლიტიზმშიც კი ადანაშაულებდნენ და ერთხანს უნივერსიტეტიდანაც კი დაითხოვეს, სიცოცხლის ბოლომდე აგრძელებდა ფილოსოფიური აზრის ისტორიულ კვლევასა და სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას. იგი 75 წლის ასაკში, 1963 წლის 20 მარტს ფილოსოფიის კათედრაზე დოქტორანტის ოპონირებისას გარდაიცვალა; გადმოცემის თანახმად, მას დისერტანტისთვის მისი შრომების მოუხსენიებლობა უსაყვედურია და სანამ სიფიცხისათვის პატიებას ითხოვდა და კათედრაზევე გულის შეტევით გარდაიცვლებოდა, ანდერძად უთქვამს: „თქვენ თუ არ გვახსენებთ, ვინ უნდა გვახსენოს?! ჩვენ ვწერდით ქართულ ენაზე, ქართველი მკითხველისთვის და, პირველ რიგში, მისგან მოველით მოხსენიებას“.
დიდი მეცნიერი მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონშია დაკრძალული.
სერგი დანელია გამორჩეული მეცნიერული წერის სტილისა და ზედმიწევნით ზუსტი მეთოდოლოგიის მქონე მკვლევარია; მის შრომებში წარმოდგენილი თითოეული დებულება, იმთავითვე, ფილოსოფიის ისტორიის შუქზე განისაზღვრება, რაც მისი გამოკვლევების სისტემურობაზე მიუთითებს. შესაბამისად, ყოველი კვლევა მკითხველის წინაშე საზოგადო ფილოსოფიური აზრის ძირითად მომენტებს ერთიანი პრიზმით წარმოაჩენს და, ეყრდნობა რა ტექსტთა ორიგინალში - ბერძნულ და ლათინურენოვან - წაკითხვას, განსაკუთრებულ მონაპოვარს წარმოადგენს ქართული ფილოსოფიური კულტურის განვითარებისათვის.
დიდი მეცნიერი თავისი მონუმენტური მონოგრაფიების კვალდაკვალ (რომლებიც, ხშირ შემთხვევაში, ფილოსოფიის ისტორიის სახელმძღვანელოთა როლსაც კი ირგებენ) ცხადად გამოკვეთს საკუთარ ფილოსოფიურ მსოფლმხდველობასა და ფილოსოფიის ისტორიისადმი დამოკიდებულებასაც, რასაც, უშუალოდ ახალ შეხედულებათა შემოთავაზებისას, თან ერთვის თანამედროვე ევროპელ მკვლევართა პუბლიკაციებისა და მიღებული შედეგების ცოდნა და მათში კრიტიკული გათვითცნობიერება (იგი მონოგრაფიას „ატომისტური ფილოსოფია ძველ საბერძნეთში“ ხელახლადაც კი გამოსცემს, რადგან მეორე შევსებულ გამოცემაში, მისი თქმით, „მიღებულია მხედველობაში ის გამოკვლევები, რომლებიც დაიბეჭდა ატომისტურ ფილოსოფიაზე ამ წიგნის დაწერის შემდეგ“). მეტიც, მის მონოგრაფიებში, როდესაც იგი ლათინ და ბერძენ პოეტებს რეფრენად იმოწმებს, რამდენიმე ადგილას მოხმობილი ციტატები მართლწერის შეცდომებს ავლენენ და ივარაუდება, რომ ეს უკანასკნელნი არა სტამბისეული მექანიკური ხარვეზებია, არამედ ავტორისეულნი, რომლებიც ერთადერთი გარემოებით არის გამოწვეული - უზადო მეხსიერებისა და სისტემური ხედვის მქონე მკვლევარი, რიგ შემთხვევებში, მათ ზეპირსიტყვიერად, თითქმის შეუმცდარად ციტირებს, რაც, ცხადია, მეცნიერის ღრმა განსწავლულობასა და შესაძლებლობათა მასშტაბზე გვიქმნის სრულფასოვან წარმოდგენას.
საზოგადოდ, ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორც საქართველოა, მკვლევრისა და, მეტადრე, ფილოსოფოსის მოღვაწეობა მხოლოდ ერთი მართებული მიდგომით შეიძლება შეფასდეს: მისმა განათლებამ და მეცნიერულმა საქმიანობამ რა როლი ითამაშა ქვეყანაში ამ დარგის განვითარებასა თუ მისი შემდგომი მედეგობის პროცესში?
პროფესორი სერგი დანელია ახალგაზრდული წლებიდანვე ცდილობდა ფილოსოფიას მეცნიერული სტანდარტი დაბრუნებოდა და მისი, როგორც აზროვნებითი კულტურის მითოლოგიასა და რელიგიასთან დაახლოების ტენდენცია კვლევის მკაცრად განსაზღვრული მეთოდოლოგიის შემოღებით უკუეგდო. ისტორიული მასალის აუცილებელი თეორიული ანალიზისას იგი ძირითადად შემდეგ მეთოდებს ეყრდნობოდა: ა) ფილოლოგიური კრიტიკა; ბ) ფილოსოფიური დებულებისა თუ თეორიის შინაარსის აღდგენა/დადგენა; გ) ფილოსოფიურ დებულებათა და თეორიათა განვითარების ისტორიის განსაზღვრა; დ) მიღებული შედეგებით ფაქტის ფილტრაცია, შეფასება და განმარტება. თავად მეცნიერისვე სიტყვებით: „[ოთხივე ეს ჩამოთვლილი მეთოდი] ერთდროულად მოქმედებენ, როგორც ერთი და იმავე მექანიზმის ნაწილები. მხოლოდ მათი შეთანხმებული გამოყენება ქმნის აზროვნების განვითარების ისტორიულ ფილოსოფიურ სურათს“. აქედან გამომდინარე, სერგი დანელია მოწადინებული იყო ფილოსოფიის ისტორიას შემორჩენოდა ობიექტურობა და არა ის სუბიექტური შინაარსი, რომელიც, როგორც წესი, ყოველი თვალსაზრისის გათვალისწინების გარეშე ეპოქათა გზაგასაყარზე ფორმირდებოდა.
ამგვარი მიდგომით, XX ს.-ის ქართულ რეალობაში იგი ფილოსოფიის ისტორიის, როგორც პოზიტიური მეცნიერების კვლევის ისეთ მეთოდოლოგიას განსაზღვრავს, რომელიც შეუძლებელია შემდგომი ხანის მკვლევარმა უგულვებელყოს; ვინაიდან, ყოველი ფილოსოფიური პრობლემატიკა პრობლემურია იმდენად, რამდენადაც ეს ადამიანის წინაშე წარმოდგება, შესაბამისად იგი, უპირველესად ანთროპოლოგიურია და მისი აღდგენა/დადგენის პროცესში მხედველობაში უნდა მივიღოთ ავტორის, როგორც ცალკეული პიროვნების ფენომენი და მისი დებულებების აღმოცენების კულტურულ-ისტორიული კონტექსტი. მხოლოდ ასეთი რეალური და ლოგიკური მიმართების მკაცრი გამიჯვნის საფუძველზეა შესაძლებელი ნებისმიერი საკითხის სისტემური დამუშავება და მისი ამოსავალი წერტილების განსაზღვრა.
საგულისხმოა, რომ სერგი დანელიას მონოგრაფიები სისტემურია არათუ მათში წარმოდგენილი წყაროთმცოდნეობითი სიუხვითა და გამოყენებული ისტორიულ-ფილოსოფიური კვლევის ტექნიკებით, არამედ სისტემური და მასშტაბურია თავად ავტორისეული პერსპექტივითაც, ვინაიდან შრომათა თითოეული ქრონონოლოგიური დეტალი ღრმა ინტუიციითაა გაანალიზებული და, ისტორიული კონტექსტის დადგენის ფონზე, მკითხველისთვის იმთავითვე ცხადია ფაქტების ლოგიკური ურთიერთმიმართებაც. ყოველივე ამის საილუსტრაციოდ საკმარისია გავიხსენოთ ჟურნალი „მნათობი“ და ის წერილობითი პაექრობანი, რომლებიც სერგი დანელიას მისი თანატოლი რეცენზენტების მოსე გოგიბერიძისა (1897-1949 წწ.) და შალვა ნუცუბიძის (1888-1969 წწ.) მისამართით ჰქონდა. სერგი დანელია მათ მიერ წამოყენებულ ბრალდებებს (მონოგრაფიებზე: „ანტიკური ფილოსოფია (სოკრატის წინ)“ და „ქსენოფანე კოლოფონელის მსოფლმხედველობა“) პუნქტობრივად გამოჰყოფს და შესაბამისი სიღრმის კონტრარგუმენტებს წარმოადგენს. იგი იმდენად მომართულია ფილოსოფიურ თეორიათა საღი განმარტებისათვის, რომ რეცენზენტთა სახელსა და ცნობადობას არც აქცევს ყურადღებას და ამბობს: „ამ რეცენზენტის წინადადებაში ორი შეცდომაა დაშვებული“, ან კიდევ: „რეცენზენტი ერთი პწკარითაც არ ცდილობს დაასაბუთოს თავისი განცხადება, [...] მისი განცხადება მეცნიერულ მსჯელობას არ გავს, რადგან მეცნიერული მსჯელობა ეწოდება მხოლოდ დასაბუთებულ მსჯელობას“; ასევე, ერთ შემთხვევაში იგი თანატოლებს ისტორიული ფაქტის არცოდნაში, მეორე შემთხვევაში კი კონკრეტული ფილოსოფიური დებულების პოპულარულ ინტერპრეტაციაში ამხელს.
ახალგაზრდა სერგი დანელიას მსგავსი წერილობითი პაექრობა, თითქოსდა, ერთგვარ ახალგაზრდულ პაექრობადაც კი შეიძლება შეფასდეს - თუ ვინ უფრო დიდი გულმოდგინებითა და საკითხში გარკვეულობით ემსახურებოდა თავის საქმეს; თუმცაღა, მისი, როგორც პირველი ფილოსოფიის ისტორიკოსის პორტრეტი მთელი სისავსით შეგვიძლია მის ერთ ბიოგრაფიულ დეტალში დავინახოთ. 1922 წელს, როდესაც ახალგაზრდა მკვლევარი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ანტიკური ფილოსოფიის შესახებ ლექციების წასაკითხად მიიწვიეს, მას როგორც ახალბედას, საუნივერსიტეტო შინაგანაწესის თანახმად, საჩვენებელი ლექციის წაკითხვა დაევალა; იმჟამინდელმა სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის წევრებმა მას შესთავაზეს თემა: „არისტოტელე, როგორც ფილოსოფიის ისტორიკოსი“, მან კი, მისთვის ესოდენ მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ მომენტში, მისთვის დამახასიათებელი მეცნიერულობით, რომელიც მას მუდამ გააჩნდა და ასაკთან ერთად მხოლოდ მომწიფდა, პროფესორთა წინაშე უარყო წარმოდგენილი დებულება და საპირწონედ დაასაბუთა, რომ არისტოტელე არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ფილოსოფიის ისტორიკოსად. მან დასმული საკითხის ანალიზისას არათუ მკაფიოდ განსაზღვრა ფილოსოფიის ისტორიკოსის შეფასების ძირითადი მახასიათებლები, არამედ არისტოტელეს მაგალითზე დაამოწმა, რომ ფილოსოფიის ისტორიკოსი არ შეიძლება ეწოდოს მას, ვინც ფილოსოფიურ მოძღვრებათა შორის მხოლოდ ლოგიკურ კავშირს დაეძებს და არ ცდილობს კულტურული ფონი აღადგინოს დებულებასა და ხორცშესხმულ თეორიას შორის. მისივე სიტყვებით: „წინამორბედ ფილოსოფოსთა შეხედულებების ფაქტიური შინაარსის ცოდნა [...] არავის არ ჰქონდა არისტოტელეზე მეტად“, მაგრამ იგი „არ ხელმძღვანელობს ქრონოლოგიით თავის მიმოხილვაში“, „ფილოსოფიური თეორია [კი] არ არის განყენებული მოვლენა. მას მჭიდრო კავშირი აქვს, ჯერ თვით ფილოსოფოსის პიროვნებასთან, მერე კი - მთელს თანამედროვე სინამდვილესთან, რომლის ფარგლებშიც ეს თეორია იშლება“.
მეცნიერული მეთოდის ამ დიდი მოამაგე ქართველი ფილოსოფოსის ბიბლიოგრაფიაში მისი სისტემურობის შესახებ პირველადი შთაბეჭდილების შესაქმნელად უნდა აღვნიშნოთ:
(ა) გამოკვლევები ანტიკური ფილოსოფიის შესახებ: „ქსენოფანე კოლოფონელის მსოფლმხედველობა“; „ანტიკური ფილოსოფია (სოკრატის წინ)“; „სოკრატის ფილოსოფია“; „პარმენიდეს მეტაფიზიკისათვის“; „ძენონის დიალექტიკა“; „ატომისტური ფილოსოფია ძველ საბერძნეთში“.
(ბ) გამოკვლევები თანამედროვე ხანის ფილოსოფიის შესახებ: „მიზეზობრიობის პრობლემა სპინოზას ფილოსოფიაში“; „კანტის ცხოვრება და ფილოსოფიური მოღვაწეობა“; „ჟან-ჟაკ რუსოს ცხოვრება და პედაგოგიური სისტემა“; „დავიდ იუმი როგორც მოაზროვნე“; „ოგიუსტ კონტის ცხოვრება და ფილოსოფიური მოღვაწეობა“.
(გ) ლიტერატურული ესეისტიკა და კრიტიკა: „ვაჟა-ფშაველა და ქართველი ერი“; „მიხეილ ლერმონტოვი: ცხოვრება და შემოქმედება“; „პუშკინის ტრაგედია“; „მოცარტი და სალიერი“; „ნ. ჩერნიშევსკის ესთეტიკა“; „ზოგიერთი სადავო საკითხი გრიბოედოვის შემოქმედების შესახებ“; „კრიტიკული რეალიზმის ფუძემდებელი ნიკოლოზ გოგოლი“; „ანტონ ჩეხოვის შემოქმედება“.
(დ) თარგმანები: არისტოტელე: „პოეტიკა“; რენე დეკარტი: „მეტაფიზიკური განაზრებანი“.
(ა) ანტიკური ფილოსოფია
ანტიკური ფილოსოფიის ისტორიის, როგორც მიმართულების ჩამოყალიბება ქართულ ენაზე სერგი დანელიას დამსახურებაა. მისი ნებისმიერი კვლევა ფილოსოფიური მსოფლმხედველობის ანუ თავად ფილოსოფიის მართებულ გაგებასა და, წინასწარ განსაზღვრული მეთოდოლოგიური წანამძღვრების საფუძველზე, წყაროთა ისტორიულ-ფილოლოგიურ ანალიზს ეფუძნება; შესაბამისად, იგი პირველი ქართველი სისტემატიკოსია, რომელიც კვლევას ინტერდისციპლინური მიდგომით ატარებს.
მისთვის, როგორც ანტიკური ფილოსოფიის მკვლევრისთვის გამოქვეყნებულ მონოგრაფიათა შორის საეტაპო მნიშვნელობის გამოდგა შრომები ქსენოფანე კოლოფონელის, პრესოკრატელებისა და თავად სოკრატეს ფილოსოფიის შესახებ.
ასევე, ცალკე აღნიშვნის ღირსია არისტოტელეს „პოეტიკის“ მისეული თარგმანი, რომელსაც თითქმის 130 გვერდიან შესავალ წერილს ურთავს ერთადერთი მიზეზით: ვინაიდან სტაგირიტის „პოეტიკა“ აგებულია ესთეტიკის პრინციპებზე, რომელთაც მისივე მეტაფიზიკა უდევთ საფუძვლად, სერგი დანელია ცდილობს ქრონოლოგიური მიმართება დაიცვას; კერძოდ, რადგანაც არისტოტელეს მეტაფიზიკა პლატონის მეტაფიზიკის უარყოფას წარმოადგენს, იგი ჯერ მკითხველს პლატონის მეტაფიზიკასა და ამ უკანასკნელზე დაფუძნებულ მისსავე ესთეტიკურ შეხედულებებს აცნობს და მხოლოდ ამის შემდგომ მასთან დაპირისპირებაში წარმოადგენს არისტოტელეს ჯერ მეტაფიზიკურ, შემდგომ კი ესთეტიკურ შეხედულებებს. მისივე სიტყვებით, კვლევისას „[ჩვენ] უხვად ვსარგებლობდით ისტორიული მასალით, [რადგანაც] რაც უფრო მტკიცედ გვექნება შეგნებული აზროვნების კავშირი საზოგადოებრივ ცხოვრებასთან, მით უფრო კარგად ვიქნებით დაზღვეული უტოპიებისაგან“. ანტიკური ფილოსოფია კი, თუ გვსურს მასში საკუთრივ ანტიკური ეპოქის იდეები ამოვიკითხოთ, შესწავლისას, ბუნებრივია, მსგავს მეცნიერულ მიდგომას საჭიროებს.
სერგი დანელიას შრომები ღრმა ანალიზითა და დამაჯერებლობით გამოირჩევა, რასაც თან ერთვის ტექსტის შინაარსობრივი ხელმისაწვდომობა და, ამასთანავე, ამომწურავობაც. მაგალითისთვის, როდესაც ის ცდილობს მკითხველის წინაშე სოკრატეს ფილოსოფია წარმოადგინოს, ბუნებრივია, გამოწვევის წინაშე დგება: სოკრატე, განსხვავებით მისი მოსწავლე პლატონისაგან, წერილობით ნაშრომებს არ ქმნიდა და მისი სწავლებები მის თანამედროვეთა თხზულებებშია გაფანტული, რომლებიც, ხშირ შემთხვევაში, ერთმანეთს სრულებითაც არ თანხმდებიან. ამ გარემოებათა გამო, სერგი დანელია აანალიზებს თითოეულ გამოთქმულ პოზიციას, იძლევა ისტორიულ შეფასებას და სოკრატეს ფიგურას მიუკერძოებლად წარმოგვიდგენს.
აღნიშნული გამოკვლევა ფილოსოფიის ისტორიისათვის ძალზე მნიშვნელოვანია, ვინაიდან დღეს ჩვენ შესაძლებლობა გვეძლევა სოკრატესგან მომდინარე ფილოსოფიური მემკვიდრეობა, რომელმაც არათუ ანტიკური და ნეოპლატონური, არამედ თანამედროვე ხანის ფილოსოფიის ფუნდამენტი განსაზღვრა, მართებული კუთხით იყოს შეფასებული და შესწავლილი.
პროფ. სერგი დანელიას დაკვირვებით, სოკრატეს თანამედროვეთაგან თითოეული ცდილობს მასწავლებლის შესახებ ის დაანახოს მკითხველს, რაც მას თავად მოსწონდა სოკრატეში. მაგალითისთვის, - როგორც სერგი დანელია აღნიშნავს, - ქსენოფონტეს სოკრატეს მოღვაწეობიდან ამოკრეფილი აქვს ისეთი ფაქტები, რომლებიც ამ ათინელ მოაზროვნეს ახასიათებენ როგორც დინჯს, უაღრესად პატიოსანსა და ძველებური სათნოებით აღჭურვილ პიროვნებას. მაგრამ „სოკრატე რომ ისეთი გულვიწრო რეზონერი და ფხიზელი „საქმის კაცი“ ყოფილიყო, როგორც მას ქსენოფონტე წარმოგვიდგენს, მაშინ გაუგებარი იქნებოდა, როგორ მოხდა, რომ ასეთმა უფერულმა და პროზაულმა ადამიანმა თავის გარშემო შემოიკრიბა საბერძნეთის უნიჭიერესი ახალგაზრდობა“. ამის საპირისპიროდ, თუ ქსენოფონტემ დაავიწროვა სოკრატეს პორტრეტი, პლატონმა, პირიქით, გააღრმავა და გააფართოვა იგი, „რადგან თვითონ პლატონი ვერ ეტეოდა სოკრატეს ფილოსოფიური პიროვნების ფარგლებში“.
სამართლიანად უნდა აღინიშნოს, რომ სერგი დანელიას ეს გამოკვლევა იმთავითვე ყურადღების ღირსი უნდა გამხდარიყო ევროპული სამეცნიერო წრეებისათვის, რადგანაც სოკრატეს ისტორიული ფიგურის ძიებაში მას პლატონის აზროვნების ისეთი შრეებიც აქვს სააშკარაოზე გამოტანილი, რომლებიც, როგორც წესი, შეუმჩნეველი რჩებოდა; ფაქტობრივად, ქართველი მეცნიერი იკვლევს სოკრატეს ნამდვილ მსოფლმხედველობას და, ამასთანავე, გვთავაზობს პლატონის მსოფლმხედველობის საწყისების მართებულ შეფასებასაც, რადგანაც, როდესაც პლატონს სოკრატე მთავარ პერსონაჟად გამოჰყავს თავის დიალოგებში, იგი ამით „[მხოლოდ] მიმართულებას აძლევს ფილოსოფიურ საუბარს და გამოჰყავს ამ საუბრიდან ის დასკვნები, რომელთა გამოყვანაც სურდა თვითონ პლატონს“.
მკვლევარი გოეთეს ფრაზას თხზულებიდან „პოეზია და სინამდვილე“ (Dichtung und Wahrheit) მოიხმობს და პოეტისათვის დამახასიათებელი დახვეწილი ტექნიკით ცდილობს, მეცნიერული მსჯელობის ფარგლებში, სოკრატეს ნამდვილი ფიგურის კვალი აღმოაჩინოს თეზისში, რომ „არ შეიძლება სოკრატეს არცერთი მასწავლებლის დასახელება“. სერგი დანელია ეყრდნობა პლატონის ადრეულ დიალოგებს (ე.ი. იმ დიალოგებს, რომლებზეც მეტად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მათ ახალგაზრდა პლატონი უშუალოდ სოკრატეს გარდაცვალების შემდგომ დაწერდა), სოკრატეს მსოფლმხედველობის დადგენის ამოსავალ წერტილად კი დიდი ფილოსოფოსის მიერ ციკუტას დალევასა და სიკვდილისადმი დამოკიდებულებას მიიჩნევს და ამ წანამძღვრებით ცდილობს აღადგინოს ათენელის სამოღვაწეო პროცესი.
ეპოქა თალესიდან ანაქსაგორამდე მკვლევრის მიერ ხასიათდება როგორც ანტიკური პერიოდის კოსმოლოგიური ან ნატურფილოსოფიური ხანა, რამდენადაც მოაზროვნეთა უმეტესობა ბუნების პრობლემებს უღრმავდებოდა. ბერძენისათვის კოსმოსი (ბერძნ. Κόσμος) მწყობრად დალაგებულსა და მშვენივრად მორთულს (ბერძნ. Κοσμεῖν) ნიშნავდა; შესაბამისად, კვლევის ობიექტი იყო ის, თუ რამ წარმოშვა მზე და მთვარე, რა მიზეზმა შექმნა ზღვა და ხმელეთი, საიდან წარმოდგებიან სხვადასხვა სტიქიები, ასევე მცენარეები და ცხოველები და არა ადამიანი და საზოგადოებრივი თუ კულტურული მოვლენები (სარწმუნოება, ზნეობა, სახელმწიფო ყოფა, ხელოვნება, მეცნიერება). იმისათვის, რომ სოკრატეს აზროვნების საფუძვლები დაგვანახოს, სერგი დანელია შენიშნავს, რომ კოსმოლოგიური ხანის მოაზროვნენი ადამიანსაც კი ბუნებისმეტყველებითად ანუ ფიზიკური მეთოდის საშუალებით შეიმეცნებდნენ და უკვირდებოდნენ მის არა შინაგან, არამედ ბიოფიზიკურ ფუნქციებს. ვინაიდან შემეცნების იმ მეთოდებს, რომლითაც სარგებლობს ფიზიკა, ყოველთვის გამოეპარება ის ნიშან-თვისებები, რაც ადამიანს, როგორც სუბიექტს ახასიათებს, ასპარეზზე გამოდის ადამიანის შემეცნების ანთროპოლოგიური მოდელი - „ცნობიერება გარდაიტეხა, რათა [...] საგნის ცნობიერების ნაცვლად ცნობიერების ცნობიერებად ან შეგნებად გადაქცეულიყო“, ანუ კოსმიური წესრიგის დაკვირვების შემდგომ მზერა შინაგან წესრიგზე (ბერძნ. Συνείδησις) გადავიდა.
ამდენად, სოკრატეს ფილოსოფიის ამოსავალი წერტილი ძველი ფიზიკის უარყოფაა. იგი არის „ფილოსოფიის თვითშემოქმედი“ (ბერძნ. αύτουργός τίς τής φιλοσοφίας). იმ დროის ათენი მაღალი კულტურის მქონე ქალაქი იყო, სადაც ყოველდღიურობის თითოეული სფერო განათლების გამავრცებელ წყაროს წარმოადგენდა, ამდენად, „[სოკრატეს] უმასწავლებლოდაც შეეძლო ბევრი რამ ესწავლა“; ამიტომაც მან ფილოსოფია ზეციდან ქალაქებსა და სახლებში ჩამოიყვანა, ღრუბლებისა და ვარსკვლავების შესახებ უსაფუძვლო თეორიების შექმნის ნაცვლად კი მან ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების გამოკვლევა არჩია. ამიტომაც დაეძებდა იგი თითოეულ მოქალაქესთან საუბარში სიქველის, სიმამაცის, პატიოსნებისა და სამართლიანობის საწყისებს.
ამგვარი მსჯელობით, თითქოსდა, ქართველი მეცნიერი სოკრატეს სოფისტებთან აიგივებდა, მაგრამ ამ შეცდომის თავიდან ასარიდებლად პროფ. სერგი დანელია შესაბამის მსჯელობას ავითარებს და მცირე დეტალსაც კი არ ტოვებს გამოუკვლეველს. პირველ რიგში, იგი სოფისტების სკოლაზე საუბრობს, სადაც საუბრების მოსმენა მხოლოდ მდიდარ მოქალაქეებს შეეძლოთ; ამის საპირისპიროდ კი სოკრატეს მოსმენა ყველაზე ღარიბ მოქალაქესაც კი ხელეწიფებოდა. ამ საკითხის წინ წამოწევით სერგი დანელია ცდილობს მკითხველს მიაწოდოს განსხვავების წარმოსაჩენად მთავარი არგუმენტი: „პრინციპული განსხვავება სოფისტებსა და სოკრატეს შორის იყო აზროვნების მეთოდში“. მისი დაკვირვებით, სოფისტები პრობლემის გადასაჭრელად კვლავ ფიზიკოსთა მეთოდებით სარგებლობდნენ. სოფისტები სკეპტიკური და ნიჰილისტური დამოკიდებულებით ყოველი კულტურისადმი, თითქოსდა, ცდილობდნენ პატრიარქალური ტრადიციების შერყევას, მაგრამ მათ ამით მიიღეს კერძო ინდივიდუუმი, რომელიც გამოაცხადეს კიდეც აბსოლუტურად და ყოველი საგნის საზომად (ბერძნ. Πάντων χρημάτων μέτρων) და „ვერ შენიშნეს, რომ კერძო ინდივიდუუმის გააბსოლუტება ისევ იმ ემპირიის გააბსოლუტებაა, რომელზეც აგებული იყო სოფისტების მიერ უარყოფილი პატრიარქალური ტრადიცია“. ამიტომ, ის, რაც შეუმჩნეველი დარჩათ სოფისტებს, შეამჩნია სოკრატემ და „ისტორიულ ამოცანად აღიარა კერძო ინდივიდუუმის გაკრიტიკება და მისი ჩამოგდება აბსოლუტის პიედესტალიდან“; მისთვის ზნეობის კრიტიკა იქცა საკუთარი ფილოსოფიის მთავარ მომენტად.
სერგი დანელია სოკრატეს ფილოსოფიური პორტრეტის განსაზღვრისას მოაზროვნის ფსიქოლოგიურ ფენომენზეც გვიქმნის წარმოდგენას. მის მიერ ქერეფრონის მიერ ორაკულისთვის შეკითხვის დასმა, თუ ვინ იყო ყველაზე ბრძენი საბერძნეთში, და მიღებული პასუხი, რომ „არავინ არის სოკრატეზე უფრო ბრძენი“, სოკრატეს მიერ მოჩვენებითი სიბრძნის კრიტიკის საწყის ეტაპად არის შეფასებული, ვინაიდან პითიას სიტყვებმა აღძრა დილემა: ან სოკრატე ყოფილა მართლაც დიდი ბრძენი, ან არცერთი კაცი, რომელსაც ბრძენად თვლიდნენ, არ ყოფილა ამ წოდების ღირსი. სწორედ ამის შემდგომ იწყებს სოკრატე გამოკვლევას - ესმის თუ არა თითოეული ხელობისა თუ პროფესიის კორიფეს, თუ რაში მდგომარეობს მისი სამუშაოს არსი. ქართველი მკვლევრის შენიშვნით, „თავისი განსხვავება ამ მოჩვენებითი ბრძენებისაგან სოკრატემ მხოლოდ იმაში დაინახა, რომ ის არც თვითონ თვლიდა თავის თავს ბრძენად და არც სხვები თვლიდნენ მას ასეთად, ვინაიდან სოკრატე არცერთ დარგში არ იყო სპეციალისტი: არ იყო არც გამოჩენილი ორატორი, არც ნიჭიერი პოეტი, არც დიდი მათემატიკოსი, არც დიდი ხელოსანი. ძერწვაშიც კი, რომელსაც ბავშვობიდან სწავლობდა, დიდი პროგრესისთვის არ მიუღწევია“. სერგი დანელია სოკრატეს აზროვნების ამონახსნს ამ მოვლენაში პოულობს, რადგან სოკრატე თავისუფალია იმ შეცდომისაგან, რომ თავი ბრძენი ეგონოს; იგი აყალიბებს ახალ თეზისს: „„მე“ როგორც ცოდნის პირობა“ და ყურადღებას აქცევს ფილოსოფოსის „იდუმალ ხმას“, რომელსაც თავად სოკრატე „დაიმონს“ (ბერძნ. τό δαιμόνίων) უწოდებდა.
ამიტომაცაა, რომ პროფ. სერგი დანელია სოკრატეს მსოფლმხედველობის განსაზღვრისას ფილოსოფოსის შემეცნების პროცესზე და მის „მაიევტიკაზე“ (ბერძნ. Μαιευτική), როგორც დიალექტიკურ მოდელზე კონცენტრირდება. მისთვის სოკრატეს შეხედულებათა ღერძი ეთიკურია, რადგან ზნეობის საწყისია ცოდნა. ყოველივე ეს კი სიკვდილისადმი სოკრატეს ლოგიკურ და ირონიულ დამოკიდებულებაში მჟღავნდება. მან არ მიიღო არანაირი ზომები არეოპაგში თავის დასაცავად და განაჩენს მშვიდად შეხვდა; საპყრობილიდან გაქცევის შეთავაზებაც კი უარყო, რადგანაც მიაჩნდა, რომ „ასეთი გაქცევა იქნებოდა სახელმწიფოს მოტყუება“. ის ადამიანთაგან მხოლოდ ზნეობაზე ზრუნვას მოითხოვდა და ამიტომაც არ ეშინოდა მსჯავრის, არ ჰქონდა შიში სიკვდილისა და ეს არის ის მიმართება, რომელსაც სერგი დანელია გვთავაზობს სოკრატეს ფიგურის შეფასებისას; მისივე სიტყვებით: „სიკვდილის ფიზიოლოგიური შიში სოკრატეს დამორჩილებული ჰქონდა გონების რეფლექსიით და ამიტომ ამ ზოოლოგიურ გრძნობას არ შეეძლო ეიძულებინა იგი დაერღვია მორალური პრინციპი“.
უნდა ითქვას, რომ სერგი დანელიას ადრინდელი შრომები „ქსენოფანე კოლოფონელის მსოფლმხედველობა“ და „ატომისტური ფილოსოფია ძველ საბერძნეთში“ სოკრატეს შესახებ აღნიშნული გამოკვლევის ფონზე უნდა იყოს შეფასებული; ვინაიდან, ერთ შემთხვევაში მკვლევარი პოულობს პოლითეიზმიდან მონოთეიზმისკენ სწრაფვის პროცესს, რომელიც ადრეული პერიოდის უარყოფას წარმოადგენს, მეორე შემთხვევაში კი საშუალებას გვაძლევს წინასოკრატული ხანის ფილოსოფიის სქემა გადავაფასოთ. იგი ამისთვის საგანგებოდ ამუშავებს დემოკრიტესა და ატომისტების ფილოსოფიას და გვთავაზობს შრომებს „ატომების თვისებების“, „ატომისტური კოსმოგონიისა“ და „ატომისტური ანთროპოლოგიის“ შესახებ. მისივე თქმით, ქსენოფანე კოლოფონელიდან დაწყებული, დასახელებულ მოძღვრებებთან მისი მეცნიერული დამოკიდებულება „არის დამოკიდებულება ისტორიკოსისა თავის საგანთან“, ამიტომაც მისი მიზანია ორიგინალური ფილოსოფოსების აზრთა წყობის რესტავრაცია.
ამით, სერგი დანელია, საერთო ჯამში, ანტიკური ფილოსოფიური აზრის ისეთ ისტორიულ-ფუნდამენტურ კვლევას აწარმოებს, რომლითაც სამეცნიერო საზოგადოებისთვის ნათელი ხდება ფილოსოფიის, როგორც აზროვნებითი კულტურის ჩამოყალიბების სრული პროცესი, რაც შესაძლებლობას აძლევს თანამედროვე მკვლევარს სწორი შეფასება ჰქონდეს მისივე თანამედროვე ფილოსოფიისა.
(ბ) ახალი დროის ფილოსოფია
ფაქტი, რომ პროფ. სერგი დანელიას სიღრმისეულად ესმოდა ანტიკური ფილოსოფიის თანმდევი იდეოლოგიური თუ ისტორიული მოვლენები, ცხადად ჩანს თანამედროვე ფილოსოფიის მისეული შეფასებებისას. იგი თამამად შეგვიძლია მივიჩნიოთ თანამედროვე ფილოსოფიური ეპოქის გამორჩეულ ისტორიკოსადაც. მის ფილოსოფიურ შემოქმედებაში განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება მიზეზობრიობისა და პედაგოგიკის შესახებ განაზრებებს, რისთვისაც ქართველი მეცნიერი ერთ შემთხვევაში ბენედიქტე სპინოზას, ხოლო მეორე შემთხვევაში ჟან-ჟაკ რუსოს მსოფლმხედველობებს აცნობს მკითხველს და, ტრადიციულად, საკუთარ კონცეფციასაც აყალიბებს.
საზოგადოდ, მიზეზობრიობის, ანუ მიზეზისა და შესაბამისი შედეგის დადგენის პრობლემა ფილოსოფიის ისტორიის მთავარ პრობლემათა რიცხვს განეკუთვნება; ვინაიდან, თეორიული აზროვნების ამ ასპექტის საფუძვლიანი შესწავლა შესაძლებლობას გვაძლევს თავად ფილოსოფიის ისტორია მართებული კუთხით იქნეს გამოკვლეული. ამისთვის ქართველ მეცნიერს აუცილებლად მიაჩნია სპინოზას ფილოსოფიურ სისტემაში იმთავითვე გარკვეულობა და იგი, მისთვის დამახასიათებელი სისტემურობით, უპირველესად გამოჰკვეთს ბენედიქტე სპინოზას შესახებ თანამედროვე ხანის მეცნიერთა დამოკიდებულებებს და მხოლოდ საკუთარი თეზისის შემოღების შემდგომ იწყებს მსჯელობას. ზოგიერთი მოსაზრების თანახმად, სპინოზას დიალექტიკის გასაგებად მხოლოდ დეკარტეს ფილოსოფიაში გარკვევა იყო საჭირო, თუმცაღა, სხვანი ამტკიცებდნენ, რომ ის არა კარტეზიანელი, არამედ ჯორდანო ბრუნოს შრომათა გავლენის ქვეშ იყო და მისი პანთეისტური იდეების საწყისებიც ამ მხრივ უნდა დაძებნილიყო. სერგი დანელია მსჯელობისას ახსენებს მკვლევრებსაც, რომლებსაც სპინოზა სქოლასტიკოსთა ან კაბალისტთა იდეურ შთამომავლად მიაჩნდათ. იდეალისტურ და ფენომენალისტურ შეხედულებათა წარმოდგენის ფონზე (რაც, ცხადია, ქართველი მკვლევრის საკითხში უზადო გარკვეულობაზე მიგვანიშნებს) სერგი დანელია აყალიბებს თავის პოზიციას: „სავსებით საკმარისია ხაზი გაესვას იმ გარემოებას, რომ სპინოზას ფილოსოფიას არ შეეძლო ყოფილიყო დიალექტიკური მატერიალიზმი, [...მის ფილოსოფიას] ჰქონდა მეტაფიზიკური ხასიათი“. შესაბამისად, ის დიაპაზონი, სადაც უნდა ამოიხსნას მიზეზობრიობის პრობლემის საწყისი ეტაპები - მეტაფიზიკაა. ამისთვის სერგი დანელია სამ საკვლევ საკითხს წამოჭრის, რომლებზეც პასუხის გაცემისას, მისივე სიტყვებით, „ნაშრომის მიზანიც მიღწეული იქნება“, ანუ განისაზღვრება ფილოსოფიის ისტორიაში მიზეზ-შედეგის პრობლემატიკის გადაჭრის ის გზები, რომლებსაც თანამედროვე ხანაში პირველად ბენედიქტე სპინოზა გვთავაზობს.
შემოთავაზებული სამი ეტაპი, რომლითაც ცხადი ხდება, თუ რაოდენ მასშტაბური ფილოსოფიური ხედვისა და ინტუიციის პატრონი იყო ქართველი მეცნიერი, ასეთია: 1) „მეტაფიზიკური ხომ არ იყო ის გაგება მიზეზობრივი მიმართებისა, რომელიც სპინოზას ფილოსოფიურ სისტემაში იყო ჩაქსოვილი?“; 2) „თუ სპინოზას გაგება მიზეზობრიობისა მართლაც მეტაფიზიკური იყო, მაშინ რა ნიშნებში იჩინა თავი ამ მეტაფიზიკურობამ?“; 3) რამდენად შეძლო სპინოზამ დაეცვა თანმიმდევრობა მიზეზობრიობის გაგებაში და რა იყო ის წინააღმდეგობა, რომელმაც ისტორიულ აუცილებლობად აქცია, რომ სპინოზას გაგება მიზეზობრიობისა შემდეგ შეცვლილი ყოფილიყო მიზეზობრიობის ახალი კონცეფციით?“.
ვინაიდან ფილოსოფიის ისტორიაში პირველი არისტოტელე იყო, ვინც მიზეზობრიობის სისტემური მოძღვრების შექმნა სცადა (იგულისხმება მიზეზის ოთხი ცნების წამოყენება: „მასალა“ (ლათ. Causa materialis sive materia); „ცვლილების დასაწყისი“ (ლათ. Causa efficiens sive agens); „რაობა ან ფორმა“ (ლათ. Causa formalis sive forma) და „მიზანი“ (ლათ. Causa finalis sive finis), მკვლევარი საკითხის ფუნდამენტური გარჩევისათვის პრობლემის სტაგირიტისეულ გადაწყვეტას ახსენებს მკითხველს, რომლის თანახმადაც, საგანი მეცნიერულად ახსნილია მხოლოდ მაშინ, როდესაც გაგებულია მისი დანიშნულება ან მიზანი, ე. ი. ის, რაც საგანმა უნდა განახორციელოს და რისი განხორციელებითაც იგი სინამდვილეში წარმოდგება. სერგი დანელიას შენიშვნით, არისტოტელეს ამგვარმა შეფასებამ გზა გაუხსნა სუბიექტივიზმს და დააბრკოლა ბუნების შესახებ ზუსტი და ობიექტური მეცნიერული შეხედულებების შეძენის შესაძლებლობა. მეტიც, „რამდენადაც გამჭრიახი იყო არისტოტელე, როგორც ფილოსოფოსი, იმდენად სუსტი აღმოჩნდა იგი, როგორც ფიზიკოსი“, რადგანაც მისმა მიდგომებმა გზა გაუხსნა სქოლასტიკის ხანას - რომ საგანთა მიზეზის ახსნა ღვთაების კეთილი ზრახვის გაგებით ყოფილიყო დაფუძნებული.
ფილოსოფიური აზრიდან ტელეოლოგიზმის განდევნის ისტორიული პროცესის აღწერის შემდგომ, მეცნიერის შეფასებით, ახალი ფილოსოფიური აზრი დემოკრიტეს მატერიალურ ფიზიკაში იქნა დაძებნილი და არა ნეოპლატონურ მისტიციზმში. განიხილავს რა მათემატიკური ცოდნის შესაძლებლობას ფრენსის ბეკონის, პიერ გასენდისა და რენე დეკარტის მსოფლმხედველობათა მაგალითზე, იგი ასკვნის, რომ სწორედ დეკარტისეული შეხედულება მიზეზობრივ დამოკიდებულებაზე საგანთა შორის, რომელიც ცნებათა შორის არსებულ დამოკიდებულებას აღნიშნავს, არის ის რაციონალისტური კონცეფცია, რომელიც სპინოზამ არათუ უარყო, არამედ მხოლოდ განავითარა, ვინაიდან „მეცნიერული დებულება საგანთა შორის არსებული მიზეზობრივი კავშირის შესახებ არის აპრიორული ანალიტიკური დებულება, [და იგი] ცდისაგან დამოუკიდებლად მყარდება წმინდა ლოგიკური მსჯელობის საშუალებით“.
შესაბამისად, სპინოზას შეხედულება მიზეზისა და შედეგის მიმართების შესახებ ლოგიკურ კავშირს წარმოადგენს, ვინაიდან მას უსაზღვრო ნდობა გააჩნდა მათემატიკური ცოდნისადმი, რომელიც მას ანალიტიკურ ცოდნად მიაჩნდა, ე.ი. ისეთ ცოდნად, რომელიც a priori მოცემულ ცნებათა წმინდა განსჯის მიერ ლოგიკური ანალიზის საფუძველზე შეიძლება აშენდეს. ამიტომაცაა, რომ სპინოზას კონცეფციაში თავად ღმერთიც კი განისაზღვრება ბუნებით და ყოველი ღვთაებრივი, იმავდროულად, ბუნებრივიცაა, ხოლო ლუკრეციუსის ცნობილი ფრაზის „არაფრისაგან არაფერი იშვება“ (ლათ. Ex nihilo nihil fit) დარად, სპინოზა იმეორებს: „მიზეზს აუცილებლად თან მოსდევს შედეგი, ხოლო, ამის საპირისპიროდ, თუ არავითარი მიზეზი არ არსებობს, შეუძლებელია მას რაიმე შედეგი მოედევნოს“ (ლათ. Ex data causa determinata necessario scquitur effectus, et contra, sinulla datur determinata causa, impossible est, ut effectus sequatur). ამით სერგი დანელია, ერთი მხრივ, სპინოზასეულ მიზეზობრიობის პრობლემის ამოხსნას წარმოაჩენს სააშკარაოზე, მეორე მხრივ კი ისტორიულ სურათს გვთავაზობს, თუ ქრისტიანული „Creatio ex Nihilo“-ს (არაფრისაგან ქმნადობა) შემდეგ რა მოცემულობაში ყალიბდება სპინოზასეული დეტერმინიზმი, სადაც ყველაფერი, რაც არის - აუცილებლად არის, საფუძველი კი ამ აუცილებლობისა არის ღმერთი, რომელზეც ყოველი საგანია დამოკიდებული. ამდენად, ადამიანს შეიძლება მხოლოდ ცოდნა ათავისუფლებდეს, ცოდნა მიზეზთა და შედეგთა, ვინაიდან ადამიანი, რომელსაც ესმის თავისი ყოფის აუცილებლობა - თავისუფალია და შეუძლია, ინტუიციური ჭვრეტის საფუძველზე, განიმსჭვალოს იმ გრძნობით, რომელსაც ბენედიქტე სპინოზა „ღმრთის ინტელექტუალურ სიყვარულს“ (ლათ. Amor Dei Intellectualis) უწოდებს.
ამ ფონზე, ძალზედ საყურადღებოა ის ინტუიცია, რომელსაც სერგი დანელია ჟან-ჟაკ რუსოს შეხედულებათა შესწავლის ფონზე აყალიბებს და, როგორც „პედაგოგიკის“ მასწავლებელი და აღმზრდელობითი აზრის მკვლევარი, პედაგოგიური მიდგომის აუცილებლობაზე საუბრობს.
მისთვის „აზროვნების დამოუკიდებლობა უდიდესი ღირებულებაა, [და] კაცი მონაა, თუ მას საკუთარი აზრი არა აქვს“, ამიტომაც მონოგრაფიაში „ჟან-ჟაკ რუსოს ცხოვრება და პედაგოგიური სისტემა“ (პროფ. სერგი დანელია ასევე მთარგმნელია რუსოს აღმზრდელობითი შრომისა - „ემილი ანუ აღზრდის შესახებ“) მსჯელობის ხუთ ეტაპს გამოჰყოფს, ესენია: 1) „ბუნება და კულტურა რუსოს მოძღვრებაში“; 2) „ისტორიზმი, როგორც რეფორმატორული მისწრაფების შედეგი რუსოს პედაგოგიკაში“; 3) „აღზრდის მთავარი პერიოდები“; 4) „ფიზიკური, გონებრივი და ზნეობრივი აღზრდა“; 5) „ქალის აღზრდა“. საკითხის ამგვარი სისტემური წარმოჩენით, ქართველი მკვლევარი, მსჯელობისას, საკუთარი პრაქტიკული პედაგოგიური გამოცდილებისა და თეორიული განაზრებების სინთეზით (იგი ავტორია პუბლიკაციებისა: „მოსწავლეთა ცოდნის შეფასების საკითხისათვის“; „რევოლუცია და სკოლა“; „საქართველოს სკოლის ორგანიზაციის საკითხი“; „ჩვენი საშუალო სკოლის რეფორმისათვის“ და ა. შ.), მართებულად მიიჩნევს, რომ რუსო, როგორც სოციალური რეფორმატორი, ცდილობდა ფილოსოფიისა და პედაგოგიკის გამოყენებით აღზრდა საზოგადოების გარდამქმნელ იარაღად ექცია.
სერგი დანელიას ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწობის ერთ-ერთი გამორჩეული მოვლენა მისი პუბლიცისტიკაა; სწორედ აქ იჩენს თავს მისი მრავალმხრივი ფილოსოფიური და ფილოლოგიური ნიჭი, რადგანაც ანტიკური და თანამედროვე ხანის ფუნდამენტური პრობლემების ქრონოლოგიური და შინაარსობრივი აღქმის შემდგომ მას შესაბამისი დრო და სურვილიც გააჩნია, მისთვის დამახასიათებელი მეცნიერულობით, მხატვრული ლიტერატურის შედევრებიც გამოიკვლიოს. რუსულენოვანი ლიტერატურის უბადლო მცოდნე ფილოსოფოსის ერთ-ერთ ყველაზე საყურადღებო გამოკვლევად დღესაც ვაჟა-ფშაველას შესახებ დაწერილი მისი მონოგრაფია - „ვაჟა-ფშაველა და ქართველი ერი“ მიიჩნევა. აღნიშნული პუბლიკაცია 1927 წელს გამოქვეყნდა და საზოგადოებამ ის ჯერ გადამეტებულ პატრიოტიზმად, შემდგომ კი კოსმოპოლიტიზმად შერაცხა და, ერთხანს, ავტორს ამ შრომის გამო საუნივერსიტეტო საქმიანობაც კი ჰქონდა შეზღუდული; თუმცაღა, სრულებითაც არ არის შემთხვევითი, რომ ქართული ლიტერატურიდან მან ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფილოსოფიური აზროვნების ავტორი შეარჩია.
ესსეში „ხელოვნება და ფილოსოფია“ მკვლევარი ინტერესდება, თუ არის შესაძლებელი მხატვრული ნაწარმოების ფილოსოფიური ინტერპრეტაცია და ანალიზი? მისი თქმით, „თუ ტიპი, რომელიც მხატვრული ნაწარმოების არსებას შეადგენს, არის ზოგადი, მაშინ რატომ არ შეიძლება ამ ზოგადს მოენახოს ცნებისეული ეკვივალენტი?“. მაშასადამე, რატომ არ შეიძლება პოეტური თუ პროზაული ნაწარმოების მხატვრული სახეები ფილოსოფიურ ცნებათა და დებულებათა ენაზე განიმარტოს? სერგი დანელიასთვის ფილოსოფიის ერთ-ერთი პირველადი მოვალეობა და პასუხისმგებლობაც კია, რომ მსგავსი ყაიდის კვლევა-ძიება იმთავითვე წამოიწყოს, ვინაიდან მწერლის ფანტაზიისა და ზეშთაგონების ნაყოფის ფილოსოფიურ ჭრილში ახსნა მკითხველისათვის აფართოებს და აღრმავებს იმ პერსპექტივებს, რომლებიც ნებისმიერი მხატვრული ტექსტის წაკითხვის შემდგომ ილექება მოაზროვნე ადამიანში.
მკვლევარმა, ფაქტობრივად, ფილოსოფიური და ფსიქოლოგიური განსაზღვრება მოგვცა ე.წ. „მამათა და შვილთა ომისა“ და იმ გარემოებისა, რომ ვაჟა-ფშაველას არათუ სამწერლობო ენა დაუწუნეს, არამედ ის, რომ „ვაჟა ბუნებაში სიცოცხლის გამოვლინებას ხედავს [და რომ მისთვის] ყველაფერი, რაც არის, სიცოცხლისაგან არის შემდგარი“. ს. დანელიას შენიშვნით, „მგოსანი ვაჟა სწვდება, რომ ცხოველებისათვის თვით უმაღლესი ადამიანური გრძნობებიც კი უცხო არ არის“; თუმცაღა, ვაჟა, უპირველესად, მორალის მგოსანია, ეს მორალი კი, ცხადია, საიდანღაც უნდა ჰპოვებდეს დასაბამს; და, სწორედ, აქ იკვეთება ქართველი მეცნიერის ღრმა ინტუიცია, განჭვრიტოს მოვლენები მის ისტორიულ მოცემულობაში. მისი თქმით, ქართველებს გვაქვს სიტყვა „სამშობლო“, რომელიც უფრო მეტად დედასთან გვაახლოებს, მაგრამ არ გაგვაჩნია ცნება „მამული“, რომლის დამკვიდრებასაც ილია ჭავჭავაძე ასე ცდილობდა. ვაჟა-ფშაველა, თითქოსდა, მამის მოსასხამს ირგებს, როგორც მორალის მქადაგებელი პოეტი, ვინაიდან, ს. დანელიას აზრით, ჩვენ - ქართველებს, სიტყვა „სინდისიც“ კი არ გაგვაჩნია და ის ჩვენს ენაში ნასესხებია; „ნასესხები სინდისით კი ისტორია არ შეიქმნება; ისტორიულ ერს ის საკუთარი უნდა ჰქონდეს“.
ბერძნული და რომაული კულტურის მოტრფიალე მკვლევარი, ვაჟა-ფშაველას მისამართით იტყვის, რომ „ასეთი მსოფლმხედველობის კაცს, როგორიც იყო ვაჟა, ფშავურ კილოკავზე უნდა ეწერა, [...] ლიტერატურული ქართული არ შეეფერებოდა მის სულს“, რადგანაც იგი იყო თავისუფალი და განდგომილი - წარმართი, ოღონდ რომაული გაგებით (ლათ. Paganus), სოფლის მცხოვრები და როგორც ქრისტიანობის გავრცელების შემდგომ პერიფერიებში კვლავ იყო წარმართობა შემორჩენილი, ასევე იყო ვაჟა-ფშაველაც შემორჩენილი განვითარებულ საზოგადოებაში თავის სოფელს - „ფშავს“ და იგი მარტო იდგა ადამიანობის სადარაჯოზე.
(ა) სერგი დანელიას მონოგრაფიები
• დანელია, ს.: ქსენოფანე კოლოფონელის მსოფლმხედველობა, ტფილისი: „პოლიგრაფტრესტის 1-ლი სტამბა“, 1925 წ.
• დანელია, ს.: ატომისტური ფილოსოფია ძველ საბერძნეთში (დემოკრიტი), ტფილისი: „სტამბა გაზეთ „ზარია ვოსტოკა“-სი“, 1925 წ.
• დანელია, ს.: ვაჟა-ფშაველა და ქართველი ერი, ტფილისი: „პოლიგრაფტრესტის მე-2 სტამბა“, 1927 წ.
• დანელია, ს.: სოკრატის ფილოსოფია, ტფილისი: „სახელმწიფო გამომცემლობა - სამეცნიერო სექტორი“, 1935 წ.
• დანელია, ს.: ლიტერატურული და ფილოსოფიური წერილები, რედ. ა. ჭეიშვილი, თბილისი: „სტალინის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1941 წ.
• დანელია, ს.: ჟან-ჟაკ რუსოს ცხოვრება და პედაგოგიური სისტემა, თბილისი: „საქართველოს სსრ პედაგოგიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის გამომცემლობა“, 1947 წ.
• დანელია, ს.: ლიტერატურული ნარკვევები, თბილისი: „საბჭოთა მწერალი“, 1960 წ.
• დანელია, ს.: მიხეილ ლერმონტოვი (ცხოვრება და შემოქმედება), თბილისი: „ნაკადული“, 1960 წ.
• დანელია, ს.: კანტის ცხოვრება და ფილოსოფიური მოღვაწეობა, რედ. ე. კოდუა, თბილისი: „მეცნიერება“, 1977 წ.
• დანელია, ს.: ნარკვევები ანტიკური და ახალი ფილოსოფიის ისტორიაში, რედ. ე. კოდუა, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1978 წ.
• დანელია, ს.: ანტიკური ფილოსოფიის ნარკვევები, რედ. ე. კოდუა, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1983 წ.
• დანელია, ს.: რას მოითხოვს სამშობლო: პოლიტიკური წერილები 1917-1921, რედ. მ. მაცაბერიძე, თბილისი: „პოლიტოლოგიის ინსტიტუტი“, 2022 წ.
(ბ) სერგი დანელიას თარგმანები
• არისტოტელე: პოეტიკა, წინასიტყვაობა, თარგმანი და კომენტარები პროფ. ს. დანელიასი, რედ. შ. გაბილაია, თბილისი: „განათლება“, 1979 წ.
• რენე დეკარტი: მეტაფიზიკური განაზრებანი, ფრანგულიდან თარგმნა პროფ. ს. დანელიამ, თბილისი: „საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა“, 1955 წ.
• ჟან-ჟაკ რუსო: ემილი ანუ აღზრდის შესახებ, თარგმანი შესრულებულია ფრანგულიდან პროფესორ ს. დანელიას, დოც. ივ. კვაჭაძისა და დოც. ერ. აბაშიძის მონაწილეობით, რედ. შ. ნუცუბიძე, თბილისი: „საქართველოს სსრ პედაგოგიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის გამომცემლობა“, 1949 წ.
(გ) ნაშრომები სერგი დანელიას შესახებ
• კარტოზია, ბ.: სერგი დანელია, თბილისი: „განათლება“, 1970 წ.
• კარტოზია, ბ./კეკელია, ი.: სერგი დანელიას ეროვნული მრწამსი, თბილისი: „უნივერსალი“, 2008 წ.
• კეკელია, ი. (რედ.): ერის იდეის მებაირახტრე. საიუბილეო კრებული ეძღვნება დიდი ქართველი მეცნიერის, პროფესორ სერგი დანელია 130-ე წლისთავს, ქუთაისი, 2018 წ.
• კოდუა, ე.: სერგი დანელია, თბილისი: „განათლება“, 1975 წ.
• კოდუა, ე.: სერგი დანელია, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1978 წ.
• კოდუა, ე.: სერგი დანელია, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1989 წ.
• სიგუა, ა.: წიგნი გამოჩენილ მეცნიერზე [ე. კოდუა, სერგი დანელია, თბ., „განათლება“, 1975], ჟურნალში: „კრიტიკა“, №4 (თბილისი, 1976 წ.), გვ. 195-198.
• ურიდია, ბ.: სერგი დანელია. ფილოსოფიური მემკვიდრეობა, თბილისი: „მეცნიერება“, 1983 წ.
• ურიდია, ბ.: სერგი დანელია, თბილისი: „განათლება“, 1990 წ.