გრიგოლ ნოსელი (Γρηγόριος Νύσσης) (335-394 წწ.), კაპადოკიელი მღვდელთმთავარი, ასკეტური და მისტიკური ღვთისმეტყველების უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელი, წმინდა წერილის წიგნთა უბადლო განმმარტებელი და ფილოსოფიური გონებით საღვთო წინარეგანგების ღვთივგამომეტყველი განმცხადებელი; იგი 372-376 და 378-394 წლებში ქ. ნისის (ძვ. ქართული ტერმინოლოგიით ნოსის) ეპისკოპოსი იყო, საიდანაც მომდინარეობს მისი ზედწოდება - „ნოსელი“. მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიაში ეს მეტადრე დიდი ავტორიტეტის მქონე საღმრთოდ გამოჩინებული ბიზანტიელი მოღვაწე თავის ხორციელ ძმასთან - წმ. ბასილი დიდთან (330-379 წწ.) და მის მეგობართან - წმ. გრიგოლ ღმრთისმეტყველთან (329-390 წწ.) ერთად ეკლესიის სამ მნათობთაგან ერთ-ერთ „კაპადოკიელ მამად“ იწოდება. მისი გარდაცვალებიდანვე მალევე წმინდა მსოფლიო კრების მოსაგრეთა შესხმის საფუძველზე კანონიზირდა და წმინდანთა დასში შეირაცხა. მას, როგორც წმინდანს, მართლმადიდებელი ეკლესიის გარდა, პატივს მიაგებენ კათოლიკური, ანგლიკანური, ლუთერანული და ორიენტალისტური ეკლესიები. მისი სახელი აღიწერება შეუმცდარ სწავლებათა გადმომცემ მამათა სახელების ნუსხაში, რომელსაც ტრულის მსოფლიო კრების II კანონი (ქრისტიანულ კანონიკურ სამართალში თავისი დატვირთვით უმნიშვნელოვანესი განჩინება) გააცხადებს და რომელიც, თავის მხრივ, უმკაცრეს სასჯელს უქადის პირს, რომელიც ჩამოთვლილ წმინდა მამათა კანონარს არ შეიწყნარებს და თვითნებურად შეცვლის. მსგავსადვე, კათოლიკური პონტიფიკალური კატეხიზმოს გადმომცემ უწყებაში (ლათ. Catechismus Catholicae Ecclesiae) მისი სახელი 11 თავში მოიხმობა და დაიმოწმება როგორც შეუვალი ავტორიტეტი სამებისა და სულიწმიდის, ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის, მაცხოვრის კაცობრივი ბუნებისა და მისი აღდგომის, ღვთის მისტიკური მჭვრეტელობისა და ადამიანის განღმრთობის საეკლესიო სწავლებათა გადმოცემის შესახებ. მას დიდი წვლილი მიუძღვის 381 წლის კონსტანტინოპოლის II მსოფლიო კრებაზე ტრინიტარული ღვთისმეტყველების სისტემურ ჩამოყალიბებასა და 325 წლის ნიკეის I მსოფლიო კრების მრწამსის სრულყოფაში, რომელსაც IX-XII წევრების დამატებით („და სული წმიდა, უფალი და ცხოველს-მყოფელი, რომელი მამისაგან გამოვალს, მამისა თანა და ძისა თანა თაყუანის-იცემების და იდიდების, რომელი იტყოდა წინასწარმეტყველთა მიერ. ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია. აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა მოსატევებელად ცოდვათა. მოველი აღდგომასა მკუდრეთით. და ცხოვრებასა მერმისსა მის საუკუნესასა, ამინ“) ნიკეა-კონსტანტინოპოლის მრწამსი ეწოდა და, დღევანდელ დღემდე, მართლმადიდებლური ლიტურგიის წეს-განგების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს; ხოლო, 787 წლის ნიკეის VII მსოფლიო კრების განჩინებით, „სიტყვასა და საქმეში დიდებული“ ბასილისა და „ღვთაებრივი“ გრიგოლის დარად, ნისის მღვდელთმთავარი საქრისტიანოს „მამათა მამის“ (ბერძნ. Πατέρας των Πατέρων) ეპითეტით შეიმკო. ჩვენამდე ღვთივსათნო მოღვაწის 58 თხზულებაა შემონახული, რომლებიც გამოირჩევიან დოგმატურ-პოლემიკური, ანთროპოლოგიური და ასკეტურ-მისტიკური ხასიათით; მის სამწერლობო მემკვიდრეობას, ასევე, ეკუთვნის კანონიანი ეპისტოლე, რჯულმდებელი ტექსტი, რომელიც „დიდი სჯულისკანონის“ ნაწილს წარმოადგენს (A-76). მართლმადიდებელ ოიკუმენაში წმ. გრიგოლ ნოსელის ხსენების დღედ 23 (ძვ. სტ. 10) იანვარია განჩინებული.
გრიგოლ ნოსელი კაპადოკიის კესარიაში, პონტოს ქრისტიანულ, დიდგვაროვან ოჯახში დაიბადა. Acta Sanctorum-ის თანახმად, ათი დედმამიშვილისგან შემდგარ ოჯახს კეთილმორწმუნე დედა წმ. ემილია და კეთილმსახური მამა წმ. ბასილი უფროსი - კესარიაში ფრიად დაფასებული იურისტი და გამოჩენილი რიტორი - წინამძღვრობდნენ; ახალგაზრდა გრიგოლის წინაპრები იმპერატორ მაქსიმინუსის (235-238 წწ.) მიერ ქრისტიანთა განუწყვეტელ დევნას ემსხვერპლნენ, მისმა ბებიამ წმ. მაკრინე უფროსმა კი, რომელიც ნეოკესარიის ეპისკოპოსის წმ. გრიგოლ საკვირველთმოქმედის (213-270 წწ.) სამწყსოს წევრი იყო, შვილი და შვილიშვილები მართლმადიდებლურ მრწამსს აზიარა; წმ. ემილიასა და წმ. ბასილი უფროსის ღვთივსათნო ოჯახმა საქრისტიანოს ექვსი სავედრებელი წმინდანი აღუზარდა: წმ. მაკრინე უმცროსი, რომელმაც დედმამიშვილური მზრუნველობა არ მოაკლო გრიგოლს ქრისტესკენ სავალ გზაზე, წმ. თეოზვა დიაკონისა, რომელმაც მისი ძმა გრიგოლი ქ. ანკვირიაში იძულებითი გადასახლების დროსაც კი არ მიატოვა, წმ. ბასილი დიდი, რომელიც სრულიად სამართლმადიდებლოსთან ერთად პირად გამომზრდელადაც გაუხდა გრიგოლს, წმ. პეტრე სებასტიელი ეპისკოპოსი, რომლის ძმური კურთხევითაც გრიგოლმა გარდაცვლილი ბასილის სამწერლობო მემკვიდრეობა გააგრძელა და სრულჰყო, და წმ. ნავკრატიუსი, რომელმაც გრიგოლს ქრისტიანული ასკეტიზმისა და ამსოფლიური უპოვარების მისაბაძი მაგალითი მისცა.
ახალგაზრდა გრიგოლმა, საოჯახო ტრადიციის მიხედვით, ანტიკური განათლება მიიღო; იგი უპირველესად ელინურ მწერლობას დაეწაფა, შემდგომ კი რიტორიკასა და ფილოსოფიაში საფუძვლიანად განისწავლა; მალევე, სამლოცველოში წიგნისმკითხველადაც დაადგინეს, თუმცაღა, დროებით რიტორობა არჩია, დაქორწინდა და საეკლესიო მოღვაწეობას ჩამოშორდა. მომავალი წმინდანის ცხოვრების ეს ეტაპი ნიმუშია ჭეშმარიტების გზის მაძიებელი პიროვნებისა, რომელმაც ადრეულ ასაკში გამოვლენილი მერყეობანი გონებითი მოღვაწეობის შედეგად დაძლია და „ღვაწლსა შინა თვისსა გვირგვინი მოიგო“. გადმოცემის თანახმად, ამ საქციელისთვის გრიგოლ ღმრთისმეტყველმა უფროსი მეგობრისთვის დამახასიათებელი სიმკაცრითა და დამოძღვრითი კილოთი გაკიცხა და საყვედურიც კი შეუთვალა უმცროს მეგობარს: „რა შეგემთხვა, ჰოი, ბრძენო კაცო?! [...] რად დაისაჯე თავი და რად გარიყე შენგან წმინდა და ღვთივსულიერი წიგნები, რომელთაც მრევლს უკითხავდი?! […] რიტორისა და მასწავლების სახელი არჩიე ქრისტიანობას?!“ (Ep. III, 2, 1), რასაც პასუხად გრიგოლის სინანულით აღმოთქმული ცნობილი სიტყვები მოჰყვა: „ნეტარ არიან, რომელთა ძალუძთ უმჯობესისა აღრჩევა და არა განიზღუდვიან მისგან საზოგადო ყოფას შემსჭვალულნი“.
ორივე ძმის ყმაწვილკაცობის პერიოდის განლევის შემდგომ, 370 წელს, მაშინ, როდესაც წმ. ბასილი კესარიის ეპისკოპოსად ეკურთხა, იმპერატორი ვალენტი (364-378 წწ.) ამზადებდა დეკრეტს, რომლის საფუძველზეც კაპადოკია ორ პროვინციად - Cappadocia Prima-დ და Cappadocia Secunda-დ უნდა გაყოფილიყო. ხელისუფლის ამ გადაწყვეტილებით ეპარქიის დიდი ნაწილის დაკარგვამ ბასილს უბიძგა ახალი საეპისკოპოსოების ჩამოყალიბებისაკენ და ახალ თანამოაზრეთა შემოკრებისაკენ, რისთვისაც მან 372 წელს გრიგოლ ღმრთისმეტყველს სასიმას, ხოლო ძმა გრიგოლს ნისის ეპისკოპოსად დაასხა ხელი.
არიანული და აპოლინარული მწვალებლური მოძღვრებების სიმძლავრისა და წმინდანთა რთული სამოღვაწეო პერიოდის აღსაწერად - თუ რაოდენ სავალალო სარწმუნოებრივი მდგომარეობა სუფევდა IV საუკუნეში - ბასილი დასავლეთ საქრისტიანოს შეწევნის მოლოდინით ასე მიმართავდა: „გამომიჴსნენით ჩუენ ზამთრისა ამისგან“, გრიგოლ ღვთისმეტყველი კი მწუხარედ ხმობდა: „ნავი ღამესა შინა არს და ლამპარი არა არს. ქრისტე მძინარეობს“. შექმნილმა ვნებათაღელვამ ასაკით ყველაზე უმცროს გრიგოლზეც იქონია გავლენა, ვინაიდან ფილოსოფიას დაწაფებული და სწავლის მოყვარე წმინდანი ეპისკოპოსობის ჟამსაც კი ნაკლებად იყო განსწავლული მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებაში, მას არ გააჩნდა სიღრმისეული სასულიერო განათლება, ამიტომაც, მოღვაწეობის თანმდევად, საეკლესიო ლიტერატურისა და შესაბამისი ეგზეგეზისის გაცნობა აქტიურად უხდებოდა; ვინაიდან არიანული ერესი იმდენად ფეხმოკიდებული იყო, რომ ჯერ კიდევ ბოლომდე გაუთვითცნობიერებული გრიგოლი ხშირად ვარდებოდა დამახინჯებულ სწავლებათა შეწყნარების სულიერ განსაცდელში, იგი ჯერ თავის ხორციელ ძმას ეურჩა და გაემიჯნა, რამდენიმე ნაყალბევი წერილიც გაუგზავნა, რითაც ოჯახურ დავიდარებაში გახვია იგი, შემდეგ კი ბასილისაგან დაგმობილი საბელიანიზმის მქადაგებელი მარკელოზ ანკვირელის (374 წ.) გამართლებასაც ცდილობდა; ხოლო უკვე უფროსი ძმის წიაღში შემობრუნებულს 376 წელს საეკლესიო ქონების გაფლანგვაში დასწამეს ცილი, განაყენეს ეპისკოპოსის ხარისხისაგან და ქ. ანკვირიაში გადაასახლეს. ამისთვის ბასილი გრიგოლს სწერდა: „როგორ გისაყვედურო ღირსეულად შენი გულუბრყვილობის გამო, ყველაფრის მიმართ რომ იჩენ?“ (Ep. 58), გრიგოლ ღმრთისმეტყველი კი მიუთითებდა: „ვითარ-მე ვთქუა შენთჳს, ნუუკუე ვითარცა ძმისმოყუარემან სირცხჳლ-იჩინე მძლავრობაჲ მისი, ანუ თუ შენცა, ვითარცა მძლემან, დაიმძიმე ურჩობაჲ ჩემი?“ (Or. 11, 9). საბოლოოდ, იმპერატორ ვალენტის სიკვდილისას, 378 წელს ის კვლავ მოიხმეს ნისის კათედრაზე, სადაც სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდა.
379 წელს დედობრივად აღმზრდელი და მზრუნველი დის მაკრინეს და ძმის ბასილი დიდის გარდაცვალებამ ფრიად დაამწუხრა წმინდანი; გრიგოლ ღმრთისმეტყველი მას ანუგეშებდა: „შენდა თანამყოფ საგონებელ არიან ჩემდა მრავალნი მეგობართა და სიტყუათაგანნი ნუგეშისსაცემელად. [...] ორნი ესე უწყნის ფილოსოფოსობამან: დღეკეთილობასა შინა სიმდაბლით ყოფაჲ და განსაცდელთა შინა კეთილსახეობაჲ. [...] ხოლო მე ვინ ნუგეშინის-მცეს, [...] თჳნიერ თანაყოფისა და ზრახვისა შენისა, რომელი-იგი ყოველთა წილ დამიტევნა ჩუენ ნეტარმან მან [იგულისხმება ბასილი დიდი], რაჲთა შენ შორის მისთა მხედველნი, ვითარცა სარკესა შინა შუენიერსა და ბრწყინვალესა, მისდავე ქონებად მგონებელ ვიყვნეთ“ (A-292, 344r-344v). მართლაც, გრიგოლ ნოსელი ყოვლითურთ ცდილობდა აღმოევსო ის სულიერი სიცარიელე, რომელიც ბასილის გარდაცვალებამ დატოვა; მან არათუ განავრცო და გააგრძელა ძმის ეგზეგეტიკური მემკვიდრეობა, არამედ 379 წლის ანტიოქიის კრებაზე ერესიარქთა წინააღმდეგ დაუღალავად ილაშქრებდა და უდიდეს ძალას წარმოადგენდა; მას დაევალა კიდეც არაბეთსა და პალესტინაში მოგზაურობა, რათა ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის შესახებ მართლმადიდებლური სწავლება იქაურ ეკლესიებში განემტკიცებინა. იგი ღრმად განისწავლა ღვთისმეტყველებაში და თავის ნაშრომებში გამოაჩინა საღვთო წინარეგანგების უზადო განმარტებისა და მათი მაცხოვნებელი მნიშვნელობის ამოკითხვის უნარი, რის გამოც, უკვე როგორც უდიდესმა ავტორიტეტმა, საბოლოოდ, მონაწილეობა მიიღო კონსტანტინოპოლში გამართულ 381 წლის მსოფლიო კრებაზე და, ტრინიტარული დოგმატის დაცვით, არიოზის მწვალებლობისაგან აღმოცენებული ყოველი ცრუ სწავლება შეუვალი მჭევრმეტყველებით განაქიქა.
დიდმა მღვდელთმთავარმა, ფილოსოფიური გონებისათვის დამახასიათებელი რწმენითი მერყეობის დაძლევით, თავად გაიარა ის ღვთივსათნო სულიერი მოღვაწეობისა და ღმერთამდე ამაღლების შინაგანი ეტაპები, რომელსაც მისტიკური ღვთისმეტყველებით თავადვე დაადგა გვირგვინი; იქცა როგორც „სახჱ მონაზონებისაჲ“ და „ისეთივე კაცი ყოფილა, ვითა დიდი ბასილი, თავისი ძმაჲ“.
პატრისტიკის ისტორიაში ძნელად გამოიძებნება გრიგოლ ნოსელივით ფილოსოფიურად მოაზროვნე გონებისა და მისტიკური სულიერი მჭვრეტელობის მქონე ავტორი. თუ ვინმეს შეგვიძლია განსწავლულობისა და საკუთარი თავის მოპოვების მრავალსაფეხურიანი გზა მივუსადაგოთ, უპირველესად, ეს, სწორედ, ნისის ეპისკოპოსი იქნება; ვინაიდან ანტიკურ მწერლობას დაწაფებული მოღვაწე ახალგაზრდულ ურჩებასა და ამპარტავნებას განეშორა და ურჩეულესი თავმდაბლობით ქრისტიანული ფილოსოფიის უმაღლეს მწვერვალს მისწვდა და მისი ორი გამომზრდელი წინამორბედის, ბასილი დიდისა და გრიგოლ ღმრთისმეტყველის მოღვაწეობას სულიერ მემკვიდრედ გაუხდა. მან თავის ღვთისმეტყველებაში მოაქცია ბასილის ჰომილეტიკური მჭევრმეტყველება და გრიგოლის უღრმესი სამოძღვრო-სახისმეტყველებითი კილო, რითაც, სინთეზურად, ადამიანის სრულყოფის ასკეტური და მისტიკური გზა სისტემური მოძღვრების სახით დაგვისახა.
გრიგოლის, როგორც ქრისტიანული ცხოვრების თეორეტიკოსისა და გამორჩეული საეკლესიო მოღვაწის სახე, უპირველესად, ბასილისა და ნაზიანზელი მღვდელთმთავრის სიტყვათა შესმენასა და, შემდგომში, მათი შეთვისებისა და დაფასების ისტორიულ სვლაში შეგვიძლია ამოვიკითხოთ, რადგანაც იგი, როგორც „ჰასაკითა მცირე“, მოღვაწეობით სიმაღლეს სწორედ ნახსენები ორი მოძღვრის სულიერი სიმაღლის განჭვრეტაში ჰპოვებს.
ბასილი დიდი თავისი დამახასიათებელი მამობრივი მზრუნველობით უმცროს ძმას საგანგებო წერილსაც კი უგზავნის, რათა გრიგოლი, ერესთა მძვინვარების ხანაში, არ დაბრკოლდეს და სხვების მსგავსად ყოვლადწმინდა სამების სამ ჰიპოსტასს სამი არსი არ განუკუთვნოს. დიდი მოძღვარი ძმისადმი პასუხისმგებლობით განმსჭვალული სწერს მას: „ამიტომ, შენც რომ მსგავსი რამ არ დაგემართოს, ამის შესახებ სამახსოვროდ მოკლე სიტყვა შეგიდგინე“ (Ep. 38); გრიგოლ ღმრთისმეტყველი კი, რომელმაც ათენში შეძენილი ცოდნა „ქვე დააგო მაცხოვრის ფერხთით“, ფილოსოფიის სიყვარულით სავსე უმცროს მეგობარს, მსგავსადვე ბასილისა, ჭეშმარიტებისაკენ გადმობირების სურვილით და აღმზრდელობითი სიტყვებით მიმართავს და ეუბნება, რომ იქმნას „ძეცა ნათლის, გინა კაც ღმთისჱ, ანუ მახლობელ ღმრთისჱ, გინა კაც გულისმთქუმელ უზეშთაესთა“ (Or. XI, 2), რადგანაც „რაჲ-იგი თუალმან არა იხილა და ყურსა არა ესმა და გონებამან კაცისამან ვერასადა გამოსახა [ე.ი. სამოთხე], რაოდენცა ჴელ-ეწიფებოდის მოგონებად, ვერცა თუ დღესასწაულობს ელლინიცა, არამედ ვითარ სთნავს ეშმაკთა. ხოლო ჩუენდა ვითარცა ყოველივე სულიერ არს - საქმე და ძრვაჲ, განზრახვაჲ და სიტყუაჲ“ (Or. XI, 22).
ყოველივე ამის შემასმენელი გრიგოლ ნოსელი განვლილი გზის შესახებ ეკლესიასტეს წიგნისადმი მიძღვნილ მეექვსე საუბარში ბრძანებს: „რაღაცგვარად საკუთარი თავის მამები ვხდებით, როდესაც კეთილი არჩევანის მიერ ჩვენსავე თავს ვქმნით და ვშობთ, რაჟამს გამოგვყავს იგი სინათლეზე, ამას კი აღვასრულებთ მაშინ, როდესაც საკუთარ თავში ღმერთს ვიღებთ, ვხდებით რა შვილნი ღვთისა, შვილნი ძალისა და ძენი მაღლისა“ (PG. t. 44; Col. 703 A); ხოლო, როდესაც იგი გარდაცვლილი ბასილის შესხმას წერს, ჩვენ უკვე ნათლად შეგვიძლია მასში ძმისადმი ქრისტიანობით გაჟღენთილი ჭეშმარიტი მადლიერება ამოვიკითხოთ: „შემდგომად მოციქულთასა გულისჴმა-ყავ ჭეშმარიტი იგი მოძღუარი და მწყემსი; ამას ვიტყჳ ჭურსა მას რჩეულსა, მაღალსა საქმითაცა და სიტყჳთა, ბასილის, მკჳრცხლსა მას ღმრთისა მიმართ შობითგან, მჴცოვანსა გონებითა სიყრმითგან, რომელი განსწავლულ იქმნა მსგავსად მოსესსა ყოვლითა მით სიბრძნითა გარეშითა [ე.ი. ფილოსოფიით], ხოლო საღმრთოთა მათ წერილთა სიჩჩოჲთგანვე აღსასრულადმდე არა განეშორა, ამისთჳს მოძღურად ყოველთა კაცთა ყო იგი ღმერთმან, [...] და რამეთუ მწვალებელთა სიღრმესა მას შინა წერილისასა დანთქმიდა, ხოლო წარმართთა მათითავე სიტყჳთა შეიპყრობდა, ხოლო ძლევაჲ იგი არა დაცემაჲ იყო ძლეულთაჲ მათ, არამედ უფროჲსად აღდგომაჲ“ (A-55, 54r-58r).
შესაძლოა ითქვას, რომ გრიგოლ ნოსელის საღვთისმეტყველო მემკვიდრეობა მისივე ასკეტური მოღვაწეობის მატიანეა, გამომდინარე იქიდან, რომ ასკეზა, უპირველესად, უპირატესის უპირობო მორჩილებას გულისხმობს, რისი თვალსაჩინოებისთვისაც ასევე მისი ხორციელი ძმის, წმ. პეტრე სებასტიელის კურთხევის შესრულების გახსენებაც კმარა.
წმ. ბასილი შესაქმესთან დაკავშირებულ ჰომილიებს ჰექსემერონის დღეების თანმიდევრობის შესაბამისად წარმოთქვამდა და როდესაც მეექვსე დღეს ადამიანის უფლის ხატად და მსგავსად დაბადების შესახებ უნდა გადმოეცა ეგზეგეზისი, მრავალ სნეულებათაგან დაუძლურებული ეპისკოპოსი გარდაიცვალა და, შესაბამისად, ადამიანთან დაკავშირებული წმინდა წერილისეული უწყება განუმარტავი დარჩა. უფროსმა ძმამ პეტრე სებასტიელმა კი გამორჩეული გონების მქონე გრიგოლს მიანდო შესვენებული ძმის დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა, რასაც გრიგოლის ტრაქტატები: „კაცისა შესაქმისათჳის“ და, მცირე დროის შემდგომ, ძმის ახალი თხოვნის საფუძველზე, ბიბლიურ ექვს დღესთან დაკავშირებული სხვა განუმარტავი საკითხების განხილვისათვის შრომა სახელწოდებით „პასუხი ექუსთა მათ დღეთათჳს“ მოჰყვა.
ძმისადმი მორჩილი გრიგოლი წინასიტყვაში მას სწერს: „რასა იქმ ამას, ჵ კაცო ღმრთისაო, და მიბრძანებ ჩუენ შეკადრებად შეუკადრებელსა და ესევითარისა საქმისა ჴელყოფად, რომლისა არა ხოლო თუ მიმთხუევაჲ ოდენ არს უღონო, არამედ არცათუ ხელყოფაჲ არს უბრალო“ (I, 1, 241v); მალევე კი მკითხველს უხსნის, რომ ჭეშმარიტი სიტყვები ბასილისაგან შეითვისონ, რადგანაც არასგზით არ შეუცვლია მისი სწავლება და თუკი სადმე თავისმა ნათქვამმა უნებლიედ გარეშე იდეებისაკენ გაიკვალა გზა, ყოველივე მხოლოდ ჩასაფიქრებლად და გონების გასავარჯიშებლად გამოვიყენოთ: „ვინაჲთგან, შჯულისა მისებრ სამოციქულოჲსა, ჯერ არს ჩუენდა ურთიერთარს მორჩილებად სიყუარულით, [...] რავოდენცა შეუძლო, გამოცხადებად ჴელ-ვყო და ლოცვაჲ შენი თანაშემწედ სიტყჳსა ჩუენისა ვიჴუმიოთ. ხოლო პირველ ჴელყოფისა ამას ვწამებ, რაჲთა არარაჲ წინააღმდგომი ვიკადრო აღმოთქუმად წმიდისა და დიდისა ბასილისა სოფლისდაბადებისათჳს მის მიერ თქმულისა მის სიბრძნისმეტყუელებასა შინა გარნათუ წარმოთქუმასა შინა შემდგომებამან სიტყჳსამან უნებლიეთ სამე მიდრიკოს თავი თჳსი, არამედ იგი იყავნ მტკიცე და უცვალებელ და ღმრთივსულიერთა შჯულთა მეორე, ხოლო ჩუენმიერი ესე, ვითარცა საწურთელი რაჲმე და საგონებელი, [...] და არა მოძღურებად მისათხრობელად შემდგომითი-შემდგომად“ (I, 10-11, 243v).
გრიგოლის, როგორც საეკლესიო მწერლის სახე სრული სისავსით ჩანს მისეული „მოსეს ცხოვრების“ მისტიკურ ტრაქტატში, რომელსაც იგი არათუ უფროსი იერარქი ძმის კურთხევით, არამედ ასაკით გაცილებით უმრწემესი მონაზვნის, ვინმე კესარიუსის თხოვნის საფუძველზე წერს, რომელმაც წმინდანისადმი გაგზავნილ ეპისტოლეში მცირედი რჩევა ითხოვა სრულქმნილი ცხოვრების შესახებ. ნეტარი მამა მას ასე ეხმიანება: „ამგვარი სათხოვარი უთუოდ ყურადღების ღირსია. შესაძლოა, ჩემი სიტყვებიდან არც არაფერი აღმოჩნდეს სასარგებლო შენთვის, მაგრამ წინამდებარე პასუხი, ვფიქრობ, მორჩილების ნიმუშად მაინც გამოდგება, თუკი ჩვენ, რომლებიც, მამათა წესისამებრ, ამდენ სულს ვუწინამძღვრებთ, ვთვლით, რომ მართლაც შეჰფერის ჩვენს ჭაღარას ყურად იღოს გონიერი ახალგაზრდობის სათხოვარი, გაცილებით უფრო საშური უნდა იყოს შენთვის, განმტკიცდე და წარემატო სიმდაბლეში და შენი სიჭაბუკე ჩვენებრ ნებაყოფლობით მორჩილებაში გამოაწრთო“ (PG. t. 44; Col. 297-298 A).
მას ხშირად ალექსანდრიელი ეგზეგეტის - ორიგენეს (185-254 წწ.) მიბაძვა ბრალდებოდა; ორიგენე ჭეშმარიტ მოძღვრებას განუდგა, მისი საქრისტიანოსთვის შესაწყნარებელი სწავლებების თავმოყრა კი ბასილი დიდმა და გრიგოლ ღმრთისმეტყველმა „მშვენიერებათმოყვარეობაში“ (ბერძ. „Φιλοκαλίας) ითავეს. ნოსელი ეპისკოპოსი მართლაც ამჟღავნებდა თემატურ მსგავსებას ორიგენესთან, ვინაიდან, ხშირ შემთხვევაში, მათ ფილოსოფიური თემებისადმი ინტერესი ერთი და იმავე წმინდა წერილისეულ პასაჟებთან აახლოებდათ, თუმცაღა, ამაზე პასუხს ჭეშმარიტი მოძღვარი თავადვე გვაძლევს და ყოველგვარი ინტერპრეტაციის შესაძლობას ახშობს. ის, უპირველესად, ძველი აღთქმის რთულად განსამარტი ადგილებისადმი მისი დაინტერესების მიზეზს გადმოგვცემს: „ესევითარნი ბევრეულნი სიტყუანი იპოვებიან სახარებასა შინა, რომელთა-იგი მარტივი პირი სხუაჲ არს და გონებაჲ, რომლისა მიმართ ხედავს სიღრმე მისი, სხუაჲ არს“, შემდგომად კი მოცულობით შრომაში „თარგმანებაჲ ქებისა ქებათაჲსა“ გვახსენებს, „რამეთუ ორიგენი მოსწრაფებაჲ აჩუენა ამის წიგნისათჳს და ჩუენ შრომისა ჩუენისა აღწერად გულს-ვიდგინეთ, ნუვინ გუაბრალობს, არამედ სიტყუაჲ იგი სამოციქულოჲ გულისჴმა-ყავნ, ვითარმედ: თითოეულმან სასყიდელი მოიღოს თჳსისაებრ შრომისა, რამეთუ ჩუენ არა თუ საჩუენებელად ვისსამე აღვსწერთ თქუმულთა ამათ, არამედ სახილველად მხოლოჲსა ღმრთისა, რომელ-იგი არს მომცემელი სიტყჳსაჲ“ (A-55, 75rab).
ღვთის განგებითა და ქრისტიანული მოძღვრების უიშვიათესი შინაგანი განჭვრეტით მან გადმოგვცა ფილოსოფიური მსჯელობითა და ტერმინთშემოქმედების გზით ადამიანის განღმრთობის ასკეტური და მისტიკური აღმასვლის მდგომარეობები და მომავალ მოღვაწეთ, ეკლესიის სხვა მნათობებთან ერთად, გამორჩეულ მაგალითად ექცა.
მიქაელ ფსელოსი (XI ს.) მის ერთ-ერთ ეპისტოლეში ადრესატს მიმართავს: „მკითხავდი, უგანსწავლულესო ძმაო, თუ ჩვენს ფილოსოფოსთა შორის ვინ და რამდენმა დაამუშავა თავისი სიტყვები ხელოვანების წესის მიხედვით, [...] ოთხ კორიფეს წარმოვადგენ მთელი ქოროდან: ღვთისმეტყველების საყვირს - გრიგოლს, მის მეგობარ ბასილი დიდს, მათი ძირიდან აღმოცენებულ გრიგოლს [ნოსელ ეპისკოპოსს] და სულიწმიდის ოქროს ქნარს [იოანე ოქროპირს]“; იქვე კი სახელობითად განავრცობს: „სხვა რიტორთა შორის გრიგოლ ნოსელი გამოირჩევა და მასთან ბასილი დიდი, რადგან ბასილის მჭევრმეტყველება საყვირთან, ძმის ენა კი ფლეიტასთანაა შედარებული, [...] სურს მას რა საღვთო წინაგანგების გამხელა, რაც წმინდა სიტყვებშია დაფარული“ (PG. t. 122; Col. 901-906 A).
კაპადოკიელი მამის თხზულებათა მრავალრიცხოვან ჩამონათვალში - თემატიკათა სირთულისა და მნიშვნელობის მასშტაბურობის შესახებ პირველადი შთაბეჭდილების შესაქმნელად - უნდა აღვნიშნოთ:
ა) ძველი და ახალი აღთქმის წიგნთა ეგზეგეტიკა: „კაცისა შესაქმისათჳის“ (დანართი ბასილი დიდის თხზულებაზე „ექუსთა დღეთათჳს“); „პასუხი ექუსთა მათ დღეთათჳს“ (განმარტებანი ბასილის იმავე შრომის რიგი საჭირბოროტო საკითხებისა), „განმარტება ფსალმუნთა ზედაწარწერილებისა“; „რვა ჰომილია ეკლესიასტეს შესახებ“; „თარგმანებაჲ მომიჴსენისაჲ“; „სწავლაჲ ლოცვისაჲ და თარგმანებაჲ „მამაო ჩუენოჲსაჲ““.
ბ) ასკეტური და მისტიკური ხასიათის შრომები: „მოსეს ცხოვრება“; „თარგმანებაჲ ქებისა ქებათაჲსა“; „სწავლაჲ ქალწულებისათჳს და საღმრთოჲსა მოქალაქობისა“; „აღთქუმაჲ ქრისტიანისაჲ და ძალი და სახელი მისი“; „სისრულისათჳს“.
გ) დოგმატურ-პოლემიკური ჟანრის ტრაქტატები: „სიტყუაჲ სწავლისა და მოძღურებისა“; „ევნომიუსის წინააღმდეგ“; „წმიდისა სამებისათჳს, რომელსა შინა მოიჴსენებს აბრაჰამს“; „წმიდისა ღმრთისმშობელისათჳს“; „ხატთათჳს მაცხოვრისა“; „სიტყვა სულიწმიდის შესახებ მაკედონიანთა წინააღმდეგ“; „ღმრთეებისათჳს ძისა და სულისა წმიდისა“; „სულისა და აღდგომისათჳს“.
დ) პანეგირიკები: „შესხმაჲ წმიდისა დიდისა ბასილისი“; „შესხმაჲ წმიდისა მამისა ჩუენისა ეფრემ ასურისაჲ“; „შესხმაჲ წმიდისა სტეფანე პირველმოწამისაჲ“; „ცხორებაჲ გრიგოლ საკჳრველთმოქმედისაჲ“; „ცხორებისათჳს დისა თჳსისა წმიდისა მაკრინაჲსა“.
ე) საეკლესიო დღესასწაულებისადმი მიძღვნილი ჰომილეტიკა: „საკითხავი თქუმული შობისათჳს უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა“; „საკითხავი თქუმული მკუდრეთით აღდგომისათჳს უფლისა“; „საკითხავი ხარებისათჳს წმიდისა ღმრთისმშობელისა“; „შემოსლვისათჳს წმიდათა მარხვათაჲსა“.
მისი მოღვაწეობის მრავალნაყოფიერებისა და უღრმესი აზროვნებითი სიტყვიერების წარმოსაჩენად ძალგვიძს გავიხსენოთ გრიგოლ ღმრთისმეტყველის მისდამი საგანგებოდ მიძღვნილი იამბიკო: „მზეებრ მნათობთა, ლომებრ მჴეცთა მეფობაჲ, ჰშუენის ნოსელსა გრიგოლს ბასილის ძმობაჲ; მღდელთ-მთავრობს ქრისტებრ, ატტიკელობს სოკრატებრ, ზეშთ-მბრძოლობს მისა, რომელსაცა განჴსნილმან სული შეარწყუა ღმერთმთავრობითსა სულსა“ (Or. XI); აღსანიშნავია წმინდა და ნეტარი მამისავე სიტყვები, რომელიც მან უმთავრეს მისტიკურ ტრაქტატში „მოსეს ცხოვრება“ გამოთქვა: „ვინც აღმატებულ აღმასვლათა მიერ თითქოსდა მწვერვალიდან მწვერვალზე გადადის, მარადის საკუთარ თავზე მაღალი ხდება იგი“, რომლითაც მან დელფოს ორაკულის ტაძრის ფრონტონის წარწერა „შეიცან თავი შენი“ (ბერძნ. Γνῶθι σαυτόν) შეცვალა ქრისტიანული ასკეზისა და ღვთის მჭვრეტელობისათვის უმთავრესი შეგონებით - „მარადის საკუთარ თავზე მაღლა“ (ბერძნ. Άεί ύφηλοτέρων σαυτόυ).
გრიგოლ ნოსელი ერთ-ერთი ყველაზე კარგად ცნობილი მართლმადიდებელი მოძღვარია საქართველოსთვის. მისი ეგზეგეზისა და მისტიკური თხზულებების მიმართ მუდამ იყო უშრეტი დაინტერესება ქართველ მწიგნობართა და გადამწერთა წრეში; მის ნაწერებში მთარგმნელები ქრისტიანული მრწამსის გამოთქმით სიღრმეს ხედავდნენ, რომლის ქართულ ენაზე გადმოღების მიზანდასახულობაც იმდროინდელი საზოგადოების რიგი საკითხების განხილვისადმი სულიერი მოთხოვნილების შესაბამისად დგინდებოდა; ამიტომაც, საუკუნეთა განმავლობაში მისმა სამწერლობო მემკვიდრეობამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ქართული ფილოსოფიური და საღვთისმეტყველო აზროვნების ჩამოყალიბებაზე.
გრიგოლის ღვთისმეტყველებაში, რომელსაც ძალგვიძს მისტიკური ანთროპოლოგია ვუწოდოთ, რამდენიმე უაღრესად მნიშვნელოვანი იდეა იჩენს თავს, რითაც ქრისტიანული ფილოსოფიური აზროვნების ახალი პარადიგმა იქმნება: ა) სწავლება ღვთის უსასრულობის შესახებ, რომელმაც პირველად ფილოსოფიური აზროვნების ისტორიაში დადებითი მნიშვნელობა შეიძინა და არ იქცა, ანტიკური გაგებით, დემიურგის უსასრულობითა და შემოუსაზღვრელობით მიღებულ ნეგატიურ ქაოსად, რომელიც უნაკლო უნდა ყოფილიყო; ბ) შესაქმის გვირგვინი ადამიანის ღვთის „ხატება“ და „მსგავსება“ მის დასაბამშივე, ანუ „Eἰκών“-ისა და „Ομοίωσις“-ის განუსხვავებლობა, რითაც ადამიანს ღვთისადმი მსგავსება არა მხოლოდ ნებელობით ნეტარების მოპოვებისას განეკუთვნება, არამედ მისი ქმნადობისთანავე; გ) სწავლება ადამიანის თვითუფლებრივი ნებელობისა და არჩევანის, როგორც ღმერთთან ზიარების საფუძვლის შესახებ; დ) ღვთისა და ღვთისადმი ადამიანური სწრაფვის უსასრულობის სინთეზურობა, როგორც სწავლება ადამიანის მადლისმიერი განღმრთობისა, არქეტიპისადმი ძეობილობით დაუსრულებელი ლტოლვისა.
ამ პრიზმით, გრიგოლისათვის წმინდა წერილში განჭვრეტილი სახისმეტყველებანი ღვთის სიტყვის მისტიკური აზრის შემეცნებისა და სააზროვნო სისტემის აგების შესაძლებლობაა, ეს კი ქართული საღვთისმეტყველო კულტურისათვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა და ნისის ეპისკოპოსის შემოქმედებაც აქ ადრეული პერიოდიდანვე ცნობილი იყო; მისეულ შრომათა ანონიმი თარგმანები ხელნაწერებში უკვე VIII ს.-იდან გვხვდება; რაც ყველაზე საყურადღებოა, ერთი და იმავე ტექსტთა აღმწერი კრებულების მრავალრიცხოვნება მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ არათუ მთარგმნელის მიერ მიჩნეულა გრიგოლი შესაბამისი ღირსების ავტორად, რომ მას ჯერ კიდევ საზოგადოებისათვის უცნობი ტექსტი უთარგმნია, არამედ ხელნაწერთა სიმრავლე უკვე მორწმუნე მრევლში არსებული სულიერი თემების დამუშავების მზაობის გამოძახილია და თხზულებათა საკმაო რაოდენობის ნუსხებიც ყოველივე ამას მოწმობენ: „საკითხავი წმიდისა სამებისათჳს“ (Ath. 49; A-55; A-66; A-1702; H-335); „ძიებაჲ სულისათჳს“ (A-55; A-108; ,Ath. 14; A-142; Q-423); „თარგმანებაჲ მომიჴსენისაჲ“ (Ath. 49; A-55; A-108; W-4); „აღთქუმაჲ ქრისტიანისაჲ“ (Ath. 49; A-55; A-108; Ath. 14) და „სისრულისათჳს“ (Ath. 49; A-55; A-108; Ath. 14); ხოლო, X-XI სს.-ების მიჯნაზე, ურჩეულეს ქართველ მთარგმნელთა - ეფთვიმე (955-1028 წწ.) და გიორგი (1009-1065 წწ.) მთაწმინდელთა, ეფრემ მცირისა (XI-XII სს.) და არსენ იყალთოელის (XI-XII სს.) მიერ საცნაურდებოდა წიგნნი გრიგოლ ნოსელისა, „რომლისა შუენიერებაჲ და ქებაჲ ზეშთა არს ყოვლისა მითხრობისა“:
ეფთვიმესეულნი: „სწავლაჲ ქალწულებისათჳს და საღმრთოჲსა მოქალაქობისა“ (A-108, 147v-151v, 212r-235v; Ath. 39, 102r-126v; P-3, 311v-345v; A-394); „მოსეს ცხოვრება“ (P-3, 345v-396v; A-108, 175r-235v); „სწავლაჲ ლოცვისაჲ და თარგმანებაჲ „მამაო ჩუენოჲსაჲ“ (P-3, 408v-427r; A-108, 159v-175v).
გიორგისეულნი: „კაცისა შესაქმისათჳს“ („რომელი იგი აკლდა აღწერასა ექუსთა დღეთასა, რომელი იგი წინაჲსწარ თქუა ნეტარმან დიდმან ბასილი და ვინაჲთგან დაბადებისათჳს კაცისა დაუშთა მას, ესე სრულყო წმიდამან გრიგოლი მართლად და ღმრთივშუენიერად“; A-73, 124r-210r; A-108, 371v-425r; A-1146, 54r-93r; S-120, 116-201; S-1358, 138r-201v; Q-970, 66r-110r); „თარგმანებაჲ ქება-ქებათაჲსა“ (A-55, 73r-165v; A-108, 235v-351v); „პასუხი ექუსთა მათ დღეთათჳს“ (Ath. 14, 364v-373v; Ath. 18, 1r-5v; A-108, 352r-371v; H-165, 98r-114v; Q-970, 111r-132v).
ეფრემისეული: „წმიდათა შორის მამისა ჩუენისა გრიგოლი ნოსელ ეპის-კოპოსისაჲ სიტყუაჲ შობისათჳს უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესისა და ჩჩუილთათჳს, ბეთლემს მოწყუედილთა“ (A-1170, 124r-135v);
არსენისეული: „ეპისტოლე კანონიანი ლიტოჲს მიმართ ეპისკოპოსისა მელიტინელთაჲსა“ (A-9, 234v-242r);
ასევე წმინდანის სხვადასხვა ჰომილეტიკური საკითხავები გვხვდება: სინურ მრავალთავში (864 წ; Sin.Geo.O32-57-33); შატბერდის კრებულში (X ს.; S-1141); ათონის მრავალთავში (X ს.; Ivir.Geo.11); ტბეთის მრავალთავში (X ს.; A-19); პარხლის მრავალთავში (XI ს.; A-95) და თთუენში (1080-1085 წწ.; Ivir.Geo.55).
ბუნებრივია, გამორჩეული კაპადოკიელი მამის ქართულად თარგმნილმა ტრაქტატთა რაოდენობამ, უპირველესად, ჩვენეული ქრისტიანული ფილოსოფიური აზრის ჩამოყალიბებაზე იქონია გავლენა, რაც ქვეყნის შუა საუკუნეების ინტელექტუალური საასპარეზოს შესახებ გვიქმნის მატიანურ წარმოდგენას. ამის ნათელი მაგალითია დავით აღმაშენებლის (1073-1125 წწ.) არსენ იყალთოელისეული შესხმა („მეფესა დავითს, მონაზონი არსენი“), სადაც რუის-ურბნისის ძეგლისწერის ტექსტის დამატებაში ნოსელისეული განღმრთობის იდეა იკვეთება, რაც, თავის მხრივ, გვაჩვენებს, თუ რარიგად გავრცელებული ყოფილა იგი. ხოტბის ერთ-ერთ ფრაგმენტში არსენი მეფეს ასე შეამკობს: „კაცთმოყუარე ვითარცა ჩემი იესუ ღმერთთა შორის, ბუნებით ღმერთი მადლით ღმერთქმნულთა შორის“ (A-76, 249v, 17-18), რითაც შემოქმედისა და ადამიანის ღმერთობის ერთმანეთისაგან გარჩევასთან ერთად დასტურდება ადამიანის, როგორც ქმნილების (ე.ი. არა ბუნებითი ღმერთის) მადლით განღმრთობის მისტიკური შესაძლებლობა.
იმას, რომ ქართული სიბრძნისმაძიებელი კულტურისათვის გრიგოლ ნოსელი არათუ მხოლოდ მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი, არამედ ქრისტიანული ფილოსოფიური აზროვნების საფუძვლიანად ჩამოყალიბებისათვის საჭირო უდიდესი საყრდენია, მოწმობს ანტონ I ბაგრატიონის (1720-1788 წწ.) ერთ-ერთი გარეშე მსჯელობაც „საწყისთა“, იმავე „კავშირთა“ შესახებ. კათალიკოსი შრომაში „სპეკალი“ ერთგან ეხმიანება პროკლე დიადოხოსის (412-485 წწ.) ტრაქტატსა და მის იოანე პეტრიწისეულ (XII ს.) თარგმანს - „კავშირნი ღვთისმეტყველებითნი“, სადაც არისტოტელეს (ძვ.წ. 384-322 წწ.) „ფიზიკის“ ნაკლზე და „მიზეზთა“ შესახებ სწავლების პროკლესეულ გადაწყვეტაზე საუბრობს. ქართველი მეცნიერი სამყაროს საწყისთა შესახებ მსჯელობისას არც ქრისტიანულ მოძღვრებას ივიწყებს და გრიგოლ ნოსელს ახსენებს: „ფისიკაჲ უკვე განყოფს არსებასა ნივთად და სახედ, ესე იგი ჴორცად და სულად. ხოლო მეთეფისიკაჲ განყოფს კაცსა პეტრედ და პავლედ და სხვა გვამებად, რომელნი თვის შორის აღმოასრულებენ სიტყვასა ყოვლობითისასა. მერმეცა ფისიკაჲ ძრვისაგან ბუნებისა პყრობილი ოთხთაგან დაკავშირებულად, ესე იგი ქვეყანისაგან, წყლისა, ჰაირისა, ცეცხლისა, იტყვის მაცხოვრად სხეულსა, და მიზეზსა არასადა ვის უჩვენებს, თუ რაჲსათვის ოთხთა კავშირთა არც მეტ და არც ნაკლებ არს სხვაჲ შემწყოჲ მათი. მაგრა მეთეფისიკამან გვაჩვენა მიზეზი, ვითა გვისწავიეს ღვთისმეტყველებითგან კავშირთა პლატონურთა და პროკლესმიერთა. თუმცაღათუ არისტოტელი მოგვცა ფისიკაჲ, რამეთუ ესთა თქვეს მრავალთა, არამედ უფროსღა სამღთომან გრიგორი ნოსელმან [...] მოგვცნეს ჩვენ“ (ანტონ პირველი, სპეკალი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთო გ. დედაბრიშვილმა, თბილისი: „მეცნიერება“, 1991 წ., გვ. 260).
ანტონ კათალიკოსი ნისის ეპისკოპოსის კიდევ ერთ - „სამყაროს არამატერიალური პირველსაფუძვლების“ შესახებ სწავლებაზე მიგვითითებს, როდესაც კაპადოკიელი მამა შრომაში „პასუხი ექუსთა მათ დღეთათჳს“ სვამს კითხვას, თუ რაში სჭირდებოდა ყოვლისშემძლე ღმერთს სამყაროს შემოქმედებისათვის ბიბლიური ექვსი დღე, რაზეც თავადვე სცემს პასუხს და „შესაქმის“ წიგნის პირველივე მუხლებით - „დასაბამად ქმნნა ღმერთმან ცაჲ და ქუეყანაჲ“ (დაბ. 1, 1) - ქვეყნიერებაში ფიზიკური დროის ათვლის დაწყებამდე, სამყაროს საწყისთა დაბადების შესახებ გვაუწყებს: „ყოვლადძლიერითა მით ნებითა თჳსითა [ღმერთმა] აღაგო და დაჰბადა, ესე იგი არს: სუბუქი და მძიმე, მტკიცე და თხელი, ლბილი და მაგარი, ნოტიაჲ და ჴმელი, ცივი და მჴურვალე, ფერი და სახე, მრგუალი და განშორებული. ესე უკუე, ყოველნი თავით თჳსით და განთჳსებულად გულისზრახვანი არიან წულილნი და გონებანი“.
წმინდა მამის სწავლებით, სწორედ ეს ჩამოთვლილი ცნებები და შიშველი აზრებია, რომელთა ურთიერთშეკავშირების შემდგომადაც მატერია შეგვამოვნდება შესაქმის პირველ დღეს და, სწორედ ამიტომ, ამ არამატერიალურ პირველსაფუძვლებს იგი კვეს-აბედებს ადარებს, ვინაიდან ცალკე მდგომნი და თავისი არსით არანივთიერნი, მხოლოდ ერთმანეთთან შეხების შედეგად ყალიბდებიან სტიქიონებად, რომელთაგანაც, ბიბლიური ჰექსემერონის განმავლობაში, თითოეულ დღეს უფლის ბრძანებაზე გამონთავისუფლებით, ხილული სამყარო ფორმირდება.
საგულისხმოა, რომ აღნიშნულ სწავლებას ქრისტიანულ ფილოსოფიაში გათვითცნობიერებული „ვეფხისტყაოსნის“ ავტორიც შეგვახსენებს, რომელიც პოემის პროლოგის გამხსნელ სტროფებში, იწყებს რა თხრობას სამყაროს შექმნიდან, ბრძანებს: „ჰე ღმერთო, ერთო შენ შეჰქმენ სახე ყოვლისა ტანისა“, რითაც კიდევ ერთხელ გვიდასტურებს ქართულ აზროვნებით კულტურაში დიდი მამის ლიტერატურული მემკვიდრეობის უდიდეს გავლენას, რომელსაც იოანე ზოსიმეს (X ს.) მიერ გადაწერილ „იადგარში“ ჰაგიოგრაფი რამდენიმე სიტყვით აჯამებს და წმინდანს პირდაპირი მიმართვით ამკობს: „შენ, გრიგოლი, ჰბაძევდი დიდსა ბასილის, [...] მღდელთმთავარო გრიგოლი შუენიერო, შენ სიბრძნითა განამდიდრე ეკლესიაჲ ქრისტესი“ (98r-102r).
(ა) ტექსტების გამოცემები ქართულ ენაზე
• წმ. გრიგოლ ნოსელი: პასუხი ექუსთა მათ დღეთათჳს, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, კომენტარები და ლექსიკონი დაურთო ე. ჭელიძემ, იხ.: საქართველოს ეკლესიის კალენდარი, თბილისი: „საქართველოს საპატრიარქოს გამომცემლობა“, 1989 წ., გვ. 194-412.
• წმ. გრიგოლ ნოსელი: წმიდისა სამებისათჳს რომელსა შინა მოიჴსენებს აბრაჰამს, თარგმანი გიორგი მთაწმიდელისა, გამოსაცემად მოამზადეს თ. დოლიძემ და ე. კოჭლამაზაშვილმა, თბილისი, 2004 წ.
• წმ. გრიგოლ ნოსელი: სწავლაჲ ლოცვისაჲ და თარგმანებაჲ „მამაო ჩუენოჲსაჲ“, ძველი ქართული თარგმანის ტექსტი გამოსაცემად მოამზადა ე. ქირიამ, თბილისი: „საქართველოს მეცნიერებათა აკადემია“, 2006 წ.
• წმ. გრიგოლ ნოსელი: შესაქმისათვის კაცისა, სამი ქართული რედაქცია, უძველესი (VIII-IX), წმ. გიორგი მთაწმიდლისეული (XI ს.) და ახალი ბერძნული ტექსტითურთ, მთარგმნელი გ. კოპლატაძე, თბილისი: „ლოგოსი“, 2010 წ.
• წმ. გრიგოლ ნოსელი: ქალწულებისათჳს და საღმრთოჲსა მოქალაქობისა, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა, კომენტარები და ტერმინოლოგიური ლექსიკონი დაურთო პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ, თბილისი: „მერიდიანი“, 2011 წ.
• წმ. გრიგოლ ნოსელი: თარგმანებაჲ ქებისა ქებათაჲსაჲ, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთო გ. კიკნაძემ, თბილისი: „თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის გამომცემლობა“, 2013 წ.
• წმ. გრიგოლ ნოსელი: შრომები, ტ. 1: მოსეს ცხოვრება, ბერძნულიდან თარგმნა და სქოლიოები დაურთო ე. ჭელიძემ [წმინდა მამათა მემკვიდრეობა თანამედროვე ქართულ ენაზე, წიგნი III], თბილისი, 2022 წ.
(ბ) ტექსტების გამოცემები უცხო ენებზე
• Migne, J.-P.: Patrologia Graeca (ΕΛΛΗΝΙΚΗ ΠΑΤΡΟΛΟΓΙΑ), vol. 44-46, Paris, 1863.
• Nicene and Post-Nicene Fathers, Serie II: Gregory of Nyssa, vol. V, Ed. Ph. Schaff, London - New York: „T. & T. Clark“, 1893.
• Fathers of the Church Series: St. Gregory of Nyssa, vol. 104, Ed. R. J. Deferrari, Washington, D.C.: „Catholic University of America Press“, 1967.
• Gregorii Nysseni Opera, vol. I-X, Ed. W. Jaeger, Leiden: „E. J. Brill“, 1960-1996.
• La Collection Sources Chrétiennes: Grégoire de Nysse: 1; 6; 119; 178; 363; 416; 453; 466; 521; 524; 551; 573; 584; 588; 596; 606; 613; 644, Fond. J. Daniélou Cardinal, H. De Lubac Cardinal, C. Mondésert, Paris: „Éditions du Cerf“, 1955-2024.
• Творенія Святаго Григорія Нисскаго. Творенія Святыхъ Отцевъ, въ русскомъ переводѣ, издаваемыя при Московской Духовной Академіи, т. XXXVII-XLIV, Москва: „Типографія В. Готъе“, 1861-1871.
• Иже во святых Отца нашего святаго Григория, епископа Нисскаго, Об устроении человека, перевод, послесловие и примечание В. М. Лурье, под редакцией А. Л. Верлинского, Санкт-Петербург: „АХЮМА“, 1995.
• Святитель Григорий Нисский: Большое огласительное слово, Редакция и перевод Ю. А. Вестеля, Киев: „Пролог“, 2003.
• Святитель Григорий Нисский: О жизни Моисея Законодателя или о совершенстве в добродетели, Пер. А. Десницкого при участии О. Титовой и И. Пролыгиной, Москва: „Храм Святых Косьмы и Дамиана на Маросейке“, 2009.
(გ) გამოკვლევები ქართულ ენაზე
• დოლიძე, თ.: ერთი ფილოსოფიური ცნების რეცეფციისათვის გრიგოლ ნოსელის მოძღვრებაში წმინდა სამების შესახებ, იხ.: Μετάνοια, პროფ. გ. წერეთლის 130 წლისთავისადმი მიძღვნილი კრებული, თბილისი, 2001 წ., გვ. 82-102.
• კოჭლამაზაშვილი, ე.: წმ. გრიგოლ ნოსელის „დიდი კატექეტური სიტყვა“ და მისი ძველი ქართული თარგმანი, იხ.: ქრისტიანულ-არქეოლოგიური ძიებანი, ტ. 1, თბილისი: „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი“, 2008 წ., გვ. 7-204.
• ორჟონია, ი.: წმინდა გრიგოლ ნოსელის კოსმოგონია, იხ.: გული გონიერი, №6 (თბილისი, 2013 წ.), გვ. 88-110.
• ჭელიძე, ე.: დროის პრობლემა გრიგოლ ნოსელთან, იხ.: ახალგაზრდა ფილოსოფოსთა სემინარის სესიის მასალები, თბილისი: „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი“, 1984 წ., გვ. 43-53.
(დ) გამოკვლევები უცხო ენებზე
• Ladner, G. B.: The Philosophical Anthropology of Saint Gregory of Nyssa, in: Dumbarton Oaks Papers, vol. 12, Cambridge: „Harvard University Press“, 1958, pp. 59-94.
• Daniélou, J.: L'être et le temps chez Grégoire de Nysse, Leiden: „E. J. Brill“, 1970.
• Daniélou, J.: Platonisme et théologie mystique. Essai sur la doctrine spirituelle de saint Grégoire de Nysse, Paris: „Aubier“, 1944.
• Goggin, Th.: The Times of Gregory of Nyssa. As Reflected in the Letters and the Contra Eunomium, [Patristic Studies, vol. LXXIX], Washington, D.C.: „Catholic University of America Press“, 1947.
• Mühlenberg E.: Die Unendlichkeit Gottes bei Gregor von Nyssa. Gregors Kritik am Gottesbegriff der klassischen Metaphysik, Göttingen: „Vandenhoeck & Ruprecht“, 1966.