დალი ალექსანდრეს ასული დანელია დაიბადა 1931 წლის 4 ნოემბერს, ქალაქ თბილისში, პედაგოგების, ალექსანდრე დანელიასა და მარიამ აბესაძის ოჯახში. 1949 წელს იგი ოქროს მედლით ამთავრებს თბილისის 25-ე სკოლას (მოგვიანებით მე-6 ქალთა, ხოლო დღეს კი 51-ე საჯარო სკოლა) და იმავე წელს ირიცხება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფილოსოფიის ფაკულტეტზე. სწავლის პერიოდში დ. დანელია განსაკუთრებულ ინტერესს იჩენს ფილოსოფიის ისტორიის მიმართ. 1954 წელს, სადიპლომო ნაშრომით ლოგიკურისა და ისტორიულის ურთიერთმიმართების შესახებ, დალი დანელია წარჩინებით ამთავრებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს და ირიცხება საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის ასპირანტურაში, ფილოსოფიის ისტორიის სპეციალობაზე. ასპირანტურაში სწავლის პერიოდში მისი ხელმძღვანელია ცნობილი ქართველი ფილოსოფოსი სერგი დანელია. 1959 წელს, ფილოსოფიურ მეცნიერებათა კანდიდატის წოდების მოსაპოვებლად, დ. დანელია იცავს დისერტაციას თემაზე „ლუდვიგ ფოიერბახის ათეიზმი“ (1967 წელს ხსენებული ნაშრომი მონოგრაფიის სახით გამოიცა). ასპირანტურის დასრულებისთანავე იგი მუშაობას იწყებს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომლის სტატუსით. აქ მისი კვლევის საგანია რაციონალიზმის ფილოსოფია, კერძოდ, სპინოზას, ლაიბნიცის, დეკარტის მოძღვრებები. 1968 წელს, როგორც ყურადსაღები შედეგი ახალგაზრდა მეცნიერის ნაყოფიერი შრომისა, ქვეყნდება მონოგრაფია „XVII საუკუნის რაციონალიზმი“. ხსენებული ფილოსოფიური მიმართულების კვლევას დ. დანელია მიჰყავს ირაციონალიზმის ფილოსოფიის კვლევამდე. სწორედ ირაციონალიზმის საკვანძო პრობლემებსა და მათ კრიტიკას ეძღვნება 1974 წელს გამოცემული მესამე მონოგრაფია „ირაციონალისტური ნაკადი თანამედროვე ბურჟუაზიულ კულტურაში“. ირაციონალიზმის კვლევა გრძელდება შოპენჰაუერის, ნიცშეს, ედ. ჰარტმანის და ვ. დილთაის შესახებ გამოქვეყნებულ სტატიებში. ამასთანავე, დ. დანელია იწყებს რელიგიის ფილოსოფიის ფუნდამენტურ პრობლემათა ინტენსიურ შესწავლას; ამ მიმართულებით მისი ინტერესის საგანია ლაიბნიცის, კანტის, ჰეგელის, შლაიერმახერისა და ბერდიაევის კონცეფციები. 1999 წელს იგი იცავს სადოქტორო დისერტაციას თემაზე „ირაციონალისტური ფილოსოფია და მოდერნიზმი“, რომლის მთავარი თეზისის თანახმად, მოდერნისტული ევროპული კულტურის მსოფლმხედველობრივ საფუძველს სწორედ ირაციონალისტური ფილოსოფია წარმოადგენს. 1999-2006 წლებში საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სავლე წერეთლის სახელობის ფილოსოფიის ინსტიტუტში დ. დანელია ხელმძღვანელობს საზღვარგარეთის ფილოსოფიის ისტორიის განყოფილებას. სამეცნიერო კვლევითი საქმიანობის გარდა, დ. დანელია ეწეოდა ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობასაც; 1965 წლიდან ლექციებს კითხულობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფილოსოფიის, ისტორიის, გეოგრაფია-გეოლოგიის, ფიზიკის ფაკულტეტებზე, ხოლო თბილისის პოლიტოლოგიის, სოციოლოგიისა და ადამიანთმცოდნეობის ინსტიტუტში კი ჟურნალისტიკა-სოციოლოგიის ფაკულტეტზე.
დალი დანელია გარდაიცვალა 2015 წლის 29 მარტს, ქ. თბილისში.
დ. დანელიას, როგორც ფილოსოფიის ისტორიით დაინტერესებული მკვლევრის სამეცნიერო საქმიანობის პირველი ნაბიჯები უკავშირდება ფოიერბახის ფილოსოფიის და მის მიერ ქრისტიანული რელიგიის კრიტიკის კვლევას. იმხანად, ფოიერბახის ფილოსოფიის შესწავლის აქტუალობას განაპირობებდა მარქსიზმის თეორიულ წყაროდ მისი დასახელება. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ დ. დანელიასთვის ფოიერბახის ფილოსოფიის, კონკრეტულად კი „ქრისტიანობის არსების“ (1841 წ.) ანალიზი იმ „ფასადად“ იქცა, რომლის მიღმაც დაკვირვებული მკითხველი უთუოდ ამოიცნობს ახალგაზრდა მკვლევრის სერიოზულ ინტერესს რელიგიის ფილოსოფიური პრობლემების მიმართ. უფრო საგულისხმო კი ის გარემოება გახლავთ, რომ ამ თავდაპირველმა ინტერესმა დ. დანელიას მთელი შემდგომი სამეცნიერო კვლევის მიმართულება განსაზღვრა. რაციონალიზმისა და ირაციონალიზმის ის მნიშვნელოვანი კვლევებიც, რომლებსაც დ. დანელიას სამეცნიერო შემოქმედების დიდი ნაწილი ეთმობა, მის მიერ რელიგიის ფილოსოფიის პრობლემათა გააზრების, ანალიზის მნიშვნელოვან ფუნდამენტად შეიძლება ჩაითვალოს.
რელიგიის კრიტიკა იყო ის თემა, რომელიც დ. დანელიამ (ფოიერბახის ფილოსოფიის კვლევიდან მალევე) სპინოზას ნააზრევშიც იკვლია. ამ საკითხმა ავტორი სპინოზას შემეცნების რაციონალისტური თეორიის შესწავლამდე მიიყვანა. სწორედ ამ ეტაპზე იწყებს დ. დანელია რელიგიის რაციონალიზაციის ისტორიულ მცდელობებზე ფიქრს. დ. დანელია იკვლევს გონებისა და რწმენის, გონებისა და რელიგიის ურთიერთმიმართების ისეთ ასპექტს, როგორიცაა გონებასთან რელიგიის შესაბამისობის, გონების რელიგიის რაობის საკითხი. რელიგიის რაციონალიზაცია არის გასვლა პოზიტიური რელიგიის ფარგლებს გარეთ და მაღალი, ე.წ. „გონების რელიგიის“ შექმნის მცდელობა (დეიზმი, კანტი, ჰეგელი). რელიგიის რაციონალიზება გულისხმობს ანთროპომორფიზმის კრიტიკას, დემითოლოგიზაციას, „ბუნებრივი“, ანუ გონების რელიგიის მოთხოვნას და რელიგიის შინაარსის დაყვანას მორალზე (რელიგიის დაფუძნებას მორალზე). ამავდროულად, რელიგიური ირაციონალიზმი რელიგიურს აბსოლუტურად თიშავს გონებისგან: ღმერთი შეიმეცნება არა გონებით, არამედ ინტუიციით, მისტიკური ხედვით. ღმერთი ნაგრძნობი ღმერთია და არა გაგებული. ეს ერთგვარი ანტირაციონალიზმიცაა.
რელიგიაში რაციონალიზმისა და ირაციონალიზმის ასპექტების გააზრებას დ. დანელია მიჰყავს ზოგადად ფილოსოფიაში რაციონალიზმისა და ირაციონალიზმის უფრო ღრმად შესწავლის აუცილებლობამდე. თავის მეორე მონოგრაფიაში (1968 წ.) და სხვადასხვა სტატიებში დ. დანელია იკვლევს XVII საუკუნის რაციონალიზმს, როგორც ზოგადად ფილოსოფიაში რაციონალიზმის კლასიკურ ნიმუშს. მის ნიშნებს შორის ავტორი გამოყოფს მათემატიკურ ორიენტაციას, თანშობილი იდეების თეორიის ინტერპრეტაციებს (დეკარტი, ლაიბნიცი) და მიზეზისა და საფუძვლის ცნებათა გაიგივებას (დეკარტი, სპინოზა, ლაიბნიცი).
ფილოსოფიის ისტორიის სხვადასხვა პერიოდის რაციონალისტ ფილოსოფოსთა ხანგრძლივი და თანმიმდევრული კვლევის შედეგად დ. დანელია აყალიბებს ზოგადად რაციონალიზმის, როგორც ფილოსოფიური თეორიის ძირითად ნიშნებს: (1) რაციონალიზმი შემეცნების რაციონალური საფეხურის უნივერსალიზაციას ახდენს, გონებას ჭეშმარიტი შემეცნების ერთადერთ წყაროდ აცხადებს. გონება ავტონომიურია, ის თეორიული ცოდნის ანალიტიკურ ინტერპრეტაციას ეწევა, ჭეშმარიტი ცოდნის საყოველთაოობას და აუცილებლობას ადგენს, რაც მხოლოდ კატეგორიალური აპარატით არის შესაძლებელი. რაციონალიზმი ფილოსოფიაში სწორედ ამგვარ აპარატს ქმნის. გონებას შემეცნებაში ზოგად-მაკონსტრუირებელი ფუნქცია აქვს; (2) რაციონალიზმის ონტოლოგიის ფუნდამენტური კატეგორიაა სუბსტანციის ცნება, სუბსტანციის იდეა კი თეორიული აზროვნების სუვერენობის უმაღლესი ნიშანია; (3) რაციონალიზმის განმსაზღვრელი ძირეული ნიშანია აპრიორიზმიც - თანდაყოლილ იდეებად, ინტელექტში პოტენციურ, ვირტუალურ ცოდნად თუ ყოველგვარი გამოცდილებისაგან სრულიად დამოუკიდებელ ცოდნად გაგებული; (4) უმაღლესი ჭეშმარიტების წვდომის უნარად რაციონალიზმი ადგენს ინტელექტუალურ ინტუიციას, როგორც ინტელექტის დამატებით უნარს. ინტელექტუალური ინტუიცია სინამდვილიდან უშუალოდ იღებს სარწმუნო, ჭეშმარიტ, ანუ საყოველთაო და აუცილებელ ცოდნას. ინტუიციური ცოდნა გონების ბუნებრივი სინათლეა. სწორედ ინტუიციური ანუ არადისკურსული გზით მიიღება დედუქციის საწყისი დებულებები, აქსიომები; (5) ცოდნის მოდელი სწორედ აქსიომატურ-დედუქციური სისტემაა; (6) რაციონალიზმის ფილოსოფიის თანმდევია დედუქციური დასაბუთების ევრისტიკულ (ახლის დამდგენ) ფუნქციასთან დაკავშირებული დილემა; (7) საგულისხმო მახასიათებელია პანლოგიზმი - გონება, როგორც არა მხოლოდ შემეცნების იარაღი, არამედ როგორც სამყაროს შემქმნელი, მსოფლიო გონება; (8) მთელი ცოდნა დაიყვანება გონებაჭვრეტით, რაციონალურ ცოდნაზე (შემთხვევითი წინადადებებიც ატარებს აუცილებლობის ნიშანს: ანალიზურია როგორც გონების ჭეშმარიტებები, ასევე ფაქტის ჭეშმარიტებებიც - ლაიბნიცი). ჭეშმარიტია აუცილებელი ცოდნა - ამავდროულად ცხადი და ნათელი; (9) რაციონალიზმი უსაზღვრო ნდობას უცხადებს გონებას. ეს იმდენად მნიშვნელოვანი ხდება, რომ რაციონალისტების რელიგიის ფილოსოფიაში ადამიანის გონების მიერ ღმერთის შემეცნების შესაძლებელობაზეც არის საუბარი; (10) შემეცნების პროცესში გონების უპირატესობის აღიარება რაციონალიზმის ეთიკური პოსტულატიცაა. ადამიანის სულიერი ცხოვრება ზნეობრივ იმპერატივებს სწორედ გონების მეშვეობით ექვემდებარება. ამის შესახებ დ. დანელია დაწვრილებით მსჯელობს თავის სტატიაში „XVII საუკუნის კლასიკური რაციონალიზმის ძირითადი ნიშნები“ (იხ. კრებული - „ფილოსოფია, ღვთისმეტყველება, კულტურა“, თბ., 2007 წ., გვ. 171-185).
დ. დანელიას აზრით, რაციონალიზმის ფილოსოფიის ამ ძირითადი ხედვის გარშემო იყრის თავს ყველა საკითხი, რომელიც ამ ფილოსოფიის წიაღში წამოჭრილა. ამ საკითხთა რიცხვს მიეკუთვნება „დოქსას“ (შეხედულების რაობის) პრობლემაც, რომელსაც დ. დანელია თავის ერთ-ერთ შედარებით გვიანდელ სტატიაში („დოქსა“ - გნოსეოლოგიური ტერმინი, 2000 წ.) ეხება. პლატონის, არისტოტელეს, ჰიუმის, კანტის მოსაზრებების ანალიზის ფონზე დ. დანელია იკვლევს დოქსას, როგორც ეპისტემოლოგიისა და მეცნიერების ფილოსოფიის ცნებას. მისი პოზიციის თანახმად, შეხედულებას - რომელიც დარწმუნებულობისა და დამაჯერებლობის გარკვეულ ხარისხს გულისხმობს - იმდენად მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მეცნიერებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რომ ამ მნიშვნელობის იგნორირება მეცნიერების სციენტისტური აბსოლუტიზაცია იქნებოდა.
რაციონალიზმის ფილოსოფიის კვლევამ აუცილებლობით მოითხოვა ირაციონალიზმის ფილოსოფიის ანალიზიც. სწორედ ირაციონალიზმის ძირების, მისი სპეციფიკის ანალიზს ეთმობა დ. დანელიას ორი მონოგრაფია (1974 წ. და 1993 წ.), არაერთი სტატია და გამოუქვეყნებელი ნაშრომი. არსებითი რამ, რაც, დ. დანელიას აზრით, ირაციონალიზმის ფილოსოფიაში იკითხება, არის ის, რომ (1) ირაციონალურისა და არაცნობიერის შეუმეცნებლობის მტკიცების მიუხედავად, მთელი ირაციონალისტური ფილოსოფია სწორედ ამ შეუმეცნებლის შემეცნებისა და წვდომისკენაა მიმართული; (2) გონების შესაძლებლობები უკიდურესად დაკნინებულია. შემეცნება მხოლოდ ინტუიციით, გრძნობით არის შესაძლებელი; (3) ირაციონალიზმის ონტოლოგიის თანახმად, ყოფიერება ირაციონალურია. სინამდვილის საწყისი უგუნურია, სამყარო ქაოტურია, იდუმალია - სამყარო, ბუნება არაცნობიერი ნების განხორციელებაა (შელინგი, შოპენჰაუერი, ედ. ჰარტმანი); (4) ირაციონალიზმი პესიმიზმის, კრიზისის ფილოსოფიაა. ნიჰილიზმი, ცხოვრების აბსურდულობის შეგრძნება, ძრწოლა, სიკვდილის, „დასასრულის“ განცდა ამ ფილოსოფიის არსებითი ნიშანია (ნიცშე); (5) ტრანსცენდენტურისადმი მიმართვა სამყაროს ღირებულებების უარყოფის გზით ხდება. ცალკეული განსხვავებების, რიგ საკითხებში სხვადასხვა პოზიციის მიუხედავად, ირაციონალისტური ფილოსოფია არსებითად სწორედ ამგვარ ხედვაზე დგას.
ირაციონალურ ფილოსოფიას დ. დანელია გონებისავე საშუალებით ამავე გონებასთან უთანაზომო რაობის - ირაციონალურის (ირაციონალიზმის ფილოსოფიაში - არაცნობიერის) - შემეცნების ცდად მიიჩნევს და ამით ირაციონალიზმის ფილოსოფიის შინაგან, ლოგიკურ წინააღმდეგობრიობაზე უთითებს. მისი აზრით, ირაციონალიზმში ირაციონალურის არსებობა რაციონალისტური ხერხებით დგინდება, რამდენადაც აზროვნებამ არ იცის აზრის გამოთქმის სხვა ხერხი, გარდა რაციონალისტური, გონებისმიერი, ცნებითი ხერხისა; ამიტომაც, მისი აზრით, - ვინაიდან სწორედ გონებაა რაციონალიზმსა და ირაციონალიზმს შორის არსებული წყალგამყოფი, - საფუძველს მოკლებულია რაციონალისტურ ფილოსოფიურ სისტემებში (პლატონი, დეკარტი, ლაიბნიცი, ჰეგელი) ირაციონალისტური ტენდენციების ძიების ცდები (დ. დანელია, ირაციონალურის ცნების საკითხისათვის, გვ. 22). ირაციონალიზმის ფილოსოფიის ჭრილში იკვლია დ. დანელიამ კულტურის და ექსისტენციალური კრიზისის ფილოსოფიური პრობლემებიც. თუმცა, მისი კვლევა არ შემოფარგლულა მხოლოდ წმინდა ფილოსოფიური თეორიებით.
შელინგის, შლაიერმახერის, ედ. ჰარტმანის, შოპენჰაუერის, ნიცშეს, კამიუს, დილთაის, შპენგლერის, ფროიდის, ჰაიდეგერის, იასპერსის და სხვათა ფილოსოფიური კონცეფციების კვლევის კვალდაკვალ, დ. დანელია თვალნათლივ აღმოაჩენს ირაციონალისტური მსოფლმხედველობის ნიშნებსა და გავლენას თანამედროვე ხელოვნებაში. მისი ღრმა რწმენით, თანამედროვე დასავლური კულტურის ნაწილი ირაციონალურ ფილოსოფიაზე „დგას“ - მოდერნიზმი და პოსტმოდერნი ირაციონალიზმის კლასიკოსთა (შოპენჰაუერის, ნიცშეს, ფროიდის, ბერგსონის) თეორიების მხატვრული ხორცშესხმაა. თავის მონოგრაფიაში დ. დანელია აღნიშნავს, რომ მოდერნიზმის ძირითად ნიშნად უნდა დასახელდეს ინტელექტის „მსხვრევის“, გაუფასურებისა და ადამიანის სულის „ირაციონალური განზომილებების“ წინ წამოწევის, დეჰუმანიზაციის ტენდენცია - სწორედ ის, რაც ირაციონალიზმის ფილოსოფიის ამოსავალია. თანამედროვე დასავლური კულტურის ნაკადებს - იმპრესიონიზმს, სიმბოლიზმს, ფუტურიზმს, ექსპრესიონიზმს, ექსისტენციალური მწერლობის გარკვეულ ფრთას, „ცნობიერების ნაკადის“ პროზას, ფრანგულ „ახალ რომანს“ - ირაციონალიზმი, ანტიინტელექტუალიზმი და ანტიჰუმანიზმი აერთიანებს (უნდა აღინიშნოს, რომ დ. დანელია აანალიზებს ისეთი ხელოვანების მსოფლმხედველობრივ მიდგომებს, როგორებიცაა: პოეზიაში - ფრ. მაირეკერი, ე. იადლი; პროზასა და დრამატურგიაში - ო. ვინერი, ა. შმიდტი, ა. რობ-გრიიე, ნ. საროტი, ფრ. დიურენმატი, ბ. ბრეხტი; სახვით ხელოვნებაში - რ. რაუშენბერგი და ა.შ.).
პოსტმოდერმული კულტურაც ამ პათოსის გაგრძელებაა. დ. დანელიას აზრით, ამ მიმდინარეობის ნიშნებია: (1) ირაციონალისტური და ანტიინტელექტუალური ორიენტაცია; (2) ფრაგმენტულობა, დეკონსტრუქციულობა; (3) დეკანონიზაცია მწერლობასა და ხელოვნებაში; (4) ტრადიციის უარყოფა - ავანგარდიზმი; (5) ცინიზმი, კომიზმი; (6) მისტიფიკაცია, სიმბოლიზაცია; (7) პათოლოგიურის მიმართ ინტერესი. რაიმე მსოფლმხედველობაზე დამოკიდებულებისაგან თავისუფლების პრეტენზიის მიუხედავად, პოსტმოდერნიც სრულიად ექვემდებარება ირაციონალიზმის გნოსეოლოგიურ და ონტოლოგიურ პრინციპს - ასეთია დ. დანელიას პოზიცია.
აშკარაა, რომ დ. დანელიას მიერ რაციონალიზმისა და ირაციონალიზმის ფილოსოფიის კვლევა მნიშვნელოვანი ფუნდამენტი გახლდათ რელიგიის ფილოსოფიის პრობლემების სიღრმისეული გააზრებისათვის. ამ საძირკვლის მომზადების შემდგომ, დ. დანელია კვლავ უბრუნდება რელიგიის ფილოსოფიის პრობლემატიკის ინტენსიურ კვლევას - ეძიებს რელიგიის ფილოსოფიაში წარმოდგენილ განსხვავებულ კონცეფციებს (ლაიბნიცი, კანტი, ჰეგელი, ბოემე, ეკჰარტი, შლაიერმახერი, შოპენჰაუერი, ბერდიაევი და სხვ.), რომლებიც რაციონალიზმის და ირაციონალიზმის ფილოსოფიის ძირითად პოსტულატებს ემყარება; მისი კვლევის საგანია, ასევე, რელიგიის ფილოსოფიის რაობის პრობლემა.
დ. დანელია განსაკუთრებული ინტერესით იკვლევდა ლაიბნიცის, კანტის, შლაიერმახერისა და ჰეგელის რელიგიის ფილოსოფიურ კონცეფციებსა და რელიგიის ფილოსოფიას. როგორც იგი აღნიშნავს, იმის მიუხედავად, რომ რაციონალიზმი (გონების დომინანტობის პრინციპი) ლოგიკურად შეიცავს თავის თავში ღმერთის არსებობის უარყოფის შესაძლებლობას, ამას ხელი არ შეუშლია რელიგიის რაციონალისტური ფილოსოფიური მოძღვრებების შექმნისათვის. „თავი რომ დავანებოთ „გონების რელიგიის“ შექმნის ცდებს (დეიზმი) და, საერთოდ, რაციონალიზმს რელიგიაში, ამ გზამ ფილოსოფია არა მხოლოდ ღმერთის უარყოფამდე, არამედ ლაიბნიცის თეოდიცეამდე და ყოველივე არსებულის გონიერად დასახვიდან მისი გონიერად მომწყობის - ღმერთის - იდეამდეც მიიყვანა“ (დ. დანელია, რელიგიის ფილოსოფია როგორც ფილოსოფიური მეცნიერება, გვ. 151; აქვე უნდა ითქვას, რომ დ. დანელია საკამათოდ მიიჩნევს „თეოდიცეის“ გამოცხადებას დეიზმად, ვინაიდან ლაიბნიცის რელიგიის ფილოსოფიისთვის უცხოა „გონების რელიგიის“, როგორც ახალი და ჭეშმარიტი რელიგიის შექმნის მოთხოვნა). რელიგიის რაციონალისტური ფილოსოფია გახლავთ კანტის მიერ ზნეობრიობაზე დაფუძნებული „გონების რელიგიაც“. ამგვარი რელიგია პრაქტიკული გონების პრიმატიდანაა ამოზრდილი, საერთოდაც, გონების ფარგლებშია შესაძლებელი. ჰეგელის კონცეფციის თანახმად კი რელიგიის ფილოსოფიის საგანი არის აბსოლუტი - არა მხოლოდ აზრის, არამედ მისი მანიფესტაციის, გამოვლენის ფორმითაც. ხოლო ამ აბსოლუტის, ღმერთის შემეცნება ხდება აზროვნებით, გონებით. როგორც დ. დანელია აღნიშნავს, ლაიბნიცისა და, განსაკუთრებით, ჰეგელის რელიგიის რაციონალისტური ფილოსოფიები წარმოადგენენ რწმენისა და ცოდნის დუალიზმის დაძლევის მცდელობას რწმენისა და ცოდნის ჰარმონიის შესახებ კონცეფციებით. ზემოხსენებულთაგან, განსაკუთრებით კი ჰეგელის თეორიისაგან სრულიად განსხვავებულ კონცეფციას გვთავაზობს შლაიერმახერი. რელიგიური გრძნობის პრიმატზე საუბარი - ღმერთთან მიმართების გააზრება ადამიანის შინაგანი ალღოსა და გრძნობის საშუალებით - ნიშნავდა ირაციონალიზმს რელიგიის ფილოსოფიაში. დ. დანელიას აზრით, შლაიერმახერის მოძღვრება შესაძლებელია ჯეიმსის „ემოციურობისა“ და „ინტუიციურობის“ და ბრენტანოს „ემოციური თვალნათლივობის“ თეორიათა პირველწყაროც კი იყოს (იქვე, გვ. 158).
როგორც რაციონალისტური თეორია შესაძლებელია იქცეს რელიგიის ფილოსოფიის პოზიტიურ საყრდენად, არც „ათეისტური“ ირაციონალური კონცეფციებია (შოპენჰაუერი, ნიცშე) რელიგიურობისაგან სრულიად დაცლილი. მეტიც, დ. დანელიას აზრით, ყოველი ირაციონალისტური მოძღვრება, საბოლოოდ, მაინც რელიგიის დასაბუთებამდე მიდის, ვინაიდან რელიგიის ტრანსცენდენტურ, პერსონალურ ღმერთს მხოლოდ ფორმალურად ენაცვლება ირაციონალური საწყისი (მაგალითად, შოპენჰაუერის ნების მეტაფიზიკაც, საბოლოოდ, რელიგიის დაფუძნებამდე მიდის. მისი ანტირელიგიურობა ვერ გასცდა პიროვნული ღმერთის იდეის უარყოფას).
რელიგიის ფილოსოფიის კვლევის ფარგლებში დ. დანელია ეხება რელიგიის ფილოსოფიის რაობის პრობლემას, რომელიც ფილოსოფიის ისტორიაში რელიგიასა და ფილოსოფიას, თეოლოგიასა და ფილოსოფიას, რწმენასა და ცოდნას/გონებას შორის ურთიერთმიმართების გადაწყვეტის ფონზე წარიმართა. ამ გადასახედიდან, დ. დანელია მიიჩნევს, რომ რელიგიის ფილოსოფიის ძირითად პრობლემად უნდა ჩაითვალოს გონებასთან რელიგიური რწმენის დამოკიდებულების საკითხი - ვინაიდან ყველა სხვა პრობლემა სწორედ ამ საკითხიდანაა დედუცირებული, მათ შორის, თეოლოგიასა და რელიგიის ფილოსოფიას შორის არსებული განსხვავების საკითხიც. დ. დანელიას აზრით, თეოლოგიასა და რელიგიის ფილოსოფიას შორის წყალგამყოფად შეიძლება მიჩნეულ იქნას რწმენით გაგებული ანთროპომორფიზმიც: ფილოსოფიასა და რელიგიის ფილოსოფიაში შეფარვით თუ აშკარად უარყოფილია ღმერთის გააზრება ადამიანის მსგავს არსებად და ის აბსოლუტურ, უსასრულო გონებადაა წარმოდგენილი.
უცხოური ფილოსოფიის ისტორიის კვალდაკვალ დ. დანელიამ იკვლია ქართველ ფილოსოფოსთა შეხედულებებიც. ამ მხრივ უნდა აღინიშნოს მისი სამეცნიერო სტატიები ნ. ნიკოლაძის, ს. დანელიას, თ. ბუაჩიძის შემოქმედების შესახებ.
დ. დანელიას კვლევები ზოგადად ევროპული ფილოსოფიის ისტორიის ფარგლებში მიმდინარეობდა. მან შეისწავლა და გამოავლინა რელიგიის ფილოსოფიის, რაციონალიზმისა და ირაციონალიზმის ფილოსოფიის, თანამედროვე „ირაციონალისტური“ ხელოვნების ისეთი ასპექტები, რომელთა გათვალისწინება მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს დასავლური ფილოსოფიის ისტორიით დაინტერესებულ მკვლევარს.
(ა) დალი დანელიას მონოგრაფიები
• ლუდვიგ ფოიერბახის ათეიზმი, თბილისი: „საბჭოთა საქართველო“, 1967 წ.
• XVII საუკუნის რაციონალიზმი, თბილისი: „მეცნიერება“, 1968 წ.
• ირაციონალისტური ნაკადი თანამედროვე ბურჟუაზიულ კულტურაში, თბილისი: „მეცნიერება“, 1974.
• ირაციონალისტური ფილოსოფია და მოდერნიზმი, თბილისი: „მეცნიერება“, 1993 წ.
(ბ) დალი დანელიას სამეცნიერო სტატიები
• ლუდვიგ ფოიერბახი ქრისტიანული რელიგიის შესახებ, იხ.: „ფილოსოფიის ინსტიტუტის შრომები“, ტ. 8, თბილისი, 1958 წ., გვ. 27-40.
• სპინოზას შემეცნების თეორიის ზოგიერთი საკითხი, ჟურნალში: „საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მაცნე“, № 2 (თბილისი, 1965 წ.), გვ. 13-27.
• გონების რელიგიის შესახებ, ჟურნალში: „საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მაცნე“, № 3, (თბილისი, 1968 წ.), გვ. 19-43.
• ყოფიერების ირაციონალობის საკითხისათვის ირაციონალიზმში, ჟურნალში: „საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მაცნე. ფილოსოფიის, ფსიქოლოგიის, ეკონომიკისა და სამართლის სერია“, № 2 (თბილისი, 1973 წ.), გვ. 15-34.
• ირაციონალურის ცნების საკითხისათვის, კრებულში: განწირულობის ფილოსოფია, თბილისი: „მეცნიერება“, 1979 წ., გვ. 3-24.
• რელიგიის პრობლემა ა. შოპენჰაუერის ფილოსოფიაში, კრებულში: ათეიზმის ფილოსოფიური პრობლემები, თბილისი: „მეცნიერება“, 1989 წ., გვ. 27-45.
• გოტფრიდ ვილჰელმ ლაიბნიცი, ჟურნალში: „პოლიტიკა“, № 9-10 (თბილისი, 1991 წ.), გვ. 85-91.
• პოსტმოდერნიზმის შესახებ, ჟურნალში: „საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მაცნე. ფილოსოფიის სერია“, № 2 (თბილისი, 1998 წ.), გვ. 49-61.
• სერგი დანელია, ჟურნალში: „საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მაცნე“, № 1-2 (თბილისი, 1999 წ.), გვ. 130-132.
• ფრ. შლაიერმახერი რელიგიის ფილოსოფიის შესახებ, ჟურნალში: „რელიგია“. სამეცნიერო-საღვთისმეტყველო ჟურნალი, № 3-4 (თბილისი, 1999 წ.), გვ. 24-32.
• „დოქსა“ - გნოსეოლოგიური ტერმინი, ჟურნალში: „საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მაცნე. ფილოსოფიის სერია“, № 1-2 (თბილისი, 2000 წ.), გვ. 67-80.
• რელიგიის ფილოსოფია როგორც ფილოსოფიური მეცნიერება, ჟურნალში: „საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მაცნე. ფილოსოფიის სერია“, № 1-2 (თბილისი, 2001 წ.), გვ. 150-164.
• რელიგიის ფილოსოფიის პრობლემების კვლევა, წიგნში.: ქართული ფილოსოფიური აზრის ისტორია, ტ. IV, მთავარი რედაქტორი - გ. თევზაძე, თბილისი: „ელფი“, 2003 წ., გვ. 355-380 (თანაავტორი - მ. მახარაძე).
• XVII საუკუნის კლასიკური რაციონალიზმის ძირითადი ნიშნები, ჟურნალში: „საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მაცნე. ფილოსოფიის სერია“, № 1-2 (თბილისი, 2004 წ.), გვ. 24-33.
• XVII საუკუნის კლასიკური რაციონალიზმის ძირითადი ნიშნები, კრებულში: ფილოსოფია, ღვთისმეტყველება, კულტურა, რედაქტორები - თ. ირემაძე, თ. ცხადაძე, გ. ხეოშვილი, თბილისი: „ნეკერი“, 2007 წ., გვ. 171-185.
• თამაზ ბუაჩიძე აპოლონურის და დიონისურის ნიცშესეული კონცეფციის შესახებ, კრებულში: ნიცშე საქართველოში, რედაქტორ-შემდგენი - თ. ირემაძე, თბილისი: „არხე“, 2007, გვ. 142-149.
• ნიკო ნიკოლაძე - ცნობილი ქართველი მოღვაწე, ჟურნალში: „მაცნე“. სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის სამეცნიერო ჟურნალი, N1 (თბილისი, 2008 წ.), გვ. 18-20.
• სავლე წერეთლის გახსენება, კრებულში: ფილოსოფია, დიალექტიკა, ლოგიკა, რედაქტორ-შემდგენელნი - ლ. ზაქარაძე, თ. ირემაძე, თბილისი: „მერიდიანი“, 2008 წ., გვ. 14-16.
• დანტეს „ღვთაებრივი კომედიის“ კითხვისას, ჟურნალში: „რელიგია“. სამეცნიერო-საღვთისმეტყველო ჟურნალი, № 1 (თბილისი, 2010 წ.), გვ. 77-81.
გ) სპეციალური ლიტერატურა
• თომაშვილი, ნ.: ფილოსოფოსი დალი დანელია, თბილისი: „ზანი“, 2009 წ.
• სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის საბჭოთა პერიოდის საარქივო მასალები (1946-1991), საიუბილეო გამოცემა, ნაწილი I, შემდგენელი - მ. ცუცქირიძე, თბილისი: „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 2017 წ.
• სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის საბჭოთა პერიოდის საარქივო მასალები (1946-1991), საიუბილეო გამოცემა, ნაწილი II, შემდგენელი - მ. ცუცქირიძე, თბილისი: „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 2017 წ., გვ. 316-321.
• ჭეშმარიტი ფილოსოფია ქრისტიანობაა და ჭეშმარიტი სიბრძნეც ადამიანს მხოლოდ ღვთისგან ეძლევა. ინტერვიუ დალი დანელიასთან, ჟურნალში: „კარიბჭე“, № 25/189 (თბილისი, 2011 წ.), გვ. 44-45.