დიმიტრი უზნაძე დაიბადა 1886 წლის 20 დეკემბერს ზესტაფონის რაიონის სოფელ საქარაში, მრავალშვილიანი გლეხის ოჯახში. უზნაძის მშობლები დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ შვილების განათლებას. 1896 წელს 10 წლის ასაკში დ. უზნაძე ჩაირიცხა ქუთაისის ვაჟთა გიმნაზიაში. იგი თავიდანვე საუკეთესო მოსწავლე იყო. 1905 წელს, მე-8-ე დამამთავრებელ კლასში მყოფი, იგი სხვა მოსწავლეებთან ერთად გარიცხეს გიმნაზიიდან რევოლუციურ-პოლიტიკური აქტივობის გამო. იმავე წელს სწავლის გასაგრძელებლად იგი გაემგზავრა გერმანიაში და გახდა ლაიფციგის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის სტუდენტი. იმ დროს ლაიფციგის უნივერსიტეტში ფსიქოლოგიას ასწავლიდა გამოჩენილი გერმანელი ფსიქოლოგი ვილჰელმ ვუნდტი, რომელმაც იქ 1879 წელს მსოფლიოში პირველი ფსიქოლოგიური ლაბორატორია დააარსა.
1907 წელს დ. უზნაძემ ლაიბნიცის ფილოსოფიისადმი მიძღვნილი ნაშრომისათვის ლაიფციგის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის პრემია მიიღო. ასევე, ვუნდტის წინადადებით მან დაიწყო რუსი ფილოსოფოსის, ვლადიმერ სოლოვიოვის მსოფლმხედველობაზე მუშაობა, რომელიც 1909 წელს ჰალეს უნივერსიტეტში დაასრულა სადოქტორო დისერტაციით, რომლის სათაურიც იყო: „ვლადიმირ სოლოვიოვის მეტაფიზიკური მსოფლმხედველობა მისი შემეცნების თეორიის საორიენტაციო მიმოხილვითურთ“. მაშინდელ გერმანიაში ეს იყო სოლოვიოვის რეცეფციის ერთ-ერთი პირველი სერიოზული მცდელობა. იმავე წელს დ. უზნაძე ბრუნდება საქართველოში და იწყებს ისტორიის სწავლებას ქუთაისის გიმნაზიაში. ვინაიდან მაშინდელ რუსეთში საზღვარგარეთში მიღებულ დიპლომს არ ჰქონდა ძალა, უზნაძემ 1910 წელს ჩააბარა ხარკოვის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე, რომელიც „ექსტერნის“ წესით დაამთავრა 1913 წელს პირველი ხარისხის დიპლომით.
ქუთაისის ვაჟთა გიმნაზიაში იგი ასწავლიდა ისტორიას, ქალთა გიმნაზიაში ფსიქოლოგიას და პედაგოგიკის ისტორიას, ხოლო ქუთაისის ეპარქიის სასწავლებელში ფსიქოლოგიასა და ლოგიკას. დ. უზნაძის ინიციატივით ქუთაისში დაარსდა ქალთა სკოლა „სინათლე“. იგი გახდა ამ სკოლის დირექტორი და აქვე ასწავლიდა კიდეც სხვადასხვა საგნებს. აქ მეცადინეობა ქართულ ენაზე მიმდინარეობდა. სწავლების მეთოდები და პრინციპები თავად დ. უზნაძის მიერ იყო შემუშავებული. ის ხშირად გამოდიოდა საჯარო ლექციებით სხვადასხვა პედაგოგიურ და ფსიქოლოგიურ თემებზე, რომლებიც იბეჭდებოდა სხვადასხვა პერიოდულ გამოცემებში. მისი სტატიები ეძღვნებოდა უპირატესად პედაგოგიკის, ფილოსოფიის, ფსიქოლოგიის და ხელოვნების პრობლემებს. მან შეადგინა ძველი ისტორიის რამდენიმე სახელმძღვანელო. ყურადღებას იმსახურებს მის მიერ 1912 წელს გამოცემული წიგნი „შესავალი ექსპერიმენტულ პედაგოგიკაში“, რომელშიც ჩანასახოვანი ფორმით უკვე გვხვდება ის პედაგოგიური იდეები, რომლებიც მან მოგვიანებით უფრო გააღრმავა და პრაქტიკაშიც განახორციელა.
1909-1916 წლებში დ. უზნაძემ, რომელიც ჯერ კიდევ ქუთაისში ცხოვრობდა, დაიწყო ფართო პედაგოგიური და სამეცნიერო საქმიანობა. 1916-1920 წლებში მან გამოსცა ძველი მსოფლიოს და ახალი დროის ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოები. 1917 წელს ის თბილისში გადმოდის საცხოვრებლად. 1917-19 წლებში დ. უზნაძე იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი და მას ხელი აქვს მოწერილი 1918 წლის 26 მაისის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე. ამავდროულად ის აქტიურ მონაწილეობას იღებდა მეცნიერთა ჯგუფის მუშაობაში, რომელსაც სათავეში ი. ჯავახიშვილი ედგა და რომლის მიზანიც ქართული უნივერსიტეტის დაარსება იყო. 1918 წელს დაარსდა კიდეც სამხრეთ კავკასიაში პირველი უნივერსიტეტი. იმავე წელს თბილისის უნივერსიტეტში დ. უზნაძე ხსნის ფსიქოლოგიის და პედაგოგიკის კათედრას, რომელიც ხდება ახალგაზრდა ფსიქოლოგების და პედაგოგების მომზადების პირველი კერა დამოუკიდებელ საქართველოში. ოდნავ მოგვიანებით იგი აარსებს ფსიქოლოგიურ ლაბორატორიას. ამის პარალელურად დ. უზნაძე ხელმძღვანელობდა თბილისის მასწავლებელთა ინსტიტუტის ბაზაზე შექმნილ პედაგოგიკის ინსტიტუტს. უნივერსიტეტსა და პედაგოგიკის ინსტიტუტში ის ასწავლიდა ზოგად ფსიქოლოგიას, პედაგოგიურ ფსიქოლოგიას, შრომის ფსიქოლოგიას და დიფერენციულ ფსიქოლოგიას. 1927 წელს მან დააარსა საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება, რომელიც ამ დარგის პირველი საზოგადოება იყო მთელ საბჭოთა კავშირში და რომლის უცვლელი თავმჯდომარეც თავად იყო სიცოცხლის ბოლომდე.
1941 წელს საქართველოს სსრკ მეცნიერებათა აკადემიის დამფუძნებელთა შორის დ. უზნაძეცაა. იგი ხდება საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების პრეზიდიუმის წევრი და აკადემიასთან ხსნის ფსიქოლოგიის სექტორს. 1943 წელს დ. უზნაძის ინიციატივით ამ სექტორის საფუძველზე იქმნება საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფსიქოლოგიის ინსტიტუტი, რომლის დირექტორიც თავად უზნაძეა სიცოცხლის ბოლომდე.
დ. უზნაძეს რთულ პერიოდში მოუწია ცხოვრება და მოღვაწეობა, თუმცა, XX საუკუნის 20-იან და 30-იან წლებში იგი მაინც ბეჭდავდა სტატიებს საზღვარგარეთ. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, უკანასკნელი სტატია წამყვან გერმანულ ფსიქოლოგიურ ჟურნალში „Acta Psychologica“ მან 1939 წელს გამოაქვეყნა. თუმცა, მიუხედავად ამისა, დ. უზნაძის მეცნიერული საქმიანობა ძალზე იზღუდებოდა ტოტალიტარული რეჟიმის პირობებში. მაგალითად, XX საუკუნის 40-იან წლებში მას ხშირად ადანაშაულებდნენ იდეალიზმში, რაც მაშინ ძალზე სახიფათო ბრალდება იყო არა მარტო სამეცნიერო კარიერისთვის, არამედ სიცოცხლისთვისაც.
დ. უზნაძე გარდაიცვალა 1950 წლის 12 დეკემბერს, ფსიქოლოგიის ინსტიტუტის ტრადიციულ ე.წ. „ოთხშაბათობაზე“ თანამშრომელთა წინაშე სიტყვით გამოსვლისას. იგი დაკრძალეს თბილისის ვაკის სასაფლაოზე, საიდანაც 1988 წლის 21 მაისს მისი ნეშტი გადმოასვენეს უნივერსიტეტის სკვერში – უნივერსიტეტის დამაარსებელთა განსასვენებელში.
ვლ. სოლოვიოვის შესახებ თავის სადოქტორო დისერტაციაში უზნაძე დაწვრილებით განიხილავს რუსი ფილოსოფოსის შემეცნების თეორიასა და მეტაფიზიკას და ერთ-ერთი პირველი აცნობს მათ დაინტერესებულ გერმანელ მკითხველს. ასევე სოლოვიოვს ეძღვნება უზნაძის 1918 წლის წერილი „ორგანული მსოფლმხედველობა“, სადაც, სხვა საკითხებთან ერთად, განხილულია რუსი ფილოსოფოსის შეხედულება ცხოვრების აზრისა და მიზნის შესახებ, ასევე, ცხოვრების, როგორც განვითარების პროცესის მისეული გაგება.
1910 წელს უზნაძემ, ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდამ, გამოაქვეყნა ფილოსოფიური სტატია „ინდივიდუალობა და მისი გენეზისი“, რომელიც აღსანიშნავია სხვადასხვა თვალსაზრისით. აქ უკვე შეინიშნება მომავალი განწყობის თეორიის კონტურები. სტატიაში დ. უზნაძე განიხილავს ინდივიდუალობის წარმოშობის ფილოსოფიურ საფუძვლებს, პირველად ეხება არაცნობიერის პრობლემას და გამოყოფს ადამიანის ნეიტრალურ ცნობიერებამდელ მდგომარეობას, რომელიც ძალიან ჰგავს მის მიერ მოგვიანებით გამოყენებულ „ბიოსფეროს“ და „ქვეფსიქიკურის“ ცნებებს.
1911 წელს გამოქვეყნებულ მომცრო წერილში - „ფილოსოფიური საუბარი. სიკვდილი“ - დ. უზნაძე სიკვდილს სიცოცხლის განუყოფელ ნაწილად და მისთვის ფორმის მიმცემ, ზღვარმდებ პრინციპად განიხილავს; იგი ასკვნის, რომ „სიკვდილი ამიტომ, როგორც იდეა, უდიდესი ბოროტება კი არა, უდიდესი სიკეთეა“. ამიტომაც, მისი აზრით, „ვისთვისაც ძვირფასია სიცოცხლე, მისთვის სიკვდილიც ძვირფასი უნდა იყოს“.
1914 წლის სტატიაში „ომის ფილოსოფია“, რომელიც პირველი მსოფლიო ომის გამოძახილია, უზნაძე დაწვრილებით განიხილავს სიკვდილის, ცხოვრების აზრის, კულტურის პრობლემებს, ვლადიმირ სოლოვიოვის ომის ფილოსოფიას და შედეგად აყალიბებს ომის საკუთარ თეორიას, რომლის მიხედვითაც მოგერიებითი, თავდაცვითი ომები ქმნიან გმირებს, შეტევითი ომები კი მხდლებსა და მოღალატეებს. ეს უკანასკნელი ცხოვრების აზრის წინააღმდეგაა მიმართული და ხელს უშლის მის განხორციელებას.
1919 წელს დ. უზნაძემ თბილისის უნივერსიტეტის ჟურნალ „მოამბეში“ დაბეჭდა სტატია „ლაიბნიცის Petites perceptions-თა ადგილი ფსიქოლოგიაში“, რომელიც ეხება არაცნობიერის ადგილს და მნიშვნელობას ფსიქოლოგიაში. სტატიას გამოეხმაურა ს. დანელია და ამის შედეგად ორ მეცნიერს შორის გაიმართა საინტერესო პოლემიკა არაცნობიერის შესახებ ლაიბნიცთან. ეს სტატიაც შეიძლება მივიჩნიოთ ავტორის მიერ მოგვიანებით განვითარებული განწყობის თეორიის ერთგვარ შემზადებად.
1920 წელს დ. უზნაძემ გამოსცა მონოგრაფია „ანრი ბერგსონი“, რომელშიც კრიტიკულადაა განხილული ბერგსონის ინტუიციური ფილოსოფია. ავტორის აზრით, ბერგსონი არასწორად აფასებს ინტელექტის მნიშვნელობას სამყაროსა და ბუნების აღქმაში ადამიანის ფსიქოლოგიური აქტივობისას. მონოგრაფიაში დ. უზნაძე ხაზს უსვამს ისეთ სამეცნიერო კონცეფციათა სისტემის შექმნის აუცილებლობას, რომელთა მეშვეობითაც გაგებული და ახსნილი იქნება ადამიანის წარმოდგენები, მათ შორის, მისტიკური და ინტუიციურიც.
1923 წელს გამოქვეყნეული სტატიით „Impersonalia“ დ. უზნაძე იწყებს ფსიქოლოგიის ისეთი სისტემის შექმნას, რომელშიც დაძლეული იქნება ე.წ. „უშუალობის პოსტულატი“, რომელიც გულისხმობდა გარესამყაროსა და ფსიქიკას შორის უშუალო კავშირს და რომლის მომხრეთა შორისაც იყო დ. უზნაძის მასწავლებელი ვ. ვუნდტი. ამ ნაშრომში ის ცდილობს ფსიქიკური პროცესების ახსნას არა თავად ფსიქიკურით ან ფიზიოლოგიურით, როგორც ამას „უშუალობის პოსტულატი“ უშვებდა, არამედ ე.წ. „ქვეფსიქიკურით“, რომელიც მის მიერ გაგებული იყო არა როგორც სუბიექტი ან ობიექტი, არამედ როგორც ისეთი სფერო, რომელიც ფსიქიკურსა და ფიზიოლოგიურს შორისაა მოქცეული, როგორც ფიზიკურის ფსიქიკურზე ან ფსიქიკურის ფსიქიკურზე ზემოქმედების გამაშუალებელი. ამ ცნების შემოტანით, რომელიც განწყობის ცნების წინამორბედია, უნდა დაძლეულიყო უშუალობის პოსტულატი. ასეთ მიდგომას საფუძვლად ედო დ. უზნაძის მიერ ფსიქიკურის გარკვეული გაგება. ამ პერიოდში ის ვ. ვუნდტის და ტრადიციული ფსიქოლოგიის სხვა წამომადგენელთა კვალობაზე ჯერ კიდევ ტოლობის ნიშანს სვამდა ფსიქიკურსა და ცნობიერს შორის, შესაბამისად, ის უარყოფდა არაცნობიერი ფსიქიკურის არსებობას და აუცილებლად მიიჩნევდა ფსიქიკის მხოლოდ ისეთი ცნებით ახსნას, რომელიც გადიოდა ფსიქიკურის საზღვრებიდან, რათა თავიდან ყოფილიყო აცილებული ლოგიკური შეცდომა – Petitio principii.
1925 წელს გამოდის დ. უზნაძის ფუნდამენტური ნაშრომი „ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის საფუძვლები“, რომელშიც „ქვეფსიქიკურის“ ცნების გვერდით, იდენტური შინაარსით შემოდის „ბიოსფეროს“ ცნებაც. ეს უკანასკნელი თითქოს უფრო მკაფიოდ წარმოაჩენდა ცნების ნაგულისხმევ არეალს, მის ონტოლოგიურ სტატუსს - ბიოლოგიურ სფეროს ფიზიკურ და ფსიქიკურ სფეროებს შორის. ამ ორივე ტერმინს უზნაძე იყენებს თავის საყურადღებო ნაშრომში „აღქმა და წარმოდგენა“, რომელიც 1926 წელს გამოქვეყნდა. ქვეფსიქიკური, ბიოსფერული მდგომარეობის ანალიზისას აქ უკვე გვხვდება ისეთ ფაქტორებზე მითითება, როგორებიცაა ობიექტური და სუბიექტური ფაქტორები, მათი დახასიათებისას კი, ასევე, გამოყენებულია სიტყვა „განწყობა“. 1930 წლის სტატიაში, რომელიც დაიბეჭდა საბჭოთა ფსიქოლოგიურ ჟურნალში „Психология“ და რომლის თეზისებიც იმავე წელს გამოქვეყნდა ფსიქოლოგთა მეცხრე საერთაშორისო კონგრესის (იელის უნივერსიტეტი, 1929 წ.) მასალებშიც, უზნაძეს უკვე საბოლოოდ შემოაქვს განწყობის ცნება, რომელსაც იგი სიცოცხლის ბოლომდე ინარჩუნებს. 1941 წელს მან გამოსცა ნაშრომი „განწყობის ფსიქოლოგიის ძირითადი დებულებები“, სადაც ჯერ კიდევ უცვლელია განწყობის მისეული კონცეფცია, მისი ადგილი გარესამყაროსა და ფსიქიკას შორის და სადაც ის ჯერ კიდევ უარყოფს არაცნობიერი ფსიქიკურის არსებობას.
1949 წლის შემაჯამებელ ნაშრომში „განწყობის ფსიქოლოგიის ექსპერიმენტული საფუძვლები“, სადაც თავმოყრილი იქნა მისი და მისი მოწაფეების კვლევის შედეგები და საბოლოო სახე მიეცა მის თეორიას, დ. უზნაძემ მოულოდნელად შეიცვალა პოზიცია და აღიარა არაცნობიერი ფსიქიკურის არსებობა, რაც, მისი აზრით, აუცილებელია ფსიქიკის განვითარების გასაგებად. თუმცა, თავად ტერმინი „არაცნობიერი“, როგორც ნეგატიური შინაარსის მატარებელი, „განწყობის“ პოზიტიური ცნებით შეცვალა. ამით შეიცვალა თავად განწყობის ფენომენის ონტოლოგიური სტატუსი და თეორიაში გაჩნდა ფსიქიკურის ფსიქიკურითვე ახსნის ლოგიკური სიძნელე. ამ გარემოებას განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია მისმა მოწაფემ, ანგია ბოჭორიშვილმა, რომელიც განწყობის ამ ახლებურ გაგებას არ ეთანხმებოდა და მასში შინაგან წინააღმდეგობას ხედავდა. თუმცა ამას ბოჭორიშვილისთვის ხელი არ შეუშლია დ. უზნაძის გარდაცვალების შემდეგ მის სხვა მოწაფეებთან ერთად სხვადასხვა დისკუსიაში უსამართლო შემოტევებისგან შეუპოვრად დაეცვა განწყობის თეორია და მასწავლებლის სახელი.
განწყობის ცნება ახალი არ ყოფილა ფსიქოლოგიაში და მას სხვადასხვა ასპექტით იყენებდნენ ტრადიციული ფსიქოლოგიის წარმომადგენლები, განსაკუთრებით, გერმანიაში. ახალი იყო ცნების დ. უზნაძისეული გააზრება და განწყობის ფენომენის მისი და და მისი მოწაფეების მიერ მრავალი კუთხით ექსპერიმენტული შესწავლა. დადგენილ იქნა განწყობის არაერთი კანონზომიერება, რაც ასახულია დ. უზნაძის და მის მიერ შექმნილი ქართული ფსიქოლოგიური სკოლის წარმომადგენელთა ნაშრომებში.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მრავალი სტატიის და მონოგრაფიის გარდა, რომლებიც ისტორიის, ლიტერატურის, ფილოსოფიის, ფსიქოლოგიის და პედაგოგიკის სხვადასხვა პრობლემებს ეძღვნება, უზნაძის კალამს ეკუთვნის შესანიშნავი სახელმძღვანელოებიც, რომლებზეც ათწლეულების მანძილზე იზრდებოდნენ ქართველ ფსიქოლოგთა და პედაგოგთა თაობები. მათ მრავალ საკითხში დღემდე არ დაუკარგავთ პედაგოგიური და სამეცნიერო მნიშვნელობა. მათ შორისაა „პედოლოგია“ (1933 წ.), „ზოგადი ფსიქოლოგია“ (1940 წ.), „ბავშვის ფსიქოლოგია“ (1947 წ.) და სხვ. დ. უზნაძის მეცნიერული ნაშრომები თარგმნილია მსოფლიოს სხვადასხვა ენაზე.
განწყობის თეორია
დ. უზნაძე ბოლო, შემაჯამებელ მონოგრაფიაში (1949 წ.) განწყობას განიხილავს როგორც ადამიანის ფსიქიკურ მდგომარეობას, რომელიც გამოხატავს გარკვეული ქცევისთვის მზაობას. დ. უზნაძეს მიაჩნდა, რომ განწყობის თეორია, როგორც ზოგადფსიქოლოგიური თეორია, შესაძლებელს ხდის გარემოს, ადამიანის ცნობიერებასა და მის ქცევას შორის ფსიქოლოგიური კავშირების ახსნას. განწყობის თეორიის მიხედვით, განწყობის წარმოქმნას ორი ფაქტორი განაპირობებს: მოთხოვნილება და სიტუაცია. მათი თანხვედრისას სუბიექტში წარმოიშობა სპეციფიკური მდგომარეობა – განწყობა, რომელშიც უკვე ანტიციპირებულია მიზანშეწონილი ქცევა, რომლის განხორციელებასაც კონკრეტული მოთხოვნილების დაკმაყოფილება მოჰყვება. დ. უზნაძე ასხვავებდა ფსიქოლოგიური აქტივობის ორ დონეს: 1. აქტუალური განწყობის დონეს, რომელიც ზოგადია ადამიანისა და ცხოველისათვის და დ. უზნაძის მიერ გაგებულია როგორც ორგანიზმის პირველადი მახასიათებელი. ამ დონეზე ქცევას განსაზღვრავს სიტუაცია და ხდება მხოლოდ აქტუალური მოთხოვნილების დაკმაყოფილება; 2. ობიექტივაციის დონეს, რომელიც მხოლოდ ადამიანთან გვხვდება. ამ დონეზე ქცევა არაა მხოლოდ სიტუაციაზე დამოკიდებული, არამედ მას აქტიურად ახორციელებს თავად ადამიანი, რომელიც ითვალისწინებს სიტუაციის თავისებურებებს და სოციალურ გარემოს.
XX საუკუნის 20-იანი წლებიდან დ. უზნაძემ და მისმა მოწაფეებმა შეიმუშავეს განწყობის ექსპერიმენტული კვლევის ე.წ. „ფიქსირებული განწყობის მეთოდი“. ისინი თავდაპირველად იკვლევდნენ აღქმის ილუზიებს. გამოკვლეული იქნა შარპანტიეს ე.წ. „სიმძიმის ილუზიის“ ანალოგები ჰაპტურ, სმენით, მხედველობით მოდალობებში; განსხვავებული სიმძიმის, სიდიდის და ა.შ. მრავალგზის შედარების შემდეგ ტოლი სიმძიმეები, სიდიდეები და ა.შ. განსხვავებულად აღიქმებოდა. ამ ილუზიებს, დ. უზნაძის თეორიის მიხედვით, წარმოშობს ფიქსირებული განწყობა. ფიქსირებული განწყობის მეთოდით დადგინდა განწყობის სხვადასხვა მახასიათებლები: გენერალიზაცია, აღგზნებადობა, ირადიაცია, დინამიკურობა-სტატიკურობა, სტაბილობა-ლაბილობა, პლასტიკურობა-სიტლანქე. მათ საფუძველზე ანუ განწყობის წარმოშობის სისწრაფის, მისი ხანგრძლივობის, მოქმედების ძალის და შეცვლის სისწრაფის მიხედვით გამოიყო პიროვნების სამი ძირითადი ტიპი: დინამიკური, სტატიკური და ვარიაბილური. პირველს მიეკუთვნებიან გაწონასწორებული ადამიანები, რომლებიც იოლად ეგუებიან გარემოს; მეორეს ადამიანები, რომლებიც, თუმცა, თავისუფალნი არიან იმპულსურობისგან, მაგრამ ახასიათებთ უხეში სტატიკური განწყობები; მესამე – ვარიაბილური ტიპი - ხასიათდება ძლიერი მისწრაფებებით და იმავდროულად ავლენს პიროვნების კონფლიქტურ სტრუქტურას.
შესაბამისად, განწყობა, დ. უზნაძის მიხედვით, უნდა გავიგოთ არა როგორც ლოკალური ფენომენი, რომელიც დამახასიათებელია ამა თუ იმ გრძნობის ორგანოსათვის, არამედ როგორც მდგომარეობა, რომელიც ახასიათებს ადამიანის მთლიან პიროვნებას.
საინტერესოა, რომ ცნობილმა შვეიცარელმა ფსიქოლოგმა ჟან პიაჟემ (1896-1980 წწ.) - თავის კოლეგა მარკ ლამბერსიესთან (1890-1972 წწ.) ერთად - ჯერ კიდევ დ. უზნაძის სიცოცხლეში, 1944 წელს, გამოაქვეყნა ნაშრომი, სადაც დიდი ადგილი ეთმობა ქართველი მეცნიერის კვლევის შედეგებს აღქმის ილუზიების სფეროში. მან უზნაძის მიერ სხვადასხვა გრძნობად მოდალობაში აღმოჩენილ ილუზიებს, რომელთაც საფუძვლად უდევს ფიქსირებული განწყობა, „უზნაძის ეფექტი“ უწოდა.
როგორც ზემოთაც აღინიშნა, განწყობის თეორიის ბედი იოლი არ ყოფილა საბჭოთა რეჟიმის პირობებში. 1950 წ. მოსკოვში სტალინის მითითებით ჩატარდა ორი აკადემიის – სსრკ მეცნიერებათა აკადემიის და სსრკ მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის – სავალალოდ ცნობილი გაერთიანებული სესია. ამ სესიაზე ფაქტობრივად გაუქმებულ იქნა ფსიქოლოგია, როგორც დამოუკიდებელი მეცნიერება, რამდენადაც იგი დაიყვანეს უმაღლესი ნერვული მოქმედების ფიზიოლოგიასა და პავლოვის პირობითი რეფლექსების თეორიამდე. ამის კვალობაზე საქართველოშიც დაიწყეს ფიზიოლოგიის და ფსიქოლოგიის ურთიერთდამოკიდებულების პრობლემის განხილვა. გაიმართა დისკუსია იმის შესახებ, თუ რამდენად პასუხობდა დ. უზნაძის თეორია საბჭოთა მეცნიერების მოთხოვნებს და ხომ არ არის იგი იდეალისტური და სუბიექტივისტური მოძღვრება. ეს იყო 1952 წ., მეცნიერის გარდაცვალების შემდეგ. დისკუსიაში მონაწილეობას იღებდა უზნაძის თითქმის ყველა მოწაფე, რომლებმაც ღირსეულად დაიცვეს მასწავლებლის პოზიცია და დამაჯერებლად დაასაბუთეს განწყობის თეორიის წინააღმდეგ წამოყენებული ფსევდოარგუმენტების უსუსურობა.
1955 წ. ჟურნალის „Вопросы психологии“-ს ფურცლებზე გაიმართა დისკუსია განწყობის ფსიქოლოგიის ადგილის შესახებ საბჭოთა ფსიქოლოგიაში. ფსიქოლოგების XVIII საერთაშორისო კონგრესზე, რომელიც მოსკოვში შედგა, განწყობის ფსიქოლოგიის პრობლემებს მიეძღვნა ცალკე სიმპოზიუმი. 1979 წ. ფსიქოლოგების XXII საერთაშორისო კონგრესზე ლაიფციგში განხილულ პრობლემებს შორის იყო განწყობის ფსიქოლოგიის პრობლემებიც.
იმავე წელს თბილისში ჩატარდა დიდი საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა არაცნობიერის პრობლემებს. ეს ყველაზე მასშტაბური და მრავალმხრივი კონფერენცია იყო მსოფლიო ფსიქოლოგიის ისტორიაში, რაც კი ოდესმე მიძღვნილი ყოფილა არაცნობიერის საკითხებისადმი. ამ კონფერენციაზე დ. უზნაძის განწყობის თეორია კიდევ ერთხელ წარსდგა საერთაშორისო ფსიქოლოგიური საზოგადოების წინაშე. ეს იყო დ. უზნაძის მიერ შექმნილი ქართული ფსიქოლოგიური სკოლის დიდი აღიარება. კონფერენციის მონაწილე ქართველ და უცხოელ ფსიქოლოგთა მოხსენებების და დისკუსიების შინაარსი ასახულია საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მიერ კონფერენციის ინიციატორების – ა. შეროზიას, ა. ფრანგიშვილის და ფ. ბასინის - რედაქტორობით გამოცემულ ოთხ სქელტანიან ტომში.
2011 წლის დეკემბერში ხარკოვში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც დ. უზნაძის დაბადებიდან 125-ე წლისთავს მიეძღვნა. კონფერენცია შეეხო განწყობის თეორიისა და დ. უზნაძის ფსიქოლოგიური და პედაგოგიური მოღვაწეობის პრაქტიკულად ყველა მნიშვნელოვან ასპექტს. წაკითხული მოხსენებების და დისკუსიების მასალები დაიბეჭდა საგანგებო კრებულში, რომელიც ხარკოვის უნივერსიტეტმა გამოსცა. დ. უზნაძის თეორია დღემდე არ კარგავს აქტუალობას როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, რაზეც მიუთითებს თანამედროვე პუბლიკაციები განწყობის თეორიის სხვადასხვა საკითხებზე დიდ ბრიტანეთში, კანადაში, იაპონიაში, უკრაინაში, რუსეთსა და სხვა ქვეყნებში. ყოველივე ეს დასტურია იმისა, რომ დ. უზნაძის განწყობის თეორიამ მოიპოვა მსოფლიო აღიარება და ის გახდა თანამედროვე ფსიქოლოგიური დისკურსის განუყოფელი ნაწილი.
(ა) დიმიტრი უზნაძის ნაშრომები
• ინდივიდუალობა და მისი გენეზისი, იხ.: სახალხო გაზეთი, 1910 წ., N 101 (ასევე - შრომების IX ტომი, 1986 წ.).
• ფილოსოფიური საუბარი. 1. სიკვდილი, იხ.: კოლხიდა, 1911 წ., N 4 (ასევე - შრომების IX ტომი, 1986 წ.).
• ომის ფილოსოფია, იხ.: სახალხო ფურცელი, 1914 წ., N: 148, 149, 150, 153, 155, (ასევე - შრომების IX ტომი, 1986 წ.).
• ლაიბნიცის Petites perceptions-თა ადგილი ფსიქოლოგიაში, იხ.: ტფილისის უნივერსიტეტის მოამბე, 1919-1920 წწ., N 1 (ასევე შრომების IX ტომი, 1986 წ.).
• ანრი ბერგსონი, ტფილისი: „ტფილისის უნივერსიტეტის გამოცემა“, 1920 წ.
• ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის საფუძვლები. ტ. 1. პრინციპული საფუძვლები და შეგრძნებათა ფსიქოლოგია, ტფილისი: „ტფილისის უნივერსიტეტის გამოცემა“, 1925 წ. (ასევე - შრომების II ტომი, 1960 წ.).
• აღქმა და წარმოდგენა (ბიოსფერული ფსიქოლოგიის თვალსაზრისით), იხ.: ტფილისის უნივერსიტეტის მოამბე, 1926 წ. (ასევე - შრომების IX ტომი, 1986 წ.).
• პედოლოგია. პედოლოგიის საფუძვლები და პირველი ბავშვობის პედოლოგია, ტფილისი, 1933 წ.
• ძილი და სიზმარი, ტფილისი: „ფუნქციონალურ ნერვულ დაავადებათა სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი“, 1936 წ.
• ზოგადი ფსიქოლოგია, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1940 წ. (ასევე - შრომების III-IV ტომი, 1964 წ.).
• განწყობის თეორიის ძირითადი დებულებები, იხ.: თბილისის სახ. უნივერსიტეტის შრომები, ტ. XIX, 1941 წ. (ასევე - შრომების VI ტომი, 1977 წ.).
• ბავშვის ფსიქოლოგია, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1947 წ. (ასევე - შრომების V ტომი, 1967 წ.).
• განწყობის ფსიქოლოგიის ექსპერიმენტული საფუძვლები, იხ.: საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის შრომები, 1949 წ. (ასევე - შრომების VI ტომი, 1977 წ.).
• შრომები, ტ. 1. თბილისი: „საქ. სსრ მეცნ. აკადემიის გამომცემლობა“, 1956 წ.
• შრომები, ტ. 9. თბილისი: „მეცნიერება“, 1986 წ.
• Die metaphysische Weltanschauung Wladimir S. Solowiows mit orientierendem Überblick seiner Erkenntnistheorie, Kaemmerer, Halle a. S., 1909 (ამ ნაშრომის ქართული თარგმანი მოცემულია შრომების IX ტომში, 1986 წ.).
• Einstellungspsychologie: Untersuchungen der Georgischen Schule, Volk und Wissen, Berlin, 1976.
• Impersonalia, იხ.: ჩვენი მეცნიერება, 1923 წ. (ასევე - შრომების IX ტომი, 1986 წ.).
• Psychology of Set, Cambridge, New York, 1966.
• К вопросу об основном законе смены установки, იხ.: Психология, т. 111, вып. 3, 1930.
• Психологические исследовани, Москва: „Наука“, 1966.
(ბ) სამეცნიერო კვლევითი ლიტერატურა დიმიტრი უზნაძის შესახებ
• ბერულავა, ნ.: დიმიტრი უზნაძე. ცხოვრება და შემოქმედება, თბილისი: „მეცნიერება“, 1967 წ.
• იმედაძე, ი.: ფსიქოლოგიის ისტორია, თბილისი: „მწიგნობარი“, 2008 წ.
• კოდუა, ე.: შესავალი დ. უზნაძის წიგნში: „ფილოსოფიური შრომები“, ტ. 1, თბილისი: „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1986 წ.
• ნადირაშვილი, შ.: დიმიტრი უზნაძე. სამეცნიერო და საზოგადო მოღვაწეობის მოკლე მონახაზი, თბილისი: „საქართველოს მაცნე“, 2009 წ.
• Ketchuashvili, G. N.: Dimitry Uznadze. Prospects: the quarterly review of comparative education, Paris, (UNESCO: Intenational Bureau of Education), vol. 24, no. ¾, 1994.
• Piaget, J., Lambercier, M.: Essai sur un effet d’Einstellung survenant au cours de perceptions visuelles (effet Usnadse) [Essay on the Set Effect in the Course of Visual Perception (the Uznadze Effect)], Archives de psychologie (Geneva), Vol. 30, No. 118, 1944, pp. 139–96.
• Белканиа, Н.: Жизнь и деятельность Д. Н. Узнадзе, იხ.: Вiсник Харкiвського Нацiонального Унiверситету iменi В. Н. Каразiна, № 981, Серiя „Псiхологiя“, Випуск 47, 2011.