2021-08-27 ზაზა ფირალიშვილი

მამარდაშვილი მერაბ

1 -ბიოგრაფია

მერაბ მამარდაშვილი (1930 წლის 15 სექტემბერი - 1990 წლის 25 ნოემბერი) დაიბადა გორში; მამამისი, კონსტანტინე მამარდაშვილი, სამხედრო მოსამსახურე იყო, ხოლო დედა, ქსენია გარსევანიშვილი, ქართული არისტოკრატული წრიდან გახლდათ. მერაბ მამარდაშვილი ბავშვობიდანვე თავისუფლად საუბრობდა ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე; მან შემდგომში ასევე დამოუკიდებლად ისწავლა გერმანული, ფრანგული, იტალიური და ესპანური ენები; შედარებით ნაკლებად ფლობდა ბერძნულსა და ჩეხურს; ბავშვობის წლები საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ქალაქებში გაატარა; მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ მამამისი ფრონტზე წავიდა და ოჯახი საცხოვრებლად თბილისში გადავიდა. 1949 წელს მერაბ მამარდაშვილმა დაამთავრა თბილისის მე-14-ე საშუალო სკოლა; იმავე წელს სწავლა განაგრძო მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე, რომელიც 1954 წელს დაასრულა.

XX საუკუნის 50-იანი წლების მოსკოვში ახალგაზრდა ფილოსოფოსების რამდენიმე წრე გაჩნდა. მართალია, მათი ძიებები, ძირითადად, საბჭოთა იდეოლოგიის ფარგლებში იყო მოქცეული, მაგრამ ეს მაინც სხვადასხვა აქტუალურ ფილოსოფიურ თემებზე მსჯელობის ერთგვარი საშუალება იყო. მამარდაშვილი (სხვა ახალგაზრდებთან ერთად) მოსკოვის ლოგიკოსთა წრის დამაარსებელი იყო. ამავე პერიოდში იგი დაინტერესდა ცნობიერების ფილოსოფიის საკითხებით, ხოლო 1954 წელს კი დაიცვა სადიპლომო ნაშრომი თემაზე: „ისტორიულისა და ლოგიკურის პრობლემა მარქსის კაპიტალში“.

1954-1957 წლებში მერაბ მამარდაშვილი სწავლობდა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში. ასპირანტურის დამთავრების შემდეგ მან მუშაობა დაიწყო რედაქტორ-კონსულტანტად ჟურნალში „Вопросы Философии“. აქვე, 1958 წელს, გამოქვეყნდა მისი პირველი სტატია „ანალიზისა და სინთეზის პროცესები.“

1961 წელს მერაბ მამარდაშვილმა დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „შემეცნების ფორმების შესახებ ჰეგელის მოძღვრების კრიტიკისათვის“; ამავე წელს იგი გახდა სსრკ კომუნისტური პარტიის წევრი, რამაც 1961-1966 წლებში შესაძლებლობა მისცა, რომ პრაღაში ყოფილიყო კრიტიკისა და ბიბლიოგრაფიის განყოფილების გამგე ჟურნალისა „Проблемы Мира и Социализма“. პრაღაში ყოფნისას იგი გაეცნო მარსელ პრუსტის რომანებს, რამაც უდიდესი ზეგავლენა მოახდინა მის მთელ შემდგომ ფილოსოფიურ გზაზე. მალე მამარდაშვილი მოსკოვში გამოიძახეს და მას რამდენიმე წლის განმავლობაში უცხოეთში გასვლა აეკრძალა.

ამის შემდეგ მერაბ მამარდაშვილი მოსკოვის სხვადასხვა კვლევით ინსტიტუტებში მუშაობდა და ლექციებს კითხულობდა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე, კინომატოგრაფიის ინსტიტუტში, ზოგადი და პედაგოგიური ფსიქოლოგიის ინსტიტუტში. იგი ლექციებს ასევე კითხულობდა რიგაში, ვილნიუსში, დონის როსტოვში.

1970 წელს მერაბ მამარდაშვილმა თბილისში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „აზროვნების ფორმები და შინაარსი“. 1972 წელს მას მიენიჭა პროფესორის წოდება; 1970-1971 წლებში ლექციებს კითხულობდა კომუნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტთან არსებულ საზოგადოებრივ მეცნიერებათა ინსტიტუტში; 1974-1980 წლებში იყო ბუნებისმეტყველებისა და ტექნიკის ისტორიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1980 წელს იგი საცხოვრებლად გადმოვიდა საქართველოში და სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის მთავარ მეცნიერ-თანამშრომლად; ამასთანავე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს ასპირანტთა კავშირში და თეატრალურ ინსტიტუტში კითხულობდა ლექციებსა და სპეცკურსებს დეკარტის, კანტის, პრუსტის შესახებ, ფილოსოფიური ფენომენოლოგიის პრობლემებზე და სხვ. იგი მონაწილეობდა არაერთ მრგვალ მაგიდასა და სემინარში.

1990 წლის 25 ნოემბერს მოსკოვიდან საქართველოში გამომგზავრებისას ვნუკოვოს აეროპორტში მგზავრობისას მერაბ მამარდაშვილი მოულოდნელად გულის შეტევით გარდაიცვალა. დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.

2 -ფილოსოფიური შემოქმედება

მერაბ მამარდაშვილი ფილოსოფიას ხშირად განსაზღვრავდა როგორც ხმიანებაში მოცემულ ცნობიერებას. შესაბამისად, მისთვის ფილოსოფოსობა გარდუვალად გულისხმობდა მსმენელთან ინტერაქციას, როგორც მისი განხორციელების უმთავრეს ფორმას. სწორედ ამით იყო გამოწვეული, რომ სიცოცხლეში მან ბეჭდური სახით ძალზე ცოტა ნაშრომი გამოსცა. მისი სააზროვნო პროცესი ძირითადად ხორციელდებოდა ლექციებზე, მსმენელთან დიალოგის აქტში და ამით ეს უკანასკნელიც ცოცხალი აზრის დაბადების თანამონაწილე ხდებოდა.

ქართველი ფილოსოფოსებიდან ის პირველი იყო, ვინც ცნობიერად დაადგა პარალელური ტექსტის გზას. რენე დეკარტი, იმანუელ კანტი, მარსელ პრუსტი მისთვის წარმოადგენდნენ არა მხოლოდ ინტერპრეტაციის, არამედ მათი მეშვეობით მსმენელთან დიალოგის აქტში პარალელური ტექსტის დაბადების ერთგვარ საფუძველს. შეიძლება ითქვას, რომ მან აზროვნების ამგვარ ჟანრში, როგორც ფილოსოფოსობის „ადგილში“, იპოვა კიდეც საკუთარი თავი.

ხშირად იხსენებენ მის ერთ გამონათქვამს: ჭეშმარიტება პატრიოტიზმზე მაღლა დგას. უნდა გავიხსენოთ ის ისტორიული კონტექსტი, რომელშიც ეს ფრაზა ითქვა. ქართული ატმოსფერო დამძიმებული იყო ისტორიულად უნაყოფო, ისტორიული ენერგიის დამთრგუნველი ჩაკეტილი მსოფლმხედველობრივი ფორმებით, რომლებისთვისაც ჭეშმარიტებაც ხშირად მხოლოდ პოლიტიკური ფენომენი იყო და არა უმაღლესი ღირებულება. ამის გამო, როგორც მერაბ მამარდაშვილი ხშირად იმეორებდა ლექციებზე, ქართული სინამდვილე ქმნიდა ადამიანებს, რომლებიც იქ არ არიან, სადაც არიან.

ცხოვრებისა და ფილოსოფიის აზრს მერაბ მამარდაშვილი ხედავდა შემდეგ მიზანში - უნდა აღსრულდე, როგორც ადამიანი! ადამიანი არის არსება, რომლის გაჩენაც მუდმივად განახლებადი აქტია და ამ აქტის ხერხემალს მისი ღირსება წარმოადგენს.

კომუნიზმში მერაბ მამარდაშვილი ხედავდა ინფანტილურ შეცდომას: ცხოვრების გაიგივებას იდეალთან. საბჭოთა ბოროტება, ისევე, როგორც ბევრი სხვა, მისი აზრით, სწორედ ამგვარმა უმწიფრობამ შვა. ფილოსოფია იძლევა საშუალებას გაიგო, თუ რა ხდება და თავი დააღწიო სინამდვილისა და სურვილების გაიგივების იმ მდგომარეობას, რომელიც მოხეტიალე მიცვალებულებს შობს. მამარდაშვილის აზრით, ფილოსოფია სულის ჰიგიენას წარმოადგენს.

მერაბ მამარდაშვილის ფილოსოფიის სულისკვეთებას ნათლად ასახავს ჟან პიერ ვერნანის დახასიათება: „მაშინაც კი, როცა ლექციას უკითხავს სტუდენტებს, იგი ყველაზე ნაკლებად ჰგავს პროფესორს. როგორ ახერხებს ამას? ფილოსოფია მისთვის პროფესია არაა, არამედ არსებობის წესი. როდესაც საუბრობს, მერაბი თეორიას როდი გადმოგვცემს, არც სისტემას აგებს და არც ცნებათა დანაწევრებითაა დაკავებული. იგი არაა წინასწარმეტყველი, ღვთისმეტყველი, თეორეტიკოსი (თუმცა, ეს არ უშლიდა მას ხელს, ყოფილიყო ლუი ალთუსერის უახლოესი მეგობარი). აუდიტორიაში მერაბი ხმამაღლა გამოთქვამს თავის აზრებს – იმავე თანმიმდევრობით, როგორადაც თავში მოსდის და ყოველი მსმენელი დროგამოშვებით მის ყურადღებიან მზერასაც ამჩნევს ხოლმე, რომელიც გვახსენებს, რომ ეს აზრები სწორედ მისთვისაა განკუთვნილი, მისი ინდივიდუალობისთვის და ამით ამ „უზენაესისკენ“ ლტოლვისთვის აღგვძრავს“.

3 -რჩეული ბიბლიოგრაფია

(ა) მერაბ მამარდაშვილის რჩეული შრომები

• ფილოსოფიის საფუძვლები, თბილისი: „მეცნიერება“, 1992 წ.

ჩახშული ფიქრი. საუბარი ანი ეპელბუანთან, თბილისი: „ჩელმი“, 1992 წ.

ლექციები ფსიქოანალიზის შესახებ, თბილისი: CIPDD, 1998 წ.

•  ცნობიერების ტოპოლოგია, ლექციები, მოხსენებები, ინტერვიუები, სტატიები, თბილისი: „ქართული ბიოგრაფიული ცენტრი“, 2011 წ.

ლექციები ანტიკურ ფილოსოფიაში, თბილისი: „ქართული ბიოგრაფიული ცენტრი“, 2013 წ.

საუბრები ფილოსოფიაზე, თბილისი, 2015 წ.

ფილოსოფიის საფუძვლები, თბილისი: „პეგასი“, 2018 წ.

რაციონალურობის კლასიკური და არაკლასიკური იდეალები, თბილისი: „აქტი“, 2021 წ.

Как я понимаю философию, Москва: «Прогресс», 1992.

Лекции о Прусте, Москва: «Ad Marginem», 1995.

Необходимость себя. Введение в философию, Москва: «Лабиринт», 1996.

Стрела познания. Набросок естественноисторической гносеологии, Москва: «Языки славянской культуры», 1997.

Эстетика мышления, Москва: «Московская школа политических исследований», 2000.

Мой опыт нетипичен (сборник), Санкт-Петербург: «Азбука», 2000.

Картезианские размышления, Москва: «Прогресс», 2001.

Кантианские вариации, Москва: «Аграф», 2001.

Классический и неклассический идеалы рациональности, Москва: «Азбука-Аттикус», 2010.

Формы и содержание мышления, Москва: «Азбука, Азбука-Аттикус», 2011.

Символ и сознание, Москва: «Азбука-Аттикус», 2011.

Психологическая топология пути, Тбилиси: «Фонд Мераба Мамардашвили», 2014.

Сознание и цивилизация, Санкт-Петербург: «Ленинградское издательство», 2014.

Лекции по античной философии, Санкт-Петербург: «Азбука», 2018.

Очерк современной европейской философии, Санкт-Петербург: «Азбука», 2018.

Беседы о мышлении, Москва: «Азбука-Аттикус», 2018.

Вильнюсские лекции по социальной философии, Москва: «Азбука-Аттикус», 2019.

 

(ბ) სამეცნიერო-კვლევითი ლიტერატურა

ევროპული პასუხისმგებლობა. მერაბ მამარდაშვილის დაბადებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მასალები (14 დეკემბერი, 2010 წელი), მთავარი რედაქტორი - თენგიზ ირემაძე, თბილისი: „ნეკერი“, 2011 წ. (მეორე გამოცემა: თბილისი: „ნეკერი“, 2013 წ.).

• თევზაძე, გ.: მერაბ მამარდაშვილი და ქართული ფილოსოფია, კრებულში: ევროპული პასუხისმგებლობა. მერაბ მამარდაშვილის დაბადებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მასალები (14 დეკემბერი, 2010 წელი), მთავარი რედაქტორი - თენგიზ ირემაძე, თბილისი: „ნეკერი“, 2011 წ. (მეორე გამოცემა: თბილისი: „ნეკერი“, 2013 წ.), გვ. 9-15.

მერაბ მამარდაშვილი [კრებული], შემდგენელი და შესავალი წერილის ავტორი - თ. მთიბელაშვილი, რედაქტორი - მ. მახარაძე, თბილისი: „ინტელექტი“, 2007 წ.

• ფირალიშვილი, ზ.: მერაბ მამარდაშვილი, წიგნში: ზ. ფირალიშვილი, ქართული პოლიტიკის თეატრალური დიალექტიკა, თბილისი, 2007 წ., გვ. 233-254.

• ფირალიშვილი, ზ.: მეგზური და მოხეტიალე, წიგნში: ზ. ფირალიშვილი, მეგზური და მოხეტიალე, თბილისი: „კსსი“, 2013 წ., გვ. 99-128.

• ფირალიშვილი, ზ.: მერაბ მაარდაშვილი და 80-იანი წლების საქართველო, წიგნში: ზ. ფირალიშვილი, მეგზური და მოხეტიალე, თბილისი: „კსსი“, 2013 წ., გვ. 129-142.

შეხვედრები მერაბ მამარდაშვილთან [კრებული], რედაქტორი - ს. ძებნიაური, თბილისი, 2012 წ.