ბაკურაძე ოთარ
1 -ცხოვრება და მოღვაწეობა
ქართველი ფილოსოფოსი ოთარ ბაკურაძე დაიბადა 1926 წლის 14 იანვარს, ქალაქ თელავში. 1949 წელს მან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი დაასრულა. უნივერსიტეტის დასრულებიდან 1970 წლამდე იგი იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი და ხელმძღვანელობდა ერთ-ერთ განყოფილებას. ფილოსოფიის ინსტიტუტში მოღვაწეობის პერიოდში ბაკურაძე აქტიურად მუშაობდა ფილოსოფიურ საკითხთა შესახებ. 1965 წელს ბაკურაძეს ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორის წოდება მიენიჭა, 1968 წელს კი პროფესორობა. ნაყოფიერი მეცნიერული კვლევა-ძიების კვალდაკვალ, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ბაკურაძის პედაგოგიური მოღვაწეობა. 1970-1978 წლებში ბაკურაძე ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტის, ხოლო 1978-1986 წლებში ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორი იყო. მეცნიერული და პედაგოგიური მოღვაწეობისათვის 1982 წელს ბაკურაძეს საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწის ჯილდო მიენიჭა. 1986 წელს იგი იყო თბილისის ვანო სარაჯიშვილის კონსერვატორიის ფილოსოფიის კათედრის გამგე, გარდაიცვალა 1986 წლის 22 აგვისტოს.
ბაკურაძე მარქსისტული ფილოსოფიის ტრადიციის წიაღში მოღვაწეობდა, შესაბამისად, მთელი მისი ფილოსოფია მარქსისტული მსოფლმხედველობითაა განმსჭვალული. XX საუკუნეში კარლ მარქსი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მოაზროვნე იყო. მარქსიზმი არა მხოლოდ პოლიტიკურ დღის წესრიგს განსაზღვრავდა, არამედ ინტელექტუალურსაც. მარქსიზმი ეს არის მატერიალისტურ-პოლიტიკური ფილოსოფია, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ საკუთარი თავი სამყაროსა და კაცობრიობის ისტორიის შემეცნების ყველაზე სრულყოფილ სისტემად წარმოაჩინოს, შემდეგ კი ეკონომიკური მოწყობისა და პოლიტიკური ცხოვრების სახელმძღვანელო პრინციპები განსაზღვროს.
თუმცა, XX საუკუნეშივე თავი იჩინა მარქსის ნააზრევის მართებული ინტერპრეტაციისა და შემდგომი განვრცობის პრობლემამ. სწორედ ამ მნიშვნელოვან ამოცანას, კერძოდ, მარქსისტული შეხედულებების მართებული ინტერპრეტაციისა და შემდგომი განვითარების საკითხს ეხება ბაკურაძის შრომათა დიდი ნაწილი. ბაკურაძის ფილოსოფიური შემოქმედება პირობითად ორ ნაწილად შეიძლება დაიყოს. ერთი მხრივ, ეს არის ნაშრომები, რომლებიც მარქსისტული ფილოსოფიის შემდგომ განვითარებაზე არიან ორიენტირებულნი, ხოლო, მეორე მხრივ, კვლევები, რომლებიც ავტორის ორიგინალურ ნააზრევს წარმოადგენენ.
2 -შემოქმედება
ბაკურაძის ფილოსოფიურ შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია მის ადრეულ ნაშრომს „კარლ მარქსის ფილოსოფიურ შეხედულებათა ჩამოყალიბების საკითხისათვის“ (1953 წ.). ეს გამოკვლევა ფილოსოფიურ-ისტორიული ხასიათისაა და შეისწავლის მარქსის აზროვნების ჩამოყალიბების ადრეულ ეტაპს, ფილოსოფიური განვითარების გზას „იდეალიზმიდან მატერიალიზმზე და რევოლუციური დემოკრატიზმიდან კომუნიზმზე“ (2, 45). ადრეული პერიოდის მარქსი იდეალისტია და ჰეგელიანური სულისკვეთებითაა განმსჭვალული, თუმცა, „მარქსის თვალსაზრისი დისერტაციაში შეიცავს ტენდენციას, რომლის შემდგომ განვითარებასაც უნდა მოჰყოლოდა იდეალიზმისადმი დაპირისპირება და მისი კრიტიკული დაძლევა“ (2, 44). ბაკურაძის მტკიცებით, იდეალიზმიდან მატერიალიზმზე გადასვლა არ წარმოადგენს ფოიერბახის უბრალო გავლენის ნაყოფს, ის „თვისობრივად ახალი ფილოსოფიური მატერიალიზმია“. იდეალიზმიდან მატერიალიზმზე გადასვლას თან სდევს „დემოკრატიზმიდან კომუნიზმზე გადასვლა“. ამ პერიოდის მარქსი თავისუფალი სიტყვის დამცველად გვევლინება და იმჟამინდელი პრუსიული სამთავრობო პოლიტიკის წინააღდეგ გამოდის. მარქსის მტკიცებით, ჰეგელისა და სხვა „ბურჟუაზიული“ თეორიები მხოლოდ გაბატონებული კლასის ინტერესებს იცავენ. ბაკურაძე აჩვენებს, რომ ამ შრომებში უკვე გადალახულია ჰეგელიანური სისტემის თეოლოგიური შინაარსი, თუმცა, შენარჩუნებულია მისი „რაციონალური მარცვალი“ ანუ დიალექტიკა. პოლიტიკურად ეს მარქსის განვითარების დემოკრატიული ეტაპია, რომელსაც კომუნიზმზე გადასვლა მოჰყვება. კომუნისტური ტენდენციები კარგად ჩანს „გერმანულ-ფრანგულ მატიანეებში“. ბაკურაძე აჩვენებს, რომ „სტატიებში მარქსი გამოდის როგორც კომუნისტი რევოლუციონერი, რომელიც მოითხოვს არსებულ საზოგადოებრივ ურთიერთობათა გარდაქმნას და კომუნისტური წყობილების დამყარებას“ (2, 73). წიგნის ბოლო ნაწილი კი მარქსისა და ენგელსის საერთო შრომის „წმინდა ოჯახის“ (1848 წ.) დაწერის პერიოდს ეხება. სწორედ ამ შრომაში ხდება მარქსის მიერ „დიალექტიკური მატერიალიზმის და მეცნიერული კომუნიზმის საფუძვლების დამუშავება“ (2, 19).
ბაკურაძე ცდილობს აჩვენოს, რომ მარქსის აზროვნების განვითარებამ გვიწილადა ფილოსოფიური მეცნიერება, რომელიც „აზროვნების უმაღლეს ფორმას წარმოადგენს“ და რომელშიც „კრიტიკულად არის გადამუშავებული კაცობრიობის მთელი ნააზრევი“. მარქსის ფილოსოფია წარმოდგენილია როგორც შემეცნების თეორია, რომელიც ბუნებისა და საზოგადოების განვითარების უზოგადეს კანონებს სწავლობს და სამყაროს პოლიტიკურ-ეკონიმიკური განვითარების მომავალს წინასწარმეტყველებს.
ნაშრომში „ლენინი როგორც ფილოსოფოსი“ (1969 წ.) მარქსიზმის განვითარების ლენინისეული ეტაპია აღწერილი, მასში განხილული თემები მხოლოდ თეორიულ საკითხებს უკავშირდებიან. ნაშრომის პირველ თავში ბაკურაძე აცხადებს, რომ მარქსიზმი ანტიმეტაფიზიკური ფილოსოფიაა და მისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ მჭიდრო კავშირი დაამყაროს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებთან. ლენინის მიერ შემოთავაზებული დიალექტიკური მატერიალიზმი „მეტაფიზიკის გადამწყვეტი უარყოფაა“ და აღიარებს მატერიალურისა და გრძნობადის პირველადობის დებულებას. დიალექტიკური მატერიალიზმის შემეცნების თეორია სამყაროს შემეცნების გრძნობად საფეხურს „ცოცხალ განჭვრეტას“ უწოდებს. ცოცხალი განჭვრეტიდან შემეცნება აბსტრაქტულ აზროვნებასა და პრაქტიკაზე გადადის, „ასეთია ობიექტური რეალობის შემეცნების დიალექტიკური გზა“ (3, 48). საბოლოოდ, საკითხს მივყავართ ჭეშმარიტების კრიტერიუმის პრობლემამდე, რომელიც მარქსისტულ-ლენინისტურ მსოფლმხედველობაში „პრაქტიკის კრიტერიუმით“ განისჯება. ბაკურაძე აჩვენებს, რომ „დიალექტიკური მატერიალიზმის შემეცნების თეორია აბსოლუტიზმსაც უარყოფს და რელატივიზმსაც“ (3, 96), ხოლო მისი საზომი პრაქტიკაა, „სინამდვილე შემეცნებადია, ხოლო ცოდნის ობიექტურობის კრიტერიუმს კი წარმოადგენს პრაქტიკა... პრაქტიკა არის ჭეშმარიტების კრიტერიუმი. ეს ნიშნავს, რომ პრაქტიკაში ხდება თეორიის შემოწმება“ (3, 106).
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ბაკურაძის ნაშრომი „თავისუფლება და აუცილებლობა“ (1964 წ.). ამ ნაშრომში, ერთი შეხედვით, დაპირისპირებული ცნებების ანალიზია მოცემული და გაკეთებულია განაცხადი, რომ თავისუფლების პრობლემა „აუცილებლობასთან მისი მიმართების გამოკვლევაში მდგომარეობს.“ ბაკურაძის მტკიცებით, წინარე ფილოსოფიური თეორიები ჯეროვნად არ ახდენდნენ საკითხის განსაზღვრებას, ვინაიდან განსაზღვრულ ქცევას თავისუფლებასთან არათავსებადად მოიაზრებდნენ. მისივე მტკიცებით, „ადამიანის ქცევა ყოველთვის ექვემდებარება მიზეზობრიობას, თუმცა, ის ყოველთვის იძულებას არ წარმოადგენს... თავისუფლება გაგებულ უნდა იყოს სპეციფიკური დეტერმინიზმის ტერმინებში“ (1, 394). თავისუფლებისა და აუცილებლობის დაპირისპირების გადალახვა სპინოზამ, ჰეგელმა და მარქსმა სცადეს. ბაკურაძის ნაშრომი ამ პრობლემის უფრო სიღრმისეულ გამოკვლევაზეა ორიენტირებული და აცხადებს, რომ „თავისუფლებისა და აუცილებლობის ურთიერთობას სინამდვილის სხვადასხვა სფეროში თავისი სპეციფიკა აქვს“ (1, 14). ის განასხვავებს თავისუფლების სახეებს: მოქმედების თავისუფლება, ნების[ყოფის] თავისუფლება, ადამიანის თავისუფლება ბუნების კანონების მიმართ, ისტორიული თავისუფლება და მორალური თავისუფლება. ბაჩულაშვილის მიერ შემოთავაზებული პრობლემის გადაწყვეტა ფიზიკურისა და ფსიქიკურის ერთ მთლიანობაში განხილვას გულისხმობს, ხოლო თავისუფალი ნების[ყოფის] ჭეშმარიტი ცნება მოითხოვს „მიზეზობრიობის“ ცნებას და არა მისგან დამოუკიდებლობას. „თავისუფლება ეს არის შეგნებული აუცილებლობა“, - აცხადებს ბაკურაძე. თავისუფლებაში აუცილებლობა მოხსნილია, თუმცა, არა აბსოლუტურად, არამედ როგორც ბრმა აუცილებლობა ანუ იძულება.
3 -რეცეფცია
ოთარ ბაკურაძე და მისი ფილოსოფია განსაკუთრებით ორი ასპექტით არის ყურადსაღები. ერთი მხრივ, იგი მნიშვნელოვანია როგორც მარქსისტული ფილოსოფიის ქართველი ინტერპრეტატორი, ხოლო, მეორე მხრივ, როგორც ორიგინალური ქართველი მოაზროვნე. მართალია, იგი კლასიკური საბჭოთა მარქსიზმ-ლენინიზმის დამცველად გვევლინება, თუმცა, ამასთანავე, უნდა აღვნიშნოთ, რომ იგი კარგად იცნობდა XX საუკუნის ევროპულ ფილოსოფიასა და, ზოგადად, დასავლური ფილოსოფიის ტენდენციებს; ამდენად, იგი ცდილობდა, რომ ამა თუ იმ კონკრეტული საკითხის განხილვისას არ შემოფარგლულიყო მხოლოდ ცალმხრივი და მიკერძოებული მსჯელობებით. შესაბამისად, ღირებულია მისი, როგორც მარქსისტული ტრადიციის წიაღში მოღვაწე აპოლოგეტი ფილოსოფოსის ნააზრევიც. თუმცა, პრობლემურია ბაკურაძის მტკიცება, რომ მარქსიზმი არ არის დოგმათა სისტემა და ის არც უნდა მოვიღოთ ისე, როგორც ფიქსირებული მოცემულობა. ამ მსჯელობის მიუხედავად, შეუძლებელია გავექცეთ იმ ფაქტს, რომ მის ნააზრევში მარქსიზმი ნაკლებ კრიტიკულადაა მიღებული. მსგავს დამოკიდებულებას ზურგს უმაგრებს მარქსისტული ტრადიციისათვის დამახასიათებელი ზოგადი დაშვებები. ეს გარემოება ახსნადია ეპოქისათვის დამახასიათებელი იმ კულტურულ-პოლიტიკური დამოკიდებულებით, რომელშიც მარქსიზმი წარმოდგენილი იყო არა როგორც სამყაროსა და საზოგადოებრივი ცხოვრების შემეცნების ერთ-ერთი თეორია, არამედ როგორც უალტერნატივო ჭეშმარიტება.
ისტორიის შემდგომმა მსვლელობამ რამდენიმე მარქსისტული ჰიპოთეზა გაამცდარა, კერძოდ, ეჭვის ქვეშ დააყენა და უკუაგდო კომუნიზმი, როგორც დემოკრატიის შემდგომი პოლიტიკური მმართველობის სისტემა, და მატერიალიზმი, როგორც ადამიანისა და სამყაროს შემეცნების უალტერნატივო კონცეფცია.
ოთარ ბაკურაძის „თავისუფლება და აუცილებლობა“, პირველ რიგში, თავად ავტორის დამოუკიდებელი ნააზრევი უფროა, ვიდრე მარქსისტულ-ლენინისტური ტრადიციის უბრალო შეჯამება. მართალია, რომ ეს ნაშრომი მარქსისტულ-ლენინისტური პარადიგმის პირობებშია შექმნილი, მაგრამ განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია დასმული საკითხების მიმართ ავტორის სისტემური მიდგომა და პრობლემების სიღრმისეული გადაჭრის მცდელობა. ამ ნაშრომში თავისუფლების პრობლემის განსხვავებული სფეროებია გამოკვეთილი და თითოეული განზომილება დამოუკიდებლადაა შესწავლილი. მასში წარმოჩენილია ადამიანის და ბუნების „დამოკიდებულებაც და დამოუკიდებლობაც“. ამ საკითხთა სისტემური გააზრებისა და ფილოსოფიური სიღრმის მხრივ, ოთარ ბაკურაძის ნაშრომი „თავისუფლება და აუცილებლობა“ XX საუკუნის ქართულ ფილოსოფიაში შესრულებულ ერთ-ერთ მნიშვნელოვან და საყურადღებო ნაშრომად უნდა მივიჩნიოთ.
4 -მთავარი შრომები
1. თავისუფლება და აუცილებლობა, თბილისი: „მეცნიერება“, 1964 წ.
2. კარლ მარქსის ფილოსოფიურ შეხედულებათა ჩამოყალიბების საკითხისათვის, თბილისი: „საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა და სტამბა“, 1953 წ.
3. ლენინი როგორც ფილოსოფოსი, თბილისი: „მეცნიერება“, 1969 წ.