იოანე დამასკელი
1 -შემოქმედება
ცნობილი ბერძენი თეოლოგი და მწერალი იოანე დამასკელი VIII ს.-ის მოღვაწეა. იოანე დამასკელის მოღვაწეობით დამთავრდა ბერძნული თეოლოგიის პატრისტიკული პერიოდი და დასაბამი მიეცა ახალ, სქოლასტიკურ პერიოდს. სასულიერო მწერლობის ყველა დარგი მნიშვნელოვნადაა დავალებული იოანე დამასკელისაგან. მისმა მრავალრიცხოვანმა ლიტერატურულმა მემკვიდრეობამ მას აღმოსავლეთის უდიდესი მწერლის რეპუტაცია შეუქმნა და „ოქრონექტარის“ სახელი დაუმკვიდრა. იოანე დამასკელმა აღმოსავლური ქრისტიანული მოძღვრების ტრადიციებზე დამყარებით და ანტიკური ფილოსოფოსების, განსაკუთრებით, არისტოტელეს ნაშრომების გამოყენებით შექმნა სქოლასტიკური მოძღვრება ფრიად ორიგინალური არქიტექტონიკით.
იოანე დამასკელმა ქრისტიანულ მწერლობას ფუნდამენტალური ღირებულების, ეპოქალური მნიშვნელობის ძეგლი „წყარო ცოდნისა“ (Πηγη γνωσεος) შესძინა. ნაწარმოები ტრილოგიას წარმოადგენს: 1) „ფილოსოფიური თავები“ ანუ „დიალექტიკა“ (Κεφαλαια φιλοσοφικα); 2) „წვალებათათჳს“ (Περι αιρεσεων); 3) „გარდამოცემაჲ უცილობელი მართლმადიდებელთა სარწმუნოებისაჲ“ (Εκδωσις ακριβης της ορ οδοξου πιστεως). მის შემოქმედებაში საგულისხმოა აქცენტირება ცოდნაზე, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ქრისტიანული რწმენა წარმოადგენს არა გაუაზრებელ რწმენას, არამედ ჭეშმარიტ ცოდნაზე დაფუძნებულ სარწმუნოებას.
ტრილოგიის პირველ ნაწილში - „ფილოსოფიური თავები“ - არისტოტელეს ლოგიკურ შრომებსა და ნეოპლატონიკოსთა კომენტარებზე დაყრდნობით მოცემულია თეოლოგიური ტერმინოლოგიის ჭეშმარიტების მტკიცება. მეორე ნაწილში გაშლილია პოლემიკა სხვადასხვა ერესის წარმომადგენლებთან. მესამე ნაწილი ქრისტიანული სარწმუნოებრივი მოძღვრების კომპენდიუმია. იოანე დამასკელი რელიგიურ დოგმათა დასაბუთებისთვის ანტიკურ ფილოსოფოსთა, ყველაზე გამორჩეულად კი, არისტოტელეს ნააზრევს იყენებს. ტრილოგიის შესავალშივე ავტორის მიერ გაცხადებულია ნაშრომის მთავარი მიზანდასახულება: ანტიკურ ფილოსოფოსთა ნააზრევიდან საუკეთესო და ღირებული იდეების შერჩევით ხელი შეუწყოს ქრისტიანული მოძღვრების ჭეშმარიტების დასაბუთებას. ტრილოგიის სამ ნაწილად დაყოფასთან დაკავშირებით იგი ცალკეული ნაწილების შესახებ შენიშნავს: ა. „და პირველად უკუე ელლენთა ბრძენთანი დავსხნე ურჩეულესნი, ... ამისთჳს მიმსგავსებითა სახესა ფუტკრისასა მახლობელნი უკუე ჭეშმარიტებისანი გამოვკრიბნე, … ხოლო განვყარნე ყოველნი, რაოდენნი ურგებ და სახელ-მტყუარისა მეცნიერებისა მქონებელ იყვნენ“... ბ. მერმე შემდგომად მათსა დავაწესნე ღმრთისმოძაგებულთა წვალებათა წარრევანი, რაჲთა შემეცნებითა ტყუილისაჲთა უმეტეს საკუთარ ვექმნნეთ ჭეშმარიტებასა“. გ. „და ესრეთ საცთურისა მომსპობელი და ტყუილისა უჩინო-მყოფელი ჭეშმარიტებაჲ... ღმრთივსულიერთა წინაჲსწარმეტყუელთა და ღმრთივსწავლულთა მეთევზურთა და ღმერთშემოსილთა მწყემსთა და მოძღუართა სიტყუებითა განშუენებული და შემკობილი... წარმოვადგინოთ“ (5, 73).
2 -იოანე დამასკელი ქართულ მწერლობაში
XI-XII სს.-ის საქართველოში ახალმა პოლიტიკურ-კულტურულმა ძვრებმა ქვეყნის იდეოლოგიურ ცხოვრებაშიც დაამკვიდრა სქოლასტიკური ფილოსოფიის ჩასახვისა და განვითარების პირობები, რამაც განაპირობა არისტოტელეს ლოგიკური მოძღვრების დამასკელისეული დამუშავება-დანერგვა მისი ტრილოგიის „წყარო ცოდნისა“ თარგმანების სახით.
იოანე დამასკელის ტრილოგიის მესამე ნაწილი „გარდამოცემა“ ქართულ ენაზე პირველად გადმონერგა ექვთიმე მთაწმიდელმა (X-XI სს.-ის მიჯნაზე) თავისი უნიკალური ნაშრომის „წინამძღუარის“ სახით (10).
შემდეგ, XI–XII სს-ის მიჯნაზე, „წყარო ცოდნისა“ ორჯერ ითარგმნა ქართულად, პირველად ეფრემ მცირის, ხოლო მეორედ არსენ იყალთოელის მიერ. ორსავე თარგმანში ტრილოგიის მხოლოდ ორი ნაწილია თარგმნილი: „დიალექტიკა“ და „გარდამოცემა“. თარგმნილი არ არის მეორე ნაწილი - „წვალებათათვის“. ეფრემ მცირე თავის თარგმანს წინ უმძღვანებს ორიგინალურ წინასიტყვაობას, რომელიც უაღრესად საინტერესოა იქ განხილული ლიტერატურულ-თეორიული ხასიათის ცნობებისა და ახალი სააზროვნო სინამდვილისათვის ნიშანდობლივი რეფორმატორული წინადადებების გამო. ეფრემ მცირის სიტყვებით, „დიალექტიკა“ არის პირველი, ქართულ ენაზე თარგმნილი ფილოსოფიური ძეგლი: „ესე ერგასისნი თავნი რიცხუედნი მათ თანა ნართაულით თავებითურთ გარეშეთა წიგნთა და საფილოსოფოჲსა სწავლულებისაგანნი არიან... ესევითარი არს საფილოსოფოსოჲ სწავლაჲ, რომელ-იგი აქაცა საჭიროდ საჴმარად შემოუღებიეს წმიდასა იოანე დამასკელსა, რაჲთა ამათ მიერ წინააღუდგებოდინ შვილნი ეკლესიისანი გარეშეთა მათ ფილოსოფოსთა და მათითავე ისრითა განჰგუმერდენ მათ“ (5, 67). როგორც ეფრემ მცირე აცხადებს, მართლმადიდებლური დოგმატების ჭეშმარიტების დამტკიცების მიზნით იოანე დამასკელს „ამათითა [გარეშე ფილოსოფოსთა] ეკლოვნებითა მოუზღუდავს ვენაჴისა ამის თჳსისა ნაყოფთა შუენიერებაჲ“. ამავე წინასიტყვაობაში ეფრემი დასავლეთევროპელ მოაზროვნეებზე ადრე აღიარებს ორმაგი ჭეშმარიტების მიღების აუცილებლობას: „არცა ესენი სრულ არიან უმათოდ, და არცა იგინი - უამათოდ“, ანუ არც ფილოსოფია ვარგა ღვთისმეტყველების გარეშე და არც ღვთისმეტყველება ფილოსოფიის გარეშე.
ეფრემ მცირის შემდეგ დამასკელის „წყარო ცოდნისა“ ხელმეორედ თარგმნა არსენ იყალთოელმა. საინტერესოა „წყარო ცოდნისას“ ორჯერ თარგმნის ფაქტი, მით უმეტეს, რომ არსენ იყალთოელმა არა თუ არ იცოდა ეფრემის თარგმანის არსებობა, არამედ დახმარებაც კი გაუწევია მისთვის თარგმნის პროცესში (9, 303).
„წყარო ცოდნისას“ ორჯერ თარგმნასთან დაკავშირებით გამოთქმულია აზრი, რომ არისტოტელეს პოზიციებზე მდგარ არსენ იყალთოელს არ აკმაყოფილებდა ნეოპლატონიზმის მომხრე ეფრემ მცირის თარგმანი, ამიტომ ხელმეორედ თარგმნა იგი (6, 277). სხვათა აზრით, ორჯერ თარგმნის ფაქტში თავი იჩინა ე.წ. „პროგრესული“ (ეფრემ მცირე) და „რეაქციული“ (არსენ იყალთოელი) ბანაკების განსხვავებულმა პოზიციამ ფილოსოფიისა და თეოლოგიის ურთიერთმიმართების შეფასებისას (8, 150-152).
ქართულ თარგმანებში არ ჩანს არავითარი მსოფლმხედველობრივი განსხვავებით განპირობებული პროგრესული და რეაქციული შეხედულებების არსებობა. „დიალექტიკის“ ორი ქართული თარგმანის ურთიერთშედარებისა და ბერძნული ორიგინალის რედაქციებთან მათი მიმართების შედეგად გაირკვა, რომ ქართული თარგმანები ბერძნულ ენაზე არსებულ სხვადასხვა რედაქციებს ეყრდნობიან. ეს არის ის ძირითადი მიზეზი, რომელმაც განაპირობა „დიალექტიკის“ ხელმეორედ თარგმნა არსენ იყალთოელის მიერ. ორსავე ქართულ თარგმანში დასტურდება ბერძნული მოკლე და ვრცელი რედაქციების შერევის კვალი. არსენის თარგმანში ამის თითო-ოროლა ნიმუში დასტურდება, ეფრემის თარგმანში კი ეს საკმაოდ ხშირია. არსენის თარგმანი ბერძნულის მოკლე რედაქციის ადრინდელ სახეობას წარმოადგენს, ხოლო ეფრემ მცირისა - მოკლე რედაქციის მოგვიანებით გადამუშავებულ სახეობას, რომელიც შერეული ტიპის რედაქციად არის ცნობილი (5, 23-46).
ქართულმა თარგმანებმა შემოგვინახეს „დიალექტიკის“ ისეთი ტექსტი, რომელიც ბერძნული ხელნაწერებით დღესდღეობით უცნობია. ამდენად, ქართულ თარგმანებს მნიშვნელოვანი ღირებულება აქვთ იოანე დამასკელის ლიტერატურული მემკვიდრეობის შესწავლის საქმეში. ეს გარემოება ადასტურებს იოსებ ლანგენის მოსაზრებას, რომ აღმოსავლეთი მალავს მრავალ ხელნაწერს, რომელთა დაძებნა და შესწავლა აუცილებელია ბიზანტიური ლიტერატურის მკვლევართა მიერ (18, 25).
ეფრემისა და არსენის „წყარო ცოდნისას“ თარგმანები ტერმინოლოგიური სიზუსტით შესრულებული თარგმანებია, მაგრამ არსენის თარგმანი ტექსტობრივად და ტერმინოლოგიური სიზუსტით გაცილებით უფრო ახლოს არის ბერძნულ ორიგინალთან, ვიდრე ეფრემის თარგმანი. ალბათ, ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ XIII ს.-ში სომეხმა ქალკედონიტმა ბერმა სიმეონ პღიანძაჰანეციმ სწორედ არსენ იყალთოელის დედნიდან თარგმნა სომხურად „წყარო ცოდნისა“. ისიც საგულისხმოა, რომ შემდეგში განსაკუთრებული გავრცელება და პოპულარობა არსენ იყალთოელის თარგმანმა ჰპოვა. ამის დასტურია ის, რომ არსენის თარგმანის შემცველი 20-მდე ხელნაწერი არსებობს, ხოლო ეფრემის თარგმანი სამიოდე ხელნაწერში დასტურდება (5, 47-52).
მომდევნო პერიოდის ქართულ ფილოსოფიურ თუ ლიტერატურულ აზროვნებას დამასკელის „დიალექტიკამ“ წარუშლელი კვალი დააჩნია. საკმარისია აღვნიშნოთ, რომ დამასკელის „დიალექტიკა“, როგორც წყარო ფილოსოფიური და ლოგიკური ტერმინოლოგიის დადგენა-შემუშავების საქმეში, აქტუალურ გამოხმაურებას პოულობს ანტონ კათალიკოსის, იოანე ბატონიშვილის, სულხან საბა ორბელიანის, იონა ხელაშვილისა და სხვათა ლიტერატურულ-მეცნიერულ ნაშრომებში.
3 -რჩეული ბიბლიოგრაფია
1. აბულაძე, ი.: რუსთაველის ხანის ქართული ფილოსოფიური მწერლობის კიდევ ერთი ძეგლის თარგმანი ძველ სომხურზე, ენიმკი, III, თბილისი, 1938 წ.
2. აბულაძე, ი.: რუსთაველის ხანის ქართულიდან ნათარგმნი ძველი სომხური მწერლობის ძეგლები, იხ.: რუსთაველის კრებული, თბილისი, 1938 წ.
3. გორგაძე ს.: ფილოსოფიის მთავარი დარგები ქართულ მწერლობაში, ჟურნალში: „ჩვენი მეცნიერება“, # 2-3, 4-5 (თბილისი, 1923 წ.).
4. გორგაძე, ს.: იოანე დამასკელის მთავარი თხზულება „Πηγη γνωσεως“ ქართულ მწერლობაში, იხ.: „მიმომხილველი“, I (1926 წ.).
5. იოანე დამასკელი: დიალექტიკა, ქართული თარგმანების ტექსტები გამოსცა, გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთო მაია რაფავამ, თბილისი, 1976.
6. კეკელიძე, კ.: ქართული ლიტერატურის ისტორია, I, თბილისი, 1951 წ.
7. მიმინოშვილი, რ.: იოანე დამასკელის „გარდამოცემის“ ქართული თარგმანები, თბილისი, 1966 წ.
8. ნუცუბიძე, შ.: ქართული ფილოსოფიის ისტორია, I, თბილისი, 1956 წ.
9. წმ. იოანე დამასკელი: მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა. ორი ძველი ქართული თარგმანი (წმ. ეფრემ მცირისა და წმ. არსენ იყალთოელისა), გამოსაცემად მოამზადეს რომან მიმინოშვილმა და მაია რაფავამ, წინასიტყვაობა და შენიშვნები დაურთო მაია რაფავამ, ძველი ბერძნულიდან თანამედროვე ქართულზე თარგმნა, შესავალი და შენიშვნები დაურთო ედიშერ ჭელიძემ, თბილისი: „თბილისის სასულიერო აკადემიის გამომცემლობა“, 2000 წ.
10. წმ. ეფთვიმე მთაწმიდელი: წინამძღუარი (სარწმუნოებისათვის), ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს თორნიკე ჭყონიამ და ნანა ჩიკვატიამ, გამოკვლევა, ლექსიკონი და საძიებლები დაურთო ნანა ჩიკვატიამ, თბილისი: „არტანუჯი“, 2007.
11. Bardenhewer, O.: Geschichte der altkirchlichen Literatur, Bd. V, Darmstadt, 1962.
12. Beck, H.: Kirche und theologische Literatur im Byzantinischen Reich, München, 1959.
13. Ermoni, V.: Saint Jean Damascène, Paris, 1904.
14. Kotter, B. (ed.): Die Schriften des Johannes von Damaskus, I: Institutio elementaris, Capita philosophica (Dialectica), [PTS 7], Berlin, 1969.
15. Kotter, B. (ed.): Die Schriften des Johannes von Damaskus, II: Expositio fidei [PTS 12], Berlin - New-York, 1973.
16. Kotter, B.: Die Überlieferung der Pege gnoseos des hl. Johannes von Damaskus, Ettal, 1959.
17. Krumbacher, K.: Geschichte der Byzantinischen Literatur, Munchen, 1897.
18. Langen, I.: Johannes von Damaskus, Gotha, 1879.
19. Richter, G.: Die Dialektik des Johannes von Damaskus. Eine Untersuchung des Textes nach seinen Quellen und seiner Bedeutung, Ettal, 1964.