დუალიზმი
1 -ტერმინისა და ცნების შესახებ
სიტყვა „დუალიზმი“ მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან „duo“, რაც ორს ნიშნავს. დუალიზმის ცნება პირველად 1700 წელს გვხვდება თომას ჰიდთან (1636-1703 წწ.), კერძოდ კი, მის ნაშრომში „ძველ სპარსელთა რელიგიის ისტორია“. დიდი გერმანელი ფილოსოფოსის, ქრისტიან ვოლფის (1676-1754 წწ.) აზრით, დუალისტები ჰქვიათ მათ, ვინც მატერიალური და არამატერიალური სუბსტანციების არსებობას აღიარებენ.
დუალიზმი არის ორი საწყისის შესახებ მოძღვრება. ის მოიცავს იმ ფილოსოფიურ და რელიგიურ სწავლებებს, რომლებშიც აღიარებულია ორი ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი პრინციპი, მდგომარეობა, მსოფლხედვა, აზროვნების (შემეცნების) წესი, ძალა, სუბსტანცია და ყოფიერების სფერო. დუალიზმის საპირისპირო მიმართულებებია მონიზმი და პლურალიზმი. ფილოსოფიის ისტორიიდან ცნობილია მრავალი ცნებობრივი წყვილი, რომელიც დუალისტურია: მაგალითად, პლატონის მოძღვრებაში იდეების სამყარო და გრძნობადად აღქმადი (წარმავალი საგნების) სამყარო; არისტოტელესთან – ფორმა და მატერია, პოტენცია და აქტი; დეკარტთან – აზროვნება და განფენილობა, სული და სხეული; კანტის ფილოსოფიაში – თავისთავადი ნივთი და მოვლენა. შეიძლება დავასახელოთ დუალისტური ცნებობრივი წყვილების სხვა მაგალითებიც: სული და მატერია, სული და ბუნება, ღმერთი და სამყარო, ღმერთი და ეშმაკი, სუბიექტი და ობიექტი, გრძნობადობა და გონება, თავისუფლება და აუცილებლობა, რწმენა და ცოდნა, სიკეთე და ბოროტება, ამქვეყნიური და იმქვეყნიური, სინათლის სამყარო და სიბნელის სამყარო, ბუნებისმეტყველება და სულის მეცნიერება. ერთმანეთისაგან განასხვავებენ: მეტაფიზიკურ (მაგალითად, იდეების სამყარო და გრძნობადად აღქმადი, წარმავალი საგნების სამყარო), რელიგიურ (მაგალითად, ღმერთი და ეშმაკი), შემეცნებისთეორიულ (მაგალითად, გრძნობადობა და გონება), ბუნებისმეცნიერულ (მაგალითად, სხეული და სული), ეთიკურ (მაგალითად, კეთილი და ბოროტი) და მეთოდოლოგიურ (მაგალითად, ბუნებისმეცნიერება და სულის მეცნიერება) დუალიზმს.
2 -დუალიზმის გაგება ქართულ ფილოსოფიაში
პლატონის მიერ მოცემული სამყაროს დუალისტური სურათის შეცვლას ნეოპლატონიზმი შეეცადა თავისი მონისტური მსოფლხედვით. ქართულ აზროვნებაში ამის ნათელი მაგალითია იოანე პეტრიწის (XII ს.) თარგმანი და კომენტარი პროკლე დიადოხოსის (V ს.) „თეოლოგიის საწყისებისა“. თავისი კომენტარის წინათქმაში პეტრიწი გადმოცემს საკუთარ ფილოსოფიურ პროგრამას და იქვე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ყოველივეს საწყისი არის „წმინდა და უზადო ერთი“, რომელსაც სიმრავლე ეზიარება. სწორედ ამ ერთთან ზიარების წყალობით იძენს სამყაროს ყოველი არსებული თავის ნამდვილ არსსა და არსებობას. პეტრიწის აზრით, პროკლეს „თეოლოგიის საწყისების“ მთავარი მიზანი ამ ერთის დასაბუთებაა. მაშასადამე, ქართულ ნეოპლატონიზმში - დუალიზმისა და პლურალიზმის საწინააღმდეგოდ - მონისტური პრინციპია წინა პლანზე წამოწეული.
„შემეცნების ორადობის“, კერძოდ კი, „აზროვნების პრინციპთა დუალობის“ შესახებ საგანგებოდ მსჯელობს დიდი ქართველი ფილოსოფოსი შალვა ნუცუბიძე (1888-1969 წწ.) თავის ადრინდელ გერმანულენოვან ნაშრომში „ჭეშმარიტება და შემეცნების სტრუქტურა“, რომელიც 1926 წელს გამოქვეყნდა გერმანიაში. მისი აზრით, შემეცნების დუალობასთან დაკავშირებული პრობლემები აზროვნების ძირითად კანონებთან და მეთოდებთან დაკავშირებული პრობლემებია. ამ პრობლემების გადაჭრას იგი მის მიერვე შექმნილი ახალი ფილოსოფიური დისციპლინის, ალეთეიოლოგიის ფარგლებში ცდილობდა.
დუალიზმის პრობლემაზე, საქართველოში, უწინარეს ყოვლისა, ის მოაზროვნეები საუბრობდნენ, ვინც ფილოსოფიის ისტორიის საკითხებს განიხილავდნენ. 1941 წელს, თბილისში, გამოვიდა ქართველი ფილოსოფოსის, მოსე გოგიბერიძის (1897-1949 წწ.) წიგნი „ფილოსოფიის ისტორია“. ქართველი ავტორი, რენე დეკარტის (1596-1650 წწ.) ფილოსოფიაზე მსჯელობისას, განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს „დეკარტის პრინციპულ დუალიზმს“, რომელმაც ფრანგ ფილოსოფოსს შესაძლებლობა მისცა, რომ სუბსტანციის ორიგინალური განმარტება შეემუშავებინა. ეს პრინციპული დუალიზმი დეკარტმა თავის ფსიქოლოგიაში გადაიტანა და სულისა და სხეულის პრინციპული დუალიზმის გზას დაადგა: ადამიანის სული და სხეული ერთმანეთთან შემთხვევით კავშირში იმყოფება, სინამდვილეში კი ისინი სრულიად დამოუკიდებელნი არიან ერთმანეთისაგან. გოგიბერიძის აზრით, დეკარტის მოძღვრებაც შემდეგში სწორედ ამ პრინციპული დუალიზმის სხვადასხვა ინტერპრეტაციის სახით წარმოადგინეს მისმა მიმდევრებმა. ზოგიერთი სულიერ საწყისზე აკეთებდა აქცენტს, ზოგიერთი კი - სხეულებრივ საწყისზე. აქედან წარმოიშვა დეკარტის ფილოსოფიის სპირიტუალისტური და მატერიალისტური ინტერპრეტაციები.
რენე დეკარტის დუალიზმის შესახებ საგანგებოდ მსჯელობს ქართველი ფილოსოფიის ისტორიკოსი კოტე ბაქრაძე (1898-1970 წწ.) თავის წიგნში „ახალი ფილოსოფიის ისტორია“ (1969 წ.). მისი აზრით, რენე დეკარტთან ორი ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი სუბსტანციაა დადგენილი: სულიერი და მატერიალური. პირველის ატრიბუტი აზროვნებაა, მეორისა კი – განფენილობა. ამ ორი ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი სუბსტანციის აღიარებით დეკარტი დუალიზმის თვალსაზრისზე დგას. კოტე ბაქრაძის აზრით, სულიერისა და მატერიალურის დამოკიდებულების პრობლემა ფილოსოფიის ძირითადი საკითხია, დუალიზმი კი ამ პრობლემას ვერ წყვეტს. ეს საკითხი ამ ორი საწყისიდან ერთ-ერთის უპირატესობის აღიარებით შეიძლება გადაწყდეს. დეკარტის მიმდევრები და მისი მოწინააღმდეგეები სწორედ ამ გზით წავიდნენ: მათ ამ ორიდან ერთ-ერთ სუბსტანციას მიანიჭეს უპირატესობა.
რენე დეკარტის დუალიზმის შესახებ საუბრობს ქართველი ფილოსოფოსი სავლე წერეთელიც (1907-1966 წწ.). მისი აზრით, დეკარტი ტიპური დუალისტია, სახელდობრ კი, „სუბსტანციური დუალისტი“. მართალია, დეკარტი დუალიზმის გადალახვას ღმერთის ცნების დახმარებით შეეცადა, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მასთან მაინც ორი სუბსტანცია (სული და სხეული) დარჩა, რადგან ისინი არსებითად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. დეკარტის დუალიზმის გადალახვა სცადეს ბენედიქტე სპინოზამ (1632-1677 წწ.) და გოტფრიდ ვილჰელმ ლაიბნიცმა (1646-1716 წწ.).
3 -გამოყენებული ლიტერატურა
• იოანე პეტრიწი: განმარტებაჲ პროკლესთჳს დიადოხოსისა და პლატონურისა ფილოსოფიისათჳს, ტ. II, ქართული ტექსტი გამოსცეს და გამოკვლევა დაურთეს შ. ნუცუბიძემ და ს. ყაუხჩიშვილმა, ტფილისი: „ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1937 წ.
• ბაქრაძე, კ.: ახალი ფილოსოფიის ისტორია (რჩეული ფილოსოფიური თხზულებანი, ტ. VI), თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1972 წ.
• გოგიბერიძე, მ.: ფილოსოფიის ისტორია, ტ. I, თბილისი: „სტალინის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1941 წ.
• ირემაძე, თ.: ალეთეიოლოგიური რეალიზმი. შალვა ნუცუბიძე და მისი აზროვნების ახლებური საწყისები, გერმანულიდან ქართულად თარგმნა გ. თავაძემ, თბილისი: „ნეკერი“, 2013 წ.
• წერეთელი, ს.: ნარკვევები ფილოსოფიის ისტორიაში, ტ. II, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1986 წ.
• Nuzubidse, Sch.: Wahrheit und Erkenntnisstruktur. Erste Einleitung in den aletheiologischen Realismus, Berlin und Leipzig: Walter de Gruyter, 1926.
• Nuzubidse, Sch.: Philosophie und Weisheit. Spezielle Einleitung in die Aletheiologie, Berlin und Königsberg: Ost-Europa-Verlag, 1931.