იდეალიზმი
1 -იდეალიზმის განსაზღვრება და მოკლე ისტორია
იდეალიზმი სათავეს იღებს ბერძნული სიტყვიდან „იდეა“ (ქართ. „თაურხატი“, „ნიმუში“, „არსი“) და აღნიშნავს იმ ფილოსოფიურ მიმართულებებსა და კონცეფციებს, რომელთა მიხედვითაც სინამდვილის წყარო არის გონება, შემეცნება, აზროვნების პროცესი. იდეალური არსი არის სინამდვილის, ცოდნისა და მორალის საფუძველი. ამდენად, იდეალიზმის თანახმად, ადამიანთა ცალკეული მოქმედებებიც კი გონივრული განსჯის შედეგად უნდა იქნეს განსაზღვრული და შეფასებული.
ტერმინი „იდეალიზმი“, როგორც ფილოსოფიური შეხედულებების აღმნიშვნელი, გერმანულ ენობრივ ველში ჩნდება XVIII საუკუნეში; მის მთავარ საპირისპირო ცნებად კი განიხილება „მატერიალიზმი“. მაგალითად, გოტფრიდ ვილჰელმ ლაიბნიცის (1646-1716 წწ.) აზრით, პლატონი იდეალისტია, ხოლო ეპიკურე კი მატერიალისტი. ეს ხედვა განვრცობილი იქნა ქრისტიან ვოლფის (1679-1754 წწ.) და მისი მიმდევრების მიერ, რომელთა მიხედვით სული არამატერიალური ობიექტია; მაშასადამე, სულის არსებობა არამატერიალური სახისაა. ამ ჭრილში, იდეალიზმის საპირისპირო ცნებად „რეალიზმი“ გვევლინება. უფრო მეტიც, იდეალისტთა მიხედვით, სამყარო დაფუძნებულია სულში, გონებაში. საგნის არსებობა ნიშნავს იმას, რომ ის გონების მიერ გაგებული და აღქმულია. იდეალისტისთვის გონების მიღმა და გარეთ არსებული რეალობის შესახებ ვარაუდის დაშვებაც კი მიუღებელია, რადგან მის შესახებ ცოდნის ფლობა შეუძლებელია. ცოდნის მთავარი წყარო არის გონება და მისი უნარები.
ერთმანეთისაგან განასხვავებენ იდეალიზმის სხვადასხვა სახეებს: ბერკლის სუბიექტურ იდეალიზმს, კანტის ტრანსცენდენტალურ (კრიტიკულ) იდეალიზმს, გერმანულ აბსოლუტურ (ობიექტურ) იდეალიზმს, ანგლო-ამერიკულ იდეალიზმს, პანფსიქიზმს, პერსონალურ იდეალიზმს და სხვ. ისტორიულად, სამყაროს იდეალისტური ხედვა უკავშირდება პლატონის სახელს, რომელმაც თავის დიალოგებში (განსაკუთრებით კი, „სახელმწიფოში“) იდეების თეორია განავითარა და იდეები საგნებისა და ქმედებების თაურხატებად, მთავარ მოდელებად აღიქვა. პლატონის მიხედვით, სახელმწიფოს იდეალური მმართველი ის არის, ვინც იდეების სამყაროს შესახებ ცოდნას ფლობს, რადგან სწორედ მან იცის, თუ როგორ უნდა მართოს სამართლიანად სახელმწიფო. პლატონის იდეათა თეორიის გარდასახვა მოხდა შუა საუკუნეებში უნივერსალიების შესახებ წარმოებულ დავა-კამათში, სადაც არა მარტო ობიექტური რეალობის სულში, გონებაში, ცნობიერებაში არსებობას გაესვა ხაზი, არამედ თვით იდეათა თვითმყოფად რეალობასაც. სწორედ ამ ტიპის თვითმყოფად იდეებს ეწოდა უნივერსალიები.
ისტორიული თვალსაზრისით შეიძლება ვისაუბროთ სუბიექტური და ობიექტური იდეალიზმის შესახებ. ფილოსოფიის ისტორიაში სუბიექტური იდეალიზმის მთავარ წარმომადგენლად ირლანდიელი ფილოსოფოსი და თეოლოგი ჯორჯ ბერკლი (1685-1753 წწ.) მიიჩნევა, ხოლო ობიექტური იდეალიზმის თვალსაჩინო წარმომადგენელი გერმანელი ფილოსოფოსი გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელია (1770-1831 წწ.). იდეალიზმის განვითარების ისტორიის მწვერვალს წარმოადგენს გერმანული იდეალიზმი, რომელიც მოიცავს ფილოსოფიის ისტორიის უმნიშვნელოვანეს ეპოქას კანტსა და ჰეგელს შორის. მისი მთავარი წარმომადგენლები არიან: ფიხტე, შელინგი და ჰეგელი. თავად კანტის ფილოსოფია კი ტრანსცენდენტალური (კრიტიკული) იდეალიზმის სახელით შეიძლება იქნეს აღნიშნული. მისი აზრით, არსებობს ჩვენი ცნობიერებისაგან დამოუკიდებელი „ნივთი თავისთავად“, რომლის შემეცნება ჩვენ არ შეგვიძლია. ის ჩვენი შემეცნებითი უნარების მიღმაა. ადამიანს მხოლოდ იმ ნივთების შემეცნება ძალუძს, რომლებიც მის შემეცნებით „მე“-ს „ევლინება“. მაშასადამე, ჩვენ შევიმეცნებთ ნივთებს, როგორც მოვლენებს.
გერმანული იდეალიზმის ნაყოფიერი რეცეფცია მოხდა ბრიტანულ იდეალიზმში, რომელიც XIX საუკუნის ბოლო მესამედსა და XX საუკუნის პირველ მესამედში ინგლისში წამყვან ფილოსოფიურ მიმდინარეობას წარმოადგენდა. ეს მიმართულება განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა ჰეგელის იდეალისტურ ფილოსოფიას და მის გარკვეულ ტრანსფორმაციასაც ახდენდა. ბრიტანული იდეალიზმის დამფუძნებლად ითვლება თომას ჰილ გრინი (1836-1882 წწ.). მისი ცნობილი მოწაფე იყო ბერნარდ ბოზანკეტი (1848-1883 წწ.), რომელიც, თომას ჰილ გრინთან და ფრენსის ჰერბერტ ბრედლისთან (1846-1924 წწ.) ერთად, ინგლისური ნეოჰეგელიანობის მთავარ წარმომადგენლად ითვლება.
2 -იდეალიზმის კვლევა ქართულ ფილოსოფიაში
საქართველოში იდეალიზმის კვლევას ხანგრძლივი და საინტერესო ისტორია აქვს. თავდაპირველად, ის პლატონის და პლატონიკოსების მოძღვრების რეცეფციით იწყება (იოანე პეტრიწი), შემდეგ ახალი დროის რაციონალიზმის თვალსაჩინო წარმომადგენლების (მაგალითად, ლაიბნიცი, ვოლფი) შეხედულებების გაცნობითა და საკუთარ შემოქმედებაში ინტეგრირების გზით ხორციელდება (ანტონ პირველი, იონა ხელაშვილი), მოგვიანებით კი კანტის ტრანსცენდენტალური (კრიტიკული) იდეალიზმის ნაყოფიერი ათვისებით ვლინდება, რისი ნათელი დასტურიც სოლომონ დოდაშვილის „ლოგიკაა“ (1827 წ.).
გერმანული იდეალისტური ფილოსოფიის წარმომადგენლების შეხედულებები საგანგებო მსჯელობის საგნადაა ქცეული შალვა ნუცუბიძის (1888-1969 წწ.) ალეთეიოლოგიურ რეალიზმში. ნუცუბიძის მიხედვით, ნებისმიერი ფილოსოფიური მოძღვრების მიზანი უნდა იყოს „ჭეშმარიტი თეორიის“ აგება, რაც ზუსტი ტერმინების გარეშე შეუძლებელია, რადგან ყოველი ახალი ცნების შემოტანას თან სდევს მთელი რიგი უცნობი ცნებების წარმოშობა. ამ ცნებების ზუსტად განსაზღვრისა და მოწესრიგებისთვის ადეკვატური გამოთქმები და აღნიშვნებია საჭირო. XX საუკუნეში გავრცელებული მთავარი ფილოსოფიური მსოფლმხედველობების, განსაკუთრებით კი, იდეალიზმისა და მატერიალიზმის ცალმხრივობათა გადასალახად ალეთეიოლოგიურის სფერო იქნა შემოტანილი. არსებულსა და აზროვნებას შორის დაპირისპირებულობის პრობლემა ნუცუბიძემ „სპეციფიურ-ადამიანურ ფენომენად“ მიიჩნია და მისი დაძლევა „წინალოგიკურის“ ცნების შემოტანით სცადა. ამასთან ერთად, იგი აკრიტიკებდა კანტის მიერ განვითარებულ ცნობიერების ფილოსოფიას, რომელმაც ფიხტესთან სუბიექტური იდეალიზმის სახე მიიღო, შელინგთან - ტრანსცენდენტალური იდეალიზმისა, ხოლო ჰეგელთან კი - აბსოლუტური იდეალიზმისა. აქ შემმეცნებელი სუბიექტი ცნობიერების აქტივობის ჩარჩოებშია მომწყვდეული, ხოლო რეალური მიმართება არსებულსა და ცნობიერებას შორის კი ყურადღების გარეშეა დატოვებული. ცნობიერების ტრადიციული ფილოსოფიის საპირისპიროდ, ნუცუბიძე ამტკიცებდა, რომ „არ შეიძლება ჭეშმარიტების შესახებ მოძღვრებისა და რეალიზმის იდენტურობის მიჩქმალვა“.
აღსანიშნავია, რომ გერმანული იდეალიზმის მრავალმხრივი კვლევა-ძიება XX საუკუნის ქართულ ფილოსოფიაში მაინც კოტე ბაქრაძის (1898-1970 წწ.) სახელს უკავშირდება. მის კალამს ეკუთვნის მნიშვნელოვანი გამოკვლევები: „დიალექტიკის პრობლემა გერმანულ იდეალიზმში“ (1929 წ.) და „სისტემა და მეთოდი ჰეგელის ფილოსოფიაში“ (1936 წ.). პირველ ნაშრომში გერმანული იდეალიზმის მთავარ პრინციპად სუბიექტის პრინციპია მიჩნეული, დიალექტიკური მეთოდი კი სუბიექტსა და ობიექტს შორის არსებული დუალიზმის მოხსნის მთავარ საშუალებად არის მიჩნეული, რომლის საბოლოო შედეგიც მონისტური სისტემის აგებაა. მეორე გამოკვლევა პირველი გამოკვლევის თემატურ განვრცობას წარმოადგენს და ჰეგელის დიალექტიკური ნააზრევის თავისებურებებს ეხება. მასში ხაზგასმულია სისტემისა და მეთოდის ორგანული ერთიანობა ჰეგელის აზროვნებაში, რასაც გადამწყვეტი როლი ენიჭება ჰეგელის იდეალისტური ფილოსოფიის შექმნის პროცესში. სუბიექტური და ობიექტური იდეალიზმის აქტუალურ პრობლემებს ფილოსოფიის ისტორიის ჭრილში კ. ბაქრაძე განიხილავს თავის ერთ-ერთ ცნობილ ნაშრომში „ახალი ფილოსოფიის ისტორია“ (1969 წ.). აღსანიშნავია, რომ XX საუკუნეში ქართული საბჭოთა ფილოსოფიის ოფიციალური წარმომადგენლები იდეალიზმის პრობლემატიკას ხშირად ცალმხრივად, მატერიალისტური, მარქსისტულ-ლენინისტური აზროვნების კონტექსტში განიხილავდნენ. ამის დასტურია იმ პერიოდში გამოქვეყნებული არაერთი ნაშრომი მატერიალიზმისა და იდეალიზმის ურთიერთმიმართების შესახებ (დ. კალანდაძე, ვ. კერძევაძე, ვ. კილაძე, შ. კობახიძე, პ. შარია, ვ. ქაცარავა და სხვ.). იდეალიზმისა და იდეალისტური ფილოსოფიის სხვადასხვა ასპექტები ასევე განხილულია ევროპული ფილოსოფიის ცნობილი ქართველი მკვლევარების (მ. გოგიბერიძე, ს. წერეთელი, გ. თევზაძე, მ. ჭელიძე, თ. ბუაჩიძე და სხვ.) ნაშრომებში.
3 -სამეცნიერო ლიტერატურა
• ბაქრაძე, კ.: დიალექტიკის პრობლემა გერმანულ იდეალიზმში, ტფილისი: „ტფილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1929 წ.
• ბაქრაძე, კ.: სისტემა და მეთოდი ჰეგელის ფილოსოფიაში, ტფილისი: „სახელმწიფო უნივერსიტეტი“, 1936 წ.
• ბუაჩიძე, თ.: ჰეგელი და ფილოსოფიის არსების პრობლემა, თბილისი: „მეცნიერება“, 1976 წ.
• გოგიბერიძე, მ.: მატერიალიზმის და დიალექტიკის პრობლემების განვითარება მარქსამდე, ტფილისი: „ტფილისის უნივერსიტეტი“, 1928 წ.
• თევზაძე, გ.: იმანუელ კანტი, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1974 წ.
• ირემაძე, თ.: ალეთეიოლოგიური რეალიზმი. შალვა ნუცუბიძე და მისი აზროვნების ახლებური საწყისები, გერმანულიდან ქართულად თარგმნა გ. თავაძემ, თბილისი: „ნეკერი“, 2013 წ.
• წერეთელი, ს.: ლოგიკური კავშირის დიალექტიკური ბუნების შესახებ, თბილისი: „სახელგამი“, 1956 წ.