თეოლოგია
1 -დეფინიცია და დარგის ჩამოყალიბების მოკლე ისტორია
თეოლოგია (ბერძ. „თეოს“, ქართ. „ღმერთი“; ბერძ. „ლოგოს“, ქართ. „მოძღვრება“) არის ღმერთის შესახებ მოძღვრება. ქართულად „თეოლოგია“ ითარგმნება როგორც „ღვთისმეტყველება“. ცნება „თეოლოგია“ ჯერ კიდევ ბერძნულ ანტიკურობაში გვხვდება. იქ „თეოლოგია“ აღნიშნავდა „ღმერთის შესახებ საუბარს“, ღმერთთა ისტორიების თხრობას. თეოლოგიის ამგვარი გაგების უძველესი საბუთები პლატონის „სახელმწიფოში“ მოიპოვება. პლატონი თეოლოგიის ასეთ გაგებას უკავშირებს ჭეშმარიტების საკითხს და კითხვას სვამს ერთის, სიკეთის და უცვლელი ჭეშმარიტების შესახებ. არისტოტელესთან თეოლოგიის ცნების გარდაქმნა ხდება: აქ თეოლოგია არის თეორიულ მეცნიერებათა მწვერვალი, რომელიც ღვთაებრივზეა ორიენტირებული, ხოლო ეს ღვთაებრივი კი წარმოადგენს ყოფიერების პირველად პრინციპს. მაშასადამე, არისტოტელესთან თეოლოგიის ტრანსფორმირება მოხდა: ის მითოლოგიიდან მეტაფიზიკად გარდაიქმნა. ქრისტიანობაში თეოლოგიის ცნება II საუკუნიდან იკიდებს ფეხს. ევსები კესარიელთან „თეოლოგია“ აღნიშნავს „ღმერთის ქრისტიანულ გაგებას“. პატრისტიკაში ეს ცნება ქრისტიანობის მთელ შინაარსს კი არ მოიცავდა, არამედ, უწინარეს ყოვლისა, მის იმ ასპექტს, რომელიც პირდაპირ ღმერთს ეხება. გრიგოლ ნაზიანზელს იმიტომაც ეწოდა გრიგოლ ღვთისმეტყველი, რომ მისი მოძღვრების მთავარ თემას ღმერთი და მისი გაგება წარმოადგენდა. ცნება „თეოლოგია“ განსაკუთრებით მკვიდრად XIII საუკუნეში იკიდებს ფეხს, რაც არც არის გასაკვირი. თეოლოგიის (როგორც მეცნიერების) განვითარების ერთ-ერთ უმაღლეს მწვერვალს წარმოადგენდა ქრისტიანული სქოლასტიკა (ანსელმ კენტერბერიელი, პიერ აბელიარი, პეტრე ლომბარდიელი, ალბერტ დიდი, ბონავენტურა, თომა აქვინელი და სხვ.). სწორედ ამ პერიოდში შეიქმნა, ჩამოყალიბდა და განვითარდა თეოლოგიის არაერთი მიმართულება, დარგი და ქვედარგი. თანამედროვეობაში თეოლოგიის, როგორც მეცნიერული დისციპლინის, შემდეგ ნაწილებს განასხვავებენ ერთმანეთისაგან: ისტორიული თეოლოგია (ბიბლიის განმარტება, ეკლესიის ისტორია, დოგმატების ისტორია და თეოლოგიის ისტორია), სისტემური თეოლოგია (დოგმატიკა, აპოლოგეტიკა, ეთიკა) და პრაქტიკული თეოლოგია (ჰომილეტიკა, ლიტურგიკა, კატეხიზმო და სამოძღვრო ღვთისმეტყველება). ასევე ერთმანეთისგან უნდა განვასხვაოთ „გამოცხადებითი თეოლოგია“ და „ბუნებითი თეოლოგია“. გამოცხადებითი თეოლოგიის შესწავლის საგანია რწმენის ჭეშმარიტებანი, რამდენადაც ისინი ღვთის სიტყვასა და ქმედებას, მაშასადამე, მის გამოცხადებას ეფუძნება. ბუნებითი თეოლოგიის კვლევა-ძიების საგანს კი შეადგენს რწმენის ჭეშმარიტებანი, რამდენადაც ისინი ადამიანის „ბუნებითი გონების“ მიერ განისაზღვრება და შემეცნებულიც შეიძლება იქნეს.
2 -თეოლოგიური პრობლემების კვლევა საქართველოში
თეოლოგიური პრობლემატიკის კვლევა განსაკუთრებით ნაყოფიერად წარიმართა შუა საუკუნეების ქართულ აზროვნებაში. ამას, უწინარეს ყოვლისა, ხელი შეუწყო უმნიშვნელოვანესი თეოლოგიური ლიტერატურის ძველბერძნული ენიდან ქართულ ენაზე შესრულებულმა თარგმანებმა. ძველი ქართული კულტურის წამყვან კერებში (ათონის მთა, გელათისა და იყალთოს აკადემიები და ა.შ.) ინტენსიურად ითარგმნებოდა ქრისტიანული თეოლოგიის საფუძველმდებარე ტექსტები (ეგზეგეტიკა, დოგმატიკა, ლიტურგიკა, ჰომილეტიკა, ჰიმნოგრაფია, ჰაგიოგრაფია, კანონიკა, პოლემიკა და ა.შ.). ქართული თეოლოგიის (ღვთისმეტყველების) განვითარების საქმეში დიდი წვლილი შეიტანა „კაბადოკიის სამი მნათობის“ (ბასილი კესარიელის, გრიგოლ ნოსელის, გრიგოლ ნაზიანზელის), იოანე ოქროპირის, ეფრემ ასურის, მაკარი მეგვიპტელის, ფსევდო-დიონისე არეოპაგელის, მაქსიმე აღმსარებლის, იოანე დამასკელის, თეოდორე აბუკურას, იოანე სინელის და სხვ. ნაშრომების ძველქართულმა თარგმანებმა. ქართული ღვთისმეტყველების, როგორც მეცნიერული დისციპლინის, ჩამოყალიბების საქმეში ფასდაუდებელია ფსევდო-დიონისე არეოპაგელის სახელით ცნობილი ავტორის ნაშრომთა ქართული თარგმანი, რომელიც ცნობილმა ქართველმა ღვთისმეტყველმა ეფრემ მცირემ (XI ს.) შეასრულა. ფსევდო-დიონისე არეოპაგელმა დადებითი, უარყოფითი და მისტიკური თეოლოგიების კონცეფცია დაამუშავა, რომლებიც მთელ ქრისტიანულ პატრისტიკასა და სქოლასტიკაში უდიდესი გავლენითა და აღიარებით სარგებლობდა. ქართული საღვთისმეტყველო ტრადიციის ჩამოყალიბებაზე ამ ტექსტებმა გადამწყვეტი გავლენა იქონიეს. შუა საუკუნეების ქართულ აზროვნებაში თეოლოგიისა და ფილოსოფიის ურთიერთმიმართების განხილვის პროცესში კარგად გამოიკვეთა ის როლი და მისია, რასაც ძველი ქართველი მოაზროვნეები თეოლოგიას აკისრებდნენ. ეფრემ მცირე ფილოსოფიის ადგილსა და დანიშნულებას ღვთისმეტყველების მსახურებაში ხედავდა. ეფრემმა იოანე დამასკელის „დიალექტიკა“ თარგმნა. ამ თარგმანს მან წინასიტყვაობა დაურთო. აქ ეფრემი თავის წამოწყებას ამართლებს და ასაბუთებს, თუ რატომ თარგმნა მან „დიალექტიკა“. ეს მეცნიერება იმისთვისაა საჭირო, რომ ჭეშმარიტი ღვთისმეტყველება იქნეს დაცული: როგორც ვენახს სჭირდება ღობე დასაცავად, ასევე სჭირდება საეკლესიო მოძღვრებებს „საფილასოფოსოჲ სწავლაჲ“. ფილოსოფიურად განათლებული მორწმუნე კარგად შეძლებს მისი მოწინააღმდეგის (ანუ ურწმუნოს) განიარაღებას: „[...] ამათ მიერ წინააღუდგებოდინ შვილნი ეკლესიისანი გარეშეთა მათ ფილოსოფოსთა და მათითავე ისრითა განჰგუმერდენ მათ [...]“. ეფრემ მცირეს მიხედვით, ფილოსოფია არის „გარეშე სიბრძნე“; ის აუცილებელია ღვთისმეტყველებისთვის არა იმიტომ, რომ თავისთავადი ღირებულება აქვს, არამედ იმიტომ, რომ კარგი ინსტრუმენტია მოწინააღმდეგის დასამარცხებლად. მართალია, ეფრემი ფილოსოფიური ცოდნის გამოყენების დიდ საჭიროებას ხედავდა, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ღვთისმეტყველების უპირატესი სტატუსი შეენარჩუნებინა. მაშასადამე, ეფრემ მცირე თეოლოგიას მეცნიერებათა სისტემაში განსაკუთრებულ ფუნქციას ანიჭებდა და მის პირველად მნიშვნელობაზე მსჯელობდა. ქართული თეოლოგიური მეცნიერების განვითარების საქმეში დიდი წვლილი შეიტანა არსენ იყალთოელმა (XI-XII სს.), რომელმაც გამორჩეული თეოლოგიური ნაშრომები ქართულ ენაზე თარგმნა და საღვთისმეტყველო კვლევა-ძიებათა შემაჯამებელი კრებული შექმნა, რომელსაც სახელად „დოგმატიკონი“ ეწოდა. ეს ნაშრომი ქართული თეოლოგიური ლიტერატურის უმნიშვნელოვანეს ძეგლს წარმოადგენს, რადგან მასზე დაყრდნობით ქართული პოლიტიკური თეოლოგიის დაფუძნების პირველ მცდელობებთან გვაქვს საქმე. ეფრემ მცირესა და არსენ იყალთოელის თვალსაზრისთაგან მკვეთრად განსხვავდება იოანე პეტრიწის (XII ს.) მოსაზრება თეოლოგიისა და ფილოსოფიის როლის შესახებ. პეტრიწმა ნეოპლატონიკოს პროკლეს „თეოლოგიის საწყისები“ თარგმნა და დაწვრილებით განმარტა ქართულ ენაზე. პეტრიწისთვის პროკლეს ფილოსოფიური თეოლოგია თავისთავად ღირებულებას წარმოადგენს. ამიტომ ის „თეოლოგიის საწყისებს“ ნაბიჯ-ნაბიჯ განმარტავს; ქართველ მოაზროვნეს სურს, რომ ამ ნაშრომის ფარული შრეები გამოავლინოს და მის არსს სწვდეს. ამ მიზნით, ის ისევ პროკლეს და ანტიკური ფილოსოფიის სხვა წარმომადგენლებს ეყრდნობა. პეტრიწის კომენტატორული მეთოდი შუა საუკუნეებში დამკვიდრებული ახსნა-განმარტებითი მეთოდებისგან მკვეთრად განსხვავდება. იგი, ამ თვალსაზრისით, უფრო მეტად რენესანსის მოაზროვნეებთან ამჟღავნებს ნათესაურ კავშირს: პეტრიწი ორიგინალური წყაროებიდან თარგმნის და განმარტავს პროკლეს. იგი „განმარტებაჲს“ წინასიტყვაობაში ვრცლად მიმოიხილავს თავისი ნაშრომის შექმნის ძირითად მოტივებს. მისი აზრით, პლატონი, პროკლე და, საერთოდ, პლატონიკოსთა სკოლა ზუსტად ჩაწვდა სამყაროს საიდუმლოებას. პლატონიკოსები მკვეთრად განსხვავდებიან პერიპატეტიკოსებისგან. ეს უკანასკნელნი ამქვეყნიურ სიბრძნეს გვაწვდიან, ხოლო პლატონი და მისი მოწაფეები ზექვეყნიურ, ღვთაებრივ საიდუმლოს გვაზიარებენ, რაც არისტოტელესა და მის მიმდევრებს არ ხელეწიფებათ! ამიტომ პეტრიწის სიმპათია უფრო პლატონისა და პლატონიკოსებისაკენ იხრებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ის არისტოტელეს ფილოსოფიას არ უარყოფდა. ეს არც არის გასაკვირი, რადგან პროკლესეული ფილოსოფიური თეოლოგია, რომელიც პლატონისა და არისტოტელეს ნააზრევს აჯამებს, პეტრიწს საიმედო საშუალებად მიაჩნდა ქრისტიანული რწმენის დასაბუთების საქმეში. პეტრიწთან ფილოსოფია და ღვთისმეტყველება ერთ დიდ საერთო მიზანს ემსახურება – დაუსახოს ადამიანს მართებული საერო და სასულიერო ორიენტირები.
ქვეყნის ძნელბედობის ჟამს, განსაკუთრებით, მონღოლების მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ, ქართული კულტურა მძიმე კრიზისში აღმოჩნდა, რომლისგანაც თავის დაღწევა რამდენიმე საუკუნის განმავლობაში ვერ მოხერხდა. უწინარეს ყოვლისა, ეს ითქმის მეცნიერების თეორიულ დარგებზე, პირველ რიგში კი, თეოლოგიაზე. ამ თეორიული დისციპლინების განახლება საქართველოში ახალი დროის ქართულ აზროვნებაში მოხერხდა. ამ თვალსაზრისით აღსანიშნავია სულხან-საბა ორბელიანის (1658-1725 წწ.), ანტონ ბაგრატიონის (1720-1788 წწ.) და სხვ. საღვთისმეტყველო შემოქმედება. განსაკუთრებით კი უნდა გამოიყოს ანტონ ბაგრატიონის ოთხტომიანი „ღვთისმეტყველება“ (1779 წ.), რომელიც ჯერ კიდევ არ არის გამოცემული და რომლის შესწავლაც მომავალი კვლევა-ძიების გადაუდებელი საქმეა. თეოლოგიური მეცნიერების განვითარების საქმეში თავისი წვლილი შეიტანეს ანტონ ბაგრატიონის ფილოსოფიური სკოლის წარმომადგენლებმა: ფილიპე ყაითმაზაშვილმა (XVIII ს.), დოსითეოზ ჩერქეზიშვილმა (XVIII ს.), გაიოზ რექტორმა (დაახლ. 1746-1821 წწ.), ანტონ ცაგერელ-ჭყონდიდელმა (გარდ. 1815 წ.), ამბროსი ნეკრესელმა (XVIII-XIX სს. მიჯნა) და სხვ. ქართული თეოლოგიის განვითარებისა და შემდგომი ფორმირების პროცესში უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა იონა ხელაშვილმა (1778-1837 წწ.), უაღრესად განათლებულმა ქართველმა ღვთისმეტყველმა და ფილოსოფოსმა, დიდი ქართველი მოაზროვნის, სოლომონ დოდაშვილის (1805-1836 წწ.) მეგობარმა და თანამოაზრემ. იონა ხელაშვილის ფილოსოფიური ღვთისმეტყველება ქრისტიანული სარწმუნოების მთავარი ღირებულებების განმტკიცებასა და აღორძინებას ისახავს მიზნად. მან მართლმადიდებლობის მრწამსი ასე განსაზღვრა: სიმშვიდე, თავმდაბლობა და ქრისტესმიერი კაცთმოყვარეობა. იგი საგანგებოდ განიხილავს ისეთ სიღრმისეულ თეოლოგიურ პრობლემებს, როგორიცაა: ღმერთის არსებობის, სულის უკვდავების, სულისა და სხეულის ურთიერთმიმართების, ნების თავისუფლების და სხვ. საკითხები. ქართული საღვთისმეტყველო კვლევების თვალსაზრისით განსაკუთრებით საგულისხმო და მნიშვნელოვანია იონა ხელაშვილის „ღვთისმეტყველება სამნაწილედი“, რომელიც 1815 წ. არის დაწერილი. ეს ნაშრომი სამი ძირითადი ნაწილისაგან შედგება: ბუნებითი ღვთისმეტყველება, განცხადებითი ღვთისმეტყველება და ზნეობითი ღვთისმეტყველება. ქართული ღვთისმეტყველების ისტორიაში თავისი ადგილი აქვს იონა ხელაშვილის მეტად საყურადღებო ქადაგებებს, რომელიც მას სანკტ-პეტერბურგში დედოფალთა და ბატონიშვილთა კარის ეკლესიაში წარმოუთქვამს. ამ ქადაგებებშიც ჩანს ქართველი ღვთისმეტყველის ფართო და ღრმა განათლების კვალი: იგი მსჯელობისას არა მარტო საღმრთო წერილს მოიშველიებს, არამედ ფილოსოფიასაც მოიხმობს.
ქართული თეოლოგიური ტრადიციის განახლება და მისი თვისებრივად ახალ სიმაღლეებზე აყვანა დაკავშირებულია გაბრიელ ქიქოძის (1825-1896 წწ.) საღვთისმეტყველო მოღვაწეობასთან. ამას მოწმობს მისი ორტომიანი „ქადაგებანი“ (თქმულნი 1860-1870 წლებში). ამ ნაშრომში ქართული მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების უმნიშვნელოვანესი საკითხები მეტად ორიგინალურადაა დამუშავებული და გადმოცემული. ეს ქადაგებანი თავდაპირველად გამოიცა ქართულ ენაზე, ხოლო შემდეგ კი ითარგმნა რუსულ და ინგლისურ ენებზე.
XX საუკუნის საქართველოში, კომუნისტური რეჟიმის დამყარების შემდეგ, საღვთისმეტყველო კვლევა-ძიება, ფაქტობრივად, შეწყდა და თეოლოგიური პრობლემები მხოლოდ ირიბად თუ განიხილებოდა შუა საუკუნეების ფილოსოფიის ისტორიის სხვადასხვა საკითხთა გაშუქების დროს. ამდენად, ქართული ღვთისმეტყველება, როგორც მეცნიერული დისციპლინა, თავისი ბუნებრივი განვითარების მიღმა აღმოჩნდა.
თეოლოგიური პრობლემების აქტიური კვლევა-ძიება საბჭოთა რეჟიმის შესუსტებისა და დამხობის შემდეგ კვლავაც შესაძლებელი გახდა. XX საუკუნის ბოლოსა და XXI საუკუნის დასაწყისის საქართველოში არაერთი საყურადღებო მონოგრაფია, სტატია, ენციკლოპედია, ლექსიკონი, ჟურნალი და ა.შ. გამოიცა, რომლებშიც თეოლოგიის საფუძველმდებარე საკითხები და აქტუალური პრობლემები განიხილება. ამდენად, ქართული ღვთისმეტყველება, ერთი მხრივ, თავის ისტორიულ ფესვებს უბრუნდება, ხოლო, მეორე მხრივ, დროის გამოწვევებს პასუხობს. ამ პროცესში მას დიდად წაადგება ქართული საღვთისმეტყველო ტრადიციისა და სიბრძნისმეტყველების „უშრეტი წყაროები“.
3 -გამოყენებული ლიტერატურა
• ანტონ ბაგრატიონი: წყობილსიტყვაობა, გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა, კომენტარები და ლექსიკონი დაურთო ი. ლოლაშვილმა, თბილისი: „მეცნიერება“,1980 წ.
• არეოპაგიტული კრებული. დიონისე არეოპაგელი და პეტრე იბერიელი ძველქართულ მწერლობაში, გამოსაცემად მოამზადა ი. ლოლაშვილმა, თბილისი: „მეცნიერება“, 1983 წ.
• ზაქარაძე, ლ.: იონა ხელაშვილი – დიდი ქართველი ღვთისმეტყველი ეპოქათა გზაგასაყარზე, ჟურნალში: „უფლის ციხე“, # 2 (თბილისი, 2012 წ.), გვ. 70-74.
• იოანე დამასკელი: დიალექტიკა, ქართული თარგმანების ტექსტი გამოსცა, გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთო მ. რაფავამ, თბილისი: „მეცნიერება“, 1976 წ.
• იოანე პეტრიწი: განმარტებაჲ პროკლესთჳს დიადოხოსისა და პლატონურისა ფილოსოფიისათჳს, ტ. II, ქართული ტექსტი გამოსცეს და გამოკვლევა დაურთეს შ. ნუცუბიძემ და ს. ყაუხჩიშვილმა, ტფილისი: „ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1937 წ.
• ირემაძე, თ.: ფილოსოფია და ღვთისმეტყველება, ჟურნალში: „უფლის ციხე“, # 2 (თბილისი, 2012 წ.), გვ. 58-64.
• ირემაძე, თ.: ფილოსოფია ეპოქათა და კულტურათა გზაგასაყარზე. ინტერკულტურული და ინტერდისციპლინური კვლევები, თბილისი: „ნეკერი“, 2013 წ.
• ირემაძე, თ.: ფილოსოფია და თეოლოგია შუა საუკუნეების ქართულ აზროვნებაში (ანონიმი ავტორი, ეფრემ მცირე, იოანე პეტრიწი), კრებულში: ფილოსოფია და თეოლოგია შუა საუკუნეების საქართველოში, კრებულის შემდგენელი და სამეცნიერო რედაქტორი - თ. ირემაძე, თბილისი: „ფავორიტი პრინტი“, 2016 წ., გვ. 8-20.
• ირემაძე, თ.: შუა საუკუნეების ქართული ფილოსოფია. სისტემური მონახაზი მისი სპეციფიკის გასაგებად, თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2019 წ.
• ირემაძე, თ.: ახალი დროის ქართული ფილოსოფია. სისტემური მონახაზი მისი სპეციფიკის გასაგებად, თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2020 წ.