აბუსერისძე ტბელი
1 -ცხოვრება და მოღვაწეობა
რენესანსულად აღიარებული შუა საუკუნეების მრავალფეროვანი ქართული კულტურის ერთ-ერთი ბოლო გამოძახილია XIII საუკუნის პირველ ნახევარში ზემო აჭარაში, ხიხანის მონასტერში მოღვაწე დიდი სწავლულის, მწერლისა და ჰიმნოგრაფიული კანონის ავტორის, აბუსერისძე ტბელის (დაახლ. 1190-1240) შემოქმედება.
აბუსერისძე ტბელი შუა საუკუნეების დიდი ფეოდალური გვარის, აჭარის ერისთავთერისთავთა - აბუსერისძეების ცნობილი ოჯახის შთამომავალია. ისტორიულ წყაროებში ეს გვარი პირველად XI საუკუნის პირველი ნახევრიდან იხსენიება. ის ოთხი საუკუნის განმავლობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა საქართველოს პოლიტიკურ და საგანმანათლებლო ცხოვრებაში.
მეცნიერებაში დადგენილია, რომ ტბელი სახელოვანი სწავლულის სახელია. საკუთარ ბიოგრაფიაზე ტბელი თვითონვე მოგვითხრობს მის მიერვე შედგენილ „მოსახსენებელში“. სწორედ ამ წყაროშია აღნიშნული, რომ აბუსერისძე ტბელის მამა ყოფილა ერისთავთერისთავი ივანე, ხოლო დედა დიოფალ-დიოფალი ხათუთა. ტბელის მამა თურქებს მოუკლავთ, რის შემდეგაც დედა მონაზვნად აღკვეცილა.
ტბელის მშობლებს ექვსი შვილი ჰყოლიათ: აბუსერი, ვარდანი, ტბელი, საგდუხტი, ცაცა და ვანენი. საკუთრივ ტბელს ჰყოლია ცოლი ბაგულ და შვიდი შვილი, რომელთაგან ორი, ტყუპი ქალ-ვაჟი, ადრეულ ასაკში გარდაცვლილა. ცნობილია მისი დანარჩენი შვილების სახელები: რუსუდანი, ზაქარია, ივანე, ონოფრე და აღსართანი. აზრთა სხვადასხვაობაა იმის თაობაზე, ეს ხუთი შვილი საკუთრივ ტბელის იყვნენ თუ ცოლს - ბაგულის - პირველი ქორწინებიდან ჰყავდა. ადრეულ ასაკში გარდაცვლილი ტყუპი ქალ-ვაჟი კი ნამდვილად ტბელის შვილები იყვნენ.
ასევე დადგენილია, რომ აბუსერისძე ტბელი ცოლს გაშორებია, რაც დაკავშირებული უნდა იყოს მის ბერად აღკვეცასთან. ბოლო გამოკვლევების თანახმად, ტბელი სასულიერო პირი იყო, თუმცა, ეპისკოპოსი არ ყოფილა.
აბუსერისძე ტბელის მრავალმხრივი შემოქმედებიდან კარგად ჩანს, რომ მას საფუძვლიანი და ღრმა განათლება ჰქონდა სხვადასხვა სფეროში. გამოთქმულია ვარაუდი, რომ მას ასეთი საფუძვლიანი განათლება მიღებული უნდა ჰქონდეს გელათის აკადემიაში.
ტბელი თავის ძმებთან, აბუსერთან და ვარდანთან ერთად დიდად ზრუნავდა მწერლებზე, ხელნაწერების შექმნა-გამრავლებაზე და სხვ. ამის თაობაზე მოთხრობილია XIII საუკუნის შუა ხანების საქართველოს კათოლიკოსის, არსენ ბულმაისიმისძის ერთ ეპისტოლეში.
ტბელი გარდაცვლილა დაახლოებით 50 წლის ასაკში. მაგრამ როდის, როგორ და რა ვითარებაში გარდაიცვალა ის, უცნობია.
ტბელი ძირითადად მოღვაწეობდა ხიხანის ციხეში მის მიერვე წმ. გიორგის სახელზე აგებულ ეკლესიაში. სწორედ ამ ეკლესიისთვის მან შეადგინა კრებული, სადაც შესულია სხვადასხვა ავტორთა ათეულობით განსხვავებული ხასიათისა და სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოები (სამეცნიერო, მხატვრული, რელიგიური და სხვ.). კრებული გადაწერილია 1233 წელს. ამ დროიდან კრებულს ბევრი „უმოგზაურია“: ხიხანი - საფარის წმინდა საბას ლავრა - გელათი - მოსკოვი - მცხეთა - საეკლესიო მუზეუმი. ამჟამად კრებულის ხელნაწერი ინახება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. სპეციალურ გამოკვლევებში ხაზგასმულია კრებულის შემდგენლის დიდი ერუდიცია, განათლებულობა და რედაქტორული საქმიანობის მაღალი კვალიფიკაცია.
2 -შემოქმედება
აბუსერისძე ტბელის შედგენილ კრებულში შესულია, აგრეთვე, მისი სამი მთავარი თხზულება: ჰიმნოგრაფიული კანონი „გალობანი სამთა იოვანეთა“ (ნათლისმცემლისა, მახარებლისა და ოქროპირისა), კალენდარულ-მათემატიკური ნაშრომი „ქრონიკონი სრული მისითა საუწყებელითა განგებითა“ და ჰაგიოგრაფიული ხასიათის მხატვრული ნაწარმოები „ახალნი სასწაულნი წმიდისა გიორგისნი“.
აბუსერისძე ტბელის შემოქმედების უბრალო თვალის გადავლება ცხადს ხდის, რომ მასთან გვხვდება მნიშვნელოვანი და თავისი ეპოქის აქტუალური მსოფლმხედველობრივი იდეებიც, რაც იმ რანგის შემოქმედისთვის, როგორიც ის იყო, სულაც არ არის გასაკვირი. ამ მიმართებით ყურადღებას იმსახურებს 1541 წელს საფარის მონასტერში წმ. საბას ლავრაში გადაწერილი დოგმატურ-სამეცნიერო წიგნი, რომლის შესახებაც ანდერძში აღნიშნულია: „ადიდე ღმერთმან ორთავე სუფევათა შინა მღუდელთმთავართ მთავარეპისკოპოსი მაწყუერელი იოაკიმ, რომლისა ბრძანებითა დაიწერა წმიდა ესე უზაკველი და ყოვლით უნაკლულო საფილოსოფო წიგნი“ .
აღნიშნულ დოგმატურ კრებულში შესულია ტბელის „ქრონიკონი სრული მისითა საუწყებელითა განგებითა“ და „გალობანი მწვალებელთა შეჩუენებისანი“. რაკი კრებული მოხსენიებულია „უნაკლულო საფილოსოფო წიგნად“, ეს ეპითეტი, ეჭვგარეშეა, ტბელის შრომებზეც ვრცელდება.
საერთოდ, აბუსერისძე ტბელის შემოქმედებაში მსოფლმხედველობრივ იდეებზე მსჯელობისას იგულისხმება: ტბელის მიერ ხელთუქმნელი ხატის კულტის დაწესების მცდელობა, მხატვრულ ნაწარმოებში წმიდა გიორგის ჩართვა მესიანისტური იდეით და ქვეყნის აღსასრულზე საკუთარი თვალსაზრისის ჩამოყალიბება.
მსოფლმხედველობრივი თვალსაზრისით, აბუსერისძე ტბელის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ხელთუქმნელი ხატის კულტის დაწესების მცდელობას. ანტონ პირველიც მიუთითებდა ხელთუქმნელი ხატის შესახებ და ეს პირდაპირ თუ არაპირდაპირ უკავშირდება ტბელს, რაც მის შემოქმედებაში გარკვეული მსოფლმხედველობითი იდეის არსებობის მაჩვენებელიცაა.
ხელთუქმნელი ხატის კულტის დაწესება საქართველოში ლიტურგიკულ პრაქტიკაში აბუსერისძე ტბელის სახელს უკავშირდება. ასურელ მამათაგან ერთ-ერთის, ანტონ მარტყოფელის მიერ საქართველოში ჩამოტანილი ხელთუქმნელი ხატის თიხის ასლს ტბელამდე ყურადღებას არავინ აქცევდა. ხვარაზმელთა შემოსევის შემდეგ საჭირო ხდება მესიანისტური იდეის გამოცოცხლება, რაც ასახულია სხვადასხვა ავტორთა გალობებში, თუმცა, მათგან მხოლოდ ტბელი ცდილობს ხელთუქმნელი ხატის დღესასწაულის დამკვიდრებას. მაგრამ ტბელის ეს იდეა საბოლოოდ განუხორციელებელი დარჩა.
მსოფლმხედველობრივი თვალსაზრისით, მსგავს ვითარებასთან გვაქვს საქმე აბუსერისძე ტბელის მხატვრულ ნაწარმოებში - „ახალი სასწაულნი წმიდისა გიორგისნი“ - სადაც „შემოყვანილია“ წმინდა გიორგი, რომელსაც ხელთუქმნელი ხატის მსგავსად ასევე მესიანისტური მისია აკისრია. ასე რომ, აბუსერისძე ტბელის მცდელობა ხელთუქმნელი ხატის კულტის დაწესებისა და ამავე მესიანისტური იდეით წმინდა გიორგის კულტის დატვირთვა, მისი საერთო მსოფლმხედველობის - ქვეყნის გაერთიანება-გამთლიანების იდეით არის ნაკარნახევი და ამ იდეას ემსახურება.
აბუსერისძე ტბელის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია კალენდარულ-მათემატიკურ ნაშრომს - „ქრონიკონი სრული მისითა საუწყებელითა განგებითა“ - რომლის შესახებ მარი ბროსე აღნიშნავდა: „ქართველებმა 1233 წელს უკვე იცოდნენ ნახევარი იმ ცდომილებისა, რომელმაც 1582 წელს პაპი გრიგოლ XII აიძულა შესდგომოდა კალენდრის შესწორებას“. აღსანიშნავია, რომ ტბელამდე საქართველოში არსებობდა ორი კალენდარი: იოანე ზოსიმესი (907 წ.), რომელსაც ტბელი არ იცნობდა, და იოანე შავთელისა (947 წ.), რომელსაც ტბელი აუმჯობესებს.
ქრისტიანულ სამყაროში იყო აზრი, რომ გარკვეული დროის შემდეგ დადგება სამყაროს აღსასრული. ეს აზრი გაზიარებული და განმტკიცებული იყო საქართველოშიც. მაგრამ, ბერძნებისგან განსხვავებით, რომელთა გამოანგარიშებით ქვეყნის გაჩენიდან 7 000 წელი სრულდებოდა 1492 წელს და ეს წელი მიჩნეული იყო ქვეყნის აღსასრულად, ტბელის გამოანგარიშებით სამყაროს აღსასრული თითქმის ერთი საუკუნით ადრე - 1396 წელს უნდა დამდგარიყო. ეს არის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რითაც ტბელის კალენდარი არსებული კალენდრის გამოთვლებისგან განსხვავდებოდა. თუმცა, ეს არის რელიგიური მსოფლხედველობიდან მომდინარე თვალსაზრისი, რომელიც მოკლებულია მეცნიერულ საფუძველს. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ეს გამოთვლა ტბელს ეკუთვნის და, რაც მთავარია, იგი ატარებს გარკვეულ მსოფლმხედველობრივ დატვირთვას.
აბუსერისძე ტბელის შემოქმედებაში გვხვდება ფილოსოფიისთვის საყურადღებო მსოფლმხედველობრივი იდეები. ერთი მხრივ, ეს არის ქვეყნის გაერთიანება-გამთლიანების მსოფლმხედველობრივი იდეა, რისთვისაც ტბელი ცდილობს დააფუძნოს ხელთუქმნელი ხატის კულტი და ამავე მიზნით მხატვრულ ნაწარმოებში მესიანისტური მიზნით „გააცოცხლოს“ წმინდა გიორგი. მეორე მხრივ კი, რელიგიური მსოფლმხედველობის პოზიციიდან ის ქვეყნის აღსასრულის განახლებულ თვალსაზრისს გვთავაზობს.
ტბელის კალენდარულ-მათემატიკურ ნაშრომს საქართველოში შექმნილი მდგომარეობის გამო შემდგომში პრაქტიკული გამოყენება არ ჰქონია. თუმცა, გვიან, რომის პაპმა გრიგოლ XII-მ 1582 წელს ტბელის მიერ აღმოჩენილი მსგავსი ცთომილების საფუძველზე კალენდარში შესწორებების შეტანა დაიწყო. ნაშრომს სასწავლო-პედაგოგიური დანიშნულებაც გააჩნდა.
3 -გამოყენებული ლიტერატურა
• აბუსერისძე ტბელი: თხზულებანი, ბათუმი: გამომცემლობა „აჭარა“, 1998 წ.
• აბუსერისძე ტბელი: ბოლოკ-ბასილის მშენებლობა შუარტყალში და აბუსერისძეთა საგვარეულო მატიანე, გამოსცა ლ. მუსხელიშვილმა, თბილისი: „საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა“, 1941 წ.
• თვარაძე, რ.: აბუსერისძე ტბელის ნოველა (სასწაულნი წმიდისა გიორგისნი), ჟურნალში: „ჭოროხი“,#5 (1983 წ.), გვ. 83-86.
• კეკელიძე, კ.: ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. I, თბილისი: „მეცნიერება“, 1980 წ., გვ. 330-331.
• სიხარულიძე, ი.: ნათელი დაუღამებელი, ბათუმი: „საბჭოთა აჭარა“, 1979 წ.
• ქართული ფილოსოფიური აზრის ისტორია, ტ. II, თბილისი: „უნივერსალი“, 2013 წ., გვ. 227-233.
• ხალვაში რ.: ტბელ აბუსერისძის უცნობი ჰიმნოგრაფიული კანონი „გალობანი წმიდისა ღმრთისმშობლისანი“, იხ.: შრომები, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სერია, ბათუმი, 2005 წ., გვ. 190-198.