ფილოსოფიური ურბანისტიკა
1 -განსაზღვრება და სისტემური კლასიფიკაცია
XXI საუკუნის ქართულ ფილოსოფიაში გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევით ინსტიტუტში ქართველ და უცხოელ მკვლევართა (თ. ირემაძე, ჰ. შნაიდერი, ლ. ზაქარაძე, გ. ხუროშვილი, მ. გოგატიშვილი, გ. თავაძე, უ. რ. იეკი) ინტენსიური და პროდუქტიული თანამშრომლობის შედეგად დაფუძნდა ახალი ფილოსოფიური დისციპლინა „ფილოსოფიური ურბანისტიკა“, რაც დოკუმენტურად აისახა კიდეც 2014 წელს გამოცემულ სამეცნიერო კრებულში „ფილოსოფიური ურბანისტიკა“ (თბ., 2014 წ., 162 გვ.).
ფილოსოფიური ურბანისტიკა არის დამოუკიდებელი ფილოსოფიური დისციპლინა ქალაქის თემატიკის შესახებ. ფილოსოფიური სისტემატიზაციის ფარგლებში შესაძლებელია, რომ ფილოსოფიური ურბანისტიკა მჭიდრო კავშირში იქნეს განხილული კულტურის ფილოსოფიის, კერძოდ კი, კულტურის ანთროპოლოგიის ჭრილში. აღნიშნულ დისციპლინათა საფუძველს ქმნის სივრცე, რომელიც ადამიანის სივრცედ გარდაიქმნება და არსებითად ახალ თვისებრიობას იძენს. არსებობს სხვა დისციპლინებიც, რომლებსაც თავისი წვლილის შეტანა შეუძლიათ ფილოსოფიური ურბანისტიკის დაფუძნების საქმეში; ეს დარგებია: ესთეტიკა (კერძოდ, არქიტექტურის თეორია), სოციალური თეორია, კომუნიკაციისა და მედიის თეორიები. ფილოსოფიური ურბანისტიკა, როგორც ადამიანური სივრცის ფილოსოფია, ასევე, მჭიდრო კავშირშია ფილოსოფიურ გეოგრაფიასთან.
ფილოსოფიური ურბანისტიკის ბირთვს ქმნის მოძღვრება სახლის შესახებ. ფილოსოფიის ქალაქთან კავშირი მრავალი კონკრეტული ქალაქის სახით ვლინდება. ეს ნათელია ათენისა და იერუსალიმის, ბაღდადისა და ფლორენციის, ალექსანდრიისა და რომის, ტოკიოსა და მოსკოვის და კიდევ სხვა მრავალი ქალაქის მაგალითზე. ქალაქის ნაგებობების სემიოტიკა მათ საზრისს ააშკარავებს. ფილოსოფიური ურბანისტიკის რეფლექსიის საგანს განეკუთვნება, ასევე, ქალაქში ბუნების გამოვლინება – მცენარეების, ცხოველების და ლანდშაფტის ფორმების (მდინარე, მთა და ა.შ.) სახით.
2 -ტერმინოლოგია და არსებული კვლევები
ურბანისტიკის ტერმინოლოგია, ფართოდ გავრცელებული გამოყენების ჭრილში, არაერთგვაროვანია. თავად ტერმინი - „ფილოსოფიური ურბანისტიკა“ - სიახლეს წარმოადგენს. მისი სინონიმია „ქალაქის ფილოსოფია“. ურბანისტიკა, ფართო აზრით, მრავალ ემპირიულ, გამოყენებით და კონკრეტულ დისციპლინას მოიცავს. „ურბანიზმი“, უწინარეს ყოვლისა, პრაქტიკაზე ორიენტირებულ დამოკიდებულებასა და ცხოვრების წესს გამოხატავს.
ჯერჯერობით არ არსებობს მწყობრად და სისტემურად ჩამოყალიბებული ფილოსოფიური თეორია ქალაქის შესახებ. აქამდე, შესაბამისად, არც მისი შემსწავლელი ფილოსოფიური დისციპლინა არსებობდა. არსებობს მხოლოდ ცალკეული ნაშრომები, რომლებშიც ქალაქის ესა თუ ის ასპექტია გამოკვლეული. აქ ყურადღება გამახვილებულია ქალაქის შემადგენელ ცალკეულ ელემენტებზე: სახლებზე, ტაძრებზე, ხიდებზე, ტრანსპორტზე, ბაღებზე, პარკებზე და თვით უტოპიურ ქალაქზეც კი. ამგვარი განაზრებების სათავეებთან დგას ვალტერ ბენიამინი (1892-1940 წწ.), რომელმაც, როგორც „მოხეტიალემ“ (flâneur), თავის „პასაჟების შესახებ ნაშრომში“ (1927 წ.) დაგვიტოვა სისტემატური განაზრებები პარიზის, მარსელის, მოსკოვის, ნეაპოლისა და სხვა ქალაქების შესახებ. მარტინ ჰაიდეგერისთვის (1889-1976 წწ.) ამოსავალი იყო სახლის ცნება (იხ. მისი ნაშრომი „შენება - ცხოვრება - აზროვნება“, 1951 წ.), ხოლო ჰაინც პეტცოლდმა (1941-2012 წწ.) თავის მრავალრიცხოვან ნაშრომებში ქალაქის ფილოსოფიისა და კულტურის შესახებ ნაყოფიერად განავითარა ვალტერ ბენიამინის იდეები.
„ფილოსოფიურ ურბანისტიკაში“ (თბ., 2014 წ.) შესული ორიგინალური გამოკვლევების შედეგად ქართულ ფილოსოფიაში ქალაქის თემატიკა ერთ-ერთ აქტუალურ კვლევით მიმართულებად იქცა. საქართველოს რამდენიმე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა მიმართულების სტუდენტები ცალკე კურსს შეისწავლიან ფილოსოფიური ურბანისტიკის, როგორც დამოუკიდებელი ფილოსოფიური დისციპლინის შესახებ. ეს კი ნაყოფიერ ნიადაგს ქმნის ამ დარგის სამომავლო განვითარების კუთხით. ფილოსოფიური ურბანისტიკისა და მისი მომიჯნავე სფეროების (ინტერკულტურული ფილოსოფია და ფილოსოფიური გეოგრაფია) ინტერდისციპლინურ კონტექსტში განხილვა, ასევე, ფილოსოფიური ურბანისტიკის საკუთრივი თემატიკის გამოკვეთა მომავალი კვლევა-ძიების ამოცანა უნდა გახდეს.
3 -სამეცნიერო ლიტერატურა
• ირემაძე, თ.: ვალტერ ბენიამინი. ცხოვრება - მოღვაწეობა - აქტუალობა, თბილისი: „ნეკერი“, 2008 წ.
• ირემაძე, თ. (რედ.), ახალი სამეცნიერო-კვლევითი პროექტები ფილოსოფიაში (ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტი. ფილოსოფიის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, 2010 წლის 18 ნოემბერი), თბილისი: „გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 2010 წ.
• ირემაძე, თ. / შნაიდერი, ჰ. / ზაქარაძე, ლ. / ხუროშვილი, გ. / გოგატიშვილი, მ. / თავაძე, გ.: ფილოსოფიური ურბანისტიკა, რედაქტორები - თ. ირემაძე, ჰ. შნაიდერი, თბილისი: „ნეკერი“, 2014 წ.
• შნაიდერი, ჰ.: ფილოსოფიური გეოგრაფია, გერმანულიდან თარგმნა გ. თავაძემ, თბილისი: „ნეკერი“, 2010 წ.
• Heidegger, M.: Bauen Wohnen Denken, in: M. Heidegger, Gesamtausgabe, Bd. 7, Vorträge und Aufsätze, Frankfurt am Main: Vittorio Klostermann, 2000, გვ. 145-164.
• Paetzold, H. (ed.): City Life: Essays on Urban Culture, Maastricht: Jan Van Eyck Editions, 1997.
• Paetzold, H.: Symbol, Culture, City. Five Exercises in Critical Philosophy of Culture, Maastricht: Jan Van Eyck Akademie, 2000.
• Paetzold, H.: Urbanismus, in: Ästhetische Grundbegriffe. Historisches Wörterbuch in sieben Bänden, Bd. 6, hg. von K. Barck, M. Fontius, D. Schlenstedt, B. Steinwachs und F. Wolfzettel, Stuttgart: Metzler, 2005, გვ. 281-311.
• Paetzold, H. (ed.): Integrale Stadtkultur (Philosophische Diskurse 7), Weimar: Verlag der Bauhaus-Universität Weimar, 2006.
• Schmied-Kowarzik, W. / Schneider, H. (eds): Zwischen den Kulturen. Im Gedenken an Heinz Paetzold (Kasseler Philosophische Schriften – Neue Folge 5), Kassel: Kassel University Press, 2012.