მატერიალიზმი
1 -მატერიალიზმის მოკლე ისტორია
მატერიალიზმი გულისხმობს იმ ტიპის მსოფლმხედველობას, რომლის მიხედვითაც მატერიალურს უპირატესობა ენიჭება იდეალურის, გონისმიერისა და სულიერის წინაშე. აქედან გამომდინარე, მატერიალისტები იდეალური და სულისმიერი პროცესების მატერიალურ პროცესებზე რედუცირებას ახდენენ და სამყაროს თაურსაწყისად მატერიას, ნივთიერ საწყისს მიიჩნევენ. მატერიალიზმის საპირისპირო მსოფლმხედველობად იდეალიზმი მიიჩნევა.
წინასოკრატელი ფილოსოფოსები სამყაროსა და სინამდვილის თაურწყაროდ ნივთიერ საწყისს მიიჩნევდნენ: თალესთან ასეთი საწყისი წყალია, ანაქსიმენთან ჰაერი, ჰერაკლიტესთან ცეცხლი და ა.შ. მაშასადამე, აქ მთელი სინამდვილის წყარო ნივთიერი საწყისია, რომელიც ცოცხალი და გასულიერებულია. ამგვარად ჩაეყარა საფუძველი ჰილოძოიზმს, ფილოსოფიურ მიმართულებას, რომლის მიხედვითაც მთელი სამყარო ცოცხალ მთლიანობას წარმოადგენს. ასე რომ, იონიელი ბუნების ფილოსოფოსები ჰილოძოისტები იყვნენ. მიუხედავად ამისა, იონიელი მოაზროვნეები, მკაცრი აზრით, მატერიალისტებად ვერ ჩაითვლებიან. მატერიალიზმის ისტორიის კუთხით წინგადადგმული ნაბიჯი იყო დემოკრიტესა და ლევკიპეს ატომიზმი, რომლის თანახმად განუყოფელი ატომები, მათი შეკავშირება და დაშლა ქმნის სამყაროს არსსა და არსებობას. დემოკრიტეს ატომიზმი კიდევ უფრო განავითარა ეპიკურემ და მას ანთროპოლოგიურ-ეთიკური დატვირთვა მისცა: ნივთიერი არის გრძნობადი, კონკრეტული, რომელიც მხიარული, სიამოვნების მომგვრელი ცხოვრების წესის განმსაზღვრელია.
დემოკრიტეს ატომიზმსა და სამყაროს „მატერიალისტურ ხედვას“ დაუპირისპირდა პარმენიდე, რომელმაც ნამდვილი, ჭეშმარიტი ყოფნის სტატუსი იდეალურ არსს მიანიჭა და გრძნობადი, მატერიალური არანამდვილად, მოჩვენებითად გამოაცხადა. პარმენიდეს ცნობილი დებულების თანახმად, „არსი არის და არარსი არ არის“, რაც იმას ნიშნავს, რომ არსი მარადიული და უცვლელია, ხოლო არარსი კი წარმავალი და ცვალებადი. პარმენიდეს „ანტიმატერიალისტური“ ხედვა განივრცო პლატონის ფილოსოფიაში, სადაც ჭეშმარიტი, ნამდვილი არსებობა იდეათა სამყაროს მიეწერება, ხოლო გრძნობადი სამყარო კი მოჩვენებას, არანამდვილს წარმოადგენს. არისტოტელემ გრძნობადი, ნივთიერი, მატერიალური სხეულთა სამყაროს დამახასიათებელ თვისებად განიხილა, რომელიც, საბოლოო ჯამში, შესაძლებლობაა („პოტენცია“), მისი სინამდვილეში („აქტივობა“) მომყვანი კი არის ფორმა, იდეალური საწყისი. ქრისტიანულ ფილოსოფიაში გრძნობადისა და არაგრძნობადის, მატერიალურისა და იდეალურის ურთიერმიმართების არისტოტელესეული მოდელი განვითარდა, რის შედეგადაც გრძნობად-მატერიალური სფეროს წინაშე ღვთაებრივ სფეროს ცალსახა უპირატესობა მიენიჭა. ქრისტიანული სქოლასტიკის ფარგლებში გრძნობადი სამყარო ღვთაებრივი სამყაროს მხოლოდ ფერმკრთალ ანარეკლად აღიქმება.
მატერიალიზმის განვითარების კუთხით წინგადადგმული ნაბიჯი იყო ახალი დროის საბუნებისმეტყველო მეთოდების (დაკვირვება, ექსპერიმეტი, ინდუქცია და ა.შ.) განვითარება. აქ მატერია და მატერიალური საგნები მასისა და მოძრაობის ცნებათა მეშვეობით იქნა დახასიათებული. მატერიალური სამყარო მათემატიკურ-გეომეტრიული მეთოდების დახმარებით შეიძლება გავზომოთ, ხოლო მისი არსი კი ექსპერიმენტების დახმარებით უკეთ შეიძლება იქნეს ახსნილი. მიუხედავად ახალი დროის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში შემუშავებული და განვითარებული ექსპერიმენტული მეთოდოლოგიისა, ვერ ვიტყვით, რომ ახალი დროის მეცნიერების მოდელი მატერიალისტური იყო, რადგან აქ მატერიალური სამყაროს ასახსნელად გრძნობადი საგნებისგან აბსტრაქცია და განყენება (მაშასადამე, „იდეალიზება“) ხდებოდა და არა მეცნიერულ შინაარსთა მატერიალურ არსებულებზე დაყვანა და რედუცირება („მატერიალიზება“). განსაკუთრებული როლი მატერიალიზმის განვითარების ისტორიაში მაინც ფრანგულმა განმანათლებლობამ (პაულ ანრი ჰოლბახი, დენი დიდრო, კლოდ ადრიან ჰელვეციუსი) შეიტანა, რომლის ერთ-ერთი მყარი საფუძველი სამყაროს მატერიალისტური ხედვა იყო. სწორედ ამ პერიოდში ხდება განსაკუთრებით აქტუალური სამყაროს მექანისტური ხედვა, რომლის მიხედვითაც სხეული მანქანის ფუნქციების მსგავსად (ანალოგიურად) მოქმედებს (ეს მოდელი თომას ჰობსმა სახელმწიფოზეც განავრცო). ცნობიერების პროცესების ახსნა მატერიალურ პროცესებზე დაყვანითა და მათი მეშვეობით ხდება. ფრანგული მატერიალიზმის ერთ-ერთი დიდი წარმომადგენელია ჟიულენ ოფრე დე ლამეტრი (1709-1751 წწ.), რომლის მთავარ ნაშრომში „ადამიანი მანქანა“ (1748 წ.) სამყაროს მატერიალისტური ხედვა თვალსაჩინოდ არის წარმოდგენილი. ფრანგული მატერიალიზმის სხვადასხვა იდეები გავრცელდა გერმანულ აზროვნებაში (კარლ ფოგტი, იაკობ მოლეშოტი, ლუდვიგ ბიუხნერი და სხვ.), მაგრამ გერმანული მატერიალიზმის წამყვანი ფიგურა მაინც ლუდვიგ ფოიერბახი (1804-1872 წწ.) გახდა, რომელმაც ანთროპოლოგიური მატერიალიზმის კონცეფცია განავითარა და მატერიალური არსებები სხეულებრივ-გრძნობად არსებებად გაიგო. კარლ მარქსმა (1818-1883 წწ.) XIX საუკუნის (განსაკუთრებით, ფოიერბახის) მატერიალიზმისა და ჰეგელის დიალექტიკური მეთოდის დაკავშირებით ისტორიული მატერიალიზმის კონცეფცია შექმნა, რომლის მთავარი მიზანი ისტორიის ადეკვატური გაგება იყო. ისტორია აქ გაგებული იქნა წარმოების პროცესად, რის შედეგადაც ცნობიერების ისტორიულ ფორმათა წარმოებით ურთიერთობებზე დაყვანის გზით ისტორიის საზრისის გაშიფვრა ხდებოდა. ყოფიერება განსაზღვრავს ცნობიერებას, ხოლო საზოგადოების განვითარების პროცესი კლასობრივი ბრძოლის ასპარეზად არის ქცეული. შესაბამისად, მარქსი საზოგადოებრივი ყოფნის შემდეგ ფორმებს გამოყოფს: პირველყოფილი, მონათმფლობელური, ფეოდალური და კაპიტალისტური საზოგადოება. ყველა ამ საზოგადოებრივი ფორმაციის დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ურთიერთმიმართებას წარმოების ძალებსა და წარმოების საშუალებებს შორის. ჰეგელსა და მარქსზე დაყრდნობით ფრიდრიხ ენგელსმა (1820-1895 წწ.) დიალექტიკური მატერიალიზმის კონცეფცია განავითარა, რომლის მიხედვითაც დიალექტიკის კანონები არა მარტო ისტორიასა და საზოგადოებაში არიან ქმედითი ძალისანი, არამედ ბუნებაშიც. ენგელსმა ბუნებისა და საზოგადოების არსებობის სამი უნივერსალური კანონი გამოკვეთა: (1) რაოდენობიდან თვისებრიობაში გადასვლის კანონი; (2) დაპირისპირებულთა ერთიანობის კანონი; (3) უარყოფის უარყოფის კანონი. დიალექტიკური მატერიალიზმი ისტორიულ მატერიალიზმთან ერთად ვლადიმერ ლენინმა (1870-1924 წწ.) და იოსებ სტალინმა (1878-1953 წწ.) სახელმწიფო დოქტრინის რანგში აიყვანეს, რაც საფუძვლად დაედო „საბჭოთა მარქსიზმს“, ე.წ. „მარქსიზმ-ლენინიზმს“, რომელიც საბჭოთა კავშირის ოფიციალურ პოლიტიკურ იდეოლოგიას წარმოადგენდა. მატერიალიზმისა და მარქსიზმის გავლენა ეტყობა ერნსტ ბლოხისა (1885-1977 წწ.) და ე.წ. „კრიტიკული თეორიის“ წარმომადგენელთა მოძღვრებებსაც.
2 -მატერიალიზმის კვლევა ქართულ ფილოსოფიაში
ქართული ფილოსოფია ქრისტიანული აზროვნების წიაღში წარმოიშვა და თვითმყოფადი სახე სწორედ ქრისტიანობაში პოვა. მისთვის უცხო იყო ევროპული ფილოსოფიური აზროვნების ამა თუ იმ ეტაპზე არსებული მძაფრი ბრძოლა მატერიალიზმსა და იდეალიზმს შორის. უფრო მეტიც, აქ წარმმართველი იყო ჰარმონიისა და თავსებადობის პრინციპი, რომლის მიხედვითაც, უფრო მეტად, ფილოსოფიურ სისტემებსა და მოძღვრებებში არსებულ მსგავსებებს ექცეოდა ყურადღება, ვიდრე მათ შორის არსებულ მკვეთრ განსხვავებებს. მაშასადამე, ჰარმონიისა და თავსებადობის პრინციპი არა მარტო ქართული ფილოსოფიის წარმმართველ პრინციპთაგანია. აქედან გამომდინარე, ქართული ფილოსოფიური აზრის წარმოდგენა და გადმოცემა „მატერიალიზმისა და იდეალიზმის დაპირისპირების ჭრილში“ თუნდაც იმიტომ არ არის მართებული, რომ ქართულ ფილოსოფიურ აზროვნებაში ამ სახის დაპირისპირება წარმმართველი არ ყოფილა. ამდენად, ქართული ფილოსოფიური ისტორიოგრაფიისთვის საბედისწერო აღმოჩნდა საბჭოთა მარქსისტულ-ლენინისტურ ფილოსოფიურ ლიტერატურაში მკაცრად დამკვიდრებული დაყოფა ფილოსოფიის უმდიდრესი ისტორიისა მხოლოდ „მატერიალისტურად“ და „იდეალისტურად“, რადგან ის ქართული თეორიული აზროვნების საკუთრივ ხასიათსა და თავისებურებას ვერ წვდება. XX საუკუნეში შექმნილი ქართული ფილოსოფიის ისტორიები სწორედ ამ კონცეპტუალური ქარგით არიან აგებულნი, რადგან მათ საფუძვლად უდევთ ამ პერიოდშივე შექმნილი მატერიალისტური ფილოსოფიური მსოფლმხედველობა. მაშასადამე, ამ პერიოდში შექმნილ გამოკვლევებს ფილოსოფიის ისტორიის ამა თუ იმ ეტაპის შესახებ მატერიალისტური ფილოსოფიური ისტორიოგრაფიის მკვეთრი კვალი ეტყობა, რომელიც ისტორიულ-სისტემური მიდგომით გამოირჩევა და ერთი „ჭეშმარიტი“ (ამ შემთხვევაში - მარქსისტული) ფილოსოფიური სისტემის კონტექსტში აფასებს საკაცობრიო ფილოსოფიური აზროვნების მიღწევებს.
პირველად სწორედ XX საუკუნის ქართულ ფილოსოფიაში გვხვდება მატერიალიზმის კვლევისა და მატერიალისტური ფილოსოფიის განვითარების კუთხით საინტერესო მცდელობები. ამ კუთხით მნიშვნელოვანი გამოკვლევები ეკუთვნის ცნობილ ქართველ ფილოსოფოსს, მოსე გოგიბერიძეს (1897-1949 წწ.), რომელიც დიალექტიკური და ისტორიული მატერიალიზმის აქტუალურ საკითხებს შეისწავლიდა. მატერიალიზმის ისტორიულ-სისტემური თემატიკის განხილვას ეძღვნება მისი საყურადღებო ნაშრომი „მატერიალიზმის და დიალექტიკის პრობლემების განვითარება მარქსამდე“ (თბ., 1928 წ.). ამ ნაშრომის პირველ ნაწილში დაწვრილებითაა განხილული მატერიალიზმის ისტორიულ-სისტემური საკითხები. თვით ავტორის განცხადებით, დიალექტიკური მატერიალიზმი მარქსისტული მსოფლმხედველობის ფილოსოფიურ საფუძველს წარმოადგენს და მისი ადეკვატური გაგებისთვის სწორედ მატერიალიზმის შესაფერისი შესწავლა-ათვისებაა საჭირო. მეთოდი, რომელსაც ამ ნაშრომში იყენებს მ. გოგიბერიძე, „ისტორიულ-გენეტიკურია“, რაც კარგად აჩვენებს იმ გზას, რომელიც მარქსისა და ენგელსის მატერიალისტური მოძღვრების მოსამზადებლად იყო საჭირო. აქ მარქსიზმის თეორიული და პრაქტიკული საკითხების უკეთ გასაშუქებლად სწორედ ისტორიულ-სისტემური მიდგომაა არჩეული, რადგან პრობლემების მხოლოდ ისტორიული განხილვისა და მატერიალიზმისა და დიალექტიკის ცალ-ცალკე შესწავლის გზით დიალექტიკური მატერიალიზმის ფილოსოფიაში შესვლა შეუძლებელია. ამიტომ მ. გოგიბერიძის კვლევითი ინტერესებისთვის წარმმართველია „მარქსისტულ-სისტემური ინტერესი“, რომლის მეშვეობითაც ისტორიული მნიშვნელობის მქონე პრობლემები მარქსიზმთან დაკავშირების საფუძველზეა შესწავლილი და გადმოცემული. ამ გამოკვლევაში უაღრესად საინტერესოდ არის განხილული XVIII საუკუნის ფრანგული მატერიალიზმი, მისი ისტორიულ-იდეოლოგიური წანამძღვრები და მთავარ წარმომადგენელთა მოძღვრებები; აქვე დახასიათებულია მატერიალისტური ნატურფილოსოფიის ძირითადი პრინციპები და ნაჩვენებია გზა მექანიკური მატერიალიზმიდან დიალექტიკურ მატერიალიზმამდე. მართალია, წიგნში ლუდვიგ ფოიერბახის მატერიალიზმი გათვალისწინებული არ არის, მაგრამ ამ ფაქტს ავტორი იმით ხსნის, რომ ჰელვეციუსის შემდეგ ფოიერბახს ორიგინალური სიტყვა არ უთქვამს მატერიალიზმის ისტორიაში; მისი ისტორიული მისია ჰეგელის ფილოსოფიური აზროვნების მიერ გამეფებული „იდეალისტური ბურუსის გაფანტვა“ იყო, რის გამოც ლუდვიგ ფოიერბახის მატერიალისტური ანთროპოლოგია ახალგაზრდა მარქსის ფილოსოფიური ევოლუციის ჭრილში უნდა იქნეს შესწავლილი. მარქსისტული მატერიალისტური დიალექტიკის ისტორიულ-სისტემური პრობლემატიკის შესწავლას ეძღვნება მ. გოგიბერიძის კიდევ ერთი ნაშრომი „ლენინი როგორც ფილოსოფოსი“ (ტფ., 1930 წ.), რომელშიც ვლ. ლენინის ფილოსოფიური განვითარების გზებისა და წყაროების ანალიზთან ერთად განხილულია მატერიალისტური გნოსეოლოგიისა და ჭეშმარიტების მატერიალისტური თეორიის პრობლემები.
მატერიალიზმისა და იდეალიზმის ცალმხრივობათა გადალახვა-დაძლევა დაისახა მიზნად XX საუკუნის ქართული ფილოსოფიის ერთ-ერთმა ფუძემდებელმა შალვა ნუცუბიძემ (1888-1969 წწ.), რომელმაც ეს პროგრამა განსაკუთრებით შთამბეჭდავად თავის ალეთეიოლოგიურ ნაშრომებში წარმოადგინა. მიუხედავად ამისა, იგი (ტრადიციული მეტაფიზიკური კონცეფციებისა და ცნობიერების ფილოსოფიის საპირისპიროდ) ამტკიცებდა, რომ ჭეშმარიტების შესახებ მოძღვრებასა და რეალიზმს შორის იდენტურობა არსებობს, რომელსაც სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს. სავარაუდოდ, სწორედ ამ და სხვა ასპექტების გამო ალეთეიოლოგიის ზოგიერთ უცხოელ კრიტიკოსს (მაგალითად, დე ფრიზს) შ. ნუცუბიძის ალეთეიოლოგია მატერიალიზმს მოაგონებდა, რადგან აქ „ჭეშმარიტება არსის ახალ სახელად“ იყო გამოყენებული და ხაზი ესმებოდა „ჩვენი აზროვნებისაგან არსის დამოუკიდებლობას“. მატერიალისტური ფილოსოფიური ისტორიოგრაფიის გავლენა იგრძნობა შ. ნუცუბიძის ფუნდამენტურ მონოგრაფიაზე „ქართული ფილოსოფიის ისტორია“ (ტ. I-II, თბ., 1956-1958 წწ.), რომელშიც ქრისტიანული ფილოსოფიის მთელი რიგი წარმომადგენლების (მაგალითად, იონა ხელაშვილი) მსოფლმხედველობა მარქსისტულ-ლენინისტური ფილოსოფიური პერსპექტივიდან არის შეფასებული და უკუგდებული. საგულისხმოა, რომ სწორედ ამ კვლევითი მეთოდოლოგიის გამო ეს მონოგრაფია ხშირად იდეოლოგიური ცენზურის კვალს ატარებს და ქართული ფილოსოფიის სპეციფიკას ადეკვატურად ვერ წვდება.
დიალექტიკური და ისტორიული მატერიალიზმის მიღწევებს ითვალისწინებდა ცნობილი ქართველი ფილოსოფოსი სავლე წერეთელი (1907-1966 წწ.), როდესაც დიალექტიკური ლოგიკისა და უსასრულო დასკვნის შესახებ თავის ორიგინალურ კონცეფციას ქმნიდა. ამ საკითხს ეძღვნება მისი ფუნდამენტური მონოგრაფია „დიალექტიკური ლოგიკა“ (თბ., 1965 წ.). მისი აზრით, დიალექტიკური ლოგიკა ჰეგელისა და მარქსის დიალექტიკას უნდა დაეფუძნოს და ცოდნის განვითარების ახალი ფორმები და მეთოდები შეიმუშავოს. დიალექტიკური ლოგიკა ეპოქის მოთხოვნებს უნდა შეესატყვისებოდეს, რათა მისი მეშვეობით შესაძლებელი გახდეს პროგრესი ცოდნის სფეროში. მისი აზრით, რადგან ძველი მეტაფიზიკისა და ლოგიკის თეორიული მიღწევები ამ მხრივ დღეს უკვე საკმარისი არ არის, საჭიროა დიალექტიკური ლოგიკის ახალი კონცეფცია, რომელიც მეცნიერებათა ზოგად მეთოდოლოგიადაც შეიძლება გამოდგეს და შინაარსის კუთხით ცოდნის მუდმივი ზრდაც უზრუნველყოს. ამდენად, დიალექტიკური ლოგიკა განვითარების ახალი თეორიაა, რომელიც თანამედროვე ცხოვრებისა და კერძო მეცნიერებათა გამოწვევებს პასუხობს.
ფრანგული მატერიალიზმის თეორიულ მემკვიდრეობას ეძღვნება კარლო ბლაგიძის (დაბ. 1928 წ.) გამოკვლევა „XVIII საუკუნის ფრანგული მატერიალიზმის ისტორიის ზოგიერთი საკითხი“ (თბ., 1977 წ.), რომელშიც ვრცლადაა განხილული ფრანგ მატერიალისტთა შემეცნების თეორიის პრობლემები, ასევე, დენი დიდროს მატერიალისტური ესთეტიკის საკვანძო საკითხები, რაც უკუფენილია თვით დიდროს მხატვრულ ნაწარმოებებსა და ხელოვნების თეორიაში. ფილოსოფიური მატერიალიზმის დიდი წარმომადგენლების მატერიალისტური კონცეფციების ანალიზს ეძღვნება მერი ჭელიძის (1923-2011 წწ.) შემდეგი ნაშრომები: „მარქსისტული ფილოსოფიის ფორმირება და მისი ბურჟუაზიული ინტერპრეტაციები“ (თბ., 1977 წ.) და „ლუდვიგ ფოიერბახი“ (თბ., 1985 წ.). თუკი პირველ წიგნში მარქსისტული ფილოსოფიის ფუძემდებლების, მარქსისა და ენგელსის მატერიალისტური ფილოსოფიის ფორმირების სპეციფიკა და თავისებურებანია განხილული, მათ მიერ ძველი მატერიალიზმისა და ისტორიული მატერიალიზმის დაფუძნების საკვანძო საკითხებია გადმოცემული, მეორე წიგნში ანთროპოლოგიური მატერიალიზმის თვალსაჩინო წარმომადგენლის, ლუდვიგ ფოიერბახის შემოქმედებითი პროფილია მოცემული და საგანგებო ყურადღება ეთმობა მისივე მატერიალისტური კონცეფციის შეფასებას მარქსიზმის კლასიკოსების (კ. მარქსი, ფ. ენგელსი) მიერ. ძველი და ახალი მატერიალიზმის ისტორიის მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავდნენ ცნობილი ქართველი ფილოსოფიის ისტორიკოსები: ს. დანელია, კ. ბაქრაძე, გ. თევზაძე და სხვ.
3 -სამეცნიერო ლიტერატურა
• ბლაგიძე, კ.: XVIII საუკუნის ფრანგული მატერიალიზმის ისტორიის ზოგიერთი საკითხი, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1977 წ.
• გოგიბერიძე, მ.: მატერიალიზმის და დიალექტიკის პრობლემების განვითარება მარქსამდე, ტფილისი: „ტფილისის უნივერსიტეტი“, 1928 წ.
• გოგიბერიძე, მ.: ლენინი როგორც ფილოსოფოსი, ტფილისი: „სახელგამი“, 1930 წ.
• გოგიბერიძე, მ.: რჩეული ფილოსოფიური თხზულებანი, ტ. II, პროფ. გ. თევზაძის რედაქციით, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1971 წ.
• დანელია, ს.: ატომისტური ფილოსოფია ძველ საბერძნეთში (დემოკრიტი), ტფილისი: „ზარია ვოსტოკას სტამბა“, 1925 წ.
• ირემაძე, თ.: ალეთეიოლოგიური რეალიზმი. შალვა ნუცუბიძე და მისი აზროვნების ახლებური საწყისები, გერმანულიდან ქართულად თარგმნა გ. თავაძემ, თბილისი: „ნეკერი“, 2013 წ.
• წერეთელი, ს.: დიალექტიკური ლოგიკა, თბილისი: „მეცნიერება“, 1965 წ.
• ჭელიძე, მ.: მარქსისტული ფილოსოფიის ფორმირება და მისი ბურჟუაზიული ინტერპრეტაციები, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1977 წ.
• ჭელიძე, მ.: ლუდვიგ ფოიერბახი, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1985 წ.