2021-04-01 თენგიზ ირემაძე

ქართული ფილოსოფიის ისტორიის პერიოდიზაცია

1 -ქართული ფილოსოფიის ძირითადი ეტაპები

ქართული ფილოსოფიის ისტორია იწყება გვიანი ანტიკურობის ხანიდან. ამ დროს ახლანდელი საქართველოს ტერიტორიაზე არსებობდა ფაზისის რიტორიკული სკოლა, რომელიც ცნობილ ბერძენ ფილოსოფოსს, ევგენიოსს (III-IV სს.) და მის შვილს, არისტოტელეს ნაშრომების საყოველთაოდ ცნობილ კომენტატორს, თემისტიოსს (IV ს.) დაუმთავრებიათ. ასევე, მოგვეპოვება ნეოპლატონიკოსი ლიბანიოსის ცნობები იმის შესახებაც, რომ იბერიის მეფის უფლისწული ბაკური (IV ს.) ფრიად განსწავლული ყოფილა ანტიკურ ფილოსოფიაში. გარდა ამისა, გვიანი ანტიკურობის ხანაში მოღვაწეობდა დიდი ქართველი საეკლესიო მოღვაწე და მწიგნობარი პეტრე იბერი (V ს.), რომელიც ქრისტიანული ფილოსოფიის ერთ-ერთი საყურადღებო წარმომადგენელი იყო. აი, ეს არის ის ფაქტები, რომლებიც სანდო წერილობით წყაროებს ეყრდნობა და საიმედო ცნობებს გვაწვდის გვიანი ანტიკური ხანის ქართული ფილოსოფიის შესახებ, ანუ უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, ფილოსოფიური აზროვნების შესახებ გვიანი ანტიკური ხანის საქართველოში. შესაბამისად, ქართული ფილოსოფიის დასაწყისი ემთხვევა ქრისტიანობის გავრცელების პროცესს და, ბუნებრივია, რომ ის თეოლოგიასთან მჭიდრო კავშირში ვითარდება. აქედან გამომდინარე, ქართული ფილოსოფია პირობითად შეიძლება შემდეგ პერიოდებად დავყოთ:

 

  1. 1. გვიანი ანტიკურობისა და ადრეული შუა საუკუნეების ხანა (IV-IX სს.). ამ დროს ჯერ კიდევ რთულია საკუთრივ ქართული ფილოსოფიის შესახებ საუბარი, თუმცა, გვხვდება ფილოსოფიური შეხედულებები, რომლებიც გამოთქმულია სხვადასხვა სახის ლიტერატურულ ძეგლებში (მაგალითად, „შუშანიკის წამება“, „აბიბოს ნეკრესელის მარტვილობა“). უმჯობესია, თუკი ვისაუბრებთ იმ დროის საქართველოში ზოგადად ფილოსოფიური აზროვნების ფაქტების არსებობაზე და არა ორიგინალური ქართული ფილოსოფიის შესახებ. თუმცა, საფუძველს მოკლებული არ არის ფილოსოფიის ისტორიკოსთა და სპეციალისტთა მცდელობა, როცა ისინი ქართული ფილოსოფიის ისტორიის კონტექსტში საქართველოში ზოგადად ფილოსოფიური აზროვნების თავისებურებებზე მსჯელობენ და ბერძნული კოლონიების ფარგლებში არსებული ფილოსოფიურ-საღვთისმეტყველო სკოლათა შედეგებისა და საქმიანობის ანალიზსაც ცდილობენ.
  2. 2. შუა საუკუნეების ქართული ფილოსოფია (X-XV სს.). ამ დროს ხდება საკუთრივ ფილოსოფიური ლიტერატურისა და ტერმინოლოგიის შექმნა, თარგმნა და განვითარება. ეს პროცესი განსაკუთრებით დაკავშირებულია დიდი ათონელი ბერების (მთაწმინდელების), ეფრემ მცირეს, არსენ იყალთოელისა და იოანე პეტრიწის მოღვაწეობასთან. ამ დროს მიაღწია ქართულმა ფილოსოფიურმა აზროვნებამ თავისი განვითარების მწვერვალს (იოანე პეტრიწი), ცოტა მოგვიანებით კი, დაახლოებით XIII საუკუნის მეორე ნახევრიდან, დაიწყო ქართული ფილოსოფიური აზროვნების დაღმასვლა. ამ დროიდან ქართული ფილოსოფიური აზროვნება მხოლოდღა ფრაგმენტების სახით თუ არის შემორჩენილი (ქართული სამართლის და სხვ. ძეგლებში).
  3. 3. ახალი დროის ქართული ფილოსოფია (XVII-XIX სს.). ეს ის პერიოდია, როდესაც ქართული ფილოსოფიის გამოცოცხლების პროცესს დაედო სათავე, რაც განპირობებული იყო ქვეყანაში წამოწყებული საგანმანათლებლო ღონისძიებებითა და აქტივობებით. დაარსდა საგანმანათლებლო (საღვთისმეტყველო-ფილოსოფიური) კერები - თბილისისა (1755 წ.) და თელავის (1782 წ.) სემინარიები, რამაც ქართული ფილოსოფიის წინსვლა განაპირობა. ამ პერიოდის ქართული ფილოსოფიური აზროვნება ევროპეიზაციის პროცესს განიცდის, ეწაფება (მართალია, რუსეთის გზით!) ევროპული ფილოსოფიის დიად ნიმუშებს და ცდილობს მათ გადმოტანას ეროვნულ ნიადაგზე. ამ კუთხით დიდი სამუშაო შეასრულეს სულხან-საბა ორბელიანმა, ვახტანგ მეექვსემ, ანტონ ბაგრატიონმა და მისმა სკოლამ, ალექსანდრე ამილახვარმა, დავით ბატონიშვილმა, იოანე ბატონიშვილმა, იონა ხელაშვილმა, სოლომონ დოდაშვილმა, გაბრიელ ქიქოძემ და სხვ.
  4. 4. XX საუკუნის ქართული ფილოსოფია. ის დაკავშირებულია იმ დიდ სოციალურ-პოლიტიკურ ძვრებთან, რომელიც XX საუკუნეში მსოფლიოსა და საქართველოში მოხდა. საქართველოში ფილოსოფიის ბედზე საგანგებო გავლენა მოახდინა საბჭოთა კავშირის ფარგლებში საქართველოს იძულებით გაერთიანებამ, რომელმაც არსებითად განსაზღვრა კიდეც განსაკუთრებით XX საუკუნის ქართული ფილოსოფიის თემატური ლანდშაფტი და საბჭოთა იდეოლოგიური ელფერი შესძინა მას.
  5. 5. თანამედროვე ქართული ფილოსოფია, რომელიც მრავალფეროვანი და მრავალწახნაგოვანია, როგორც შინაარსობრივ-თემატური, ასევე ფორმალური კუთხით. აქ, ერთი მხრივ, შეინიშნება ქართული ფილოსოფიური ტრადიციის საუკეთესო ნიმუშების კვლევა-ძიება, ხოლო, მეორე მხრივ, დასავლური ფილოსოფიური აზროვნების გათვალისწინების საფუძველზე ახალი ხედვებისა და კონცეპტების შექმნის სურვილი.

2 -ფილოსოფიის ისტორიის პერიოდიზაციის სპეციფიკა

ქართული ფილოსოფიის ისტორიის პერიოდიზაციის შესახებ მსჯელობისას უნდა გავითვალისწინოთ ის გარემოება, რომ აზროვნების ისტორიის დაყოფა გარკვეულ პერიოდებად, ეპოქებად, მონაკვეთებად და ა.შ. პირობით (და არა აბსოლუტურ) ხასიათს ატარებს და მყარ ფუნდამენტს მოკლებულია. მაგალითად, საკმაოდ რთულია თემატურად ერთმანეთისაგან გავმიჯნოთ გვიანი ანტიკურობისა და ადრეული შუა საუკუნეების ქართული ფილოსოფია. ამ პერიოდის ფილოსოფია საქართველოში როგორც შინაარსობრივი, ასევე ფორმალური კუთხით ერთიან ხაზს წარმოადგენს და მასში ერთიანი სააზროვნო პარადიგმებია გავრცელებული. უპრიანია, რომ გვიანი ანტიკურობისა და ადრეული შუა საუკუნეების ფილოსოფიური აზროვნება საქართველოში ვეძიოთ ბერძნულენოვან ფილოსოფიურ ტექსტებში, ქართული ლიტერატურის ნიმუშებში (ჰაგიოგრაფია, ჰიმნოგრაფია და ა.შ.), საღვთისმეტყველო ნაშრომების ქართულ თარგმანებსა და მათზე დართულ მცირე კომენტარებში. თემატური თვალსაზრისით, ასევე, დიდი მსგავსება და ნათესაობაა შუა საუკუნეებისა და ახალი დროის ქართულ ფილოსოფიას შორის. უფრო მეტიც, ახალი დროის ქართული ფილოსოფია, დიდ წილად, შუა საუკუნეების ქართული ფილოსოფიის თემატური კურსის განვითარებასა და განვრცობას წარმოადგენს. აღსანიშნავია ისიც, რომ ქართული ფილოსოფია - დასაწყისიდან ვიდრე XX საუკუნემდე - ქრისტიანული ფილოსოფიაა. აი, XX საუკუნიდან კი ახალი ერა დაიწყო ქართული ფილოსოფიის ისტორიაში, რადგან ამ პერიოდის ქართული აზროვნება ათეისტური პროპაგანდის აშკარა პათოსითა და ზეგავლენით იყო აღბეჭდილი და, ამდენად, საბჭოთა იდეოლოგიის წარუშლელ კვალს ატარებდა. საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ შესაძლებელი შეიქნა ახალი დასაწყისი ქართულ ფილოსოფიაში, რომელიც, ერთი მხრივ, ისტორიული ტრადიციის აღდგენასა და განვითარებას, ხოლო, მეორე მხრივ, ახალი ტენდენციებისა და კვლევითი მიმართულებების შესწავლასა და ათვისებას გულისხმობს.

3 -გამოყენებული ლიტერატურა

• ირემაძე, თ.: ფილოსოფია ეპოქათა და კულტურათა გზაგასაყარზე. ინტერკულტურული და ინტერდისციპლინური კვლევები, თბილისი: „ნეკერი“, 2013 წ.

• ირემაძე, თ.: რატომ უნდა შევისწავლოთ ქრისტიანული ფილოსოფია?, გაზეთში: „საპატრიარქოს უწყებანი“, #35 (29 ნოემბერი - 5 დეკემბერი, 2018 წ.), გვ. 9-12.

• ირემაძე, თ.: გვიანანტიკური ფილოსოფიური აზროვნება და ქრისტიანობა საქართველოში, გაზეთში: „საპატრიარქოს უწყებანი“, #36 (6-12 დეკემბერი, 2018 წ.), გვ. 12.

• ირემაძე, თ.: ქართული ფილოსოფიის ისტორიის პერიოდიზაცია, გაზეთში: „საპატრიარქოს უწყებანი“, #5 (7-13 თებერვალი, 2019 წ.), გვ. 11-13.

• ირემაძე, თ.: შუა საუკუნეების ქართული ფილოსოფია. სისტემური მონახაზი მისი სპეციფიკის გასაგებად, თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2019 წ.