ფილოსოფიის დასაწყისი
1 -ბერძნული (და)საწყისი
დასაწყისის შესახებ აზრით და ფიქრით იწყება საერთოდ ფილოსოფია. ბერძნული ფილოსოფია იმით არის გამორჩეული, რომ ის (და)საწყისის შესახებ ფილოსოფიაა. ბუნებრივია, აქვე ჩნდება შემდეგი კითხვა: არის თუ არა ეს დასაწყისი საკუთრივი (და)საწყისი? დიახ, ბერძნულ ფილოსოფიას აქვს საკუთრივი (და)საწყისი!
ქართული ფილოსოფიის თავისებურება ის არის, რომ მას საკუთრივი (და)საწყისი არ აქვს, კერძოდ კი, დასაწყისი იმ აზრით, რა აზრითაც (და)საწყისი აქვს ბერძნულ ფილოსოფიას, რადგან ამ უკანასკნელის დასაწყისი საკუთრივი ხასიათისაა! კავკასიის რეგიონსა და საქართველოში არსებულ ფილოსოფიურ მიმართულებებს კი საკუთრივი დასაწყისი არ აქვთ.
ამ საკითხების სათანადო კვლევის შედეგად რამდენიმე პრობლემა წამოიჭრება; მათ შორის, ქართული ფილოსოფიური ისტორიოგრაფიის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად დასაწყისის პრობლემა გვესახება. მაგალითად, ისეთი მოაზროვნე, როგორიც შალვა ნუცუბიძეა, ქართული ფილოსოფიის დასაწყისის ძიების პროცესში ბევრ ანაქრონიზმამდე მივიდა: მან ხელოვნურად „გამოიგონა“ წარმართული (და)საწყისი ქართული ფილოსოფიისა - თითქოს ქართული ფილოსოფიის საფუძველი წარმართობაშია საძიებელი. ეს ისეთი სახის დებულებაა, რომელიც გადასინჯვას და შემოწმებას საჭიროებს. ამ შემოწმების და გადასინჯვის შედეგად კი დგინდება, რომ ქართული ფილოსოფიის წარმართული (და)საწყისის შესახებ ჰიპოთეზა (ტექსტების არარსებობის გამო!) მართებული არ არის!
2 -რეცეფცია და ტრანსფორმაცია
ყველა სახის ფილოსოფიას, ყველა ტიპის თეორიულ აზროვნებას თავისი (და)საწყისი აქვს. მაგრამ არის კი ეს (და)საწყისი თავად საკუთრივი (და)საწყისი, თუ ის სხვა ტიპის (და)საწყისია? საკუთრივი ხასიათის (და)საწყისი აქვს ბერძნულ, ინდურ და ჩინურ ფილოსოფიებს. ქართულ ფილოსოფიას კი არ აქვს საკუთრივი დასაწყისი. მაშ, როგორ იწყება ფილოსოფია საქართველოში? საამისოდ ფილოსოფიური ისტორიოგრაფიის ორ მნიშვნელოვან კონცეპტს უნდა მივაქციოთ საგანგებო ყურადღება: ეს არის რეცეფციის („ასახვა“) და ტრანსფორმაციის („გარდასახვა“) კონცეპტები. აქ თავს იჩენს იმ ტიპის თეორიულ-პრაქტიკული ხასიათის კონტექსტები, რომლებშიც ადრეული ტრადიცი(ებ)ის ათვისება, ასახვა (რეცეფცია) და გარდასახვა (ტრანსფორმაცია) ხდება, ანუ ქართული ფილოსოფია, ისევე, როგორც კავკასიური ფილოსოფია, იწყება სხვა, ადრე არსებული ფილოსოფი(ებ)ის რეცეფციით. გარკვეული აზრით, ეს სხვა დასაწყისის ათვისება და განვრცობაა, რადგან ის ბერძნული ფილოსოფიის მნიშვნელოვანი კონცეფციებით საზრდოობს და შემდგომ ქრისტიანობის კონტექსტში ყალიბდება. მაშასადამე, ქრისტიანობა მთავარი საფუძველია, რის შედეგადაც ყალიბდება ქართული ფილოსოფია.
ქართული ფილოსოფიის დასაწყისი უნდა გავიაზროთ როგორც უკვე არსებული ფილოსოფიური ტრადიცი(ებ)ის ასახვა, ხოლო შემდგომ კი - მისი გარდასახვა-გადააზრება. ქართული ფილოსოფიის შესახებ გამოკვლევებში შემთხვევით არ ვიყენებ ამ ორ მნიშვნელოვან ისტორიოგრაფიულ კატეგორიას; ეს ქართული ფილოსოფიის გასააზრებლად ფუნდამენტური ცნებებია. ამგვარად, ქართული ფილოსოფიის დასაწყისსა და იმანენტურ ხასიათს ვერ გავიაზრებთ, თუკი საგანგებო ყურადღება არ მივაქციეთ ფილოსოფიის ისტორიის ამ ორ საკვანძო ცნებას - რეცეფციას და ტრანსფორმაციას. მაშასადამე, ერთმანეთისაგან განსხვავდება საკუთრივი დასაწყისი და უბრალოდ დასაწყისი. ქართულ ფილოსოფიასაც აქვს დასაწყისი, მაგრამ ეს სხვა ფილოსოფიების ასახვისა და გარდასახვის შედეგად მიღებული დასაწყისია.
ასე რომ, ბერძნული ფილოსოფია საკუთრივ (და)საწყისზე ამოიზარდა. ვიცით, რომ ეს ფილოსოფია იქმნება საბერძნეთის ქალაქებში (მილეტი და სხვ.) სრულიად გარკვეული თეორიული ინტერესითა და მიზნით. ჩვენ ვსაუბრობთ სპეციფიკური სახის ბერძნულ (და)საწყისზე ფილოსოფიისა, რომელიც შემდეგ გარეგადამწვდომი აღმოჩნდა. ის, რომ სხვა ფილოსოფიებს მსგავსი (და)საწყისი არ აქვთ, მათ ნაკლად არ უნდა მივიჩნიოთ. ქრისტიანობის წიაღში მოხდა არსებული ბერძნული (მაგრამ არა მარტო ბერძნული!) სააზროვნო ტრადიციის გათავისება, რაც განაპირობა მისი ასახვისა და გარდასახვის მცდელობებმა. აზროვნების იმ ყაიდასა და ტიპს, რომელიც პრინციპულად ფილოსოფიური იყო, ბერძნებმა ჩაუყარეს საფუძველი, ამ სახის ფილოსოფიური დასაწყისი დასავლეთში სხვას არ ჰქონია. თუმცკი, აღმოსავლეთში, ამავე დროს, ფილოსოფიის სპეციფიკური გაგება არსებობდა ე.წ. ინდური და ჩინური ფილოსოფიის სახით; უნდა ითქვას, რომ საკუთრივი დასაწყისი ამ ფილოსოფიებსაც აქვთ.
როდესაც ქართულ ფილოსოფიურ სივრცეზე ვსაუბრობთ, უნდა ვთქვათ, რომ აქ მსგავსი (და)საწყისი არ გვხვდება. თუმცა, ქართული ფილოსოფიის არასაკუთრივ დასაწყისზე მსჯელობისას, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ქართული ფილოსოფიის (და)საწყისში არც ანტიკური ხანის ბერძნული ფილოსოფიის კოპირება გვხვდება. ორიგინალური იყო მცდელობა, რომლის საფუძველზეც გვიანი ანტიკური ხანის ქართულ აზროვნებაში მოხდა სტოიკური სიბრძნის ქრისტიანობასთან სინთეზი. ეს თავისთავად ორიგინალური ხედვაა, რადგანაც, სხვა შემთხვევაში, შესაძლოა, პრიორიტეტი ყოფილიყო სხვა ფილოსოფიური მიმდინარეობის სინთეზი ქრისტიანობასთან. აქედან გამომდინარე, ამა თუ იმ ტრადიციიდან მომდინარე ტექსტების კომენტირების თეორიული მცდელობები, თავისთავად, ორიგინალურია, რადგან კონკრეტული ტექსტების შერჩევა საგანგებო კომენტარისა და ანალიზის საგნად გარკვეული მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე ხდება. მაგალითად, როდესაც იოანე დამასკელი ამბობს - „ჩემსას არარას ვიტყოდე“, მხოლოდ „ბრძენ მოძღვართა ჭეშმარიტ ნააზრევს შევკრებ და გადმოგცემთო“, მას მხედველობაში აქვს არა ის, რომ ის უბრალო კომპილატორია, არამედ ის, რომ იგი ამ ტრადიციაში გაიაზრებს საკუთარ თავს. სინამდვილეში, იოანე დამასკელი ორიგინალური მოაზროვნეა, მან ქრისტიანობის დიადი სიბრძნიდან ამოარჩია გარკვეული მიმართულებები, სწავლებები და განსაკუთრებით მიენდო ქრისტიანობის იმ მოძღვრებს, ვინც, მისი ხედვით, ჭეშმარიტების მსახურნი იყვნენ.
დასაწყისი, თუკი ის დასაწყისია, ნებისმიერ შემთხვევაში, ორიგინალურია, მაგრამ ისევ და ისევ ისმის კითხვა საკუთრივი (და)საწყისის შესახებ. ფილოსოფიის საკუთრივი (და)საწყისი, ცხადია, იყო ბერძნებთან, ანუ ბერძნები, ამ თვალსაზრისით, ფილოსოფიური აზროვნების საწყისისეული მოდელის შემქმნელი ხალხია.
3 -გამოყენებული ლიტერატურა
• ირემაძე, თ.: ფილოსოფია ეპოქათა და კულტურათა გზაგასაყარზე. ინტერკულტურული და ინტერდისციპლინური კვლევები, თბილისი: „ნეკერი“, 2013 წ.
• ირემაძე, თ.: გვიანანტიკური ფილოსოფიური აზროვნება და ქრისტიანობა საქართველოში, გაზეთში: „საპატრიარქოს უწყებანი“, #36 (6-12 დეკემბერი, 2018 წ.), გვ. 12.
• ირემაძე, თ.: ქრისტიანული ფილოსოფიის საწყისები საქართველოში, გაზეთში: „საპატრიარქოს უწყებანი“, #37 (13-19 დეკემბერი, 2018 წ.), გვ. 7-9.
• ირემაძე, თ.: ქრისტიანობა და ფილოსოფია - რწმენისა და ცოდნის სიმფონიის შესახებ, გაზეთში: „საპატრიარქოს უწყებანი“, #39 (27 დეკემბერი, 2018 წ. – 2 იანვარი, 2019 წ.), გვ. 12-14.
• ირემაძე, თ.: შუა საუკუნეების ქართული ფილოსოფია. სისტემური მონახაზი მისი სპეციფიკის გასაგებად, თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2019 წ.