ჭავჭავაძე ილია
1 -ცხოვრება და მოღვაწეობა
ილია ჭავჭავაძე დაიბადა 1837 წლის 27 ოქტომბერს ყვარელში, გრიგოლ ჭავჭავაძისა და მისი მეუღლის, მარიამ ბებურიშვილის ოჯახში. 1857 წელს მან გამოსაშვები გამოცდა ჩააბარა თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში. ამავე წელს პეტერბურგში გაემგზავრა, წარმატებით ჩააბარა უნივერსიტეტში მისაღები გამოცდები და სწავლა დაიწყო იურიდიულ ფაკულტეტზე. აქ იგი სწავლობდა 1861 წლამდე და დიდი პოპულარობით სარგებლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტის ქართველ სტუდენტებში. სტუდენტთა დემონსტრაციებში მონაწილეობის გამო ილია ჭავჭავაძე 1861 წელს იძულებული გახდა სამშობლოში დაბრუნებულიყო. პეტერბურგში გატარებული სტუდენტობის წლები მის შემოქმედებით ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ნაყოფიერი პერიოდი იყო, რადგან ილიამ იქ შეისწავლა არა მარტო ევროპული აზროვნება, არამედ რუსული ლიტერატურა, ფილოსოფია, მეცნიერება და ა.შ. განსაკუთრებული ინტერესით იგი ეკონომიკისა და პოლიტიკის მეცნიერების შესწავლას მოეკიდა. რუსი რევოლუციონერ-დემოკრატების შემოქმედებამ მისი აზროვნების ფორმირების პროცესში დიდი როლი ითამაშა.
სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ილია ჭავჭავაძე საქართველოს სხვადასხვა მხარეში იღვწოდა; 1864 წელს მუშაობა დაიწყო ქუთაისის გენერალ-გუბერნატორის საგანგებო მინდობილობათა მოხელედ, 1868 წლიდან 1873 წლამდე მუშაობდა დუშეთის მაზრის მორიგე მოსამართლედ (ამავე პერიოდში მან მრავალი მნიშვნელოვანი ლიტერატურული თხზულება შექმნა). 1874 წლიდან გარდაცვალებამდე იგი იყო სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის თავმჯდომარე.
ილია ჭავჭავაძე იყო ფუძემდებელი არაერთი მნიშვნელოვანი სამეცნიერო საზოგადოებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციისა. იგი არა მარტო მნიშვნელოვან თანამდებობრივ პოზიციებს იკავებდა, არამედ დიდ როლს თამაშობდა ქართული კულტურისა და განათლების განვითარების პროცესში.
ილია ჭავჭავაძე 1907 წლის 30 აგვისტოს ვერაგულად მოკლეს საგურამოსკენ მიმავალ გზაზე, წიწამურში. ეს პოლიტიკური ხასიათის მკვლელობა იყო, ამაში დღეს ეჭვი თითქმის არც არავის ეპარება, რადგან ილია მთელი თავისი ცხოვრება ცარისტული პოლიტიკის წინააღმდეგ და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა. დავა-კამათია მხოლოდ იმის შესახებ, თუ ვინ იყო ამ მკვლელობის ორგანიზატორი: ქართველი კომუნისტები თუ ცარისტული საიდუმლო სამსახური (ე.წ. „ოხრანა“). ქართულ სამეცნიერო-კვლევით ლიტერატურაში ამის შესახებ დღემდე განსხვავებული მოსაზრებები არსებობს. საერთო თანხმობა სუფევს საქართველოს წინაშე ილიას დიდი დამსახურების თაობაზე. ამის დასტურია ის ფაქტიც, რომ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურმა ეკლესიამ ილია ჭავჭავაძე სამშობლოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურებების გამო წმინდანთა დასში აიყვანა და მას „წმიდა ილია მართალი“ უწოდა.
ილია ჭავჭავაძე, უწინარეს ყოვლისა, ცნობილია როგორც მწერალი. იგი, როგორც პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, პუბლიცისტი, კრიტიკოსი, ფელეტონისტი და მთარგმნელი ქართული ჰუმანიტარული მეცნიერებების განვითარებაზე დღემდე დიდ გავლენას ახდენს. ამ საქმეში, ასევე, დიდი როლი ითამაშა მის მიერ დააარსებულმა ქართულმა ჟურნალ-გაზეთებმა. 1863 წელს ილიამ დააარსა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქართული პოლიტიკური ჟურნალი „საქართველოს მოამბე“ და მისი რედაქტორიც გახდა. მოგვიანებით, მან კიდევ ერთი წარმატებული პუბლიცისტური პროექტი განახორციელა, 1877 წელს დააფუძნა და გამოსცა ჟურნალი „ივერია“, რომელიც მოგვიანებით საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ყოველდღიური გაზეთი გახდა. ამ გამოცემებში მაშინდელი საქართველოს საჭირბოროტო საკითხები და პრობლემები განიხილებოდა.
2 -ჰუმანიზმი და პოლიტიკური თეოლოგია
ილია ჭავჭავაძემ XIX საუკუნის დროის ქართული ლიტერატურის რეფორმირება დაისახა მიზნად, რაც მოახერხა კიდეც თავისი რომანებით, მოთხრობებით, პოემებით, ლექსებით, დრამებით, პიესებით, კრიტიკული და პუბლიცისტური წერილებით. ილია კრიტიკული რეალიზმის წარმომადგენელია, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი პასიური რომანტიზმის სულისკვეთების წინააღმდეგი იყო და თავისი მხატვრული და თეორიული შემოქმედების მთავარ საკითხად რეალურ ცხოვრებას განიხილავდა; მისი აზრით, მხატვრულმა ლიტერატურამ არა მარტო მაღალი სოციალური ფენების ემოციები და გრძნობები უნდა გამოხატოს, არამედ ნაკლებად პრივილეგირებული სოციალური ფენების საწუხარი და ტკივილიც უნდა ასახოს. თუკი ის ამას გააკეთებს, ცხოვრებას მთელი თავისი სისავსით ასახავს და ცხოვრებისეულ ამოცანებს ადეკვატურად ამოხსნის, მაშინ ლიტერატურა თავის ფუნქციას და საზრისს იპოვის. ამით ლიტერატურა სოციალური და პოლიტიკური პროგრესის ფერხულშიც ჩადგება, უფრო მეტიც, ის ე.წ. სოციალიზაციის მთავარ ფაქტორადაც იქცევა. ახალ დროში ერების წარმოშობა არა მარტო მეცნიერულმა პროგრესმა განაპირობა, არამედ ე.წ. „ეროვნულმა ლიტერატურებმა“ მოხაზეს და განსაზღვრეს თანამედროვე ერების გაგება.
სწორედ ამ კუთხით უნდა წავიკითხოთ ილიას ადრეული ლექსი „პოეტი“ (1860 წ.) და მოვახდინოთ მისი ფილოსოფიური ინტერპრეტაცია: პოეტი, - ამბობს ილია, - ის კი არ არის, ვინც მხოლოდ „ტკბილ ხმებისთვის“ არის მოვლენილი, არამედ იგი „ერის წყლულის“ მკურნალია. ილიამ ამ ლექსით, უწინარეს ყოვლისა, პოეტის საზოგადოებრივ-სოციალური ფუნქცია წამოსწია წინა პლანზე. მისი აზრით, პოეტი აპოლიტიკური არსება კი არ არის, არამედ ერის წინამძღოლი და დიდი პასუხისმგებლობის მქონე ღვთის კაცია. ამდენად, პოეტი პოლიტიკურ მისიას ასრულებს; ამგვარად გაგებული პოლიტიკურად მოტივირებული პოეტის მისია რელიგიის მიღმა არ უნდა ვეძიოთ; პირიქით, მისი ყოველი ქმედება თეოლოგიურ კონცეპტს ეფუძნება, რაც იმას ნიშნავს, რომ პოეტი „ღმერთთან მისთვის ლაპარაკობს“, რომ თავის ერსა და ქვეყანას წინ წარუძღვეს. ამდენად, პოეტი ღმერთთან განსაზღვრულ მიმართებაში იმყოფება და, ამდენად, ჰერმენევტიკულ საქმიანობასაც ახორციელებს: პოეტი ღვთაებრივ ამბავს თავის მოძმეთა ეროვნულ ენაზე თარგმნის და ამით ღვთაებრივ ხმას პოლიტიკურ მნიშვნელობას ანიჭებს. აქ თეოლოგიაა ლიტერატურის ინსპირატორი, ლიტერატურა პოლიტიკად გარდაიქმნება, ხოლო ლიტერატორი კი პოლიტიკოსად!
ილია ჭავჭავაძის პოლიტიკური ხედვა ჰუმანისტურია. ილია დიდი ჰუმანისტი იყო! თუკი ჰუმანიზმის საფუძვლად წერა-კითხვისა და დამწერლობის შესწავლა და გავრცელება მიიჩნევა, რომლითაც ცნება „ჰუმანური“ განისაზღვრება, მაშინ ჰუმანისტის განსაზღვრის მთავარი ღერძი შემდეგი სახისაა: ჰუმანისტი მარტო ის კი არ არის, ვინც მშობელი ერის კლასიკად ქცეულ „ეროვნულ საკითხავს“ ფლობს და წვდება, არამედ ჰუმანისტი, პირველ რიგში, არის ის, ვინც საზოგადოების ჰუმანიზების პროცესს ისახავს მთავარ მიზნად და ამას იმის მეშვეობით ახორციელებს, რომ მშობელი ერის ლიტერატურულ ფუნდამენტს ქმნის, რომელსაც „კლასიკური საკითხავი“ შეიძლება ეწოდოს; ამ ტიპის ტექსტებს, თავის მხრივ, ერის ეროვნულობის გაგება ეფუძნება. ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-პოლიტიკური პროგრამა ამგვარად შეიძლება იქნეს გაგებული! სწორედ ამის გამო მიჰყო მან ხელი აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობას და ამ მიზნით არაერთი მნიშვნელოვანი საზოგადოება დააფუძნა. მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია: „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“, „ქართული დრამატული საზოგადოება“ და ა.შ.
3 -„ქმედითი ფილოსოფიის“ კონტურები
ილია ჭავჭავაძე თავისი ლიტერატურული შემოქმედებითა და პოლიტიკური პუბლიცისტიკით „ქმედითი ფილოსოფიის“ პრინციპებს აყალიბებდა. ამდენად, იგი ე.წ. „აქტიური ცხოვრების“ (Vita activa) თემატიზებას ახდენს, რაც მას თავისუფალი და სოციალურად სამართლიანი მოქალაქის პრაქტიკულ პრინციპად მიაჩნია: ყოველი ინდივიდის, ადამიანის არსი არ არის მარტოობა და განდეგილობა. ზნეობრივი ადამიანის მისია მიზანდასახული მოქმედება და საკუთარი თავის სრულყოფაა. ამ ასპექტს ილია თავისი შემოქმედების ადრეულ პერიოდშიც სათანადო ყურადღებას აქცევდა, რისი დასტურიცაა მისი ცნობილი პროზაული ქმნილება „კაცია-ადამიანი?!“ (1859 წ.). ამ თხზულებაში ილიამ მძაფრად გააკრიტიკა საზოგადოებრივი და ინდივიდუალური ცხოვრების გაუცხოებული და გაუკუღმართებული ფორმები.
„ქმედითი ფილოსოფიის“ კონტექსტში უნდა იქნეს განხილული ილიას ფილოსოფიური პოემა „განდეგილი“ (1882-1883 წწ.), რომელშიც „აქტიური ცხოვრების“ პრინციპთა ხაზგასმა და დასტურყოფა ხდება. ამ პოემაში ილია სულისა და სხეულის, ცისა და მიწის, იმქვეყნიურისა და ამქვეყნიურის გონივრული სინთეზის იდეას წამოსწევს წინა პლანზე: ადამიანი არსებობს მიწისა და ცის გზაგასაყარზე და იგი ამ ორივე ინსტანციას სპეციფიკური სახით აერთიანებს. აქედან გამომდინარე, მან გონივრულად უნდა იზრუნოს ამქვეყნიურ არსებობაზე. ვინც ამ ფაქტს უგულებელყოფს, მას ცხოვრება სჯის. მჭვრეტელობითი განრიდება და ცხოვრებისგან ელიტარული განდგომა ადამიანისთვის გამოსავალი არ არის; ამ გზით იგი მის წინაშე არსებულ ეგზისტენციალურ პრობლემებს ვერ გადაჭრის. ამ პრობლემათა გადაჭრის გასაღები მაინც ცალკეული ადამიანის ამქვეყნიური უფლება-ვალდებულებების სწორად გაგებაშია საძიებელი. ადამიანმა საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. ადამიანური არსებობის ლეგიტიმაციის მაკონსტრუირებელი პრინციპი კი არის ზრუნვა საკუთარ თავზე და ზრუნვა სხვა ადამიანებზე. აქედან გამომდინარე, ადამიანური ზრუნვის ეგზისტენციალური განსაზღვრება არის ამოსავალი პრინციპი „ქმედითი ფილოსოფიისა“, რომელსაც იგი მხატვრული ოსტატობით ასახავს კიდეც თავის ცნობილ ქმნილებაში „ოთარაანთ ქვრივი“ (1887 წ.).
ამავე ჭრილში უნდა განვიხილოთ ილია ჭავჭავაძის ის ფილოსოფიური განაზრებანი, რომლებზე დაყრდნობითაც იგი ხელოვნებისა და ლიტერატურის თეორიის კუთხით ფილოსოფიურ-კრიტიკულ რეალიზმს აყალიბებს. ეს კონცეპტი ადამიანის გადაგვარებული და გაუკუღმართებული ცხოვრების წესის კრიტიკადაც უნდა იქნეს აღქმული და, ამდენად, მას პოლიტიკური განზომილებაც აქვს. შესაბამისად, ილია ხელოვნებას, უწინარეს ყოვლისა კი, ლიტერატურას პოლიტიკური ემანსიპაციის სამსახურში აყენებს. განსაკუთრებული მისია ამ კუთხით ცარისტული პოლიტიკის წინააღმდეგ ბრძოლას ენიჭებოდა. ცარისტულმა რუსეთმა არა მარტო ქართული სახელმწიფოებრიობა გააუქმა, არამედ თავისი პოლიტიკით ქართული კულტურის განადგურებასაც მიჰყო ხელი: რუსული ანექსიის შედეგად დიდი ზიანი მიადგა ქართულ ენასა და კულტურას. რუსებიც ისევე დესტრუქციულად იქცეოდნენ, როგორც საუკუნეების განმავლობაში საქართველოს სხვა დამპყრობლები.
ილია ჭავჭავაძე თეორიული და პრაქტიკული საქმიანობით ქართველთა შორის თავისუფლების სულისკვეთების გაღვივებას ცდილობდა. ამდენად, მისი შემოქმედების მთავარი თემა პოლიტიკური და პიროვნული თავისუფლებაა, რომელიც მან შთამბეჭდავად ასახა თავის ლიტერატურულ ქმნილებებში. ამ კუთხით დიდი მნიშვნელობა აქვს „მგზავრის წერილებს“ (1861 წ., საბოლოო ვერსია: 1871 წ.); ამ თხზულებაში ილიამ საქართველოს პოლიტიკური თავისუფლების იდეა თითოეული ქართველის პიროვნული თავისუფლების იდეას დაუკავშირა და ეს ორიგინალური სახით გამოხატა: მან გამოკვეთა ფილოსოფიის ორი საფუძველმდებარე პრინციპი - მოძრაობა და უძრაობა - და ცალსახა უპირატესობა მოძრაობას მიანიჭა. მოძრაობა არის მოქმედება და აქტიურობა, რაც ადამიანებს უკეთესობისკენ წარმართავს და შესაძლებელს ხდის ადამიანური საზოგადოების პროგრესს. პროგრესის გარეშე ადამიანის მეცნიერული კომპეტენციები ვერ განვითარდება და ვერც პროგრესი იქნება ადამიანთა მეცნიერული წინსვლის გარეშე, რადგან ორივე მათგანი ერთმანეთზეა დამოკიდებული.
პროგრესის იდეა, რომლის კონტექსტში ილია ისტორიასაც განმარტავდა, ადამიანური გონების აქტიურობის პრინციპს ეფუძნება: ადამიანური პროგრესი არასოდეს მთავრდება, რადგან გონება მარადჟამს ახალ პერსპექტივებს ხსნის. მაშასადამე, ადამიანის გონითი უნარ-ჩვევები სოციალური განვითარების წინაპირობას წარმოადგენს. ილია სოციალურ სამართლიანობას არა მარტო სათანადო თეორიულ ყურადღებას აქცევდა, არამედ იბრძოდა კიდეც სოციალური და ეროვნული თანასწორობისა და სამართლიანობისთვის. იგი ადამიანთა საზოგადოების ჰუმანურობისა და დემოკრატიზაციის მედროშე იყო. ილია განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა საზოგადოების, ტექნიკისა და მეცნიერების წინსვლისა და პროგრესის იდეას, რომელიც ბევრი მაშინდელი ევროპელი ფილოსოფოსისა და ინტელექტუალის მკვებავი წყარო აღმოჩნდა.
4 -რეცეფცია
ილია ჭავჭავაძეს სპეციალური ფილოსოფიური ტრაქტატები და მონოგრაფიები არ შეუქმნია. მიუხედავად ამისა, მისი ლიტერატურული შემოქმედება მკაფიო ფილოსოფიური სულისკვეთებითაა აღბეჭდილი. მის რომანებში, მოთხრობებში, პოემებში, ლექსებში, პუბლიცისტურ-კრიტიკულ წერილებში მრავალი ფილოსოფიური პრობლემაა განხილული. შეიძლება ითქვას, რომ ილიამ თავის ფილოსოფიურ მსოფლმხედველობას შთამბეჭდავი ლიტერატურული სახე მისცა და ამით განაახლა კიდეც უძველესი ქართული ფილოსოფიური ტრადიცია. ანტიკური ხანიდან დაწყებული ფილოსოფიასა და ლიტერატურას შორის მჭიდრო კავშირი არსებობდა, მაგრამ ეს კავშირი განსაკუთრებით შეინიშნება უძველეს ქართულ აზროვნებაში: აქ ფილოსოფიასა და ლიტერატურას შორის ყოველთვის ნაყოფიერი ურთიერთმიმართება არსებობდა. ამიტომაცაა, რომ უძველესი ქართული ლიტერატურის არაერთი მნიშვნელოვანი ტექსტი ფილოსოფიური ხასიათისაა; ამდენად, ქართული ფილოსოფიის კონტექსტში მათი განხილვა სრულიად ლეგიტიმურია.
ილია ჭავჭავაძის შემოქმედება მდიდარ მასალას იძლევა ფილოსოფიური განაზრებებისთვის. მართალია, XX საუკუნის ქართულ საბჭოთა ფილოსოფიაში ილიას ფილოსოფიური შეხედულებების ანალიზის არაერთი მცდელობა არსებობდა, მაგრამ ეს მცდელობები (პ. რატიანი, ა. თავაძე და სხვ.) საბჭოთა მარქსისტულ-ლენინისტური მეთოდოლოგიური პრინციპების მოშველიებით არის აღბეჭდილი და ილიას მსოფლმხედველობრივ სამყაროს სრულიად უსამართლოდ და არასწორად მატერიალისტური ფილოსოფიის კონტექსტში განმარტავს. XX საუკუნის ბოლოსა და XXI საუკუნის ქართულ ფილოსოფიაში ამ კუთხით მდგომარეობა საგრძნობლად გამოსწორდა და ილიას შემოქმედება დიდი ევროპული ფილოსოფიური აზროვნების (ჰეგელი და სხვ.) კონტექსტში იქნა განხილული; შესაბამისად, შეიქმნა საყურადღებო ინტერპრეტაციებიც (თ. ბუაჩიძე, გ. თევზაძე). მიუხედავად ამისა, ილიას ფილოსოფიური სამყაროს შესწავლა და საფუძვლიანი კვლევა-ანალიზი მაინც მომავლის საქმედ რჩება.
5 -რჩეული ბიბლიოგრაფია
(ა). ილია ჭავჭავაძის თხზულებები
• ილია ჭავჭავაძე: თხზულებათა სრული კრებული: 10 ტომად, პავლე ინგოროყვას რედაქციით და შესავალი წერილით, თბილისი: „სახელგამი“, 1951-1961 წწ.
• ილია ჭავჭავაძე: რჩეული ნაწარმოებები: 5 ტომად, თბილისი: „საბჭოთა საქართველო“, 1985-1987 წწ.
• ილია ჭავჭავაძე: თხზულებათა სრული კრებული: 20 ტომად, თბილისი, 1987-2018 წწ.
(ბ). სპეციალური ლიტერატურა ილია ჭავჭავაძის ფილოსოფიური შეხედულებების შესახებ
• ბუაჩიძე, თ.: ილიას „უბედური“ განდეგილი და ჰეგელის „უბედური ცნობიერება“, წიგნში: თ. ბუაჩიძე, ფილოსოფიური ნარკვევები, ტ. II, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 2005 წ., გვ. 593-606.
• თავაძე, ა.: ილია ჭავჭავაძის ფილოსოფიური და ესთეტიკური შეხედულებანი, თბილისი: „სახელმწიფო გამომცემლობა“, 1954 წ.
• თევზაძე, გ.: ილია ჭავჭავაძე და თანამედროვე აზროვნება. შესაძლებლობა და სინამდვილე ი. ჭავჭავაძის ისტორიის ფილოსოფიაში, თბილისი: „Carpe diem“, 2010 წ.
• თევზაძე, გ.: ილია ჭავჭავაძის (1837-1907) ისტორიის ფილოსოფია, წიგნში: გ. თევზაძე, ახალი ფილოსოფიის ისტორია, ნაწილი II: იმანუელ კანტიდან ფრიდრიხ ნიცშემდე, თბილისი: „ნეკერი“, 2012 წ., გვ. 343-358.
• რატიანი, პ.: ილია ჭავჭავაძე. ფილოსოფიური და სოციალურ-პოლიტიკური შეხედულებანი, თბილისი: „სახელგამი“, 1949 წ.