2021-03-17 თენგიზ ირემაძე

თევზაძე გურამ

1 -აკადემიური გზა

გურამ თევზაძე დაიბადა 1932 წლის 30 იანვარს, ქ. თბილისში; 1954 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფილოსოფიის სპეციალობით, 1957 წელს კი დაასრულა ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურა; საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა 1958 წელს (თემა - „თავისუფლება და აუცილებლობა“), სადოქტორო დისერტაცია კი შეასრულა 1963 წელს (თემა - „გერმანული ნეოკანტიანელობის შემეცნების თეორია“). 1966-1970 წლებში გურამ თევზაძე იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის ფილოსოფიის ისტორიის განყოფილების გამგე. 1970-2005 წლებში იგი იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ისტორიის კათედრის გამგე. 1993 წლიდან გურამ თევზაძე იყო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, ხოლო 2000 წლიდან კი ამავე აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი; 2006 წლიდან იგი იყო ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი ფილოსოფიაში. გურამ თევზაძე უცხოეთის მრავალ უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს მიწვეული პროფესორის სტატუსით; ამ მხრივ განსაკუთრებით ნაყოფიერი იყო მისი თანამშრომლობა მოსკოვის (რუსეთი), იენის (გერმანია), ლოძის (პოლონეთი), ვილნიუსის (ლიეტუვა) და ჩრდილო-აღმოსავლეთის (ჩინეთი) უნივერსიტეტებთან. გურამ თევზაძე გარდაიცვალა 2018 წლის 31 აგვისტოს.

2 -ფილოსოფიის გაგება

გურამ თევზაძე, უწინარეს ყოვლისა, ცნობილია როგორც მონუმენტური მონოგრაფიებისა და სახელმძღვანელობის ავტორი ფილოსოფიის ისტორიის შესახებ. თუმცა, ამის მიღმა ხშირად იმალება ის ფაქტი, რომ მას მკაფიოდ ჩამოყალიბებული ფილოსოფიური კონცეფცია ჰქონდა. უნდა აღნიშნოს, რომ ფილოსოფიის მისეული ხედვა განსაკუთრებით მწყობრად არის წარმოდგენილი მისსავე გვიანდელ სტატიებსა და ნაშრომებში, კერძოდ კი - „ფილოსოფიის შესავალში“ (2003 წ.). ეს ნაშრომი ცალკე წიგნის სახით არ არის გამოქვეყნებული, თუმცა, ნათლად და სისტემურად გამოხატავს გურამ თევზაძის ფილოსოფიურ კრედოს.

გურამ თევზაძე კრიტიკული ფილოსოფიის წარმომადგენელი იყო; ეს არც არის გასაკვირი, რადგან ადრეულ წლებში მთელი მისი შემოქმედება მიეძღვნა იმანუელ კანტსა და მისი მიმდევრების ფილოსოფიას. სწორედ მათი ნაშრომებისა და მოძღვრებების დაწვრილებითი, აკრიბული შესწავლისა და ანალიზის შედეგად ჩამოყალიბდა გურამ თევზაძის ფილოსოფიური მსოფლმხედველობა.

გურამ თევზაძის აზრით, ფილოსოფია არის დასაბუთებული მსოფლმხედველობის შექმნის ცდა; ამით განსხვავდება ის მსოფლმხედველობის სხვა სახეებისგან (მითოსი და რელიგია). იგი მსოფლმხედველობის საერთო, ძირითად საგნად ცხოვრების საზრისის განსაზღვრას მიიჩნევდა. თუკი მითოლოგიასა და რელიგიაში ადამიანის ცხოვრების საზრისის ძიება საგანგებო დასაბუთების გარეშე, ზეციური ძალების მოხმობის საფუძველზე ხდება, ფილოსოფია - მისი კონკრეტული შინაარსისაგან დამოუკიდებლად - ყოველთვის ესწრაფვის ააგოს დასაბუთებული მსოფლმხედველობრივი სისტემა, რომელსაც ფილოსოფიური მსოფლმხედველობა ეწოდება. ფილოსოფიის მთელი ისტორია - დაწყებული თალეს მილეტელიდან დღემდე - ამის თვალსაჩინო მაგალითია. მართალია, ცხოვრების საზრისის შესახებ საკითხი მათემატიკური ან გეომეტრიული სიზუსტით ვერ დამტკიცდება, მაგრამ ადამიანისთვის ფილოსოფია ერთადერთი საშუალებაა ამ საკითხის დასაბუთების მცდელობისა. გურამ თევზაძე - შალვა ნუცუბიძის მსგავსად - ფიქრობდა, რომ ფილოსოფოსობა ადამიანის „სპეციფიკას“ გამოხატავს, რადგან იგი საზრისის მაძიებელი არსებაა. სწორედ ამით განსხვავდება ადამიანი იმ არსებათაგან, რომლებიც არ აზროვნებენ, და იმ არსებისგანაც, რომელიც „აბსოლუტური აზროვნებაა“ (ღმერთი), რადგან არცერთს ამ არსებათაგან არ სჭირდება საზრისის ძიება, მათი საზრისი მყარი მოცემულობაა და ცვლილებას არ განიცდის. მხოლოდ ადამიანი იმყოფება თავისი დანიშნულებისა და სამყაროსეული მისიის მარადიული ძიებისა და განსაზღვრის პროცესში. ამ პროცესში მისი ერთადერთი საყრდენი ინსტანცია არის გონება, რომლისადმი ნდობა გურამ თევზაძეს არსებითად მიაჩნდა; აქ იგი შემეცნების ჰეგელიანური პრინციპის („ყველაფრის შემეცნება შესაძლებელია“) მიმდევარი იყო, ოღონდ შემეცნების შედეგთა სოკრატული შეფასების („არცოდნის ცოდნა“) თანხლებით. კრიტიკული ფილოსოფია სწორედ აქ ავლენს თავს, როცა შემეცნებითი ოპტიმიზმი თვითკონტროლისა და თვითკრიტიკული მიდგომის საფუძველზე არსებობს და ხორციელდება. კრიტიკული ფილოსოფიის ეს მოდელი არსებითად არის დაკავშირებული „წმინდა გონების კრიტიკაში“ შესრულებულ სამუშაოსთან, როცა ადამიანური გონება, საკუთარი შემეცნებითი უნარების კრიტიკული შეზღუდვის ხარჯზე, მკაფიოდ განსაზღვრავს იმ ფარგლებს, რომლის მიღმაც მისი აქტივობა მხოლოდ განაზრებად რჩება და საყოველთაო, აუცილებელ ხასიათს მოკლებულია. მაშასადამე, გონება თავადვე ზღუდავს საკუთარ თავს, შემოფარგლავს ცოდნის სფეროს და ადგილს უთმობს იმ სფეროს, რომლის ცოდნით დაუფლება შეუძლებელია. ეს უკანასკნელი განისაზღვრა რწმენის სფეროდ. აქედან გამომდინარე, ცოდნა და რწმენა ადამიანური არსებობისა და ცხოვრების საზრისის ძიების პროცესში ორ უმნიშვნელოვანეს ნიშანსვეტად იქცევა, რომელთან მიმართებითაც დგინდება ღირებულებათა სისტემა. აქედან გამომდინარე, ფილოსოფოსი ის ადამიანია, რომელიც ცხოვრების საზრისის დასაბუთებას ცდილობს, რადგან ადამიანი - როგორც სასრული და მოაზროვნე არსება - უკვე გულისხმობს ამგვარი საზრისის არსებობას. ფილოსოფოსის მოწოდებაცა და ხელობაც ის არის, რომ ეს საზრისი ეძიოს და ჩაწვდეს მის სტრუქტურას.

გურამ თევზაძის აზრით, ფილოსოფიაში ადგილი აქვს განვითარების პროცესს; ფილოსოფიის არაერთი კლასიკოსისგან განსხვავებით (მაგალითად, კარლ იასპერსი) იგი ფიქრობდა, რომ თანამედროვე განსწავლულმა ფილოსოფოსმა უფრო მეტი იცის ფილოსოფიური სისტემების, პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ, ვიდრე, ვთქვათ, პლატონმა. თუმცა, ეს იმას როდი ნიშნავს, რომ მათი წვლილი თავად ფილოსოფიის განვითარებაში პლატონის მიერ შეტანილ წვლილს გავუთანაბროთ. პლატონისა და მისი დარი მოაზროვნეების უპირატესობასა და საგანგებო მნიშვნელობას ფილოსოფიის ისტორიაში „თვისებრივად ღრმა ხედვა“ ქმნის. ამგვარად, გურამ თევზაძე პრინციპულად მართებულ პოზიციას იკავებს ფილოსოფიის ისტორიისა და მისი ქმნადობის პროცესის მიმართ. ფილოსოფიის ისტორიას, როგორც დამოუკიდებელ მეცნიერულ დისციპლინას, მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება საზრისი, თუკი ფილოსოფია განვითარების გარკვეულ გზას გადის, წინააღმდეგ შემთხვევაში, მარადიული ფილოსოფიის უცვლელი პრობლემებისა და თემების შესახებ გვექნებოდა საუბარი. ეს კი, თავის მხრივ, ეწინააღმდეგება თავად ადამიანის და ფილოსოფიის ბუნებას. ადამიანი სასრული მოაზროვნე არსებაა - იგი მუდმივად ცოდნისა და ჭეშმარიტების ძიების პროცესშია.

გურამ თევზაძე თავის ნაშრომებში ორი ძირითადი პრინციპით ხელმძღვანელობდა: I. ადამიანისათვის, როგორც სასრული გონიერი არსებისათვის, ცოდნა და რწმენა ტოლპირველადია. ამ პრინციპის შეცვლა უსასრულო და უნაყოფო კამათის მეტს არაფერს იწვევს. II. ირაციონალურის და მისტიკურის დაშვება სხვა არაფერია, თუ არა გონების მიერ საკუთარი შესაძლებლობების საზღვრების გაცნობიერება, ანუ თვითკრიტიკა. საბოლოო ჯამში, გურამ თევზაძემ თავისი ფილოსოფიური კრედო შემდეგი სახით გამოხატა: ირაციონალიზმი უნდა გავიგოთ როგორც გონების მიერ საკუთარი თავის კრიტიკა, ანუ თვითკრიტიკა.

3 -ფილოსოფიური შემოქმედება

(ა). გამოკვლევები კანტისა და ნეოკანტიანელების შესახებ

XX საუკუნის ქართულ ფილოსოფიაში საგანგებო ადგილს იკავებს გურამ თევზაძის მონოგრაფიები და გამოკვლევები კანტისა და ნეოკანტიანელების შესახებ. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი პირველი სამი მონოგრაფია, რომლებსაც გურამ თევზაძის „ტრილოგია“ შეიძლება ეწოდოს და მისი ფილოსოფიური შემოქმედების მწვერვალს წარმოადგენს. მათში, გარდა ღრმა ფილოსოფიური საკითხების დასმისა და საფუძვლიანი ანალიზისა, თავად ქართველი ავტორის სისტემური ხედვებია წარმოდგენილი ფილოსოფიის მარად აქტუალური პრობლემების შესახებ. ამ „ფილოსოფიური ტრილოგიის“ შემადგენელი ნაშრომებია:

  1. 1. „გერმანული ნეოკანტიანელობის შემეცნების თეორია“ (თბ., 1963 წ.).
  2. 2. „ნიკოლაი ჰარტმანის ონტოლოგიის კრიტიკა“ (თბ., 1967 წ.).
  3. 3. „იმანუელ კანტი“ (თბ., 1974 წ., რუსულ ენაზე თარგმნა ე. თოფურიძემ - თბ., 1979 წ.).

თავდაპირველად მან საფუძვლიანი გამოკვლევები მიუძღვნა კანტის ფილოსოფიის უბადლო მკვლევრებისა და კომენტატორების, გერმანელი ნეოკანტიანელების (ჰ. რიკერტი, ფრ. ა. ლანგე, ჰ. კოჰენი და სხვ.) მოძღვრების სხვადასხვა ასპექტების (ღირებულების თეორია, შემეცნების თეორიის კრიტიკა და ა.შ.) ანალიზს. ამ გამოკვლევებმა შემდეგ ასახვა პოვა გურამ თევზაძის მონუმენტურ გამოკვლევაში „გერმანული ნეოკანტიანელობის შემეცნების თეორია“ (1963 წ.), რომელიც მის სადოქტორო დისერტაციას წარმოადგენდა. ამ ნაშრომში ავტორი უმთავრეს მიზნად ისახავს გერმანული ნეოკანტიანელობის შემეცნების თეორიის კრიტიკას და ამ უაღრესად რთული და მრავალმხრივი ფილოსოფიური მიმართულების საფუძვლიან განხილვას. ის ეხება გერმანული ნეოკანტიანელობის ლოგიკურ და ისტორიულ წანამძღვრებს და გვთავაზობს ნეოკანტიანელობის ცნების ერთიან განსაზღვრებას, რომელიც სხვადასხვა ნეოკანტიანურ სკოლებს აერთიანებს. აქ არა მარტო ნეოკანტიანელთა კომპლექსური ფილოსოფიური თეორიებია გადმოცემული და შეფასებული, არამედ იმ მოაზროვნეთა შემოქმედებაცაა მოხმობილი, რომლებმაც გავლენა მოახდინეს ნეოკანტიანელთა მიერ კანტის ფილოსოფიის ინტერპრეტაციაზე. გამოკვლევის ავტორი ნეოკანტიანელთა მრავალფეროვანი მოძღვრებების დაწვრილებითი ანალიზის საფუძველზე აჩვენებს, რომ შემეცნების თეორიის აგება ონტოლოგიისა და ონტოლოგიური პრობლემატიკის სათანადო გათვალისწინებისა და დამუშავების გარეშე შეუძლებელია. ეს საკითხი განსაკუთრებით კარგად არის გაშუქებული ჰანს ფაიჰინგერის ფიქციონალიზმის განხილვისა და მისი კრიტიკის ჭრილში. გურამ თევზაძის ამ გამოკვლევაში ცხადად ჩანს მისი ფართო ფილოსოფიური ერუდიცია, რომელიც კარგად აისახა ნეოკანტიანელთა მრავალფეროვანი მოძღვრებების ანალიზში. აღსანიშნავია, რომ აკადემიკოსმა ანგია ბოჭორიშვილმა ამ ნაშრომს ვრცელი და საფუძვლიანი რეცენზია მიუძღვნა „გერმანელი ნეოკანტიანელების შემეცნების თეორიის სერიოზული კრიტიკა“ (რუსულ ენაზე, „მაცნე“, #2, თბ., 1964 წ., გვ. 238-259). რეცენზენტი მაღალ შეფასებას აძლევს გურამ თევზაძის ამ გამოკვლევას და ამბობს, რომ ის „ღრმა ფილოსოფიური ენით არის დაწერილი“ და „ნეოკანტიანელობის ორიგინალურ ინტერპრეტაციას წარმოადგენს“. რეცენზენტი იმასაც შენიშნავს, რომ გურამ თევზაძე ფილოსოფიის მთელი რიგი აქტუალური საკითხების შესახებ ორიგინალურ შეხედულებებს გვთავაზობს, თუმცა, ეს მხოლოდ გარკვეული ფრაგმენტებია სამომავლო კონცეფციისა, რომელიც სისტემური სახით უნდა იქნეს წარმოდგენილი. ანგია ბოჭორიშვილი გამოთქვამს იმედს, რომ გურამ თევზაძე თავის ორიგინალურ ხედვას ახალი ნაშრომის სახით შეაჯამებს, რომელშიც აქ მოცემული ორიგინალური ფრაგმენტები ერთიან ფილოსოფიურ კონცეფციად იქნება წარმოდგენილი. ანგია ბოჭორიშვილის რეცენზიაში გურამ თევზაძის აღნიშნული ნაშრომის მიმართ საგულისხმო შენიშვნებიც იქნა გამოთქმული, რომლებსაც ასევე ვრცელი პასუხი გასცა გურამ თევზაძემ თავის სტატიაში „თანამედროვე ბურჟუაზიული ფილოსოფიის ისტორიის ზოგიერთი საკითხის შესახებ“ (რუსულ ენაზე, „მაცნე“, # 2, 1967 წ., გვ. 316-322).

გურამ თევზაძის ნაშრომი „გერმანული ნეოკანტიანელობის შემეცნების თეორია“ მჭიდროდ არის დაკავშირებული მისსავე მეორე მნიშვნელოვან გამოკვლევასთან „ნიკოლაი ჰარტმანის ონტოლოგიის კრიტიკა“ (1967 წ.), რომელშიც წინა მონოგრაფიაში წამოწეული ფილოსოფიური პრობლემები უკვე ონტოლოგიის ჭრილშია განხილული. ეს მონოგრაფია წარმოადგენს ნეოკანტიანელთა მარბურგის სკოლაში, ჰერმან კოჰენსა და პაულ ნატორპთან განსწავლული (ხოლო შემდეგ კი ამ მიმართულებასთან კრიტიკულ დისტანციაში მყოფი) დიდი გერმანელი ფილოსოფოსის, ნიკოლაი ჰარტმანის ონტოლოგიის სისტემურ დალაგებასა და კრიტიკას. ამ გამოკვლევაში გურამ თევზაძე ნათლად აჩვენებს, რომ ნიკოლაი ჰარტმანმა კარგად გააცნობიერა ნეოკანტიანელთა შემეცნების თეორიის ნაკლი, რომ შემეცნების თეორია აუცილებლობით მოითხოვს ონტოლოგიას. გნოსეოლოგიის სრულყოფილი მოდელის აგება საჭიროებს ონტოლოგიური პრობლემატიკის სათანადო დამუშავებას. ჰარტმანი ცდილობდა, რომ იდეალიზმსა და მატერიალიზმზე ამაღლებულიყო. აქედან გამომდინარე, იგი როგორც „იდეალიზმის ისტორიული ფორმების“ (პლატონი, ჰეგელი, ნეოკანტიანელობა), ისე მატერიალიზმის წინააღმდეგია. ამის საპირისპიროდ იგი რეალიზმის პოზიციებზე დგება და ფუნდამენტური ონტოლოგიისა და მეტაფიზიკის განახლებას ესწრაფვის XX საუკუნის ევროპულ ფილოსოფიაში. თუმცა, გურამ თევზაძის აზრით, ნიკოლაი ჰარტმანმა ვერ შეძლო შემეცნებისგან დამოუკიდებელი არსის ლოგიკური დაშვება და დასაბუთება, რადგან მისი მეთოდოლოგია საამისოდ საკმარისი არ აღმოჩნდა. მართალია, ჰარტმანი ცდილობდა, რომ რაციონალიზმსა და ირაციონალიზმს შუა დარჩენილიყო, თუმცა, მისი კონცეფცია ირაციონალიზმში გადადის, რაც შეუძლებელს ხდის შემეცნებისაგან დამოუკიდებელი ონტოლოგიური რეალობის დასაბუთებას, რაც, თავდაპირველად, ნიკოლაი ჰარტმანის ფუნდამენტური ონტოლოგიის მთავარ მიზანს წარმოადგენდა. საბოლოო ჯამში, ნიკოლაი ჰარტმანის კონცეფციის შედეგად იმ დასკვნამდე მივდივართ, რომ თავად შემეცნების ობიექტურობა დგება ეჭვის ქვეშ და შემეცნებას მხოლოდ „პრაქტიკული ფუნქცია“ რჩება, რის ხაზგასმასაც პრაგმატისტები ახდენდნენ. ამის დაშვება კი თავად გერმანელ ფილოსოფოსს არ სურდა, თუმცა, ირაციონალური განზომილების დაშვების შედეგად, მსგავსი და სხვა სახის სიძნელეები შეინიშნება ახალი ონტოლოგიის სხვა დიდ წარმომადგენლებთანაც (ემილ ლასკი და მარტინ ჰაიდეგერი), მაგრამ ჰარტმანი ამ სიძნელის დაძლევას „შეფარდებითი ირაციონალურის“ დაშვების ხარჯზე ცდილობს, რაც, გურამ თევზაძის აზრით, „სიძნელისთვის თვალის არიდებაა“.

გურამ თევზაძის ტრილოგიას ასრულებს ამავე ტრილოგიისა და, საერთოდ, მისი ფილოსოფიური შემოქმედების საუკეთესო სამეცნიერო თხზულება „იმანუელ კანტი“ (1974 წ.), რომელშიც თეორიული ფილოსოფიის მნიშვნელოვანი საკითხებია განხილული. ეს ნაშრომი არის კანტის ფილოსოფიის შესახებ გურამ თევზაძის მრავალწლიანი შრომის ნაყოფი; ის „წმინდა გონების კრიტიკის“ დაწვრილებითი და სისტემური განმარტების უაღრესად საგულისხმო მცდელობას წარმოადგენს. ქართველი ავტორი თანმიმდევრულად, საფუძვლიანად განმარტავს კანტის მთავარი ნაშრომის ყველა ნაწილსა და თავს; იგი დეტალურად აანალიზებს კრიტიკული ფილოსოფიის მთავარ პრობლემებს და საგულისხმო პარალელებს ავლებს კანტის ფილოსოფიის წინამორბედებსა და მიმდევრებს შორის. ნაშრომი შედგება სამი ძირითადი ნაწილისგან, ამ ნაწილების შემადგენელი მრავალი თავისგან და ქვეთავისგან. იმანუელ კანტის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ძირითადი ასპექტებისა და მისი ფილოსოფიური განვითარების საინტერესო მიმოხილვას ეთმობა აღნიშნული ნაშრომის ორი, შედარებით მცირე ნაწილი, ხოლო ამ ნაშრომის მესამე ნაწილი შედგება 11 ვრცელი თავისგან, რომელშიც „წმინდა გონების კრიტიკის“ მთავარი თემები და ასპექტებია განხილული.

გურამ თევზაძის ამ ნაშრომში თვალსაჩინოდ არის მოხაზული „წმინდა გონების კრიტიკის“ ძირითად ცნებათა ევოლუციური გზა და წარმოდგენილია კანტის ფილოსოფიის პირველწყაროთა დაწვრილებითი ანალიზი. ნაშრომზე ერთი თვალის გადავლებითაც კი ცხადად ჩანს ქართველი ავტორის უაღრესად ფართო ფილოსოფიური ერუდიცია: იგი არა მარტო კანტის ნაშრომების უბადლო მცოდნეა, არამედ კანტის შესახებ სპეციალური ლიტერატურის ერთ-ერთი საუკეთესო მკვლევარიცა და კომენტატორიც. სწორედ ამის გამო გურამ თევზაძის მიერ მოხმობილი ფილოსოფიური არგუმენტაცია და მსჯელობები სანდო და დამაჯერებელია.

გურამ თევზაძის ამ ნაშრომში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა კანტის „წმინდა გონების კრიტიკის“ იმ ნაწილებს, რომლებშიც მოცემულია მოძღვრება „ტრანსცენდენტალური ესთეტიკისა“ და „ტრანსცენდენტალური ანალიტიკის“ შესახებ, თუმცა, „ტრანსცენდენტალური დიალექტიკისა“ და „ტრანსცენდენტალური ლოგიკის“ საკითხებიც კარგად არის წარმოდგენილი. ნაშრომში „იმანუელ კანტი“ დაწვრილებით არის გაანალიზებული ტრანსცენდენტალური აპერცეფციის სტრუქტურა, რომელიც კანტის კრიტიკული ფილოსოფიის საკვანძო, თუმცა, უაღრესად რთულ პრობლემას წარმოადგენს. ქართველი ავტორი საფუძვლიანად იკვლევს ტრანსცენდენტალური აპერცეფციის სტრუქტურის ორ მთავარ კომპონენტს: ცნობიერ (ანალიტიკური/რეპროდუქტიული) და არაცნობიერ (სინთეზური/პროდუქტიული) ასპექტებს ტრანსცენდენტალური აპერცეფციისა. გ. თევზაძის დასკვნით, კანტთან ყოველგვარ ტრანსცენდენტალურს ორმაგი გამოყენება აქვს: ცნობიერი და არაცნობიერი. პირველი აგებს საგანს, ხოლო მეორე კი საშუალებას გვაძლევს გავიგოთ, რომ ის ჩვენი აგებულია. ტრანსცენდენტალურ აპერცეფციაში ეს ორმაგი გამოყენება მის სტრუქტურულ მომენტებად იქცევა, რადგან აქ საქმე გვაქვს ტრანსცენდენტალური ცნობიერების უმაღლეს სინთეზთან საერთოდ. ყოველივე ამის მიზანი კი ის არის, რომ ნაჩვენები იქნეს კანტის მცდელობა, ერთმანეთს დაუკავშიროს აზროვნება და ყოფიერება. ეს არის ერთგვარი ძიება არქიმედეს საყრდენი წერტილისა, სადაც ერთმანეთს არის გადაწნული აზროვნება და ყოფიერება. ამის შედეგად წინა პლანზე წამოწეულია შემმეცნებელი სუბიექტის თეორიული და პრაქტიკული ერთიანობის საკითხი და დასაბუთებულია წარმოსახვის ძალის მნიშვნელობა საგნის შემეცნების პროცესში. ტრანსცენდენტალური აპერცეფციის სტრუქტურის ფორმალურ-შინაარსობრივი საკითხების განხილვის დროს, გურამ თევზაძის ინტერპრეტაციაში გარკვეული სიძნელეები იჩენს თავს, რასაც მისი ნაშრომის უცხოელი რეცენზენტებიც აღნიშნავდნენ; მიუხედავად ამისა, უნდა ითქვას, რომ ეს პრობლემა, საბოლოოდ, თავად კანტის კრიტიკულ ფილოსოფიაში დარჩა გარკვეული ბურუსით მოცული, რაც გახდა კიდეც მისი მრავალმხრივი ინტერპრეტაციების წყარო.

დასკვნის სახით უნდა აღინიშნოს, რომ გურამ თევზაძის გამოკვლევამ „იმანუელ კანტი“ დიდი ინტერესი გამოიწვია არა მარტო იმდროინდელ ქართულ და საბჭოთა ფილოსოფიაში, არამედ მის ფარგლებს მიღმაც. ეს ნაშრომი გამოცემიდან ხუთი წლის შემდეგ (1979 წ.) რუსულ ენაზე ითარგმნა, რამაც მის ფართო გავრცელებასა და გაცნობას შეუწყო ხელი; ამ წიგნის შესახებ ქართულ, რუსულ და გერმანულ ენებზე სწრაფადვე გამოქვეყნდა მრავალი დადებითი გამოხმაურება და რეცენზია. შეიძლება ითქვას, რომ ამ ნაშრომმა საერთაშორისო სახელი მოუხვეჭა XX საუკუნის ქართულ კანტოლოგიას.

(ბ). ფილოსოფიის ისტორია

ქართველი მკითხველისთვის გურამ თევზაძე, უწინარეს ყოვლისა, ცნობილია როგორც ფილოსოფიის ისტორიკოსი. ფილოსოფიის ისტორიის დიდ ეპოქათა შესახებ შექმნილ მის მონუმენტურ გამოკვლევებსა და სახელმძღვანელოებზე ქართველი ფილოსოფოსებისა და ფილოსოფიით დაინტერესებული მკითხველის არაერთი თაობა აღიზარდა. ათწლეულების განმავლობაში გურამ თევზაძის წიგნები ყველაზე საიმედო ქართულენოვანი გზამკვლევი იყო ფილოსოფიის დიდ ისტორიაში. თავდაპირველად, მისი სტატიები ფილოსოფიის ისტორიის ამა თუ იმ ეპოქისა და ავტორის შესახებ სხვადასხვა სახის კრებულებში ქვეყნდებოდა, ხოლო შემდეგ კი მისი მრავალრიცხოვანი გამოკვლევები XX საუკუნის ფილოსოფიის ისტორიისა და შუა საუკუნეების ფილოსოფიის შესახებ გამოქვეყნდა იმ პერიოდში საკმაოდ გავრცელებულ ფილოსოფიის ისტორიის შემდეგ სახელმძღვანელოებში: „XX საუკუნის ბურჟუაზიული ფილოსოფია“ (თბ., 1970), „შუა საუკუნეების ფილოსოფიის ისტორიის პრობლემები. ნაწილი I“ (თბ., 1981), „შუა საუკუნეების ფილოსოფიის ისტორიის პრობლემები. ნაწილი II“ (თბ., 1984), „თანამედროვე ბურჟუაზიული ფილოსოფიის ისტორია (XX ს. მეორე ნახევარი)“ (თბ., 1988). გარდა ამისა, გურამ თევზაძეს საკაცობრიო ფილოსოფიური აზროვნების ისტორიის სხვადასხვა მიმართულების, ავტორისა და მოძღვრების შესახებ მრავალი სტატია აქვს გამოქვეყნებული „ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაში“ (თბ., 1975-1987 წწ.) და ენციკლოპედია „საქართველოს“ პირველ 4 ტომში (თბ., 1997-2018 წწ.).

გურამ თევზაძემ თავისი მრავალწლიანი კვლევისა და მუშაობის შედეგები მოგვიანებით შეკრიბა და გამოაქვეყნა თავის მონოგრაფიებში ფილოსოფიის ისტორიის სხვადასხვა ეპოქის შესახებ; პირველი წიგნი იყო „ანტიკური ფილოსოფია“. ეს ნაშრომი გამოიცა 1995 წელს და მასში ძველი ბერძნული ფილოსოფიისა და ელინისტურ-რომაული ფილოსოფიის ძირითადი ავტორები, მიმართულებები და მოძღვრებებია განხილული. ამ წიგნში კარგად ჩანს მითოსიდან ლოგოსზე გადასვლის სპეციფიკა და ფილოსოფიური აზროვნების თავისებურებანი მითოლოგიისა და რელიგიის განსხვავების ჭრილშია წარმოდგენილი. სწორედ ამ წიგნში დაედო საფუძველი გურამ თევზაძის ფილოსოფიური ისტორიოგრაფიის უმთავრესი პრინციპის, ცოდნისა და რწმენის ურთიერთმიმართების ჭრილში ფილოსოფიური პრობლემების განხილვის სისტემურ მცდელობას. ქართველი ფილოსოფოსის მონოგრაფიები ფილოსოფიის ისტორიის სხვადასხვა ეპოქის შესახებ სწორედ ამ ორი „ტოლპირველადი პრინციპის“ კონტექსტშია წარმოდგენილი. ამავე პრინციპზეა აგებული გურამ თევზაძის მომდევნო მნიშვნელოვანი მონოგრაფია „შუა საუკუნეების ფილოსოფიის ისტორია“ (თბ., 1996 წ.). მასში განხილულია ფილოსოფიური აზრის ისტორიის სწორედ ის ეპოქა, რომელმაც საგანგებო ყურადღება მიაქცია რწმენისა და ცოდნის თვისებრივად ახალი და განსხვავებული სინთეზის საკითხს. ამ პრინციპთა მნიშვნელობის თაობაზე ზუსტად შენიშნავს ამ ორი წიგნის რეცენზენტი, ევროპული ფილოსოფიის ისტორიის კვალიფიციური ქართველი მკვლევარი ავთანდილ პოპიაშვილი: „მეტაფორულად რომ ვთქვათ, რწმენა და ცოდნა გურამ თევზაძესთან იმ ორ მეგობარს (გინდა მიჯნურს) მოგვაგონებს, რომელთაც უერთმანეთოდ ყოფნა არ შეუძლიათ, მაგრამ პერიოდულად არც მწვავე პოლემიკასა და კონფრონტაციაზე ამბობენ უარს და მთელი ფილოსოფიის ისტორია არის ამ განუყრელ მეგობართა თანხმიერებისა და ურთიერთდაპირისპირების დიდი ისტორია!“ (ა. პოპიაშვილი, „რწმენისა და ცოდნის ურთიერთობის ისტორია“, გვ. 7).

2002 წელს გამოქვეყნდა გურამ თევზაძის მომდევნო მონუმენტური მონოგრაფია „XX საუკუნის ფილოსოფიის ისტორია“ (607 გვ.), რომელიც იწყება „სიცოცხლის ფილოსოფიის“ (ფრ. ნიცშე, ვ. დილთაი, ა. ბერგსონი) მთავარ მოძღვრებათა ანალიზით და მთავრდება ე.წ. „ფრანგული პოსტმოდერნის“ (მ. ფუკი, ჟ. დერიდა) გადმოცემით. ამ სქელტანიან წიგნში განხილულია XX საუკუნის ფილოსოფიის თითქმის ყველა მნიშვნელოვანი მიმართულება (სიცოცხლის ფილოსოფია, პრაგმატიზმი, ნეოპოზიტივიზმი, პოსტპოზიტივიზმი, მარქსიზმი, დიალექტიკური მატერიალიზმი, ფრანკფურტის სკოლა, ნეოკანტიანელობა, ფენომენოლოგია, რეალონტოლოგია, ექსისტენციალიზმი, რელიგიური ფილოსოფია და პოსტმოდერნიზმი). ქართველი ავტორი ამ მიმართულებათა ანალიზის დროს მათ მთავარ წარმომადგენლებს გამოყოფს და სწორედ მათი მოძღვრებების ანალიზის გზით გადმოსცემს ამა თუ იმ ფილოსოფიური მიმართულების ავ-კარგს. განსაკუთრებით კვალიფიციურად და საფუძვლიანად განხილულია XX საუკუნის ფილოსოფიის ისტორიის სწორედ ის მიმართულებები (ფრანკფურტის სკოლა, ნეოკანტიანელობა, რეალონტოლოგია, ეგზისტენციალიზმი), რომლებზეც გურამ თევზაძეს ადრეულ პერიოდში საგანგებო სამეცნიერო გამოკვლევები აქვს მიძღვნილი.

2008 წელს გამოიცა გურამ თევზაძის უაღრესად საყურადღებო წიგნი „აღორძინების ეპოქის ფილოსოფია (მარსილიო ფიჩინოდან იაკობ ბოემემდე)“. ეს წიგნი ევროპული ფილოსოფიის ისტორიის უმნიშვნელოვანეს, უმდიდრეს პერიოდს ეხება. მასში აღორძინების ხანის (რენესანსის) ფილოსოფიის ყველა მნიშვნელოვან მიმართულებასა თუ წარმომადგენელს სათანადო ადგილი აქვს დათმობილი: გურამ თევზაძე კვლევას იწყებს მარსილიო ფიჩინოს აზროვნებით და ამთავრებს იაკობ ბოემეს ქრისტიანული თეოსოფიის განხილვით. უნდა ითქვას, რომ ეს წიგნი ქართული ფილოსოფიური ისტორიოგრაფიის შენაძენია. ქართულ ფილოსოფიაში აღორძინების ხანის ფილოსოფიური აზროვნების ასეთი საფუძვლიანი განხილვა მანამდე არ არსებობდა; გარდა ამისა, ეს წიგნი სასარგებლოა რენესანსის კულტურისა და აზროვნების შემსწავლელთათვის საერთოდ; ის, ასევე, მნიშვნელოვანია ქართულ ფილოსოფიურ აზროვნებაში ფართოდ გავრცელებული შალვა ნუცუბიძის „აღმოსავლური რენესანსის თეორიის“ შესაფასებლადაც. აღსანიშნავია, რომ ამ თეორიის კვლევა საქართველოში ხშირად ცალმხრივად მიდიოდა, რაც თვით „აღმოსავლური რენესანსის თეორიის“ შემდგომ განვითარებას აფერხებდა. არადა, ნებისმიერი თეორია, მათ შორის, „აღმოსავლური რენესანსის თეორია“ ღია, გახსნილი უნდა იყოს ყოველი ახალი ძიებისთვის. „აღმოსავლური რენესანსის თეორია“ მხოლოდ იმ შემთხვევაში დარჩება აქტუალური, თუ მისი მესვეურნი და მკვლევარნი იტალიური რენესანსის მდიდარი ტრადიციის ჭრილში განიხილავენ მას. სწორედ აღორძინების ხანის იტალიელი მოაზროვნეები ქმნიან იმ სააზროვნო ჰორიზონტს, რომლის გათვალისწინების გარეშეც „აღმოსავლური რენესანსის თეორიის“ ქართველი მკვლევრები სარწმუნო შედეგებს ვერ მიაღწევენ. გურამ თევზაძის ეს წიგნი ზემოთ აღნიშნულ პრობლემათა გასაშუქებლადაც კარგი მეგზურია.

2009-2012 წლებში გურამ თევზაძე მუშაობდა თავის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პროექტზე, რომლის მიზანიც იყო „ახალი ფილოსოფიის ისტორიის“ ორტომეულის მომზადება და გამოქვეყნება. ამ ნაშრომის პირველი ტომი (ფრენსის ბეკონიდან კანტამდე) გამოიცა 2009 წელს ქართულ ენაზე. ეს წიგნი დასრულდა კანტის, როგორც განმანათლებლობის ფილოსოფიის წარმომადგენლის განხილვით. „ახალი ფილოსოფიის ისტორიის“ მეორე ტომი (იმანუელ კანტიდან ფრიდრიხ ნიცშემდე) კანტს განიხილავს როგორც კრიტიციზმის შემქმნელს და ტრადიციულ განმანათლებლობაში ახალი შინაარსის შემომტანს, რომლის საფუძველზე გ. ფუნკე 1961 წელს ამბობდა, რომ განმანათლებლობა არის პროცესი. ამგვარი მიდგომით რომანტიზმიც განმანათლებლობის ნაწილად ითვლება. მაშასადამე, „ახალი ფილოსოფიის ისტორიის“ ორტომეულში იმანუელ კანტი XIX საუკუნის ფილოსოფიის ცენტრალურ ფიგურადაა მიჩნეული. ეს წიგნი წარმოადგენს ევროპული ფილოსოფიის ხანგრძლივი ისტორიის შესახებ გურამ თევზაძის მრავალწლიანი პროექტის დასრულებას, რომელიც 1995 წელს დაიწყო და 2012 წელს ამ წიგნის გამოცემით დასრულდა: „ანტიკური ფილოსოფია“ (1995 წ.), „შუა საუკუნეების ფილოსოფია“ (1996 წ.), „XX საუკუნის ფილოსოფია“ (2002 წ.), „აღორძინების ეპოქის ფილოსოფია“ (2008 წ.), „ახალი ფილოსოფიის ისტორია, ნაწილი I“ (2009 წ.), „ახალი ფილოსოფიის ისტორია, ნაწილი II“ (2012 წ.).

ამ მონაკვეთის დასასრულს უნდა აღინიშნოს ერთი მთავარი ღირსება იმ მონოგრაფიებისა და სახელმძღვანელოებისა, რომლებიც გურამ თევზაძემ ფილოსოფიის ისტორიას მიუძღვნა. ისინი კრიტიკული ფილოსოფიის მდიდარ და საუკეთესო ტრადიციას მიეკუთვნება. ქართველი ავტორი არ ღალატობს თავის უმთავრეს პრინციპს: მის ყველა წიგნში ცოდნისა და რწმენის ტოლპირველადობის ჭრილშია წარმოდგენილი ფილოსოფიის დიდი ეპოქებისა და მოაზროვნეების თეორიულ მცდელობათა ავ-კარგი. ფილოსოფიის ისტორიული ანალიზი გ. თევზაძეს თავისი კონცეფციის („ცოდნისა და რწმენის ტოლპირველადობა“) გასამყარებლად უმდიდრეს მასალას სთავაზობს. ცოდნისა და რწმენის ტოლპირველადობაზე ხაზგასმა ადამიანური ცოდნის არსებითი ნიშან-თვისების ხაზგასმასაც ნიშნავს: ადამიანის მიერ დაგროვილი ცოდნა განახლებას ექვემდებარება. რწმენა აქ დიდი სტიმულის მომცემი შეიძლება იყოს! გურამ თევზაძე ამგვარ ხედვას საგულისხმო ტერმინით აღნიშნავს - „სოკრატული ჰეგელიანელობა“. „სოკრატული ჰეგელიანელობის“ მიმდევრობა გარემომცველი სამყაროს ახალი და უცხო ასპექტების ძიებას ნიშნავს; ეს არის კრიტიკული ფილოსოფიის უმნიშვნელოვანესი ასპექტი, რომელიც, თავის მხრივ, შემწყნარებლობის ფილოსოფიას აფუძნებს; სწორედ ეს ასპექტი გამოარჩევს გურამ თევზაძესა და მის გამოკვლევებს ფილოსოფიის დიადი, ხანგრძლივი ისტორიის შესახებ და XX საუკუნის ქართული საუნივერსიტეტო ფილოსოფიის ძალიან ბევრი წარმომადგენლისაგან მკაფიოდ განასხვავებს.

(გ). ქართული ფილოსოფიის ისტორია

გურამ თევზაძის ფილოსოფიური შემოქმედების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ასპექტს წარმოადგენს მისი ვრცელი გამოკვლევები და სამეცნიერო სტატიები ქართული ფილოსოფიის ისტორიის საეტაპო ავტორებისა და მიმართულებების შესახებ. იგი ცალსახად უარყოფდა ძირშივე მცდარ დებულებას, რომ „ფილოსოფია ცალკეული ერების საკუთრებაა“ და ფიქრობდა, რომ საქართველოში ფილოსოფია გარკვეული მიმართულებით ვითარდებოდა და ქართულ ფილოსოფიაში არსებული ორიგინალური თეორიების მცირე რაოდენობა განპირობებული იყო სოციალურ-პოლიტიკური გარემოთი. მისი აზრით, შუა საუკუნეებიდან დაწყებული, ფილოსოფიური კულტურა საქართველოში არსებით როლს თამაშობდა და საწყის ეტაპზე ის თარგმანითა და კომენტარით იყო წარმოდგენილი, ხოლო შემდეგ კი, გარკვეულწილად, ლიტერატურულ ტექსტებსა და ქმნილებებში იყო მოცემული. აქედან გამომდინარე, მას მიაჩნდა, რომ ქართულ კულტურას სპეციფიკური დამოკიდებულება ჰქონდა ფილოსოფიასთან.

ქართული ფილოსოფიის და ფილოსოფოსების შესახებ სხვადასხვა სამეცნიერო კრებულებსა და ჟურნალებში გამოქვეყნებული მნიშვნელოვანი გამოკვლევების გარდა, გურამ თევზაძემ მოამზადა და გამოსცა შალვა ნუცუბიძის, მოსე გოგიბერიძის, ს. წერეთლის და სხვ. ცალკეული ნაშრომები თუ რჩეულ ნაშრომთა ტომეულები. ეს გამოცემები უაღრესად მნიშვნელოვანია ამ მოაზროვნეთა შემოქმედების შესასწავლად.

განსაკუთრებით აღსანიშნავია გურამ თევზაძის გამოკვლევები იოანე პეტრიწის, სოლომონ დოდაშვილის, შალვა ნუცუბიძის, მოსე გოგიბერიძის, სავლე წერეთლისა და სხვ. შესახებ. იოანე პეტრიწის შემოქმედებას მან ორ ათეულზე მეტი ნაშრომი მიუძღვნა ქართულ, რუსულ და გერმანულ ენებზე. მათში შუა საუკუნეების დიდი ქართველი ფილოსოფოსის ნააზრევი მრავალი ასპექტითაა გაშუქებული - დაწყებული იოანე პეტრიწის კომენტარის ფილოლოგიურ-წყაროთმცოდნეობრივი პრობლემებიდან და დამთავრებული მისი მოძღვრების აქტუალური საკითხებით (ანალოგია, სუბიექტურობა, პასუხისმგებლობა, ადამიანის დანიშნულება და ა.შ.). გურამ თევზაძე იოანე პეტრიწის შემოქმედებას ინტერდისციპლინურ კონტექსტში იკვლევდა და სათანადო ყურადღებას აქცევდა მისი მოძღვრების როგორც წმინდა ფილოსოფიურ, ასევე თეოლოგიურ ასპექტებს. გარდა ამისა, მან პეტრიწის ფილოსოფიის რეცეფციის ძირითადი საკითხების წინა პლანზე წამოწევით კარგად აჩვენა თავად პეტრიწის როლი ქართული თეორიული აზროვნების ჩამოყალიბების პროცესში. იოანე პეტრიწის ფილოსოფიის საერთაშორისო აღიარებისა და შესწავლის გზაზე ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს წარმოადგენდა 1984 წელს „ფილოსოფიური მემკვიდრეობის“ სერიის 91-ე ტომში იოანე პეტრიწის „განმარტებაჲ“-ს გამოცემა რუსულ ენაზე, რომლის ერთ-ერთი რედაქტორი, შესავალი წერილისა და უაღრესად საყურადღებო შენიშვნების ავტორიც თავად გურამ თევზაძე გახლდათ. უნდა აღინიშნოს, რომ ამ გამოცემაში იოანე პეტრიწის ფილოსოფიის მრავალი წყარო (პლატონის, არისტოტელეს, პორფირიოსის, თავად პროკლეს და სხვ. ნაშრომების შესაბამისი ადგილები და ციტატები) იქნა დადგენილი, რომელსაც შემდგომში იოანე პეტრიწის შესახებ ქართველ ფილოლოგთა მიერ შექმნილი გამოკვლევებიც დაეყრდნო.

2010 წელს გამოქვეყნდა გურამ თევზაძის ორი მნიშვნელოვანი ნარკვევი საქართველოში ფილოსოფიური აზრის ისტორიის შესახებ: (1) „პეტრე იბერი“ და (2) „ილია ჭავჭავაძე და თანამედროვე აზროვნება“. პირველ ნაშრომში ავტორი აჩვენებს, რომ V საუკუნის ცნობილი ქრისტიანი საეკლესიო მოღვაწე და თეოლოგი მურვანოსი, რომლის ნათლობის სახელია პეტრე, ერთ-ერთი პირველი გამააზრებელია დასავლური ფილოსოფიის იმ დიდმნიშვნელოვანი პრინციპისა, რომელსაც პერსონალურობის პრინციპი ეწოდება. ამ პრინციპის თანახმადაც, ღმერთის მიერ ადამიანის შეფასების სრულუფლებიან საფუძვლად გამოდის მისი წრფელი განზრახვა, თუნდაც მას ადეკვატური ფიზიკური განხორციელება არ მოჰყვეს (მაგ., ტაძრის აშენების განზრახვა და მისი ფაქტიური აშენება). ილია ჭავჭავაძის შესახებ შექმნილი ნარკვევი კი მიზნად ისახავს, რომ გადმოსცეს ილიას ისტორიის ფილოსოფია, რომელიც ასაბუთებს საქართველოს განვითარებისთვის ევოლუციური გზის აუცილებლობას და უარყოფს რევოლუციას; ასევე იცავს კლასთა შორის დაპირისპირების მშვიდობიანი მოგვარების უალტერნატივობას. ეს სამეცნიერო გამოკვლევა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაშრომია ილიას ფილოსოფიური მსოფლმხედველობის შესახებ.

4 -რეცეფცია

XX საუკუნის II ნახევრის ქართულ ფილოსოფიაში გურამ თევზაძე ერთ-ერთი ყველაზე მეტად რეციპირებული ქართველი ავტორია. მისი სისტემური ნაშრომების, ე.წ. „ტრილოგიის“ შესახებ ქართულ, რუსულ და გერმანულ ენეზე არაერთი საყურადღებო სტატია და რეცენზია გამოქვეყნდა, მათ შორის, ისეთ მნიშვნელოვან ევროპულ ფილოსოფიურ ჟურნალებში, როგორიცაა „Kant-Studien“, „Deutsche Zeitschrift für Philosophie“ და სხვ. მისი ნაშრომების შემფასებელთა და რეცენზენტთა შორის იყვნენ ევროპული და ამერიკული ფილოსოფიის ცნობილი წარმომადგენლები: გ. ფუნკე, რ. მალტერი, მ. ლიბშერი, ე. გოუბარი და სხვ. გურამ თევზაძის ვრცელ მონოგრაფიებსა და ფილოსოფიური შემოქმედების სხვადასხვა ასპექტებს საყურადღებო სტატიები და რეცენზიები მიუძღვნეს ფილოსოფიის ისტორიის ცნობილმა ქართველმა და რუსმა სპეციალისტებმა: ა. ბოჭორიშვილმა, ვ. გოგობერიშვილმა, გ. შუშანაშვილმა, მ. მახარაძემ, ე. ხინთიბიძემ, ა. პოპიაშვილმა, ლ. კალინიკოვმა, ვ. ჟუჩკოვმა, ვ. შვირევმა, დ. გრიშინმა და სხვ. გურამ თევზაძის ნაშრომების ბიბლიოგრაფია (2007 წლამდე) და მისი ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ არსებული რჩეული პუბლიკაციების სია გამოქვეყნებულია მისი 75 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო კრებულში „ფილოსოფია - ღვთისმეტყველება - კულტურა. პრობლემები და პერსპექტივები“ (თბ., 2007 წ.). სამომავლოდ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ამ გამოხმაურებათა მეცნიერულ შესწავლასაც. ამდენად, გურამ თევზაძის მდიდარი ფილოსოფიური შემოქმედების, მისი ადრინდელი რეცეფციის კვლევა-ძიების საქმე ეს-ესაა იწყება და ის „ობიექტურ“ მკვლევარ-შემფასებელს მოელის.

5 -ბიბლიოგრაფია

(ა). გურამ თევზაძის მთავარი ნაშრომები

• გერმანული ნეოკანტიანელობის შემეცნების თეორია, თბილისი: „საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა“, 1963 წ.

• ნიკოლაი ჰარტმანის ონტოლოგიის კრიტიკა, თბილისი: „მეცნიერება“, 1967 წ.

• იმანუელ კანტი, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1974 წ.

• Иммануил Кант. Проблемы теоретической философии, Тбилиси: „Хеловнеба“, 1979 წ.

• ანტიკური ფილოსოფია, თბილისი: „მეცნიერება“, 1995 წ.

• შუა საუკუნეების ფილოსოფიის ისტორია, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1996 წ.

• XX საუკუნის ფილოსოფიის ისტორია, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 2002 წ.

• ფილოსოფიის შესავალი, წელიწდეულში: „ფილოსოფიური განაზრებანი“, #3 (2003 წ.), გვ. 199-249.

• იოანე პეტრიწი, თბილისი: „ნეკერი“, 2006 წ.

• აღორძინების ეპოქის ფილოსოფია (მარსილიო ფიჩინოდან იაკობ ბოემემდე), თბილისი: „ნეკერი“, 2008 წ.

• ახალი ფილოსოფიის ისტორია, ნაწილი I: განმანათლებლობა (ფრენსის ბეკონიდან იმანუელ კანტამდე), თბილისი: „Carpe diem“, 2009 წ.

• ილია ჭავჭავაძე და თანამედროვე აზროვნება. შესაძლებლობა და სინამდვილე ი. ჭავჭავაძის ისტორიის ფილოსოფიაში, თბილისი: „Carpe diem“, 2010 წ.

• ახალი ფილოსოფიის ისტორია, ნაწილი II: იმანუელ კანტიდან ფრიდრიხ ნიცშემდე, თბილისი: „ნეკერი“, 2012 წ.

(ბ). სპეციალური ლიტერატურა გურამ თევზაძის შესახებ

ბერიაშვილი, მ. / ბიჭაშვილი, მ. / იეკი, უ. რ. (გამომცემლები): ფილოსოფიური განაზრებანი, ტ. 2: გურამ თევზაძეს, ფილოსოფიის ერთგულ მკვლევარსა და დაუღალავ მასწავლებელს, 70-ე წლისთავისადმი, თბილისი: „მერიდიანი“, 2002 წ.

გეგეშიძე, დ.: ახლებურად გააზრებული ანტიკური ფილოსოფია, გაზეთში: „ლიტერატურული საქართველო“, 21-28 თებერვალი (1997 წ.), გვ. 10.

დვალიძე, ლ.: პოლიტიკაზე საუბარი ფილოსოფოსთან, რომელიც პოლიტიკაში აქტიურად აღარ მონაწილეობს, გაზეთში: „თბილისი“, 2 დეკემბერი (1999 წ.), გვ. 3.

ირემაძე, თ. / ცხადაძე, თ. / ხეოშვილი, გ.: ფილოსოფია - ღვთისმეტყველება - კულტურა. პრობლემები და პერსპექტივები. საიუბილეო კრებული მიძღვნილი გურამ თევზაძის 75 წლისთავისადმი, თბილისი: „ნეკერი“ / „არხე“, 2007 წ.

მახარაძე, მ.: ანტიკური სულიერი სამყარო ახალი კუთხით, გაზეთში: „დილის გაზეთი“, 25 ოქტომბერი (1997 წ.), გვ. 9.

მახარაძე, მ.: ახლებურად გააზრებული XX საუკუნის ფილოსოფია, ჟურნალში: „მნათობი“, # 3-4 (2003 წ.), გვ. 160-164.

მახარაძე, მ.: გურამ თევზაძე, წიგნში: მ. მახარაძე, ფილოსოფია, პოლიტიკა, მცირე პროზა, ბათუმი: „აჭარა“, 2004 წ., გვ. 156-164.

მახარაძე, მ.: ახლებურად გააზრებული XX საუკუნის ფილოსოფია, წიგნში: მ. მახარაძე, ფილოსოფია, პოლიტიკა, მცირე პროზა, ბათუმი: „აჭარა“, 2004 წ., გვ. 183-193.

პოპიაშვილი, ა.: რწმენისა და ცოდნის ურთიერთობის ისტორია, გაზეთში: „ლიტერატურული საქართველო“, 10 ოქტომბერი (1997 წ.), გვ. 7.

შევარდნაძე, ე.: აკადემიკოს გურამ თევზაძის დაბადების 70 წელთან დაკავშირებით, გაზეთში: „საქართველოს რესპუბლიკა“, 8 მარტი (2002 წ.), გვ. 1.

შუშანაშვილი, გ.: გურამ თევზაძე - „იმანუელ კანტი“, ჟურნალში: „საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მაცნე. ფილოსოფიის, ფსიქოლოგიის, ეკონომიკისა და სამართლის სერია“, # 3 (1976 წ.), გვ. 180-189.

შუშანაშვილი, გ.: რეცენზია გურამ თევზაძის წიგნზე „XX საუკუნის ფილოსოფიის ისტორია“, ჟურნალში: „საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მაცნე. ფილოსოფიის სერია“, # 2 (2002 წ.), გვ. 150-157.

ხინთიბიძე, ე.: შუასაუკუნეების ფილოსოფიის ისტორია ქართულ ენაზე, გაზეთში: „საქართველოს რესპუბლიკა“, 18 ივნისი (1997 წ.), გვ. 4.

Бочоришвили, А. Т.: Серьезная критика теории познания немецкого неокантианства, კრებულში: „საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების მაცნე“, # 2 (1964 წ.), გვ. 238-259.

Gobar, A.: Contemporary Philosophy in Soviet Georgia, in: “Studies in Soviet Thought”, 18 (1978), გვ. 183-184.

Malter, R.: Guram Tewsadse: Immanuel Kant [in georgischer Sprache] (Zusammenfassung und Inhaltsverzeichnis auf Russisch und Deutsch), Tbilissi 1974, 534 Seiten, in: „Kant-Studien“, 68. Jahrgang, Heft 3 (1977), გვ. 360-361.

Liebscher, M.: Guram Tewsadse: Immanuel Kant. Problemy teoretitscheskoi filossofii. Isdatelstwo Chelowneba. Tbilissi 1979. 368 Seiten, in: „Deutsche Zeitschrift für Philosophie“, 5 (1982), გვ. 684-686.