თემისტიოსი
1 -ფილოსოფიური მემკვიდრეობა
აღმოსავლეთ რომის იმპერიაში, ქრისტეს შობიდან IV საუკუნეში, სხვადასხვა კულტურათა, მსოფლმხედველობათა, რელიგიათა და ტრადიციათა ნაყოფიერი სინთეზი განხორციელდა. ამას, ერთი მხრივ, დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმ ეპოქის ფილოსოფიური აზროვნების განვითარების პროცესზე, ხოლო, მეორე მხრივ, მონოთეისტური მსოფლმხედველობის კონტურებიც ნათლად გამოიკვეთა. ქრისტიანობა დაფუძნდა როგორც თავისუფალ ადამიანთა და თავისუფალი საზოგადოების რელიგია. მან დიდი გავლენა იქონია გვიანი ანტიკური ხანის ფილოსოფიაზე, რაც ნათლად აისახა კიდეც მისი განვითარების ტენდენციებსა და თავისებურებებზე. ამის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს იმდროინდელ კოლხეთში არსებული საგანმანათლებლო კერები და ის მოაზროვნეები, რომლებიც ამ კერებთან იყვნენ დაკავშირებული. ერთ-ერთი ასეთი მოაზროვნე იყო თემისტიოსი.
უძველესი ცნობები საქართველოში ფილოსოფიური აზროვნების არსებობის შესახებ ქრისტეს შობიდან სწორედ IV საუკუნეს, კოლხეთში არსებულ ფილოსოფიურ აკადემიას, კერძოდ კი, ფაზისის რიტორიკულ სკოლას უკავშირდება. ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი ცნობა ეკუთვნის გვიანი ანტიკური ხანის ცნობილ ბერძენ მოაზროვნესა და ფილოსოფოსს, ლოგიკოსსა და რიტორს, თემისტიოსს (IV ს.), რომელიც არისტოტელეს განთქმული მიმდევარი და მისი ნაშრომების კომენტატორი იყო. თემისტიოსის მიერ შესრულებული კომენტარები არისტოტელეს თხზულებებისა უაღრესად დიდი მნიშვნელობისაა არისტოტელეს მემკვიდრეობის შესწავლის კუთხით. იგი არისტოტელეს თხზულებათა განმარტებას პარაფრაზების მეშვეობით ცდილობდა. თემისტიოსის მიერ შექმნილი კომენტარებიდან შემორჩენილია კომენტარები არისტოტელეს შემდეგი თხზულებების შესახებ: „პირველი ანალიტიკები“, „მეორე ანალიტიკები“, „ფიზიკა“, „ცის შესახებ“, „სამშვინველის შესახებ“, „მეტაფიზიკა“ და „მცირე საბუნებისმეტყველო ნაშრომების შესახებ“. აღსანიშნავია, რომ ამ კომენტარებმა დიდი გავლენა იქონია არისტოტელეს ნაშრომთა ბერძენ, არაბ და ლათინელ კომენტატორებზე. ცნობილია, რომ ლათინურენოვანი ფილოსოფიის ისეთი დიდი წარმომადგენელი, როგორიც ალბერტ დიდი (XIII ს.) იყო, არისტოტელეს ნაშრომთა კომენტირებისას უპირატესობას ამ მეთოდს ანიჭებდა. მან ეს მეთოდი გვიანი შუა საუკუნეების ფილოსოფიური კომენტარის ერთ-ერთ უმთავრეს ხერხად აქცია.
თემისტიოსი ფაზისში სასწავლებლად გაგზავნა მამამისმა, ცნობილმა ბერძენმა ფილოსოფოსმა, ევგენიოსმა (III-IV სს.). ევგენიოსმა თავადაც კარგად უწყოდა ფაზისის რიტორიკული სკოლის შესახებ, რადგან მასაც იქ მიუღია განათლება ფილოსოფიასა და რიტორიკაში. ევგენიოსი, ფილოსოფიის ისტორიაში, უფრო მეტად, არისტოტელეს მიმდევრად არის ცნობილი, ვიდრე პლატონისა. მიუხედავად ამისა, მას პლატონის მიმართაც დიდი სიმპათია ჰქონდა. გვიანი ანტიკური სამყაროს მრავალი მოაზროვნის დარად, ევგენიოსიც მიიჩნევდა, რომ პლატონსა და არისტოტელეს შორის არსებითი განსხვავება არ იყო; უფრო მეტიც, არისტოტელემ თავისი მასწავლებლის ფილოსოფია სისტემაში მოიყვანა და უსარგებლო კრიტიკის ქარცეცხლისაგან იხსნა კიდეც. ამით ევგენიოსი ანტიკური ნეოპლატონიზმის ხედვას უახლოვდებოდა, რომელიც პლატონისა და არისტოტელეს მოძღვრებათა სინთეზის გზას ანიჭებდა უპირატესობას.
2 -თემისტიოსის წერილი ბერძენი ახალგაზრდისადმი
თემისტიოსის მრავალფეროვან თეორიულ მემკვიდრეობაში გვხვდება პროპედევტიკული ხასიათის წერილი, რომელშიც ახალგაზრდა კაცი მას დახმარებას სთხოვს; ამ ახალგაზრდას არ სურს, რომ სწავლა განაგრძოს სახლში, პროვინციაში, არამედ სადმე სხვაგან - ცნობილ ქალაქში. მაგრამ, თემისტიოსის აზრით, ცოდნის შესაძენად აუცილებელი არ არის საგანგებოდ ცნობილი ადგილების შერჩევა, რადგან მეცნიერება დიდი მეტროპოლიების მეშვეობით კი არ ჰყვავის, არამედ დიდი სწავლულების ღვაწლის შედეგად. თემისტიოსის რჩევა შემდეგი სახისაა: იგი ამ ახალგაზრდას ფილოსოფიისა და რიტორიკის შესწავლას ათენში კი არ ურჩევს, არამედ პონტოს ბოლოში, ფაზისის მახლობად მდებარე ნაკლებად ცნობილ ადგილზე მიუთითებს. თემისტიოსს თავისი რჩევის სასარგებლოდ კარგი არგუმენტები ჰქონდა, რადგან თავად მასაც - მამამისის რჩევითა და რეკომენდაციით - რიტორიკის ხელოვნება სწორედ რომ ფაზისის აკადემიაში შეუსწავლია. ძველი ბერძნული მითოლოგიის მოხმობით თემისტიოსი შემდეგნაირად აღწერს ამ ადგილს: ეს ადგილი არგონავტების სამიზნე იყო, ის ელინური გავლენის ქვეშაა და პოეტთა სამშობლოდაც ითვლებაო.
3 -ფაზისის რიტორიკული სკოლა - ინტერკულტურული აზროვნების ერთ-ერთი ცენტრი
თემისტიოსის ცნობიდან იკვეთება, რომ ფაზისის რიტორიკულ სასწავლებელში საგანგებოდ შეისწავლიდნენ არა მარტო რიტორიკას, ვიწრო მნიშვნელობით, არამედ ზოგადად ფილოსოფიასაც. საქართველოში ფილოსოფიის საწყისებისა და, საერთოდ, ქართული ფილოსოფიის დასაწყისის ჭრილში ამ ცნობას დიდი მნიშვნელობა აქვს. ის ფაქტი, რომ აქ განისწავლნენ თემისტიოსი და მამამისი, ევგენიოსი, მხოლოდ იმას მიუთითებს, რომ ფაზისის რიტორიკული სასწავლებელი ფრიად განვითარებული სასწავლო დაწესებულება უნდა ყოფილიყო.
თემისტიოსის გადმოცემის თანახმად, ნათელი ხდება, რომ ფაზისის რიტორიკული სკოლა გვიანი ანტიკურობის ხანაში დიდი ტრადიციის და ისტორიის მქონე ყოფილა. ფაზისში რომ დიდი საგანმანათლებლო ტრადიციები არ ყოფილიყო, მაშინ იგი არც კი ურჩევდა ახალგაზრდა კაცს სწავლა-განათლების ფაზისში მიღებას. ამის მიუხედავად, ჩვენ ცოტა რამ თუ ვიცით გვიანი ანტიკური ხანის ამ მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ცენტრის შესახებ. სავარაუდოდ, ის უკვე არსებობდა IV საუკუნის დასაწყისში. დიდად სავარაუდოა ისიც, რომ ეს სასწავლებელი 529 წლის შემდეგ, ანუ იმპერატორ იუსტინიანე I-ის მიერ ათენში პლატონური აკადემიის დახურვის შემდეგ უკვე აღარ არსებობდა.
ამ ვარაუდის სასარგებლოდ არსებობს საკმაოდ მყარი მოსაზრებები: ფაზისის რიტორიკული სკოლა, თავისი დანიშნულებიდან გამომდინარე, ტიპურად ბერძნული ყაიდის სასწავლებელს წარმოადგენდა. სწორედ ამის გამო შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმპერატორის მიერ ათენში პლატონური აკადემიის დახურვის შემდეგ დიდხანს ისიც ვერ იარსებებდა. სავარაუდოა, რომ ფაზისის რიტორიკული სკოლა ბერძნული საგანმანათლებლო ტრადიციის ერთგული იყო და იქ იმ საგნებს (ფილოსოფია, მათემატიკა, ასტრონომია, მუსიკა, რიტორიკა და ა. შ.) ასწავლიდნენ და სწავლობდნენ, რომლებიც ბერძნული აკადემიის სასწავლო გეგმაში იყო შეტანილი.
სწორედ ამის შედეგია ის, რომ IV საუკუნის საქართველოში ფართოდ გაიშალა ფილოსოფიურ-რიტორიკული კვლევა-ძიება. კოლხეთის ფილოსოფიური სასწავლებელი, ანუ ფაზისის რიტორიკული სკოლა ამის თვალსაჩინო მაგალითი და ბერძნული აკადემიური აზროვნების მნიშვნელოვანი ცენტრი იყო იმდროინდელ საქართველოში. სავარაუდოა, რომ ფაზისის რიტორიკულ სკოლაში განისწავლა მრავალი ქართველი და ბიზანტიელი ორატორი, რადგან იქ არა მარტო კოლხები სწავლობდნენ, არამედ ბიზანტიიდანაც ჩამოდიოდნენ ახალგაზრდები სასწავლებლად.
4 -თემისტიოსი კავკასიური ფილოსოფიის კონტექსტში
კავკასიური ფილოსოფიის კონტექსტში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ფაზისის რიტორიკული სკოლის არსებობას, რადგან ბერძნული ფილოსოფიური ენა შეიძლება განვიხილოთ როგორც გარეგადამწვდომი ენა კავკასიელი ხალხებისთვის. ცნობილია, რომ გვიანანტიკურობასა და შუა საუკუნეებში მოღვაწე ქართველი და სომეხი სწავლულები ბერძნულად წერდნენ. პეტრე იბერი და დავით ანჰაღთი ბერძნულს უბადლოდ ფლობდნენ; ბერძნულ ენას, ასევე, ჩინებულად ფლობდა იოანე პეტრიწიც.
ანტიკური ხანის ფაზისის რიტორიკულ სკოლაში არსებული სასწავლო-კვლევითი პროცესის სახით საქმე გვაქვს კავკასიური ფილოსოფიის საწყისებთან. კავკასიური ფილოსოფია არის ბერძნული ფილოსოფიის რეცეფციისა და ტრანსფორმაციის შედეგი. ბერძნული ფილოსოფია წარმოადგენს იმ საერთო ნიადაგს, რომელზე დაყრდნობითაც იქმნება კავკასიური ფილოსოფია. ამ კუთხით შეიძლება რამდენიმე მნიშვნელოვანი ავტორი გამოიყოს, რომელთა შორისაა თემისტიოსიც. იგი კავკასიური ფილოსოფიის კონტექსტშიც დიდ როლს თამაშობს. ამდენად, ვინც კავკასიური ფილოსოფიის ისტორიის მოდელის შექმნას განიზრახავს, პირველ რიგში, უნდა დაიწყოს თემისტიოსითა და ფაზისის რიტორიკული სკოლით.
5 -გამოყენებული ლიტერატურა
• თემისტიოსი, წიგნში: გეორგიკა. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ტ. I, ტექსტები ქართული თარგმანითურთ გამოსცეს და განმარტებები დაურთეს ალ. გამყრელიძემ და ს. ყაუხჩიშვილმა, თბილისი: „საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა“, 1961 წ., გვ. 45-58.
• ირემაძე, თ.: გვიანი ანტიკური ხანის ფილოსოფია საქართველოში, გაზეთში: „საპატრიარქოს უწყებანი“, #8 (28 თებერვალი - 6 მარტი, 2019 წ.), გვ. 13-15.
• ირემაძე, თ.: შუა საუკუნეების ქართული ფილოსოფია. სისტემური მონახაზი მისი სპეციფიკის გასაგებად, თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2019 წ., გვ. 123-124.
• ხიდაშელი, შ.: ქართული ფილოსოფიის ისტორია (IV-XIII სს.), თბილისი: „მეცნიერება“, 1988 წ., გვ. 33-38.