ანტონ პირველი (ბაგრატიონი)
1 -ცხოვრება და მოღვაწეობა
ანტონ პირველი (1720-1788 წწ.), ერისკაცობაში იგივე თეიმურაზ ბაგრატიონი, გახლდათ ძე ქართველი მეფის იესესი. საქართველოს მძიმე პოლიტიკური მდგომარეობის გამო, მისი ცხოვრება ვერ წარიმართა მომავალი მეფის საკადრისად. მას საცოლე მოსტაცა ნადირ-შაჰმა. ამან სასოწარკვეთილებაში ჩააგდო იგი და ბერად აღიკვეცა დავით გარეჯის მონასტერში. აქვე ეწოდა მას ანტონი. 20 წლისა, 1740 წელს, ის დანიშნეს ქუთათელ მიტროპოლიტად. 1744 წელს, საქართველოს კათოლიკოსის, ნიკოლოზ ხერხეულიძის მკვლელობის შემდეგ, მან კათოლიკოსობა ითავა. ამ ხნის მანძილზე ანტონ პირველს ინტენსიური ურთიერთობა ჰქონდა საქართველოში მოღვაწე ევროპელ მისიონერებთან. 1755 წლის 16 დეკემბერს, მცხეთაში გამართულ საეკლესიო კრებაზე, ქართველმა სასულიერო პირებმა ის გადააყენეს კათოლიკოსის თანამდებობიდან, რასაც მოჰყვა მისი გეზი რუსეთისაკენ; იქ მას, გარკვეული ხანი (1757-1762 წწ.), ეპისკოპოსის მაღალი თანამდებობაც კი ეჭირა ვლადიმირის ეპარქიაში. იმავდროულად, ის აგრძელებს ფილოსოფიურ-თეოლოგიურ კვლევა-ძიებას და ქართულად თარგმნის იმდროინდელ რუსეთში ფართოდ გავრცელებულ ფილოსოფიურ ტექსტებს. საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის გაუმჯობესების შემდეგ ანტონ პირველი ბრუნდება სამშობლოში (1764 წ.), სადაც ის კვლავ აირჩიეს კათოლიკოსად. ამიერიდან მან განაგრძო თავისი საგანმანათლებლო საქმიანობა და ხელი მიჰყო ქართული განათლების სისტემის აგებას. თბილისსა (1755 წ.) და თელავში (1782 წ.) დაარსებული სასულიერო სასწავლებლებისათვის მან დაწერა სხვადასხვა სახის სახელმძღვანელო და გადმოაქართულა მრავალი სამეცნიერო ტექსტი.
2 -ფილოსოფიური შემოქმედება
ანტონ პირველის ფილოსოფიურ შემოქმედებაში, უწინარეს ყოვლისა, პლატონისა და არისტოტელეს კონცეფციებია განხილული. მისი მთავარი ფილოსოფიური ნაშრომის - „სპეკალი“ (1752 წ.) - პრობლემების ანალიზისას, იგი პლატონის დიალოგებსა და არისტოტელეს თხზულებებს ეყრდნობა. „სპეკალის“ პირველ ნაწილში ცნების, წინადადებისა და დასკვნის თეორიები პლატონის მოხმობით, მაგრამ, განსაკუთრებით კი, არისტოტელეს მეშვეობითაა განვითარებული. ამ ნაშრომის მეორე ნაწილშიც ორივე ფილოსოფოსი ფართოდაა გათვალისწინებული. აქ გამოკვლევის ძირითად საგანს ქმნის „ადგილნი დიალექტიკისანი“: დიალექტიკის პლატონისეულ და არისტოტელესეულ გაგებას ანტონ პირველი დაწვრილებით განმარტავს. „სპეკალის“ მესამე ნაწილი სულის შესახებ მოძღვრებას ეხება. აქაც პლატონისა და არისტოტელეს მოსაზრებები - ქრისტიან ავტორთა მხრიდან მათი ინტერპრეტაციების თანხლებით - ანტონ პირველის შემეცნების თეორიის საფუძველს ქმნის.
ანტონ პირველი წინასოკრატელთა ფილოსოფიასაც (ჰერაკლიტე, პითაგორა, დემოკრიტე, პარმენიდე) ეყრდნობა. ეს მოაზროვნეები და მათი განაზრებანი „სპეკალის“ შემეცნებისთეორიული საკითხების გადმოცემისას მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. ანტონი სულის არსების განხილვისას წინასოკრატელთა შემორჩენილ ფრაგმენტებს ხშირად მოიხმობს: მათ ზოგიერთ აზრს ეთანხმება, უფრო ხშირად კი აკრიტიკებს წინასოკრატელთა ფილოსოფიურ შეხედულებებს. ასეთივე ვითარება გვაქვს ელინისტური ფილოსოფიის რეცეფციის შემთხვევაშიც. მართალია, ანტონი ელინისტ ფილოსოფოსებს სათანადოდ აფასებს, მაგრამ მათ მოსაზრებებსაც ხშირად აკრიტიკებს. სტოელთა ფილოსოფია და ეპიკურეს მოძღვრება მისთვის კარგად იყო ცნობილი. სენეკას მოძღვრება „სპეკალის“ შემეცნებისთეორიული პრობლემატიკის განხილვისას პოზიტიურადაა შეფასებული, ხოლო ეპიკურეს შეხედულებანი სულის შესახებ კი მძაფრადაა გაკრიტიკებული.
ანტიკური ფილოსოფიური ტრადიციის ასეთი ფართო სპექტრის მოხმობის მიუხედავად, უნდა ითქვას, რომ ანტონ პირველის ფილოსოფიური ინტერესი მაინც არისტოტელეს მოძღვრებასთან იყო დაკავშირებული. ეს არცაა გასაკვირი, რადგან ახალი დროის ქართულ აზროვნებაში არისტოტელეს ფილოსოფიას უპირატესი ადგილი ეკავა. იმჟამინდელი ქართველი მკვლევრები არ იზღუდებოდნენ არისტოტელიზმის მარტოოდენ საკუთარი გაგებით, არამედ თავიანთ კვლევაში ითვალისწინებდნენ როგორც სომხურ (პირველ ყოვლისა, დავით უძლეველის, სვიმეონ ჯუღაეცის) და ბერძნულ (არისტოტელეს ანტიკურ ეგზეგეტებს - პორფირიოსს, ამონიოს ერმისს და სხვ.), ისე არისტოტელეს კვლევის ევროპულ ტრადიციას (ალბერტ დიდს, ლაიბნიცს, ვოლფსა და ვოლფის მოწაფეთა სასკოლო ფილოსოფიას).
ანტონ პირველის შემოქმედების განსაკუთრებულობას ქმნის სწორედ არისტოტელიზმის ამ სხვადასხვაგვარ ტრადიციათა და მათი კომბინაციის ათვისება - კვლევის საკუთარ მიზნებთან ერთად. თავის ადრინდელ ნაწარმოებში „სპეკალი“ (1752 წ.) იგი არა მარტო საგანგებოდ ეხება არისტოტელეს ფილოსოფიას, არამედ თავის ფილოსოფიურ სისტემასაც არისტოტელური აზროვნების ინტერპრეტაციისა და ტრანსფორმაციის მეშვეობით აგებს. ანტონ პირველის შემეცნების თეორია, პირველ ყოვლისა, ეფუძნება არისტოტელეს ლოგიკურ გამოკვლევებს: მისი ფილოსოფიის უმნიშვნელოვანესი კატეგორიები განხილულია მჭიდრო კავშირში როგორც არისტოტელესთან, ისე არისტოტელეს ანტიკურ და შუა საუკუნეებში მოღვაწე კომენტატორებთან. „სპეკალში“ ვრცლად არის ასახული არისტოტელეს ქრისტიანული განმარტებანი და იმ ავტორთა თხზულებები, რომლებიც საქართველოშია გავრცელებული (იოანე დამასკელი, არისტოტელეს სომეხი და ქართველი მიმდევრები). ამით ანტონ პირველმა მოგვცა არისტოტელეს ფილოსოფიის სპეციფიკური ინტერპრეტაცია, რითაც ნაყოფიერი გზა მისცა საკუთარი აზრის განვითარებას.
არისტოტელეს ფილოსოფიის გავრცელებასა და ინტენსიურ გათვალისწინებას ახალი დროის ქართულ აზროვნებაში ხელი შეუწყო შემდეგმა ისტორიულმა გარემოებებმა:
- 1. შუა საუკუნეებში არსებულმა ქართულმა არისტოტელურმა ტრადიციამ: იმჟამად, საქართველოში, ინტენსიურად სწავლობდნენ (და, სავარაუდოდ, თარგმნიდნენ კიდეც!) არა მარტო სტაგირელის თხზულებებს, არამედ არისტოტელეს თვალსაჩინო ეგზეგეტთა ურიცხვ კომენტარებსაც. ამ საქმეს დიდი ღვაწლი დასდო შუა საუკუნეებში მოღვაწე ცნობილმა მოაზროვნემ არსენ იყალთოელმა (XI-XII სს.). თავად ანტონ პირველიც ხაზს უსვამს არსენ იყალთოელის ლოგიკურ თხზულებათა განსაკუთრებულ მნიშვნელობას.
- 2. არისტოტელეს ფილოსოფიამ დიდწილად განსაზღვრა ფილოსოფიური აზროვნება იმ კავკასიური ქვეყნებისა, სადაც ქრისტიანობამ მოიკიდა ფეხი, ვინაიდან იქ მუდამ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ არისტოტელურ აზროვნებას ქრისტიანული სარწმუნოების გავრცელებისა და განმტკიცებისათვის. არისტოტელეს თხზულებათა კვალიფიციური ცოდნითა და კომენტირებით კავკასიაში უპირატესად გამოირჩეოდნენ სომეხი და ქართველი ფილოსოფოსები. ახალ დროში სომხებსა და ქართველებს შორის აზრთა მჭიდრო ურთიერთგაცვლა-გამოცვლაც ხდებოდა, რამაც გზა მისცა მათ ერთობლივ ნაყოფიერ მოღვაწეობას.
- 3. ახალი დროის საქართველოში გერმანულმა სასკოლო ფილოსოფიამ და ფრანგული განმანათლებლობის წარმომადგენლებმა გზა გაიკვალეს თარგმანისა და ანალიზის შემწეობით. ისიც უნდა ითქვას, რომ, იმხანად, კვლევის შუაგული არისტოტელეს ნააზრევის სპეციფიკურ გაგებას ეჭირა.
ანტონ პირველი არა მარტო „სპეკალში“, არამედ სხვა ფილოსოფიურ თხზულებებშიაც ინტენსიურად ეხება არისტოტელეს ფილოსოფიას, 1767 წელს კი, მან ხელი მიჰყო „კატეგორიათა“ კომენტირებას. ამ კომენტარებს, მსგავსად ავტორის სხვა მრავალი გამოკვლევისა, ჯერაც არ უხილავს მზის სინათლე; მისი გამოცემა კი, სათანადო განმარტებებით, გადაუდებელი საქმეა, ვინაიდან ეს სრულყოფილად გამოკვეთს არისტოტელეს სახეს ანტონ პირველის შემოქმედებაში, ხოლო არისტოტელეს ახალდროინდელი ქართული ინტერპრეტაცია, მჭიდრო კავშირში მყოფი არისტოტელეს შუასაუკუნეებისდროინდელ ქართულ გაგებასთან, საბოლოოდ, ნაყოფიერს გახდის არისტოტელეს კვლევას მთლიანობაში.
ანტონ პირველი - განსაკუთრებით თავისი მოღვაწეობის გვიანდელ საფეხურზე - ახდენს არისტოტელეს ლოგიკის არა მარტო ფორმალურ ინტერპრეტაციას, არამედ მის ერთგვარ ონტოლოგიზებასაც, კარს მომდგარი დროის მოთხოვნილებების შესაბამისად. ანტონმა ქართულად თარგმნა გერმანული სასკოლო ფილოსოფიის არაერთი მნიშვნელოვანი გამოკვლევა. და, აი, სწორედ თავისი მოღვაწეობის გვიანდელ საფეხურზე იგი აზუსტებს და განავრცობს არისტოტელეს მისეულ ინტერპრეტაციას, ხსენებული ფილოსოფიიდან მოპოვებული ცოდნის ინტენსიური გამოყენების საფუძველზე. აქ, უმთავრესად, უნდა ვახსენოთ რუსეთსა და საქართველოშიაც იმხანად მეტად ცნობილი გერმანელი ფილოსოფოსის, ფრიდრიხ ქრისტიან ბაუმაისტერის (1709-1785 წწ.) სახელი.
ფრიდრიხ ქრისტიან ბაუმაისტერის „ლოგიკის“ ქართულად თარგმნამ და კომენტირებამ რამდენადმე სახე უცვალა არისტოტელეს ლოგიკის ანტონისეულ გაგებას. ლოგიკა, მისი შეხედულებით, აღარ არის მხოლოდ ფილოსოფიის იარაღი, არამედ იგი გაგებულ უნდა იქნეს შემეცნების თეორიადაც. ამიტომაც, მისივე აზრით, არისტოტელეს ლოგიკაში დადგენილი ძირითადი პრინციპები აზროვნებისა და სინამდვილის კანონებიცაა იმავდროულად. გამორიცხული მესამის კანონი, იგივეობის თეორემა და წინააღმდეგობის შეუძლებლობის დებულება ანტონთან, მოგვიანებით, იძენს ონტოლოგიურ კონოტაციასაც, ვინაიდან ისინი, მისი თვალთახედვით, არსებითი მნიშვნელობის მქონეა ყოფიერის აგებულებისათვის. აზროვნების ეს არისტოტელური პრინციპები, მისი რწმენით, წინაპირობებია ადამიანური შემეცნებისა და უზრუნველყოფენ კიდევაც ამგვარი შემეცნების ჭეშმარიტ ბუნებას, ვინაიდან ისინი სწორედაც რომ კანონებია სინამდვილისა.
არისტოტელეს ლოგიკის ასეთი ონტოლოგიზება, რა თქმა უნდა, გამომდინარეობდა ლაიბნიც-ვოლფის საერთო კონცეფციის იმანენტური სტრუქტურიდან, ვინაიდან ამ ფილოსოფიამ დიდი ზეგავლენა მოახდინა ანტონ პირველის აზროვნებაზე. ვოლფის სკოლაში, როგორც ცნობილია, ლაიბნიცზე დაყრდნობით, არისტოტელეს ლოგიკა ონტოლოგიურად იქნა გაგებული და საკმაო საფუძვლის კანონიც სინამდვილის პრინციპად იქნა გამოცხადებული.
ანტონ პირველის ადრეული შემოქმედება, როგორც ზემოთ ვაჩვენეთ, ანტიკური ფილოსოფიური ტრადიციის ნაყოფიერი შესწავლა-ათვისებით ხასიათდება. ამ საქმეში ის სათანადოდ ითვალისწინებდა ბიზანტიური ფილოსოფიის (იოანე დამასკელი, მაქსიმე აღმსარებელი და ა.შ.) მიღწევებსაც. არისტოტელეს „კატეგორიების“ ანალიზისას ის ინტენსიურად იყენებდა იოანე დამასკელის ნაშრომებს, კერძოდ, მის „დიალექტიკას“. სულის არსისა და შემეცნებისთეორიული პრობლემების გადმოცემისას კი, იოანე დამასკელსა და ეკლესიის სხვა მამებთან ერთად, მოხმობილია მაქსიმე აღმსარებლის მოსაზრებანი. მაშასადამე, თავისი შემოქმედების ადრეულ ეტაპზე ანტონი ანტიკური ფილოსოფიის ბიზანტიური ფილოსოფიური მემკვიდრეობით ახსნა-განმარტებას არ ერიდებოდა!
ანტონ პირველის შემოქმედების გვიანდელ ეტაპზე ეს თეორიულ-მეთოდოლოგიური მიდგომა, გარკვეულწილად, იცვლება. იგი, ამჯერად, არისტოტელეს „კატეგორიების“ თეოლოგიურ ინტერპრეტაციას აკრიტიკებს, კერძოდ კი, არისტოტელეს გვიანანტიკურ და შუასაუკუნეებისდროინდელ ინტერპრეტატორებს. ასე, მაგალითად, „კატეგორიების“ განმარტება პორფირიოსის მიერ, მისი აზრით, დროის მოთხოვნებს ვეღარ აკმაყოფილებს. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ანტონი არისტოტელეს „კატეგორიების“ იოანე დამასკელისეულ განმარტებასაც აკრიტიკებს, რადგან მან არისტოტელეს ლოგიკა თეოლოგიური და არა ფილოსოფიური მიზნებისთვის გამოიყენა. ანტონის აზრით, არისტოტელეს ლოგიკა ფილოსოფიურად უნდა იქნეს გამოყენებული. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ სახეზე გვაქვს ტრადიციასთან მიმართების ახალი პარადიგმა: ანტონი შუა საუკუნეების სქოლასტიკურ აზროვნებას ემიჯნება და ანტიკური ფილოსოფიური სამყაროს (ტრადიციის) ხელახალი რეცეფციის შესახებ, ანუ მისი რეინტერპრეტაციის შესახებ საუბრობს. ამდენად, ანტონ პირველის ფილოსოფიური შემოქმედების სახით სრულიად ახალი ეტაპი იწყება ახალი დროის ქართული აზროვნების ისტორიაში.
3 -ღვთისმეტყველება
ანტონ პირველს მრავალი საღვთისმეტყველო ნაშრომი ეკუთვნის; ზოგიერთი მათგანი ორიგინალურია, ზოგიერთი კი უცხო ენებიდან თარგმნილი. იგი საგანგებო ყურადღებას აქცევდა ღვთისმეტყველების სხვადასხვა დარგებს (დოგმატიკა, ლიტურგიკა, კანონიკა, ჰომილეტიკა, ასკეტიკა და სხვ.) და არაერთი სახელმძღვანელოც აქვს შექმნილი ღვთისმეტყველების მრავალი მიმართულებით. მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია შემდეგი თხზულებები: „მზამეტყველება“ (1750-1752 წწ.), „კატეხიზმო“ (1757 წ.), „აღსარება“ (სავარაუდოდ - 1756-1757 წწ.), „კანონიკური ეპისტოლე“ (1768 წ.), „მარტირიკა“ (1769 წ.), „ღვთისმეტყველება“ (1779 წ.) და სხვ.
„მზამეტყველება“ ანტონ პირველის ვრცელი დოგმატურ-პოლემიკური ხასიათის ნაშრომია, რომელშიც - ისტორიულ და დოგმატურ წყაროებზე დაყრდნობით - მონოფიზიტთა მრწამსისა და მსოფლმხედველობის მძაფრი კრიტიკა და მრავალმხრივი უარყოფაა მოცემული. ანტონი თავის თხზულებაში ფართოდ იყენებს და ეყრდნობა არსენ იყალთოელის „დოღმატიკონში“ თავმოყრილ ნაშრომებს, მათ შორის, განსაკუთრებით აღსანიშნავია: ანასტასი სინელის „წინამძღვარი“, იოანე დამასკელის „გარდამოცემა“, კირილე ალექსანდრიელის „საუნჯე“, ლეონ დიდის „ტომოსი“ და სხვ. ანტონის ეს თხზულება, რომელიც აღმოსავლური ქრისტიანობის მდიდარ ტრადიციას ეყრდნობა, მართლმადიდებლური მრწამსისა და აღმსარებლობის საგულდაგულო განმარტების გზით მის განმტკიცებასა და პოპულარიზებას ემსახურებოდა.
ანტონ პირველმა დიდი წვლილი შეიტანა ქართული ლიტურგიკული ლიტერატურის განვითარების საქმეში. ძველი ქართული საღვთისმეტყველო ლიტერატურის შესანიშნავმა სპეციალისტმა, აკადემიკოსმა კორნელი კეკელიძემ სპეციალურად განიხილა ანტონის ლიტურგიკული მოღვაწეობა და სპეციალური გამოკვლევაც კი მიუძღვნა ამ საკითხს (იხ., ქვემოთ, „ბიბლიოგრაფია“). კ. კეკელიძის აზრით, ანტონმა საქართველოსა თუ რუსეთში მოღვაწეობის დროს იმ დროს არსებული თითქმის ყველა საღვთისმსახურო წიგნი შეისწავლა, ქართული საღვთისმსახურო წიგნები რუსულს შეადარა და ქართული საღვთისმსახურო ტრადიცია რუსულ საღვთისმსახურო ტრადიციის ქარგაზე გამართა. უფრო მეტიც, კ. კეკელიძის შეფასებით, ანტონ პირველის მცდელობათა შედეგად, ქართულმა საღვთისმსახურო პრაქტიკამ, ბიზანტიურის ნაცვლად, „რუსული ფიზიონომია“ მიიღო. ცნობილია, რომ ანტონმა გიორგი მთაწმინდელისეული პარაკლიტონი იმდროინდელი სლავური პარაკლიტონის მიხედვით შეასწორა და მისი ახალი რედაქცია შექმნა. ანტონმა, ასევე, შეასწორა „ტიპიკონი“, „კონდაკი“, მაგრამ განსაკუთრებული შრომა გასწია „სადღესასწაულო“-ს, ანუ „თთუენის“ შესწორებაზე.
ანტონ პირველის საღვთისმეტყველო ნაშრომების გვირგვინს წარმოადგენს „ღვთისმეტყველება“ სამნაწილედი, რომელიც ოთხ ვრცელ ტომს მოიცავს და ავტორს 1779 წელს დაუსრულებია. ამ თხზულებაში განხილულია: დოგმატური ღვთისმეტყველების (ერთი ღმერთი, სამება, ღვთის მიმართება სამყაროსთან და ადამიანთან), მისტიკური ღვთისმეტყველების (უხილავი არსნი, ეკლესია და მისი საიდუმლონი, გარდამოცემა) და ყოფაქცევითი ღვთისმეტყველების (პრაქტიკული ღვთისმეტყველება, „ზომიერებითი ღვთისმეტყველება“ და საღვთისმეტყველო ეთიკა) საკითხები. მაშასადამე, ამ ნაშრომში დაწვრილებით არის გაანალიზებული ღვთისმეტყველების ყველა მნიშვნელოვანი დარგისა და ქვედარგის საფუძველმდებარე პრობლემები. ანტონის „ღვთისმეტყველება“ ფილოსოფიური ღვთისმეტყველების კარგ ნიმუშსაც წარმოადგენს, რადგან ეს ნაშრომი არა მარტო წმიდა წერილისა და წმიდა მამათა დიად ტრადიციას ეფუძნება, არამედ მასში გადმოცემული საღვთისმეტყველო დებულებები ე.წ. „სქოლასტიკური მეთოდის“ საშუალებითაც არის დასაბუთებული. ანტონი თავის ნაშრომში მიმართავს ლოგიკური (დიალექტიკური) დასაბუთების მეთოდს და საღვთისმეტყველო ჭეშმარიტებების დაფუძნებას სილოგიზმების მეშვეობითაც ახდენს. ანტონის „ღვთისმეტყველება“ - მისი ფილოსოფიური ნაშრომების მსგავსად - სასწავლო-საგანმანათლებლო მიზნებისა და ამოცანების დაძლევას ემსახურებოდა და ის სახელმძღვანელოს სახით ყოფილა შექმნილი. მართალია, ანტონს ეს ნაშრომი სხვადასხვა თხზულებათა, ტრაქტატთა და ავტორთა მოხმობით დაუწერია, მაგრამ მისი ძირითადი წყარო მაინც უნდა იყოს ფრანგულ ენაზე არსებული საღვთისმეტყველო ენციკლოპედია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს ოთხტომიანი „ღვთისმეტყველება“ დღემდე არ არის გამოქვეყნებული. აქედან გამომდინარე, ის ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ შესწავლილი და მისი საფუძვლიანი ანალიზი (უწინარეს ყოვლისა, გამომდინარე ამ ნაშრომის უაღრესად საინტერესო შინაარსიდან!) მომავალი კვლევა-ძიების გადაუდებელ ამოცანად რჩება.
4 -ანტონისა და მისი სკოლის როლი კავკასიური ფილოსოფიის კონტექსტში
ახალი დროის ქართული ფილოსოფიური აზროვნების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი ის არის, რომ ამ პერიოდში საფუძველი ჩაეყარა ე.წ. „ტრანსნაციონალურ“ და „ინტერნაციონალურ“ დისკურსებს. ამის ერთ-ერთი შემოქმედი და პოპულარიზატორი იყო ანტონ პირველი და მისი ფილოსოფიურ-მთარგმნელობითი სკოლა. ანტონის სკოლაში მოღვაწეობდა არაერთი მოაზროვნე, რომელიც ქართულ-სომხური ფილოსოფიური ურთიერთობების პროცესში აქტიურ როლს თამაშობდა. მათ რიცხვს მიეკუთვნებოდნენ სომხური წარმოშობის სწავლულებიც, რომლებიც სომხური ენიდან ქართულად და, პირიქითაც, ქართული ენიდან სომხურად თარგმნიდნენ. ამ პერიოდში განსაკუთრებით ბევრი ითარგმნა სომხურიდან ქართულად და დასაბამი მიეცა ქართველ და სომეხ სწავლულთა ურთიერთანამშრომლობის უნიკალურ ფაქტს: როცა კავკასიური ფილოსოფიის ისტორიული დაფუძნებისა და ლეგიტიმაციის შესახებ ვსაუბრობთ, მხედველობაში აუცილებლად უნდა მივიღოთ ანტონისა და მისი სკოლის თეორიული მიღწევები! ანტონის სკოლა იყო იმის უნიკალური განსახიერება, თუ როგორ შეიძლება თანამშრომლობდნენ ორი განსხვავებული კულტურის წარმომადგენლები ერთმანეთთან და თანაც საერთო (კავკასიურ) საქმეს აკეთებდნენ.
ანტონ პირველის მიმდევართაგან აქ, პირველ ყოვლისა, უნდა ვახსენოთ ფილიპე ყაითმაზაშვილი და დოსითეოს ჩერქეზიშვილი. მათი ერთობლივი მოღვაწეობით ითარგმნა და განხილულ იქნა მრავალი ლოგიკური თხზულება არისტოტელესი და, განსაკუთრებით, ამ ტექსტთა სომხური კომენტარები. ასევე მნიშვნელოვანია „განმარტებისათვის“ და ამ თხზულების დავით უძლეველისეული კომენტარების თარგმნა ყაითმაზაშვილის მიერ, აგრეთვე, „კატეგორიების“ თარგმნა ყაითმაზაშვილის მიერვე, ჩერქეზიშვილის მიერ თარგმნილი სვიმეონ ჯუღაეცის შესაბამისი კომენტარებით. უნდა ითქვას, რომ მრავალი თარგმანი, ამ სკოლის სხვა წარმომადგენელთა კალამს რომ ეკუთვნის, არც არის ცნობილი; არათუ თარგმანი და ნაშრომი, ხშირად ამ სკოლის ზოგიერთი წარმომადგენლის სახელიც კი უცნობია. არადა, არისტოტელეს ლოგიკის გაგებისათვის კი - და რასაც აქამდე გავეცანით, ამასვე ადასტურებს - მათ ნაწერებს ფასდაუდებელი მნიშვნელობა აქვს.
მაშასადამე, კავკასიური ფილოსოფიის ძირები, გარდა შუა საუკუნეების ქართულ ფილოსოფიაში არსებული ბევრი საერთო შეხების წერტილისა, ასევე, საძიებელია ახალი დროის ქართულ აზროვნებაში - კერძოდ კი, ანტონისა და მისი სკოლის მიერ სომეხ სწავლულებთან წარმოებულ სამეცნიერო ურთიერთობებში. XVIII საუკუნეში არსებული ქართულ-სომხური ფილოსოფიური ურთიერთობები, რომლებსაც „კავკასიური ფილოსოფიური ურთიერთობები“ შეიძლება ეწოდოს, ნაყოფიერი, მრავლისმომცველი და მრავლისმომცემი აღმოჩნდა. თუკი ისტორიული თვალსაზრისით კავკასიელთა ფილოსოფიური თანამშრომლობის ეტაპებს გამოვიკვლევთ, მაშინ უნდა გამოიყოს ორი მნიშვნელოვანი ეტაპი: 1. შუა საუკუნეებში არსებული თანამშრომლობა ქრისტიანული ფილოსოფიის სფეროში, რაც აისახა იმ პერიოდის ქართულენოვანი ტექსტების თარგმანებსა და კომენტარებში სომხურ ენაზე. 2. ახალი დროის ქართულ და სომხურ ფილოსოფიაში არსებული სამეცნიერო ურთიერთობები.
ანტონ პირველის ფილოსოფიურ-მთარგმნელობითი სკოლა და მისი თეორიული საქმიანობა კიდევ უფრო ამყარებს „კავკასიური ფილოსოფიის“ ცნების ლეგიტიმურობას ქართული ფილოსოფიის ისტორიაში, რადგან ანტონმა და მისმა სკოლამ უშუალოდ გაშალა ქართულ-სომხური ფილოსოფიური ურთიერთობების ასპარეზი. ანტონისა და მისი სკოლის ფილოსოფიური შემოქმედება „კავკასიური ფილოსოფიის“ ლეგიტიმურობაზე საუბრის შესაძლებლობას გვაძლევს. ანტონმა, თავის თანამოაზრეებთან ერთად, საქართველოსა და სომხეთს შორის ფილოსოფიურ აზრთა აქტიური გაცვლა-გამოცვლის პროცესს დაუდო სათავე ახალი დროის აზროვნებაში. ეს მეტად საინტერესო და ნაყოფიერი მეთოდოლოგიური მიდგომა მაშინაც კი არ კარგავს მნიშვნელობას, როცა ანტონ პირველი არცთუ უსაფუძვლოდ - საქართველოსა და სომხეთში პროკლე დიადოხოსის რეცეფციისა და ტრანსფორმაციის კონტექსტში - ქართული საფილოსოფიო სკოლის უპირატესობაზე საუბრობს.
5 -ბიბლიოგრაფია
(ა). ანტონ პირველის ნაშრომები და თარგმანები
ხელნაწერები:
• ანტონ პირველი: კატიღორია, სიმეტნეჲ (ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, A-233).
• ფრ. ქრ. ბაუმაისტერი: ფილოსოფიური თხზულებანი (ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, S-251).
• ფრ. ქრ. ბაუმაისტერი: დასაბამი ფილოსოფიისა ახლისა (ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, S-293).
გამოქვეყნებული შრომები:
• ანტონ პირველი: სპეკალი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთო გ. დედაბრიშვილმა, თბილისი: „მეცნიერება“, 1991 წ.
_ წყობილსიტყვაობა, პლ. იოსელიანის გამოცემა, თბილისი, 1853 წ.
_ ქართული ღრამატიკა, რ. ერისთავის გამოცემა, თბილისი, 1885 წ.
_ მზამეტყველება, თბილისი, 1892 წ.
_ წყობილსიტყვაობა, რ. ბარამიძის გამოცემა, თბილისი „მეცნიერება“, 1972 წ.
_ წყობილსიტყვაობა, ი. ლოლაშვილის გამოცემა, თბილისი: „მეცნიერება“, 1980 წ.
(ბ). სხვა წყაროები და სამეცნიერო-კვლევითი ლიტერატურა
• ამონიოს ერმისის თხზულებები ქართულ მწერლობაში. ტექსტები გამოსაცემად მოამზადეს ნ. კეჭაღმაძემ და მ. რაფავამ. გამოკვლევა, ლექსიკონი და საძიებლები დაურთო მ. რაფავამ, თბილისი: „მეცნიერება“, 1983 წ.
• ავალიანი, ს.: ანტონ პირველი (ბაგრატიონი), თბილისი: „მეცნიერება“, 1987 წ.
• დედაბრიშვილი, გ.: იოანე ბაგრატიონის „კალმასობის“ ფილოსოფიური ნაწილის გამოკვლევა და ლექსიკონი, თბილისი: „მეცნიერება“, 1974 წ.
• თევზაძე, გ.: შუა საუკუნეების ფილოსოფიის ისტორია, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1996 წ.
• ირემაძე, თ.: არისტოტელეს „კატეგორიები“ მათი ანტიკური კომენტარების შუქზე, ჟურნალში: „რიწა“. საზოგადოებრივ-სალიტერატურო ჟურნალი, # 4 (თბილისი, 2005 წ.), გვ. 112-113.
• ირემაძე, თ.: არისტოტელეს „კატეგორიები“ მათი ანტიკური კომენტარების შუქზე, ჟურნალში: საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მაცნე. ფილოსოფიის სერია, # 2 (თბილისი, 2005 წ.), გვ. 156-157.
• ირემაძე, თ.: ანტიკურობისა და ბიზანტიის ფილოსოფიური ტრადიცია ანტონ ბაგრატიონის შემოქმედებაში, კრებულში: ბიზანტინოლოგია საქართველოში - 3, ეძღვნება აკადემიკოს გიორგი წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დაარსების 50-ე წლისთავს, ტ. I, რედაქტორები: ნ. მახარაძე, ნ. სულავა, თბილისი, 2011 წ., გვ. 235-241.
• ირემაძე, თ.: არისტოტელეს ლოგიკის გაგებისათვის ახალი დროის ქართულ აზროვნებაში: ანტონ ბაგრატიონი და მისი არისტოტელური ნარკვევები, კრებულში: შემეცნება და ზნეობა. ფილოსოფიური წერილები. ეძღვნება ლერი მჭედლიშვილის 75 წლის იუბილეს. რედაქტორები: თ. ირემაძე, თ. ცხადაძე, გ. ხეოშვილი, თბილისი: „ნეკერი“, 2012 წ., გვ. 46-56.
• ირემაძე, თ.: ანტიკურობისა და ბიზანტიის ფილოსოფიური ტრადიცია ანტონ ბაგრატიონის შემოქმედებაში, წიგნში: თ. ირემაძე, ფილოსოფია ეპოქათა და კულტურათა გზაგასაყარზე. ინტერკულტურული და ინტერდისციპლინური კვლევები, თბილისი: „ნეკერი“, 2013 წ., გვ. 32-40.
• ირემაძე, თ.: არისტოტელეს ლოგიკის გაგებისათვის ახალი დროის ქართულ აზროვნებაში: ანტონ ბაგრატიონი და მისი არისტოტელური ნარკვევები, წიგნში: თ. ირემაძე, ფილოსოფია ეპოქათა და კულტურათა გზაგასაყარზე. ინტერკულტურული და ინტერდისციპლინური კვლევები, თბილისი: „ნეკერი“, 2013 წ., გვ. 41-49.
• ირემაძე, თ.: ანტონ პირველი - „ევროპეიზმი“ ქართულ ფილოსოფიაში, წიგნში: თ. ირემაძე, ახალი დროის ქართული ფილოსოფია. სისტემური მონახაზი მისი სპეციფიკის გასაგებად, თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2020 წ., გვ. 76-82.
• კეკელიძე, კ.: ანტონი კათოლიკოზის სალიტურგიკო მოღვაწეობიდან, წიგნში: კ. კეკელიძე, ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, ტ. IV, თბილისი: „სტალინის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1957 წ., გვ. 175-186.
• კეკელიძე, კ.: კათოლიკოსი ანტონი პირველი, წიგნში: კ. კეკელიძე, ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. I: ძველი მწერლობა, თბილისი: „საბჭოთა საქართველო“, 1960 წ., გვ. 372-385.
• კობაძე, ა.: ფილოსოფიის როლი და მნიშვნელობა ანტონ I-ის ნააზრევში, ჟურნალში: საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მაცნე. ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის სერია, # 1 (თბილისი, 1983 წ.), გვ. 43-57.
• პარკაძე, ვ.: ანტონ I-ის მიერ თარგმნილი ვოლფის „თეორიული ფიზიკა“ და მისი კომენტარები, კრებულში: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები, ტ. 68: ფიზიკის მეცნიერებათა სერია I (თბილისი, 1959 წ.), გვ. 1-37.
• ხიდაშელი, შ., ქართული ფილოსოფიის ისტორია (IV-XIII სს.), თბილისი: „მეცნიერება“, 1988 წ.
• Нуцубидзе, Ш. И.: История грузинской философии (Собрание сочинений в 6 томах, т. 5), Тбилиси: „Мецниереба“, 1988.
• Iremadze, T.: Die Rezeption der Aristotelischen Logik im georgischen Denken der Neuzeit: Anton Bagrationi und seine Aristoteles-Studien, in: Georgica. Zeitschrift für Kultur, Sprache und Geschichte Georgiens und Kaukasiens, Bd. 29 (Aachen, 2006), გვ. 135-143.