გიორგი მთაწმიდელი
1 -ცხოვრება და მოღვაწეობა
დიდი ქართველი საეკლესიო მწერალი და მთარგმნელი, ათონის ქართული სალიტერატურო სკოლის უდიდესი წარმომადგენელი (ეფთვიმე მთაწმიდელთან ერთად) (1009-1065/66 წწ.). გიორგი მთაწმიდელის ბიოგრაფია დაწვრილებითაა აღწერილი მისივე მოწაფის, გიორგი მცირის ჰაგიოგრაფიულ თხზულებაში - „გიორგი მთაწმიდელის ცხოვრება“. ამ ძეგლის მიხედვით, გიორგის მამა-პაპა სამცხიდან ყოფილან, თვითონ კი თრიალეთში დაიბადა, მორწმუნე და ღმრთისმსახური მშობლების ოჯახში. მამას იაკობი ერქვა, დედას - მარიამი. იაკობი გიორგი მეფის ახლობელი და ერთგული ყოფილა; მეფე მას ზოგჯერ საპასუხისმგებლო („საერთგულო“) მისიით გზავნიდა სპარსეთში. დაკისრებულ მოვალეობას იაკობი ყოველთვის წარმატებით ასრულებდა და მეფის მადლობასაც იმსახურებდა. იაკობსა და მარიამს ექვსი შვილი შეეძინათ - სამი ვაჟი და სამი ქალი. გიორგი მესამე შვილი იყო, რომელიც თეკლასა და თეოდორეს შემდეგ შეეძინათ მშობლებს. შვიდი წლისა რომ შეიქნა თეკლა, მშობლებმა იგი, აღთქმის მიხედვით, ღმერთს შესწირეს და აღსაზრდელად ჩააბარეს ტაძრისის დედათა მონასტრის წინამძღვარს, საბაიას (სამცხეში). ამავე მონასტერს მიაბარეს მშობლებმა შვიდი წლის გიორგიც, ისიც საღმრთო შესაწირავად, რათა სამონაზვნო ღვაწლით ემსახურა ღმრთისათვის. ტაძრისში ყრმა გიორგი თავისი დისგან სწავლობდა საღმრთო წერილს და იმთავითვე გონების სიმახვილესა და სიბეჯითეს იჩენდა. ამ მონასტერში იგი სამ წელიწადს დარჩა, შემდეგ კი გადაიყვანეს ხახულის მამათა მონასტერში, სადაც იღვწოდნენ მისი ბიძები - გიორგი მწერალი, კურაპალატის მწერალთა უფროსად ნამსახურევი, და საბა, „კაცი წრფელი და უმანკოჲ“. ყოველი სიკეთით შემკული რომ იხილეს, ბიძებმა გიორგი წარუდგინეს მონასტრის მამასახლისს, მაკარის, აგრეთვე ამ მონასტრის დიდ მოღვაწეს, ბასილის (ბაგრატ III-ის ძეს). მოძღვრად კი განუწესეს სათნოებით განთქმული ბერი ილარიონ თუალელი. მისი ხელმძღვანელობით გიორგი დღითი-დღე წარემატებოდა სულიერად და სრულად განისწავლა საეკლესიო და სამღდელო საკითხებში. მან ზედმიწევნით შეისწავლა საღმრთო წერილის ყველა წიგნი, რაც კი ქართულ ენაზე მოიპოვებოდა, ასევე საწელიწადო საგალობელნი და ყოველგვარ გალობათა შეწყობაც.
ხახულში ორიოდე წელს ყოფნის შემდეგ ყრმა გიორგი ბიძამისმა, გიორგი მწერალმა წაიყვანა სამცხის ერთ წარჩინებულ ოჯახში, ფერსოს (ფერის) ჯოჯიკის ძესთან, ბასილ ბაგრატის ძის დის სიძესთან. ფერისმა და მისმა მეუღლემ გიორგი მწერალი სულიერ მოძღვრად მიიწვიეს თავიანთ კარზე და ყველა საქმე, როგორც სულიერი, ისე ხორციელი, მას დაუმორჩილეს. გიორგი მწერალმა თავისი ძმისწული, ყრმა გიორგიც თან გაიყოლა, რადგან თვითონ მოხუცებული იყო და გიორგის დახმარება სჭირდებოდა ზეპირი კანანახების, წიგნის კითხვისა და მომსახურებისათვის. ყრმა გიორგი შვილივით შეიყვარეს ფერისმა და მისმა მეუღლემ.
ოჯახის ბედნიერი ცხოვრება მალე დაირღვა. ფერისს ღალატი და განდგომილება დასწამეს და ბასილი კეისრის ბრძანებით თავი მოჰკვეთეს. მისი ქვრივი კი, შვილებითა და შინაყმებითურთ, წაიყვანეს კონსტანტინეპოლში, სადაც მათ თორმეტ წელიწადს მოუწიათ ყოფნა. ასე მოხვდა ყრმა გიორგი სატახტო ქალაქში. გიორგი მწერლისა და ფერისის ქვრივის მზრუნველობით იგი მიაბარეს კონსტანტინეპოლის საუკეთესო სასწავლებელში, გამოცდილ მოძღვართ, ფილოსოფოსებსა და რიტორთ. სწავლის 12 წლის განმავლობაში ყრმა გიორგიმ სრულად მოიკრიბა სწავლისადმი გულმოდგინება, სიბეჯითითა და გონების სიმახვილით ყველას აჯობა და სწავლულების ბრწყინვალებით ყველა გააკვირვა.
ამის შემდეგ მეფის ბრძანებით კვლავ თავისსავე მამულში დააბრუნეს გიორგის მფარველი ღმრთისმიერი დედაკაცი, რომელმაც იგი, მის ბიძასთან ერთად, თან წაიყოლა. იქ შეიტყვეს, რომ გიორგის დედა გარდაცვლილიყო, მამა კი ჯერ კიდევ ცოცხალი ჰყავდა. ძმამ, გიორგი მწერალმა, ისიც ფერის ჯოჯიკის ძის ოჯახში მიიწვია და ერთად ცხოვრობდნენ, ყრმა გიორგი კი ხახულში დაბრუნდა მეორე ბიძასთან, საბასთან.
ოცდახუთი წლისა რომ შეიქნა, გიორგი მონაზვნად აღიკვეცა თავისი მოძღვრის, ილარიონ თუალელის ხელით.
ამის შემდეგ გიორგის გაუჩნდა სურვილი განდეგილობისა, უცხოებაში სიგლახაკით ცხოვრებისა, თავისიანებისა და ნაცნობებისაგან განშორებისა და წმიდა ადგილების მოლოცვისა. ამიტომაც მეგობარ-ნაცნობთაგან დაფარულად გამოიპარა ხახულიდან და იერუსალიმისაკენ გაემართა. მრავალი დაბრკოლების გადალახვის შემდეგ მიაღწია შავ მთას. ავიდა საკვირველ მთაზე, მოილოცა ყველა იქაური მონასტერი და წმიდა მოწესეთაგან კურთხევა მიიღო. პირველ ყოვლისა, სულიერი მოძღვრის მოძიებას ეცადა, და საკვირველი მთის ერთი კლდის ნაპრალში იპოვა კიდეც სასურველი წმინდა დაყუდებული ბერი - გიორგი, წარმოშობით ქართველი, და მას დაემოწაფა.
მოძღვარმა გაიხარა გიორგის დამოწაფებით, რადგან მას უკვე დიდი ხანია, ნატვრად ჰქონდა, მის მოწაფეთა შორის გამოჩენილიყო ვინმე ისეთი სწავლული ქართველი, რომელიც შეძლებდა აეღორძინებინა ეფთვიმე მთაწმიდელის მიერ დაწყებული მთარგმნელობითი მუშაობა და შეევსო ჩვენი ენისა და სასულიერო ლიტერატურის ნაკლოვანებანი. იგი მიხვდა, რომ მისი ახალი მოწაფე ამ დიდი ღვაწლის შემძლებელი იქნებოდა.
მოძღვარმა ერთხანს რომანწმიდის მონასტერში დაამკვიდრა გიორგი, სადაც მან სამი წელი დაყო, დიდი შრომითა და ღვაწლით, თავმდაბლობითა და მორჩილებით. მისი სამორჩილო საქმიანობა სნეულთა მოვლა იყო. იქ შეუსრულდა გიორგის ოცდაათი წელი. როდესაც მისმა მოძღვარმა, გიორგი შეყენებულმა იხილა, რომ მისი მოწაფე უკვე ყოველმხრივ სრულქმნილია - ხორციელი ასაკითაც და სიბრძნე-გონიერებითაც - აკურთხა სქემით, და მხოლოდ ამის შემდეგ გაგზავნა იგი იერუსალიმის მოსალოცად.
როდესაც იგი კვლავ მოძღვართან დაბრუნდა, მისგან მიიღო კურთხევა, საღმრთო წიგნთა თარგმნისათვის მიეყო ხელი. მთარგმნელობითი მუშაობისათვის საუკეთესო პირობები ათონის მთაზე იყო. ამიტომაც სწორედ იქ გაგზავნა მოძღვარმა გიორგი. მთაწმიდას მან მშვიდობიანად მიაღწია და მონასტრის მოწესეებმა სიხარულით მიიღეს იგი. გიორგი მონასტერში თავმდაბლობითა და სიმშვიდით ცხოვრობდა, რამდენიმე ხანს ყველას იგი ერთი უბრალო და უსწავლელი ვინმე ეგონა, რადგან ყველა თანა-ძმას ემსახურებოდა და ემორჩილებოდა. შვიდ წელიწადს უმნიშვნელო, არად ჩასაგდებ საქმეებზე მსახურობდა თავმდაბლად. როდესაც მის მოძღვარს, გიორგი შეყენებულს მიუვიდა ამბავი, რომ გიორგი მონაზონს ჯერ არც მღვდელობის ხარისხი მიუღია და არც წიგნების თარგმნას შესდგომია, ძალზე შეწუხდა და შავი მთიდან დიდი საყვედური შეუთვალა მისი ნების შეუსრულებლობისათვის. მაგრამ გიორგი მონაზონი ურჩების გამო კი არ იქცეოდა ასე, არამედ იმიტომ, რომ სრულიად არარად და მცირედ მიაჩნდა თავი. მოძღვრის ბრძანებითა და იძულებით ბოლოს იგი დათანხმდა მიეღო მღდელობის ხარისხი. მცირე ხნის შემდეგ კი დეკანოზად ანუ ეკლესიარხად (მღდელთა და მგალობელთა უფროსად) იქნა განწესებული. პარალელურად შეუდგა მთარგმნელობასაც. პირველი, რაც თარგმნა, სვინაქსარი (ტიპიკონი) იყო, რადგანაც ისაა საფუძველი ღმრთისმსახურებისა. ამას მოჰყვა სხვა თარგმანები: გამოკრებული (საწელიწადო) სახარება, ასეთივე გამოკრებული (საწელიწადო) ეპისტოლენი პავლე მოციქულისა და საწელიწადო საწინასწარმეტყველო. ამის შემდეგ - „დიდნი კურთხევანი“, სექტემბრის თვე, პავლეს ეპისტოლენი და წმიდა მოციქულთა კათოლიკე ეპისტოლენი. ამის შემდეგ მონასტრის მთელმა საძმომ ერთსულოვნად და ერთხმად აირჩია იგი წინამძღვრად. ამ თანამდებობაზე მან კიდევ უფრო მძიმე მოღვაწეობას მისცა თავი, ვიდრე მანამდე. გიორგიმ გულმოდგინედ გამოიკითხა წმიდა მამა ეფთვიმეს ცხოვრება და მოღვაწეობა, მასთან ერთად მისი მამის, იოვანესი და სხვა წმიდა ბერებისა, აგრეთვე ამბები ამ დიდებული ლავრის აშენებისა, წესები და განგებანი, რომლებიც წმიდა მამა ეფთვიმეს დაედგინა მის მკვიდრთათვის, და ყოველივე ეს წერილობით ძეგლად დაგვიტოვა. გარდა ამისა, მან დიდი პატივი მიაგო მამა ეფთვიმეს წმიდა ნაწილებს და ნათლისმცემლის ეკლესიიდან ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის საკრებულო ეკლესიაში გადმოასვენა. მისი ხელი კი, სხვა წმიდათა ნაწილებთან ერთად, მშვენიერ სანაწილეში მოათავსა. ასევე, ყოველგვარი სამკაულებით შეამკო ეფთვიმეს მამის, იოანესა და სხვა წმიდა ბერების (არსენი ნინოწმიდელი ეპისკოპოსის, ბერ იოანე გრძელისძის) სამარხები და დააწესა, ჩაუქრობლად ანთებულიყო მათ წინაშე სამი კანდელი.
წინამძღვრობისას გიორგიმ ბევრი იღვაწა მონასტრის კეთილმოწყობისათვის (კერძოდ, საკრებულო ტაძრის გუმბათის ტყვიის ფურცლით გადახურვისათვის), ასევე სამონასტრო მამულების გაფართოებისა და მათი მფლობელობის ოფიციალური დოკუმენტების მოპოვებისათვის (მეფე კონსტანტინე მონომახისაგან).
მამა გიორგის დიდად აფასებდნენ მეფე ბაგრატ IV და დედამისი მარიამ დედოფალი, რომელთაც მთაწმიდელი მოძღვარი კონსტანტინეპოლში ყოფნისას გაიცნეს. დედოფალი მამა გიორგის დაემოწაფა და მის მიერ სქემითაც იკურთხა (ე.ი., აღიკვეცა მონაზვნად). მარიამ დედოფალმა დიდძალი შესაწირავი გაიღო ათონის ქართველთა მონასტრისათვის.
ბაგრატ მეფე ბევრს ეცადა, გიორგი თავის ქვეყანაში წაეყვანა. ჭყონდიდის საეპისკოპოსო კათედრაც შეთავაზა, მაგრამ მან არ იკისრა ეს მოვალეობა, რადგან ყოველგვარი მცდელობით გაურბოდა კაცობრივ დიდებასა და ამქვეყნიურ შფოთს. ამის გამო რამდენჯერმე სცადა კიდეც წინამძღვრობისათვის თავი დაენებებინა და სადმე განმარტოებით, მყუდროებით ეცხოვრა. ამ მიზნით ერთხელ შავ მთასაც მიაშურა, სადაც მისი მოძღვარი გიორგი შეყენებული მოღვაწეობდა. მაგრამ მოძღვარმა არ მოუწონა მონასტრის საძმოს მიტოვება და მთაწმიდაზე დაბრუნება უბრძანა. იმჯერად გიორგი დაემორჩილა მოძღვარს და ისევ დაუბრუნდა ათონზე მონასტრის წინამძღვრის პოსტს. მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ კვლავ მიატოვა ეს პოსტი, ამჯერად უკვე წიგნთა თარგმნის მიზეზით, რადგან სამონასტრო საზრუნავის გამო ვეღარ ახერხებდა ინტენსიურ მთარგმნელობით მუშაობას. მარიამ დედოფლის დახმარებით გიორგიმ კონსტანტინეპოლში სამეფო წერილი (ოფიციალური დოკუმენტი) მიიღო სამოღვაწეოდ შავ მთაზე დამკვიდრებისათვის, იქ მისულს სიხარულით შეხვდნენ და მუშაობისათვის საჭირო პირობები შეუქმნეს.
შავ მთაზე ყოფნისას მარიამ დედოფლის თხოვნით გიორგის ისევ მოუწია იერუსალიმში წასვლა, რათა მისი შესაწირავი წაეღო იქაურ მონასტრებში მყოფ მოღვაწეთათვის. დიდძალი შესაწირავი გადასცეს პროხორესაც, რომელიც იმჟამად იერუსალიმში ჯვრის მონასტერს აშენებდა.
იერუსალიმიდან ანტიოქიაში დაბრუნებული გიორგი ინტენსიურ მთარგმნელობით მუშაობას შეუდგა; თარგმნიდა დღისითაც და ღამითაც; პარალელურად თავის ლოცვით კანონსაც დაუბრკოლებლად აღასრულებდა. მისი სამყოფელი კი ხან სვიმეონწმიდის მონასტერი იყო, ხან კალიპოსისა.
შავ მთაზე ყოფნისას გიორგის ახლო ურთიერთობა ჰქონდა ანტიოქიის პატრიარქებთან - პეტრესა და თევდოსისთან. ამ უკანასკნელთან მას საუბრები ჰქონია ქართველთა სარწმუნოებრივი სიწმიდისა და საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ, რაც გიორგიმ ღმრთივბრწყინვალედ დაასაბუთა საეკლესიო გადმოცემაზე დაყრდნობით.
როდესაც გიორგიმ დაასრულა საღმრთისმსახურო წიგნების თარგმნა, ბაგრატ მეფემ მარიამ დედოფლის, კათალიკოსების, ეპისკოპოსებისა და მთელი სამღვდელოების სახელით სთხოვა მას ქართლში ჩამოსვლა ღმრთივსულიერი სწავლებისა და კურთხევისათვის. ბერს სამყოფელად მიუჩინეს ჯერ ნეძვის მონასტერი, შემდეგ კი შატბერდის ლავრა. სულიერი რჩევებისათვის, ნაკლოვანებათა მხილებისა და ზნეობრივი სწავლებისათვის მეფე-დედოფლის გარდა მოძღვართან მოდიოდნენ მღდელთმოძღვარნი, მღდელნი, დიაკონნი და საერონიც. გიორგის მითითებით განიმართა საეკლესიო წესები და დიდი სულიერი სარგებელი მიიღეს მისმა მრავალრიცხოვანმა მოწაფეებმა. გარდა ამისა, დიდი ღვაწლი დასდო გიორგიმ სხვადასხვა ასაკის 80 ობოლის (ყრმების, მოზარდებისა და ჭაბუკების) შეკრებასა და აღზრდას. ასაკობრივ ჯგუფებად დაყო ისინი, თავადვე ასწავლიდა საღმრთო წერილსა და ღმრთისმსახურებას და ათონის მთის ქართულ სავანეში სამოღვაწეოდ ამზადებდა.
საქართველოში გიორგიმ ხუთი წელი დაყო და ამის შემდეგ კვლავ ათონის მთაზე ასვლა განიზრახა. გამოეთხოვა ბაგრატ მეფეს და 80 მოწაფესთან ერთად საბერძნეთისაკენ გაემგზავრა. კონსტანტინეპოლში იგი დიდი პატივით მიიღო მეფე კონსტანტინე დუკამ და ქართველთა მონასტრისათვის დიდი შესაწირავი გადასცა. რამდენიმე დღეში გიორგი ათონისკენ უნდა წასულიყო, მაგრამ იქ მისვლა აღარ დასცალდა. ხანმოკლე სნეულების შემდეგ კონსტანტინეპოლშივე გარდაიცვალა. დიდი მოძღვარი პატივით გადაასვენეს ათონის ქართველთა მონასტერში და იქ დაკრძალეს სხვა ქართველ მოღვაწეებთან ერთად.
2 -შემოქმედება
გიორგი მთაწმიდელის თარგმანთა სრული ბიბლიოგრაფია შეუდგენია მის თანამედროვეს, ბერ იოანე პატრიკს, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ბიბლიოგრაფიული ნაშრომი ჩვენამდე მოღწეული არაა. გიორგი მცირე, რომელმაც გიორგი შეყენებულის შეკვეთით შეთხზა თავისი მოძღვრის ბიოგრაფია, მასში გიორგი მთაწმიდელის უმთავრეს შრომებს მოიხსენიებს: (1) დიდი სვინაქსარი, (2) სახარება საწელიწადო გამოკრებული, (3) პავლეს ეპისტოლენი, საქმე მოციქულთა და კათოლიკე ეპისტოლენი, (4) საწელიწადო სამოციქულო („პავლე გამოკრებული საწელიწდოჲ“), (5) საწინაჲსწარმეტყუელოჲ საწელიწდოჲ, (6) თუენი - თორმეტივე თვის ჰიმნოგრაფიული განგებანი, (7) დღესასწაულთა სტიქარონნი საწელიწადო, (8) სტიქარონნი სამარადისონი (ე.ი. შვიდეულის დღეებისა), უძლისპირონი და თვითავაჯნი, (9) იგივე სტიქარონები ძლისპირთა ქვეშ, (10) მარხვათა სტიქარონები, (11) დიდი პარაკლიტონი, (12) დიდნი მარხვანი, (13) ზატიკნი, (14) თეოდორე სტუდიელისა სწავლანი, დიდთა მარხვათა საკითხავი, (15) წიგნი გრიგოლ ნოსელისა, (16) „წიგნი „ექუსთა დღეთაჲ“, წმიდისა ბასილის თქუმული, (17) ებისტოლენი წმიდისა ეგნატი ღმერთშემოსილისანი, (18) დიდნი კურთხევანი, (19) ფსალმუნი ანუ დავითნი - გვირგვინი და სამკაული ყველა წიგნისა.
ეს ბიბლიოგრაფია, რა თქმა უნდა, სრული არაა. ხელნაწერთა ანდერძ-მინაწერების მიხედვით გიორგის უთარგმნია აპოკრიფული, დოგმატური, ჰაგიოგრაფიული, ჰომილეტიკური და ლიტურგიკული ჟანრის სხვა მრავალი თხზულებაც: „ეპისტოლე ავგაროზ მთავრისა“, „წიგნი, რომელი დაწერა იოსებ არიმათიელმან, უწყებაჲ აღდგომისათჳს უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა და აღშენებისათჳს ეკლესიისა, რომელ-იგი პირველ აღეშენა ლუდს შინა“, სიმბოლოთა ტექსტები (ნიკეა-კონსტანტინეპოლისა, გრიგოლ საკვირველთმოქმედისა, ათანასე ალექსანდრიელისა, ფოტი კონსტანტინეპოლელისა და სხვ.), იოანე დამასკელის „სიტყუაჲ ღმრთისმეტყუელებისათჳს და შობისათჳს უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა“, მისივე „უწყებათაგან პირველთა, დიდითა გამოწულილვითა შეკრებული საკითხავი ყოლადქებულისა შობისათჳს უფლისა“, სოფრონ იერუსალიმელის „სიტყუაჲ ხარებისათჳს“, ნეკტარი კონსტანტინეპოლელის „წამებაჲ წმიდისა თეოდორე ტჳრონისა და სასწაულისა მისთჳს, რომელი-იგი აღასრულა ყოლადქებულმან უძლეველმან მოწამემან ჟამთა ივლიანე განდგომილისათა“, დოროთეოს ტვირელის „მოწაფეთა მათთჳს უფლისათა“, „თხრობაჲ მარგებელი, ძუელთა თხრობათაგან შეკრებილი მაუწყებელად საჴსენებელსა საკჳრველებით ქმნილისა სასწაულისა, რაჟამს სპარსნი და ბარბაროზნი დედოფალსა ამას ქალაქთასა ბრძოლად მოადგეს და წარტყუენეს, ხოლო ქალაქი ესე უვნებელად დაცული მეოხებითა ღმრთისმშობელისაჲთა, მიერითგან წლითი-წლადსა გალობასა შესწირავს სამადლობელსა, დაუჯდომელად სახელმდებელი დღისა ამის“. „წამებაჲ წმიდისა მოწამისა გიორგისი“, „წამებაჲ წმიდისა და დიდებულისა მოწამისა თეოდორე ტჳრონისაჲ“, „მცნებაჲ მღდელთა მიმართ“, „მცნებაჲ წმიდისა ჟამისწირვისაჲ მღდელთა მიმართ, რაჲთა არა წირვიდენ დღესა შინა ორგზის, არამედ ერთგზის“ და სხვ. ეს თარგმნითი ლიტერატურა მეტ-ნაკლები სისრულით ასახულია კ. კეკელიძისა და ე. გაბიძაშვილის ბიბლიოგრაფიულ ნაშრომებში.
გიორგი მთაწმიდელის თარგმანთა უმეტესობა ლიტურგიკული დანიშნულებისაა. მან სრულად შეავსო ქართული საღმრთისმსახურო ლიტერატურის ნაკლოვანება და შექმნა ახალი რედაქციები უკვე არსებული წიგნებისა. მის მიერ თარგმნილ-რედაქტირებულ საღმრთისმსახურო წიგნთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია კონსტანტინეპოლის დიდი ეკლესიის (აია-სოფიის) ტიპიკონი (დიდი სჳნაქსარი), რომელიც მანამდე შემოკლებით ჰქონდა თარგმნილი ეფთვიმე მთაწმიდელს. უზარმაზარი შრომის ნაყოფია გიორგის მიერ თარგმნილი ვრცელი ჰიმნოგრაფიული კრებულები - პარაკლიტონი, მარხვანი, ზატიკნი და თუენი (12 დიდი ტომი). მთარგმნელი არ კმაყოფილდებოდა ერთ რომელიმე წიგნთსაცავში (კონსტანტინეპოლში, ათონზე, შავ მთაზე) არსებული ჰიმნოგრაფიული მასალით, არამედ ავსებდა სხვა წიგნთსაცავებში არსებული მასალით და ბიზანტიური ლიტურგიკული პოეზიის მთელ საგანძურს მოუყარა თავი ზემოხსენებულ კრებულებში. თანაც პოეტური ტექსტები თარგმნილია ისეთი ვირტუოზულობით, რომ მკითხველის განცვიფრებას იწვევს როგორც თეოლოგიურ-სახისმეტყველებითი სიღრმით, ისე მხატვრული მშვენიერებით. მისი ნაშრომის დიდი ღირსებაა ისიც, რომ ჰიმნებთან, უმეტესწილად, მითითებულია ავტორთა ვინაობა, რაც ხშირად გამოტოვებულია ბერძნულ დედნებში, და გიორგის თარგმანს ხშირად გადამწყვეტი მნიშვნელობა ეძლევა ცალკეულ ჰიმნთა ატრიბუციისათვის. მანვე თარგმნა ბერძნულ ღმრთისმსახურებაში არსებული ლოცვებისა და საკითხავების სრული კოლექცია: ჟამნი, ბასილი დიდისა და იოვანე ოქროპირის ლიტურგიები, დიდნი კურთხევანი (ეკლესიის საიდუმლოთა და სხვა საეკლესიო რიტუალების ამსახველი ტექსტები), საწელიწადო სახარება, სამოციქულო და საწინასწარმეტყველო, მრავალი ჰომილეტიკური და ასკეტური საკითხავი და სხვ.
ბიბლიურ წიგნთაგან აღსანიშნავია ფსალმუნი, სახარება და სამოციქულო, რომელთა საბოლოო რედაქტირება კვლავ გიორგი მთაწმიდელმა ითავა, და XI საუკუნის შემდეგ დღემდე მხოლოდ მის მიერ ნარედაქციევი ბიბლიური წიგნები იკითხება ეკლესიაში.
პატრისტიკული ლიტერატურიდან გიორგის ყველაზე მეტი უშრომია გრიგოლ ნოსელის თხზულებათა თარგმნაზე. ამ ავტორის რამდენიმე თხზულება მანამდე თარგმნილი ჰქონდა ეფთვიმე მთაწმიდელს. გიორგიმ წარმატებით გააგრძელა ეს საქმე და თითქმის დაასრულა კიდეც. მისი თარგმანებია: „დაბადებისათვის კაცისა“, „პასუხი ექუსთა მათ დღეთათჳს“, „თარგმანებაჲ ქებისა ქებათაჲსაჲ“, „თარგმანებაჲ მომიჴსენისაჲ“, „აღთქუმაჲ ქრისტიანისაჲ და ძალი და სახელი მისი“, „სისრულისათჳს“, „საკითხავი ქრისტეს შობის დღესასწაულზე“, „გრიგოლ საკვირველთმოქმედის ცხოვრება“, „შესხმაჲ მელეტი ანტიოქელისაჲ“, „შესხმაჲ წმიდისა მამისა ჩუენისა ეფრემ ასურისაჲ“, „შესხმაჲ წმიდისა სტეფანე პირველმოწამისაჲ“, „შესხმაჲ წმიდისა და დიდებულისა მოწამისა თეოდორესი“, „შესხმაჲ წმიდათა ორმეოცთაჲ“.
განსაკუთრებული სამეცნიერო და სულიერი ღირებულებისაა გიორგი მთაწმიდელის ორიგინალური ჰაგიოგრაფიული ნაშრომი - „ცხორებაჲ ნეტარისა მამისა ჩუენისა იოვანესი და ეფთჳმესი“, რომელიც ყველაზე სანდო წყაროა ათონის ქართველთა მონასტრისა და ათონური სალიტერატურო სკოლის ისტორიისათვის.
გიორგი მთაწმიდელი შერაცხულია წმიდათა დასში. მისი ხსენების დღეა 27 ივნისი.
3 -რჩეული ბიბლიოგრაფია
(ა) წყაროები
• აბულაძე, ი. (რედ.): გიორგი მთაწმიდელი, ცხორებაჲ ნეტარისა მამისა ჩუენისა იოვანესი და ეფთჳმესი და უწყებაჲ ღირსისა მის მოქალაქობისა მათისაჲ, იხ.: ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წიგნი II (XI-XV სს.), დასაბეჭდად მოამზადეს ილ. აბულაძემ, ნ. ათანელიშვილმა, ნ. გოგუაძემ, მ. დოლაქიძემ, ც. ქურციკიძემ, ც. ჭანკიევმა და ც. ჯღამაიამ, ი. აბულაძის რედაქციით, თბილისი: „მეცნიერება“, 1967 წ., გვ. 38-105.
• აბულაძე, ი. (რედ.): გიორგი მცირე, ცხორებაჲ და მოქალაქობაჲ წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა გიორგი მთაწმიდელისაჲ, იხ.: ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წიგნი II (XI-XV სს.), თბილისი: „მეცნიერება“, 1967 წ., გვ. 106-207.
• აბულაძე, ი. (გამოც.): საქმე მოციქულთა, ძველი ქართული ენის ძეგლები 7, თბილისი: „საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა და სტამბა“, 1950 წ.
• ბოროდა, ა. (გამოც.): ეგნატე ღმერთშემოსილის ეპისტოლენი (1. მარიამ კოსოვოლელის მიმართ, 2. ტრალელთა მიმართ, 3. მაღნისიელთა მიმართ, 4. ტარსელთა მიმართ, 5. ფილიპელთა მიმართ, 6. ფილადელფელთა მიმართ, 7. ზმირნელთა მიმართ, 8. პოლიკარპოს მიმართ, ზმირნელი ეპისკოპოსისა, 9. ანტიოქელთა მიმართ, 10. ირონის მიმართ, 11. ეფესელთა მიმართ, 12. ჰრომაელთა მიმართ), გამოცემულია ანდრია (ილია) ბოროდას მიერ, იხ.: საქართველოს ეკლესიის კალენდარი, თბილისი: „საქართველოს საპატრიარქო“, 1988 წ., გვ. 518-624.
• ბოროდა ა. (გამოც.): წმინდა აბბა თალასე „სიყვარულის, მარხვის და სულიერი მოქალაქობის შესახებ“, გამოცემულია ანდრია (ილია) ბოროდას მიერ, იხ.: საქართველოს ეკლესიის კალენდარი, თბილისი: „საქართველოს საპატრიარქო“, 1989 წ., გვ. 413-478.
• ბუკია, ნ. (გამოც.): წმიდა გრიგოლ ნოსელი, მკვდრეთით აღდგომისათვის, გამოსაცემად მოამზადა ნ. ბუკიამ, თბილისი, 2002 წ.
• დოლაქიძე, მ., ჩიტუნაშვილი, დ. (გამოც.): დიდი სვინაქსარი, გიორგი მთაწმიდელი, გამოსაცემად მოამზადეს მ. დოლაქიძემ და დ. ჩიტუნაშვილმა, თბილისი: „კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი“, 2017 წ.
• დოლიძე, თ., კოჭლამაზაშვილი, ე. (გამოც.): წმიდა გრიგოლ ნოსელი, საკითხავი წმიდისა სამებისათვის, თარგმანი გიორგი მთაწმიდელისა, გამოსაცემად მოამზადეს თ. დოლიძემ და ე. კოჭლამაზაშვილმა, თბილისი: „კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტი“, 2003 წ.
• იმნაიშვილი, ი. (გამოც.): ქართული ოთხთავის ორი ბოლო რედაქცია. ძველი ქართული ენის კათედრის შრომები, 22, ტექსტი გამოსცა და გამოკვლევა დაურთო ი. იმნაიშვილმა, თბილისი, 1979 წ.
• კახაძე, მ. (რედ.): ბასილი დიდი, ექუსთა დღეთაჲ, ტექსტი გამოსცა და გამოკვლევა დაურთო მ. კახაძემ, მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, ნაკვეთი II (25), თბილისი: „საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა“, 1947 წ.
• კობიაშვილი, მ. (გამოც.): გრიგოლ ნოსელის „შესხმაჲ მელეტი ანტიოქელისაჲ“, კრებულში: ძველი ქართული მწერლობის მატიანე, II, თბილისი: „მეცნიერება“, 1985 წ., გვ. 92-104.
• კოჭლამაზაშვილი, ე. (რედ.): წმიდა გრიგოლ ნოსელი, საღმრთისმეტყველო, ეგზეგეტიკური და პანეგირიკული თხზულებები, ძველი ქართული თარგმანები გამოსაცემად მოამზადეს თ. დოლიძემ, ნ. ეფრემიძემ, მ. კობიაშვილმა, ე. კოჭლამაზაშვილმა, გ. მეგრელაურმა, კ. ოღაძემ, ა. ღამბაშიძემ, მ. შამუგიამ, ე. კოჭლამაზაშვილის საერთო რედაქციით, იხ.: საქართველოს ეკლესიის კალენდარი 2005 წლისათვის, „ნათლისმცემლის“ წელიწდეული, თბილისი: „ნათლისმცემელი“, 2004 წ., გვ. 139-388 (აქ გამოქვეყნდა გიორგი მთაწმიდელის შემდეგი თარგმანები: „თარგმანებაჲ მომიჴსენისაჲ“, „აღთქუმაჲ ქრისტიანისაჲ და ძალი და სახელი მისი“, „სისრულისათჳს“, „შესხმაჲ წმიდისა მამისა ჩუენისა ეფრემ ასურისაჲ“, „შესხმაჲ მელეტი ანტიოქელისაჲ“).
• კოჭლამაზაშვილი, ე. (გამოც.): წმიდა გრიგოლ ნოსელი, საკითხავი ქრისტეს შობის დღესასწაულზე, გამოსაცემად მოამზადა ე. კოჭლამაზაშვილმა, თბილისი: „ნათლისმცემელი“, 2006 წ.
• კოჭლამაზაშვილი, ე. (გამოც.): წმ. გრიგოლ ნოსელის „ცხოვრება წმ. გრიგოლ საკვირველთმოქმედისა“ და მისი ძველი ქართული თარგმანები, იხ.: ქრისტიანულ-არქეოლოგიური ძებანი II, თბილისი: „ახალი საქართველო“, 2009 წ., გვ. 374-539.
• კოჭლამაზაშვილი, ე.: გიორგი მთაწმიდელისეული თარგმანი წმ. გრიგოლ ნოსელის თხზულებისა - „დაბადებისათვის კაცისა“, იხ.: ქრისტიანულ-არქეოლოგიური ძიებანი II, თბილისი: „ახალი საქართველო“, 2009 წ., გვ. 54-235.
• კოჭლამაზაშვილი, ე.: სასწაული სარწმუნოებისაჲ ანუ სარწმუნოების სიმბოლო ძველ ქართულ თარგმანებში, იხ.: ქრისტიანულ-არქეოლოგიური ძიებანი III, თბილისი: „ახალი საქართველო“, 2010 წ., გვ. 11-125.
• კოჭლამაზაშვილი, ე.: წმ. გრიგოლ ნოსელის სამი პანეგირიკული საკითხავი წმიდა მოწამეთა განსადიდებლად და მათი ძველი ქართული თარგმანები, იხ.: ქრისტიანულ-არქეოლოგიური ძიებანი IX, თბილისი: „საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის გამოცემა“, 2016-2017 წწ.
• კიკნაძე, გ.: წმ. გრიგოლ ნოსელი, თარგმანებაჲ ქებისა ქებათაჲსაჲ, გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთო გ. კიკნაძემ, თბილისი: „თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის გამომცემლობა“, 2013 წ.
• ლოლაშვილი, ი. (გამოც.): გიორგი მცირე, ცხოვრება გიორგი მთაწმიდელისა, გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთო ი. ლოლაშვილმა, თბილისი: „მეცნიერება“, 1994 წ.
• ლორთქიფანიძე, ქ. (გამოც.): კათოლიკე ეპისტოლეთა ძველი ვერსიები, ძველი ქართული ენის ძეგლები 9, თბილისი: „საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა და სტამბა“, 1956 წ.
• დეკ. ზაქარია მაჩიტაძე (გამოც.): წმიდა თეოდორე სტუდიელის ქადაგებანი დიდ მარხვაში, ზუგდიდი, 2002 წ.
• მრევლიშვილი, ნ.: გრიგოლ ნოსელის „გრიგოლ საკვირველთმოქმედის ცხოვრების“ ქართული რედაქციები, თბილისი, 2001 წ.
• რუხაძე, გ. (გამოც.): წმ. გრიგოლ ნოსელის „დაბადებისათვის კაცისა“, გამოსაცემად მოამზადა გ. რუხაძემ, იხ.: საქართველოს ეკლესიის კალენდარი, თბილისი: „საქართველოს საპატრიარქო“, 2010 წ., გვ. 221-325.
• ტყებუჩავა, ლ.: „სტოდიერის“ წმ. გიორგი მთაწმინდელისეული თარგმანი, იხ.: საღვთისმეტყველო-სამეცნიერო შრომები, X-XI, თბილისი: „თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის გამომცემლობა“, 2020 წ., გვ. 417-571.
• შანიძე, მ. (გამოც.): ფსალმუნის ძველი ქართული რედაქციები, თბილისი: „საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა“, 1960 წ.
• ძოწენიძე, ქ., დანელია, კ. (გამოც.): პავლეს ეპისტოლეთა ქართული ვერსიები, იხ.: ძველი ქართული ენის კათედრის შრომები 16, გამოსაცემად მოამზადეს ქ. ძოწენიძემ და კ. დანელიამ, ა. შანიძის რედაქციით, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1974 წ.
• ჭელიძე, ე. (გამოც.): გრიგოლ ნოსელი, „პასუხი ექუსთა მათ დღეთათჳს“, გამოსაცემად მოამზადა და კომენტარები დაურთო ე. ჭელიძემ, იხ.: საქართველოს ეკლესიის კალენდარი, თბილისი: „საქართველოს საპატრიარქოს გამომცემლობა“, 1989 წ., გვ. 194-412.
• ჭელიძე, ე. (გამოც.): დიდნი კურთხევანი, გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა და სქოლიოები დაურთო ე. ჭელიძემ, I, თბილისი, 2002 წ.
• ხაჩიძე, ლ. და სხვ. (გამოც.): მარხვანი, წმ. გიორგი მთაწმიდელის რედაქცია, გამოსაცემად მოამზადეს ლ. ხაჩიძემ, ე. კოჭლამაზაშვილმა, ლ. ახობაძემ და ე. კვირკველიამ, ლ. ხაჩიძის რედაქციითა და გამოკვლევით, ტ. I-II, თბილისი, 2022 წ.
• ჯანაშვილი, მ. (გამოც.): ათონის ივერიის მონასტრის 1074 წლის ხელთნაწერი აღაპებით, თბილისი: „გრ. ჩარკვიანის სტამბა“, 1901 წ., გვ. 279-351.
• ჯღამაია, ლ. (გამოც.): გიორგი მთაწმიდელის თვენი (სექტემბერი), გამოსცა, გამოკვლევა, საძიებლები და ლექსიკონი დაურთო ლ. ჯღამაიამ, თბილისი: „ნათლისმცემელი“, 2007 წ.
• დეკემბრის, იანვრის, აგვისტოსა და დეკემბრის თვენი (საღმრთისმსახურო გამოცემები, ნუსხური ანბანით), გიორგისეული ტექსტი ხელნაწერებიდან გადმოწერა კ. ურუშაძემ (ამჟამად - თბილისის წმ. გრიგოლ ხანცთელის ეკლესიის მღდელმსახური), ხოლო სასტამბოდ გაამზადა მონაზონმა რაქელმა, ბოდბის დედათა მონასტრის მოწესემ, გამოცემა ბოდბის დედათა მონასტრისა, 2007-2012 წწ.
(ბ) სამეცნიერო კვლევები
• ალექსიძე, ზ.: გიორგი მთაწმიდლის ქართული ოთხთავის ანდერძები, იხ.: ზ. ალექსიძე, ქრისტიანული კავკასია 3, თბილისი: „კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი“, 2016 წ., გვ. 214-225.
• გაბიძაშვილი, ე.: ძველი ქართული მწერლობის ნათარგმნი ძეგლები, ტ. I-VI, თბილისი, 2004-2012 წწ.
• კეკელიძე, კ.: გიორგი მთაწმიდელი, იხ.: ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. I, თბილისი: „მეცნიერება“, 1980 წ., გვ. 213-234.
• კეკელიძე, კ.: უცხო ავტორები ძველ ქართულ ლიტერატურაში, იხ.: ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან V, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1957 წ., გვ. 25-29.
• კიკნაძე, გ.: წმიდისა და ღმერთშემოსილისა მამისა ჩუენისა გრიგოლ ნოსელ მთავარეპისკოპოსისა „თარგმანებაჲ ქებისა ქებათაჲსაჲ“ (საკანდიდატო დისერტაცია, ხელნაბეჭდი), თბილისი, 1968 წ.
• კიკნაძე, გ.: გიორგი მთაწმიდელის ერთი თარგმანის კიმენი და ლექსიკა, კრებულში: ძველი ქართული მწერლობის ოთხი ძეგლი, თბილისი: „მეცნიერება“, 1965 წ.
• კიკნაძე, გ.: გრიგოლ ნოსელის ნააზრევის ფილოლოგიური ასპექტებისათვის („თარგმანებაჲ ქებისა ქებათაჲსაჲ“-ს გიორგი მთაწმიდლისეული თარგმანის მიხედვით), იხ.: ისტორიულ-ფილოლოგიური კრებული, თბილისი: „მეცნიერება“, 1997 წ., გვ. 40-45.
• კოჭლამაზაშვილი, ე., დოლიძე, თ.: წმ. გრიგოლ ნოსელის თხზულებათა შემცველ ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, პატრისტიკული კვლევა საქართველოში, ტ. I, თბილისი: „ლოგოსი“, 2009 წ.
• კოჭლამაზაშვილი, ე.: გიორგი მთაწმიდელისეული თარგმანი ნექტარი კონსტანტინეპოლელის პანეგირიკისა წმ. თეოდორე ტირონის სასწაულის შესახებ, კრებულში: ათონის საღვთისმეტყველო-ლიტერატურული სკოლა (ლიტერატურის ინსტიტუტის გზამკვლევი), თბილისი: „ლიტერატურის ინსტიტუტის გამომცემლობა“, 2013 წ., გვ. 307-326.
• კოჭლამაზაშვილი, ე.: გიორგი მთაწმიდელის მიერ თარგმნილი პარაკლიტონის ათონურ ნუსხაზე დართული ანონიმური შესხმითი ლექსი, იხ.: ქრისტიანულ-არქეოლოგიური ძიებანი IX, , თბილისი: „საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის გამოცემა“, 2017 წ., გვ. 486-506.
• მენაბდე, ლ.: ძველი ქართული მწერლობის კერები, ტ. II, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1980 წ.
• რაფავა, მ.: ათონის ქართველთა მონასტერი, თბილისი: „კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი“, 2021 წ.
• ჩიტუნაშვილი, დ.: დიდი სვინაქსარისათვის დართული გიორგი მთაწმიდელის ანდერძები, იხ.: ბიზანტინოლოგია საქართველოში - 3, ტ. 2, თბილისი: „ლოგოსი“, 2011 წ., გვ. 715-724.
• ხევსურიანი, ლ.: „ზატიკის“ ორი ძველი ქართული რედაქცია, იხ.: ქრისტიანულ-არქეოლოგიური ძიებანი I, თბილისი: „ცოდნა“, 2008 წ., გვ. 223-348.
• Tarchnišvili, M.: Geschichte der kirchlichen georgischen Literatur, Città del Vaticano: Biblioteca Apostolica Vaticana, 1955.
• Peradze, G.: Die alt-christliche Literatur in der georgischen Überlieferung, in: Oriens christianus, Ser. 3, vol. 3/4 (1930), pp. 109-116, 282-288.
• Peradze, G.: Die altchristliche Literatur in der georgischen Überlieferung, in: Oriens christianus, Ser. 3, vol. 5 (1930), pp. 80-98, 232-235.