იოანე ოქროპირი
1 -ცხოვრება და მოღვაწეობა
იოანე ოქროპირი (Ἰωάννης ὁ Χρυσόστομος) (347-407 წწ.) - ანტიოქიელი მღვდელთმთავარი და კონსტანტინოპოლის პატრიარქი (397-404 წწ.); მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ავტორიტეტის მქონე ბიზანტიელი მოღვაწე; წმინდა წერილის წიგნთა უბადლო განმმარტებელი, ორატორი და ჰომილეტიკოსი. იგი ცნობილია თავისი მჭევრმეტყველური ქადაგებებითა და ხელისუფალთა უღირსი ქმედებების მკაცრი მამხილებელი გამოსვლებით, რის გამოც ოიკუმენამ მას ზედწოდება „ქრიზოსტომოსი“ (ბერძნ. Χρυσόστομος) ანუ „ოქროპირი“ განუჩინა. მას ასევე ეკუთვნის მართლმადიდებლური ლიტურგიის მოქმედი სამი წეს-განგებიდან ერთ-ერთი - „წმ. იოანე ოქროპირის ლიტურგიად“ წოდებული - ასევე, ვნების შვიდეულის მსახურებებისა და ზიარების წინა და შემდგომ ლოცვათა რიგი საკითხავები. მისი გარდაცვალებიდანვე მალევე, ე.წ. „მარტირიოსის საქებელი გამოსათხოვარი სიტყვისა“ (ლათ. Martyrii Antiocheni Panegyricum S. Joannis Chrysostomi) და მისი ყოფილი მორჩილის წმ. პროკლე კონსტანტინოპოლის პატრიარქის (370-447 წწ.) შესხმის საფუძველზე კანონიზირდა და წმინდანთა დასში შეირაცხა. მას, როგორც წმინდანს, მართლმადიდებელი ეკლესიის გარდა, პატივს მიაგებენ კათოლიკური, ანგლიკანური, ლუთერანული, ორიენტალისტური და ალექსანდრიის კოპტური ეკლესიები. კათოლიკური პონტიფიკალური კატეხიზმოს გადმომცემ უწყებაში (ლათ. Catechismus Catholicae Ecclesiae) მისი სახელი 18 თავში მოიხმობა და დაიმოწმება, ასევე, იგი ეკლესიის 38 მასწავლებელთაგან ერთ-ერთად მიიჩნევა (ლათ. Doctor Ecclesiae Universalis). ჩვენამდე იოანე ოქროპირის 700-მდე ქადაგება და 250-მდე წერილია შემონახული, რომელთაც თან ერთვის ძველი და ახალი აღთქმის წიგნთა განმარტებები და ქრისტიანული ცხოვრების სხვადასხვა საკითხებზე შეგონებები. მართლმადიდებელ ეკლესიაში წმ. იოანე ოქროპირის ხსენების დღედ 12 თებერვალია განჩინებული (ძვ. სტ. 30 იანვარი) და ის წმ. ბასილი დიდისა (330-379 წწ.) და წმ. გრიგოლ ღმრთისმეტყველის (329-390 წწ.) ხსენებასთან ერთად იდღესასწაულება, როგორც „კრება მსოფლიოს დიდთა მოძღვართა და მღვდელთმთავართა“. მისი გარდაცვალებიდან ერთი საუკუნის შემდეგ პაპმა გელასი I-მა († 492-496 წწ.) მართლმადიდებელი ეკლესიისათვის შესაწყნარებელ წიგნთა ნუსხაში (ლათ. Decretum Gelasianum De Libris Recipiendis Et Non Recipiendis) მისი სრული ბიბლიოგრაფია შეიტანა, რითიც დაამოწმა მოძღვრის ავტორიტეტი და ქადაგებათა ღვთივგამომეტყველობა. სრულიად საქრისტიანოს ეს ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო და სახელგანთქმული მოღვაწე შუა საუკუნეებში უბრალო ხალხისათვის ცნობილი იყო საქვეყნოდ განთქმული ლეგენდით „ამბავი წმ. იოანე ოქროპირის სინანულისა“, რომელსაც პირველი ფერწერული ტილო ალბრეხტ დიურერმა (1471-1528 წწ.) მიუძღვნა, ხოლო ბეჭდური სახით, რაც ქრისტიანული ჰაგიოგრაფიის გაქილიკებას ისახავდა მიზნად, მარტინ ლუთერმა (1438-1546 წწ.) გამოსცა სათაურით „ყალბისთქმანი წმ. იოანე ოქროპირისა“ (გერ. Die Lügend von S. Johanne Chrysostomo). იოანე ოქროპირის ავტორობით ცნობილი ლიტურგიის შემადგენელი საგალობლებისათვის საგუნდო აკაპელური კომპოზიციები (Op. 31 და Op. 41) ეკუთვნით ს. რახმანინოვსა (1873-1943 წწ.) და პ. ჩაიკოვსკის (1840-1893 წწ.). ჯ. ჯოისის (1882-1941 წწ.) საკულტო რომანში „ულისე“ თხრობის გამხსნელ სცენაში მთავარ პერსონაჟს, რომელიც ანგლიკანი მღვდლის შარჟს გაითამაშებს ალაყაფის კარში, თითქოსდა, აღსავლის კარში გამოსვლითა და ქადაგებით ავტორისეულად ეწოდება „ოქროპირი“ („ქრიზოსტომოსი“); მსგავსადვე, ქართული ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ნოველაში „ზარები გრიგალში“, კ. გამსახურდია (1893-1975 წწ.) პერსონაჟს, რომელიც საბჭოთა ანტიეკლესიურ იდეოლოგიას უპირისპირდება და დიდი ხუთშაბათის საღამოს გაუქმებულ სამლოცველოში, სადაც თორმეტი ვნების სახარება აღარ იკითხება, სამრეკლოზე ზარების რეკვას ატეხს, უწოდებს „ოქროპირს“, როგორც საერო ხელისუფალთა ღვთისმგმობელი ქმედებებისადმი სამართლიანობით გამლაშქრებელსა და დაპირისპირებულს.
იოანე ოქროპირი 347 წელს ქ. ანტიოქიაში დაიბადა მხედართმთავარი სეკუნდოსისა და ღვთისმოშიში ანთუსას ოჯახში. მას მამა ყრმობისას გარდაეცვალა და 20 წლის დაქვრივებულმა დედამ, რომელმაც იოანეს სახლში სხვა ქმარი აღარ შემოიყვანა, მთელი ძალა და ახალგაზრდობა ერთადერთი შვილის აღზრდას მიუძღვნა. იგი ცდილობდა მისთვის ქრისტიანული ღვთისმოშიშების სული შთაენერგა და არც საერო განათლება დაეკლო, რისთვისაც წამოზრდილი იოანე ფილოსოფოს ლიბანიოსს (314-393 წწ.) მიაბარა, სადაც მომავალი მღვდელთმთავარი გრამატიკასა და რიტორიკას ეუფლებოდა. გამორჩეულ მოსწავლეს, რომელმაც მალე მოშურნეებიც შეიძინა და რომლის ქადაგებებმა მრავალი წარმართიც მოაქცია ქრისტეს რჯულზე, ლიბანიოსი მემკვიდრედ მოიაზრებდა, თუმცაღა, სოზომენეს (400-450 წწ.) მოგონებებით, რომელიც მან „საეკლესიო ისტორიაში“ გადმოგვცა, ყოველივე სწორედ ასე აღსრულდებოდა, „იოანე რომ ქრისტიანებს არ მიეტაცებინათ“. ოქროპირი მამის ბიოგრაფიის აღმწერი გიორგი ალექსანდრიელის († 621-631 წწ.) თანახმად, წმინდანი ათენშიც გაემგზავრა ფილოსოფიაში მეტად განსასწავლად, სადაც ათენის ეპისკოპოსმა ახალგაზრდა იოანეს მღვდლად დადგინება განიზრახა, თუმცაღა, იგი ფარულად განეშორა ქალაქს და ანტიოქიაში დაბრუნდა, რადგანაც განდეგილი ცხოვრება და მონაზვნად შედგომა ეწადა; მაგრამ დედამ თავის შვილს, როგორც ერთადერთ ნუგეშინისმცემელს, ბერად აღკვეცის კურთხევა მხოლოდ თავისი გარდაცვალების შემდგომ მისცა. დედის პატივით დაკრძალვისა და მშობლიური კერის გამოთხოვების შემდგომ მან ქონება გლახაკებს დაურიგა და მონასტერში განმარტოვდა, სადაც შექმნა თავისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტრაქტატი - „ექვსი სიტყვა მღვდლობის შესახებ“ (ბერძნ. Οι Έξι Περί Ιερωσύνης Λόγοι).
წმინდანთან დაკავშირებით არსებობს მისი მორჩილის - კონსტანტინოპოლის მომავალი პატრიარქის წმ. პროკლეს გადმოცემა, რომ ღამისთევის ლოცვისას მას პეტრე მოციქული სასუფევლის კლიტენით ხელში და იოანე ღმრთისმეტყველი გრაგნილით ხელში გამოეცხადნენ და გადასცეს ორივე - კლიტეცა და გრაგნილიც, როგორც მომავალ მწყემსმთავარსა და წმინდა წერილის განმმარტებელს. იოანე ღმრთისმეტყველმა ჯვარი გადასახა და უანდერძა: „გეძლევა უფსკრულნი სიბრძნისმეტყველებისა და მეცნიერებისანი, რათა შენ მიერ ღმერთმა მრავალნი გაამდიდროს ღმრთისმეტყველებითა და დაჰმოძღვროს სარწმუნოებით“ (შდრ. გამოცხ. VIII, 8-9); ასევე, პეტრე მოციქულმაც დალოცა იგი და შემდეგი სიტყვებით მიმართა: „გეძლევა კლიტენი ყოველთა ეკლესიათანი, რამეთუ ვისაც შეკრავ ქუეყანასა ზედა, კრულ იყოს ცათა შინა, ხოლო ვისაც განხსნი - ხსნილ იყოს ცათა შინა“ (შდრ. მათ. XVI, 19). ასევე, წმ. პროკლეს მოგონებების თანახმად, იოანე ოქროპირმა პავლე მოციქულის გამოცხადებაც მიიღო, როდესაც კელიაში განმარტოებულ პატრიარქს, რომელიც წმინდა წერილის სიტყვებს გამოითარგმანებდა, მოციქული თავის ეპისტოლეთა მაცხოვნებელ განმარტებებს კარნახობდა; სწორედ ამიტომ, იოანე ოქროპირის თავის ქალას, რომელიც ათონის მთაზე, ვატოპედის მონასტერში ინახება, მარცხენა ყური უხრწნელად აქვს შენარჩუნებული, ის ყური, რომლითაც დიდი მღვდელთმთავარი მოციქულთა თავად წოდებული პავლეს სასწაულებრივ გამოცხადებას ისმენდა.
ანტიოქიის სამრევლოდან კონსტანტინოპოლის პატრიარქად დანიშვნისას იოანე ოქროპირმა ამბიონიდან განაცხადა, რომ ღმერთმა მას უმძიმესი პასუხისმგებლობა აჰკიდა მხრებზე და რომ იგი ეცდებოდა ეს ყოველივე პირნათლად ეტვირთა. უპირველესად, ის იმპერატორისა და დედოფლის უმსგავსო ცხოვრების წესს არ ეგუებოდა და ამხელდა მათ უღმერთობას: „არავის თუალ ვახუამ თქუენგანსა, არამედ რომელსა უჴმდეს მხილებაჲ და განკრძალვაჲ ვასწავებ და ვამხილებ“ (H-2124). მისი კონსტანტინოპოლის საპატრიარქო ტახტზე აღსაყდრება 397 წლის შემოდგომაზე შედგა. ინტრონიზაციაზე მიწვეული იმპერატორი წმინდანმა მართლმადიდებლური სარწმუნოების მტკიცედ დაცვისათვის აკურთხა, რათა ხელმწიფე მწვალებლებს განრიდებოდა, მუდმივად მიეღო ევქარისტიაში მონაწილეობა და შექნილიყო გულუხვი მოწყალე გაჭირვებულთათვის.
დიდი მღვდელთმთავარი უშურველად იღვწოდა საპატრიარქო ტახტზე, ილაშქრებდა ყოველგვარი ბოროტისა და არაწმინდებისადმი და ქადაგებდა სამართლიანობას, სიყვარულს, სინანულსა და მოწყალებას და, რაც მეტად მრავლდებოდა განსაცდელი, სამწყსოს წინაშე ქადაგებასაც მეტი გულმოდგინებით ეპყრობოდა; მძიმე წუთებში მხოლოდ „ნებსა ნებსა ზედა დასცემდა“ (ე.ი. ხელის გულებს ერთმანეთზე ურტყამდა) და ცდილობდა სხვამხრივ არაფრით დასტყობოდა მღელვარება, რათა ურიცხვი რაოდენობა ხალხისა, რომელნიც მისი ქადაგებების მოსასმენად სხვადასხვა კუთხიდანაც კი ჩამოდიოდნენ, ღვთივსათნო და მანუგეშებელი სიტყვებით დაეპურებინა. შეკრებებზე მის ნაქადაგარს მრევლის წევრები სიტყვა-სიტყვით იწერდნენ და ერთიმეორეს გადასცემდნენ; ნაწერებს კითხულობდნენ მოედნებზე, ტრაპეზებსა თუ ოჯახებში. მწყემსმთავრის საუბარი როგორც მდაბიოსათვის, ასევე სწავლულისთვისაც მარტივი მოსასმენი და შესაბამისი სულიერი სიღრმით განმსჭვალული იყო; ამიტომაც შეარქვა მორწმუნე მრევლმა მას „ტკბილმოუბარი“, „თაფლმწთოლვარე“ და, საბოლოოდ, მისი ზეპირნაქადაგები სწავლებების წერილობითი გავრცელების შემდგომად - „ოქროპირი“.
მისმა მოღვაწეობამ მრავალი დიდებულის მტრობა მოიმკო; ოქროპირი მამის სიტყვები მათში მხოლოდ მშფოთვარებასა და გაღიზიანებას იწვევდა, რადგანაც მამხილებელი სიტყვების დარად თავიანთი ცოდვების დატევება არ სურდათ და წარმოთქმული ჰომილიების მოსმენა ემძიმებოდათ. მათ ცილი დასწამეს წმინდანს, ცდილობდნენ სახელის გატეხვითა და მისი აუგად მოხსენიებით გაეძევებინათ იგი ქალაქიდან; თვალდაბინდულ მტრებს შორის დედოფალი ევდოქსია გამოირჩეოდა (იმპ. 395-404 წწ.), რომელიც ანგარებისა და სიხარბის ვნებას ჰყავდა შეპყრობილი. მან იმპერატორი დაიყოლია და თეოფილე ალექსანდრიელის († 384-412 წწ.) თაოსნობით მოწვეულ ჭეშმარიტად სამარცხვინო კონსტანტინოპოლის ე.წ. მუხის კრებაზე (403 წ.) პატრიარქს დაუსწრებლად დასდეს ბრალი მწვალებლობასა და საკურთხევლის შერყვნაში, რითიც, საეკლესიო კანონიკის უხეში დარღვევით, მისი განკვეთის გადაწყვეტილებაც მიიღეს.
წმინდანის გაძევების დღეს კონსტანტინოპოლში დიდი მიწისძვრა მოხდა და ამ ამბითა და აღშფოთებული მორწმუნე მრევლის დაჟინებული მოთხოვნით შეშინებულმა ევდოქსიამ იმპერატორს შესთხოვა საპატრიარქო ტახტზე დაებრუნებინათ იოანე ოქროპირი, თუმცაღა, სამღვდელთმთავრო მსახურებამ და მშვიდობამ ორ თვესაც ვერ გასტანა. წმინდა აია-სოფიას ტაძრის მახლობლად დედოფალმა თავისი გამოსახულების მაღალი ობელისკი აღმართა და ყოველივე ეს დიდი ზეიმითა და სხვადასხვა თამაშობებით აღნიშნა. ხმაური ეკლესიამდე აღწევდა და საღმრთო ლიტურგიის ჩატარება შეუძლებელი ხდებოდა, როდესაც იოანემ ამბიონიდან მამხილებელი სიტყვები წარმოთქვა: „კვლავაც მძვინვარებს ჰეროდიადა, კვლავ დაძრწის და როკავს, კვლავაც დაეძებს იოანეს თავს“, რითიც საღმრთო იერარქი მრევლს სახარებისეულ თხრობას ახსენებდა მეფე ჰეროდესა და მისი ცოლის ჰეროდიადას მიერ იოანე ნათლისმცემლის მოკვდინებისა და თავისკვეთის შესახებ (შდრ. მარკ. VI, 14-28).
იოანე ოქროპირის სატახტო ქალაქიდან მეორე გაძევებისას იგი ქ. კუკუზაში, ხოლო შემდგომი ბრძანების საფუძველზე მეტად ჩრდილოეთით, აფხაზეთში, კერძოდ, ბიჭვინთაში გადაასახლეს. თანმხლები ჯარისკაცები სასტიკად გვემდნენ და აწამებდნენ მას; იგი ვირზე შესვეს და დღედაღამ შეუსვენებლად მიერეკებოდნენ; თუ თავიანთი საჭიროებისამებრ შეჩერდებოდნენ, წმინდანს ღამეს ყველაზე ბინძურ ალაგებში ათევინებდნენ და მოსვენების საშუალებას სრულებითაც არ აძლევდენ, აშიმშილებდნენ, ეკლესიებში შესვლის ნებას არ რთავდნენ და ლანძღვა-გინებით იკლებდნენ. ამ გზამ საბოლოოდ დააუძლურა ნეტარი პატრიარქი. იოანე ოქროპირს გადასახლებაში ორი მღვდელი და ერთი დიაკვანი, მისი ერთგული მორჩილები ახლდნენ, რომლებმაც თავად იხილეს წმინდა მამისადმი ჩადენილი ყოველი უსჯულოება. 60 წელს მიტანებულმა იოანემ ბიჭვინთამდე ვერ ჩააღწია, მათ მხოლოდ კომანს (აფხაზეთი) მიაღწიეს, სადაც, გადმოცემის თანახმად, მას მიეცა შესაძლებლობა საღმრთო ლიტურგიის აღსრულებისა. ზიარების შემდგომ კი იგი ყველას დაემშვიდობა სიტყვებით: „დიდება შენდა ღმერთო ყველაფრისათვის“ (ბერძნ. „Δόξα τῷ Θεῷ πάντων ἕνεκεν“) და უფალს შეჰვედრა სული.
იგი აღესრულა ჯვართამაღლების დღესასწაულზე, 27 სექტემბერს. მისი მოწაფის, თეოდორიტე კვირელის (393-466 წწ.) „საეკლესიო ისტორიის“ თანახმად, წმინდანის ნეშტი წლების მანძილზე კომანის (აფხაზეთი) მიწას იყო მიბარებული, სანამ 438 წელს კვლავ კონსტანტინოპოლში არ გადაასვენეს მისივე ყოფილი მორჩილის, წმინდა მოციქულთა გამოცხადების მომსწრე, აწ უკვე პატრიარქ პროკლეს ძალისხმევით.
ქ. კუკუზის ეპისკოპოს ადელფიოსის ხილვის თანახმად, რომელმაც უფლის ანგელოზისაგან შეიტყო იოანე ოქროპირის ღვთის წინაშე ქერუბიმთა და სერაფიმთა დასების გვერდით დგომის შესახებ, მას „სინანულის მქადაგებელი იოანე“ ეწოდება.
2 -ნაშრომები და სტილი
თუ ვინმეს ძალგვიძს მსოფლიო მოძღვარი ვუწოდოთ, უპირველესად, ეს იოანე ოქროპირი იქნება, ვინაიდან მისი ქადაგებები საუკუნეთა განმავლობაში ასაზრდოებს ნებისმიერი აღქმისა თუ სულიერი დამტევნელობის მქონე ადამიანს მათთვის შესაფერისი ლექსიკური მარაგითა და ტერმინოლოგიური მისადაგებით, ერთგვარი სინთეზურობით - ანტიოქიური სკოლისათვის დამახასიათებელი ზედმიწევნითობითა და ალექსანდრიული სკოლისათვის დამახასიათებელი მეტაფორულობითა და დიდაქტიკური ალეგორიზმით.
იოანე ოქროპირის, როგორც მრევლისთვის თავგანწირული მღვდელთმთავრის სახე ნათლად იკვეთება მის მიერ სააღდგომო ლიტურგიაზე ყოველი ადამიანის მოწვევის სურვილში, განურჩევლად მათი სულიერი მდგომარეობისა თუ ცხოვრების წესისა; ამიტომაც, დღემდე, ყოველი აღდგომის ლიტურგიისას, ჟამნობის წინ ზატიკიდან სწორედ მისი სიტყვები იკითხება მოპატიჟებული მრევლისათვის: „...მდიდარნი და გლახაკნი ურთიერთარს იხარებდენ, და მოღვაწენი და სულმოკლენი დღესა ამას პატივს სცემდნენ, რომელმან იმარხა და რომელმან ვერ იმარხა, ყოველნივე ერთბაშად განსცხრებოდნენ, რამეთუ დღეს ტაბლა სავსე არს, [...] ნურავინ წარვალს მშიერი, [...] ნუვინ ჰგოდებნ ცოდვათათვის, რამეთუ შემნდობელი ჩუენი აღმობრწყინდა საფლავით. [...] სადა არს, სიკვდილო, საწერტელი შენი. სადა არს ჯოჯოხეთო ძლევაჲ შენი. აღსდგა ქრისტე და დაირღვი შენ. აღსდგა ქრისტე და დაეცნეს ეშმაკნი; აღსდგა ქრისტე და ცხოვრება მოქალაქობს, აღსდგა ქრისტე და არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა, აღსდგა ქრისტე მკვდრეთით და იქმნა იგი დასაბამ შესვენებულთა“.
იოანე ოქროპირს ნაკლებად ხვდა წილად ტვირთი წერილობითი მოღვაწეობისა; მისმა მოღვაწეობამ ზეპირმეტყველებითი გამოვლინება ჰპოვა; უბადლოდ გადმოცემული მისი მოძღვრებების შემომკრები ბიბლიოგრაფიის უდიდესი ნაწილიც, სწორედ, წარმოთქმული სიტყვებით მონუსხული მრევლის მიერაა ჩაწერილი მათ გასავრცელებლად.
როგორც წინამორბედი, იგი მომავალ მოღვაწეთა საასპარეზო ხარისხის ეტალონადაც იქცა. წმ. იოანე დამასკელი (675-749 წწ.) „იოანე ოქროპირის ენკომიაში“ მის მოღვაწეობას ასე შეაქებს: „ჵ იოვანე ყოვლად ოქროო, [...] შენდა შენთა საღმრთოთა და სამღდელოთავე სწავლათა შევსწირავ მწუჱრვალნაწილებსა. ხოლო არს ჩემდა ესევითარისა პირისა აღმღებელისა, მახლობელ თუ ვიპოო ღირსებისა, [...] რამეთუ შენცა იპოვე პირ ქრისტესსა, [...] ვითარცა საყჳრი ოქროჭედილი, ჴმობდეს ყოველთა კიდეთა სოფლისათა“ (A-40r-43r); მიქაელ ფსელოსი (1017-1096 წწ.) კი ბრძნადმოუბარი მოძღვრის ჰომილეტიკური სტილის შეთვისების სურვილით ამბობს: „იოანე ოქროპირის ენა ღირსების მიხედვით საღმრთოა, [...] მე კი ვისურვებდი და ვამჯობინებდი სახოტბო სიტყვის თქმას გრიგოლ ღმრთისმეტყველივით, ნათლად ქადაგებას ბასილი დიდივით, საღმრთო წინაგანგების განმარტებას გრიგოლ ნოსელივით, [ხოლო] სამოძღვრო სახეობის დამუშავებას და სიტყვის საამურობას სადა და გამოუთქმელი მშვენიერებით, როგორც ამას იქმს სულიწმიდის ოქროს ქნარი [იოანე ოქროპირი]“ (PG. t. 122; Col. 906-907 A).
დიდი პატრიარქის ოპუსკულებისა თუ ჰომილიების დაულევნელ რაოდენობაში, განმარტებულ საკითხთა მრავალფეროვნების შესახებ პირველადი შთაბეჭდილების შესაქმნელად, უნდა აღვნიშნოთ:
ა) ადრეული ხანის ასკეტური ხასიათის თხზულებები: „სამეფო ძალაუფლების, სიმდიდრის და უპირატესობის შედარება მონაზვნური ცხოვრების ჭეშმარიტ და ქრისტიანულ სიბრძნესთან“; „მათ წინააღმდეგ, ვინც მონაზვნური ცხოვრების წესს უარყოფენ“; „ექვსი სიტყვა მღვდლობის შესახებ“; „ქალწულებისათვის“.
ბ) ძველი და ახალი აღთქმის წიგნთა ეგზეგეტიკა: „შესაქმის წიგნის განმარტება“; „ფსალმუნთა განმარტება“; „ესაიას წინასწარმეტყველების განმარტება“; „დანიელის წინასწარმეტყველების განმარტება“; „სამი სიტყვა დავითისა და საულის შესახებ“; „ოთხი სიტყვა იობის შესახებ“; „შვიდი სიტყვა ლაზარეს შესახებ“; „წმინდა მათე მახარებლის სახარების განმარტება“; „წმინდა იოანე ღმრთისმეტყველის სახარების განმარტება“; „წმინდა მოციქულთა საქმეთა განმარტება“; „ეპისტოლეთა განმარტება“.
გ) ლიტურგიებისა თუ თავისუფალი შეკრებებისას წარმოთქმული სამრევლო ქადაგებანი: „რვა სიტყვა იუდეველთა წინააღმდეგ“; „თორმეტი მოციქულის შესხმა“; „უფლის შობისა და სინანულისათვის“; „დიდ ხუთშაბათს უფლის გაცემის შესახებ“; „უფლის ვნებისა და რომელ დღესაც განიდევნა ადამი სამოთხედ, იმავე დღეს ავაზაკის სამოთხედ შესვლის შესახებ“; „ქრისტეს მსგავსი სიმშვიდისათვის“;
დ) საეკლესიო დღესასწაულების მნიშვნელობისადმი მიძღვნილი განმარტებები და სხვადასხვა ქრისტიანთათვის საჭირო ყოფით სულიერ მოვლენებზე ზნეობრივი თუ ეთიკური დარიგებანი: „ორი სიტყვა ლოცვის შესახებ“; „მათზე, ვინც ეკლესიას ტოვებენ და ასპარეზობაზე მიდიან“; „სიკვდილის წინ ნუგეშის შესახებ“; „სულის შემუსვრილებისათვის“; „საუფლო და დიდი დღესასწაულების შესახებ“; „სიტყვა წმინდა სულთმოფენობაზე“; „ამპარტავნობისა და მზვაობრობის შესახებ“; „შურის შესახებ“; „მოწყალების შესახებ“; „სიტყვა მოთმინებისა და მეორედ მოსვლის შესახებ“; „სიტყვა სიყვარულზე, ლოცვასა და სინანულზე“; „ცხრა სიტყვა სულის საცხოვნებლად“.
მისი მოღვაწეობის ნაყოფიერებისა და „ოქროპირი“ სიტყვიერების წარმოსაჩენად, ძალგვიძს გავიხსენოთ წარმოთქმული სიტყვები ავაზაკის ცხოვნების შესახებ, რა დროსაც იოანე ოქროპირი, თითქოსდა, უფალს დაუსვამს შეკითხვას, შემდგომ კი თავად მასვე აამეტყველებს პირველ პირში და ბრძანებს: „უფალო, ავაზაკი შეგყავს სამოთხეში? შენმა მამამ ერთადერთი ცოდვის გამო ადამი გამოიყვანა სამოთხიდან, შენ კი ავაზაკი შეგყავს, ათასგვარი უკეთურებისა და მრავალი უღმრთოების თანამდები? ასე, უბრალოდ ერთი სიტყვით შეგყავს იგი სამოთხეში? [ქრისტე პასუხობს] - დიახ!“ (PG. t. 48; Col. 782 A).
3 -იოანე ოქროპირი და ქართული აზროვნება
იოანე ოქროპირი ერთ-ერთი ყველაზე კარგად ცნობილი მართლმადიდებელი მოძღვარია საქართველოსთვის. მისი ეგზეგეზისა და ჰომილიების მიმართ მუდამ იყო უშრეტი დაინტერესება ქართველ მწიგნობართა და გადამწერთა წრეში და, ვინაიდან, იოანე ოქროპირი, უპირველესად, უდიდესი მქადაგებელია და ქართველი მთარგმნელებიც უმეტესად მონაზვნები და, რიგ შემთხვევებში, მღვდელმსახურები იყვნენ, ტრადიციულად, მის თხზულებათაგან ითარგმნებოდა ის, რაც კვლავ საქადაგებლად და მრევლის სულიერი შეგონებისათვის გამოდგებოდა; ამიტომაც, საუკუნეთა განმავლობაში, მისმა ჰომილიებმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს ქართული ფილოსოფიური და საღმრთისმეტყველო აზროვნების ჩამოყალიბებაზე.
ქართული მთარგმნელობითი ტრადიცია ქართულ ენაზე არსებული საეკლესიო თემატიკის წიგნთა მცირერიცხოვნობის აღმოფხვრას მუდამ ცდილობდა, რაც იოანე ათონელის (920-1005 წწ.) სიტყვებითაც დასტურდება, რომელიც იოანე ოქროპირის მათეს სახარების განმარტების („თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ“) ექვთიმე ათონელისეული (955-1028 წწ.) თარგმანის (1002 წ.) მინაწერ ანდერძში იხსენებს მისი ხორციელი ძისადმი იოანე ღმრთისმეტყველის სახარების კვლავ ოქროპირისეულ განმარტებათა („თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ“) (980 წ.) ბერძნულიდან თარგმნისათვის კურთხევის მიცემას და ამბობს: „ხოლო ენასა ამას ჩუენსა ქართულსა არავინ სადა პოვნილ იყო აქამომდე, რათამცა გამოეხუნეს წმიდანი ესე წიგნნი, თარგმანებანი წმიდისა სახარებისანი, არამედ საბერძნეთისა ეკლესიანი და ჰრომისანი სავსე იყვნეს ამათგან, ხოლო ჩუენისა მის ქუეყანისანი ნაკლულევან, და არა ესეოდენ წიგნი აკლდეს ენასა ჩუენსა, არამედ სხუანიცა მრავალნი. ამისთჳს მე, გლახაკი ესე [...] მწუხარე ვიყავ ამის საქმისათჳს, რომელ ესრეთ ნაკლულევან იყო ქუეყანაჲ ქართლისაჲ წიგნთაგან, და დიდი ხარკებაჲ და მოღუაწებაჲ ვაჩუენე და შვილი ჩემი ეფთჳმე განვსწავლე სწავლითა ბერძულითა სრულიად და გამოთარგმანებად წარვჰმართე წიგნთა ბერძულისაგან ქართულად“ (Ivir.Geo.10). ამიტომაცაა, რომ A-445 ხელნაწერში ექვთიმეს ისეთი შრომაც გვხვდება, რომელიც არა მარტო სახარებათა ოქროპირისეული განმარტებების ქართულად გადმოღებას, არამედ პავლე მოციქულის ეპისტოლეთა წმინდა მამისეული განმარტებების თარგმნასაც ისახავდა მიზნად (შდრ. „თარგმანი ძნიად გულისხმის საყოფელთა მოციქულისა პავლჱსა სიტყუათაჲ, გამოკრებული წმიდისა იოვანე ოქროპირისა თქმულთაგან“), რომელიც XI-XII სს.-ებში გიორგი მთაწმინდელის „სამოციქულოს“ რედაქტირებითა და ხელახლა თარგმნით ქართულად კვლავ გადმოიღო ეფრემ მცირემ (XI-XII სს.) („განმარტებაჲ პავლე მოციქულის ეპისტოლეთა იოანე ოქროპირისა“) (Jer.Geo.9).
ექვთიმეს მთარგმნელობითი ღვაწლის შესახებ გიორგი მცირე (XI ს.), რომელიც გიორგი მთაწმინდელის (1009-1065 წწ.) მოწაფე და მისი ბიოგრაფიის აღმწერია, ექვთიმეს ქართველ „ოქროპირსაც“ კი უწოდებს და გვამცნობს: „პირველითგანვე გვქონდეს წერილნიცა და სარწმუნოებაჲ ჭეშმარიტი და მართალი, გარნა ქუეყანაჲ ჩუენი შორს იყო ქუეყანისაგან საბერძნეთისა, [...] ნათესავი ჩვენი წრფელ იყო და უმანკოჲ, [...] ამათ ესევითართა მიზეზთათჳს მოხედნა მოწყალებამან ღმრთისამან ნათესავსა ჩუენსა და აღგჳდგინა ახალი ოქროპირი, წმიდაჲ მამაჲ ჩუენი ეფჳთმი“; ხოლო თავად მისივე მასწავლებლის შესახებ გვაუწყებს, რომ გიორგის უთარგმნია „დაბადებისაჲ თარგმანი იოანე ოქროპირისაჲ, რომელ არს ცხოვრებაჲ აბრაჰამისი“ (A-298, 311).
ამრიგად, იოანე ოქროპირის შემოქმედება საქართველოში ადრეული პერიოდიდანვე ცნობილი იყო. ჯერ კიდევ VII ს.-ით დათარიღებულ „ხანმეტ მრავალთავში“ (S-3902) ფრაგმენტების სახით („შობისათჳს“; „ნათლისღებისათჳს“; „ბზობისათჳს“; „ფარისეველთა შურისათჳს“), ხოლო „სინურ მრავალთავში“ (864 წ.), რომელიც უძველეს თარიღიან ხელნაწერად მიიჩნევა, წმინდა მამის სრული 22 ჰომილიაა შეტანილი. ამასთან, მისი გიორგი ალექსანდრიელისეული ბიოგრაფიის აღმწერი ტექსტი (H-2124) ჩვენამდე 968 წლის თარგმანითაა მოღწეული („ცხოვრებაჲ წმიდისა და ნეტარისა და მოძღურისა ყოვლისა სოფლისა და ვარსკულავისა მის განთიადისა მამისა ჩუენისა იოავანე ოქროპირისაჲ კონსტანტინეპოვლელ მამათმთავრისაჲ“), რომლის გადამწერადაც იოანე საფარელი მიიჩნევა (მოგვიანო XI საუკუნის ნუსხები დაცულია საქართველოს მუზეუმის ხელნაწერთა S ფონდის № 384 და A ფონდის № 188 ხელნაწერებში). ასევე მოგვეპოვება კოზმან მეჭურჭლის ანუ ბისტიტორის სიტყვა იოანე ოქროპირის ნეშტის კომანიდან (აფხაზეთი) კონსტანტინოპოლში გადასვენების შესახებ, სათაურით: „თქუმული კოზმან მეჭურჭლისაჲ აღმოყვანებისათჳს ნაწილთა წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა და ყოვლისა სოფლისა მოძღურისა იოვანე ოქროპირისათა კომანით ქალაქად სამეუფოდ კონსტანტინეპოვლად“ (A-1144).
წმინდა მამის სახელით ცნობილი საკითხავები, რომლებიც უშუალოდ სახარებისეულ მოვლენათა მაცხოვნებელი იდეების გადმომცემია, დაცულია კლარჯულ (X ს.), უდაბნოს, (IX ს.) პარხლისა (X ს.) და ათონის (X ს.) მრავალთავებში („თქუმული იოვანესივე ოქროპირისაჲ შესვლისათჳს უფლისა იერუსალჱმდ და შესხმისათჳს ყრმათასა“ (A-22); „თქუმული იოვანე ოქროპირისაჲ ბზობისათჳს, შესხმისათჳს უფლისა ყრმათა მიერ, რაჟამს შევიდა იესუ იერუსალჱმდ“ (A-23); „უძღებისა მისთჳს შვილისა“ (P-95); „თქუმული მამისა ჩუენისა იოანე მთავარებისკოპოსისა კონსტანტინეპოვლელისაჲ აღდგომისათჳს უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა და აღვსებისათჳს“ (A-39; U-36; K-12)).
წმინდა მამის ქართულად თარგმნილ თხზულებათა შორის არსებობს VIII-IX სს.-ის ისეთი თხზულებაც, რომელიც დღემდე ბერძნულ ენაზეც არ არის ცნობილი და, შესაბამისად, მის ერთადერთ ხელნაწერადაც მიიჩნევა. ძველ მწერლობაში ეს ვრცელი ტრაქტატი ცნობილია როგორც „თქუმული ბადებულისათჳს და წინაჲთვე განჩინებულისა კაცს ზედა ღმრთისა მიერ კეთილისა და ბოროტისა, ვითარმედ არარაჲ არს“ (A-56, 43-44), რომელიც ნების თავისუფლების შესახებ მსჯელობს, რომ არ არსებობს წინასწარგანჩინება ღმრთისა - ადამიანი კეთილად იშვება თუ ბოროტად, რაც, თავის მხრივ, იმდროინდელი საქართველოს ინტელექტუალური ასპარეზის შესახებ გვიქმნის წარმოდგენას; ვინაიდან თუ არ არსებობს მსგავს თემათა განხილვის სულიერი მოთხოვნილება, შესაბამისად, ასეთი შინაარსის მოცულობითი ნაშრომის თარგმნაც არ არის მიზანშეწონილი (მაშინ როდესაც თარგმანთა გაუმჯობესების გამო ერთი და იმავე ტექსტთა ხელმეორე გადმოღება ხდებოდა).
თარგმანთა ცნობადობის გაზრდასთან ერთად, ათონური პერიოდიდან მოყოლებული, შეიმჩნევა იოანე ოქროპირის თხზულებათა ერთ კრებულში თავმოყრისა და შესაბამისი განკერძოებული სახელის მიკუთვნების ისეთი მცდელობები, როგორებიცაა: „ასკეტიკონი“ (XII ს.); „სწავლაჲ“ (X-XI სს.); „კლიტე“ (XVIII ს.); „ფუტკარი“ (XI ს.) „ოქროჲს წყარო“ (XI ს.) და „მარგალიტი“ (X-XI სს.). ეს უკანასკნელი ექვთიმე მთაწმინდელის სახელს უკავშირდება და მისი უადრესი რედაქციები XI-XII სს.-ის ოთხ ნუსხაში მოიპოვება (E-16; Sin-85/51; Ath. 77/41; S-4936).
ამასთან ერთად, XIII ს.-იდან თავს იჩენს იოანე ოქროპირისადმი მიძღვნილი საეკლესიო საგალობლებიც, რომლის ნათელ მაგალითადაც აბუსერიძე ტბელის (1190-1240 წწ.) „ერთმოსეხნეობისათვის“ მიიჩნევა, სადაც სამი მოსახელე იოანეს - ნათლისმცემლის, მახარებლისა და ოქროპირის შესხმას ვაწყდებით (A-85); მოგვიანებით კი, საგალობელთა სრული სანოტო კრებული „იოანე ოქროპირის ლიტურგიისათვის“ ფილიმონ ქორიძესა (1829-1911 წწ.) და ე.წ. „კარბელაანთ კილოს“ ავტორებს, წმინდანად შერაცხულ ძმებ კარბელაშვილებს (XIX-XX სს.) ეკუთვნით.
თავად „იოანე ოქროპირის ლიტურგია“, დღემდე, ქართული საეკლესიო წეს-განგების განუყოფელი ნაწილია და მისი მიმდინარეობის გაძღოლის სამღვდელო „კონდაკიც“ ქართულად უადრესი პერიოდიდანვე გვხვდება.
ისტორიულად, XII ს.-მდე აღმოსავლეთში მოციქულთა (უმეტესად იაკობის) ჟამისწირვა იყო გავრცელებული (ამით არც ქართლის საკათალიკოსო გამოირჩეოდა), ხოლო ბიზანტიაში კონსტანტინოპოლური - ბასილი დიდის, იოანე ოქროპირისა და პირველშეწირულის (დიდმარხვის) ლიტურგიები; საქართველოში კი ორივე რედაქციის არსებობის შესახებ ექვთიმე ათონელისადმი დასმულ ერთ-ერთ შეკითხვაზე - „რაჲ არს ჟამის წირვაჲ იაკობისი, ჭეშმარიტ არს ანუ არა?“ - მისი პასუხიდან ვიგებთ, რომ: „წმიდისა იაკობის ჟამისწირვაჲ უეჭველად ჭეშმარიტი არს და პირველად იგი იყო ეკლესიათა შინა საბერძნეთისათა, ხოლო ოდეს წმიდამან ბასილი და ნეტარმან იოანე ოქროპირმან ჟამისწირვანი გამოთქუნეს, სიმოკლისათვის ერმან იგი აღირჩია და წმიდისა იაკობისი მივიწყდა. და აწ ყოველნი ოქროპირსა სწირვენ და დიდთა მარხვათა შინა ბასილისსა. და ოდესცა ვის უნდეს, ყოვლადვე კეთილს არს იაკობისცა, პეტრესიცა, ბასილისა და ოქროპირისა“ (ქართული სამართლის ძეგლები, III, 15). ტიპიკონების თარგმნა ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელების მცირე და დიდი „სჳნაქსარების“ გადმოღებითა და იერუსალიმურის (VIII ს.) ნაცვლად კონსტანტინოპოლური წეს-განგების დამკვიდრებით იწყება, რასაც შემდგომში მოსდევს X ს.-ის „წმ. იოანე ოქროპირის ჟამისწირვის“ (Sin.Geo.N.66) და XII ს.-ის „წმ. ბასილი დიდის, წმ. იოანე ოქროპირისა და წმ. იაკობ მოციქულის ჟამისწირვების“ (Sin.Geo.O.89) ხელნაწერები, რომელთა მომდევნო საუკუნეებში გადაწერაც აქტიურად მიმდინარეობდა (გადამწერები: სჳმონ მოძღვრისშვილი (XV ს.); ბარალიანი (XVI ს.); გიორგი მღვდელი (XVI ს.); მღვდელი სერაპიონ სანიკიძე (XVI ს.); თანუა (XVIII ს.); მახარებელი (XVIII ს.); მღვდელმონაზონი გრიგოლი (XIX ს.)).
იოანე ოქროპირს, როგორც გამორჩეულ ჰომილეტიკოსს, ხშირად იმოწმებდა ისეთი დიდი ქართველი მქადაგებელი, როგორიც იმერეთის ეპისკოპოსი - წმ. გაბრიელ ქიქოძე (1825-1896 წწ.) იყო და მის სახელს არათუ წმინდა წერილთა რთულად გასაგები მუხლების განმარტებისას, არამედ მრევლისთვის ყოფითი სახის შეგონებებისთვისაც მოუხმობდა ხოლმე. იგი მუშაობის, როგორც კეთილშობილი საქმიანობის შესახებ მორწმუნე მრევლს ასე მოძღვრავდა: „უმაღლესნი მამათა შორის ვასილი დიდი, გრიგორი ღვთის-მეტყველი, იოანე ოქროპირი, თავისუფალი რომ იქნებოდნენ ეკლესიის მსახურებისაგან, აღიღებდნენ ბარსა და თოხსა და შეუდგებოდენ მიწის კეთებასა. ესენი ყოველნი დამამცრომელათ არ რაცხდენ ესრეთსა მუშაობასა. მოკლედ გავაგდოთ გულისაგან ის ცრუ, ცბიერი და მზაკვარი ჰაზრი, ვითომც მუშაობა იყოს კაცის ღირსების დამამდაბლებელი. ბედნიერი არის ქვეყანა, რომელსა შინა ყოველნი მცხოვრებნი, დიდნი და მცირენი, არიან შრომის მოყვარენი; თავის შრომაზე და მეცადინეობაზე აქვთ იმედი და მათგან ელიან წარმატებასა“ (სიტყვა კვირიაკესა განრღვეულისასა, I, 163).
ბუნებრივია, საზოგადოების წინაშე წარმოთქმული მსგავსი სიტყვები იოანე ოქროპირის, ბასილი დიდისა და გრიგოლ ღმრთისმეტყველის, როგორც ავტორიტეტთა მაღალ ცნობადობასა და მათი წერილობითი მემკვიდრეობის ცოდნაზე მიუთითებს.
„ოქროპირისაგან ოქროს წყაროჲსა წარმონაკადულება“ ქართულმა აზროვნებითმა ტრადიციამ მრავალთავებსა თუ კრებულებში დაცული სამასამდე ქადაგებითა და თხზულებით, ხოლო დიდმარხვისა და ზატიკის პერიოდთა ლიტურგიკულ ტექსტებში სამოცამდე საკითხავით იმემკვიდრა.
4 -რჩეული ბიბლიოგრაფია
(ა) ტექსტების გამოცემები ქართულ ენაზე
• წმ. იოანე ოქროპირი: თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ, თარგმანი წმ. ეფვთიმე მთაწმინდელისა, რედ. მ. შანიძე, თბილისი: „ბეთანია“, 2018 წ.
• წმ. იოანე ოქროპირი: თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ, თარგმანი წმ. ეფვთიმე მთაწმინდელისა, წგ. 1, რედ. მ. შანიძე, თბილისი: „ბეთანია“, 2014 წ.
• წმ. იოანე ოქროპირი: თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ, თარგმანი წმ. ეფვთიმე მთაწმინდელისა, წგ. 2, რედ. მ. შანიძე, თბილისი: „ბეთანია“, 2014 წ.
• წმინდა მღვდელმთავარი იოანე ოქროპირი: ჰომილიები, ტომ. I-XXIV. რედ. თ. გოგოჩაშვილი, თბილისი: „ალილო“, „ქრონიკონი“, 2015-2020 წწ.
• სამოციქულოს განმარტება, ამოკრებილი იოანე ოქროპირისა და სხვა წმინდა მამათა თხზულებებიდან, თარგმნილი ეფრემ მცირის (კარიჭის ძის მიერ), ნაკვ. 1, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და წინასიტყვა დაურთო ე. კოჭლამაზაშვილმა, რედ. თ. დოლიძე, თ. მესხი, „საქართველოს საპატრიარქოს გამომცემლობა“, თბილისი, 2011 წ.
• სამოციქულოს განმარტება, ამოკრებილი იოანე ოქროპირისა და სხვა წმინდა მამათა თხზულებებიდან, თაგმნილი ეფრემ მცირის (კარიჭის ძის მიერ), ნაკვ. 2, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და წინასიტყვა დაურთო ე. კოჭლამაზაშვილმა, რედ. თ. დოლიძე, თ. მესხი, თბილისი: „საქართველოს საპატრიარქოს გამომცემლობა“, 2006 წ.
(ბ) ტექსტების გამოცემები უცხო ენაზე
• Fathers of the Church Series, St. John Chysostom Volumes: 46-51, Ed. P. W. Harkins, Washington, DC: „Catholic University of America Press“, 1979.
• La Collection Sources Chrétiennes: Jean Chrysostome Volumes: 13, 28, 50, 79, 103, 117, 125, 138, 188, 272, 277, 300, 304, 346, 348, 362, 366, 396, 433, 560-562, 595, Fond. J. Daniélou Cardinal, H. De Lubac Cardinal, C. Mondésert, Paris: „Éditions du Cerf“, 1947-2018.
• Migne, J.-P.: Patrologia Graeca (ΕΛΛΗΝΙΚΗ ΠΑΤΡΟΛΟΓΙΑ), Vol. 47-64, Paris, 1862, 1863.
• Nicene and Post-Nicene Fathers, Serie I, Chrysostom Volumes: IX-XIV, Ed. Philip Schaff, London - New York: „T. & T. Clark“, 1886-1990.
• Sancti Ioannis Chrysostomi Opera Omnia Graecé, octo voluminibus, Ed. Sir Henry Savile, Eton: „Melchisedec Bradwood“, 1613.
• S. John Chrysostom Opera, Vol. 1-5, Ed. Sigismund Gelanius, „Hieronymus Froben“, Basel, 1547
• A Library of Fathers of The Holy Church, S. John Chrysostom Volumes: 4-7, 9, 11, 12, 14, 15, 27, 28, 33-36, 44, Ed. E. B. Pusey, J. Keble, J. H. Newman, Oxdord: „John-Henry Parker“, 1839-1877.
• Творения святого отца нашего Иоанна Златоуста, архиепископа Константинопольского, Т. 1-12, Санкт-Петербург: „Санкт-Петербургская Духовная Академия“, 1895; 1906.
• Святитель Иоанн Златоуст, Полное собрание творений, Т. I-XII, Москва: „Радонеж“, 2004.
(გ) გამოკვლევები ქართულ ენაზე
• ბეზარაშვილი, ქ.: მიქაელ ფსელოსის ტრაქტატი კაბადოკიელ მამათა და იოანე ოქროპირის შესახებ, ჟურნალში: გზა სამეუფო, № 1(4), რედ. ე. ჭელიძე, თბილისი, 1996 წ., გვ. 73-78.
• დეკანოზი ბიძინა გუნია: მაცხოვრის ჯვარცმისა და აღდგომის თარიღები წმინდა იოანე ოქროპირის სწავლების მიხედვით, იხ.: საღვთისმეტყველო-სამეცნიერო შრომები, ტ. XII-XIII, რედ. ე. ჭელიძე, თბილისი: „თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის გამომცემლობა“, 2022 წ., გვ. 206-249.
• მელიქიშვილი, ნ.: წმ. იოანე ოქროპირის ქადაგებათა შემცველი კრებული „მარგალიტის“ ქართული რედაქცია, იხ.: საღვთისმეტყველო-სამეცნიერო შრომები, ტ. IV, რედ. ე. ჭელიძე, თბილისი: „თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის გამომცემლობა“, 2013 წ., გვ. 213-147.
• მურღულია, გ.: წმინდა იოანე ოქროპირის პედაგოგიური შეხედულებები იოანეს სახარების განმარტების მაგალითზე, ჟურნალში: რწმენა და ცოდნა, № 2(6), რედ. პროტოპრესვიტერი გიორგი (გამრეკელი), ი. ჩომახაშვილი, თბილისი, 2001 წ., გვ. 36-38.