ესთეტიკა
1 -დარგის შესახებ
ტერმინის ეტიმოლოგია – ძველბერძნული ტერმინი αἰσθητικός ნიშნავს გრძნობადს, მგრძნობელს და მომდინარეობს სიტყვიდან αἴσθημα – გრძნობა, გრძნობადი აღქმა.
ესთეტიკა, ესთეტიკის საგანი – ფილოსოფიური დისციპლინა მშვენიერების ფორმების შესახებ მხატვრულ შემოქმედებაში, ბუნებასა და სოციუმში; მოძღვრება ხელოვნების ბუნებისა და კანონზომიერებათა შესახებ. მეცნიერება, რომელიც სწავლობს ადამიანის მიერ მშვენიერების გაგებაზე დამყარებულ, სპეციფიკურ, არაუტილიტარულ ხერხს სამყაროს შემეცნებისა, სინამდვილისადმი ადამიანის შემოქმედებით, მხატვრულ, მჭვრეტელობით დამოკიდებულებას. ესთეტიკას ხშირად ხელოვნების ფილოსოფიასაც უწოდებენ. ფილოსოფიურ-მეთოდოლოგიური მიდგომის მიხედვით, ერთმანეთისაგან განასხვავებენ ემპირიულ, ფორმალურ, ნორმატიულ, სპეკულატურ ესთეტიკას.
ესთეტიკის კატეგორიები მიეწერება როგორც ხელოვნების ქმნილებებს, ასევე სინამდვილის ფენომენებს, ბუნებას და ცხოვრებისეულ მოვლენებს. ესთეტიკის, როგორც მეცნიერების, უზოგადესი კატეგორიაა ესთეტიკური. იგი შეიძლება მიეწეროს საგანს, მსჯელობას, გემოვნებას, გრძნობას და ა.შ. ესთეტიკური არის ერთგვარი გვარეობითი კატეგორია ესთეტიკის ისეთი ძირითადი კატეგორიებისათვის, როგორებიცაა: მშვენიერი და უსახური, ამაღლებული და მდაბალი, ტრაგიკული და კომიკური, გემოვნება, იდეალი, შთაგონება, წარმოსახვა, ესთეტიკური გამოცდილება, ესთეტიკური მსჯელობა, ესთეტიკური ღირებულება, მხატვრული ინტუიცია, ხელოვნება, მხატვრული სახე, მხატვრული მეთოდი, სტილი და ა.შ. როგორც ფილოსოფიური დისციპლინა, ესთეტიკა მიმართავს ისეთ კატეგორიებსაც, როგორიცაა შინაარსი და ფორმა, დრო და სივრცე და ა.შ.
ესთეტიკური პრობლემატიკა ჯერ კიდევ ანტიკური ხანის ფილოსოფიური პრობლემატიკის წიაღში ყალიბდება. მისი მთავარი თემაა სამყაროში მშვენიერების არსებობისა და მისი გამოვლენის საკითხი. ძველ ბერძნულ ფილოსოფიაში საუბრობენ მშვენიერების ონტოლოგიური ბუნების შესახებ და მას გაიაზრებენ როგორც ყოფიერების, ჰარმონიის, კოსმოსის ფუნდამენტურ ატრიბუტს. ხელოვნებისა და მშვენიერების შესახებ სისტემური ფილოსოფიური განაზრებანი დასავლეთში პლატონის ფილოსოფიიდან იწყება. ამ თეორიის თანახმად, ჭეშმარიტად მშვენიერია მხოლოდ მშვენიერების იდეა (იდეალურ არსთა იერარქიის უმაღლესი საფეხური სიკეთესა და ჭეშმარიტებასთან ერთად). საგნების მშვენიერება ამ იდეასთან ზიარების შედეგია. ხელოვნება მიბაძვის (ანუ საგანთა და არა იდეათა) მიბაძვაა და შემეცნების ყველაზე დაბალ საფეხურს წარმოადგენს. იმას, რასაც ნატიფ ხელოვნებებს ვუწოდებთ, პლატონი „ტექნეს“ (ხელობას), ანუ რაიმეს კეთების უნარს, ნიჭს მიაკუთვნებს. ხელოვნებას იგი ეთიკური მიზნებისათვის ნაკლებად გამოსადეგად მიიჩნევს. ამ მხრივ განსხვავებულია არისტოტელეს ხედვა. მისი მოძღვრების თანახმად, ხელოვნება (ტრაგედია) არა მხოლოდ ფილოსოფიური, არამედ ეთიკური მიზნების მიღწევის შესაძლებლობის აზრითაც არის ღირებული, ვინაიდან სულის განწმენდის, კათარზისის საშუალებას წარმოადგენს. კათარზისი ხელოვნების შინაგანი ბუნების შედეგი და მისი საბოლოო მიზანია. მშვენიერ, დახვეწილ ფორმებს ხელოვანი ბუნებისადმი მიბაძვის გზით ქმნის. ხელოვნება ესთეტიკურ განცდაზე დაფუძნებული მიბაძვაა, ხოლო მშვენიერება (მშვენიერი ფორმები) ადამიანის აღქმასთან, მხედველობასა და სმენასთან მიმართებაში არსებობს და არა თავისთავად. პლოტინის თანახმად, ესთეტიკური შეფასების კრიტერიუმია სილამაზე (მშვენიერება), როგორც არამატერიალური არსი, ეიდოსი (იდეა), ხოლო სილამაზის სიყვარული ჭეშმარიტი ადგილსამყოფელისაკენ ანუ ღმერთისაკენ მეტაფიზიკურ ლტოლვას გულისხმობს.
ანტიკურობისაგან განსხვავებით, შუა საუკუნეების ესთეტიკური ცნობიერების ობიექტია არა გრძნობად-მატერიალური კოსმოსი, არამედ აბსოლუტი (ღვთაებრივი სრულყოფილება და ჰარმონია), რომლის გამოსახვაც მხოლოდ სიმბოლურადაა შესაძლებელი. ეს ესთეტიკური პრინციპია ასახული არეოპაგიტულ კორპუსშიც. მშვენიერების შესახებ ცალკეული განაზრებანი გვხვდება ეკლესიის მამების, ნეტარი ავგუსტინესა და ერიუგენას ნაშრომებში. თომა აქვინელი ქმნის სწავლებას ღვთაებრივი მშვენიერების შესახებ, რომლის თანახმად, სილამაზისა და სრულყოფილების ეტალონი არის თავად ღმერთი, სამყაროში არსებული საგნები კი სრულყოფილების, სილამაზის, ჰარმონიისა და სიკეთის გარკვეულ ხარისხებს ავლენენ მხოლოდ. რენესანსის ეპოქაში ესთეტიკურ კატეგორიებზე, კერძოდ, მშვენიერებასა და სილამაზეზე მსჯელობენ მ. ფიჩინო და ჯ. პ. დელა მირანდოლა. ხოლო ცნობილი ხელოვანები (ლ. ბ. ალბერტი, ლეონარდო და ვინჩი, ა. დიურერი) კი, იკვლევდენ რა მხატვრული ტექნიკის ცალკეულ საკითხებს, ამასთანავე, ეპოქის ესთეტიკური ცნობიერების ილუსტრირებას ახდენდენ. განმანათლებლობის ეპოქაში ესთეტიკური აზროვნების ძირითადი თემებია: ხელოვნების სოციალური, საგანმანათლებლო ფუნქცია, ხელოვნებისა და მორალის ურთიერთმიმართება. ხელოვნების აღმზრდელობით მნიშვნელობაზე საუბრობენ ვოლტერი, ჟ. ჟ. რუსო, დ. დიდრო, ე. ბ. დე კონდილიაკი, კ. ა. ჰელვეციუსი, გ. ე. ლესინგი და სხვები. ესთეტიკური კატეგორიებიც (მშვენიერი, ამაღლებული, ჰარმონია, გემოვნება) განმანათლებლობის ეპოქის მოღვაწეებს აინტერესებთ როგორც „ახალი ადამიანის“ აღზრდის საშუალება. დეკარტის რაციონალიზმის გავლენით შექმნილ ესთეტიკურ თეორიათა შორის აღსანიშნავია ფრანგი პოეტისა და კრიტიკოსის ნ. ბუალო-დეპრეოს კონცეფცია, რომელშიც დასრულებული სახითაა წარმოდგენილი კლასიციზმის ესთეტიკა. დეკარტის რაციონალიზმის გავლენით, ბუალო-დეპრეოს ესთეტიკური უნარის სპეციფიკა ინტელექტუალურ უნარზე დაჰყავს: ხელოვნებაში (პოეზიაში) ფანტაზია და გრძნობა გონებას და საღ აზრს უნდა დაექვემდებაროს. ფორმითა და შინაარსით ხელოვნება გასაგები უნდა იყოს, სტილით – დახვეწილი და მაღალი. ახალი დროის ესთეტიკური აზრის ისტორიაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ დ. ჰიუმს და XVII საუკუნის ინგლისელ ესთეტიკოსებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ესთეტიკის, როგორც მეცნიერების, საგანია ესთეტიკური გემოვნების ანალიზი. ჰიუმი უპირისპირდება რაციონალიზმს ესთეტიკაში და გემოვნების ფსიქოლოგიურ თავისებურებას იკვლევს. მისი თეორიის თანახმად, ესთეტიკური მსჯელობები სიამოვნების სუბიექტურ გრძნობაზე და აფექტურ რეაქციებზეა დამოკიდებული, მაგრამ ამგვარ მსჯელობებს ზოგადი ხასიათი აქვს. ე. ე. კ. შეფტსბერიმ ზნეობრივი ნეტარების განცდა მიიჩნია ადამიანის მიერ მშვენიერების გამოვლენად. მისი აზრით, მშვენიერი და ესთეტიკური ერთმანეთშია შერწყმული (მსგავს პოზიციას იცავს ფრ. შილერიც). მის მიერ შემოტანილი თანშობილი „მორალური გრძნობის“ ცნება ესთეტიურის განცდასაც გულისხმობს. ამასთან, შეფტსბერი მშვენიერების სახეებსაც გამოყოფს. შეფტსბერისავე მსგავსად, ზნეობრივისა და მშვენიერის (ესთეტიკურის) მჭიდრო კავშირზე საუბრობს ფრ. ჰატჩისონიც. მშვენიერების გრძნობას იგი სხვა გრძნობათაგან დამოუკიდებელ გრძნობად მიიჩნევს და, ჰიუმისაგან განსხვავებით, უარყოფს ესთეტიკურ მსჯელობათა ზოგად ხასიათს.
ესთეტიკის მეცნიერება. ესთეტიკის, როგორც მეცნიერების, ისტორია ექსპლიციტურად სწორედ განმანათლებლობის ეპოქაში, XVIII ს.-ში იწყება. ტერმინი „ესთეტიკა“, როგორც მეცნიერების აღმნიშვნელი, შემოიტანა განმანათლებლობის ეპოქის გერმანელმა ფილოსოფოსმა, ალექსანდერ ბაუმგარტენმა [„მეტაფიზიკა“ (1739 წ.), „ფილოსოფიური განაზრებანი პოეტურ ნაწარმოებთან დაკავშირებულ ზოგიერთ საკითხზე“ (1735 წ.), ორტომეული „Aesthetica“ („ესთეტიკა“) (1750-1758 წწ.)]. სწორედ მან ჩაუყარა საფუძველი კლასიკური ესთეტიკის პრობლემატიკას. ბერძნული ტერმინის αἰσθητικός-ის თანამედროვე გაგებაც მისგან იღებს სათავეს. ბაუმგარტენისთვის ესთეტიკა არის მეცნიერება გრძნობადი შემეცნების შესახებ (განსხვავებით ლოგიკისაგან, რომელიც აზროვნების კანონებს სწავლობს). ესაა მოძღვრება კარგი და ცუდი გემოვნების შესახებ. გრძნობადი შემეცნება, როგორც შემეცნების დაბალი საფეხური, ემყარება წარმოდგენებს, რომელთა საგანია მშვენიერება, და ოპერირებს გემოვნების მსჯელობებით. გრძნობადი აღქმის ობიექტია ასევე ხელოვნება, როგორც მშვენიერების გამოვლენა. საზოგადოდ, გერმანული განმანათლებლობის ესთეტიკის მთავარი მიზანი სილამაზის ობიექტური საფუძვლების დადგენა გახლდათ. სხვა გზა აირჩია ი. კანტმა; ტერმინს „ესთეტიკა“ კანტი თავდაპირველად გრძნობადი გამოცდილების შესახებ მოძღვრების აღსანიშნავად იყენებდა და შემეცნების თეორიაში მიუჩენდა ადგილს, თუმცა, მოგვიანებით, ამ ტერმინს ბაუმგარტენისეული, არსებითად კლასიკური დატვირთვა შესძინა. იგი მშვენიერების აღქმის სუბიექტურ პირობებზე საუბრობს და თვლის, რომ ესთეტიკის მეცნიერების ამოცანაა ესთეტიკური მსჯელობის უნარის კრიტიკა. ესთეტიკის მთავარი კატეგორიებია მშვენიერი და ამაღლებული. მშვენიერი არის წარმოსახვის უნარის ფუნქცია, რომლითაც გრძნობა და განსჯა ჰარმონიაში მოიყვანება. მშვენიერება დაუინტერესებელი ჭვრეტის საგანია. ესთეტიკური, მისი აზრით, არ დაიყვანება არც შემეცნებაზე და არც მორალზე. კანტის კრიტიკის საგანი იყო ესთეტიკის პრობლემატიკის ის ახსნა, რომელსაც რაციონალიზმი და ემპირიზმი იძლეოდა. თავად კანტის ესთეტიკური კონცეფცია ფორმალისტურია. გ. ვ. ფრ. ჰეგელი ესთეტიკას განმარტავს როგორც ხელოვნების ფილოსოფიას. აბსოლუტური იდეის თვითგანვითარების ერთ-ერთ სტადიად, რელიგიასა და ფილოსოფიასთან ერთად, ჰეგელი ასახელებს ხელოვნებას. ამიტომ ესთეტიკის საგნად იგი მიიჩნევს ხელოვნების ადგილის განსაზღვრას მსოფლიო გონის სისტემაში. ესთეტიკური იდეალის პრობლემა, როგორც თეორიული პრობლემა სწორედ ჰეგელმა დასვა. ესთეტიკური იდეალი ესაა ხელოვნებაში რეალიზებული აბსოლუტი, რომლისკენაც ისწრაფვის ხელოვნება. მის საფუძველზე ფორმირდება აუდიტორიისა და ხელოვანის გემოვნება. ჰეგელის მსგავსად, სპეკულატური მეტაფიზიკის ჩარჩოებში ვითარდება ფრ. შელინგის ესთეტიკური თეორიაც, რომლის თანახმადაც, თვითცნობიერება თავისი განვითარების საბოლოო საფეხურს ხელოვნებაში, მხატვრულ შემოქმედებაში აღწევს. ესთეტიკის ისტორიაში მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდრა ასევე ა. შოპენჰაუერისა და ფრ. ნიცშეს კონცეფციებმა ხელოვნების, მუსიკის შესახებ. XIX საუკუნიდან ორი პრინციპი უპირისპირდება ერთმანეთს, ესენია: „ხელოვნება ხელოვნებისთვის“ (ჯ. ე. მ. უისტლერი, ო. უაილდი,) და რეალიზმი ხელოვნებაში (ი. ტენი, ნ. ჩერნიშევსკი, დ. პისარევი). ამ პერიოდიდან მოყოლებული, ესთეტიკის მეცნიერებაში დისკურსი ხელოვნების სოციალური ფუნქციის შესახებ უფრო ინტენსიურ ხასიათს იძენს. XX საუკუნის პირველი ნახევრის ესთეტიკაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი თეორიაა ბ. კროჩეს მეტაფიზიკური კონცეფცია, რომლის მიხედვითაც, ხელოვნება ლირიკული ინტუიციაა, შემოქმედებითი გონების ერთგვარი პროდუქტი. კროჩე ხელოვნებათმცოდნეობასა და მხატვრულ კრიტიკაში ახალი ესთეტიკური იდეალიზმის სკოლის დამფუძნებლად მიიჩნევა. ესთეტიკის პრობლემები მუშავდება ისეთ ფილოსოფიურ სკოლებსა და მიმდინარეობებში, როგორიცაა ნატურალიზმის, პრაგმატიზმის, ექსპრესიონიზმის სკოლები (ჯ. სანტაიანა, ჯ. დიუი, ჯ. მური, ბ. ბოზანკეტი, რ. ჯ. კოლინგვუდი), ნეოკანტიანური სკოლა (ჰ. კოჰენი, ე. კასირერი), ანალიტიკური, ლინგვისტური სკოლა (ნ. გუდმენი, ლ. ვიტგენშტაინი, ფ. სიბლეი, ჯ. დიკი, პ. კივი), ფენომენოლოგია და ექსისტენციალური ფილოსოფია (მ. ჰაიდეგერი, ჰ. გ. გადამერი, ხ. ორტეგა ი გასეტი, ჟ. პ. სარტრი, მ. მერლო-პონტი, რ. ინგარდენი, მ. დიუფრენი), მარქსისტული და ნეომარქსისტული ფილოსოფია, ფრანკფურტის სკოლა (კ. მარქსი, ფრ. ენგელსი, ლ. ტროცკი, ა. ლუნაჩარსკი, გ. ლუკაჩი, ვ. ბენიამინი, ჰ. მარკუზე), პოსტ-სტრუქტურალიზმის სკოლა (რ. ბარტესი, მ. ფუკო, ჟ. დერიდა, ჟ.-ფრ. ლიოტარი, პ. ბურდიე). XX საუკუნის ესთეტიკაში ერთობ გავლენიანი კონცეფციის ავტორია ფრანკფურტის ნეომარქსისტული ესთეტიკური სკოლის წარმომადგენელი თ. ადორნო, რომელიც ხელოვნების პრობლემატიკას, ხელოვნების სოციალურ კონტექსტსა და ფუნქციას ძირითადად მუსიკის ხელოვნების კრიტიკის მაგალითზე იხილავს.
2 -ესთეტიკური აზროვნების ისტორია საქართველოში
ტერმინი „ესთეტიკა“, „ხელოვნება“ ქართულ სამეცნიერო აზროვნებაში შემოიტანა დავით ბაგრატიონმა, იგივე დავით ბატონიშვილმა (1767–1819 წწ.). მანვე თარგმნა ჟან პიერ ფრიდერიკ ანსილიონის (XVIII ს.) „ესთეტიკური განსჯანი“. თუმცა, ესთეტიკურ კატეგორიებთან დაკავშირებული განაზრებანი საქართველოში, სავარაუდოდ, ადრეული შუა საუკუნეებიდან იღებს სათავეს. პირველი ფილოსოფიური განაზრებანი მშვენიერების თაობაზე გადმოცემულია არეოპაგიტულ კორპუსში (ნუცუბიძე-ჰონიგმანის თეორიის თანახმად, V საუკუნის მოღვაწის, პეტრე იბერის თხზულებათა კრებულში). ამ კონცეფციის მიხედვით, გამოუთქმელი ერთი ანუ ღმერთი არის ერთადერთი და საბოლოო წყარო ჭეშმარიტებისა, სინათლისა, სიკეთისა და მშვენიერებისა. იგი ასხივებს სამყაროსა და მის ატრიბუტებს – სიკეთეს, ჭეშმარიტებას, მშვენიერებას, რომლებიც ინტენსივობის თვალსაზრისით ღვთისაგან დაშორების პროპორციულად იკლებენ. XII საუკუნეში, ქართული ნეოპლატონიზმის წიაღში, არეოპაგიტულ კონცეფციას განავითარებენ იოანე პეტრიწი და შოთა რუსთაველი. პეტრიწის თანახმად, მშვენიერება, არსებობასა და სიკეთესთან ერთად, პირველი ერთის (ღმერთის) თვისებაა. მშვენიერება პირველი ერთის უმაღლესი განსაზღვრებაა. საგნების მშვენიერება „საზესთაო ერთისგანაა“ მიფრქვეული. პირველი მიზეზი „მოივლის“ მთელს არსს, გააკეთილებს თავისი კეთილობით და სიკეთესთან ერთად მისცემს მშვენიერებას. ღვთის მშვენიერება აბსოლუტურია, ხოლო სამყაროსეულ საგნებს შეფარდებითი მშვენიერება ახასიათებთ. არსსა და სამყაროში არსებული მშვენიერება ვლინდება მათ მოწესრიგებულობაში, წყობაში. რუსთაველთან კი საგულისხმოა მსჯელობები მიწიერი, ღვთის მიერ შექმნილი სინამდვილის მშვენიერების ანუ გრძნობადი აღქმის საგანთა და მოვლენათა მშვენიერების შესახებ. ამათგან, ყველაზე მშვენიერი ციური სხეულებია. მზე კი, როგორც უმშვენიერესი, ღვთის სიმბოლოა. ხოლო ღმერთს აბსოლუტური მშვენიერება მიეწერება. ქართულ სინამდვილეში (მხატვრული ლიტერატურის სფეროში) ესთეტიკური იდეალების ფორმირებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით ქართველ მეფეებსაც - თეიმურაზ I-ს (1589-1663 წწ.), არჩილ II-ს (1647-1713 წწ.), ვახტანგ VI-ს (1675-1737 წწ.). მათ შორის განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია არჩილ II, რომელიც ქართულ ესთეტიკურ აზროვნებაში დასავლური ორიენტაციის მოაზროვნედ მიიჩნევა. მისი კონცეფცია ხელოვნების არსისა და დანიშნულების თემას ეხება. ხელოვნების ძირითადი პრინციპი, არჩილ II-ის აზრით, არსებული რეალობის მართებულ, მიუკერძოებელ ასახვაში („მართლის თქმაში“) მდგომარეობს. იგი ლიტერატურის ჟანრთა კლასიფიკაციის საკითხსაც სვამს. ქართულ სააზროვნო სივრცეში ესთეტიკური პრობლემატიკის სისტემატიზაციაში დიდი როლი ითამაშა ვახტანგ VI-ის ლიტერატურული სკოლის წარმომადგენელმა, პოეტმა-ლირიკოსმა, მამუკა ბარათაშვილმა (XVIII ს.). მის თხზულებაში „ჭაშნიკი“ ანუ „სწავლა ლექსთა თქმისა“, სადაც პოეზიის არსსა და დანიშნულებაზეა საუბარი, გამოკვეთილია ხელოვნების დიდაქტიკურ-აღმზრდელობითი ფუნქცია. თხზულების ავტორის თანახმად, ხელოვნება, უპირველეს ყოვლისა, ადამიანის ზნეობრივ აღზრდას უნდა ემსახუროს. ხელოვნების აღმზრდელობითი ფუნქცია შეუნიშნავი არ დარჩენია დავით გურამიშვილსაც (1705-1792 წწ.), რომელიც თვლის, რომ ხელოვნების, კერძოდ, ლიტერატურის მისია ზნეობრივ ღირებულებათა ფორმირებაში მდგომარეობს. ამასთან, რუსთაველის მსგავსად, გურამიშვილის ხედვითაც სამყაროს მშვენიერება ისეთივე მიმართებაშია ღვთაებრივ მშვენიერებასთან, როგორც ხილული მზე სულიერ მზესთან – ქრისტესთან. XIX საუკუნის მოღვაწეთა შორის მნიშვნელოვანია სოლომონ დოდაშვილის (1805-1836 წწ.) შეხედულება ხელოვნების ევრისტიკული ფუნქციის შესახებ. ხელოვნების ამ ფუნქციას, დოდაშვილის აზრით, საფუძვლად უდევს წარმოსახვის ძალა. სწორედ იგია ახლის აღმომჩენი. ამასთან, დოდაშვილი იზიარებს იმ აზრს, რომ მშვენიერების ჭვრეტა თავისი ბუნებით დაუინტერესებელია. ესთეტიკური ფენომენის ბუნების, ესთეტიკური აღქმისა და გემოვნების, ხელოვნების არსისა და ფუნქციის შესახებ ვრცელი მსჯელობები გვხვდება ილია ჭავჭავაძის (1837-1907 წწ.) პუბლიცისტურ წერილებში. ილიას აზრით, ხელოვნება, ესთეტიკური ზემოქმედების ძალასთან ერთად, შემეცნებითი ღირებულების მატარებელია. ხელოვნება უნდა „ჩავიდეს ცხოვრების მდინარის ძირშია, იქ მონახოს შიგ-მდებარე აზრი თავის ცხოველ სურათებისათვის“ (ი. ჭავჭავაძე, საქართველოს მოამბეზედ, ჟურნალში: „საქართველოს მოამბე“, 1863 წ., № 1, გვ. 124).
ქართული ესთეტიკური აზრის ისტორიაში ღირებულია, ასევე, აკაკი წერეთლის (1840-1915 წწ.) ცალკეული განაზრებანი შემოქმედებითი პროცესის საიდუმლოებისა და გენიოსის პრობლემის შესახებ. ა. წერეთლის თანახმად, უმაღლესი ღირებულებების (ჭეშმარიტების, მშვენიერებისა და სიკეთის) რეალიზაციის პროცესში ვლინდება ადამიანის არსება და ცხოვრების საზრისი. მხატვრული ასახვისა და, ასევე, ასახვის სხვა ფორმების სპეციფიკის დადგენა წარმოადგენს ნიკო ნიკოლაძის (1843-1928 წწ.) ესთეტიკური განაზრების საგანს. მისი აზრით, ხელოვნება უშუალო კავშირში უნდა იყოს რეალურ ცხოვრებასთან და ზრუნავდეს მისი უკეთესობისკენ გარდასაქმნელად. ქართველ სამოციანელთა მსგავსად, პრინციპს „ხელოვნება ხელოვნებისათვის“ ემიჯნებოდა ვაჟა-ფშაველაც (1861-1915 წწ.), თვლიდა რა, რომ მწერლობა ცხოვრების გამომხატველი უნდა იყოს, თავად ცხოვრებიდან უნდა იყოს შობილი.
XX საუკუნის პირველ ნახევარში სამშობლოში ბრუნდებიან უცხოეთში განსწავლული ქართველი მხატვრები (დ. შევარდნაძე, დ. კაკაბაძე, ლ. გუდიაშვილი, ქ. მაღალაშვილი, ე. ახვლედიანი), რეჟისორები (კ. მარჯანიშვილი და ს. ახმეტელი) და საკუთარ მხატვრულ შემოქმედებაში ახლებურ ესთეტიკურ ხედვას ამკვიდრებენ. დიდი გამოცოცხლებაა ქართულ ლიტერატურაშიც, რომლის ცალკეული დაჯგუფებები (სიმბოლისტები, ფუტურისტები და სხვ.) საპროგრამო მანიფესტებს აქვეყნებენ. ყალიბდება და ვითარდება ხელოვნების დარგების შემსწავლელი დისციპლინები. ხელოვნებისა და ლიტერატურის ესთეტიკური ფუნქციის, ფორმისა და შინაარსის მიმართების, მშვენიერების ბუნების შესახებ საინტერესო მსჯელობებს ვხვდებით ქართველი ლიტერატორების (კ. აბაშიძე, ა. ჯორჯაძე, გრ. რობაქიძე, გ. ქიქოძე, კ. კაპანელი, ვ. ნოზაძე, განსაკუთრებით, ვეფხისტყაოსნის ესთეტიკასთან დაკავშირებული მისი მონოგრაფიებით, 1953-1975 წწ.), შრომებში. საქართველოს ანექსიის შემდეგ, ახლადფეხადგმული ქართული ფილოსოფია და ხელოვნებათმცოდნეობა მკაცრი იდეოლოგიური წნეხის ქვეშ ექცევა. მარქსისტული მსოფლმხედველობის იდეოლოგიურ-დოგმატური მეთოდი ესთეტიკურის კვლევაშიც გაბატონებულ ადგილს იკავებს. მიუხედავად ამისა, იქმნება ესთეტიკის საკითხებისადმი მიძღვნილი ცალკეული საინტერესო გამოკვლევები და სახელმძღვანელოები: კ. კაპანელის „სოციალური ესთეტიკის საფუძვლები. ორგანოტროპიზმი“ (1925 წ.), „ქართული სული ესთეტიკურ სახეებში“ (1926 წ.). კ. კაპანელის აზრით, ესთეტიკური პრინციპები სოციალური ფაქტორებით განისაზღვრება. ადრეულ პერიოდში იგი წერს, რომ ესთეტიკური და ეთიკური კატეგორიები, ფენომენები ადამიანური შემოქმედების ნაყოფია და მათ თავისთავადი არსებობა არ გააჩნია: „მშვენიერების სახე ადამიანის სულის ილუზიაა“ (კ. კაპანელი, „სული და იდეა (ფილოსოფია, ესთეტიკა, კრიტიკა)“, ბათომი, გამოცემა ალ. ესაკიასი, 1923 წ., გვ. 61).
XX საუკუნის დასაწყისში დ. უზნაძემ გამოაქვეყნა სტატიები მხატვრული აზროვნების ფსიქოლოგიური მახასიათებლების შესახებ. მოგვიანებით, ს. დანელიამ ქართულად თარგმნა არისტოტელეს „პოეტიკა“ და მას ვრცელი გამოკვლევა მიუძღვნა. ამავე საუკუნის პირველ მესამედში გამოიცა შ. ნუცუბიძის „ხელოვნების თეორია (მონისტური ესთეტიკის საფუძვლები)“ (1929 წ.).
XX საუკუნის მეორე ნახევარში საქართველოში ესთეტიკის საკითხების კვლევა ახალ ძალას იძენს. საბჭოეთში ესთეტიკის საკითხებზე წამოწყებულ დებატებში აქტიურად მონაწილეობენ ქართველი ფილოსოფოსები და ლიტერატორები (მ. დუდუჩავა, გ. ჯიბლაძე, ნ. ჭავჭავაძე, ვ. ქვაჩახია, ბ. წოწონავა, ზ. კაკაბაძე, გ. ბანძელაძე, ა. თავაძე, რ. შენგელია, ა. ტყემალაძე, ო. ჯინორია, ა. ჩხარტიშვილი, ვ. ჭელიძე, ნ. კაკაბაძე, რ. სირაძე, ვ. გოგუაძე და სხვ.). განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ნ. ჭავჭავაძისა („ესთეტიკის საკითხები“, 1958 წ., „ესთეტიკის საგნის ბუნებისათვის“, 1965 წ.) და ზ. კაკაბაძის („კანტის ესთეტიკური კონცეფციის ინტერპრეტაციისათვის“, 1972 წ., „ხელოვნების ფენომენი“, 1980 წ.) ნაშრომები მშვენიერების შესახებ. შეიძლება ითქვას, რომ მშვენიერის ესთეტიკურის ფენომენს ისინი ანთროპოლოგიურ, ექსისტენციალურ ჭრილში იხილავენ. ნ. ჭავჭავაძე მშვენიერების ცნებას ჰარმონიის ცნებასთან აკავშირებს. მშვენიერება მისთვის არის პიროვნების „მხარეთა“ ჰარმონიის განცდა. მშვენიერია ის საგანი, რომელიც იწვევს ამ ჰარმონიას. ამასთან, ესთეტიკური საგნის მშვენიერებისთვის აუცილებელია ადამიანის მთელი არსების, მისი ყველა მხარის „ჩართვა“, მონაწილეობა, აქტიურობა. ზ. კაკაბაძე კი მშვენიერს ადამიანური ყოფიერების არსებით სტრუქტურად მოიაზრებს. მისი აზრით, მშვენიერება ადამიანის ყოფიერების გამოვლენა, „გამოცხადებაა“. სწორედ ადამიანის არსის ხედვა, ჭვრეტა იწვევს მშვენიერების ანუ სიამოვნების განცდას (მშვენიერი ანუ სასიამოვნო არის ადამიანის არსის ხედვა).
XX საუკუნის ქართველი ფილოსოფოსები დასავლურ ესთეტიკურ კონცეფციებსაც იკვლევენ (ა. ბოჭორიშვილი - „კანტის ესთეტიკა“ (1967 წ.), მისივე წერილები ჰაიდეგერის ესთეტიკის შესახებ; ე. თოფურიძე - „ბენედეტო კროჩეს ესთეტიკა“ (1967 წ.), „ლუიჯი პირანდელოს ესთეტიკური კონცეფცია“ (1971 წ.); რ. შენგელია - „ანტიკური ესთეტიკის ისტორიიდან“ (1970 წ.) და „ესთეტიკა და გონების ერთიანობის პრობლემა კანტის ფილოსოფიაში“ (1989 წ.); ნ. ტუფინაშვილი, „დილთაის ესთეტიკა“, (1973 წ.); ლ. ცერცვაძე - „ფროიდის ხელოვნების თეორიის კრიტიკა“ (1976 წ.), „გენიოსის პრობლემა გერმანულ კლასიკურ ესთეტიკაში“ (1988 წ.); მ. ამბოკაძე - სამეცნიერო სტატიები ბრიტანულ ესთეტიკურ კონცეფციებზე). ესთეტიკის ცალკეულ პრობლემებს იხილავენ ქართველი ლიტერატორებიც. ამ კუთხით, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია რ. სირაძის ნაშრომი „სახისმეტყველება“ (1985 წ.). ავტორის თანახმად, ესთეტიკის მთავარ კატეგორიაა „სახე“, როგორც ხელოვნების ნაწარმოების ისეთი ძირითადი ელემენტი, რომელსაც ცალკე აღებულს მხატვრული ზემოქმედების ძალა გააჩნია - ხელოვნება, არსებითად, სახეებით აზროვნებაა. რ. სირაძემ საფუძველი ჩაუყარა ქართული ესთეტიკური აზრის ისტორიის სიღრმისეულ, მეთოდოლოგიურ კვლევას.
გარდა კვლევითი მონოგრაფიებისა და, ასევე, მნიშვნელოვანი სამეცნიერო სტატიებისა (ს. მხეიძე, მ. მეგრელიძე, ლ. ჭავჭავაძე, ლ. წურწუმია, მ. ბიჭაშვილი, კ. კაციტაძე, ა. ყულიჯანიშვილი, ბ. ბარათელი), ქართულ ენაზე გამოცემულია ესთეტიკის სახელმძღვანელოებიც - ბ. წოწონავას (1974 წ.), ნ. ჯაშის (1986 წ.), თ. კუკავას (1997 წ.), ა. ტყემალაძის (2000 წ.), ა. ყულიჯანიშვილის (2006 წ.) ავტორობით.
კლასიკური ესთეტიკის პრობლემატიკის მეცნიერული, თეორიული კვლევის პირველი მცდელობები საქართველოში არსებითად XX საუკუნის დასაწყისს უკავშირდება და შემდგომში ისტორიულად საკმაოდ საინტერესო, სპეციფიკურ სახეს იძენს. ესთეტიკა ყალიბდება არა მხოლოდ მკაცრად ფილოსოფიურ, არამედ, აგრეთვე, ფართო, ინტერდისციპლინარული კვლევის სფეროდ. ამის ერთ-ერთ „უნებლიე“ ხელშემწყობ პირობად შეიძლება ჩაითვალოს მარქსისტული, საბჭოური იდეოლოგიური წნეხი, რომელმაც ესთეტიკა არაერთი მკვლევრისთვის აქცია თავშესაფრად. ამ გარემოებამ ხელი შეუწყო ესთეტიკური პრობლემატიკის, ესთეტიკური თეორიების მრავალფეროვან ინტერპრეტაციებს: მატერიალისტურსა თუ იდეალისტურს, ფენომენოლოგიურს, სოციალურსა თუ ფსიქოლოგიურს და ა.შ. წმინდა თეორიული კვლევების - ესთეტიკის რაობისა და მისი საგნის ანალიზის, ესთეტიკური კვლევის მეთოდოლოგიის დამუშავების - პარალელურად, მიმდინარეობდა უცხოური, დასავლური ესთეტიკური თეორიებისა და სკოლების ინტენსიური შესწავლა. ითარგმნა ესთეტიკის, ხელოვნების ფილოსოფიურ პრობლემებთან დაკავშირებული არაერთი მნიშვნელოვანი უცხოენოვანი ნაშრომი. ამგვარი მემკვიდრეობა უდავოდ მნიშვნელოვან საყრდენს წარმოადგენს თანამედროვე ესთეტიკური კვლევებისათვის საქართველოში.
3 -ბიბლიოგრაფია
(ა) ქართულენოვანი გამოკვლევები
• აბაშიძე, კ.: ეტიუდები XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის შესახებ. ცხოვრება და ხელოვნება, თბილისი: „საბჭოთა საქართველო“, 1970 წ.
• აბაშიძე, კ.: ცხოვრება და ხელოვნება, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1971 წ.
• ამბოკაძე, მ.: ჯოზეფ ადისონის ესთეტიკური შეხედულებანი, ჟურნალში: „მაცნე“, № 1-2 (თბილისი, 2001 წ.), გვ. 38-48.
• ამბოკაძე, მ.: ესთეტიკური სპეციფიკის გაგებისათვის ბერკის კონცეფციაში, ჟურნალში: „მაცნე“, № 1-2 (თბილისი, 2001 წ.), გვ. 48-60.
• ბანძელაძე, გ.: ესთეტიკურისა და ეთიკურის ურთიერთობისათვის, ჟურნალში: „საბჭოთა ხელოვნება“, № 5 (თბილისი, 1957 წ.), გვ 20-25.
• ბანძელაძე, გ.: ესთეტიკის პრობლემების მარქსისტული გაშუქებისათვის, ჟურნალში: „საბჭოთა ხელოვნება“, № 6 (თბილისი, 1959 წ.), გვ 22-24.
• ბიჭაშვილი, მ.: გურამიშვილისეული საწუთროს გაგება და ჭმუნვა, ჟურნალში: „ლიტერატურა და ხელოვნება“, № 6 (თბილისი, 1991 წ.), გვ. 5-46.
• ბიჭაშვილი, მ.: ინსტრუმენტარიები ფიროსმანის ნარატიული დისკუსიის ფორმალური ანალიზისათვის, ჟურნალში: „ახალი პარადიგმები“, № 1 (თბილისი, 1998 წ.), გვ. 68-80.
• ბოჭორიშვილი, ა.: ესთეტიკური ტკბობის შესახებ, ჟურნალში: „საბჭოთა ხელოვნება“, № 2 (თბილისი, 1964 წ.), გვ. 23-39.
• ბოჭორიშვილი, ა.: ფენომენოლოგიური ესთეტიკა, კრებულში: „თანამედროვე ბურჟუაზიული ესთეტიკური თეორიების კრიტიკა“ (თბილისი, 1966 წ.), გვ. 24-54.
• ბოჭორიშვილი, ა.: კანტის ესთეტიკა (გადმოცემა. ინტერპრეტაცია. კრიტიკა), თბილისი: „მეცნიერება“, 1967 წ.
• ბოჭორიშვილი, ა.: მხატვრული ნაწარმოების საწყისის შესახებ მ. ჰაიდეგერის ონტოლოგიაში: კრიტიკული ანალიზი, თბილისი: „მეცნიერება“, 1973 წ.
• გოგიბერიძე, მ.: ნ. ბარათაშვილის „მერანის“ ესთეტიკურ-ენტიფიკატური ანალიზი, ჟურნალში: „მნათობი“, № 11 (თბილისი, 1959 წ.), გვ. 142-152.
• გოგობერიშვილი, ვ.: ესთეტიკურის პრაგმატისტული გაგების კრიტიკა, კრებულში: „თანამედროვე ბურჟუაზიული ესთეტიკური თეორიების კრიტიკა“ (თბილისი, 1966), გვ. 112-132.
• გოგუაძე, ვ.: ლიტერატურული თეორიის საკითხისათვის, ჟურნალი: „მნათობი“ № 7 (თბილისი, 1963 წ.), გვ. 116-120.
• გოგუაძე, ვ.: პოეტურისა და ფილოსოფიურის შესახებ მხატვრულ შემოქმედებაში, ჟურნალი: „მნათობი“, № 10 (თბილისი, 1967 წ.), გვ. 165-169.
• გოგუაძე, ვ.: კრიტიკა და ესთეტიკა, ჟურნალი: „კრიტიკა“, № 8 (თბილისი, 1974 წ.), გვ. 70-87.
• დუდუჩავა, მ.: ილია ჭავჭავაძის ესთეტიკა, თბილისი: „საბჭოთა საქართველო“, 1960 წ.
• დუდუჩავა, მ.: ესთეტიკურის შესახებ, ჟურნალში: „მნათობი“, № 11 (თბილისი, 1961 წ.), გვ. 156-165.
• დუდუჩავა, მ.: ხელოვნების ესთეტიკური არსის შესახებ, კრებულში: „ლიტერატურის თეორიისა და ესთეტიკის საკითხები“ (თბილისი, 1963), გვ. 3-32.
• დუდუჩავა, მ.: ქართული ესთეტიკური აზროვნების ისტორიიდან, ჟურნალში: „ცისკარი“, № 3 (თბილისი, 1965 წ.), გვ. 102-110.
• დუდუჩავა, მ.: მხატვრულის ობიექტურობის შესახებ, კრებულში: „საბჭოთა ხელოვნება“, № 9 (თბილისი, 1965 წ.), გვ. 8-16.
• თავაძე, ა.: ესთეტიკურისა და ეთიკურის ერთიანობის საკითხისათვის, ჟურნალში: „მნათობი“, № 7 (თბილისი, 1954 წ.), გვ. 126-140.
• ელჩიბეგაშვილი, კ.: ნიკო ნიკოლაძის ფილოსოფიური და ესთეტიკური შეხედულებანი, ჟურნალში: „მაცნე“ № 2 (თბილისი, 1977 წ. ), გვ. 61-78.
• თანამედროვე ბურჟუაზიული ესთეტიკური თეორიების კრიტიკა (კრებული), თბილისი: „მეცნიერება“, 1966 წ.
• თევზაძე, გ.: აღორძინების ეპოქის ფილოსოფიის ისტორია. მარსელიო ფიჩინოდან იაკობ ბოემემდე, თბილისი: „ნეკერი“, 2008 წ.
• თევზაძე, გ.: ახალი ფილოსოფიის ისტორია, ნაწილი I. განმანათლებლობა. ფრენსის ბეკონიდან იმანუელ კანტამდე, თბილისი: „CARPE DIEM“, 2010 წ.
• თევზაძე, გ.: ახალი ფილოსოფიის ისტორია, ნაწილი II. იმანუელ კანტიდან ფრიდრიხ ნიცშემდე, თბილისი: „ნეკერი“, 2012 წ.
• თოფურიძე, ე.: ესთეტიკურის პრობლემა ჯოვანი ჯენტილეს აქტუალურ ფილოსოფიაში, კრებულში: „ესთეტიკის საკითხები“ (თბილისი, 1968 წ.), გვ. 93-130.
• თოფურიძე, ე.: კროჩეს ესთეტიკის კრიტიკისათვის, ჟურნალში: „მაცნე“ № 1 (თბილისი, 1965 წ.), გვ. 42-57.
• თოფურიძე, ე.: ხელოვნების (ესთეტიკური) ღირებულებითი პრობლემა, ჟურნალში: „საბჭოთა ხელოვნება“ (თბილისი, 1985 წ.), გვ. 29-32.
• თოფურიძე, ე.: რჩეული ნაშრომები მსოფლიო თეატრის ისტორიაში, თბილისი: „კენტავრი“, 2009 წ.
• თოფურიძე, ე.: ლუიჯი პირანდელოს ესთეტიკური კონცეფცია, თბილისი: „კენტავრი“, 2010 წ.
• კაკაბაძე, ზ.: აბსტრაქციონისტული ესთეტიკის კრიტიკისათვის, კრებულში: „თანამედროვე ესთეტიკური თეორიების კრიტიკა“ (თბილისი, 1966 წ.), გვ. 5-23.
• კაკაბაძე, ზ.: ხელოვნება და მისი აუდიტორია, ჟურნალში: „საბჭოთა ხელოვნება“, № 2 (თბილისი, 1974 წ.), გვ. 52-60.
• კაკაბაძე, ზ.: კანტის ესთეტიკური კონცეფციის ინტერპრეტაციისათვის, ჟურნალში: „საბჭოთა ხელოვნება“, № 7 (თბილისი, 1974 წ.), გვ. 51-58.
• კაკაბაძე, ზ.: ხელოვნებისა და სინამდვილის ურთიერთობის საკითხისათვის, ჟურნალში: „საბჭოთა ხელოვნება“, № 8 (თბილისი, 1976 წ.), გვ. 78-82.
• კაკაბაძე, ზ.: ხელოვნების ნაწარმოების გაგების საკითხისათვის, ჟურნალში: „საბჭოთა ხელოვნება“, № 1 (თბილისი, 1980 წ.), გვ. 44-50.
• კაკაბაძე, ზ.: საუბარი თანამედროვე დასავლური ხელოვნების თემაზე, ჟურნალში: „სკოლა და ცხოვრება“, № 2 (თბილისი, 1982 წ.), გვ. 69-77.
• კაპანელი, კ: სული და იდეა (ფილოსოფია, ესთეტიკა, კრიტიკა), გამოცემა ალ. ესაკიასი, ბათომი: „სახალხო მეურნეობის უმაღლესი საბჭოს სტამბა“, 1923 წ.
• კაპანელი, კ: სოციალური ესთეტიკის საფუძვლები. ორგანოტროპიზმი, გამომცემელი თომა ჩიქვანაია, ტფილისი: სტამბა გაზეთ „ზარია ვასტოკასი“, 1925 წ.
• კაპანელი, კ: ქართული სული ესთეტიკურ სახეებში, თბილისი: სტამბა „პოლიგრაფ სკოლისა“, 1926 წ.
• კაპანელი, კ.: რენესანსი ლიტერატურაში (ნარკვევები ევროპული ლიტერატურის ისტორიიდან), თბილისი: „ნეკერი“, 2014 წ.
• კაციტაძე, კ.: პრაქტიკული გონება და წარმოსახვის ძალა, კრებულში: „საიუბილეო სესია კანტის „პრაქტიკული გონების კრიტიკის“ 200 წლისთავის აღსანიშნავად (18-19 მარტი, 1988 წელი)“, რედაქტორი - გ. თევზაძე, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1988 წ., გვ. 21-26.
• კაციტაძე, კ.: ყოფიერება და ხელება, თბილისი: „ქართული ბიოგრაფიული ცენტრი“, 2013 წ.
• კუკავა, თ.: ესთეტიკური იდეალი, ჟურნალში: „სკოლა და ცხოვრება“, № 11 (თბილისი, 1981 წ.), გვ. 58-64.
• კუკავა, თ.: ესთეტიკა, თბილისი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1985 წ.
• კულტუროლოგიისა და ესთეტიკის საკითხები. ეძღვნება ქართველი ფილოსოფოსისა და მწერლის ჯანსუღ კორძაიას დაბადების 70-ე წლისთავს, რედაქტორი - ა. ყულიჯანიშვილი, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 2005 წ.
• მამარდაშვილი, მ.: თეატრალურობის დრო და სივრცე, ჟურნალში: „საბჭოთა ხელოვნება“, № 10 (თბილისი, 1989 წ.), გვ. 16-20, 31.
• მამარდაშვილი, მ.: ცნობიერება და ცივილიზაცია, ჟურნალში: „ხელოვნება“, № 11-12 (თბილისი, 1992 წ.), გვ. 123-135.
• მამარდაშვილი, მ.: ლიტერატურული კრიტიკა - როგორც წაკითხვის არსი, ჟურნალში: „ხელოვნება“, № 11-12 (თბილისი, 1992 წ.), გვ. 117-123.
• მარგველაშვილი, გ.: ფინალობის პრობლემა ნიკოლაი ჰარტმანისა და მარტინ ჰაიდეგერის ონტოლოგიებში, თბილისი: „მეცნიერება“, 1983 წ.
• ნუცუბიძე, შ.: ხელოვნების თეორია (მონისტური ესთეტიკის საფუძვლები), შრომები, ტ. III, თბილისი: „მეცნიერება“, 1974 წ.
• რობაქიძე, გრ.: ომი და კულტურა. წერილები, ესეები, ლიტერატურული პორტრეტები, თბილისი: „არტანუჯი“, 2014 წ.
• სირაძე, რ.: ქართული ესთეტიკური ნააზრევის პლატონური ნაკადი, ჟურნალში: „საბჭოთა ხელოვნება“, №8 (თბილისი, 1976 წ.), გვ. 86-92.
• სირაძე, რ.: ქართული მითოლოგიური ესთეტიკიდან, ჟურნალში: „საბჭოთა ხელოვნება“, № 10 (თბილისი, 1977 წ.), გვ. 38-47.
• სირაძე, რ.: სახისმეტყველება, თბილისი: „საბჭოთა ხელოვნება“, 1982 წ.
• სირაძე, რ.: გიორგი ათონელის ლიტერატურულ-ესთეტიკური თვალთახედვა, ჟურნალში: „კრიტიკა“, №4 (თბილისი, 1986 წ.), გვ. 90-115.
• ტუფინაშვილი, ნ.: დილთაის ესთეტიკა, თბილისი: „მეცნიერება“, 1973 წ.
• ტყემალაძე, ა.: ესთეტიკა, ნაწ. 1, თბილისი, 2000 წ.
• უზნაძე, დ.: ბარათაშვილის ლირის მოტივები, გაზეთი: „დროება“, № 252 (თბილისი, 1909 წ.), გვ. 2-3.
• უზნაძე, დ.: ლიტერატურა, როგორც ფსიქოლოგიური დოკუმენტი, ჟურნალში: „ილიონი“, თბილისი, 1922 წ.
• ქართული ფილოსოფიური აზრის ისტორია, ტ. IV, მთავარი რედაქტორი - გ. თევზაძე, თბილისი: „ელფი“, 2003 წ.
• ქიქოძე, გ.: კონსტანტინ მენიე და ხელოვნების რევოლუცია, ჟურნალში: „მნათობი“, № 2 (თბილისი, 1925 წ.), გვ. 196-205.
• ყულიჯანიშვილი, ა.: ესთეტიკური ღირებულების არსის შესახებ, ჟურნალში: „ხელოვნება“, № 10 (თბილისი, 1990 წ.), გვ. 19-32.
• ყულიჯანიშვილი, ა.: ესთეტიკა, თბილისი: „მერიდიანი“, 2006 წ.
• შენგელია, რ.: ანტიკური ესთეტიკის ისტორიიდან, თბილისი: „მეცნიერება“, 1970 წ.
• შენგელია, რ.: ხელოვნების საზოგადოებრივი მნიშვნელობა, თბილისი: „ხელოვნება“, 1972 წ.
• შენგელია, რ.: ესთეტიკა და გონების ერთიანობის პრობლემა კანტის ფილოსოფიაში, თბილისი: „მეცნიერება“, 1989 წ.
• შნაიდერი, ჰ.: ძენ-ბუდიზმის ესთეტიკა. ვაბი-საბი და მშვენიერების ევროპული იდეა, თბილისი: „ნეკერი“, 2012 წ.
• ჩხარტიშვილი, ა.: ხელოვნების სახეები, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1978 წ.
• ჩხარტიშვილი, ა.: მშვენიერება სინამდვილესა და ხელოვნებაში, თბილისი, „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1979 წ.
• ჩხარტიშვილი, ა.: საუბრები ესთეტიკაზე, თბილისი: „ხელოვნება“, 1984 წ.
• ცერცვაძე, ლ. : ფროიდის ხელოვნების თეორიის კრიტიკა, თბილისი: „მეცნიერება“, 1976 წ.
• წოწონავა, ბ.: მარქსისტული ესთეტიკის საკითხები, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1968 წ.
• წოწონავა, ბ.: ესთეტიკა, თბილისი: „ხელოვნება“, 1974 წ.
• წურწუმია, ლ: ნიკო ნიკოლაძე და რუსული კლასიკური ესთეტიკა, ჟურნალში: „მაცნე“, № 4 (თბილისი, 1978 წ.), გვ. 30-44.
• ჭავჭავაძე, ნ.: ესთეტიკური აღზრდის ზოგიერთი საკითხი, ჟურნალში: „ცისკარი“, № 1 (თბილისი, 1957 წ.), გვ. 115-122.
• ჭავჭავაძე, ნ.: ესთეტიკის საკითხები, თბილისი: „საბჭოთა საქართველო“, 1958 წ.
• ჭავჭავაძე, ნ.: ესთეტიკის საგნის ბუნებისათვის, თბილისი: „მეცნიერება“, 1965 წ.
• ჭელიძე, ვ.: ესთეტიკურის, მხატვრულისა და მშვენიერის ცნებათა ურთიერთმიმართულების საკითხისათვის, კრებულში: „ლიტერატურის თეორიისა და ესთეტიკის საკითხები“, № 1 (თბილისი, 1965 წ.), გვ. 89-102.
• ხიდაშელი, შ.: რუსთაველის ესთეტიკური თეორია და მისი ფილოსოფიური საფუძვლები, ჟურნალში: „საბჭოთა ხელოვნება“, № 11 (თბილისი, 1963 წ.), გვ. 26-31.
• ჯაში, ნ.: ძირითადი ესთეტიკური კატეგორიები, ჟურნალში: „საბჭოთა ხელოვნება“, № 2 (თბილისი, 1982 წ.), გვ. 7-15.
• ჯაში, ნ.: ესთეტიკა, თბილისი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1986 წ.
• ჯიბლაძე, გ.: პრობლემა ბუნებისა და ხელოვნების მშვენიერებისა, თბილისი: „ფედერაცია“, 1940 წ.
• ჯიბლაძე, გ.: ხელოვნება და სინამდვილე, თბილისი: „საბჭოთა მწერალი“, 1948 წ.
• ჯიბლაძე, გ.: რუსთაველის ესთეტიკური პრობლემატიკა, ჟურნალში: „საბჭოთა ხელოვნება“, № 9 (თბილისი, 1960 წ.), გვ. 115-122.
• ჯიბლაძე, გ.: ჰოგარტის ესთეტიკა, ჟურნალში: „მნათობი“, № 6 (თბილისი, 1962 წ.), გვ. 133-144.
• ჯიბლაძე, გ.: ესთეტიკური თეორიის საკითხები, თბილისი: „საბჭოთა მწერალი“, 1961 წ.
• ჯორჯაძე, ა.: ხელოვნება, წიგნში: „წერილები“, თბილისი: „მერანი“, 1989 წ.
(ბ) ქართველ ავტორთა მნიშვნელოვანი უცხოენოვანი გამოკვლევები
• Мамардашвили, М.: Лекции о Прусте, Москва: «Ad Marginem», 1995 г.
• Мамардашвили, М.: Эстетика мышления, Москва: «Московская школа политических исследований», 2000 г.
• Топуридзе, Е.: Эстетика Бенедетто Кроче, Тбилиси: «Мецниереба», 1967 г.
• Топуридзе, Е.: Человек в античной трагедии, Тбилиси: «Мецниереба», 1984 г.
(გ) უცხოენოვანი ესთეტიკური ტექსტების ქართული თარგმანები
• ადორნო, თ.: ესთეტიკური თეორია, მთარგმნელი და ბოლოსიტყვაობის ავტორი დ. დუმბაძე, თბილისი: „საგა“, 2019 წ.
• არისტოტელე: პოეტიკა, რედ.: ს. ყაუხჩიშვილი, თბილისი: „სტალინის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1944 წ.
• არისტოტელე: პოეტიკა, წინასიტყვაობა, თარგმანი და კომენტარები ს. დანელიასი, მეორე გამოცემა, თბილისი: „განათლება“, 1979 წ.
• ბელინსკი, ბ.: რჩეული თხზულებანი, ტ. 1, რედ.: გ. ჯიბლაძე, თბილისი: „სახელგამი“, 1952 წ.
• ბელინსკი, ბ.: რჩეული თხზულებანი, ტ. 2, რედ.: გ. ჯიბლაძე, თბილისი: „სახელგამი“, 1957 წ.
• ბენიამინი, ვ.: ხელოვნების ნიმუში მისი ტექნიკური რეპროდუცირებადობის ეპოქაში. ისტორიის ცნების შესახებ, თარგმანი გერმანულიდან: დ. დუმბაძე, თბილისი: „საგა“, 2007 წ.
• ბენიამინი, ვ.: რჩეული ესეები, გერმანულიდან თარგმნა ა. ცქიტიშვილმა, თბილისი: „არილი“, 2022 წ.
• ბრუნეტიერი, ფ.: ევოლუცია სალირიკო პოეზიისა საფრანგეთში XIX საუკუნეში, მთარგმნელი - კ. აბაშიძე, ქუთაისი: „ასკიმ-კოლი“, 1919 წ.
• დიდრო, დ.: ესთეტიკა, ფილოსოფია, სოციოლოგია, რედ.: ი თავაძე, თბილისი: „ფედერაცია“, 1938 წ.
• ვალერი, პ.: რჩეული პროზა, ფრანგულიდან თარგმნა ბ. ბრეგვაძემ, თბილისი: „ნაკადული“, 1983 წ.
• კაგანი, მ.: მარქსისტულ-ლენინური ესთეტიკა, თარგმნა რ. შენგელიამ, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1984 წ.
• მონტენი, მ. დე: ესეები, პირველი წიგნი, ფრანგულიდან თარგმნა დ. ლაბუჩიძე ხოფერიამ, თბილისი: „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 2017 წ.
• ორტეგა ი გასეტი, ხ.: ხელოვნების დეჰუმანიზაცია, ესპანურიდან თარგმნა ბ. ბრეგვაძემ, თბილისი: „ლომისი“, 1992 წ.
• პლატონი: ნადიმი, ძვ. ბერძნულიდან თარგმნა, წინასიტყვაობა და კომენტარები დაურთო ბ. ბრეგვაძემ, თბილისი: „საბჭოთა საქართველო“, 1964 წ.
• ტენი, ი.: ხელოვნების ფილოსოფია, ფრანგულიდან თარგმნა ი. მაჭავარიანმა, თბილისი: „საბჭოთა საქართველო“, 1990 წ.
• ფსევდო ლონგინე: ამაღლებულისათვის, ძველი ბერძნულიდან თარგმნა, წინასიტყვაობა და კომენტარები დაურთო ბ. ბრეგვაძემ, თბილისი: „ხელოვნება“, 1975 წ.
• ჩერნიშევსკი, ნ.: რჩეული ფილოსოფიური თხზულებანი, თარგმანი შ. პაპუაშვილისა, თბილისი: „სახელგამი“, 1945 წ.
• ჰაიდეგერი, მ.: დასაბამი ხელოვნების ქმნილებისა, თარგმნა გ. ბარამიძემ, კრებულში: „ლარი“, № 1 (თბილისი, 1991 წ.), გვ. 16-46.
• ჰეგელი, გ. ვ. ფრ.: ესთეტიკა, ტ. I, თარგმნა შ. პაპუაშვილმა, თბილისი: „ხელოვნება“, 1973 წ.