გერმანე მღვდელმონაზონი
1 -მოღვაწეობა
გერმანე მღვდელმონაზონი ახალი დროის ქართული ინტელექტუალური ცხოვრების გამორჩეული ფიგურაა. მისი მოღვაწეობა დაკავშირებულია ვახტანგ ქართლის გამგებლის (შემდგომში ქართლის მეფე ვახტანგ VI) მიერ წამოწყებულ მასშტაბურ განმანათლებლურ პროექტებთან, რომელთა წარმატების შედეგადაც დაძლეული იქნა ერთიანი საქართველოს დაშლის შემდეგ (XV ს.) დაწყებული კულტურული დაქვეითების ხანგრძლივი პროცესი. ამ პროექტებს შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თბილისში პირველი ქართული სტამბის დაარსება (1708-1709 წწ.). გერმანე მღვდელმონაზონის საქმიანობა მეტწილად სწორედ ვახტანგის სტამბას უკავშირდება. ნიკოლოზ ორბელიანთან და კვიპრიანე სამთავნელთან ერთად, იგი იყო სტამბის ერთ-ერთი რედაქტორი. გერმანე მღვდელმონაზონი მსახურობდა თბილისის სიონის ტაძარში; როგორც ჩანს, მას კარგი განათლება ჰქონდა, რთული სარედაქციო სამუშაოს განხორციელების პარალელურად, იგი ქმნიდა ორიგინალურ თხზულებებსაც. გერმანე მღვდელმონაზონის სახელით ძველ ქართულ მწერლობას რამდენიმე მნიშვნელოვანი ტექსტი შემორჩა, 1710 წელს მისი რედაქციით, თბილისის სტამბაში, დაიბეჭდა ჟამისწირვის წიგნი „კონდაკი“, რასაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოს საეკლესიო ცხოვრებისთვის. 1711 წელს ამავე სტამბაში გამოიცა გერმანე მღვდელმონაზონის ავტორობით შესრულებული ქართულენოვანი საღვთისმეტყველო სახელმძღვანელო - „სწავლა, თუ ვითარ მართებს მოძღვარსა: სწავლება მოწაფისა“ (შემდგომში ამ ნაშრომს მოვიხსენიებთ შემოკლებული სახელით - „სწავლა“). ეს წიგნი საქართველოში ძალიან პოპულარული იყო, XIX საუკუნის დასაწყისამდე სწორედ მისი მეშვეობით ისწავლებოდა ღვთისმეტყველება ქართულ სამრევლო სკოლებსა და სასულიერო სემინარიებში. გარდა ამისა, გერმანე მღვდელმონაზონი ძველი ქართული ხელნაწერების შესწავლითა და მოძიებითაც იყო დაკავებული. ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი „ვარძიის ხელნაწერი“ (მათეს სახარება) მას მოუძიებია, აღუდგენია და განუახლებია 1712 წელს. ამის შესახებ თავადვე გვამცნობს მინაწერში:
„მე, ფრიად ცოდვილმან მღვდელ-მონაზონმან გერმანემ, ფრიადი სურვილი და ტრფიალი მქონდა წიგნისა ამის, და ახალციხელი მღუდელი იოანე გავგზავნე ვარძიას და იმან მიყიდა წმიდა ესე მათეს თავის თარგმანი. ფასი მივეც შვიდი თუმანი: ორი თუმანი თავის გასამსჯელო, ხუთი მინალთუნი - მოსაცხოველები, ხუთი მინალთუნი - შესაკრავი. მაგრა თუ მეცნიერი კაცი გასინჯავს, ფასი არა სძეს. ვინც იხილავდეთ, შენდობით მომიხსენებდით.“
გერმანე მღვდელმონაზონი ვახტანგ მეექვსის თანამოაზრე და მხარდამჭერი იყო. ეს იქიდანაც ჩანს, რომ ვახტანგის სპარსეთში ყოფნის წლებში (1712-1719 წწ.), მასთან დაპირისპირებული იესე მეფის (ალი-ყული ხანი) მმართველობის პერიოდში, იგი, სავარაუდოდ, ჩამოაცილეს სტამბას, რამდენადაც მისი სახელი რედაქტორებს შორის აღარ იხსენიება. ვახტანგისადმი გერმანე მღვდელმონაზონის დამოკიდებულება თვალსაჩინოა „სწავლაზე“ დართულ წინასიტყვაობაში, სადაც იგი წერს: „ესეცა არ უგულებელს ყო ყრმათათვისცა დიდად მოღვაწემ და სწავლა-შემატების გულსმოდგინემ, სულიერად და ჴორციელად გამგეობის ტრფიალმან ბატონისშვილმა ვახტანგ და დააბეჭდვინა თვისთა საფასეთა წარსაგებელითა.“
ამავე წინასიტყვაობაში გერმანე მღვდელმონაზონი საინტერესო ცნობებს გვაწვდის ქართული სტამბის დაარსების ისტორიის შესახებ, რომლის თანახმად, ვახტანგ მეექვსეს სტამბა ჩამოუტანია ვლახეთიდან და იქიდანვე ჩამოუყვანია სასტამბო საქმის სპეციალისტები: „ამან [ვახტანგმა] მოიხვნა სტამბა ქვეყანით ვლახეთით, [...] მომართა ქვეყანასა ქართლისასა, დიდის საფასითა და წარსაგებელითა. და აღავსო და განანათლა ქვეყანა ჩვენი წიგნებითა, რომელი დაკლებულიყო ჟამთა ვითარებისაგან მდევართაგან ქრისტეს რჯულისათა.“
1724 წელს გერმანე მღვდელმონაზონი ვახტანგ მეექვსეს გაჰყვა რუსეთში. იგი მოღვაწეობდა მოსკოვის ქართულ სათვისტომოში, ქართულ ენაზე არედაქტირებდა რუსულიდან ახლად თარგმნილ ტექსტებს. 1738 წელს მისი მონაწილეობით მოსკოვში გამოიცა ქართული „ზატიკი“, საეკლესიო წიგნი, რომელშიც მოთავსებულია ბრწყინვალე შვიდეულის ლოცვები და საგალობლები. ანდერძში გერმანე მოხსენებულია როგორც ამ წიგნის „მჩხრეკელი“ და „მასწორებელი“. გერმანე მღვდელმონაზონი გარდაიცვალა 1739 წელს.
2 -ღვთისმეტყველება
გერმანე მღვდელმონაზონის ნაშრომი „სწავლა“ ახალი დროის ქართული საღვთისმეტყველო აზროვნების მნიშვნელოვანია ტექსტია, რამდენადაც, ერთი მხრივ, მასში ჩამოყალიბებულია საყურადღებო მეთოდოლოგიური პრინციპები, მეორე მხრივ კი, ფართოდ არის გაშლილი ქრისტიანული ღვთისმეტყველების საკვანძო თემები და საკითხები. მეთოდოლოგიური კუთხით ავტორს შემოაქვს ორი მიდგომა. აქედან პირველი ეხება ენას. ენის საკითხი მისთვის პრიორიტეტულია, რაც იმითაც დასტურდება, რომ იგი ამ საკითხს განიხილავს, როგორც ნაშრომის შესავალში, ასევე ბოლოსიტყვაში. შესავალში იგი წერს: „ამი[ს]თვის დავსწერე საეროს სიტყვითა, რომ ახლად მსწავლენი ყრმანი სიადვილისათვის მსწრაფლ ზედ მიიწეოდენ და უცთომელად დაისწავლიდენ და ესრეთ მეცნიერებად აღიყვანებდენ გონებასა მათსა ხედვად ღთისა“. გერმანე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ წერს საერო, ე.ი. პოპულარული ენით, რათა ახალგაზრდებმა ადვილად და ზუსტად შეისწავლონ ნაშრომში განვითარებული საღვთისმეტყველო დებულებები. იგივე აზრს ავითარებს ის თავისი ნაშრომის ბოლოსიტყვაშიც: „ამისთვის დავსწერე საეროსა და სოფლურის სიტყვითა, რომ სიადვილისათვის მსწრაფლ ზედ მიიწივნეთ და მტკიცედ დაიდოთ გონებასა“. ამგვარად, ავტორმა სპეციალური სამუშაო გასწია, რომ გაემარტივებინა ენა და რთული საღვთისმეტყველო აზრები სიცხადით გადმოეცა. მაგრამ, ეს რთული ამოცანაა, რადგან, სიცხადის მიღწევის მიზნით, ენის გამარტივებამ, შესაძლოა, საფრთხე შექმნას შინაარსობრივი სისავსის კუთხით. ქართული სამწერლობო ენა, ე.ი. საზეპურო „მაღალი“ ენა საუკუნეთა მანძილზე ვითარდებოდა კომპლექსური ინტელექტუალური გამოცდილებების საფუძველზე და მის ფორმირებაში დიდ როლს ასრულებდა ფუნდამენტური ფილოსოფიური და საღვთისმეტყველო ნაშრომების ქართულენოვანი თარგმანები, შუა საუკუნეებიდან მოყოლებული მრავლად რომ შესრულდა ქართველ სწავლულთა მიერ. ამ გამოცდილებებზე დაყრდნობით ქართულ „მაღალ“ სამწერლობო ენაში ჩამოყალიბდა შესაბამისი სისტემა, ცნებითი აპარატი და დამკვიდრდა რთული საღვთისმეტყველო-ფილოსოფიური აზრების გადმოცემის შესაბამისი პრაქტიკა. ეს „მაღალი“ ენა, განსაკუთრებით ახალ დროში, რიგითი ქართველებისთვის გაუგებარი უნდა ყოფილიყო. ამგვარად, გერმანე მღვდელმონაზონი ქართული სამწერლობო ენის რეფორმის ერთ-ერთ ინიციატორად გვევლინება, რომელიც უარს ამბობს ამ „მაღალ“ ენაზე და ქმნის ტექსტს „საეროსა და სოფლურის სიტყვით“, რათა საღვთისმეტყველო სიბრძნე ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადოს. ეს საქართველოს ინტელექტუალური ისტორიის მნიშვნელოვანი მომენტია. ერთი მხრივ, ის კარგად ასახავს ეპოქის ზოგად სულისკვეთებას, მეორე მხრივ კი, ამით ახალ მეთოდოლოგიურ სიბრტყეში გადადის ქართული საღვთისმეტყველო აზროვნებისა და წერის პრაქტიკა.
მეორე მეთოდოლოგიური მიდგომა მოცემულია საკუთრივ ნაშრომის სათაურსა და სტრუქტურაში. ტექსტი დაწერილია კითხვა-მიგებითი, დიალოგური ფორმით. ასეთი ტექსტები ჯერ კიდევ შუა საუკუნეების საქართველოში იქმნებოდა (არსენ იყალთოელი და სხვ.) და ხშირად გვხვდება ახალი დროის ქართველ სწავლულებთანაც (გაიოზ რექტორი, იოანე ბატონიშვილი და სხვ.). გერმანე მღვდელმონაზონს სწორედ ეს ფორმა მიაჩნია სწავლების ყველაზე უფრო შედეგიან მეთოდად. ამის ხაზგასმა მისთვის იმდენად მნიშვნელოვანია, რომ სათაურშივე განმარტავს, თუ რატომ დაწერა ასეთი სახის ნაშრომი - „სწავლა, თუ ვითარ მართებს მოძღვარსა: სწავლება მოწაფისა“. იგი მისი სახელმძღვანელოს მკითხველს იმთავითვე ეუბნება, რომ საუკეთესო გზა, რომლითაც მასწავლებელს შეუძლია ასწავლოს მოწაფეს, არის ეს კონკრეტული მეთოდური მიდგომა და ის გამოიხატება კითხვა-პასუხის ფორმით აზროვნებაში. არანაკლებ მნიშვნელოვანია ნაშრომის აგებულების საკითხიც, სადაც ჩანს, რომ ავტორს კარგად ჰქონდა გააზრებული წიგნის კონცეფცია და მიზნები. კერძოდ, ნაშრომის პირველი ნაწილი მოიცავს თეოლოგიური საკითხების ფართო წრეს, მეორე ნაწილში კი მსჯელობა მიმდინარეობს შვიდი საეკლესიო საიდუმლოს გარშემო (ნათლისღება, მირონცხება, ზიარება, სინანული, ზეთისცხება, მღვდლობა, ქორწინება). ამდენად, „სწავლა“ კონცეპტუალური ნაშრომია, რომელიც კონცენტრირდება ქრისტიანად ყოფნის და ეკლესიური ცხოვრების დედაარსის გააზრებაზე. წიგნს თან ახლავს ქრისტიანული სარწმუნოების სამი უმნიშვნელოვანესი ტექსტი: „მამაო ჩვენო“, „მრწამსი“ და „ათი მცნება“. ამრიგად, გერმანე მღვდელმონაზონის ნაშრომი ქმნის კარგი საღვთისმეტყველო სახელმძღვანელოს მოდელს, რომელსაც აქვს ადაპტირებული ლექსიკა, ლაკონურობა, სიზუსტე, სწავლების მეთოდოლოგია, კონცეფცია, სისტემა და თანდართული დოკუმენტური მასალა.
გერმანე მღვდელმონაზონის „სწავლა“ ინტერაქტიული ტექსტია, სადაც ორ პერსონაჟს, უცნობ მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის აზრების ცოცხალი და სხარტი გაცვლა ვითარდება. მოსწავლე სვამს მოკლე შეკითხვებს, რაზედაც მასწავლებელი ასევე მოკლე და ცხად პასუხებს იძლევა. გარდა ზემოთქმული საეკლესიო საიდუმლოებებისა, ნაშრომში დასმულია ისეთი საფუძველმდებარე საღვთისმეტყველო საკითხები, როგორიცაა ადამის დაცემა, ქრისტეს წამება და აღდგომა, ქრისტიანული ესქატოლოგია, მღვდლობა, ვინ არის ქრისტიანი, რა არის წმინდა სამება და როგორ უნდა გავიგოთ ღმერთი. გერმანე მღვდელმონაზონი მეტწილად ეყრდნობა ბიბლიურ წიგნებს (დაბადება, მეფეთა წიგნები, სახარებები), იყენებს მოციქულთა ტექსტებს, რამდენჯერმე ახსენებს იოანე ღვთისმეტყველსა და პავლე მოციქულს, ერთხელ იმოწმებს იაკობ მოციქულსაც, ასევე, დამოწმებული ჰყავს წმ. იოანე ოქროპირი და აკრიტიკებს ორიგენეს სწავლებას. ამგვარად, მისი ნაშრომი მრავალფეროვან და ფუნდამენტურ საღვთისმეტყველო წყაროებს ეფუძნება.
3 -სამეცნიერო ლიტერატურა
• გერმანე მღვდელმონაზონი: სწავლა, თუ ვითარ მართებს მოძღვარსა: სწავლება მოწაფისა, ტფილისი, 1711 წ.
• გერმანე მღვდელმონაზონი: სწავლა თუ ვითარ მართებს მოძღვარსა სწავლება მოწაფისა, გამოსაცემად მოამზადა გ. კალანდაძემ, თბილისი: „მთაწმინდა“, 2015 წ.
• კასრაძე, ო.: ძველი ქართველი მესტამბე-გამომცემელნი: [ნ. ორბელიანი და გერმანე მღვდელმონაზონი], საქართველოს პოლიგრაფია, N1 (თბილისი, 1972 წ.), გვ. 7-9.
• შარაშიძე, ქ.: პირველი სტამბა საქართველოში (1709-1722), თბილისი: „საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა და სტამბა“, 1955 წ.